– XIII –
გარიჟრაჟი იყო. თერგის ხეობაზედ ხშირი და ბამბასავით გაჰპენტილი ნისლი შემოწოლილიყო, მოებურა მთელი მიდამო სოფლები, თითქოს შიგ გახვეულიყვნენ. რამდენიმე ადგილს ნისლი ამოეგლიჯა უმაღლეს მთის წვერებს და ისე მოჩანდნენ, თითქოს ჰაერში დგანანო.
მათ ზევით ლაჟვარდოვანი ცა შეწითლებულიყო მზის მოახლოვებულის შუქით. ვარსკვლავებს ეგრძნოთ დღის მოახლოვება და შემკრთალები ნაზის სხივით ძლივსღა ციმციმებდნენ. გათეთრებული მოხუცი კავკასიისა ამაყად გადმოჰყურებდა სამების წვერს, რომელზედაც ამავე სახელის ტაძარი, ძველი და საკმაოდ მოზრდილი, გამწვანებულს ყვავილიან ველზე წარსულის მოსაგონებელ ნაშთად დარჩენილიყო. ქვეშ მიმდგარს თანასწორ ნისლს წმინდა სახსოვარი ჩვენის წარსულისა თითქოს დედამიწისაგან განეშორებინა.
ამ ადგილიდგან ყველაფერი მედიდურად მოჩანდა. ყველას ეძინა, გაყუჩებულიყო და თვით ეს გაყუჩება რაღაცა სევდიანს დუმილს ჰბადავდა. თვით დაუდგრომელს ნიავსაც კი სული გაენაბა და ცელქად აღარ შესთამაშებდა კეკლუც სურნელებს. ათასში ერთხელ დამკრთალი ჯიხვის ფეხით გადმოგორებულის ქვის ხმაურობა თუ დაარღვევდა საზოგადო სიჩუმეს და შეუერთდებოდა მთებიდგან გადმონადენის ჩანჩქერის ჩხრიალს, რომელიც დაძაბულს ბუნებას მშობლიურს ნანას ეუბნებოდა.
ერთბაშად გაისმა გაგრძელებული სტვენა: ეს რომელსამე მოუსვენარს შურთხს ეგრძნო გათენების სიახლოვე ან სიზმრად ტოლი მოჰლანდებოდა.
გაწითლდა ყინვარწვერის თავი, მზის სხივებმა ოქროს გვირგვინი გადმოფინეს, თეთრმა უმტვერო თოვლმა ნათლად ბრჭყვიალი დაიწყო. მას მოჰყვა კაკბის კაკანი, რომელიც გაშმაგებით ეძახდა გულის მეგობარს, რადგანაც ბუნების მშვენიერებით მარტო დატკბობა არ ესმოდა. შეფრთხა ჯიხვიც და არჩვიც, ღამემ საკმაოდ დაუღალა მარდი და მკვირცხლი ფეხები, ვარჯიშობა ეჭირვებოდათ, თეთრი, ათასფერად მოკამკამე თოვლი სათამაშოდ იზიდავდა, სასიამოვნო სურნელება ტვინს უმღელვარებდა, თავბრუს ახვევდა და დაჭარბებული სიტკბოება ფრუტუნით უნდა მოეშორებინა.
შორი-ახლო მყოფს „დათვის ტყეში“ შაშვმაც გრძნობით შესჭიკჭიკა ბუნების სიტკბოებას. ერთბაშად დაჰკრა ზარმა და მისი ხმა ლტოლვით და თანდათან მისუსტებით ამოვარდნილმა ნიავმა გაჰფანტა მთებში. მოისმა მეორეჯერ და მას მოჰყვა ჩქარ-ჩქარი და ხანგამოშვებით რეკა. ეტყობოდა, სამების ტაძარში მყოფს ყარაულებსაც გაეღვიძნათ.
დილის ნიავმა დაჰქროლა, ნისლი შეარყია, შეაღელვა, მოეშველა მზის შუქიც და ნისლმა აღშფოთებულს საყვარელსავით, რომლისთვისაც განთიადს მოესწრო, წყნარად მთა-მთა დაიწყო გაპარვა.
გამოჩნდა ხეობა და მასთან ერთად გველსავით დაკლაკნილი, გამხეცებული და აქაფებული თერგი. სოფლებიც მოძრაობაში მოსულიყვნენ. ყველგან ხალხი მიდი-მოდიოდა, სოფლების წინ ჯგუფდებოდა და რაღაცას მღელვარებდა. ყოველს სოფელთან ხალხის შუა მოჩანდა სასოფლო დროშა, რომელიც ნიავისაგან წყნარად ფრიალებდა.
ამ ხანში წმიდის სამების სამრეკლოზედ ზარების რეკა არა სწყდებოდა. ერთბაშად ხალხი შეინძრა, გაისმა „გერგეტულას“ სიმღერა და გრგვინვასავით ბანის მიმცემმა ხალხმა ქუდები მოიხადა. მედროშენი დროშებით გაუძღვნენ წინა; უკან წამოჰყვა მოწიწებით ხალხი, რომელიც თავის პატივის და სახელის ნიშანს, სახალხო წმინდანს, ცეცხლშიაც წარბშეურხევლად გადაჰყვებოდა.
ყველანი სამებისკენ გაემართნენ; ისინი მიეშურებოდნენ იმ ტაძრისაკენ, სადაც თემის ყრილობა უნდა მომხდარიყო, სადაც თემის საბჭო იყო გამართული და სადაც ერთხელ ხალხისაგან გადაწყვეტილებას ყველა მთიელი ემონებოდა და განუკითხველად ასრულებდა.
მათ სამების საბჭოში მოელოდა ორის კვირით „საწმენდად გასული“ ხევის ბერი გოჩა და მისნი თანაშემწენი, რომელნიც ორი კვირის მარხულობაში და ლოცვაში იყვნენ, რომ სათემო „დროშის თავის“ შეხების ღირსნი გამხდარიყვნენ.
„დროშის თავი“ მათთვის სახუმრო არ იყო: მის წინაშე ნათქვამი სიტყვა ვეღარ გადაბრუნდებოდა, ყოველი მოხევე სიკვდილს ირჩევდა, მოშორდებოდა დედას, ძმას... გულის საყვარელსაც კი, მაგრამ ამ სათემო კავშირის ნიშნის წინ მიცემულს სიტყვას კი ვეღარ უღალატებდა.
არც სახუმრო საქმისთვის იყრებოდა დღეს თემობა. თავისუფალთ ყმობას უქადდნენ, დამოყვრებული მეზობლები ომს უცხადებდნენ, გაუმაძღარი ნუგზარ ერისთავი ლომსავით ბრდღვნიდა, მის განუსაზღვრელს წადილს ხალხის დამონებისას მარტო მთიულეთი ვეღარ აკმაყოფილებდა, მისი ბატონური მოთხოვნილება თავისუფალ მეზობლებთან ვეღარ თავსდებოდა, იმათი დამორჩილება უნდოდა და უნდა დაემორჩილა, თუნდა ამისთვის მოძმეთა სისხლით შეღებილიყო.
მოხევეებს ესმოდათ, რომ საქმე სახუმრო არ იყო და ღირსეულს ღირსეულად დახვედრას უპირებდნენ.