prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ჯაყოს ხიზნები — ნაწილი მეორე — თავი IV

მიხეილ ჯავახიშვილი · პროზა

– IV –

თეიმურაზი საღამოზე დაბრუნდა და ამოიკვნესა:

- ვერაფერი ვ...ვვიშოვნე.

ჯაყო გესლით ახვიხვინდა:

- ბრინკა, შენ ადგილი ვინ მოგცემდე?

- რატომ, ჯაყო, რატომ არ მ...მმომცემენ? აი, ც...ცცხინვალშიც მოვსძებნი. ზეგ წავალ. დავიღალე, თორემ ხვალვე წავიდოდი. ნუ გეშინიან ჯაყო, შენს ვალს ადრე თუ გვიან გ...გგადაგიხდი.

- ვიცის ჯაყომ, რასაც გადაგიხდი, ვიცის! რა გაქვს ბრინკასა. რა უნდა გადაგიხადო ჯაყოსა?

მარგომ სიბრალულით გადაჰხედა თეიმურაზს. მერმე წამოდგა და, პირმოღუშული, ოთახიდან გავიდა, მოღრუბლული და გულადუღებული თეიმურაზიც გავიდა, კოშკზე აცოცდა და დასავლეთს გაჰხედა. სურამის ქედი ისევ ნისლით იყო შემოსილი, მაგრამ ის ნისლიც ადრინდელივით ვარდისა და ოქროს ფერით იყო შეღებილი.

ნახირი ღმუილით და ბღავილით შემოდის სოფელში. ნაჯაფევი გლეხებიც მინდვრებიდან თავიანთ სახლებს უბრუნდებიან და ზოგჯერ ერთმანერთს ერთ ეზოდან მეორეს ორიოდე სიტყვას ესვრიან. დედაკაცები ჰფუსფუსებენ, საქონელს სწველავენ და აღნავებულ ბავშვებს აჩუმებენ. დაქანებულმა მზემ ჩალის მიდამოები ჯერ გააყვითლა, მერმე მოოქროვა, შესწითლა, შემდეგ თვითონაც გასისხლიანდა და ჩრდილოეთის მყინვარების ჭაღარა თავებიც სისხლში ამოავლო.

უკვე შუაღამემ მოატანა, როცა დასავლეთის ნისლით გაბრუებული თეიმურაზი კოშკიდან ოთხით ჩამოცოცდა, ეზო გადასჭრა და კიბეს მიადგა. კიბის ძირში დაბმულმა ძაღლმა ანჩხლი ღრენით და ავი ყეფით თეიმურაზს გზა გადაუღობა. უცებ მარგოს და თეიმურაზის ოთახის სარკმელი გაიღო და ზევიდან ჯაყოს ხვიხვინი მოისმა:

- თეიმურაზ, შენ ვიქნები?

- მე ვარ, ჯაყო, მე.

- ძაღლი არ გაგიშვებდე?

- არ მიშვებს, ჯაყო. მიშველე.

- კარგი ძაღლი გყავს ჯაყოსა, იმიტომ არ გიშვებდე. ყაჩაღი აღარ მოხვალ აგრე ადვილათა. ბოღრია, სუ! სუ, მეთქი, შე სამგლე, შენა!

თეიმურაზი კიბეზე ადიოდა და თავის თავს ეკითხებოდა:

- "რა ვქნა, ეს ჯაყო ასე უცებ საიდან გაჩნდა მარგოს ოთახში? ან იქნება აქამდე მარგოს ელაპარაკებოდა?"

ერთი წუთის შემდეგ თეიმურაზმა ეს ამბავი დაივიწყა, ხოლო ხუთიოდე წუთის შემდეგ ტკბილი ხვრინვა ამოუშვა.

მარგომ ჩურჩულით იკითხა:

- თემურ, გძინავს?

პასუხი რომ არ მიიღო, ფრთხილად წამოდგა და ოთახიდან ფეხაკრეფით გავიდა.

თეიმურაზი ცხინვალიდანაც ხელცარიელი დაბრუნდა. შეშფოთებული და შერცხვენილი ხიზანი იმ დღიდან უგზო-უკვლოდ დასჩანჩალებს, მარგოს და ჯაყოსაც ერიდება და სადილ-ვახშმად პეტრესთან და ივანესთან დადის.

უკვე შუა ზაფხულმა მოაღწია.

სულ-შეგუბებულ სოფელში ბუღი სდგას.

დამწიფებულ და სიცხით დამსკდარ მინდვრებს ალმური ასდით.

ძნით დატვირთული ურმები ერთმანერთს მოსდევენ.

ქაფმორეული კამეჩები მძიმე ტვირთს ზლაზვნით და ტაატით მოაჭრიალებენ.

თავახვეული და პერანგის ამარა მეურმეები დასიცხულ ღიღინით ღიღინებენ, საქონელს ზოგჯერ ზანტად შოლტსა და სახრეს მოუქნევენ.

ზოგნი კალოს სთოხნიან, ზოგნი უკვე ჰლეწავენ.

გოგოები და დედაკაცები კევრებზე სხედან, დგანან, და დილით-საღამომდე კნაჭა ცხენებსა და ხარებს წისქვილის ქვასავით ატრიალებენ.

ქათამი ხორბალს ეტანება. ენა-გადმოგდებული ძაღლი ჩრდილში მოწოლილა და ჰქაქანებს.

ტალახ-შემხმარი ღორი კიტრის და საზამთროს ნაფცქვენებს ახრამუნებს და თანაც ტლაპოს ეძებს.

დუბელა რუში ბატ-იხვები ჰყიყინებენ და ტიტველი ბავშვები ჭყუპალობენ.

მინდვრებში ზოგან ჩალას სწვავენ, ზოგან კიდევ ჰხნავენ და ოროველას იძახიან.

ჭალებში ქედანი ღუღუნებს.

მეწველ საქონელს ლიახვის ნაპირებისთვის შეუფარებია თავი და ფშან-ვერხვების ჩრდილში ჩაწოლილა.

საღამოობით, როცა ოდნავ ნიავი დაუბერავს, განიავებული ნალეწი აქა-იქ შადრევანივით სცემს.

ღამეს ნახევარი სოფელი კალოზე ატარებს, ხოლო მოზრდილი მამაკაცები კვლავ ძნას ეზიდებიან, ურმის ჭრიალით და შეძახილით სოფელს აღვიძებენ და მაღალის ხმით ურმულს ამბობენ.

პეტრეს შვილი ნინიკა შუაღამეს წკრიალა ხმით სოფლის ბოლოში რომ დასძახებს, სოფლის თავიც იღვიძებს და, გარინდული, ყურს უგდებს მეურმისა და კამეჩის ბაასს:

კამეჩო, მუხრანელი ხარ,

გუთანი გეცოდი-ინებაა.

მე გუთნის არა ვიცი-რააა,

უღელიც მეჩოთი-ირებააა.

ფეხაკვეთილი თეიმურაზი ქაქანით და ხვნეშით დალასლასებს სოფელსა, მინდვრებსა, ჭალებსა და კალოებზე. ხან საძნე ურემს მოაჯდება, ხან კალოზე დაბორიალებს, ხან ნალეწს ანიავებს, ხან ძნას აწოდებს და ხანაც მეხრეებს დასდევს, თან თავისას ჰლუღლუღებს, დასიცხულ ენას იფხანს და იქარვებს.

შვება-მიცემული ჯაყოც დროს იმარჯვებს, დღისით და ღამითაც დასიცხულ ვნებას იქარვებს და ალ-მოდებულ ჟინს იფხანს.

- ვიცი, რა გითხრამ, თეიმურ? - უთხრა ერთ საღამოს ჯაყომ თეიმურაზს. - მუშაობა შენი საქმე არ ვიქნობოდე. მთავრობაც სამსახურს არ მოქცემდე. საცა თავი შეგიყავი, ყველგან გამოგაგდე. ქალაქშიც ვეღარ წახვიდოდე და აქაც უსაქმოდ დაეხეტებოდე. ერთი გითხარი ჯაყოსა, ვაჭრობა როგორ მოგწონდე?

- ვ...ვვაჭრობა? ვაჭრობა ჩემი საქმეა. ძალიან კარგად მაქვს შ...შშესწავლილი. ბანკში და კოოპერატივში ვმუშაობდი.

- თავი დაგანებე კაპრატივი! "კჩორტუ" კაპრატივი! შენ ყური გიგდე ჯაყოსა. ჯაყომ კარგად ვიცის ვაჭრობაც და კაპრატივიც. მოდი, ამ სოფელში ერთი დუქანი გახსნა. რას იტყოდე?

- დ...დუუქანი? მე?

- მაშ, მაშა! მე ხაზეინი და შენ დახლიდარი. ყური გიგდე ჯაყოსა.

და ჯაყომ თეიმურაზს თვისი გამოცდილება და ნასაზრი გაუშალა:

- ფული ჯაყომ ასე იშოვნე: გლეხი ტუტუცი ხარ, ძველი ფულისა არაფერი გესმის. ჯაყომ კი ადრე გაიგე, რომ წინანდელი ფული სულ ქვეით მიდიხარ და მიდიხარ, მიდიხარ და მიდიხარ! "კჩორტუ" ასეთი ფული, სთქვა ჯაყომა და ის ფული ერთი დღეც არ შეგინახე. ან რა ფული იყავი, შენი წირი მე, ის ფული?! დილაზე რომ ერთი არშინი ჩითი ერთი მილიონი ეღირებოდი, საღამოზე ორი მილიონი გახდებოდი. ჩვენი საწყალი გლეხები კი ის ფული ინახავდი და ინახავდი, გაკოტრდი და გაკოტრდი! ბოლოს ის ფული ისე გაფუწდი, რომა წრეულს გაზაფხულზე ჯაყომ ერთ არშინ ჩითში შვიდი ათასი მილიონი მიეცი, მაშა! ასეთი ფული ჯაყომ აღარ მიგიღე. ჯაყომ ეშმაკობა გაგიკეთე და მარტო საქონელით ივაწრე. ერთ გირვანქა ნავთში ნახევარი ჩანახი ლობიო აიღე, ან სამი გირვანქა მატყლი, ან ათი გირვანქა კარგი ხილი. გლეხები დათვლა აღარ ვიცის, ყველაფერი ისე აგერია თავში, რომ ძაღლი პატრონს ვეღარ იცნობდი. ყველანი გაკოტრდი, ჯაყო კი გადარჩი და ბევრიც მოიგე. ახლა ყველაფერი გამოიცვალე, ახლა ნამდვილი ფული გაჩნდი. აი, გენაცვალე ამის მადლსა!

ჯაყომ ჩერვონცების დასტა ამოიღო და ააშრიალა.

- ისეთი ძალა გაქვს ამ თუმანსა, როგორც ნიკოლოზის დროს გქონდა. ეხლა კარგი დრო გაქვს დუქანსა. დაჯექი, გაყიდე და ასეთი ჩერვონცები დაგაგროვე და დაგაგროვე, დაგაგროვე და დაგაგროვე, მაშ, მაშა! გენაცვალე ჯაყოი ჩერვონეცსა. ივანეი, ილაი და ნინიკაი კაპრატივი გინდა გახსნა ნაშინდარში, მაგრამ ჯაყოს არ გეშინიან კაპრატივისა.

კიდევ დიდხანს სწყევლიდა ჯაყო ძველს მილიარდებს და ჰლოცავდა თეთრ ჩერვონცებს. მერმე თეიმურაზს ჰკითხა:

- ჰა, რას იტყოდე? კარგი საქმე გითხრამს ჯაყოი თუ არა?

- მოვიფიქრებ, ჯაყო.

და იმავე დღეს თეიმურაზმა მარგოს ჰკითხა:

- შენ რას იტ...ტყვი, მარგო?

- ცუდუბრალოდ ხეტიალს ისევ დახლიდარობა სჯობია, ჯაყოს მადლს მაინც არ დაგაყვედრიან.

- მეც აგრე მგონია.

ჯაყომ და თეიმურაზმა კიდევ იფიქრეს და ილაპარაკეს.

ჯაყოს კარგი შეძლება ჰქონდა და მრავალი ნაცნობი და ნათესავი ჰყავდა. როკელები, ჯაველები და ბარის მეზობლები ჯაყოს ნისიად მისცემენ მატყლს, ერბოს, ყველს და სხვა საქონელს. ამ საქონელს ჯაყო გორში ან ქალაქში გაჰყიდის, სამაგიეროდ იქიდან სოფლისთვის საჭირო ქსოვილებს, ნავთს, მარილს, საპონსა და წვრილმანს ამოიტანს. გარდა ამისა, ნაშინდარში დიდი გზა გადის და დუქანს მუშტარიც ბლომად მოჰხვდება. ღვინო და არაყიც ბევრი გასაღდება. ჯაყო ჩუმ-ჩუმად აქამდისაც ვაჭრობდა, მაგრამ ბნელ ღამეში მუშაობა და მუდამ შიშში ყოფნა მოსწყინდა.

- აბა, ნათლია, პასუხი მოგეცი ჯაყოსა.

თეიმურაზმაც მისცა:

- თთ...თანახმა ვარ, ჯაყო. საქმე დავიწყოთ. ჯერ ჯამაგირი არ მინდა, მაგრამ თუ საქმე კარგად წავიდა, ცოტა რამე დამინიშნე და ვალში გამომიბარე.

- ჯაყოც თანახმა ხარ. მაშ ღმერთი იყავი ჩვენი საქმის ამხანაგი, დავიწყებდეთ!

ორი კვირის შემდეგ ჯაყომ სოფლის ბოლოს ერთი ძველი ნასახლარი გააცოცხლა. მერმე ჯაყო და თეიმურაზი ქალაქში ჩავიდნენ და ორი ურემი საქონელი ამოიტანეს. გარდა ამისა, ჯაყომ თავის ოჯახიდან იმ დუქანში ზედმეტი საქონელი და სანოვაგე გადაიტანა: ღვინო და არაყი, ხილი და ჭურჭელი, ძველი იარაღი და ფალას-ფულასი.

ვაჭრობა გაჩაღდა. თეიმურაზმა ანგარიშის საქმე წესიერად დააყენა. რამდენიმე რვეული გაიჩინა და ორი საათი ჯაყოს ეჩიჩინა:

- ეს არის ს...სსალაროს წიგნი, ეს კიდევ ს...სსაქონლის დავთარია. ეს იქნება პ..პპირადი ანგარიშების წიგნი. ამას ჰქვიან ბ...ბბუღჰალტერია.

- ვიცის, გაიგებდის ჯაყოი. კარგი რამ ყოფილა ეგ ბუღლატერია.

- ბუღ...ღჰალტერია?! ჯაყო, ეს ქვეყანა ბუღჰალტერიაზე არის აშენებული! - ადუღდა დახლიდარი. - სადაც ბუღჰალტერია იციან, იქ ყველაფერი იციან: წესი, დის...სსციპლინა, შრომა და მომავალი; სადაც არ იციან, იქ უწესობა, ანარქია, არევ-დარევა და წყვდიადი მეფობს.

- ვიცის, ჯაყომა, ვიცის.

- ჯაყო! - არ სცხრებოდა თეიმურაზი. - კაცობრიობის ისტორიაში რამდენიმე სხივმოსილი თაბახია: პოვნა ხორბლის მარცვლისა, ცეცხლისა, ურმის თვლისა და აღმოჩენანი გალილეის, კოპერნიკის, ნიუტონის, სტეფენსონისა და ლუკა პაჩიოლასი, რომელმაც 1494 წელს ბუღჰალტერია მოიგონა!

- ალბათ ძალიან ჭკვიანი ვიქნებოდი ის კაცი.

- რა თქმა უნდა! სტეფენსონმა მოიგონა ორთქლმავალი და პირველი რკინის გზა იმან ააშენა.

- მალადეც, სტეფანე, მალადეც!

- ეს კიდევ არაფერი: გალ...ლილეიმ დაამტკიცა, რომ დედამიწა ბრუნავს.

ჯაყომ გადიხარხარა:

- ბრინკა, ხომ არ გაგიჟდი?!

- მაშ, ჯაყო, მაშ! განა აქამდე არ იცოდი, რომ მზე ერთ ალაგზე სდგას, დედამიწა კი თავის ღერძზე სტრიალებს და მზეს გარშემო უვლის?

ჯაყომ ისე დაიხვიხვინა, რომ მისი ხმა ლიახვის ჭალას ჩასწვდა.

- მზე ერთ ალაგზე სდგეხარ?! ხა-ხა-ხა! დედამიწას ღერძი გაქვს?! ხო-ხო-ხო!

თეიმურაზი დიდხანს ეჩიჩინებოდა ჯაყოს, გონებას უხსნიდა, მაგალითებით უმტკიცებდა და ცხარედ ედავებოდა, მაგრამ მისი საბუთები ჯაყოს სასაცილოდაც არ ჰყოფნიდა:

- დედამიწა ურემი ხომ არა ხარ, რომ ღერძი გქონდეს!

- ჭკუაში, ჯაყო, ჭკუაში წარმოიდგინე.

- ჭკუაში მე კი არა გაქვს ღერძი, შენა გაქვს, შენა, შე ბრინკავ, შენა! შენი თავი ტრიალებს, თორემ დედამიწა ვინ დაგძრავს ადგილიდან! აი, აგრე ვიცის ბევრი წიგნის კითხვამა.

- ჯაყო! გაიგე, რომ...

- კარგი, მორჩი და გაგათავე! შენც გაგიჟდებოდე და საწყალი ჯაყოც გინდა გაგაგიჟო?! არ გინდა ჯაყოს შენი სწავლაი! "კჩორტუ" შენი ღერძიცა და ბუღლატერიაც! "კჩორტუ"! მორჩი და გაგათავე!

ჯაყოს სიბნელით და კერპობით გულნატკენი თეიმურაზი დახლში ჩადგა და ყოჩაღად დატრიალდა. მუშტარს თავაზიანად უხვდება:

- რა გ...გგნებავთ? რამდენი? ნავთი ეღირება თ...თთერთმეტი კაპეიკი... მარილი ღირს ერთი მ...მმანეთი და შვიდი შაური.

ღვინოს და არაყს მუშტარი ბლომად მოაწყდა.

- დ...დდალიეთ, თქვენ გენაცვალეთ, მ.. მიირთვით! ღმერთმა გ...გგადღეგრძელოთ. ალ...ლავერდი შენთან, თედო!

მსმელებს აჰყვა და აღიღინდა.

ავ...ვანთოთ შუშის ფაარნები,

ჰარიჰარალე-ე-ე-ე,

მოვძებნოთ ღვიიინის მარნები,

ჰარ...რიჰარალე-ე-ე-ე...

საღამო ჟამზე დუქანში ხუთიოდე გლეხი შემოვიდა.

- ნათლია, ჯაყოს დახლიდრად დაუდექი? - ჰკითხა ნინიკამ.

- მაშ რა ვქნა, ნინ...ნნიკა? უსაქმობას ისევ ეს სჯობია.

- რაღა ჯაყოს მიეშველე? - იკითხა ილამ. - განა ის კი არ ეყოფა ამ წურბელას, რაც სისხლი გამოგვწოვა?!

- შენი ოჯახიც მაგან შეჭამა და ეხლაც დახლიდრად დაგიყენა, განა! - დაუმატა თედომ.

- მოვ...ვვისაზროთ, ყმაწვილებო, მოვ...ვვიფიქროთ.

და ჯაყოს დახლიდარმა ახალგაზრდა გლეხებს თვისი მდგომარეობა განუმარტა.

- ვიცით, ჩვენც კარგად ვიცით. - უპასუხა ნინიკამ. - საცაა კააპერატივი უნდა გავხსნათ. ჩვენ კაცი არა გვყავს, შენ კი ჯაყოს მიემხრე.

- ჰაზირ ჩვენ გვიშველო, შე კაი კაცო!

- ალბათ ჯერ არ იცნობს ჯაყოსა, თორემ მხარს არ მისცემდა.

- ჯაყო წინანდელ ჩარჩზე უარესია. - წამოაძახა ნინიკამ. - რაღა მე გიამბო, შენც იცნობ მაგ ჰარამზადას. ჯერ იყო და შენი ტყე მუქთად ჩაიგდო ხელში.

- ვიცი, ნინიკა, ვიცი.

- გიშველა ღმერთმა, თუ იცი! მერმე იყო და, სოფელი აიკლო. შენ რომ ქალაქში იყავი და არაფერს ჰხედავდი, ეგ კაცი ჩვენ ტყავს გვაძრობდა. აღარაფერი შეგვარჩინა. საქონელს იტაცებდა, ღალას ორჯერ და სამჯერ გვახდევინებდა, ქალებს ნამუსს ჰხდიდა, გვცემდა და შენი შემოსავლის ნახევარს იჯიბავდა.

- ჩემი ბრალია, ძმებოჯან, ჩემი! თქვენს საჩივარს დროზე ყური ვერ დავუგდე და არ მოგ...გგაშორეთ.

- გიშველა ღმერთმა, ეგეც გცოდნია. მერე იყო და, ყველაზე კარგი მიწები მაგან დაიჩემა. ბოლოს ხომ ისე წაიყვანა საქმე, რომ შენი სახლ-კარი და ბაღიც დაისაკუთრა.

ერთმანეთს აღარ აცლიდნენ, ჰაერში მუშტებს იქნევდნენ და ბრაზიან დორბლებს ჰყრიდნენ:

- მამა ჩემი იმ ვენახში დაბერდა და ჯაყო კი ზედ დააჯდა? სამართალი სად არის? - ჰღელავდა ნინიკა.

- ჩვენ ავაშენეთ შენობები და შიგ კი ჯაყო ჩასახლდა?! რათაო? რითვინაო?

- მაგას თავი დაანებე, თეიმურაზის სახლის მორთულობაც რომ დაიჩემა, ეს რაღა არის?!

- მაშა, შენ ეგა თქვი, და! ისე იეშმაკა, ვითომ სახლი ყაჩაღებმა გაჰქურდეს, ნამდვილად კი თვითონ დაიტაცა ყველაფერი და შენი სიმდიდრე ისევ ჩვენს დაჩაგვრას მოახმარა.

- ჩვენ რომ ტიტვლები და მშივრები დავდიოდით, მაგას სახლი სავსე ჰქონდა ჩითით და საქონლით. ერთ არშინ ჩითში ერთ ფუთ ხორბალს გვართმევდა.

- რაღა გვართმევდა, ახლაც აგრე არა სჩადის?

- იმიტომ კი არ გავყარეთ თავადები და ბურჯუები, რომ ახალი ბატონი დაგვესვა კისერზედა?!

- მერმე, რატ...ტტომ აქამდის არ ალაგმეთ ეგ კაცი? - იკითხა თეიმურაზმა.

- იმიტომა, რომა მთელი სოფელი ხელში ჰყავს. გაიძახიან, ბევრი სიკეთე გვიყოო. გაჭირვებაშიც ხელს გვიმართავსო.

- აღარ გვინდა მაგის სიკეთე! ქარისა არც მოტანილი გვინდა, არც გატანილი.

- ცოტა ხანიც მოიცადოს და ჰნახავს. იმ სახლს ჩამოვართმევთ და სკოლას გავხსნით.

- ამ დუქანსაც დავუკეტავთ.

- ი სახლის მოწყობილებას და სიმდიდრესაც ადგილს ვუპოვნით.

- ი ბაღ-ვენახსაც სხვები ჯაყოზე კარგად მოუვლიან.

ბოლოს, თეიმურაზს პირდაპირ ჰკითხეს:

- სკოლის და კაპერატივის საქმეში დაგვეხმარები?

თეიმურაზი შეყოყმანდა:

- მოვ..ვვიფიქრებ, მოვ...ვვიფიქრებ.

- რაღა ფიქრი გინდა, შე კაი კაცო!

- უნდა მოვ...ვვიფიქრო, ნუ დამაჩქარებთ.

- მაშ კარგი, მოიფიქროს.

- მოიფიქრე, მაგრამ ე ჯაყოს თავი დაანებე, თორემა...

და ყაყანით, მუქარით და ქადილით წავიდნენ.

ერთი საათის შემდეგ ჯაყომ თავისივე ზურგით ჩაუტანა თეიმურაზს ლოგინი, დაჟანგებული დამბაჩა, ხანჯალი, ძველი საეკლესიო წიგნები, ლექსიკონი, გერბარიუმი და ქინძისთავებზე მწერთა და ბუზთა კოლლექცია. ჩაუტანა და დარიგება მისცა:

- როცა მუშტარი არ ვიქნებოდე, ეს წიგნები წაიკითხებდე, არ მოგწყინდებოდეს.

თეიმურაზმა გაიკვირვა:

- ლ...ლლოგინი რაღათ მინდა?

- მაშ, მაშა! - განუმარტა ჯაყომ. - მაშ დუქანი უპატრონოდ ხომ არ დარჩები?!

ეს ამბავი თეიმურაზმა წინდაწინვე არ გაზომა. თეიმურაზი მთელი დღე დახლში უნდა მდგარიყო: ღამ-ღამობით კი მაინც აპირებდა მარგოს ნახვას და... ზანზიბარზე ზრუნვას, მაგრამ საქმის გამოტრიალება გვიან-ღა იყო.

- ეს დამბაჩა გატენილი ვიქნებოდი. თუ ყაჩაღი მოხვიდე, შენ ბანზე ავიდოდე და გაისროლებდე. ჯაყოც მაშინვე აქ გაჩნდები და იმ ყაჩაღებს დედას გიტირებ, მაშ, მაშა! დედას გიტირებ, დედასა!

თეიმურაზმა ამოიოხრა:

- კეთილი, მ...მმაგრამ... გიბამ ან ქეშელამ დაიძინონ დუქანში.

- გიბას და ქეშელას თავისი საქმე გაქვს, დუქნისთვის არ გცალიან. აბა, ეხლა ნავაჭრი გაჩვენე.

თეიმურაზმა დავთრები გადმოალაგა.

- გ...გგავყიდე ათი გირვანქა ნავთი. ეს ექვსი აბაზი. ორი ფუთი მ...მმარილი. ეს ორი მანეთი და თოთხმეტი შაური...

სულ იმ დღის ნავაჭრი სამ თუმნამდე შესდგა. - ...გგაყიდული საქონელი აი ამ წიგნში ჩავწერე, ნავაჭრი ფული კი დღიურ კკასაში ჩავიტანე. ამ წიგნში ჩაწერილია...

ჯაყოს მოთმინება გამოელია:

- შენ ფული მოგეცი ჯაყოსა, თორემა საცა გინდებოდე, იქ ჩაგწერდე.

- კეთილი, მაგრამ ბ...ბბუღჰალტერია?..

- ბუღლატერია შენთვის შეინახე, მე რა ოხრად გინდა ბუღლატერია!

ჯაყომ ფული ჯიბეში ჩაიდო და დაღონებული თეიმურაზი ერთხელ კიდევ დაარიგა:

- ბანზე ავიდოდე და დამბაჩას გესროდე. მეც მაშინვე აქ გაჩნდები და იმ ყაჩაღებს დედას გიტირებ, მაშა! ღამე ნუ წაიკითხებდი, ნავთი ტყვილად დაიწვებოდი და თვალებიც გეტკინებოდი. შენ ნუ შეგეშინდების, ჯაყო ახლო ვიქნები, მაშ, მაშა!

დარიგებას ნუგეშიც დააყოლა:

- შენ კარგად ივაჭრებდე, დანარჩენი კი ჯაყომ ვიცის. კარგი მოგება მოგცემ ჯაყოი. როცა ქეშელა ან გიბა მოიცლი, დუქანში ჩადგები, შენ კი მარგოს სანახავად მოხვიდოდე. საწმელი ბრინკა მოგიტანდე. აბა, ყოჩაღათ იქნებოდე!

თეიმურაზი მარტოდ დარჩა. დუქნის დირეზე ჩამოჯდა და ჩაფიქრდა.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — მიხეილ ჯავახიშვილი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.