ნაწილი პირველი — თავი VIII
ჯაყომ მაშინვე უპასუხა:
– ურემი გაგიფუჭდეს, შენი ჭირი მე, ურემი! გუშინ ვერ ამოვედი.
– მაშ, ღამე სად გაათენეთ?
– ღამე ლევანაშენში გავათენებდით, ჩვენი ნათესავის თომასთან ვიყავით სტუმრად. ძალიან კარგად დაგვხვდებოდა თომა, შენი ჭირი მე, ძალიან კარგად. მოკითხვაც მოგიტანე თომასგან, დიდი მოკითხვა.
გაწითლებული და გაჩუმებული მარგო განზე იყურებოდა და ქმარს სახეს არიდებდა. მარგო დუმდა და ამ სიჩუმით პირველად გრძნობდა ორპირობის სიმწარეს და ღალატის სირცხვილს.
გაახსენდა წუხანდელი საუბარი და თავისი დაპირებაც. ყველაფერს მოუყვება თეიმურაზს, ყველაფერს! მარტონი რომ დარჩებიან, მარგო ეტყვის:
– ჩქარა, თემურ, ჩქარა წავიდეთ აქედან.
და ღამის ამბავს გადაუშლის თავის ქმარს, თანაც შეეხვეწება:
– თემურ, გაჩუმდი. შენც თავს ნუ მოიჭრი – და მეც ნუ შემარცხვენ.
„რაც მოსავალია, მოვიდეს!“ – გაახსენდა მარგოს თეიმურაზის ნათქვამი. – აი, აკი მოვიდა კიდევაც!.. არა, მარგო დღესვე ჩამოირეცხავს ღამის სიბინძურესა და უსიამოვნებას, დღესვე!
თეიმურაზი მარგოს ათვალიერებს და ცოლის თვალებს ეძებს.
მარგო მიტრიალდა.
თეიმურაზს თვალი თვალში ვეღარ გაუყარა, შეწუხდა და აენთო. ბოლოს თავს ძალა დაატანა. მხიარულად და ცოცხლად ჩამოხტა ურმიდან და ნატკენი მკლავი აითრია.
თეიმურაზი შეშინდა:
– მარგო, ეგ რა არის? კაბა სად დაიხიე? მხარზე რაღაც იარა გაქვს, მკლავიც ხომ არ დაგიშავდა?
მარგოს შიშველ მხარზე ჯაყოს ნაკბილარი მოსჩანდა, ხოლო მკლავი გუშინდელ ბრძოლაში ჰქონდა ნაღრძობი.
სირცხვილისაგან გაწითლებულსა და შიშისაგან განაბულ მარგოს ისევ ჯაყო მიეშველა:
– კნეინა ურმიდან ჩამოხტებოდა, შენი ჭირი მე, კაბა წალს მოედებოდა და ხელიც მიარტყამდა. არა უშავს-რა, შენი ჭირი მე, მალე მოგირჩება ნათლიას.
სანამ ჯაყოს ბიძა ქეშელა საქონელს აბინავებდა, ხოლო ჯაყო ყვირილით იქაურობას იკლებდა და ყველას აფეთებდა, თეიმურაზი მარგოს თავის ძველ სახლში დაატარებდა, იქაურობას აჩვენებდა და გულის კვნესით ეუბნებოდა:
– აი, გასინჯე, ნახე, რა დაემართა ჩვენს უპატრონო სახლს.
მარგო ძლივსღა ცნობს ხევისთავების ყოფილ მამულს. ძველი ავეჯი და სურათები დახეულ-დახვრეტილი და ჩამტვრეულია. ჭვარტლით შემურულ კედლებზე მრავლად ჰკიდია ტყავეულობა, სამუშაო იარაღი და ხმელი ხილი.
ხარატით ნაკეთები და გრეხილ-ხვეულით შემკული მუხის ბოძები დალურსმული და დაჭდეულია უხეშად და დაუნდობლად. სახლი გატენილია კასრებით, ქილებით, კოკებით, კალათებით და გოდრებით. ერთ კუთხეში გაურჩეველი სიმინდი ყრია, მეორეში – გაურჩეველი ლობიო.
ოთახების ზოგი მორთულობა – სუზანები, სარკეები, რბილი ავეჯი, ქანდაკებები, ხალიჩები და უძველესი შირაზის ჭურჭელი აღარსად არ ჩანს.
კედელში ჩატანებული მუხის ფართო განჯინები, ისიც ხარატით ნაკეთები, იარაღის ასეთივე სათავსო და საწიგნე სავსეა მყრალი ლოგინით, ჯაგრით და მატყლით.
აქა-იქ გაფანტულია ხევისთავების გვარეულობის განთქმული იარაღი: ჯავშნები, მუზარადები, პერანგები, საბარკულები და სამკლაურები, ჩაფხუტები და ასნაირი თოფი და მახვილი: ორპირი ლახვარი, გრძელტარიანი, ბრტყელპირიანი და ზომიერი ტარით; სათხედები, ხელშუბები, გეონები, ხიშტები, ზუფანები, ლიბადაკები, გმურები. სირმა, სიათა, ყირიმი, ფრანგული, დამასკი, დაღესტნური, გორდა და მრავალნაირი ხანჯალი და ხმალი.
ერთი პირმომტვრეული ძველი ხანჯალი და გორდას ხმალი აივანზე ეყარნენ. სადაც ფიჩხსა და წნელს გორდა-ხმლით ჭრიდნენ. რამდენიმე ძველი ფარი სარქველის მაგივრად ჭურებისთვის და კასრებისთვის დაეხურათ. ძველი ფრანგული და ყირიმული ხარიხებად გადაეკეთებინათ და ზედ აკიდოები ჩამოეკიდნათ.
სახლში არც ერთი წიგნი აღარ მოიპოვებოდა. თეიმურაზის მამის სურათი, ფერადებით ნახატი და მშვენიერ მოოქროვილ ჩარჩოში ჩასმული, ხონჩად არის გამოყენებული. ხატები და უძველესი წიგნების ყდები მწნილების და ყველის ქილებისთვის დაუხურავთ.
სახლის უკან გაშენებული ყვავილნარი, სადაც წინათ იშვიათი ჯიშის ვარდ-ყვავილი იყო მოშენებული, ახლა სავსეა დიდი ყვითელ-წითელი გოგრებით, მზესუმზირით, სიმინდით და ლობიოთი.
წინათ სანახევროდ მიცემული და კარგად მოვლილი ბაღ-ვენახი ახლა ჯაგნარად გადაქცეულა, ხეხილი და ვაზი გაფარჩხულა და ლიახვის ჭალას დამსგავსებია.
თეიმურაზს გული აუჩუყდა და ცრემლი მოერია. მარგოც ხან წარბებს იჭმუხნის, ხანაც ნაძალადევად იღიმება.
ბოსტნის კუთხეში ერთ საფრთხობელას წააწყდნენ. დაბალ ბოძზე ჯვარივით გაკრულია გადატეხილი სიათას თოფი. ამ ბოძზე და თოფის ხარიხაზე ჩამოუცვამთ რკინის აბჯარ-ჯავშანი – თვალმრგვალი ჯაჭვი, სამკლაურები, შუბი და საბარკულები, დასკლინტულ რკინის მუზარადზე, რომელსაც უძველესი წარწერა ჰქონდა – „ალლაჰ ილ-ალლაჰ“ – კაჭკაჭი სჩხავის.
ორივემ შხამიანი სიცილით გაიცინეს. მერე თეიმურაზმა სათვალეები შეისწორა, საფრთხობელასაკენ თითი გაიშვირა და ნაღვლიანად წაიბორძიკა:
– საოცარია! ეს საფრთხობელა ნამდვილი ემბლემაა ჩვენი ბედისა.
მარტონი არიან. ახლა ეტყვის მარგო, ყველაფერს ეტყვის. მხოლოდ არ იცის, საიდან და როგორ დაიწყოს. ჯერ ტფილისში გატარებული დრო გაახსენოს და საყვედურით გაავსოს, თუ წუხანდელი ღამის ამბიდან დაიწყოს.
დგას თეიმურაზის გაქვავებული მეუღლე და იხრჩობა. სამჯერ დააღო პირი და სამჯერვე დაახველა: ენაზე მომდგარი სიტყვა დასაკლავ ხარივით ჯიუტობს და უკანვე გაურბის, ბოლოს, ძლივს ამოიხრიალა:
– თეიმურაზ...
თეიმურაზს არ ესმის. განზე იყურება.
ჩუმი ცრემლი ჩუმად მოიწმინდა და მარგოს მიუბრუნდა:
– წამო, მარგო, წამო, ჩვენ დიდ აივანზე ავიდეთ, ერთ დროს შენ ძალიან გიყვარდა იმ აივანზე ჯდომა.
– ახლაც მიყვარს. წავიდეთ. – და გულში დაუმატა: – მერე ვეტყვი.
ეზოში სისხლი იღვრება: ჯაყომ რამდენიმე ქათამი, ინდაური და ცხვარი დაკლა, ქვევრსაც თავი ახადა და თავისი სტუმრების საჩვენებლად სოფლის წარჩინებულნიც მოიწვია.
როცა საკლავს ხოცავდნენ, ჯაყომ თეიმურაზს დაუძახა და ერთი ცოცხალი ქათამი გაუწოდა:
– აბა, კნიაზ, ერთი ქათამი შენც დაკალი. შენი დაკლული ქათამი ამ ოჯახს შეგეწევა.
თეიმურაზი შედრკა:
– არ შემიძლია, ჯაყო.
ჯაყომ სიცილი დააყარა:
– მაშ, რა ვაჟკაცი იქნებოდი?! ერთი ქათამიც ვერ დაკლავდი? ჰაი, შე ქალაჩუნავ, შენა! აბა, უყურე ჯაყოს.
და ჯაყომ ქათმებს კისრები დააწყვიტა და ცხვარს მშვიდად ყელში ხანჯალი გაუყარა.
თეიმურაზმა პირუტყვების სისხლსა და ფართხალს ვერ გაუძლო და სახლისკენ გასწია. სისხლის დანახვაზე გული წაუვიდა და სახე გაუფითრდა.
ჯაყო იცინოდა და თეიმურაზს დასცინოდა. მარგო კი მაღალი აივნიდან თავის მეუღლეს არცხვენდა:
– რა დაგემართა? ქათმის სისხლმა ეგრე როგორ დაგაშინა?
თეიმურაზიც აივანზე ავიდა და დაშინებული ბავშვის ხმით თავს იმართლებდა:
– არ შემიძლია. შეჩვეული არა ვარ.
მარგომ მხრები შეიშმუშნა და ტუჩებზე ღიმილი აისახა:
– შეჩვევა რა შუაშია? მამაკაცის გული რომ გქონდეს, სისხლის დანახვა ეგრე არ გაგაფითრებდა. სირცხვილია, თემურ!
– ცოტა ხანს რომ ვიცხოვრებ ამ გაკაჟებულ ხალხში, გულიც გამიმაგრდება და სისხლსაც შევეჩვევი. იქნება მერე კაციც ადვილად მოვკლა.
– შენა? კაცის მკვლელი?! – წამოიძახა მარგომ და გადიკისკისა.
სანამ სადილი მზადდებოდა, ჯაყომ ხევისთავებს თავისი ოჯახის წევრები გამოუყვანა და მათ თვალწინ თავისი ბიძები, ძმები, მამიდები, დეიდები და მრავალრიცხოვანი ნათესავები გამოჰფინა: ტურა, ქეშელა, გიბა, ტელა, მეშთა, ელისო, მარიამი და თინა.
მერე ჯაყოს ცოლი ნინაც გამოვიდა და ცხრა ქალ-ვაჟი გამოიყვანა, – ყველანი ერთმანეთის მიმდევარნი, ზოგი მისი საკუთარი, ზოგნი კიდევ გერები.
ჯაყომ დოინჯი შემოიყარა და სახე გაუბრწყინდა:
– აბა, კნიაზებო, როგორი ბიჭი ყოფილა ჯაყო! აბა, დახედეთ ჯაყოს შვილებს! ბიჭები ჩემნაირი ვაჟკაცები გამოხვალთ, ქალები კი ისეთი ლამაზი იქნებით, როგორც ნათლია მარგო, მაშა!
– ჯაყო, რა ბევრი გყოლია. – გაიკვირვა მარგომ.
– მაშა! – აჭიხვინდა გახარებული ჯაყო. – ცხრა შვილი გაგიკეთე ჯაყომ. მაშ, მაშა! ასე იცის ჯაყომ!
– ჯაყო, ცხრა შვილი გეყოფა. – უთხრა თეიმურაზმა.
– რატომ გვეყოფა ცხრა? ჯაყოს ცხრა ბიჭი კიდევ ეყოლება, მაშა! შენ რას იტყოდი, ნინა? ჯაყოს ცოლმა, გაწურულმა, გამხდარმა ქალმა, რომელიც ქალაქში ჯაყომ გაბადრულ მთვარეს შეადარა, ტუჩები აიპრუწა, ჩაიხითხითა და სახე მიიბრუნა. ჯაყომ თეიმურაზს და მარგოს გადმოხედა:
– შენა, ნათლია? რატომ ერთი ბიჭი მაინც არ გეყოლებოდა?
თეიმურაზმა ამოიოხრა:
– რა ვიცი, ჯაყო, ალბათ ღმერთს ასე სურს.
– ღმერთმა რა იცის შენი საქმე? შენ იქნებოდი ქალაბიჭა. ღმერთს ნუ დააბრალებ.
მარგომ და თეიმურაზმა ერთმანეთს გადახედეს და გულიანად გაიცინეს.
ჯაყომ თავის შთამომავლობას ისევ ამაყად გადახედა და ერთხელ კიდევ დაიქადნა:
– ყველანი ჯაყოს შვილები ხართ, მაშა! ღმერთმანი, ჯაყოს კიდევ ეყოლება ცხრა შვილი, მაშ, მაშა! ასე იცის ჯაყომ!
მარგო ჯაყოს შვილების ხროვაში შეერია, თეიმურაზის და თავის ნათლულებს გაუღიმა, სხვებსაც მოეფერა და ტკბილეულობა დაანახვა. ცხრა ბავშვი მარგოს ცხრა გოჭივით მიესია. ჭყვიტინით, ჭიჭყინით, ღნავილით ეხვეოდნენ გარშემო და ტკბილეულობას ერთმანეთს პირიდან სტაცებდნენ. ჯაყო კი დოინჯშემოყრილი იდგა, მარგოს და თავის ცოლს ერთმანეთს ადარებდა და ორივეს ცხენების დალალივით ათვალიერებდა: ღიმილით, ურცხვად და მოურიდებლად. შემდეგ სამ უცნობ ვაჟზე მიუთითა თეიმურაზს და თქვა:
– ესენი მოუნათლავი დაგრჩა.
– მერე, რატომ არ მონათლე, ჯაყო?
– რატომ უნდა მონათლო? ახლა ნათლობა მოდაში აღარაა. ჯაყომ იცის ახლანდელი კანონი. ჯაყო ჭკვიანი კაცია. ჯაყოს მონათლულებიც ჰყავს და მოუნათლავებიც. ვინ იცის, როდის დაგჭირდება ჯაყოს მოუნათლავი შვილები! მაშ, მაშა!
ერთმანეთის გაცნობა რომ დასრულდა, ჯაყომ აივნის ჩრდილში ხევისთავების საგვარეულო სკამი დაიდგა, ზედ ჩამოჯდა, გვერდით სტუმრები მოისვა, მყრალი ყალიონი გააბოლა და საუბარი გააბა, თანაც ზევიდან წამდაუწუმ ისეთი ხმამაღალი ხმით გადასძახოდა ფეხმარდ და უხმო ნათესავებს, რომ ჯაყოს ხმა მთელ სოფელს სწვდებოდა:
– ტურა, ჩქარა! თახრაშუ!.. ქეშელა, ადამრაშე!... გიბა, ქადამჩაუ?!...