ნაწილი მეორე — თავი IV
– IV –
თეიმურაზი საღამოს დაბრუნდა და ამოიოხრა:
– ვერაფერი ვიშოვე.
ჯაყომ ბოროტად ჩაიცინა:
– ბრინკა, შენ სამსახურს ვინ მოგცემს?
– რატომ, ჯაყო, რატომ არ მომცემენ? აი, ცხინვალშიც მოვძებნი. ზეგ წავალ. დავიღალე, თორემ ხვალვე წავიდოდი. ნუ გეშინია, ჯაყო, შენს ვალს ადრე თუ გვიან გადაგიხდი.
– ჯაყომ იცის, რასაც გადამიხდი, იცის! რა გაქვს ბრინკას? რა უნდა გადაუხადო ჯაყოს?
მარგომ თანაგრძნობით შეხედა თეიმურაზს. შემდეგ წამოდგა და პირმოღუშული გავიდა ოთახიდან. მოღუშული და გულგატეხილი თეიმურაზიც გავიდა, კოშკზე ავიდა და დასავლეთს გაჰხედა. სურამის ქედი ისევ ნისლით იყო დაფარული, მაგრამ ის ნისლიც ადრინდელივით ვარდისფერი და ოქროსფერი იყო.
ნახირი ღმუილითა და ბღავილით შემოდის სოფელში. დაღლილი გლეხებიც მინდვრებიდან თავიანთ სახლებს უბრუნდებიან და ზოგჯერ ერთმანეთს ერთი ეზოდან მეორეში ორ სიტყვას ეტყვიან. ქალები ფუსფუსებენ, საქონელს წველიან და მოშიებულ ბავშვებს აჩუმებენ. დაქანებულმა მზემ ჩალის მიდამოები ჯერ გააყვითლა, შემდეგ მოოქროვა, შეაწითლა, შემდეგ თვითონაც სისხლისფერი გახდა და ჩრდილოეთის მყინვარების ჭაღარა თავებიც სისხლში ამოავლო.
უკვე შუაღამემ მოატანა, როცა დასავლეთის ნისლით გაბრუებული თეიმურაზი კოშკიდან ოთხზე ჩამოცოცდა, ეზო გადაკვეთა და კიბეს მიადგა. კიბის ძირში დაბმულმა ძაღლმა ბოროტი ღრენითა და ავი ყეფით თეიმურაზს გზა გადაუღობა. უცებ მარგოს და თეიმურაზის ოთახის ფანჯარა გაიღო და ზევიდან ჯაყოს ჩაცინება მოისმა:
– თეიმურაზ, შენ იქნები?
– მე ვარ, ჯაყო, მე.
– ძაღლი არ გაგიშვებს?
– არ მიშვებს, ჯაყო. მიშველე.
– კარგი ძაღლი ჰყავს ჯაყოს, იმიტომ არ გიშვებს. ყაჩაღი აღარ მოვა ასე ადვილად. ბოღრია, სუ! სუ, მეთქი, შე სამგლე, შენა!
თეიმურაზი კიბეზე ადიოდა და თავის თავს ეკითხებოდა:
– „რა ვქნა, ეს ჯაყო ასე უცებ საიდან გაჩნდა მარგოს ოთახში? ან იქნება აქამდე მარგოს ელაპარაკებოდა?“
ერთი წუთის შემდეგ თეიმურაზმა ეს ამბავი დაივიწყა, ხოლო ხუთიოდე წუთის შემდეგ ტკბილი ხვრინვა ამოუშვა.
მარგომ ჩურჩულით იკითხა:
– თემურ, გძინავს?
პასუხი რომ არ მიიღო, ფრთხილად წამოდგა და ოთახიდან ფეხაკრეფით გავიდა.
თეიმურაზი ცხინვალიდანაც ხელცარიელი დაბრუნდა. შეშფოთებული და შერცხვენილი ხიზანი იმ დღიდან უგზო-უკვლოდ დაეხეტება, მარგოს და ჯაყოსაც ერიდება და სადილ-ვახშმად პეტრესთან და ივანესთან დადის.
უკვე შუა ზაფხულმა მოაღწია.
სიცხისგან გაგუდულ სოფელში ორთქლი დგას.
დამწიფებულ და სიცხით დამსკდარ მინდვრებს ალმური ასდით.
ძნით დატვირთული ურმები ერთმანეთს მოსდევენ.
ქაფმორეული კამეჩები მძიმე ტვირთს ნელა და ზლაზვნით მოაჭრიალებენ.
თავახვეული და პერანგის ამარა მეურმეები დასიცხულები ღიღინებენ, საქონელს ზოგჯერ ზანტად შოლტსა და სახრეს მოუქნევენ.
ზოგნი კალოს თოხნიან, ზოგნი უკვე ლეწავენ.
გოგოები და ქალები კევრებზე სხედან, დგანან და დილიდან საღამომდე პატარა ცხენებსა და ხარებს წისქვილის ქვასავით ატრიალებენ.
ქათამი ხორბალს ეტანება. ენა-გადმოგდებული ძაღლი ჩრდილში მიწოლილა და ქაქანებს.
ტალახ-შემხმარი ღორი კიტრის და საზამთროს ნაფცქვენებს ახრამუნებს და თანაც ტლაპოს ეძებს.
დუბელა რუში ბატ-იხვები ყიყინებენ და ტიტველი ბავშვები ჭყუპალობენ.
მინდვრებში ზოგან ჩალას წვავენ, ზოგან კიდევ ხნავენ და ოროველას იძახიან.
ჭალებში ქედანი ღუღუნებს.
მეწველ საქონელს ლიახვის ნაპირებისთვის შეუფარებია თავი და ფშან-ვერხვების ჩრდილში ჩაწოლილა.
საღამოობით, როცა ოდნავ ნიავი დაუბერავს, განიავებული ნალეწი აქა-იქ შადრევანივით სცემს.
ღამეს ნახევარი სოფელი კალოზე ატარებს, ხოლო მოზრდილი მამაკაცები კვლავ ძნას ეზიდებიან, ურმის ჭრიალით და შეძახილით სოფელს აღვიძებენ და მაღალი ხმით ურმულს ამბობენ.
პეტრეს შვილი ნინიკა შუაღამეს წკრიალა ხმით სოფლის ბოლოში რომ დასძახებს, სოფლის თავიც იღვიძებს და, გაჩუმებული, ყურს უგდებს მეურმისა და კამეჩის საუბარს:
კამეჩო, მუხრანელი ხარ, გუთანი გეცოდინება. მე გუთნის არა ვიცი-რა, უღელიც მეჩოთირება.
დაქანცული თეიმურაზი ქაქანით და ხვნეშით დალასლასებს სოფელში, მინდვრებში, ჭალებსა და კალოებზე. ხან საძნე ურემს მოაჯდება, ხან კალოზე დაბორიალებს, ხან ნალეწს ანიავებს, ხან ძნას აწოდებს და ხანაც მეხრეებს დასდევს, თან თავისას ბუტბუტებს, დასიცხულ ენას იფხანს და იქარვებს.
შვება-მიცემული ჯაყოც დროს იყენებს, დღისით და ღამითაც დასიცხულ ვნებას იქარვებს და ალმოდებულ ჟინს იფხანს.
– ვიცი, რა გითხრა, თეიმურ? – უთხრა ერთ საღამოს ჯაყომ თეიმურაზს. – მუშაობა შენი საქმე არ იქნება. მთავრობაც სამსახურს არ მოგცემს. სადაც თავი შეყო, ყველგან გამოგაგდეს. ქალაქშიც ვეღარ წახვალ და აქაც უსაქმოდ დაეხეტები. ერთი გითხრა ჯაყომ, ვაჭრობა როგორ მოგწონს?
– ვაჭრობა? ვაჭრობა ჩემი საქმეა. ძალიან კარგად მაქვს შესწავლილი. ბანკში და კოოპერატივში ვმუშაობდი.
– თავი დაანებე კოოპერატივს! „კჩორტუ“ კოოპერატივი! შენ ყური დაუგდე ჯაყოს. ჯაყომ კარგად იცის ვაჭრობაც და კოოპერატივიც. მოდი, ამ სოფელში ერთი დუქანი გახსნა. რას იტყვი?
– დუქანი? მე?
– მაშ, მაშა! მე ხაზეინი და შენ დახლიდარი. ყური დაუგდე ჯაყოს.
და ჯაყომ თეიმურაზს თავისი გამოცდილება და ნაფიქრი გაუშალა:
– ფული ჯაყომ ასე იშოვა: გლეხი სულელია, ძველი ფულისა არაფერი ესმის. ჯაყომ კი ადრე გაიგო, რომ წინანდელი ფული სულ ქვევით მიდიოდა და მიდიოდა, მიდიოდა და მიდიოდა! „კჩორტუ“ ასეთი ფული, თქვა ჯაყომ და ის ფული ერთი დღეც არ შეინახა. ან რა ფული იყო, შენი ჭირი მე, ის ფული?! დილაზე რომ ერთი არშინი ჩითი ერთი მილიონი ეღირებოდა, საღამოზე ორი მილიონი გახდებოდა. ჩვენი საწყალი გლეხები კი ის ფული ინახავდნენ და ინახავდნენ, გაკოტრდნენ და გაკოტრდნენ! ბოლოს ის ფული ისე გაფუჭდა, რომ შარშან გაზაფხულზე ჯაყომ ერთ არშინ ჩითში შვიდი ათასი მილიონი მისცა, მაშა! ასეთი ფული ჯაყომ აღარ მიიღო. ჯაყომ ეშმაკობა გააკეთა და მარტო საქონლით ივაჭრა. ერთ გირვანქა ნავთში ნახევარი ჩანახი ლობიო აიღო, ან სამი გირვანქა მატყლი, ან ათი გირვანქა კარგი ხილი. გლეხებმა დათვლა აღარ იცოდნენ, ყველაფერი ისე აერიათ თავში, რომ ძაღლი პატრონს ვეღარ იცნობდა. ყველანი გაკოტრდნენ, ჯაყო კი გადარჩა და ბევრიც მოიგო. ახლა ყველაფერი გამოიცვალა, ახლა ნამდვილი ფული გაჩნდა. აი, გენაცვალე ამის მადლსა!
ჯაყომ ჩერვონცების დასტა ამოიღო და ააშრიალა.
– ისეთი ძალა აქვს ამ თუმანს, როგორც ნიკოლოზის დროს ჰქონდა. ახლა კარგი დროა დუქნისთვის. დაჯექი, გაყიდე და ასეთი ჩერვონცები დააგროვე და დააგროვე, დააგროვე და დააგროვე, მაშ, მაშა! გენაცვალე ჯაყოს ჩერვონეცსა. ივანე, ილა და ნინიკა კოოპერატივის გახსნა უნდათ ნაშინდარში, მაგრამ ჯაყოს არ ეშინია კოოპერატივის.
კიდევ დიდხანს სწყევლიდა ჯაყო ძველ მილიარდებს და ლოცავდა თეთრ ჩერვონცებს. შემდეგ თეიმურაზს ჰკითხა:
– ჰა, რას იტყვი? კარგი საქმე გითხრა ჯაყომ თუ არა?
– მოვიფიქრებ, ჯაყო.
და იმავე დღეს თეიმურაზმა მარგოს ჰკითხა:
– შენ რას იტყვი, მარგო?
– უაზროდ ხეტიალს ისევ დახლიდარობა სჯობია, ჯაყოს მადლს მაინც არ დაგაყვედრიან.
– მეც ასე მგონია.
ჯაყომ და თეიმურაზმა კიდევ იფიქრეს და ილაპარაკეს.
ჯაყოს კარგი შეძლება ჰქონდა და მრავალი ნაცნობი და ნათესავი ჰყავდა. როკელები, ჯაველები და ბარის მეზობლები ჯაყოს ნისიად მისცემენ მატყლს, ერბოს, ყველს და სხვა საქონელს. ამ საქონელს ჯაყო გორში ან ქალაქში გაჰყიდის, სამაგიეროდ იქიდან სოფლისთვის საჭირო ქსოვილებს, ნავთს, მარილს, საპონსა და წვრილმანს ამოიტანს. გარდა ამისა, ნაშინდარში დიდი გზა გადის და დუქანს მუშტარიც ბლომად მოხვდება. ღვინო და არაყიც ბევრი გასაღდება. ჯაყო ჩუმ-ჩუმად აქამდეც ვაჭრობდა, მაგრამ ბნელ ღამეში მუშაობა და მუდამ შიშში ყოფნა მოსწყინდა.
– აბა, ნათლია, პასუხი მომეცი ჯაყოს.
თეიმურაზმაც მისცა:
– თანახმა ვარ, ჯაყო. საქმე დავიწყოთ. ჯერ ხელფასი არ მინდა, მაგრამ თუ საქმე კარგად წავიდა, ცოტა რამე დამინიშნე და ვალში გამომიბარე.
– ჯაყოც თანახმაა. მაშ ღმერთი იყოს ჩვენი საქმის ამხანაგი, დავიწყოთ!
ორი კვირის შემდეგ ჯაყომ სოფლის ბოლოს ერთი ძველი ნასახლარი გააცოცხლა. შემდეგ ჯაყო და თეიმურაზი ქალაქში ჩავიდნენ და ორი ურემი საქონელი ამოიტანეს. გარდა ამისა, ჯაყომ თავის ოჯახიდან იმ დუქანში ზედმეტი საქონელი და სანოვაგე გადაიტანა: ღვინო და არაყი, ხილი და ჭურჭელი, ძველი იარაღი და ფალას-ფულასი.
ვაჭრობა გაჩაღდა. თეიმურაზმა ანგარიშის საქმე წესიერად დააყენა. რამდენიმე რვეული გაიჩინა და ორი საათი ჯაყოს ეჩიჩინა:
– ეს არის სალაროს წიგნი, ეს კიდევ საქონლის დავთარია. ეს იქნება პირადი ანგარიშების წიგნი. ამას ჰქვია ბუღალტერია.
– ვიცი, გაიგებს ჯაყო. კარგი რამ ყოფილა ეგ ბუღალტერია.
– ბუღალტერია?! ჯაყო, ეს ქვეყანა ბუღალტერიაზე არის აშენებული! – ადუღდა დახლიდარი. – სადაც ბუღალტერია იციან, იქ ყველაფერი იციან: წესი, დისციპლინა, შრომა და მომავალი; სადაც არ იციან, იქ უწესობა, ანარქია, არევ-დარევა და წყვდიადი მეფობს.
– ვიცი, ჯაყომ, ვიცი.
– ჯაყო! – არ ცხრებოდა თეიმურაზი. – კაცობრიობის ისტორიაში რამდენიმე სხივმოსილი ფურცელია: ხორბლის მარცვლის, ცეცხლის, ურმის თვლის პოვნა და გალილეის, კოპერნიკის, ნიუტონის, სტეფენსონისა და ლუკა პაჩიოლის აღმოჩენები, რომელმაც 1494 წელს ბუღალტერია მოიგონა!
– ალბათ ძალიან ჭკვიანი იქნებოდა ის კაცი.
– რა თქმა უნდა! სტეფენსონმა მოიგონა ორთქლმავალი და პირველი რკინის გზა იმან ააშენა.
– მალადეც, სტეფანე, მალადეც!
– ეს კიდევ არაფერი: გალილეიმ დაამტკიცა, რომ დედამიწა ბრუნავს.
ჯაყომ გადიხარხარა:
– ბრინკა, ხომ არ გაგიჟდი?!
– მაშ, ჯაყო, მაშ! განა აქამდე არ იცოდი, რომ მზე ერთ ადგილზე დგას, დედამიწა კი თავის ღერძზე ტრიალებს და მზეს გარშემო უვლის?
ჯაყომ ისე დაიხვიხვინა, რომ მისი ხმა ლიახვის ჭალას ჩასწვდა.
– მზე ერთ ადგილზე დგას?! ხა-ხა-ხა! დედამიწას ღერძი აქვს?! ხო-ხო-ხო!
თეიმურაზი დიდხანს ეჩიჩინებოდა ჯაყოს, გონებას უხსნიდა, მაგალითებით უმტკიცებდა და ცხარედ ედავებოდა, მაგრამ მისი საბუთები ჯაყოს სასაცილოდაც არ ჰყოფნიდა:
– დედამიწა ურემი ხომ არაა, რომ ღერძი ჰქონდეს!
– გონებაში, ჯაყო, გონებაში წარმოიდგინე.
– გონებაში მე კი არა მაქვს ღერძი, შენ გაქვს, შენ, შე ბრინკავ, შენ! შენი თავი ტრიალებს, თორემ დედამიწას ვინ დაძრავს ადგილიდან! აი, ასე იცის ბევრი წიგნის კითხვამ.
– ჯაყო! გაიგე, რომ...
– კარგი, მორჩი და დაამთავრე! შენც გაგიჟდები და საწყალი ჯაყოც გინდა გამაგიჟო?! არ მინდა ჯაყოს შენი სწავლა! „კჩორტუ“ შენი ღერძიც და ბუღალტერიაც! „კჩორტუ“! მორჩი და დაამთავრე!
ჯაყოს სიბნელით და სიჯიუტით გულნატკენი თეიმურაზი დახლში ჩადგა და ენერგიულად დატრიალდა. მუშტარს თავაზიანად უხვდება:
– რა გნებავთ? რამდენი? ნავთი ეღირება თერთმეტი კაპიკი... მარილი ღირს ერთი მანეთი და შვიდი შაური.
ღვინოს და არაყს მუშტარი ბლომად მოაწყდა.
– დალიეთ, თქვენ გენაცვალეთ, მიირთვით! ღმერთმა გაგადღეგრძელოთ. ალავერდი შენთან, თედო!
მსმელებს აჰყვა და აღიღინდა:
ავანთოთ შუშის ფარნები, ჰარიჰარალე-ე-ე-ე, მოვძებნოთ ღვინის მარნები, ჰარიჰარალე-ე-ე-ე...
საღამო ჟამზე დუქანში ხუთიოდე გლეხი შემოვიდა.
– ნათლია, ჯაყოს დახლიდრად დაუდექი? – ჰკითხა ნინიკამ.
– მაშ რა ვქნა, ნინიკა? უსაქმობას ისევ ეს სჯობია.
– რაღა ჯაყოს მიეშველე? – იკითხა ილამ. – განა ის კი არ ეყოფა ამ წურბელას, რაც სისხლი გამოგვწოვა?!
– შენი ოჯახიც მაგან შეჭამა და ახლაც დახლიდრად დაგიყენა, განა! – დაუმატა თედომ.
– მოვისაზროთ, ყმაწვილებო, მოვიფიქროთ.
და ჯაყოს დახლიდარმა ახალგაზრდა გლეხებს თავისი მდგომარეობა განუმარტა.
– ვიცით, ჩვენც კარგად ვიცით. – უპასუხა ნინიკამ. – საცაა კოოპერატივი უნდა გავხსნათ. ჩვენ კაცი არა გვყავს, შენ კი ჯაყოს მიემხრე.
– აჯობებს ჩვენ გვიშველო, შე კარგო კაცო!
– ალბათ ჯერ არ იცნობს ჯაყოს, თორემ მხარს არ მისცემდა.
– ჯაყო წინანდელ ჩარჩზე უარესია. – წამოაძახა ნინიკამ. – რაღა მე გიამბო, შენც იცნობ მაგ არამზადას. ჯერ იყო და შენი ტყე უფასოდ ჩაიგდო ხელში.
– ვიცი, ნინიკა, ვიცი.
– გიშველა ღმერთმა, თუ იცი! შემდეგ იყო და, სოფელი აიკლო. შენ რომ ქალაქში იყავი და არაფერს ხედავდი, ეგ კაცი ჩვენ ტყავს გვაძრობდა. აღარაფერი შეგვარჩინა. საქონელს იტაცებდა, მოსავალს ორჯერ და სამჯერ გვახდევინებდა, ქალებს ნამუსს ხდიდა, გვცემდა და შენი შემოსავლის ნახევარს იჯიბავდა.
– ჩემი ბრალია, ძმებო, ჩემი! თქვენს საჩივარს დროზე ყური ვერ დავუგდე და არ მოგაშორეთ.
– გიშველა ღმერთმა, ეგეც გცოდნია. მერე იყო და, ყველაზე კარგი მიწები მაგან დაიჩემა. ბოლოს ხომ ისე წაიყვანა საქმე, რომ შენი სახლ-კარი და ბაღიც დაისაკუთრა.
ერთმანეთს აღარ აცლიდნენ, ჰაერში მუშტებს იქნევდნენ და გაბრაზებულები დორბლებს ყრიდნენ:
– მამაჩემი იმ ვენახში დაბერდა და ჯაყო კი ზედ დააჯდა? სამართალი სად არის? – ღელავდა ნინიკა.
– ჩვენ ავაშენეთ შენობები და შიგ კი ჯაყო ჩასახლდა?! რატომ? რითი?
– მაგას თავი დაანებე, თეიმურაზის სახლის მორთულობაც რომ დაიჩემა, ეს რაღა არის?!
– მაშა, შენ ეგა თქვი, და! ისე იეშმაკა, ვითომ სახლი ყაჩაღებმა გაქურდეს, ნამდვილად კი თვითონ დაიტაცა ყველაფერი და შენი სიმდიდრე ისევ ჩვენს დაჩაგვრას მოახმარა.
– ჩვენ რომ ტიტვლები და მშივრები დავდიოდით, მაგას სახლი სავსე ჰქონდა ჩითით და საქონლით. ერთ არშინ ჩითში ერთ ფუთ ხორბალს გვართმევდა.
– რაღა გვართმევდა, ახლაც ასე არ იქცევა?
– იმიტომ კი არ გავყარეთ თავადები და ბურჟუები, რომ ახალი ბატონი დაგვესვა კისერზე?!
შემდეგ თეიმურაზმა იკითხა: – რატომ არ შეაჩერეთ ეს კაცი აქამდე?
– იმიტომ, რომ მთელი სოფელი თავის გავლენის ქვეშ ჰყავს. ამბობენ, ბევრი სიკეთე გაგვიკეთაო. გაჭირვებაშიც გვეხმარებაო.
– აღარ გვინდა მაგის სიკეთე! ქარის მოტანილი არც გვინდა და არც გატანილი.
– ცოტა ხანიც მოიცადოს და ნახავს. იმ სახლს ჩამოვართმევთ და სკოლას გავხსნით.
– ამ დუქანსაც დავუკეტავთ.
– იმ სახლის ავეჯს და სიმდიდრესაც ადგილს მოვუძებნით.
– იმ ბაღ-ვენახსაც სხვები ჯაყოზე უკეთ მოუვლიან.
ბოლოს, თეიმურაზს პირდაპირ ჰკითხეს:
– სკოლის და კოოპერატივის საქმეში დაგვეხმარები?
თეიმურაზი შეყოყმანდა:
– მოვ... მოვიფიქრებ, მოვ... მოვიფიქრებ.
– რაღა ფიქრი გინდა, შე კარგო კაცო!
– უნდა მოვ... მოვიფიქრო, ნუ მაჩქარებთ.
– მაშ კარგი, მოიფიქროს.
– მოიფიქრე, მაგრამ ამ ჯაყოს თავი დაანებე, თორემ...
და ხმაურით, მუქარით და ტრაბახით წავიდნენ.
ერთი საათის შემდეგ ჯაყომ თავისივე ზურგით ჩაუტანა თეიმურაზს საწოლი, დაჟანგული პისტოლეტი, ხანჯალი, ძველი საეკლესიო წიგნები, ლექსიკონი, მცენარეთა კოლექცია და ქინძისთავებზე მწერებისა და ბუზების კოლექცია. ჩაუტანა და დარიგება მისცა:
– როცა მუშტარი არ გეყოლება, ეს წიგნები წაიკითხე, არ მოგწყინდება.
თეიმურაზმა გაიკვირვა:
– სა... საწოლი რაღად მინდა?
– მაშ, მაშა! – განუმარტა ჯაყომ. – მაშ დუქანი უპატრონოდ ხომ არ დარჩება?!
ეს ამბავი თეიმურაზმა წინასწარ არ გათვალა. თეიმურაზი მთელი დღე დახლთან უნდა მდგარიყო: ღამ-ღამობით კი მაინც აპირებდა მარგოს ნახვას და... ზანზიბარზე ზრუნვას, მაგრამ საქმის შეცვლა უკვე გვიანი იყო.
– ეს პისტოლეტი გატენილი იქნება. თუ ყაჩაღი მოვა, შენ სახურავზე ახვალ და გაისვრი. ჯაყოც მაშინვე აქ გაჩნდება და იმ ყაჩაღებს დედას უტირებ, მაშ, მაშა! დედას უტირებ, დედასა!
თეიმურაზმა ამოიოხრა:
– კარგი, მა... მაგრამ... გიბამ ან ქეშელამ დაიძინონ დუქანში.
– გიბას და ქეშელას თავისი საქმე აქვთ, დუქნისთვის არ სცალიათ. აბა, ახლა ნავაჭრი გაჩვენო.
თეიმურაზმა დავთრები გადმოალაგა.
– გა... გავყიდე ათი გირვანქა ნავთი. ეს ექვსი აბაზი. ორი ფუთი მა... მარილი. ეს ორი მანეთი და თოთხმეტი შაური...
იმ დღის ნავაჭრი სულ სამ თუმნამდე შეადგენდა.
„...გაყიდული საქონელი ამ წიგნში ჩავწერე, ნავაჭრი ფული კი დღიურ სალაროში ჩავიტანე. ამ წიგნში ჩაწერილია...“
ჯაყოს მოთმინება აღარ ჰქონდა:
„შენ ფული მე მომეცი, ჯაყოს, თორემ სადაც გინდა, იქ ჩაწერე.“
„კარგი, მაგრამ ბუღალტერია?..“
„ბუღალტერია შენთვის შეინახე, მე რად მინდა ეგ ბუღალტერია!“
ჯაყომ ფული ჯიბეში ჩაიდო და დაღონებული თეიმურაზი კიდევ ერთხელ დაარიგა:
„სახურავზე ავალ და დამბაჩას გესვრი. მეც მაშინვე აქ გავჩნდები და იმ ყაჩაღებს დედას ვუტირებ, მაშ! ღამე ნუ წაიკითხავ, ნავთი ტყუილად დაიწვება და თვალებიც გეტკინება. შენ ნუ შეგეშინდება, ჯაყო ახლოს ვიქნები, მაშ, მაშ!“
დარიგებას ნუგეშიც დააყოლა:
„შენ კარგად ივაჭრე, დანარჩენი კი ჯაყომ იცის. კარგ მოგებას მოგცემ, ჯაყო. როცა ქეშელა ან გიბა მოიცლიან, დუქანში ჩადგებიან, შენ კი მარგოს სანახავად მოხვალ. საჭმელ-სასმელს მოგიტან. აბა, ყოჩაღად იყავი!“
თეიმურაზი მარტო დარჩა. დუქნის ზღურბლზე ჩამოჯდა და დაფიქრდა.
– V –