ნაწილი მესამე — თავი V
მესამე დღეს დილით თეიმურაზმა ივანეს უთხრა: „დიდი მადლობა დახმარებისთვის და მასპინძლობისთვის, ივანე. თეიმურაზი ისე არ მოკვდება, რომ შენი სიკეთე ასმაგად არ გადაგიხადოს. მივდივარ... არ ვიცი, როდის ან სად შეგხვდები. არც ის ვიცი, გნახავ ოდესმე თუ არა. რაც უნდა მოხდეს, ჩემი მემკვიდრე შენა ხარ. ამბობენ: თუ შენს სახლს ცეცხლი მოეკიდება, ხელი მაინც გაითბეო, ეგ მაინც დაგრჩებაო.“
„შენც გამოგადგა შენი ცეცხლი, თეიმურ, არა?“ – ჰკითხა ივანემ.
„შენს მტერს, მე რომ ცეცხლი ვნახე! ყველაფერი გადამებუგა. აი, მხოლოდ ეს ჯოხი შემრჩა, ხელში რომ მიჭირავს. სამაგიეროდ, ჭკუა ვისწავლე და ხელიც ისე გავითბე, რომ საფლავშიც ვერ მოვიშორებ იმის სიმწარეს. ახლა მივდივარ ახალი გზების გასაყვანად, ახალი ბედის საძებნელად და ახალი ცხოვრების მოსაწყობად. რაც მოხდა – მოხდა! რაც იყო – წავიდა და აღარ დაბრუნდება!“
„მადლობა ღმერთს!“ – თქვა ივანემ.
„ან სულ ვეღარ მნახავთ, ან გამარჯვებული დავბრუნდები. ჯაყოსავით უნდა გავძლიერდე. ჩემი სიბრმავის გამო ცხოვრებამ გამჭყლიტა. ახლა წელი უნდა ავიწიო და ცხოვრება მე თვითონ უნდა დავთრგუნო.“
„მადლობა ღმერთს! ჩემი ნათქვამი ჭკუაში დაგჯდომია,“ – გაიღიმა ივანემ.
„შენი ნათქვამიც, ჩემი გამოცდილებაც და დაკვირვებაც ამას მეუბნებიან: რომ სუსტ სხეულში ფოლადის ხერხემალი უნდა ჩავიდგა და უძლურ გულში რკინის ნაჭერი უნდა ჩავდო.“
„აი, ეგ მომწონს!“ – დაუდასტურა ივანემ.
„კმარა ამდენი სიზარმაცე, ლაპარაკი, მოჩვენებების დევნა, უსაფუძვლო გატაცება, ამ ქვეყნის გარდუვალი კანონების სრული უცოდინარობა და მუდმივი ფრენა ვარდისფერ ღრუბლებში, რომლებიც სინამდვილეს დაეტაკნენ და უმალვე გაიფანტნენ. იმ ღრუბლებში აშენებული კოშკები თავზე ჩამომენგრა და უკანასკნელი იმედი და რწმენა დამიმსხვრია. ძალა, სიმხნევე, გამარჯვება, ბასრი კბილები და ძლიერი მკლავი, უნდობლობა და დაუნდობლობა – აი, ამიერიდან რა ეწერება ჩემი ცხოვრების სახელმძღვანელო წიგნაკში.“
„გასასტიკებულხარ, თეიმურ.“
„ვინც თავის მტერს იბრალებს, ის თავის თავს ღუპავს. გულჩვილნი და გულკეთილნი ამ ქვეყნად ვეღარ გაძლებენ. მეც ცხოვრების წიგნაკში ასეთი ათი მცნება ჩავიწერე დღევანდელობისთვის. მაგალითად: მგლებთან მგლობა და ცხვრებთანაც მგლობა.“
„კარგად არის ნათქვამი.“
„ცხვარი ღმერთს მოსაწველად, გასაკრეჭად და შესაჭმელად გაუჩენია.“
„ეგეც კარგია.“
„ვინც ღილს მოგწყვეტს, ის თავით-ფეხებამდე გაატიტვლე, ხოლო ვინც არაფერი დაგიშავოს, ის გაატყავე.“
„აი, გიშველა ღმერთმა!“ – თქვა ივანემ.
„ცხოვრების მდინარეში დინების საწინააღმდეგოდ ცურაობა გიჟების საქმეა. წყალს გაჰყევი, სამშვიდობოს გაგიყვანს.“
„რაც მართალია, მართალია!“
„ვისაც ერთი ტყავი აქვს, ორი გააძრე; ვისაც ორი აქვს, ხუთი ააგლიჯე; ვისაც არაფერი არა აქვს, ათი წააძრე.“
„ხა-ხა-ხა!“ – გაიცინა ივანემ.
„მადლს ნურავის უზამ, თორემ, დამადლებულ მადლს არ გაპატიებს და სამაგიეროს შხამით გადაგიხდის.“
„მაგას კი არაფერი არ სჯობია! ეგ ჭეშმარიტება მეც ათჯერ და ასჯერ გამომიცდია.“
„სიკეთეს ნუ დასთესავ, თორემ ლენცოფა ამოვა.“
„ხა-ხა!“ – ჩაიღიმა ივანემ. – „არ მჯერა, ჩემო თეიმურ, რომ შენ შენივე ხასიათის სრულად შეცვლა შეძლო. ქრისტიანობაც ძირიან-ფესვიანად ამოგიგდია გულიდან. მაინც ღმერთმა ხელი მოგიმართოს. წადი და ბედი სცადე, მაგრამ არ დაივიწყო დღევანდელი შენი ანდაზები და დევიზები. შენთვის საზოგადო საქმე მოკვდა და აღარც შენ არსებობ იმისთვის. დაივიწყე ყოველივე და დაიხსომე მხოლოდ საკუთარი თავი და სარგებლობა. ხომ არ გადაუხვევ ამ გზას?“
„არ გადავუხვევ, თუმცა...“ – დაიწყო თეიმურაზმა.
„როგორ თუ „თუმცა“?! ისევ ორჭოფობ?“ – ჰკითხა ივანემ.
„არა, ივანე, არა! აღარც ორჭოფობა, აღარც ეჭვი. მტკიცე რწმენით და ერთი გულით მივდივარ.“
ივანემ თეიმურაზის გეზის შეცვლა არ დაიჯერა, მაგრამ აღარ შეედავა და ხელი გაუწოდა: „მაშ, ღმერთმა ხელი მოგიმართოს. მშვიდობით იყავი, ჩემო თეიმურ!“
„ჩვენს დროში, ძმაო ივანე, მეგობარი ასე უნდა დალოცო: ღმერთმა მოთმინება და სულიერი მშვიდობა მოგცეს-თქო. მეც მოთმინებას და სულიერ მშვიდობას გისურვებ.“
გადაეხვივნენ და ერთმანეთი დაკოცნეს.
თეიმურაზი მობრუნდა და გზას გაუდგა. ზურგზე პატარა ბოხჩა ეკიდა და ხელში ჯოხი ეჭირა.
მზემ თავი ამოჰყო, მიდამო გაანათა, გაათბო და გააცოცხლა. დილის ნისლით შემოსილი სოფელი და კაშკაშა მზე ერთმანეთს უცინოდნენ. დიდი არხის წყალი ღიღინებდა, მოუსვენარი ლიახვი დილის ზღაპარს მღეროდა.
ერთმა ფეხშიშველმა გოგონამ თეიმურაზს ასკინკილით გზა გადაუჭრა და თვალებში გაუღიმა. პატარა ბიჭმა გამოსროლილი ჩილიკა ფეხებში მოახვედრა და გადიკისკისა. ბატი სისინით დაედევნა, ხოლო შინაური ჯაფარა ღობის მარგილზე ხტუნაობით მისდევდა და ჩხაოდა: „გიჟო! გიჟო! ნუ მიხვალ! ნუ მიხვალ! დაბრუნდი! დაბრუნდი!“
„დავბრუნდები, თუ... თუ გავიმარჯვე,“ – უპასუხა ჯაფარას თეიმურაზმა და სივრცეს გაუცინა.
ორღობის ბოლოში პეტრეს ნინიკა ისევ სევდიან ურმულს ღიღინებდა:
„კამეჩო მუხრანელი ხარ, გუთანი გეცოდინება; მე გუთნის არა ვიცირააა, უღელიც მეჩოთირებაა.“
სოფლისა და ბუნების მხიარულება და სიმხნევე თეიმურაზსაც გაუჯდა სულში. ისიც გამხნევდა, გალაღდა და გამტკიცდა. გამტკიცდა და დავიწყებულ ჰანგზე აღიღინდა:
„წყალსა ნაფოტი მოჰქონდა, ჩამონათალი ხისააო.“
აღიღინდა და თვითონაც გაიკვირვა თავისი ღიღინი.
ათი წელი მაინც იქნება, რაც თეიმურაზს აღარ გაუგია თავისი ხმა, რომელსაც ხრინწი და ჟანგი მოსდებოდა. ჯაყოს დუქანში რომ იყო, მაშინ სცადა ხმის ამოღება მუშტრის გასართობად, მაგრამ ის ნაძალადევი სიმღერა იყო. ახლა კი მისი დაობებული ხმა გულის სიღრმიდან ამოდიოდა.
ხევისთავმა თანდათან ხმას და ნაბიჯს მოუმატა. ჩახლეჩილი ხმით მხიარულად მღერის და მიბაკუნობს. მაგრამ იქ, თეიმურაზის სულისა და გულის სიღრმეში, ძველებურად ისევ ჩურჩული და ფუსფუსი აქვთ ეჭვისა და ორჭოფობის განუყრელ და უკვდავ ჭიებს, მარადიულ გულის კვნესას, განუკურნებელ სისუსტესა და უცნაურ ჭიაყელას – ვინ იცის, ვისგან და რისგან დაშინებულს, უნიათოს, უძლურს, მორიდებულს, მოკრძალებულს, თანაც ბაყაყივით სველსა და ცივს – რომელსაც თავისი კუდი ბრძნულად თავისსავე შუბლზე მიედო და მუდმივად თავისსავე თავს ეკითხებოდა:
„რა არის ჭეშმარიტება? სად არის სამართალი? რა არის ეს ცხოვრება?“
იმ ჭიაყელას არც ძვალი ჰქონდა, არც კუნთი და არც ხერხემალი. თვითონაც არ ჰქონდა და შეუჩერებლად თეიმურაზის ძვალ ხერხემალსაც ღრღნიდა და ანგრევდა. ჭიანაჭამი, გამოხრილი, დაფუტუროებული და ხერხემალმოშლილი თეიმურაზი მაინც გულს არ იტეხდა; თვალდახუჭული, ღიმილით და ღიღინით, უგზო-უკვლოდ მიდიოდა უცნობი მომავლისკენ ბედის მოსაძებნად, ახალი და უცნაური ქვეყნის საპოვნელად. მიდიოდა და იმედოვნებდა, ვითომ მოდუნებული მკლავებით, მჩატე გულით, მწიგნობრული ცოდნით, მილეული სულითა და გატეხილი ხერხემლით დღევანდელ ცხოვრებას ფოლადის კბილებს დააძრობდა, დამდნარი რკინის მდინარეს დინების საწინააღმდეგოდ მიატრიალებდა, ახალ გზას გაიკვლევდა და მძაფრი ბრძოლით ოქროს სავარძელს მიაგნებდა, რომელიც მან, თეიმურაზმა, ამდენი შრომით, ოფლით, ცოდნით, პატიოსნებითა და საქვეყნო მზრუნველობით უეჭველად დაიმსახურა.
მიდიოდა თეიმურაზი და თან მიჰქონდა განუყრელი, საკუთარი, მარად ერთგული ჭიაყელა – კუდზე შუბლდაბჯენილი ბრძენი, უძვალო და უკუნთო, ცივი და ლორწოიანი, მუდმივად მბოდავი და თავისსავე თავს ეკითხებოდა:
„რა არის ჭეშმარიტება?... სად არის სამართალი?.... რა არის ეს ცხოვრება?“
უცებ შეჩერდა, ორივე ხელი მკერდზე მოისვა და ზედ დაიხედა. დაიხედა, გაიღიმა და გაიხარა: აყროლებული ძაღლის მძორი აღარსად იყო და მწიგნობარს აღარც ლეშის სუნი მოსდიოდა.
ახალი გზით წავიდა თეიმურაზ ხევისთავი და კვლავ ახალი მოჩვენებების ნისლში გაუჩინარდა.
ხევისთავის ნასახლარი პატარა ტბასავით აივსო. ეზო სავსეა გლეხური თავებით, მოძრავი ხელებით და ყაყანით.
„ხალხო, სამართალი სადა ხარ!“ – ჭიხვინებს ჯაყო აივანზე. – „სადა ხარ-მეთქი სამართალი?!“
„აქ არის, აქა!“ – სჭექავს მოაჯირთან მოვარდნილი ნინიკა და ქვის მუშტს სპილენძის მკერდზე ირახუნებს. – „აქ არის სამართალი, აქა!“
„აგრეა! მაგრეა!“ – უბეჭდავენ იქვე მდგომი ილა და თედო.
„მანდ არის, მანდა!“
„აგრე, გენაცვალოს პავლეი, აგრე!“
„აქ არის, აქა!“ – შესძახიან ქვევიდან პირტიტველა ჭაბუკები.
„ხალხო, ათქმევინეთ ჯაყოს!“
„მე მინდა ორი სიტყვა გითხრათ,“ – იძახის ჯაყო, ქუდს იშვლეპს და ზღარბის თავზე ხელს ისვამს.
„ათქმევინეთ, ათქმევინეთ!“
„თქვი!.. გაჩუმდით! ილაპარაკოს!“
„ხალხო! რევოლუციამ ყველას მიწა და სამართალი მისცა,“ – იწყებს ჯაყო.
„მე სამი დღიური და შენ ასი?“ – უცებ ჩაურთო ნინიკამ.
ჯაყო გაოცდა, აირია. მერე გაბზარული ხმით თქვა:
„მე მეტი შემიძლია მოვხნა.“
„ჩვენც შეგვიძლია. ეს ხელები რისთვის გვაქვს!“
„ჯაყო მუშაობდი, ახლაც მუშაობ...“
„ვიცით, ვიცით როგორ მუშაობდი!“ – აწყვეტინებენ აქეთ-იქიდან.
„მგელი რომ მოგესევა, ერთი ბატკანი მიუგდე, თუ გინდა მთელი ფარა გადაარჩინო,“ – ფიქრობს ხაფანგში გაბმული დათვი, ხმამაღლა კი ეზოში ისვრის: „რას ჩაგაცივდით ამ ოხერ მიწას! ნახევარი წაიღეთ და შეხეთქეთ!“
„ნახევარსაც წავიღებთ და სულაც!“ – ჩასძახის ნინიკა.
„სულ ჩვენია, სულა!“
„ჩამოართვით!“
„წაართვით!“
„ერთი ბატკანიც მიუგდე, თუ გსურს ფარა გადაარჩინო,“ – ფიქრობს ჯაყო, ხმამაღლა კი – „კარგი, ხალხო, კარგი! სულ მიჩუქებია, სულა!“
„აგრე!“ – მოჰკვეთა ნინიკამ და მოაჯირს მუშტი დაჰკრა.
„ოხო-ხო! ახა-ხა!“ – ხარხარით გაივსო ეზო. – „უჩუქებია, უჩუქებია!“
„მადლობა საჩუქრისთვის, მადლობა!“
ჯაყოს თითქოს არ ესმის, ორივე ხელს ეზოსკენ იქნევს, თითქოს პეშვებით ოქროს უყრისო, და თავისას იძახის: „ჩვენს სოფელში ბევრი ხართ საწყალი. წაიღეთ! შეხეთქეთ! მიჩუქებია! წადით, მომშორდით!“ – და წასასვლელად მიბრუნდა.
„სად მიხვალ, მობრუნდი!“ – ნინიკას ხელი კისერში დასწვდა და ისევ მოაჯირთან მიიყვანა. – „აქ იდექი და ყური გვიგდე.“
„კიდევ რა გინდათ ჩემგან?“ – შიშნარევი ხმით წამოიხრიალა ჯაყომ.
„მიწა არაფერია. კიდევ გვაქვს საანგარიშო.“
„ვიღუპები!“ – ფიქრობს ჯაყო, ხმამაღლა კი – „ჯაყოს თქვენთან საქმე აღარ აქვს.“
„შენ არა გაქვს, ჩვენ კი გვაქვს,“ – და ეზოს მიუბრუნდა, – „ხალხო და ჯამაათნო, ამ სასახლეში რა უნდა ჯაყოს?! ვინ მისცა ამდენი შენობა ამ წურბელას!“
„არავინ! დაიჩემა! ძალით წაიღო! წაართვით! გააგდეთ!“ – ყვიროდნენ ხალხი.
„ხალხო!“ – უიმედოდ ბღუის გაფითრებული ყოფილი მოურავი. – „ხალხო! ხმა ამოიღეთ! რას გაჩუმებულხართ! დღეს მე მართმევენ, ხვალ თქვენ წაგართმევენ.“
„ვინ მოგცა-მეთქი, ვინა?!“ – დაჟინებით ეკითხება ნინიკას მუშტი, რომელიც ბუღასავით კისერს ანჯღრევს და წეწავს.
„ვინა და რევოლუციამ,“ – ბუტბუტებს ჯაყო.
„ოხო-ხო! ახა-ხა!“ – და ხარხარი თანდათან მატულობს.
„ხალხო, სმენა!“ – აცხადებს ნინიკა. – „აქ სკოლა იქნება, ქვევით კი კოოპერატივი. მართალს ვამბობ თუ არა?“
„მართალია! აგრეა! აგრე იყოს, აგრე!“
„სად შეგვიძლია სკოლისთვის ახალი სახლის აშენება!“ – გაჰკივის ვიღაცა. – „ჩამოერთვას!“
„გათავებულია.“
„ჩამორთმეულია!“
„აქვე იქნება აღმასკომიც. ჯაყო კი ან თავის დუქანში გადასახლდეს, ან დროებით აგერ იმ კოშკში შებრძანდეს,“ – განკარგულებას იძლევა ნინიკა და კითხულობს: „გინდათ თუ არა, ხალხო?“
„გვინდა! გვინდა!“
„ერთი ბატკანიც მიუგდე, ჯაყო,“ – ფიქრობს ჯაყო, ხმამაღლა კი – „ხალხო, ესეც. შენი ჭირის სანაცვლო იყოს! შეხეთქეთ! გასკდით! მე კი თავი დამანებეთ!“ – და ისევ გაბრუნდა. მაგრამ ნინიკას ტორი ხელახლა დასწვდა და მოაბრუნა.
„დაიცა. ჯერ არ გამითავებია!“
„რაღა გინდა საწყალი ჯაყოსგან, რას ჩააცივდი!“ – უკვე ბღავის ყოფილი ბატონი.
„ხალხო! ამ კაცს სახნავ ნორმას დავუტოვებთ, სამაგიეროდ ეს დიდი ბაღ-ვენახი სკოლას უნდა დაულოცოს. სკოლისთვის უფრო უპრიანია. თქვენი შვილები ბაღ-ვენახის მოვლა-მოშენებას ისწავლიან. მართალია თუ არა?“
„აგრეა! მართალია!“
„სკოლას მიეცით, სკოლას!“
„ხალხო!“ – გმინავს ჯაყო. – „ნინიკას მადა მატულობს.“
„მადაც მატულობს და სამართალიც!“ – აწყვეტინებს ულმობელი მსაჯული.
„დღეს მე მართმევენ, ხვალ კი თქვენი ჯერი დადგება!“
ჯაყოს ხერხი არ ჭრის. არავინ არ იცის, ვისი ჯერი დადგება, ჯაყოს ჯერი კი ცხადზე უცხადესია.
„ხალხო, მგელს ნუ ჰგავხართ, მგელსა!“ – თავგანწირვით იძახის უკვე განწირული დუმილის შემდეგ. – „მგლებმა ვიცით: თუ ერთი დაიჭერი და წაიქეცი, სხვებიც მოგესევიან და შეგჭამენ. ამოიღეთ ხმა! თქვით რამე!“ – და მძიმე დუმილის შემდეგ: – „მაშ ასე გინდათ? მაშ ყველაფერს ართმევთ ჯაყოს? მაშ ასე მალე დაივიწყეთ ჯაყოს მადლი?“
„გვახსოვს, გვახსოვს შენი მადლი!“ – ქვევიდან შესძახა პავლემ.
„ვიცით! ვნახეთ! ვიგემეთ!“
„მაშ საწყალი ჯაყო უნდა დაღუპოთ? მაშ აღარ გენანებით? მაშ კარგი. მე სხვაგან წავალ და იქ ვიპოვი სამართალს.“
„მამა გიცხონდა!“
„როგორ არა!“
„ქალაქში ეგ ჩოხაც არ გაგხადონ!“
„იქ იპოვი ჯაყო სამართალს, იქა!“ – და ისევ გატრიალდა. ნინიკას ტორმა ერთხელ კიდევ მოატრიალა და მოაჯირს მიაყენა.
„დაიცა, აქ იდექი! ჯერ არ გათავებულა! ხალხო, ამ კაცმა ჩვენი ყოფილი ბატონი გაქურდა. თქვენც იცით რამდენი ავეჯი და სიმდიდრე დაიჩემა.“
„ვიცით! ვიცით!“
„ჩამოართვით! წაართვით!“
„რაც ჩვენთვის გამოსადეგია, აქ დარჩეს. დანარჩენი კი, მამა-პაპეული განძი და ხაზინა, ქალაქში გავგზავნოთ. რას იტყვი, ხალხო?“
„აგრე, გენაცვალე, აგრე!“
„მიღებულია!“
„გათავებულია!“
„შენც გათავებული ხარ, ჯაყო!“
„ჯაყოც გათავდა, ჯაყოც!“
„მორჩა!“
„წავიდა!“
ჯაყო ტორტმანობს, თრთის, პირს აღებს, მაგრამ ხმა ვეღარ უპოვნია.
„რაც ამ სახლში აშკარად აწყვია, ვერსად წაგვივა,“ – განაჩენსავით აცხადებს ნინიკა, – „მაგრამ რაც გადამალული აქვს, ის უნდა გამოიტანოს. აბა, ჯაყო, დრო დაგიდგა. მოიტა თეიმურაზის უნაგირი, ჭურჭელი, სამკაული, ვერცხლეული.“
ჯაყო დუმს და ირგვლივაც დუმილია.
„ჯაყო, დრო დაგიდგა-მეთქი. სანამ ხალხი აქ არის, გამოიტანე. დავთვლით და ჩავწერთ.“
ჯაყო ისევ ჩუმად დგას და ძირს იყურება.
„ჯაყო, შენ გეუბნები!“ – და შეანჯღრია.
ჯაყო დამუნჯდა. აღარაფერი ესმის.
„მომიტანე-მეთქი, თორემ მე თვითონ გამოვიტან.“
ჯაყო დაყრუვდა. აივნის ბოძივით გაშეშდა.
„მაშ კარგი. ჰეი, ილა, თედო, დათა! მოიტანეთ ლომი (ბერკეტი) და წერაქვი! იქ, ქვემოთ, მარცხნივ... კედელში!“
„აქ ვართ! მზად არის!“ – და ოთხივე ხმაურით ჩამოცვივდა კიბეზე.
ჯაყო თითქოს გამოფხიზლდა. თვალები მოიფშვნიტა, შუბლზე თითი გადაისვა, მერე გატრიალდა, გაიქცა და ნახევარი წუთის შემდეგ დათვივით ჩამოგორდა კიბეზე, თან ბღაოდა:
„არ მოგცემთ! ვერ წაიღებთ! ნუ ღუპავთ ჯაყოს! ქეშელა! გიბა! ტურა! თახრაშუ! აბა, ჩქარა!“
ბიძები და ბიძაშვილები მაშინვე შემოეხვივნენ თავიანთ ბელადს, რომელიც გაგიჟებული ხარივით დარბოდა ეზოში, უაზროდ იქნევდა მორგვის მკლავებს (ძლიერ ხელებს) და ბურტყუნებდა:
„სად გაქვთ თოფები? რა უყავით მაუზერები? რას დგახართ ჩუმად! წადით! მოიტანეთ! რაშუ! თახრაშუ!“ – და უცებ, როცა ლომ-წერაქვის ხმაური და მუხის კარის ჭრაჭუნი გაიგო, გატრიალდა, მოიხარა და ნინიკასკენ წავიდა. თვალები სისხლით ჰქონდა სავსე, ღოჯები (კბილები) – დაკრეჭილი, მკლავები – მომართული, და ისე ფრთხილად მიდიოდა, როგორც მონადირე მხეცი ეპარება ხოლმე სანადირო ნადირს.
„ნინიკა, ფრთხილად!“
და იმავ წამს ჯაყომაც იხტუნა და ნინიკამაც მოიხედა. მოიხედა და ერთი ნაბიჯით გვერდზე გასხლტა. მოქნეულმა ტორმა (მუშტმა) მხარზე გაჰკრა, თვითონ ჯაყო კი ბოძს დაეტაკა და იმავ წამს ყურის ძირში ნინიკას მუშტი იგრძნო, თითქოს ის რკინა, მუხის კარს რომ ურტყამდნენ, ჯაყოს მოხვდაო. თავმა კივილი გაიღო, თვალთ დაუბნელდა, წატორტმანდა (წაიბორძიკა), მაგრამ გასწორდა და მიწაზე სახრე (გრძელი ჯოხი) დაინახა. დასწვდა, მოტრიალდა, ჰაერი შეაზუილა (ჰაერში დაატრიალა) და ნინიკას ბეჭებზე გადაუჭირა. ნინიკა შეიკლაკნა და – ღმერთმა დასწყევლოს! ვინ მიაჩეჩა ასე უცებ კომბალი. ან აქ სად იპოვა! – და თავგახეთქილი ჯაყო ბოძის ძირთან დაეცა. მერეღა მოასწრეს ჩოჩქოლი (ხმაური), მიშველება, შეძახილები. გვიანღა იყო. ან რა საჭიროა.
„თავი დაანებეთ! ეგეც ეყოფა!“ – ბრძანებს წინამძღოლი.
„გეტკინა? სად მოგხვდა? დედას ვუტირებთ, დედასა!“
„თავი დაანებეთ-მეთქი!“ – და წუთის შემდეგ – „აბა, დავიწყოთ.“
სარდაფის კარი ღიაა. კედელი მთლიანად დაცლილია. თვალ-მარგალიტით მორთული ვერცხლის რახტი მზეზე ბრწყინავს. ითვლიან და ინიშნავენ ძვირფას ჭურჭელს, სამკაულებს, ფაიფურის ნივთებს, ბრინჯაოს ნაკეთობებს, ოქრო-ვერცხლით გაკეთებულ წვრილმანებს და ხევისთავების საგვარეულო განძს.
დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, ჯაყო, რომელსაც თავი შეხვეული აქვს და დამორჩილებულია, კოშკის კართან ზის. ის ჩიბუხს აბოლებს და სევდიანად უყურებს გიბას, ქეშელას და მთელ თავის ოჯახს, რომლებიც სასახლიდან კოშკსა და გომურში ეზიდებიან უსარგებლო ნივთებს – დიდ ხის ვარცლებს, გოდრებს, ძველ ლოგინს, მატყლს და სხვადასხვა გლეხურ წვრილმანს.
ამასობაში, ნინიკა მთავარსარდალივით დადის დარბაზებში და ილას, თედოს და თანდილას ეუბნება:
– ეს მიეცით... ეს აქ დარჩეს... ეს გაატანეთ... ის არ მისცეთ.
როდესაც ყველაფერი, რაც უნდა მიეცათ, უკვე მიცემული იყო, დანარჩენი ნივთები ჩაკეტეს, დარაჯი მიუჩინეს და ეზო გამოიარეს. ნინიკა კოშკის კართან შეჩერდა და ჯაყოს, რომელიც გაკრავებულ დათვს ჰგავდა, მიუბრუნდა:
– ჯაყო, ახლა რას იტყვი?
– არაფერს, შენი სიცოცხლე ჩემი იყოს. – და ისე წამოდგა ფეხზე, როგორც ადრე ავთანდილ ხევისთავს ემორჩილებოდა ხოლმე.
– მაშ ჭკვიანად იყავი, თორემ სულაც გადაგასახლებთ აქედან.
– ჯაყო ჭკვიანად იქნება, შენი სიცოცხლე ჩემი იყოს.
– ამ სახრეს კი არ შეგარჩენ. ესეც იცოდე.
– ჯაყომ იცის, შენი სიცოცხლე ჩემი იყოს.
– ასე. დანარჩენი მერე იყოს.
და ნინიკა შემობრუნდა, თან ჯაყოს უკანასკნელი სიტყვა გაიყოლა:
– მშვიდობით ბრძანდებოდე, შენი სიცოცხლე ჩემი იყოს.
როდესაც ნინიკა თვალს მიეფარა, ჯაყომ კბილები დაკრიჭა, მკერდი აიბაგუნა და ხმამაღლა დაიყვირა:
– დედას გიტირებ, დედასა! დაგაცადე ჯაყოსა! ჩემი დროც მოვა! – და ცერა თითის ფრჩხილით კბილი აილაწუნა – დედას გიტირებ მაშინ, დედასა!