თავი XIII
გარიჟრაჟი იყო. თერგის ხეობაზე ხშირი და ბამბასავით გაშლილი ნისლი შემოწოლილიყო, მოეცვა მთელი მიდამო სოფლები, თითქოს შიგ გახვეულიყვნენ. რამდენიმე ადგილას ნისლი ამოეგლიჯა უმაღლეს მთის წვერებს და ისე მოჩანდნენ, თითქოს ჰაერში დგანანო.
მათ ზევით ლაჟვარდისფერი ცა შეწითლებულიყო მზის მოახლოებული შუქით. ვარსკვლავებს ეგრძნოთ დღის მოახლოება და შემკრთალები, ნაზი სხივით ძლივსღა ციმციმებდნენ. გათეთრებული მოხუცი კავკასია ამაყად გადმოჰყურებდა სამების წვერს, რომელზეც ამავე სახელის ტაძარი, ძველი და საკმაოდ მოზრდილი, გამწვანებულ, ყვავილებიან ველზე წარსულის მოსაგონებელ ნაშთად დარჩენილიყო. ქვეშ მდგარ თანაბარ ნისლს წმინდა სახსოვარი ჩვენი წარსულისა თითქოს დედამიწისგან განეშორებინა.
ამ ადგილიდან ყველაფერი დიდებულად მოჩანდა. ყველას ეძინა, გაჩუმებულიყო და თვით ეს გაჩუმება რაღაც სევდიან სიჩუმეს ბადებდა. თვით დაუღალავ ნიავსაც კი სული გაენაბა და ცელქად აღარ ეთამაშებოდა კეკლუც სურნელებს. ათასში ერთხელ დამფრთხალი ჯიხვის ფეხით გადმოგორებული ქვის ხმაური თუ დაარღვევდა საერთო სიჩუმეს და შეუერთდებოდა მთებიდან გადმონადენი ჩანჩქერის ჩხრიალს, რომელიც დაძაბულ ბუნებას მშობლიურ იავნანას ეუბნებოდა.
ერთბაშად გაისმა გაგრძელებული სტვენა: ეს რომელიმე მოუსვენარ შურთხს ეგრძნო გათენების სიახლოვე ან სიზმრად ტოლი მოელანდა.
გაწითლდა ყინვარწვერის თავი, მზის სხივებმა ოქროს გვირგვინი გადმოფინეს, თეთრმა, უმტვერო თოვლმა ნათლად ბრჭყვიალი დაიწყო. მას მოჰყვა კაკბის კაკანი, რომელიც გაშმაგებით ეძახდა გულის მეგობარს, რადგან ბუნების სილამაზით მარტო დამტკბობა არ ესმოდა. შეფრთხა ჯიხვიც და არჩვიც, ღამემ საკმაოდ დაუღალა მოქნილი და მკვირცხლი ფეხები, ვარჯიშობა სჭირდებოდათ, თეთრი, ათასფერად მოკამკამე თოვლი სათამაშოდ იზიდავდა, სასიამოვნო სურნელება ტვინს უმღვრევდა, თავბრუს ახვევდა და ზედმეტი სიტკბოება ფრუტუნით უნდა მოეშორებინათ.
შორი-ახლო მყოფ „დათვის ტყეში“ შაშვმაც გრძნობით შესჭიკჭიკა ბუნების სიტკბოებას. ერთბაშად დაჰკრა ზარმა და მისი ხმა ლტოლვით და თანდათან შესუსტებით ამოვარდნილმა ნიავმა გაფანტა მთებში. მოისმა მეორეჯერ და მას მოჰყვა ჩქარ-ჩქარი და ხანგამოშვებით რეკა. ეტყობოდა, სამების ტაძარში მყოფ ყარაულებსაც გაეღვიძნათ.
დილის ნიავმა დაჰქროლა, ნისლი შეარყია, შეაღელვა, მოეშველა მზის შუქიც და ნისლმა აღელვებულ საყვარელივით, რომლისთვისაც განთიადს მოესწრო, წყნარად მთა-მთა დაიწყო გაპარვა.
გამოჩნდა ხეობა და მასთან ერთად გველსავით დაკლაკნილი, გამხეცებული და აქაფებული თერგი. სოფლებიც მოძრაობაში მოსულიყვნენ. ყველგან ხალხი მიდი-მოდიოდა, სოფლების წინ ჯგუფდებოდა და რაღაცაზე ღელავდა. ყოველ სოფელთან ხალხის შუა მოჩანდა სასოფლო დროშა, რომელიც ნიავისგან წყნარად ფრიალებდა.
ამ ხანში წმინდა სამების სამრეკლოზე ზარების რეკა არ წყდებოდა. ერთბაშად ხალხი შეინძრა, გაისმა „გერგეტულას“ სიმღერა და გრგვინვასავით ბანის მიმცემმა ხალხმა ქუდები მოიხადა. მედროშენი დროშებით გაუძღვნენ წინ; უკან წამოჰყვა მოწიწებით ხალხი, რომელიც თავისი პატივისა და სახელის ნიშანს, სახალხო წმინდანს, ცეცხლშიაც წარბშეუხრელად გაჰყვებოდა.
ყველა სამებისკენ წავიდა. ისინი სწრაფად მიდიოდნენ იმ ტაძრისკენ, სადაც სოფლის კრება უნდა გამართულიყო. იქ თემის საბჭო იყო მოწყობილი და ხალხის მიერ ერთხელ მიღებულ გადაწყვეტილებას ყველა მთიელი უპირობოდ ემორჩილებოდა და ასრულებდა.
სამების საბჭოში მათ ელოდნენ ხევისბერი გოჩა და მისი თანაშემწეები. გოჩა ორი კვირით იყო „საწმენდად გასული“. ისინი ორი კვირის განმავლობაში მარხულობდნენ და ლოცულობდნენ, რათა ღირსნი გამხდარიყვნენ, შეხებოდნენ სათემო „დროშის თავს“.
„დროშის თავი“ მათთვის სახუმარო საქმე არ იყო. მის წინაშე ნათქვამი სიტყვა უკან ვეღარ დაბრუნდებოდა. ყოველი მოხევე სიკვდილს ამჯობინებდა, დედას, ძმას... გულის საყვარელსაც კი მოშორდებოდა, მაგრამ ამ სათემო კავშირის სიმბოლოს წინ მიცემულ სიტყვას არ უღალატებდა.
დღეს თემობა არც სახუმარო საქმისთვის იკრიბებოდა. თავისუფალ ხალხს ყმობას უქადდნენ. დამოყვრებული მეზობლები ერთმანეთს ომს უცხადებდნენ. გაუმაძღარი ნუგზარ ერისთავი ლომივით ბრდღვინავდა. ხალხის დამონების მისი უსაზღვრო სურვილისთვის მარტო მთიულეთი ვეღარ იყო საკმარისი. მისი ბატონური მოთხოვნილება თავისუფალ მეზობლებთან ვეღარ თავსდებოდა. მას მათი დამორჩილება უნდოდა და უნდა დაემორჩილებინა, თუნდაც ამისთვის მოძმეების სისხლით შეღებილიყო.
მოხევეებს ესმოდათ, რომ საქმე სერიოზული იყო და ღირსეულად აპირებდნენ დახვედრას.