ნაწილი მეორე — თავი V
ეს რა დაემართა თეიმურაზ ხევისთავს?! ეს რა სულელური მასხრობაა ბედის?! ეს რა უცნაური ნაროშვალი და ნაბოდვარია უკუღმა დატრიალებული ცხოვრების?!
თეიმურაზმა უკან მიიხედა და გავლილი გზა გაზომა. საშინელი, თვალუწვდენელი, უცნაური და გაუგებარი იყო იგი, თავი და ბოლო ერთმანეთს არ ებმებოდა, ერთმანეთს ვერ ხვდებოდა.
როგორ დაიწყო თეიმურაზის ცხოვრების გზა და როგორ მთავრდება! რამ მოიყვანა თავმოყვარე, განათლებული, ცნობილი და პატივცემული საზოგადო მოღვაწე თეიმურაზ ხევისთავი ამ დუქანში დახლიდარად? როდის და როგორ მოვიდა ფრიად პატივდებული თეიმურაზი ამ ძველ ნასახლარში, მიყრუებული სოფლის ბოლოში? რა უნდა მას ამ ბნელ ღამეში ამ მურდალ სამიკიტნოში? რატომ სვამდა დღეს თეიმურაზი უცნობ-ნაცნობ გლეხებთან და გამვლელ-გამომვლელთან მყრალ არაყს?! მათი გულის მოსაზიდად იძულებით რატომ იპრანჭებოდა, რატომ იკრიჭებოდა, რატომ ლაზღანდარობდა?!
უკან მიიხედა თეიმურაზმა. მიიხედა და გავლილი გზა გაზომა. გაზომა და ვერ გაიგო, ვერ მიხვდა, როდის და როგორ განვლო ასეთი დიდი მანძილი? რუსთაველის პროსპექტიდან ამ ვიწრო ქუჩის ბოლომდე! საუცხოვოდ მორთული ექვსი ოთახიდან სოფლის ჭუჭყიან დუქნამდე! რედინგოტ-სმოკინგიდან სელის ხალათამდე! საზოგადო საქმის მეთაურიდან თავისი ყოფილი მსახურის, ჯაყოს, დახლიდრობამდე?!
გაზომა თეიმურაზმა ის განუზომელი და იგრძნო, რომ კისერზე ჩამოკიდებული ძაღლის ლეში იმ წუთში უფრო დამძიმდა და უარესად აყროლდა.
ძაღლის ლეშის ჩამოსაგლეჯად და მისი მყრალი სუნის გასაქარწყლებლად თეიმურაზმა ჭრაქი აანთო, წიგნი აიღო, გადაფურცლა და წაიკითხა:
სახარება მათესგან. თავი 5.
„და როცა იესომ ხალხი დაინახა, მთაზე ავიდა და იქ დაჯდა, და მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები.
და გააღო პირი თავისი, ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა:
ნეტარ არიან სულით ღარიბნი, რადგან მათი არის ცათა სასუფეველი.
ნეტარ არიან გულით მგლოვიარენი, რადგან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან.
ნეტარ არიან მშვიდნი, რადგან მათ დაიმკვიდრონ დედამიწა.“
თეიმურაზმა წიგნი დაკეცა.
„ვითომ? მშვიდებმა დაიმკვიდრონ ქვეყანა? თეიმურაზი მგლოვიარეა, მაგრამ არავისგან ნუგეშცემული არ ყოფილა. ჰო, მართლა; „მათი არის ცათა სასუფეველი“. ცაზეა ლაპარაკი, მხოლოდ ცაზე, ხოლო ამ ქვეყანამ და იესომ ერთმანეთი დაგმეს და უარყვეს.“
თეიმურაზი რომ მარტო ყოფილიყო, ძაღლის ლეშსაც და იმის სიმყრალესაც მოითმენდა, მაგრამ ის მარტო არ არის. მას თავისი ერთადერთი მეგობარი, ერთგული და განუყრელი მეუღლე ჰყავს, რომელიც დღეს გააგდეს და ჩამოაშორეს; თეიმურაზი ამ შმორიან დახლს მაგრად მიაბეს და ძველ ნასახლარში, ტალახიანი ვიწრო ქუჩის ბოლოში, მყრალ სამიკიტნოში ჩაკეტეს, რომელსაც სოფლის ხმაურიც კი ძლივს მისწვდება.
ძაღლის ლეში თანდათან მძიმდება და მისი სუნი თეიმურაზს ახრჩობს.
ჯაყოს ხიზანმა ისევ სახარებას დაავლო ხელი და მოულოდნელად ისევ მეხუთე თავი გადაშალა:
„ნეტარ არიან, რომელთაც შიათ და სწყურიათ სიმართლისათვის, რადგან ისინი გაძღებიან.
ნეტარ არიან მოწყალენი, რადგან ისინი შეიწყალებიან.
ნეტარ არიან გულით წმინდანნი, რადგან მათ ღმერთი იხილონ.
ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, რადგან ისინი ღვთის ძეებად იწოდებიან.
ნეტარ არიან დევნილნი სიმართლისთვის, რადგან მათი არის ცათა სასუფეველი.“
წიგნი ისევ დაკეცა და წაკითხულს ჩაუკვირდა:
„განა ეს ჩვენთვის არის დაწერილი? განა ჩვენი მოშხამული სული მისწვდება ამ ღვთიურ ბოდვას? ვისთვის არის იგი ნათქვამი? მართლა ჩემნაირი ტანჯულთა და ღატაკთათვის, თუ ბედნიერთა და მდიდართათვის? მაშ რატომ ვერ სწვდება მას ჩემი ჯვარცმული სული? ან იქნება ნახუცარმა ივანემ მართალი თქვა, ვითომ ქართველები ბუნებითვე წარმართები იყვნენ და ვითომ ჩვენში ყოველთვის მძლავრად ჩქეფდა წარმართობის ატავიზმი?“
თეიმურაზს რელიგიური ძაფი გაუწყდა. მისი აზრი კვლავ ჯაყოს და მარგოს დაუბრუნდა.
ამიერიდან თეიმურაზი იშვიათად ავა ჯაყოს სახლში, იშვიათად დაენახვება თავის კანონიერ მეუღლეს, რომელიც ახლა... იქნება... ვინ იცის... ალბათ...
თეიმურაზი გველნაკბენივით წამოხტა.
რას ბოდავს თეიმურაზი?! ეს რა წამოროშა იმის სულიერმა ორეულმა?! ეს რა გველი ჩაუძვრა გულში, რა შხამიანი აზრი გაინასკვა იმის გახურებულ თავში?!
შეუძლებელია! დაუჯერებელია! სულელური ეჭვია! მოშლილი ნერვების ამონახეთქია!
„ვითომ? ნერვების მეტი არაფერია? – ხითხითებს თეიმურაზის ორეული. – მაშ მეტი არაფერია? აბა, დაფიქრდი.“
თეიმურაზი ებრძვის დაავადებულ ეჭვიანობას და ცდილობს გულიდან გველი ამოიგდოს, მაგრამ იგი უფრო ღრმად უძვრება, ახრჩობს და ნელ-ნელა ხერხავს იმის გულსა და სულს.
ვეღარ უძლებს თეიმურაზი მოურევნელ ტანჯვას. უნებურად წამოიჭრება, ჭრაქს გააქრობს. დუქანს დაკეტავს და ბნელ ვიწრო ქუჩას ბორძიკით მისდევს. თითქმის მირბის და გულში ბუტბუტებს:
„ნერ...რრვების ბოდვაა! ავი ლანდია! თუმცა... მაინც... ვინ იცის, ადამიანები ვართ, ვ...ვნახოთ.“
თავისი ნასახლარის კიბესთან ძაღლი დაუხვდა. ბოღრიამ ანჩხლი ყეფა და ჯაჭვის ჩხარუნი ატეხა.
მარგოს ოთახის ღია სარკმლიდან ჯაყომ გადმოიხედა და გადმოსძახა:
„ვინა ხარ მანდ?“
თეიმურაზი შეკრთა და აირია:
„მე ვარ, ჯაყო, თეიმ...მმურაზი ვარ.“
„რა გინდა ამ დროს, ბრინკა? ყაჩაღები ხომ არ მოვიდნენ?“
„არა, ჯაყო, ჩემი სარკე-სავ...ვვარცხელი მინდა.“
„ბრინკა, აქამდე ვერ დაგივიწყე თავადობა? – ზიზღით ჩამოუგდო ჯაყომ. – დუქანში ათი სარკე გექნება, რომელიც გინდა, იმაში ჩაიხედე. დაიცადე მანდ.“
ოთახში შებრუნდა და ისევ გამოვიდა.
„აჰა, დაიჭირე სავარცხელი. წადი ახლავე, ნუ შეგეშინდება, შენს ქალბატონს არავინ მოიტაცებს. ჯაყო აქ არის. ისეთი ყარაული ხარ, ჯაყო, რომ ათი ყაჩაღიც ვერაფერს დაგაკლებს. ჩქარა წადი, თორემ დუქანს ყაჩაღები წაგიღებენ.“
თეიმურაზმა იმ ეზოში დიდხანს იცოცა მუხლებზე, მაგრამ გადმოგდებული სავარცხელი ვერ იპოვა. ძაღლი მაინც არ ცხრებოდა, ისევ ძალზე იწევდა და ანჩხლად ყეფდა.
ჯაყოს მოთმინება დაეკარგა:
„გაანებე თავი მაგ ოხერ სავარცხელს! წადი, დუქანს მიხედე. თორემ თუ ქურდები გატეხენ და ყველაფერს წაიღებენ, მე ვიცი მერე!“
„მივ...ვვდივარ, ჯაყო, მივ...ვვდივარ, მშვიდად იყავი.“
წელში უარესად მოიხარა, ფეხები ძლივს აითრია და ფეხდათათხული ძაღლივით გამოტრიალდა.
დუქანში კვლავ ჭრაქი აინთო და ზღურბლზე ჩამოჯდა.
ძაღლის ლეშმა ისე ღრმად ჩასჭიდა ბასრი კლანჭები ყელში, რომ თეიმურაზი იხრჩობოდა და სიმწარისგან იკლაკნებოდა. მესამედ აიღო წიგნი და მესამედაც კვლავ იგივე ფურცელი გადაშალა:
„ნეტარ იყავით თქვენ, როცა გლანძღავენ და გდევნიან და ყოველ ბოროტ სიტყვას იტყვიან თქვენზე ტყუილად ჩემთვის.
გიხაროდეთ და მხიარულობდეთ, რადგან თქვენი საზღაური დიდია ცათა შინა, რადგან ასე დევნიდნენ წინასწარმეტყველებს თქვენამდე.
თქვენ ხართ მიწის მარილი; თუ მარილი გაუფერულდება, რითი დაიმარილება? აღარაფრად ვარგა მერე, გარდა იმისა, რომ გარეთ გადააგდონ და ადამიანებმა გათელონ.
თქვენ ხართ სამყაროს ნათელი; არ შეიძლება ქალაქის დაფარვა მთაზე აშენებულის.“
თეიმურაზმა კვლავ დაკეცა სახარება.
„მაშ დევნილები არიან მიწის მარილი და სამყაროს ნათელი! ჰოი, ძლიერო უფალო, მე არ მესმის ეს სიტყვა: ჰოი, დიდებულო, მასწავლე მე, უღირსს მონასა შენსა, შენი სიმართლე! გუშინ სხვები იდევნებოდნენ, დღეს კი მე ვარ დევნილი! მაშ რომელი ვართ მიწის მარილი და სამყაროს ნათელი: რომელი ვართ ღირსნი შენი სიყვარულისა ცათა შინა? ალბათ არც ერთნი, რადგან ჩვენ არ ვირწმუნეთ შენი წმინდა სახელი. ჰოი, უფალო! უსაზღვროა შენი მადლი ცათა შინა, მაგრამ რატომ გვტანჯავ ჩვენ, უღირსს მონებსა შენსა, ამ ქვეყნის წიაღში?“
სულგამოლეული თეიმურაზი დიდხანს ევედრებოდა, ეძებდა, ეკითხებოდა და ედავებოდა უფალ ღმერთს, მაგრამ ვერ იხილა იგი უფალი თავის ტანჯულ, ნაწამებ და გოლგოთის მთაზე ამავალ სულში.
კალოდან მომავალმა ნახუცარმა ივანემ დუქანს ურემი მიაყენა და ერთი ხელადა ღვინო მოითხოვა.
ორივე ზღურბლზე ჩამოსხდა, ღვინო წინ დაიდგეს და ნელ-ნელა შეაყოლეს. ჯერ დიდხანს დუმდნენ, მერე ივანემ ნელი ხმით ჰკითხა თეიმურაზს:
„თეიმურაზ, რა შენი საქმეა დახლიდარობა?“
„რა შენი საქმეა, ძმაო ივანე, შავი მუშაობა და მიწის ხვნა?“
„ხომ გითხარი, საქართველოში ატავიზმის კანონი მძლავრად მუშაობს-მეთქი. ჩემი წინაპრები მიწის მუშები იყვნენ, ამიტომ მეც მიწას დავუბრუნდი.“
თეიმურაზმა პასუხი არ გასცა. ორივე გაჩუმდა და თითო ჭიქა კიდევ დალიეს.
„რას ჩხირკედელაობდი ერთ დროს, თეიმურაზ? რას მოითხოვდი? რას ეძებდი და რას ელოდი?“
„აი, ამ დღეს ვ...ველოდი, აი ამ დღეს ვეძებდი.“
„მახსოვს შენი წერილები. ნამდვილი ქართული კალამი გქონდა.“
„ქართული კ...კკალამი, რომელიც გოლგოთის ჯვრის ორეულია, ხოლო მისი პატრონი ყოველთვის ჰგავდა იმ მთაზე აღმავალ მაცხოვარს. იმ კალმითაც ისე ინგრეოდა ძველი ქვეყანა, როგორც ჰინდენბურგის ზარბაზნებით.“
„გეგონა, არც შამფურს დასწვავდი და არც მწვადს? მგელსაც გააძღობდი და ბატკანსაც გადაარჩენდი?“
„ჰო, ეგრე მ...მეგონა. შენ რა გიშავს, შენ დროზე გამოიცვალე ქურქი.“
„ჭკუამ გამიჭრა. სწორი გეზი ავიღე. შენც ხედავ, გავგლეხდი და ხვნა-თესვას დავადექი.“
„გრიგალს გადარჩი და ცოლ-შვილიც გადაარჩინე. ბედნიერი ხარ.“
„რწმენა დავკარგე, ჩემო თეიმურ. გარდა ამისა, ძველადვე უთქვამთ ჭკვიანებს: სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგანო.“
„ხოლო გიჟებს ასე უპასუხნიათ: სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანიო.“
„მერე, თეიმურ, რომელმა თქვა მართალი?“
„ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმას, ზოგჯერ თქმითაც დაშავდება.“
კვლავ გაჩუმდნენ.
„ბატონო თეიმურაზ, არც ახლა გწამს ღმერთი?“
თეიმურაზი დიდხანს დუმდა და ბნელ ცას გასცქეროდა. მერე მწარე ოხვრით უპასუხა:
„არა, არც ახლა მწამს. ბუნება სმენადახშულია, ხოლო ზეცა შორია და უჩინარი. დამრჩა მხოლოდ ჩემივე თავის გამასხარავება და უძირო მოთმინება.“
„მაშ ეგ სახარებაც არაფერს აძლევს შენს სულს?“
„ხომ გითხარი, ქართველები სემიტები ვართ-მეთქი. ქრისტიანობა ისე არ გვიდგება, როგორც ქალს წვერ-ულვაში. მაგრამ ჩვენც რომ სემიტების რწმენის ძალა გვქონდეს, უკვდავნი ვიქნებოდით. არც ერთ ერს არ სწამს ასეთი სიმძლავრით თავისი ღმერთი, როგორც სემიტ ებრაელს სწამს თავისი იეღოვა და სემიტ არაბს – თავისი ალაჰი. ნეტა წარმართები მაინც ვყოფილიყავით. წარმართებს კერპები ჰყავდათ. ისინი ლოცულობდნენ ზევსს, იუპიტერს, ცეცხლს, ელვას და ათას ცხადსა და უჩინარ ღმერთს. წარმართებს, ჩემო ივანე, ვიღაც ან რაღაც სწამდათ, ჩვენ კი ურწმუნონი ვართ. ქ...ქქართველ ხალხს აღარც ქრისტე სწამს, არც მაჰმადი, არც იეღოვა, არც ბუდა, არც ზევსი, არც საერთოდ რომელიმე ღმერთი ან ეშმაკი.“
„ეგეც კარგი ნუგეშია, თუ ეშმაკიც აღარ გვწამს.“
„ცდები, ძალიან ცდები, ჩემო ივანე, ჩვენი უდიდესი უბედურებაც სწორედ ის არის, რომ ეშმაკიც აღარ გვწამს. ვისაც ეშმაკი სწამს, იმას რაღაც ან ვ...ვიღაც სწამს, ესე იგი – მას აქვს რწმენის წყურვილი და უნარი, ესე იგი – მას აქვს ადამიანის სული, ესე იგი – თვითონაც უკვე ადა-მი-ა-ნი ყოფილა, ვინაიდან მხოლოდ სულით და რწმენით განირჩევა ადამიანი პირუტყვისაგან. ჩვენ კი ეშმაკიც აღარ გვწამს, მაშასადამე, აღარც სული გვაქვს. და აღარც ა-და-მი-ა-ნი ვყოფილვართ. ამიტომ გეუბნები, ჩემო ივანე, ვიღუპებით-მეთქი, ვ...ვი-ღუ-პე-ბით!“
„ჩემო თეიმურ, ვინ გიშლის რწმენას? რატომ არ ირწმუნებ რომელიმე ღმერთს ან ეშმაკს?“
„იმიტომ, ჩემო ივანე, რომ – რა მაქვს შენთან დასამალი! – ვეძებ და ვერ ვპოულობ.“
„ითხოვდით, და მოგეცემათ თქვენ; ეძიებდით, და იპოვით; ირეკდით, და გაგეღებათ თქვენ.“
„არც მომეცა, ვერც ვიპოვე და არც გამეღო. მ...მეც მაგას ვტირი, ჩემო ურწმუნო მოძღვარო. დიდი ხანია, რაც რწმენის სულს მოვუწოდებ, მაგრამ ჩვენმა უფალმა არ მიმაჩნია ღირსად, რომ მოვიდეს ჩემთან.“
„თეიმურ, შენ თვითონ უნდა ამაღლდე უფლისკენ.“
„ვერ ავიწიე მიწიდან, ჩემო ივანე. წიგნმა მომტაცა რწმენის სული და მეცნიერებამ დამწყვიტა უფლისკენ ასაფრენი ფრთები. ცოდნისა და ეჭვის ჭიამ ისე დამიღრღნა გონება და გამომფიტა სული, რომ მატერიალურ სამყაროს ერთი გოჯითაც ვერ მოვწყდი.“
„ცოდნას და რწმენას ერთმანეთს ნუ შეახვედრებ, ნუ დაუპირისპირებ, თორემ ერთმანეთს დაანგრევენ და დასწვავენ.“
„მეც მაგ ჭირის ქვაბში ვიხარშები, ჩემო ივანე. ცოდნა და რწმენა ვერ მოვარიგე, ერთად ვერ შევადუღე და ვერც ერთმანეთს დავაშორე. რწმენისა და ურწმუნოების ვიწრო ქუჩაში გავიჭედე და ვერც რწმენის სათავესთან გავედი, ვეღარც უკან დავბრუნდი.“
„მაინც, საით უფრო მიგიწევს გონება?“
„ურწმუნოებისკენ.“
„გული?“
„ღმერთისკენ.“
„ბოლოს და ბოლოს, საით მიდიხარ? არსებობს თუ არა ღმერთი?“
თეიმურაზი დიდხანს ყოყმანობდა. შემდეგ უცებ წამოიძახა:
„ღმერთი რომ სადმე არსებობდეს, განა ამ დღეში აღმოვჩნდებოდით?“
„შენც უცოდინარ გლეხივით ფიქრობ: ღმერთი რომ სადმე იყოს, განა ყანას სეტყვით დამიზიანებდაო? ნათქვამია, ღმერთი რომ არც არსებობდეს, ის ჩვენ თვითონ უნდა მოვიგონოთო.“
„ვიცი, მაგრამ ჩემს გულში ღმერთის ნაცვლად ჯერჯერობით გველებმა და ბაყაყებმა დაიბუდეს.“
„მაშ, არც სამოთხე გწამს და არც ჯოჯოხეთი?“
„ჯოჯოხეთი?! ჰმ! კიდევ ჯოჯოხეთი, ამ ქვეყნის შემდეგ? თუ ჯოჯოხეთი მართლა არსებობს, მაშ შენი ღმერთი უსასტიკესი არსება ყოფილა.“
„არც საიქიო გწამს და არც ამ ქვეყანას ეგუები? მაშ რა გაქვს გულში?“
„რა მაქვს? ხომ გითხარი: ბაყაყი, გველი, მორიელი, მაჯლაჯუნა, შავი ქვა და ცხელი ნაცარი, აი, ეს მაქვს.“
„მერე, როგორ უძლებ, თეიმურ?“
„მალე დავამთავრებ.“
„თუ აღარაფერს ელი...“
„აღარაფერს... მე ჩემი მოვალეობა შევასრულე, მეყოფა. ახლა სხვებმა ზიდონ ამ ქვეყნის ტვირთი.“
სიკვდილის პირას მყოფი ადამიანის სასოწარკვეთილი უიმედობა ისმოდა თეიმურაზის ხმაში.
„მალე დავამთავრებ ამ მასხრობას, რასაც ზოგი სიცოცხლეს ეძახის. მე აღარაფერს არ ველი. წარსულმა მომატყუა, აწმყო მაწამებს, მომავალი მაშინებს.“
„თქვენი თაობა უკვე მკვდარია, თეიმურ.“
„დღეს ცოცხლები მკვდრები ვართ, მაგრამ მკვდრები უკვდავები არიან და ცოცხლებზე ბატონობენ.“
„თუ ასეა, ისევ სჯობს, რომ გარემოებას შეურიგდე და დამშვიდდე.“
„არასოდეს! გესმის? არასოდეს-მეთქი!“
ისევ დიდხანს გაჩუმდნენ და კიდევ ერთი ხელადა დალიეს.
„ახლა შენ მითხარი, ივანე, შენ მარტო ანაფორა გაიხადე, თუ რწმენაც იმ ანაფორას გააყოლე?“
ივანემ ღიმილით უპასუხა:
„რწმენა კი არ გავაყოლე ანაფორას, არამედ ანაფორა გავაყოლე რწმენას. თუმცა ისიც უნდა გითხრა, რომ მე შენსავით არ დავცარიელებულვარ. ღვთის რწმენა დავკარგე, სამაგიეროდ უფრო ძლიერი რწმენა შევიძინე.“
„რომელი?“
„მწამს ჩვენი მშრომელი ხალხის ძალა და მისი მომავალი.“
თეიმურაზმა ღრმად ამოიოხრა:
„რა ბედნიერი ადამიანი ყოფილხარ, ივანე!“
„გშურს, არა?“
„არასოდეს არაფერი არ შემშურებია ასე ძლიერ, როგორც შენი და შენისთანების რწმენა შემშურდა. ბედნიერი ხართ, ბედნიერი! მე კი, მე ჭიებმა შემჭამეს, დამაცარიელეს, დამღრღნეს.“
„გამოტყდი, თეიმურაზ, დამარცხებული ხარ.“
„მე?“ – თითქოს გაცოცხლდა ხევისთავი და დუმილის შემდეგ გაბზარული ქვაბის ხმით განაცხადა: – „დამარცხებული ის არის, ვინც თვითონვე აღიარა თავისი დამარცხება. მე კი... მე... მე...“
„მაინც არ ტყდები?! ხომ გეუბნები, ახია-მეთქი შენზე, ახია, ახია!“
ნასროლი ისარი სწორედ იმ ადგილას მოხვდა, რომელიც იმ წუთს თეიმურაზს სტკიოდა და აკვნესებდა.
უცებ მუშტი შეკრა და აღმუვლდა:
„ოღონდაც, ახია! ოღონდაც! ასე გვინდა ყველას, ასე! მაგრამ შენ შენი თავი ნუ გაინაპირე, ივანე! შენც ჩვენი სისხლისა და ხორცის კაცი ხარ. შენც საერთო საფლავში გიდგას ფეხი, ამიტომ „თქვენის“ მაგივრად უნდა თქვა: „ახია ჩვენზე, ახია!“ ტყუილად ცდილობ საერთო საფლავიდან ამოხტომას, ტყუილად! რაც აქამდე დაგვემართა, ეს კიდევ არაფერია, მეტის ღირსნი ვართ, მეტის!“
"ესეც გეყოფათ," - მშვიდად უთხრა ივანემ. "მართალი რომ ვთქვათ, თქვენ ადრევე უნდა გაქრობილიყავით. ახლა ლაპარაკადაც აღარ ღირხართ. მკვდარს მხოლოდ შესანდობარზე გაიხსენებენ. დავლიოთ. ღმერთი იყოს თქვენი განმკითხველი."
თეიმურაზმა ჩაიცინა:
"ისევ თქვენობით ლაპარაკობს! მაშ შენ რომელ ბანაკში თვლი შენს თავს? ვინა ხარ, მიმავალი თუ მომავალი?"
"მე არც მიმავალი ვარ და არც მომავალი! მე დიდი ხანია მოვედი და ჩემი ადგილი ვიპოვე."
"მაშ მეორე ბანაკში ყოფილხარ."
"მე ჩემი ხალხის ბანაკში ვარ და ყოველთვის ამ ბანაკში დავრჩები."
"ღმერთმა ხელი მოგიმართოს. ხომ გითხარი, შენი რწმენა და სულიერი სიმშვიდე მშურს-მეთქი."
"თქვენი მოდგმა დიდი ხანია მოკვდა, თეიმურ, გვიან გასაფლავებენ."
"იმიტომ ავყროლდით, ივანე, რომ გვიან გვმარხავენ."
"ბედის წინაშე მორჩილება დიდი ძალა ყოფილა, თეიმურაზ. მორჩილებას ათასი ხალხი გადაურჩენია. ბედთან ჭიდილი და ურჩობა სახიფათოა. ვინც მას შეეგუა, გადარჩა, ვინც არა - დაიღუპა. ვეფხი და კატა ერთი ჯიშისანი არიან, ასევე ძაღლი და მგელიც. ვეფხი და მგელი თითქმის ამოწყდნენ. ძაღლისა და კატის ჯიში კი გამრავლდა და გაძლიერდა."
"ბედის წინაშე მორჩილება და უძლურება ერთმანეთში ნუ აურევ. მორჩილება ზოგჯერ დასვენება და ძალების დაგროვებაა, ზოგჯერ კი სულიერი გამოფიტვის და დაქანცულობის ნიშანია. გარდა ამისა, ძაღლისა და კატის ბედს შეიძლება გადაშენებული ვეფხი სჯობდეს. რაც უნდა იყოს, მკვდარ ვეფხვს მაინც პატივით მოიხსენებენ, - ცოცხალ ძაღლს კი ორღობეში ამოუვა სული."
"მკვდარ ლომს ცოცხალი ძაღლი სჯობია-მეთქი."
ისევ დიდხანს გაჩუმდნენ. თეიმურაზი სიბნელეს გასცქეროდა. მერე ჩაიბუტბუტა:
"ჰმ! საოცარია! საკვირველია! ჩვენი დასაფლავება ჩვენივე თვალწინ ხდება. ანდერძს გვიგებენ და ჩვენვე ვესწრებით ჩვენს ქელეხს."
უცებ ხმა აიმაღლა:
"მაგრამ მე, თეიმურაზ ხევისთავი, ჯერჯერობით სიკვდილს არ ვაპირებ! გესმის? მე არ მინდა-მეთქი სიკვდილი!"
"მესმის, ნუ ყვირი. მაგრამ თქვენ რომ არავინ გეკითხებათ?" - მშვიდად შეახსენა ივანემ.
თეიმურაზი თითქოს გამოფხიზლდა, თითქოს უძლეველ ბედს დაემორჩილა:
"ჰო, მართლა. ჩვენ არ გვეკითხებიან."
"გეუბნები, ახია-მეთქი თქვენზე!"
თეიმურაზი ფეხზე წამოხტა და აფეთქდა:
"ივანე, ერთი რამ დაიმახსოვრე სამუდამოდ: მე მომღუნეს, შეიძლება მომტეხონ, მაგრამ ვერასოდეს ვერ დამიმორჩილებენ, ვერასოდეს; გესმის? ვერასოდეს-მეთქი! როცა იქნება, მე ჩემს ნამდვილ სათქმელს ვიტყვი. ის დრო მოვა, მოვა-მეთქი! ისე მჯერა ამ დღის მოსვლა, როგორც ხვალ დილით მზის ამოსვლა. ჯერჯერობით კი ახია ჩვენზე, ახია! უძლური ყოველთვის ბრალიანია! ხა-ხა! გაგიგონია, რომ გონიერი ადამიანი თვითონვე ითხრიდეს სამარეს? არ გაგიგია, განა! მაშ ახლა გაიგონე: მე ვარ მაგისთანა გიჟი, მე! ჩვენ თვითონვე გავითხარეთ საფლავი. ახია-მეთქი ჩვენზე, ახი! გვმარხავენ? ასე გვინდა, ასე!" - და გაგიჟებული, გაუბედურებული კაცი ფეხით მიწას ტკეპნიდა, თითქოს თავისავე საფლავს მიწას აყრიდა, თან იმედდაკარგულ მორიელივით თავის თავს კბენდა და, გაბრაზებული, კვლავ ყვიროდა:
"ასე გვინდა! ასე!... ასე!..."
ივანემ ძალით დასვა თეიმურაზი.
"რა დაგემართა, შე კაი კაცო! დაჯექი, დამშვიდდი, თითო კიდევ დავლიოთ. აიღე თასი. ნუ ყვირი."
თეიმურაზი უცებ გამოფხიზლდა. გაოცებული შესცქეროდა ივანეს, თან ისე ცახცახებდა, თითქოს უძლიერესი ციება აუვარდაო. ნახევარი ჭიქა მუხლებზე გადმოეღვარა.
"რა თქვი? მე ვყვიროდი?.. როდის?.. ახლა? არ მახსოვს.. რაო? დავლიო? კარგი. მაშ ღმერთმა ადღეგრძელოს ჩემსავით დამარცხებული გიჟი, რომელმაც თვითონ გაითხარა საფლავი, ადღეგრძელოს და..."
"ადღეგრძელოს კი არა, განუსვენოს, განუსვენოს."
თეიმურაზს თითქოს ჩაქუჩი ჩაჰკრეს თავში:
"ჰო, მართლა... განუსვენოს! განუსვენოს!.. სულიერი სიმშვიდე მისცეს მიმავალებს, რადგან... იმიტომ რომ... ვაი ჩვენ! ვაი ჩვენი ბრალი!"
უცებ ჭიქას ხელი გაუშვა და აქვითინდა. ივანე წამოხტა და დუქანში შევიდა. ისევ გამოვიდა და წყალი გამოიტანა.
"აჰა, დალიე. პირიც მოისველე. რა დაგემართა, შე კაი კაცო?! სირცხვილია. ვაჟკაცი ხარ."
თეიმურაზი მიყუჩდა. თვალები მოიწმინდა, გასწორდა და გამაგრდა.
"არა მიშავს-რა. დაივიწყე. წუთიერმა სისუსტემ დამძლია. დაჯექი, დავლიოთ. მთვრალი ნუ გგონივარ."
"ბრძენი მეგონე. თურმე შენც გცოდნია თავის მოგიჟიანება."
"ნუ გიკვირს. არავინ არ იცის, რა სჭარბობს ცხოვრებაში, სიბრძნე თუ სიგიჟე. მათი საზღვარი ჯერ ვერავის ვერ მოუძებნია. დამისხი, მომწყურდა."
კვლავ დიდხანს სდუმდნენ, ნელ-ნელა სვამდნენ და სიბნელეს გასცქეროდნენ.
შორიდან ლიახვის შხუილი ისმოდა. ჭოტი თავისას ყვიროდა. ზევით, სოფელში ძაღლებს წკავწკავი გაჰქონდათ.
ივანემ საუბრის თემა შეცვალა:
"ჯაყოსთანა ბატონი ამ სოფელს არ ჰყოლია, ვერც ახლომახლო მოიძებნება. ერთი თვით ერთი კოდი ხორბალი ვთხოვე. ერთი ორად დამისვა. სხვებსაც ასე უშვრება. აქაური ხალხი თანდათან ხელში ჩაიგდო, ყველა ჯაყოს მოვალეა."
"ეტყობა, დიდი ქონება უნდა ჰქონდეს."
"ნახევარ სოფელს იყიდის. შენი ნივთები ვითომ ყაჩაღებმა და ქურდებმა წაიღეს."
"ვიცი, ახლა აღარ მერიდება. თითქმის ყველაფერი გამოაჩინა."
"შემოდგომაზე რამდენიმე ვაგონს გაავსებს ხორბლით, მატყლით, ყველით და ერბოთი. ყველგან დიდი ძალა აქვს. ძალიან მოხერხებული კაცია. სოფელს ტყავს აძრობს, მაგრამ ამავე დროს ძალიან ესარჩლება, რადგან თვითონაც ხშირად სჭირდება ჩვენი სოფელი."
"ამას წინათ ცოლი გააგდო."
"ერთი კი არა, ორი ცოლი გააგდო. ორივე სხვებს მოსტაცა. ახლა მეოთხეს ეძებს. ამბობენ, იშოვნა კიდეცო."
"არ გამიგია. ვინ არის, ვის გადაეკიდა?"
ივანემ კარგა ხანს პასუხი არ მისცა.
"არ ვიცი. იკითხე აქეთ-იქით, იქნება გითხრან. ეს ღმერთმა ადღეგრძელოს... ესეც გახსოვდეს: მტერი მოყვრულად მოსული, მტერზედაც უარესიაო."
თეიმურაზი ივანეს ყურს უგდებდა. იმის ნათქვამს გაჰყვა, ჩაფიქრდა და გულში ჩაიხედა. იგი ისევ გველის წიწილებით იყო სავსე. ის წიწილები შავი გორგალივით დახლართულიყვნენ, ნელ-ნელა ფუსფუსებდნენ, იკლაკნებოდნენ, თეიმურაზს შიგნეულობას კბენდნენ და შხამით უვსებდნენ.
"მეტისმეტად წუწკი და აბეზარი კაცია," - თითქოს თავისთვის განაგრძობდა ივანე. "სოფელი აიკლო და წამურტლა. ვინ იცის, რამდენი ოჯახი წაჰბილწა! ზოგი იყიდა, ზოგიც ძალით ჩაიგდო ხელში. მუდმივ იარაღზე და კომბალზე უჭირავს თვალი. ზოგნი მოსაკლავადაც დასდევდნენ, მაგრამ დრო და ადგილი ვერ მოიმარჯვეს. ახლა ძარცვა-გლეჯის ხერხი შეიცვალა. ასეთი მევახშე ჯერ არ მინახავს. ვითომ ქვეყანას იმადლიერებს, ყველას ელაქუცება და ეპატიჟება, ნამდვილად კი..."
რას ჩააცივდა ჯაყოს ნახუცარი ივანე?! ვინ ეკითხება, რომ ჯაყოს თავგადასავალს მოჰყოლია?! ნეტა ჯაყოს გარდა სხვა სალაპარაკო ვეღარ მოიგონა?!
"აქამდე თავისი ტოლები ჰყავდა ცოლად. სანამ მესამეს მოიყვანდა, ჩვენს თამარას დაადგა თვალი, მაგრამ დროზე მოვაშორე. გორში გავგზავნე. ჯაყო დადიოდა და ყველგან ყვიროდა: 'ახლა ჯაყო ხარ აზნაური! ჯაყო თავადის ან მღვდლის ქალი გინდა, მაშ. მაშა!' ხიფათს ძლივს ავცდი. ახლაც გაეხსნა წინანდელი მადა, ახლაც ყვირის წარამარა: 'ჯაყომ ისეთი თავადის ქალი იშოვნა, რომ!'"
"ვინ იშოვნა?" - ძლივს ამოიხრიალა თეიმურაზმა.
"არ ვიცი... შეიძლება სხვებმა იციან... გამოიკითხე."
თეიმურაზმა ვერც კი გაიგო ივანეს წასვლა.