prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ხევისბერი გოჩა — თავი XXVIII

ალექსანდრე ყაზბეგი · პროზა

– XXVIII –

როდესაც ოსებისგან მოიცალეს, გოჩა ისევ ჩაფიქრდა და წყნარად და დამშვიდებით წარმოსთქვა:

- მოიყვანეთ გუგუა.

რამდენიმე კაცი მიუახლოვდა გუგუას, გაუხსნეს ხელები და წინ წააყენეს. პირველსავე განძრევაზედ მოხევეს თვალთდაუბნელდა, წატორტმანდა, წაიბარბაცა, მაგრამ მაშინვე თავი შეიმაგრა და შედგა.

ბრალდებული გუგუა მთლად გაფითრებული და პირგამშრალი იდგა ხალხის წინ და უაზროდ თვალები ერთის ადგილისკენ მიექცია.

ხალხი სწყევლიდა, ლანძღავდა და ერთმანეთს თითით უჩვენებდა ამ ავაზაკზედ. როგორც წეღან, ეხლაც გამოვიდა ერთი თემის თავთაგანი და შეუდგა გუგუას გამტყუნებას.

აღმოჩნდა, რომ როდესაც მტერი მოხევეთა ბინაზედ იერიშით მოდიოდა, გუგუა მათ წინ მოუძღოდა და, უეჭველია, ნუგზარის ჯარს გზას უჩვენებდა.

- გაიმართლე თავი, თუ შეგიძლიან, - უთხრა გოჩამ და გაჩუმდა.

გუგუამ ამოიხვნეშა, მოავლო იქაურობას თვალები და ონისე, რომელიც ისევ იმ ადგილზედ გაქვავებულსავით იდგა, დაინახა. გუგუას თვალები გაუბრწყინდა, პირისახე გაუწითლდა, გაიბრძოლა იმისაკენ, დატორტმანდა და თავი შეიმაგრა. გუგუა მობრუნდა მსაჯულებისკენ და მწუხარებისაგან დაღრეჯილი სახე შეაქცია. ბოლოს მოიგლიჯა ქუდი, რომელიც თითქოს თავსა სწვავდა და დედამიწაზედ დაახეთქა.

- სთქვი, თუ სათქმელი რამე გაქვს! - გაიმეორა გოჩამ და ხმამ მხოლოდ ერთს ადგილას უღალატა, ერთგან გაისმა დანჟღრეულს სიმად.

- რაი ვთქვა, რაი გითხრათ?.. - მწარედ წარმოსთქვა გუგუამ: - უფალმა იცის, რომ დამნაშავე არა ვარ, მაგრამ მტერის წინ მომძღოლი მნახეს და ვინ დამიჯერებს?.. რაისთვი-ღა მაწვალებთ, რაისთვი მალაპარაკებთ?.. მომკალით და თქვენც მოისვენებთ!

- ბალღო, სიკვდილი ძნელი არაა... - ცოტა სიჩუმის შემდეგ დაიწყო ისევ გოჩამ და ხმაში აღგზნებული სიყვარული დაეტყო: - მაგრამ გულს არ სჯერა, რომ ხევის მიწაწყლის კაცი, ხევის ძუძუთი გაზრდილი, - მოძმეთ უღალატებდა, ამხანაგთ გაჰყიდდა, მიწას შეარყევდა და ცას ჩამოანგრევდა!.. გული სამუდამოდ იკვნესებს, სევდა არ დაელევის, ნისლს ვეღარ გაიცლის, თუ მართლა მოძმეთ გამსყიდავად გიცნო.

გუგუას ამ სიტყვებმა გული მოულბო, იმან დაინახა, რომ მოხუცის გული მშობლიურის მზრუნველობით ექცეოდა და გულით უნდოდა პატიოსნებით სავსე კაცი მაინც დაერწმუნებინა, რომ მართალი იყო.

- გოჩავ, უფლის მადლმა, დიდებულის წვერის სპარს-ანგელოზის მადლმა, ვფიცავ ყმაწვილკაცობის სიყმეს, ვფიცავ შენს სახელსაც, რომ დამნაშავე არა ვარ, მაგრამ თავს ვერაფრით ვიმართლებ და უნდა დავისაჯო, უნდა მოვკვდე.

- მტრის ჯარში საიდგან გაჩნდი?

- საიდგან?.. გინდა ყველაფერი მათქმევინო?.. თავი დამანებე, გოჩავ!.. ნუ მალაპარაკებ!.. ხომ ხედავ, რომ ლაპარაკი მიძნელდების?.. ყოველთვის გულკეთილს, დღეს ჩემი წვალება რაისთვი-ღა მოგიწადინია?

- ჩემი გულიც არ არის მოსვენებული, გუგუავ, უწყის უფალმა!.. ყოველ სიტყვაზედ, ყოველ კითხვაზედ ლახვარი მიტრიალებს გულში, მაგრამ თემი და მისი საქმე შენზედაც დიდია და ჩემზედაც... მაშ გვითხარ ყველაფერი.

- გითხრათ?.. კარგი!.. - წამოიძახა მოხევემ და საჩქაროდ მიბრუნდა იმ მხარეს, სადაც ონისე იდგა.

საცოდავს სახე მთლად დაპრანჭოდა და მძიმე ტვირთს თითქოს ოთხად მოეხარა. გაყვითლებულს პირისახეზედ სიცოცხლის ნატამალი აღარ ეტყობოდა. გუგუა ისევ შესდგა, შეიმაგრა თავი და მსაჯულებისკენ გამობრუნდა.

- გამიგონეთ... სიკვდილისა არ მეშინიან, თუნდა გამამართლოთ კიდეც, ღთის მადლმა, თავს აღარ ვიცოცხლებ. რაისთვი-ღა მანდა ერთხელ გაწბილებული სიცოცხლე!.. მაშ გამიგონეთ... ყველას მართალს გეტყვით, - მე მთიდგან მოვდიოდი და, როდესაც ჩამოვივაკე, მტერს შევეფეთე... გამოვიქეც, რომ საფარში შემეტყობინებინა, მაგრამ მტერი ფეხდაფეხ მომდევდა და ვეღარ მივასწარ... ისინი თოფს არ მესროდნენ, რომ ხმაურობაზედ ჩვენი მდევარი არ გამოსულიყო და მე კი თოფ-ტიელას ჩახმახი მომეშალა... ჩვენებმა მტრის ჯართან დამინახეს და მოღალატე გამხადეს... თუ ვსტყუოდე, მიწამც გამისკდეს... და თან ჩამიტანოს!

- მთაში რაი გინდოდა? - ჰკითხა ერთმა მსაჯულთაგანმა.

- საქმე მქონდა.

- მარტო იყავ?

გუგუამ არა უპასუხა-რა და ამისთვის კითხვა გაუმეორეს.

- მარტო იყავ?

მოხევე ებრძოდა თავის გრძნობას და არ უნდოდა იმ ქალის სახელი მოეყივნებინა, რომელიც მაინც კიდევ ქვეყანას ერჩივნა.

- რაი ბედენაა, მარტო ვიყავ, თუ არა? - ბოლოს წარმოსთქვა გუგუამ და დაუმატა: - თქვენთვის იმის გამოკითხვა იყო საჭირო, რომ გაგყიდეთ, თუ არა... მე გეუბნებით, რომ არ გამიყიდნიხართ, არ მიღალატნია თქვენთვის, ჩემს გაჩენაში გულშიაც არ გამივლია თქვენი წინააღმდეგობა, მოწმე ღმერთია!.. ცხოს ნუღარას მკითხავთ, პასუხი არ მიშველის და სიკვდილის წინა წუთებს კი მომიწამლავს.

ამის შემდეგ გუგუა გაჩუმდა, დაიკრიბა გულ-ხელი და გაჩუმებული დადგა. ყოველ კითხვაზედ ის მუნჯად რჩებოდა და მისი სიჩუმე მძიმე ლოდად აწვებოდა ონისეს.

ხალხი გაჩუმებული იყო და სულგაკმენდილი ელოდა თემის მოთავეთა გადაწყვეტილებას, რომელნიც გოჩას შემოჰხვეოდნენ. კარგა ხანმა გაიარა, ვიდრე მოთავენი რჩევაში იყვნენ.

ერთბაშად გაიშალა კრება, და მსმენელთ გულის ძგერამ უფრო იმატა. მოუთმენლობამ უკანასკნელს საზღვრამდის მიაღწია. ყველამ თავთავისი ადგილი დაიჭირა და საერთო სიჩუმის დროს წამოდგა გოჩა.

- ღმერთო, მოგვიტევე, თუ ვცდებით რაშიმე!.. რაც შენ გვაგონე, იმას წარმოვსთქვამთ... ხევის მშვიდობიანობა მოითხოვს, რომ გუგუა გაწირული, მოშორებული იყვეს თემისაგანაც და ნათესაობისაგანაც... მარტო იმის ცოლს ეძლევა ნება თან გაჰყვეს...

დღეის შემდეგ, არც ვის არა აქვს ნება მას მიაწოდოს ცეცხლი, თუ უცეცხლოდა ნახა, მიაწოდოს წყალი, თუ მწყურვალი ნახა, მიუშვიროს პური, თუ მშიერი ნახა... ყველას სახლის კარი დახშული უნდა იყოს მისთვის, ყველა დამუნჯებული უნდა იქმნეს მისთვის პასუხის მისაცემლად, ყველა დაყრუებული უნდა იყოს მის ხვეწნის გასაგებად... ხევის ჯვარ-ანგელოზნო, თემის პირის გამტეხს და გადამბრუნებელს შენა რის...

- შესდეგ! - ერთბაშად ვიღამაც ხელი გაავლო გოჩას და სიტყვა გააწყვეტინა.

ხალხმა გაკვირვებით შეჰხედა ხევის ბერის ხელის შემხებს, ნამეტნავად იმ დროს, როდესაც მას ხევის სიწმინდე, დროშის თავი, ხელში ეჭირა. მათ თვალწინ ონისე იდგა.

- შესდეგ, ხევის ბერო! გუგუა მართალია! - დაიძახა ონისემ, რომელსაც თმა აჰბურძგნოდა და თვალებში სისხლი ისე მოსწოლიყო, თითქოს წამოცვივნას აპირებენო.

ხალხი აიშალა. აირია და ყაყანი დაიწყო. გოჩამ შეარყია დროშა და ზარების ხმასთან ერთად ხმამაღლად მბრძანებლის კილოთი დაიძახა:

- იყუჩეთ! - და ამ ხმის გაგონებაზედ ერთბაშად ყველა გაჩქურდა.

- სთქვი, რას ამბობდი?

- გუგუა მართალია-მეთქი, ტყუილად ნუ დასჯით... გუგუას და მე მიზეზი გვაქვს ერთმანეთის მოსისხლენი შევქმნილიყავით.., ეგ მთიდგან რომ მოდიოდა, ბილიკებზედ იმად დაეშვა, რომ მე მოვეკალ... მაგრამ გზაში მტერს შეხვდა და მოღალატობას ტყუილად სწამობთ...

- ეგ ვიღამ გიამბო? - ერთბაშად წამოიძახა გუგუამ და ეჭვისაგან თვალები აენთო.

- ჩემის ყურით გავიგონე... როდესაც შენ ლაპარაკობდი, მე გზის იქით ვიყავ ჩასაფრებული... რაიღა დავმალო?.. მოძმეთ ცოდო მე მაძევს კისერზედა, ჩემი ბრალია მათი გაწყვეტა... მე დავკარგე გონი, მტერი მე გამომეპარა!.. გუგუა უბრალოა! - ლაპარაკობდა გაჩქარებით და აღელვებით ონისე და მთლად კანკალებდა. ონისეს სიტყვები ხალხს მეხსავით მოხვდა და გაშტერებული შესცქეროდა.

ზარდაცემული მოხუცი მთლად კანკალებდა და კარგა ხანს გონს ვერ მოსულიყო.

ბოლოს ძალზედ ამოიხვნეშა, მოისვა შუბლზედ ხელი და ყვედრებით წარმოსთქვა:

- მაშ ეგრე გაიგონე ჩემი დარიგება? წყეულიმც იყავ, ყველასაგან მოძულებულო, დედმამის საფლავიდგან ამომგდებო!.. რა სასჯელი არის, რომ შენ გადაგიწყვიტოთ!.. - ამ სიტყვების შემდეგ მოხუცი მსაჯულებს მიუბრუნდა: - მოძმეთ სისხლი ცაში ღმერთს შესჩუხჩუხებს და სამართალს ითხოვს, გადასწყვიტე, თემო!

კარგა მღელვარებისა და ჩოჩქოლის შემდეგ თემის თავნი მიუახლოვდნენ გოჩას და წყნარად წარმოსთქვეს:

- გოჩავ! შენს შვილს ხევი არ გაუყიდნია... მხოლოდ ყმაწვილკაცობას გაუტაცნია და თავდავიწყებაში ჩაუგდია...

- მით უფრო მეტი საბუთია, რომ მკაცრად გადახდეს... კაცს ულვაში ნამუსისთვის გამოუვა... ონისე ეხლავე მკვდარია... მაგის სასჯელი ცეცხლში დაწვაა!

- გოჩაუ, - სცადეს მოხუცის შეყენება, მაგრამ პირგამეხებული ხევის ბერი ცეცხლებსა ჰყრიდა თვალთაგან.

- უნდა მოკვდეს, მოკვდეს შეუბრალებლად... და თუ თქვენ ვერ გაგიბედნიათ სამართლიანად მოექცეთ... მე მიყურეთ... - მოხუცმა გაიძრო ხანჯალი, გაქანდა შვილისკენ და შესძახა:

- მოძმეთ მოღალატე სიცოცხლის ღირსი არ არის!

ამ სიტყვებთან ერთად იელა ხანჯალმა და ონისემ მიწაზედ ფართხალი დაიწყო; მოხუცის მახვილს შვილისათვის გული ორად გაეპო. ეს მოძრაობა ისე სწრაფად მოხდა, ისე საჩქაროდ, რომ უბედურების შეყენება ვეღარავინ მოასწრო.

ხალხი შემოიფანტა და ახლო ვეღარ მიჰკარებოდა მოხუცს, რომელსაც ძარღვები ძალზედ უღმეჭავდნენ და უცნაურად უთამაშებდნენ სახეს.

- გოჩა! - ცოტა ხანს შემდეგ ვიღამაც ხელი გაავლო მოხუცს.

- ჰაი? - ანგარიშმიუცემლად წამოიძახა მოხუცმა და მოიხედა.

მის წინ იდგა გუგუა.

- გოჩავ! - განიმეორა იმან ხმამაღლა: - წეღან გითხარ, რომ დამნაშავე არა ვარ-მეთქი, მაგრამ ერთხელ მაგგვარის ცილის წამების შემდეგ აღარ ვიცოცხლებ-მეთქი... ვაჟკაცი ერთხელ გადაფურთხებულს ვეღარ ალოკავს... მშვიდობით გოჩავ, მშვიდობით ხალხო! - ამ სიტყვებთან ერთად მან გაიძრო დამბაჩა, მიიცა ლულა პირში და ტვინი ჰაერში შეასხა...

მოხუცმა მხოლოდ ამოიკვნესა, მიიხედ-მოიხედა შეშინებულის თვალებით და შეჰკრთა. ბოლოს დააწყებინა ცახცახი და გასისხლიანებული ხანჯალი, რომელიც ხელში ეჭირა, შორს გადასტყორცნა... რაოდენსამე ხანს ისე ჩუმად იდგა. დაესხა თავსბრუ და ჩაიკეცა, ის დაეკონა შვილს და რამდენჯერმე წყნარის ხმით წარმოსთქვა:

- შვილო, შვილო! - და ზედ გაეკრა.

კარგა ხანს დასტიროდა ონისეს გაყინულს სხეულს; ბოლოს წამოიხედა, ველურად დაიწყო აქეთ-იქით ყურება და ერთბაშად შეშინებული წამოვარდა.

- შორს, შორს!.. - დაიძახა იმან და ჰაერში ხელები გაიშვირა: სისხლი, ხანჯალი... შვილი, შვილი! რა იქნა ჩემი შვილი! - ძალზედ შეჰკივლა და ვეფხივით ღრიალი დაიწყო...

გაიარა კარგა ხანმა, ხევი დამშვიდდა. ცხოვრებამ ჩვეულებრივი მდინარეობა მიიღო.

მხოლოდ სამტვეროს ტყე გადაიქცა ყველასათვის მოსარიდებლად, რადგანაც იქ ჩასახლდა ჭკუაზედ შემცდარი გოჩა და გამვლელ-გამომვლელს თავის შვილზედ ამბის კითხვით არ უსვენებდა. ის ყველას ეპატიჟებოდა თავის სახლში და უამბობდა, რომ შვილს მოელოდა შორის გზიდგან. მერე დაუწყებდა მუქარას, რომ შაეტყობინათ, რა მოუვიდა ონისეს, და ბოლოს შემზარავის ღრიალით გაათავებდა.

ასე მიდიოდა მოხუცის დღეები იმ დრომდის, სანამ ერთს ზამთარს თოვლს ვიწრო ხევში არ ჩაეჩუმქრა.

რაც შეეხება ძიძიას, ის იმ ღამიდგან, რაც ონისეს განშორდა, აღარავის უნახავს.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ალექსანდრე ყაზბეგი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.