prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ხევისბერი გოჩა — თავი XXVI

ალექსანდრე ყაზბეგი · პროზა

– XXVI –

გოჩას გამოსვლაზედ ხევის ჯარი წყნარად შეინძრა, გაიყო სამ რაზმად და ბელადების წინამძღოლობით მტრისაკენ გაემართა. იმათ გადაწყვეტილი ჰქონდათ ნუგზარისგან დაჭერილს სიმაგრეს სამ მხრივ დასცემოდნენ და საერთო იერიშის მიტანით მტრისათვის გადაეხადნათ. ყველასთვის აშკარა იყო, რომ ამ ბრძოლას უნდა გადაეწყვიტა ხევის მომავალი მდგომარეობა და ბედ-იღბალი.

ყველა მიდიოდა პირზედ ღიმილით, რადგანაც დარწმუნებული იყო, რომ წმინდა მოვალეობას ასრულებდა და, თუ სიკვდილი შეემთხვეოდა, მისი სახელი ხალხში დიდხანს მოიხსენებოდა და შორს მთებში გაითქმებოდა. სააქაოს მოელოდა სანეტარო ხსენება და საიქიოს - ზეციერი ჯილდო. მაშასადამე, ამგვარი რწმუნების ხალხისათვის ბრძოლა თვითმყოფელობისთვის, თავის მიწა-წყლის დასაცავად მეჯლისში წასვლას ემსგავსებოდა. ბრძოლისა და მტერთან შეტაკების სურვილს უმეტესად უცხოველებდა მოძმეთ წამების მოგონებანი, რომელნიც გულს ძალზედ უმღვრევდა და სისხლისთვის სისხლს მოაწყურებდა.

მიმავალთ მოხევეთა შორის ონისეც იყო, რომელსაც მხიარული, მუდამ მოღიმარი სახე ჭმუნვარებით შესცვლოდა, და ძალზედ მოკუმულს ტუჩების გამო სახის კანიც გასჭიმოდა. თვალებაღგზნებულს ღაწვები თითქოს გამობურცებოდა და სიბრაზის ნიშნად ლოყების ძარღვები ძალზედ უცემდა.

ონისეს, ბუნებითვე ვაჟკაცს და თავგანწირულს, დღეს მეტი მიზეზი ჰქონდა ერთი-ორად გადაქცეულიყო, რადგანაც თავის შეცდომას და თავდავიწყებას ჰგრძნობდა და უნდოდა მეტის თავგანწირვით ცოდვა რაოდენადმე შეემსუბუქებინა.

იმას ჰყვანდა ჩაბარებული რამდენიმე კაცი, რომელიც მოხევეთა ერთის გუნდის მოწინავე ჯარს შეადგენდა და მინდობილი ჰქონდა, რომ ყოველი ღონისძიება ეხმარა მტრისგან სადარაჯოდ გამოყენებულს კაცებს შეუმჩნევლად მიჰპარებოდა და ან შეეპყრა, ან დაეხოცა. ამასთანავე ეს ისე უნდა მომხდარიყო, რომ მტრის უმთავრესს გუნდს ვერ შეეტყო, რათა მათ მოხევეების დასახვედრად მომზადება ვერ მოესწროთ.

ონისე მიუძღვებოდა თავის პატარა რაზმს და ყოველგვარად ფრთხილობდა, ბრძანება გადაუბრუნებლად აღესრულებინა. ყველაზედ წინ მიდიოდა სმენადგადაქცეული ონისე და შემდეგ მწკრივად მისდევდნენ დანარჩენები, რომელნიც სიფრთხილით აბიჯებდნენ და ფეხს თითქმის იმავ ადგილას ადგამდნენ, რომელზედაც წუთის წინეთ მათი ბელადის ფეხი მდგარიყო.

რიყიან ადგილზედ მეტად დიდი გაფრთხილება და ფეხის სიმარჯვე უნდოდა, რომ ქვების შენძრევით ღამის მყუდროება არ დაერღვიათ და მით თავიანთ მოძრაობაზედ მტრის ყურადღება არ მიექციათ. ბანდულებჩაცმული მოხევენი მიიპარებოდნენ და, სანამ დედამიწაზედ მაგრად დააბიჯებდნენ, რაოდენსამე ხანს ადგილის სიმკვიდრეს ფეხით სცდიდნენ. ერთბაშად ონისე შესდგა და იმ ადგილზედვე ჩაწვა. სხვებიც ხმის ამოუღებლივ ამგვარადვე მოიქცნენ და მიწას გაკრულებმა ხანჯლები ამოიღეს.

გაიარა რამდენმამე წუთმა ამ სიჩუმეში და მოპირდაპირე მხრიდგან ხუთი კაცი გამოჩნდა, რომელნიც ამგვარადვე სიფრთხილით და გაჩუმებულნი მოდიოდნენ. ონისემ დააცალა, სანამ უკანასკნელი გაუსწორდებოდა და, რა მოუახლოვდა, ფეხზედ წამოიჭრა. მასთან ერთად წამოცვივდნენ დანარჩენებიც და წუთს შემდეგ ადგილის დასათვალიერებლად გამოგზავნილი ოსები მიწაზედ ფართხალობდნენ. და რამდენადაც სისხლი აკლდებოდათ, იმდენად სიკვდილს მეტის გამწარებით ებრძოდნენ.

ყველა ეს ისე სწრაფად მოხდა, რომ ოსებმა დაყვირებაც კი ვერ მოასწრეს. რაკი მოხევეებმა ამათგან მოიცალეს, ისევ თავიანთ გზას გაუდგნენ და ალიონის აწევასთან ერთად მტრის ბანაკს მიუახლოვდნენ. იქ ჩასაფრდნენ და ამხანაგებს ლოდინი დაუწყეს.

მტრის ბანაკში სრული მყუდროება სუფევდა, რადგანაც ერთის მხრით გაზვიადებულნი პირველის გამარჯვებით და მეორეს მხრით დარწმუნებულნი თავიანთ დარაჯების სიფრთხილეში თავისუფალს, დამშვიდებულს განსვენებას მისცემოდნენ. ნუგზარ დარწმუნებული იყო, რომ მოხევენი შეშინდებოდნენ და მეორე-მესამე დღეს შუაკაცებს გამოუგზავნიდნენ. ის თავის დღეში ვერ წარმოიდგენდა, რომ ხევის ერთი მუჭა ხალხი მასთან შებრძოლებას გაბედავდა, მით უფრო, რომ მას ახლდა საკმაო რიცხვი ლეკთა გარაზმული და კარგად შეიარაღებული ჯარისა.

მოხევეთ სამივე მხრიდგან წამოუარეს და შეუმჩნევლად მტერს გარს შემოერტყნენ.

გავარდა ერთბაშად თოფი და ეს ნიშანი იყო საერთო იერიშისა.

წამოცვივდა ნუგზარის ჯარი, მაგრამ მოულოდნელობის გამო მთლად აირია და გონებადაკარგული მებრძოლნი უაზროდ დარბოდნენ. შესეული მოხევენი დროს არ აძლევდნენ, რომ გონს მოსულიყვნენ და უწყალოდ ჰხოცდნენ.

ამ საერთო არეულობაში, მხოლოდ ერთს ადგილს მოჩანდა თეთრი ცხენი და მაზედ ამხედრებული ნუგზარ, რომელსაც ხელში ხმალი ეჭირა და მარჯვნივ, თუ მარცხნივ სხეპავდა. მას გვერდს მოსდგომოდა რამდენიმე გამოჩენილი ლეკთა ვაჟკაცი და ღირსეულს მხარს უშვენებდნენ; აშკარად სჩანდა, რომ მათს გულში ვაჟკაცობის ცეცხლი უმეტესად ინთებოდა, ვიდრე იმ თრუსოელებისაში, რომელთაც შებმას გაქცევა ერჩიათ.

ამ საერთო არეულობაში ონისე დამთვრალსავით დადიოდა და ვისაც კი შეეყრებოდა, მზისთვის დიდხანს აღარ აცქერინებდა. ის ეძებდა გაცხარებულს ბრძოლას და, სადაც იგი გაჩნდებოდა, სწრაფად შუაგულში მოექცეოდა, თუმცა სიკვდილის მძებნელი მოჯადოებულსავით ყველგან უვნებლად რჩებოდა.

მისი სიმამაცე, გულადობა და თავგანწირულობა მაყურებელთ აოცებდა და ქებას წარმოათქმევინებდა.

ერთბაშად გორაზედ გამოჩნდა გოჩა, რომელსაც თეთრი თმა გაშლოდა და ნიავი უმღელვარებდა. დროშის თავი, რომელიც ხელში ეჭირა, სანუგეშოდ ფრიალებდა და წვერზედ გაკეთებულს ოქროს ჯვარს კრიალი გაჰქონდა.

გოჩას ცხენი ამაყად და მედიდურად მიაბიჯებდა, თითქოს ჰგრძნობდა, რომ მისი მხედარი ხალხისაგან იყო არჩეული და მას არც ერთხელ თავის ამრჩევთაგან საყვედური არ მიეღო.

მოხუცმა შეუტია ცხენსა და გააქროლა იმ მხარისკენ, სადაც ნუგზარ რამდენიმე კაცით ჯერ კიდევ იბრძოდა.

- აბა, ბიჭებო!.. მომყევით. ვისაც გული გერჩისთ! - დაიძახა გოჩამ და ხალხი სწრაფად შეჯგუფდა, ბურთსავით შეიკრა ნუგზარის გარშემო.

ავარდა კორიანტელი; ყველა მტვრით დაიფარა; მზის შუქიც კი თითქოს მიბნელდა. აქამდისინ მოყიჟინე, ეხლა გაჩუმებულიყვნენ და მყუდროებას მხოლოდ კბილების ღრჭიალი, იშვიათი დაკვნესება და იარაღის ჩახა-ჩუხის ხმა დაარღვევდა.

ხანდახან ნიავისაგან გაფანტულს მტვერში გოჩას დროშა გამოჩნდებოდა, რომელიც ისევ უვნებლად ფრიალებდა და მებრძოლთა გულებს ფოლადად უწრთობდა. ერთბაშად შეკუმშული ხალხი როგორღაც წამოტრიალდა, გაიშალა და ასტყდა ისევ ყიჟინა.

ქარმა გაჰფანტა ბრძოლის მტვერი და წუთს წინეთ სიცოცხლით სავსე მებრძოლთაგან კოშკად აშენებული დახოცილები-ღა გამოჩნდა! მათ შორის იდგა გოჩა, დაღონებული, გაფითრებული და სევდიანი თვალები ზეცისკენ მიეპყრო!

შორს გზაზედ მტვერი მოჩანდა და იმის შუა ხანდისხან გამოჩნდებოდა ხოლმე ნუგზარ და რამდენიმე ცხენოსანი, რომელნიც სიკვდილს რაღაცა მანქანებით გადარჩენოდნენ.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ალექსანდრე ყაზბეგი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.