– III –
ერთხელ ჯაყომ თეიმურაზს ჰკითხა:
- ბრინკა, სამსახური იშოვნე?
- მართლა, სამსახური, დ...დდამავიწყდა.
მეორე დღესვე თეიმურაზი სიცხე-პაპანაქებაში გორის გზას დაადგა და საღამოზე ლასლასით ძლივს ჩავიდა.
მესამე დღეს ნახუცარ ივანეს ურემს ჩამოეკონწიალა და უკანვე წამოვიდა.
ივანემ და თეიმურაზმა იმ გზასავით გრძელი ბაასი გააბეს, კვლავ ახალი მოიგონეს, ერთმანერთს შეადარეს და მომავალში შეიხედეს.
- ვიღუპებით, - კვნესით სთქვა თეიმურაზმა.
- ვშენდებით. - ნუგეშიანად უპასუხა ივანემ. - ქართული სული და კულტურა მხოლოდ ეხლა იღვიძებენ.
- ხა-ხა! - გესლით ჩაიხითხითა თეიმურაზმა. - ქართული სული! ქართული კულტურა! ქართული სული ზღაპარია, ქართული კულტურა ჭორია! ერთი სული მხოლოდ ერთს მთლიან ერს აქვს, ქართველობა კი, როგორც ფსიქიური და ეროვნული ერთეული, არ არსებობს. აბა, დააკვირდი, რა აქვთ საერთო ქართლელსა და მეგრელს, კახელსა და ქვემო იმერელს, ხევსურსა და გ...გგურულს? დომხალივით არეულან არიელი და სემიტი, აზია და ევროპა, სლავი თუ თურანი, სპარსელი თუ ურია, თურქმენი, ავღანელი, ლეკი და თათარი. ვისი სისხლი არ გვიდგა ძარღვებში, ვისი სული არ გვიტრიალებს სასულეში?!
- მერე რაო? რომელმა ხალხმა შეინახა აურევნელად თვისი სისხლი და სული? დღევანდელ ბერძნებს სლავიური სისხლი უფრო მეტი აქვთ, ვიდრე ელინური.
- სწორედ იმიტომ ჰგვანან ძველს ელინებს, არა? ხა-ხა! თავით-ფეხებამდე ლევანტიელები არიან. ოდესღაც ჯიშიანი მერანი უჯიშო ჯორცხენად გადაიქცა. ათ სისხლიან მეტისს არც წარსული აქვს, არც მომავალი. ელლინთა გენიალობამ თვისი თავი მოიჭამა და კაცობრიობისთვის უკვე დაიშრიტა. იგი მოკვდა.
- ერი უკვდავია.
- უკვდავია მხოლოდ მეტაფიზიკური ბოდვა, დრო და მისტიური ზღაპარი. ეხლა უკვდავება შეყვარებულ სტუდენტსაც აღარ სჯერა. რაღა შორს წავიდეთ. აქვე, ჩვენივე გვერდით, წინა აზიის გულში სამუდამოდ აღიგავა დედამიწის ზურგიდან და კაცობრიობის ხსოვნიდან ასიოდე ერი, შეიძლება ორასიც და ხ...ხუთასიც. ისტორიამ მათი სახელებიც კი არ იცის. ან გაიხსენე განსვენებული ფინიკეთი, კართაღენი, ეგვიპტე, აცტეკები, ინკები, ასურეთი, ბაბილონი, ამორეველნი და ქალდეველნი, თუნდ ურარტელნი ან ალაროდნი. ან სუმერიელნი, ხეტნი და ასნი და ათასნი მათნი ნათესავნი, წინაპარნი და მეზობელნი. ყველანი დრომ შ... შესჭამა და მოინელა, ხოლო დროს წინაშე უკვდავი არაფერია. მასთან შედარებით ღმერთიც კი უძლურია. ჩვენც იმ გადაშენებულთა ბედი მოგ...გველის.
- თუ აგრეა, მაგისთანა ბედი ყველას მოელის.
- მართალია, მაგრამ ჩვენ ხვალ ან ზეგ უკუნეთს უნდა ჩავბარდეთ, ზოგნი კი მხ...მხოლოდ გუშინ დაიბადნენ.
- თუნდ აგრეც იყოს. ჩვენ წავალთ, კაცობრიობა კი დარჩება.
- კაცობრიობა! კაცობრიობა! - წამოიძახა თეიმურაზმა. - ისე ახირებულხარ, თითქო კაცობრიობა მართლა არსებობდეს! ერთი ამბავი მაგ...გგონდება. ოციოდე წლის წინათ გენერალმა ალიხანოვმა გურია დაანგრია და გადაჰბუგა. იმავ ხანებში საფრანგეთში ერთი მაღარო ჩამოინგრა და ასიოდე კაცი გასჭყლიტა. გორელებმა წარმოდგენა გაჰმართეს და ორმოციოდე თუმანი იმ მუშების ქ...ქქვრივ-ობლებს გაუგზავნეს. გორელებს ვკითხე, გურულებს რამდენი გაუგზავნეთ მეთქი? არაფერიო. გურულებსაც ვკითხე, ფრანგებმა რა დახმარება მოგცეს მეთქი? არაფერიო. იმ ფრანგებსაც რომ ჰკითხო, ჩვენი წვლილი რომ მიუვიდათ, ს...საქართველო სად არისო, ან სამხრეთ აფრიკას დაატაკებენ თითს, ან კიდევ რომელიმე ტროპიკულ კუნძულს!.. არა, ჩემო ივანე, კაცობრიობა და ჩვენ ერთმანერთის ნათესავები არა ვართ. მილიარდერს მორგანს, ან გენიოსს ედისონს ასი-ორასი მილიონი კაცი იცნობს, ისინი კი ათასსაც არ იცნობენ. ასე ვიცნობთ ერთმანერთს ჩვენც - ქართველები და კაცობრიობა.
- თეიმურ, განა ცხადი არ არის, რომ კაცობრიობის კეთილდღეობით ჩვენი ხალხიც მოიგებს?
- ცხადია, ცხადზედ ცხადია! მოვ...ვვიგებთ. უეჭველად მოვიგებთ, თუ ამერიკელებმა და ფრანგებმა თავიანთ გატენილ ჯიბეს ჩვენი გახვრეტილი ჯიბე შეუერთეს და მერმე ორივე ჯიბის ქონება შუაზე გაგვიყვეს. ოღონდაც, რომ ჩემთვის ხელსაყრელია მორგანთან გაამხანაგება, ჩვენი ქონების გაერთიანება და მერმე მისი განაწილება!
- ვინც კაცობრიობისთვის მუშაობს, ის თავის ქვეყნისთვისაც მუშაობს.
- არც ეგ არის მართალი. ყველანი თავისთვის ცხოვრობენ, მხოლოდ რუსები და ქართველები ზრუნავენ სხვებისთვის. მე რომ ჩემი სიყვარული და ენერგია მთელ კაცობრიობას გავუნაწილო, ჩემს ძმას ერთი მემილიარდედიც არ ერგება. მე კი გეუბნები, ივანე, რომ ვინც თავის ძმისთვის მუშაობს, ის კაცობრიობისთვისაც მუშაობს მეთქი.
- ვთქვათ, შენ მართალი ხარ, მერმე, რატომ შენ აღარ მუშაობ ქართულ კულტურისთვის?
- ჰმ! ემსახურე ქართულ კულტურას! - გულაჩუყებულ ბავშვის კილოთი წამოიძახა თეიმურაზმა. - ისე ადვილად ლაპარაკობ, თითქო ჯაყოს ხიზანს კულტურის სამსახური შეეძლოს.
- ნუ მოიყვანდი საქმეს ჯაყომდე. თავიდანვე უნდა თადარიგი დაგეჭირა.
- ეჰ, შე დალოცვილო! დ... დაგიჟინია თადარიგის დაჭერა. რატომ შენ თვითონ არ დაიჭირე თადარიგი? რა გინდოდა, მღვდლად რომ შეხვედი? შენ მაინც დროზე უშველე შენს თავს, მე კი - დ...დდავიგვიანე. ეს არის განსხვავება, მეტი ხომ არაფერი?
- განსხვავება დიდია, ჩემო თეიმურ, ძალიან დიდი. მე ეკლესიის მსახურებას მოვწყდი და ხალხს დავუბრუნდი, შენ კი ძველსაც მოსწყდი და ახალსაც ვერ შეურიგდი.
მცირე ხნით დუმილი ჩამოვარდა.
- ქართველ ერსა და ქართულ კულტურაზე ვლაპარაკობდით. - გაიხსენა ბაასის სათავე თეიმურაზმა. - საიდან და როგორ უნდა შექმნილიყო ერთიანი ქართველი ერი და კულტურა?! ორი ათასი წელიწადი მაინც იქნება, რაც ამერეთ-იმერეთი ერთ ნაჭერ მიწაზე ვსცხოვრობთ. ერთად კი, ერთიან სახელმწიფოებრივ და ეროვნულ შენობაში ორასი წელიწადიც არ გვიცხოვრნია. ერთმანერთს ჭირიანებივით გავურბოდით და ისე ვერიდებოდით, თითქო სხვადასხვა ტომისა და სისხლისანი ვყოფილიყავით. მუდმივ ცალ-ცალკე ვიღუპებოდით და ცალ-ცალკე ვშენდებოდით. საქართველო ყოველთვის ორპირი ან სამპირი იყო. ერთი რომ აღმოსავლეთისკენ ჰქონდა მიღრეცილი, მეორე დასავლეთისკენ იხედებოდა, მესამე კი ან სამხრეთისკენ ჰქონდა მიბრუნებული, ან ჩრდილოეთისკენ. ეროვნული ნებისყოფაც და ენერგიაც ასე დაგვეფანტა.
- ეხლა ხომ გაერთიანებული ვართ, შენც შეები საერთო უღელში და შენი წილი გასწიე. თუ სულიერ კულტურას ჩამორჩი, ქონებრივს მაინც დააწვებოდი.
- კაცო, ივანე, მე რა მოსატანი ვარ? მე დავიღუპები თუ ავშენდები, ქართველ ხალხს არც ევნება, არც შეერგება.
- აბა მაგას როგორ ამბობ, თეიმურ? ხალხი შენისთანა უჯრედებისგან შესდგება.
- მართალია, მაგრამ გავაფართოვოთ მსჯელობის ფარგალი. ერთი მითხარი, თავის ხასიათით და სულიერ აგებულებით ქართველი ხალხი დემოკრატია თუ არისტოკრატი?
- ვისაც ვუცნივართ, არისტოკრატებში ჩაურიცხივართ.
- გიშველა ღმერთმა! მაშ ცხადია, რომ ქართველი ხალხი საშინელ ძალას ატანს და ამახინჯებს თავის თავს. ერთი გამაგებინე, როგორ მოხდა ასეთი უცნაური სასწაული: ზნე-ჩვეულებით, სულითა და სისხლით არისტოკრატმა ქართველმა როგორ მოახერხა დამყარება უდემოკრატიულეს რესპუბლიკისა? ხომ გახსოვს, რამდენიმე წლის წინათ მთელი ქვეყანა რომ შევსძარით რიხიან ყვირილით და ბაქიობით: მოდით, გვნახეთ და ჩვენგან ისწავლეთ ნამდვილი დ...დემოკრატიული რესპუბლიკის აშენება და ნამდვილი ხალხოსნური წესრიგიო?! შუა აზიაში მეორე შვეიცარიის შექმნა განვიზრახეთ. ხა-ხა! სასაცილოა. მაგრამ სატირალიც არის ეს ამბავი, ჩემო ივანე. იგი ცხადად ამტკიცებს ჩვენს ფლიდურს, ორპირსა და ორგულ ბუნებას. ეს იყო ყირამალა დგომა და საკუთარ ქერქიდან ამოხტომა. ჩვენ ჩვენს თავსაც ვატყუებდით და ქ...ქქვეყანასაც. ესეც ჩვენი კუდაბზიკურ-აზნაურული მაიმუნობა გახლავთ. ბოლოს-და-ბოლოს, საქ...ქართველოს ეს მაიმუნობა დაჰღუპავს, თუ დროზე არ ვუშველით ჩვენს თავს. წამბაძველობის ნიჭი, ჩემო ივანე, უუდიდესი საჩუქარია, მაგრამ ღმერთმა გადააჭარბა: ჭკუა დაგვაკლო და წაბაძვის ნიჭი ნაჭ...ჭარბევად მოგვცა. ჩვენც ამიტომ დავემსგავსეთ მაიმუნს. სადაც არ გვყოფნის საკუთვარი ჭკუა, მხნეობა, გამძლეობა და ნებისყოფა, იქ უცხოელთა წაბაძვით ვლამობთ ფონის გასვლას და ლელოს გატანას. უწინაც ეგრე იყო. ისტორიაში განმეორების მეტი არაფერია. დღევანდელი დღე წარსულის მეათე თუ მეასე შენიშვნაა - არც მეტი, არც ნაკლები.
ივანემ კვლავ გაიცინა.
- შენ იცინი, მე კი ცრემლი მომდის. - განაგრძო თეიმურაზმა. - ჩვენს აზნაურობაზედ მოგახსენებდი. ყველანი ბუნებითვე აზნაურები ვიყავით, ვართ და დავრჩით. ყველა შრომას გ...გგაურბის და მინისტრობას და კომისრობას ეტანება. მთელი საქართველო სამსახურს ეძებს. მილიცია, კანცელარია, თვეში ხუთი ან ათი თუმანი ჯამაგირი, ერთი სიტყვით - სამსახური, ისევ სამსახური და მუდამ სამსახური, - აი ჩვენი საქმე და იდეალი.
- ვაიმე, ჩემო თეიმურ, - გააწყვეტინა ივანემ, - შენ ამ ქვეყნისა აღარ ჰყოფილხარ. შე კაი კაცო, თუ აქამდის არ იცნობდი ჩვენს მშრომელ ხალხს, ეხლა მაინც დააკვირდი. ამბობ, ჩვენი ხალხი შრომას გაურბისო. შენ რომ შუა ძილში ხარ შესული, მთელი სოფელი მინდორშია გაკრეფილი. ჩვენ დილის ოთხი საათიდან საღამოს ცხრა საათამდე ვმუშაობთ. მერმე როგორ! ძვლებს ვიმტვრევთ, ძარღვებს ვიწყვეტავთ და სამად ვიკეცებით.
- ზამთარში კი ისვენებთ.
ეგეც ტყუილია. ზამთარშიც კი კამეჩივით შევებმევით ხოლმე ურემში და ტყეში დავდივართ, სხვა ჩვენ მაგივრად იმ ყინვაში და თოვლში ერთ საათსაც ვერ გასძლებდა. ჩვენი გლეხისთვის ეს ცხოვრება მუშაობა კი არ არის, არამედ განუწყვეტელი წამებაა. შენ კი ამბობ, შრომა გვეჯავრებაო. ჩვენ შრომას კი არ გავურბით, უნაყოფო წამებას ვერიდებით, მართალია, სამსახურს ძალიან ვეტანებით, მაგრამ ამასაც აქვს მიზეზები.
- რა თქმა უნდა, ამასაც თვისი მ...მიზეზები აქვს. მაგრამ უბედურება ის არის, რომ ბედმა ჩვენს ბუნებას არ დააცალა, რათა მას თავისი გაეტანა, და ისეთი ქურქი ჩაგვაცვა, რომელიც ჩვენს ხასიათს არ უხდება. ამ მძიმე ქურქის ზიდვაში მალე დავილევით და დავვარდებით, ვ...ვინაიდან ეს ქურქი ჩვენს აზნაურულ მხარ-ბეჭზე არ არის გ...გამოჭრილი.
- ვითომ აგრე ღრმად გვაქვს აზნაურობა გამჯდარი?
- ქეჩოდან მოყოლებული ფეხის ფრჩხილებამდე აზნაურები ვართ. შრომის სიძულვილზე ხომ მოგ...გახსენე. ორიოდესაც გეტყვი. სხვების მდიდარნი სიმდიდრეს ჰმალავენ, ჩვენებური კუდაბზიკები კი ისე იცვამენ და იბერებიან, თითქო ქვეყნის ნახევარი მათი იყოსო, ხოლო თუ მათი ავლადიდება გასჩხრიკე, ხელში შეგ...გგრჩება ორი დღის უჭმელობით გამხმარი კუჭი და სამგან გახვრეტილი ჯიბე. უკეთეს მაგალითსაც მ...მოგახსენებ. დააკვირდი: ჩვენში ყველანი მათხოვრობენ, გარდა ქართველებისა. ჩვენები შიმშილით იხოცებიან, მაგრამ იმდენად ამაყნი და ამპარტავნები არიან, რომ მათხოვრობას არ იკადრებენ და ქუჩაში ხელს არ გაიშ...შვერენ. ამიტომ არის, რომ ქართველებმა ასე მოუხ...ხშირეს თავის მოკვლას, ცარცვა-გლეჯას და ასნაირ ოინბაზობას. კიდევ გინდა მაგალითი? მოგახსენებ: ქართველს სულივით უყვარს ფული, მაგრამ უძირო სიძულვილით სძულს და ეზიზღება ფულიანი კაცი, ესე იგი ფულის შოვნის ხერხი, ესე იგი ვაჭრობა და მრეწველობა. ხოლო ვაჭრობისთვის და მრეწველობისთვის საჭიროა დიდი თაოსნობა, გარჯა და მომჭირნეობა, ესე იგი ორის შოვნა და ერთის დახარჯვა, ესე იგი თავდაჭერილი, დინჯი და ანგარიშიანი ცხოვრება, სულისა და ხორცის დისციპლინა, ესე იგი შრომა და ნებისყოფა.
- ისევ შრომა!
- ჰო, შრომა, ისევ შრომა და შრომა! შრომა ახალი დროის ახალი სარწმუნოებაა, ახალი რელიგია, ქრისტიანობაზე უფრო მძლავრი, უფრო საჭირო და სასარგებლო. ვინც ეს გაიგო და მას ხორცი შეასხა, გამარჯვებულია. ვინც ვერ მოერია, - დაღუპულია. ჩვენთვის კი შრომა მხოლოდ უუმძიმესი ტვირთია, ღვთის წყევლაა. აი, თურმე სად ყოფილა ჩამარხული ძ...ძაღლის თავი! აი, თურმე რა გვკლებია. - შრომა და ნების-ყო-ფა, ესე იგი კულტურა! ჩვენს მამა-პაპებსაც სძულდათ ფულიანი ხალხი. მეცხრამეტე საუკუნის მწერლობაც ასეთი ზიზღით და შხამით არის სავსე. გაიხსენე, როგორ გაამასხარეს ვაჭარი გიორგი ერისთავმა, ცაგარელმა, ანტონოვმა და ასმა სხვა მწერალმა. გინდა გაიგო ღრმა მიზეზი ასეთი სიძულვილისა? ინებე: ადამიანს სძულს ყოველივე, რაც არ ეხერხება და არ ძალუძს, ესე იგი, მას ეზიზღება საკუთარი თავის უძლურება, უმწეობა და ჩამორჩენა! მორჩა და გათავდა! ამიტომ მოხდა, რომ ფულიანების მახვილს ჩვენ დავუპირდაპირეთ ჩვენი აზნაურული ფარი, - დენდობა და რაინდობა, ესე იგი ფუქსავატი ცხოვრება, მფლანგველობა, ყოყოჩობა, კუდაბზიკობა, ნებამოშლილ ადამიანის უძლური ამპარტავნება და ღატაკის ჭექა-ქუხილი.
- აი, გიშველა ღმერთმა! - წამოიძახა ივანემ. - ძლივს არა სთქვი სიმართლე?! ჩვენც მანდა ვართ და სწორედ მაგას ვებრძვით: აღარ გვინდა ფუქსავატები, მფლანგველები, ყოყოჩები, კუდაბზიკები და ამპარტავნები. ვინც მუშაობს, იმას არც კუდაბზიკობისთვის სცალიან, არც ქეიფისთვის.
- მერმე, რა გამოვიდა ამ ბრძოლიდან?
- თეიმურ, დროებითსა და მუდმივს ერთმანერთში ნუ აურევ. თუ ჯერ-ჯერობით ბევრი არაფერი გამოვიდა, ხვალ და ზეგ გამოვა. ორ დღეში სოფელი არავის აუშენებია. დაე ყველამ ერთმანერთს მხარი მივცეთ, ცოტა კიდევ მოვითმინოთ, და როცა მთელ ქვეყანას გადავებმევით, ცვლილება ერთ წელიწადში დაგვეტყობა. შენ მოთმინება და გამძლეობა გაკლია, ჩემო თეიმურ, ამიტომ სტოკავ და შფოთავ.
- რა გაკეთდა მეთქი?
- ძალიან ბევრი. მიიხედ-მოიხედე. შარშან არხი გავიყვანეთ და ათასი დღიური მოვრწყეთ. ახლო-მახლო ათიოდე სკოლა გავხსენით, კოოპერატივები დავაარსეთ, ჩარჩები მოვიშორეთ, აგრონომები მოვიწვიეთ, ხალხს წერა-კითხვას ვასწავლით. ორი თვის შემდეგ ნაშინდარშიც გაიხსნება სკოლა და კოოპერატივი. ერთი სიტყვით, ჩვენი მოსისხლე მტრებიც კი აღიარებენ, რომ ყველგან მუშაობა სდუღს და გადმოდის.
- ეგ მართალია, ძალიან მუშაობთ, მაგრამ ეგ არის დანგრევის მუშაობა. ერთს რომ ააშენებთ, ორი ინგრევა. კოოპერატივი კი ქვეყანას ვერ ააშენებს.
- თეიმურაზ, ბრმას რამდენიც უნდა ეჩიჩინო, თეთრს შავისგან მაინც ვერ გაარჩევს. ტყუილია ჩვენი ლაპარაკი.
- მეც აგრე მგონია. ორივეს ერთმანერთი ბრმები გვგონია. მე მკაფიოდ ვხედავ ჩვენს დაქვეითებას, შენ კი მეუბნები, ოდესმე ყველაფერი გასწორდებაო. სანამ პავლე მოვიდა, პეტრეს ტყავი გააძრესო. ამიტომ გეუბნები, ჩემო ივანე, რომ ქართველ ხალხს მალე გაანახევრებს მეთქი სიღარიბე და მასზე ამოსული შიმშილი, ჭლექი, ათაშანგი, სურავანდი და ათასი სხვა ჭირი და ვარამი.
- ინტელიგენცია იმისთვის არის გაჩენილი, რომ დაიცვას ხალხი სენისგან და უმეცრებისგან.
თეიმურაზი წამოვარდა და ჭალს დაეჭიდა:
- ნუ გამახსენებ ქართველ ინტელიგენტს, ნუ! - ბრაზით წამოიძახა ხევისთავმა. - თუ რამ ავი დაგვემართა, ისევ ინტელიგენციის წყალობით გვერგო. თევზი თავიდან აყროლდებაო, - ასე დაგვემართა ჩვენც. ვისაც მეტი ერგო, მეტიც მოეთხოვება. ჩვენ სათავეში მოვექეცით ხალხს. ლხინში წინ მივუძღოდით, ჭირში კი კუდში ძლივს მივდევდით.
- მაგალითები?
- ათასი. თუნდ ერთს დავასახელებ. მეგობარი ჭირში გამოიცდებისო. ჭირი კი მრავალჯერ გვეწვია. სამ წელიწადში საქართველომ რამდენიმე ომი მოიხადა. რომ გამოჰკითხო, ოცი ათასი მაინც ჩაეწერება ინტელიგენციაში. ეხლა მითხარი, რამდენმა ინტელიგენტმა გასწირა თავი იმ ომებში, რამდენმა წინმავალმა უჩვენა მაგალითი უკანმავალს? სთქვი, მითხარი, რამდენმა მოიხადა მეთქი თვისი ვალი იმ ომებში?
- ასიოდემ?
- გიშველა ღმერთმა? ეგეც ბევრია. მე კი გეტყვი: მსოფლიო ომის დროს ფრანგებს მოუკლეს შვიდასი მწერალი. დანარჩენი შენ იანგარიშე და მითხარი; რა იმედი უნდა ჰქონდეს ხალხს ისეთი ბელადისა, რომელიც ყველაზე ადრე გარბის ბრძოლის ველიდან, ან სულაც არ გადის იმ ველზე?! ან რა უფლება აქვს ასეთ ბელადს თვისი ჯარი საყვედურით გაავსოს?! არავითარი. კანონი და სამართალი რომ იყოს, ხალხმა თავისი ბელადები სამართალში უნდა მისცეს.
- ისტორია გაასამართლებს.
- ოღონდაც, ოღონდაც! მე მრწამს მისი პირუთვნელი განაჩენი. ისტორიის სიტყვა ცხელი შანთით დასდაღავს ჩვენს დამპალ თაობას. ახიც იქნება ჩვენზე, ახი!
- შენზე რას იტყვი, თეიმურ, შენზე! - ჩემზე? სხვას რომ ათი მოხვდეს, მე ასიც არ მეყოფა, აი ამას ვიტყვი. თუ ვინმე ჩემზე პირნათელია, პირველი ქვა იმან მესროლოს. მე მზათა ვარ განაჩენისთვის.
- გამაგრდი, თეიმურ, თორემ ურწმუნოების და ეჭვის ჭია შეგჭამს.
- ოღონდაც! ოღონდაც, შემჭამს! ნეტარ არიან მორწმუნენი. რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა. მე კი ამ ჭ...ჭჭიებმა შემჭამეს და გამათავეს. მაგრამ კიდევ ერთი დიდი ჭია მიღრღნის სულსა და გულს.
- რომელი ჭია, თეიმურაზ?
- მოგ...გგახსენებ, ჩემო ივანე, ეს მარქსისტები სხვაგან რომ სცდებოდნენ, ერთგან მაინც ცამდე მ...მართალნი არიან. ამბობენ: სულიერი, ეროვნული და ყოველგვარი კულტურა ქონებრივ კულტურის ზედნაშენიაო. კეთილი და პატიოსანი. აბა, გავყვეთ ბოლომდის ამ ჭეშმარიტებას. გეკითხები, შეუძლიან თუ არა ქართველს ქონებრივ კულტურის შ...შშექმნა? შეუძლიან თუ არა ორი იშოვნოს და ერთი დახარჯოს, ის მეორე კი დაატრიალოს და კიდევ ერთი მოაგებინოს, ან შეინახოს? შეუძლიან თუ არა მიწის ნაყოფს მ...მოუმატოს, ქვესკნელიდან სასარგებლო მასალა ამოიღოს, შრომით წელი მოიწყვიტოს და გამდიდრდეს? გეკითხები, შეუძლიან თუ არა მას გაამრავლოს თვისი ქონებრივი სიმდიდრე, რომელზედაც უნდა აშენდეს ჩვენი გონებრივი, სულიერი და ზნეობრივი კულტურა?
- რატომ არა, მიიხედ-მოიხედე და დაინახავ. ასი და ორასი წლის წინათ ხალხი უნიფხოდ დადიოდა, ეხლა კი ერეკლე მეფეზე უკეთესად საქართველოში ათასი ოჯახი მაინც სცხოვრობს.
- ვთქვათ მართალია, მაგრამ ისიც საკითხავია, შევედრებით, ან დავეწევით ოდესმე ჩვენ ევროპიელებს?! ვერასოდეს! მაშ ტყუილი ყოფილა ჩ...ჩვენი ჭინთვა და პრანჭიობა. ჯერ ხეირიანი ფეხისალაგი ვერ აგვიშენებია, ჯერ მკბენარი ვერ მოგვიშორებია, ჯერ ათას ჭირისთვის და სახადისთვის თავი ვერ მოგვირიდებია, და ამავე დროს ისეთს დიდრონს ვ...ვვეჭიდებით, რომ ჩემი აზრი მას ვერც მისწვდომია და ვერც გაუზომია.
იმიტომ ვერ მისწვდომია, რომ ცალი თვალი დახუჭული გაქვს და გულში ჩვენი ხალხის უნდობლობის შხამი დაგიგუბებია. ამდენს ჩვენი ხალხი არასოდეს არ მუშაობდა.
- მართალია. მაგრამ მისი ნაოფლარი არსად არა სჩანს. არც ამდენი მშიერი გვყოლია.
- იმიტომ, რომ ფული გვაკლია.
- თუ ვმუშაობთ, ფულიც უნდა გვქონდეს. ფული კი იმას აკლია, ვინც არ მუშაობს.
- თეიმურაზ, მე შენისთანა ნასწავლი არა ვარ, მაგრამ ერთი ისეთი რამ ვიცი, რაც შენ არ იცი, ან იცი, მაგრამ არ გინდა გაიგო. სად გინახავს, რომ ხალხმა ასე ძირიან-ფესვიანად ამოაგდოს ძველი ქვეყანა და მეორე დღიდანვე გამდიდრდეს?
- ეგ საბუთი არ არის. მერვე წელიწადი მიდის.
- საფრანგეთის რევოლჲუცია ოცდახუთ წელიწადს გაგრძელდა.
- სამაგიეროდ ხალხმა ქონებრივად ხუთიოდე წელიწადში მოითქვა სული.
- საფრანგეთი მთელ ევროპას სცარცვავდა, ჩვენ კი მხოლოდ იმის ცდაში ვართ, რომ სხვებმა არ გაგვცარცვონ.
- მაგას თავი დავანებოთ. მე ისევ ჩვენი ხალხის შრომის უნარს ვუბრუნდები. ჩვენი ხალხი ორ ჯგუფად დავყავი. ერთნი დედ-მამას გაჰყიდიან განათლებისთვის და მძიმე მუშაობის თავიდან აცდენისთვის. მეორენიც ასე მოიქცევიან, ოღონდ მათ სკოლას და განათლებას ნუ გაახსენებ.
- რას დაიჩემე, შე კაი კაცო, ჩვენი ზარმაცობა? ჯერ ერთი, შრომას ყველა გაურბის, ვისაც კი შეუძლიან, მეორეც ისა, რომ ჩვენი ხალხი ციებ-ცხელებამ გასწყვიტა წელში. ციებ-ცხელებიანს კი იმდენი მუშაობა არ შეუძლიან, რამდენიც ჯანსაღს.
- ეგ მართალი სთქვი, ჩემო ივანე, მაგრამ საკითხს მეორე მხრიდანაც მოვუაროთ. გამაგებინე ასეთი მოვლენის მიზეზი: გ...გადაავლე თვალი ჩვენს მეურნეობას. იმერეთში ერთს ხეირიანად ნაშენებ მამულს ვერ იპოვნი. რაც არის, უცხოელების გაშენებულია. ამერეთში სამოცი წელიწადი სცხოვრობენ გერმანელები. ბაღებივით გაბბ..ბნეულან უდაბნოში. გარშემო ქართველები ახვევიათ. მერმე რა შეიძინეს გერმანელებისგან? არაფერი. სდგანან პირისპირ, როგორც ევროპა და აზია, როგორც ედემის ბაღი და უდაბნო, ღმერთკაცი და ველური. ნახევარი საუკუნეა, რაც ერთმანერთს შესცქერიან, მაგრამ ქართველმა გერმანელისგან ვერაფერი ვერ შეიძინა. ან სად ნახავ ასეთ მაგალითს: ჩვენი მთიელები ევროპაში უმაღლეს სკოლებს ამთავრებენ, მერმე კი ცხვარს დასდევენ მწყემსად. შენ ამას წინათ სიტყვა ატავიზმი იხმარე. აი კიდევ ერთი მაგალითი ჩვენი დაბრუნებისა ევროპიდან აზიისკენ.
- სამაგიეროდ იმერლებს აქვთ დაუშრეტელი წყურვილი განათლებისა.
- მართალია, მაგრამ განათლება მათ მხოლოდ იმისთვის უნდათ, რომ მძიმე სამუშაოს გაექცნენ და თავი შეაფარონ ადვილს ს...სსამსახურს - მილიციას, მოხელეობას და პოლიტიკას. მაშასადამე, არც ისინი ჰქმნიან ქონებრივ სიმდიდრეს. აი კიდევ ერთი პარადოქსი: განათლებული იმერეთი და... სიმინდის კულტურა! ერთხელ კიდევ გადაავლე თვალი ჩვენს ისტორიას. საქართველოს ისტორიის ეტლში ყოველთვის მხოლოდ ერთი მერანი იყო შებმული, მეორე კი განაპირებული იდგა. ესეც იმას ამტკიცებს, რომ ჩვენ ორნი ვართ და იმერ-ამერეთის გაერთიანებას ხუთიოდე საუკუნე მაინც დასჭირდება.
- ძალიან გაგშავებია ეგ სული, თეიმურ! ამოიგდე მეთქი გულიდან ეგ ნაღველი, თორემ შეგჭამს.
- აკი გითხარი, შემჭამა და გამათავა მეთქი. ჩემი განკურნება ძნელია. თვალებზე - შავი ბინდი, გულში - შავი ნაღველი და სულშიც - შავი ბურუსი, აი დღევანდელი თეიმურაზ ხევისთავი. ოოჰ, ღმერთო დიდებულო! ნეტა როდის დამიბრუნდება სულიერი მშვიდობა და სიხარული?!!
- მაშინ დაგიბრუნდება, როცა შენც ჩემსავით დაუბრუნდები ხალხს და ეზიარები იმის სულითა და გულით, იმის ჭირითა და სიხარულით, იმედითა და რწმენით. მე შენსავით განათლებული არა ვარ, ამიტომ ისტორიას და მეცნიერებას ვერ წავწვდები, მაგრამ ეს ცხოვრება შენზე კარგად მესმის. ვინც იგი არ მიიღო, ცხოვრებამ არც ის მიიღო, შენც არ იცი, რა გინდა და რას ეპოტინები. ქართველ ხალხისთვის სიკეთე გინდა, მაგრამ იმავე დროს სწყევლი და ცილსა სწამებ. აღარაფერი გწამს: არც ღმერთი, არც ეშმაკი, არც ხალხის შემოქმედების უნარი, არც მისი მომავალი და სიცოცხლე, შენ ხალხს შენის ოთახიდან ჰხედავდი. ჩვენი ხალხი რომ გცნობოდა, ასეთს ცილს არ დასწამებდი. შენ იმასაც ვერ ჰხედავ, რომ ძველი ლეშის მაგიერ ათასობით ამოვიდა ხალხის გულიდან ახალი მუხნარი. ეს მუხები დღითი-დღე იფურჩქნებიან და ძველ ჯაგნარის ალაგს იჭერენ. შენ კი ეს ახალი ბაღი უდაბნოდ მიგაჩნია. ნეტა ვიცოდე, რას იზამდი, რომ ხელისუფლება შენ ჩაგივარდეს ხელში? ყველა კარებს გააღებდი და ქართველ ხალხს უცხოელებს ყმებად დაუყენებდი. ზოგს უცხო ერს ძალიან ემტერები, მაგრამ შენც ძალაუნებურად მათი ერთგული მონა გახდებოდი.
- ეგ მართალი სთქვი.
- თუ ესეც მართალია, შენ რაღა შეგრჩა? რად შფოთავ, რად ჰბორგავ, მაშ რისთვის-ღა სწვალობ, რისთვის-ღა იკლავ თავს და სხვასაც არ აძლევ მოსვენებას? შეირიგე ეს ქვეყანა და გაათავე!
თეიმურაზი ჯერ ჩაფიქრდა, მერმე გაბზარულის ხმით სთქვა:
- მეც ძალიან დამტანჯა მაგ საკითხმა, ჩემო ივანე.
- მერმე, რა გადასწყვიტე. ურიგდები თუ არა დღევანდელ ცხოვრებას?
- შესწორებით და დამატებით.
ივანე კოფოზე მოტრიალდა. იმის ხმაში სიმტკიცე და ღრმა რწმენა მოისმა:
- არავითარი შესწორება, არავითარი დამატება, არც არავითარი გამონაკლისი! ან უნდა უარჰყო სავსებით, ან მიიღო და შეურიგდე ყველაფერს: ავსაც და კარგსაც, მზესაც და ჭუჭყსაც. ბნელსაც და ნათელსაც! უნდა მიიღო იგი უკლებლივ, მთლიანად, უეჭვოდ, გულღიად, გულწრფელად და სიყვარულით. დიაღ, გულწრფელად და სიყვარულით, თორემ ერთი წვეთი ეჭვი ისევ მოგიწამლავს სიცოცხლეს და დღევანდელივით დაგაბნელებს. სთქვი, ურიგდები თუ არა დღევანდელ საქართველოს ამ პირობებით?
- ივანე, ეგრე არ შეიძლება...
- გეუბნები, თუ რამ შეიძლება, მხოლოდ ასე შეიძლება: უკლებლად, დაუმატებლად და შეუსწორებლად. შეგიძლიან თუ არა ირწმუნო მეთქი ეს ქვეყანა?
- არ შ...შშემიძლიან.
- მაშ ისე მოკვდები, რომ მაგ შხამსა და გესლსაც საფლავში ჩაიტან.
- აგრე იყოს. ზოგზე იტყვიან, აღსრულდაო, ზოგზე - განისვენაო, ზოგზე - მოკვდაო. ჩემზე კი იტყვიან - ჩაძაღლდაო.
თეიმურაზი კიდევ დიდხანს დაჰხტოდა, ხელ-ფეხს იქნევდა, სჩიოდა, ჰბორგავდა და ყველას და ყოველივეს ჰგმობდა და სწყევლიდა: თავის გაჩენის დღეს და გამჩენსაც, აწმყოს და წარსულსაც, მომავალს და იმედსაც, ამ ქვეყანასაც, და ზეციურსაც; სწყევლიდა თეიმურაზი ყოველივეს, ჟინიან ბავშვივით ანჩხლობდა, ავადმყოფივით ჰკაპასობდა და ხრინწიანი ხმით გაჰკიოდა:
- ახია ჩვენზე, ახი!.. აგრე უნდა გასრესილს, აგრე! ეს ერთი და სხვა ათასი! ეს ერთი და სხვა ათასი!
შორიდან საძნე ურემი თვლებზე შემდგარ დიდ გალიას ჰგავდა. ხოლო ხელ-ფეხ აშლილი და აყვირებული თეიმურაზ ხევისთავი იმ გალიაში დამწყვდეულს, აჯანყებულ ტყვეს ემსგავსებოდა, რომელიც ძლივს დამშვიდდა, ურემზე მიწვა, თავი ჩაჰყო და მიიბნიდა.
უცებ იმ ტყვემ წამოიწია და დაიკნავლა:
- ერთი რამე კიდევ უნდა გითხრა, ივანე, წეღან დამავიწყდა.
- რა უნდა გეთქვა, თეიმურ?
- ისა რომ... ჩემი უუდიდესი და უმთავრესი უბედურება ის არის, რომ საქ...ქქართველოში დავიბადე.
- რაო? რა სთქვი?
- ღმერთმა თავიდანვე სასტიკად დამსაჯა მეთქი, როცა ქარ...რრთველად გამაჩინა.
სთქვა და მოშხამული თავი ისევ თივაში წაჰყო.
ივანემ პირი მიიბრუნა და პასუხის ნაცვლად დიდი დუჟი გადააფურთხა.