prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ხევისბერი გოჩა — თავი X

ალექსანდრე ყაზბეგი · პროზა

– X –

გათავდა ქორწილი მხიარულების პირველმა დღეებმა გაიარეს. პატარძალიც სწორებმა წაიყვანეს, ჩვეულებისამებრ, წყლის მოსატანად, იქ გაუჭრეს ხაბიზგინები და უმღერეს ამ შემთხვევისათვის შემოღებული ლექსი:

ჩემო ხელისმომკიდეო,

ტაგანაი მომკიდეო...

და ცხოვრებამ მიიღო ჩვეულებრივი სახე.

ძიძია გამოდგა ჩინებული, მორჩილი ქალი, რომელიც არასოდეს არა ზარობდა და საქმესა და სახლს მუყაითად ექცეოდა. მისგან არც ჩხუბი, არც წინააღმდეგი სიტყვა არ მოისმოდა და უფროსი რძლები, ყოველთვის უმცროსების დამჩოლფოტებელნი, ძიძიას ნამდვილს დასავით უვლიდნენ.

გუგუა, რომელიც შესტრფოდა თავის ცოლს, ისე შინ არ შემოვიდოდა, რომ ცოლისთვის ან ჩურჩხელის ნაჭერი, ან წითელი ვაშლი არ მოეტანა და გატაცებულის გრძნობით არ დაეკოცნა. მაგრამ საკვირველი ის იყო, რომ საზოგადოდ გაჩუმებული ძიძია, ყოველთვის მარტოობას ეძებდა. და იმისი ფერდაკარგული, გაცრეცილი ტუჩები თავის დღეში არ გაიღიმებდა.

ყველანი ცდილობდნენ მის გამხიარულებას, შედარებით ხევის სხვა რძლებთან თავისუფლებას აძლევდნენ, დაჰყვანდათ ხატობაში და სატირალზედ, იმ ერთს თავმოსაყრელს ადგილს, სადაც მთელის წლობით დაშორებული ნათესავები და მეგობრები ერთმანეთს ხვდებიან და დიდხანს შეგუბებულს შთაბეჭდილებას სხვასთან გასანაწილებლად გზას აძლევენ.

მაგრამ ძიძია მაინც ისევ ისე გულჩათხრობილი რჩებოდა, თუმცა მას ყველაფერი ჰქონდა: საჭმელიც, სასმელიც, ჩასაცმელიც; არ აკლდა არც მზრუნველები, არც მოსიყვარულე გული, მაგრამ მის არსებას რაღაცა სჩაგრავდა, რაღაცა აღონებდა და ჰლევდა.

პირველში ბევრსა ცდილობდნენ გაეგოთ, რა მოსდის საბრალო ქალსა, მაგრამ ჩქარა იძულებულნი იყვნენ თავი დაენებებინათ, რადგანაც მის გულის სიღრმეში ვერ ჩასწვდნენ და გადასწყვიტეს, რომ ასეთი ხასიათისა ყოფილაო.

ამ ხანში ონისე კი ფშავს წასულიყო, სადაც დედის ძმები ჰყვანდა და იქ ნადირობაში და მეცხვარეობაში აპირობდა დროს გატარებას და ნაღველის გაქარვებას, მაგრამ, როდესაც სადმე ქედზედ გასული თავის ბედს დააკვირდებოდა, მაშინვე ძიძიას სახე განმანათლებლად ჩაეშუქებოდა გულში და სანეტარო ტკბილს მკვნესავს ოხვრაში შეიყვანდა.

ცა, ღრუბელი, ვარსკვლავი, მთვარე, ბუნების მდიდარი სურათები ონისესთვის მდიდარნი და სიტკბოებით სავსენი მხოლოდ იმიტომ-ღა იყვნენ, რომ მათთან ერთად ეხატებოდა ძიძიას სურათი, მათ სატრფოსთან დადარებით თავდავიწყებამდის ეალერსებოდა.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ალექსანდრე ყაზბეგი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.