prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ჯაყოს ხიზნები — ნაწილი მესამე — თავი VII

მიხეილ ჯავახიშვილი · პროზა

– VII –

თეიმურაზს ის ღამე გაახსენდა, ჯაყომ რომ კიბეზე დააგორა და გონება-დახშული თეიმურაზი ლიახვისკენ გაიქცა. ეხლაც ეზო სწრაფად გადაჭრა და ორღობისკენ გასწია. დიდი ეზო სავსეა შეგირდებით. ჟივილ-ხივილით ავსებენ იქაურობას და თეიმურაზს ბუზებივით ეხვევიან. ხევისთავი ვერავის ვერ ჰხედავს და არც ჟრიამული ესმის.

ჯაყომ ბოსლიდან ხმა მისცა:

- თეიმურაზ, საით წახვიდოდე?

თეიმურაზს ჯაყოს ხმა ყრუდ მოესმა, მაგრამ არ მიიხედა და კედელს მიეფარა.

ისევ ლიახვისკენ მირბის თეიმურაზი.

წადი, თეიმურაზ ხევისთავო, წადი! წადი და გაათავე ეგ დამპალი სიცოცხლე! გაიქეცი და ლიახვში ჩაახრჩე ეგ მყრალი ძაღლი, რომელსაც განუყრელად დაათრევ მკერდით! გასწი, გაიქეცი! უკან ნუღარ მოიხედავ! სულ ერთია, ვეღარაფერს ვერ დაინახავ, იმედის სანთელიც კი გაგიქრა, მარგოს შენი ნახვაც კი ეზიზღება. მაშ სადღა უნდა წახვიდე?! ვისღა უნდა შეაბრალო და შეაკედლო ეგ ჭირიანი და ქვეყნისგან მოძულებული თავი?! ჩქარა! ჩქარა! გასწი! გაიქეცი! ლიახვისკენ! ლიახვისკენ!

მირბის თავჩაღუნული თეიმურაზი.

ორღობეში პირისპირ შეეჩეხა ნახუცარ ივანეს.

- ოოჰ, თეიმურაზ, შენა ხარ? მშვიდობაში შენი დაბრუნება! საით მიეჩქარები?

ივანეს ხმაში თეიმურაზს დაცინვის კილო მოელანდა. პირსახეში შეჰხედა და დააკვირდა. ივანე უცნაურად იღიმება.

- კაცო, გამარჯვება შენი! რა იყო, რა მოხდა? ...პასუხსაც არ მაძლევ?

თეიმურაზმა ცრემლით ამოიკნავლა:

- ნუ დ... დამცინი, ივანე!

- აბაიმე! - გაკვირვებით წამოიძახა ივანემ და თეიმურაზს მკლავში ხელი გაუყარა. - რა გაქვს სასაცილო, შე კაი კაცო, რომ დაგცინო? ან შენ როგორ გაკადრებ დაცინვას, ან ჩემს თავს როგორ ვაკადრებ შენისთანა პატიოსან ადამიანის გაბიაბრუებას?!

- დასაცინი ისა მაქვს, რომ დ... დდავბრუნდი.

- ძალიან კარგი ჰქენი, რომ დაბრუნდი.

- მაშ რად იღ... ღიმებოდი?

გამეხარდა შენი ნახვა და იმიტომ ვიღიმებოდი. წამო, ჩემო თეიმურ, წამოდი ჩვენსა, იქ მოვილაპარაკოთ.

ლიახვისკენ მიმავალი თეიმურაზი ნახუცარ ივანეს წელათრევით გაჰყვა.

სახლში შევიდნენ და, სადილის მოლოდინში, ბუხარს მიუსხდნენ.

- სხვა, როგორა ხარ, ჩემო თეიმურ?

- აი, დავ... ვვბრუნდი. - ბუხარს ჩასჩურჩულა თეიმურაზმა.

- როგორ დაბრუნდი? რა გუნებაზე ხარ?

- ნუღარ მეკ...კითხები.

- რა ჰქმენ, როგორ მოიარე ქვეყანა?

- აი, ხომ მ...მხედავ, ქადილით წავედი და გას...სრესილი დავბრუნდი.

- მაშ ვერ გაგიმარჯვნია.

- დ... დავმარცხდი, ყველგან და ყველაფერში დავმარცხდი.

- ფონს ვერ გასულხარ.

- სიტყვით ჩემზე კარგი მოცურავე ქვეყანაზე არ მოიპოვებოდა. მაგრამ წყალში რომ შევტოპე, უმალვე ლოდივით დავეშვი ფსკერისკენ.

- აკი იმუქრებოდი, ამიერიდან მარტო ჩემთვის უნდა ვიცხოვროო.

- ფ...ფფუჭი ქადილი გამოდგა. მე ჩემთვის არ ვყოფილვარ გაჩენილი.

- ადრევე ვიცოდი. არც მაშინ დაგიჯერე.

დიდხანს იყუჩეს. მერმე ივანემ თითქო თავისთვის ჩაიბუტბუტა:

- ვინ იცის! ვინ იცის, იქნება შენი დამარცხება და დაბრუნება სჯობდეს უთავბოლო ხეტიალსა და ლანდების დევნას?

- ვისთვის სჯობდეს?

- შენთვის, ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვისაც. ყველაფერს დასაწყისი და დასასრული აქვს. ერთხელ ლოთიც გამოფხიზლდება.

- რაღად მინდა გ... გამოფხიზლება? ვისთვის? რისთვის? ჩემი სიცოცხლე მორჩა და გათავდა.

- ვინ იცის, მაგას ნუ იტყვი.

- ჩემთვის მაინც ყ...ყყველაფერი გათავდა. აღარაფერი არ დამრჩა: არც ოჯახი, არც თავშ... შესაფარი, არც მეგობარი და არც... არც ტანისამოსი. აი, შემომხედე, ბოგანოს დავ... ვვემსგავსე.

- იმედი ნუ გადაიწყვიტე, ჩემო თეიმურ, თუ მოვინდომეთ, ყველაფერი დაგიბრუნდება: თავშესაფარიც და.. მეგობარიც. აბა, ჯერ თითო არაყი დავლიოთ. გარგებს, ნამგზავრი ხარ.

დალიეს და ნელ-ნელა ჭამა-სმას შეაყოლეს.

თეიმურაზს ნაკვერცხალივით ჩაუვარდა სულში გაკვრით ნათქვამი სიტყვები: "ყველაფერი დაგიბრუნდება: თავშესაფარიც და... მეგობარიცო".

ვისზე იყო ნათქვამი? რომელი მეგობარი დაუბრუნდება თეიმურაზს? ივანე? ივანეს რაღა დაბრუნება უნდა! თეიმურაზი და ივანე ერთიმეორეს არც დაჰშორებიან, ეხლაც ერთად სხედან. მეგობრულად საუბრობენ, სადილობენ და სვამენ. დანარჩენი მეგობრები თეიმურაზს დიდი ხანია შემოეფანტნენ. ან როგორ უნდა დაუბრუნდნენ ერთმანერთს უგზო-უკვლოდ გადაკარგული წინანდელი მეგობრები? ან ვისთვის, ან რისთვის არის საჭირო მათი გაერთიანება და დაახლოვება? არა, არც ეს არის დასაჯერებელი. ამას არც სულიერი აზრი აქვს, არც ფიზიკური.

- არა, აქ რაღაც სხვა ამბავი უნდა იყოს, ალბათ... მაშ... ნუთუ? ნუთუ?.. ღმერთო დიდებულო!

- მიირთვი, თეიმურაზ, ჩიხირთმა გაცივდა.

ივანე, ნუ სტანჯავ თეიმურაზს! რათა გაქვს მაგისთანა უცნაური ხასიათი! რათ გადაუგდებ ხოლმე შიმშილით მომაკვდავ თეიმურაზს ერთ ლუკმას და მერმე ერთ საათს აცდევინებ, თითქო მის ტანჯვით და მეორე ლუკმის მოლოდინით სტკბებაო. სთქვი, რაც სათქმელი გაქვს, სთქვი და გაათავე! მიეცი თეიმურაზს, რაც მისაცემი გაქვს, მიეცი და გაათავე!

მწვავე იმედით ანთებული თეიმურაზი გაწყვეტილ ძაფს ხარბად მოეჭიდა და კვლავ ივანეს ნათქვამს დაუბრუნდა:

- დ... დდავმარცხდი, ჩემო ივანე, სასტიკად დ... დავმარცხდი. აღარც ჩემს თავს გამოვადგები და აღარც ჩვენს ქვეყანას. ცხოვრებამ ხ... ხხერხემალი გამიტეხა და დამაგონჯა.

- გეუბნები, იმედი ნუ გადაიწყვიტე მეთქი, ჯერ ორმოცი წლისაც არა ხარ.

- გ... გგავთეთრდი.

- ეგ არაფერია. ქართველი ხალხი ადრე თეთრდება.

- თეთ... თრდება და ბერდება.

- ეგ კი მართალი არ არის. შენს თავს განგებ ნუ იბერებ, ჯერ კიდევ გამოადგები შენს თავსაც და ქვეყანასაც. კერძი გაგიცივდა, თეიმურ, მიირთვი.

- რით? როგორ გგ...გამოვადგები?

- ხომ გაიგე, რომ სკოლა გავხსენით და კოოპერატივიც დავაარსეთ. მხარში მოგვიდექ და იმუშავე. ხალხი ღარიბია ცოდნით. მიეშველე.

- რა ჩემი ს... სსაქმეა სკოლა და დახლი.

- თუ ჯაყოს ჩაუდექი დუქანში, რატომ კოოპერატივში არ გინდა მუშაობა?

თეიმურაზს ენა მუცელში ჩაუვარდა. პასუხს გაფაციცებით ეძებს, მაგრამ ვერ პოულობს.

- იმისთვის ხომ არ იბრძოდი იმდენ ხანს, ჩემო თეიმურ, რომ კოოპერატივები დაიკეტოს და ჯაყოს დუქნები გამრავლდეს?

- არა, არა! ღ... ღღმერთმა დაგვიფაროს! მაგრამ ჩემი ძალა, ცოდნა და გამოცდილება ეგრე რიგად როგორ უნდა დ... დდავახურდავო, რომ სოფლის კოოპერატივს ან სკოლას შ... შშევსწირო?

- მაშ ისევ ჯაყოსთან დაბრუნება გირჩევნიან?

- ღმერთმა დ... დდამიფაროს! ღმერთმა ამაშოროს!

- არც მესამე გზა მოსჩანს, მაშასადამე... მიირთვი, თორემ ჩიხირთმა გაცივდა.

- მაშშ... შასადამე?

- მაშასადამე, ან მასწავლებლობა, ან კოოპერატივი, რომელი გინდა?

თეიმურაზი ღრმად ჩაფიქრდა, მერმე მორჩილად განაცხადა:

- კოოპ... პპერატივი.

- მადლობა უფალსა! მოიტა ხელი... კერძი გაგიცივდა, თეიმურაზ!.. საქმეს რამდენიმე დღეში გაგითავებ. ალბათ ისევ შენს ნასახლარში იცხოვრებ, შენს წინანდელ ოთახს დაგიბრუნებთ. იქნება შენი ავეჯიც ჩაგაბაროთ.

- ავეჯი? ჯაყოს აღარ ეკ... კითხებით?

- ჯაყოს დრო წავიდა, რაც შენ გეკუთვნოდა, ერთი ნივთიც არ გაატანეს ჩვენმა ახალგაზრდებმა. განძეულობა მუზეუმში გაჰგზავნეს, ზოგი ავეჯი სოფლის საბჭოს მისცეს, ზოგი სკოლას და ზოგიც მასწავლებელს. ჯაყომ ბევრი იყვირა და იტლინკა, მაგრამ ყური არავინ არ მიუგდო, ნინიკამ ცოტაოდენიც მისცხო.

თეიმურაზმა დრო იხელთა და სულის ჩურჩულით ივანეს ძლივს გააგებინა:

- მ... მმარგო?

ივანემ განზე გაიხედა. კარგა ხანს სდუმდა, მერმე კედელს უპასუხა:

- მარგო მოსტყუვდა. მე ადრევე ვიცოდი ამ საქმის დასასრული. მაგრამ სხვის საქმეში ჩარევა ხასიათად არა მაქვს.

და ისევ გაჩუმდა.

- მაშ... მოსტყუვდა?

- ძალიან მოსტყუვდა. სასტიკად დაისაჯა. საწყალი დედაკაცი! აბა, თითო კიდევ დავლიოთ.

- რათ მ... მმოსტყუვდა მარგო?

- იმათ მოსტყუვდა, რომ ჯაყო პირველად მშველელ რაინდად მოეჩვენა. ძლიერი კაციაო. შემინახავსო, მფარველობას გამიწევსო. ეხლა კი...

- ეხლა კი?

- რაღა დაგიმალო: ეხლა ჯაყომ მარგოც საქონლად გადააქცია. ისე ამუშავებს, როგორც წინანდელ ცოლებს ამუშავებდა.

- რას ამბობ, ივანე?!

- ეგ კიდევ არაფერი, ზურგზე საფქვავსაც აჰკიდებს ხოლმე და წისქვილში ჰგზავნის.

- ღმერთო დ... დდიდებულო! ეს რა მ... მმესმის?! - ამოიხრიალა თეიმურაზმა.

- მეტსაც გეტყვი: ზოგჯერ სცემს კიდევაც.

- ვაიმე!

რისხვამ და სიმწარემ თეიმურაზს თავში ჟრუანტელი დაჰკრეს და ფეხზე წამოაყენეს.

- ერთი სიტყვით, როგორც წინანდელი სამი ცოლი დაასნეულა, მარგოსაც ისე ჩაუმწარა სიცოცხლე.

- ვაიმე, მარგო!

- ბოლოს მარგოსაც სახლიდან გამოაგდებს.

- გ...გგამოაგდებს?!

- ნამდვილად.

თეიმურაზი ისევ ჩაიკეცა. სათვალეები შეისწორა. თითები ჰაერში აათამაშა და წაიბუტბუტა:

- ეს რ...რა გავიგე?! ეს რა ამ..მმბავია?! ჯაყო მ..მარგოს მართლა სცემს ხოლმე?

- სცემს. საწყალ დედაკაცს პატრონიც არავინა ჰყავს, რომ წაესარჩლოს და ის მხეცი როგორმე მოარჯულოს. ამას წინათ ნინიკა წაესარჩლა. ჯაყომ სახრე მოიხმარა, მაგრამ ნინიკამ ერთი ისეთი დაჰკრა იმ გოგრა თავში, რომ შენი ჯაყო ქათამივით გადატრიალდა. კარგი ბიჭია ნინიკა, ვენაცვალე იმის მარჯვენას!

- ვენ... ნნაცვალე! - ამოიბგერა თეიმურაზმაც.

- მარგოს მაინც პატრონი არა ჰყავს.

პატ... ტტრონი?! - მოაგონდა თეიმურაზს და კვლავ წამოიწია. - ჩემს მეტი მარგოს ვერავინ უპატრონებს. ისევ მე უნდა ვუშველო, თორემ... ჰო, ისევ მე უნდა წავ...ვვესარჩლო, ისევ მე, თორემ...

- გაანებე თავი, თეიმურ! შენ ვერაფერს ვერ უშველი. ჯაყო უარესად გამხეცდება და ჯავრს ისევ მარგოზე ამოიყრის. ან რად უნდა წაესარჩლო? ცოტა ლაფი დაგასხა თავზე? მაგისთანა დედაკაცი დასანდობი არ არის, რატომ წინდაწინვე არ იფიქრა?

- მ... მმართალი ხარ! - აინთო თეიმურაზი.

- ჯაყოს ზღაპრებს დაუჯერა, განა! "ჯაყო სულ ოქრო-ვერცხლში ჩაგსვამდე. ჯაყო სულ ბორშჩი და კატლეტი გაწმევდე!" - ყველას ასე ჰპირდებოდა, და ჩემს თამროსაც ამით უბამდა თვალებს. თამრო ახალგაზრდა და გამოუცდელი იყო, მაგრამ შენს გამოცდილ დედაკაცს რა დაემართა. - ეს კი არ მესმის. ჩაიცვას ეხლა ფარჩა და ხავერდი!

- ჩ... ჩჩაიცვას! ვერ მივ... ვვართვი! - შხამით დაუმატა თეიმურაზმაც.

- სჭამოს ეხლა კატლეტი და ხაბიზგინა!

- ს... სჭამოს! - წამოიძახა ჟინით გატაცებულმა თეიმურაზმაც.

- იმსახუროს მოახლე და პირფარეში!

- იმ... მმსახუროს!

- მუშაობით ხელები აქვს გადაქლეტილი.

- ახია! ახ... ხხია მარგოზე! - წამოიხრიალა მწუხარებით გამწარებულმა თეიმურაზმა.

მერმე უცებ შუბლი შეიკრა. მოაგონდა მარგოს წეღანდელი დახვედრა, პირის მორიდება, ქვითინი და მწარე საყვედური. მოაგონდა და მიუხვდა ანჩხლობის და ცრემლის მიზეზს. მიუხვდა, ჩაფიქრდა და მარგოს გულში ჩაიხედა, მაგრამ ივანემ აღარ დააცადა.

- გეუბნები, ჯაყო მარგოს გამოაგდებს მეთქი.

წეღან ეს სიტყვა თეიმურაზს ასცდა, ეხლა კი ნაღვერდალივით ჩაუვარდა სულში. პირსახეზე ნაღვლიანი იმედი და სიხარული აესახა.

- გ... გგამოაგდებს?.. მართლა?...როდის გ...გამოაგდებს?

- მალე გამოაგდებს, ვიცი რომ გამოაგდებს.

ივანემ სარკმელში გაიხედა და უცებ წამოდგა:

- აგერ, აგერ! თეიმურ, გაიხედე, გარეთ გაიხედე!

თეიმურაზი ფანჯარას ეცა.

მძიმე ტვირთის ქვეშ ორად მოხრილი მარგო ბილიკზე ძლივს მიაბიჯებს.

მარგოს დანახვაზე თეიმურაზს წეღანდელი შხამი და გესლი უმალ გაუქარწყლდა: ვინმე უხილავმა მძლავრად წაჰკრა ხელი.

უქუდო და უფარაჯო თეიმურაზი სახლიდან ელდანაკრავივით გავარდა, მარგოს გზა გადაუღობა და საფქვავს მისწვდა:

- მარგო!... მარგუში! მ... მმოიტა... მ... მმომეცი... ხელი გაუშვი.

- თეიმურ, შენი საქმე არ არის.

- არც შენი ს.. სსაქმეა. მოიტა, ხელი გაუშვი მეთქი!

- თეიმურ, თავი დამანებე!

- არ დ... დდაგანებებ. მე წ... წწავიღებ.

- თეიმურ, გზა მომეცი!

- არ მოგცემ! ხელი გაუშვი მეთქი!

მარგო დიდხანს ჰყოყმანობდა. ბოლოს, გადმოიხარა და ტომარა გადმოსწია. თეიმურაზმა გადმოხრილ ტომარას ზურგი შეუშვირა და ზედ აიგდო.

მარგო წელში გასწორდა, ხვირთქლი მოიწმინდა და მაშინვე ბარბაცით უკანვე გატრიალდა.

- მ... მმარგო, შენც წამომყე წისქვილში... ვილ... ლლაპარაკოთ... სათქმელი მაქვს.

მარგომ არც კი მიხედა.

- მ... მმარგო!

მარგომ თავი დაჰხარა და ნაბიჯს მოუხშირა.

თეიმურაზი დიდხანს გასცქეროდა მიმავალ მარგოს, მერმე მიტრიალდა და ჩანჩალით, ხვნეშით და ბორძიკით წისქვილის გზას გაუდგა, თან დროგამოშვებით ერთმანერთში არეულ ოფლსა და ცრემლს იწმენდავდა.

რამდენიმე დღის შემდეგ თეიმურაზი თავის ნასახლარში გადასახლდა. ზემო სართულში, კუთხის დიდი ოთახი, სადაც თეიმურაზი აღიზარდა და სადაც შარშან საზარელი ცხადი ლანდი ნახა, ისევ მას ჩააბარეს. ოთახი თითქმის ცარიელი იყო: განიერი ქართული ტახტი, ფეხმოტეხილი მაგიდა და ორი სკამი - ეს იყო იმ ოთახის ავეჯეულობა. ქვემო სართულში ახლად მოეწყოთ კოოპერატივი, რომელსაც ნახუცარი ივანე განაგებდა. თეიმურაზმა ნოქრობა და ბუღალტერია ჩაიბარა.

ივანემ კოოპერატივიდან ნისიად მისცა ნახმარი ფეხსაცმელი, ფარაჯა, თბილი ხალათი, შალვარი, მატყლი, საბნის პირი და წვრილმანი. ივანეს და ნინიკას ცოლებმა თეიმურაზს ერთ კვირაში ლოგინი გაუკეთეს და საცვალიც შეუკერეს.

დილიდან საღამომდე თეიმურაზი კოოპერატივში ტრიალებს და მუშტარს ემსახურება:

- მარილი ეღ...ღღირება ექვსი აბაზი... ნავთი ერთი შაური... ეს ნარმა ჰღირს ათი შაური, ეს კიდევ ცხრა შაური.

ზოგჯერ საქმეს გადაუხვევს და გულისკვნესით ამოიოხრებს:

- ვიღ... ღღუპებით.

ხოლო ზოგჯერ გლეხებს ისტორიისა და გეოგრაფიის გაკვეთილებს აძლევს:

- ისტორიული ქართლი შ...შშესდგება სამი ნაწილისაგან: შიდა ქართლი, ზემო ქართლი და ქვენა ქართლი. შიდა ქართლში შედის გორის და დუშეთის მ...მმაზრები; ზემო ქართლში - მესხეთი, ჯ... ჯავახეთი და არტაანი, ხოლო ქვემო ქართლი, ანუ ქვენა სოფ... ფფელი, ბორჩალოს გარდა, შეიცავს ტაშირს, მცირე სომხეთს, ბამბაკსა და აბოცს.

ზოგჯერ ეზოში გავა, მოსწავლეებს შემოიკრებს და ეკითხება:

- აქედან ტფილ...ლლისამდე ოთხმოცი ვერსია, რამდენი ვერსი უნდა გავიაროთ, რომ შ... შშუა გზაზე ჩავიდეთ?

ეზოში ხანგამოშვებით ჯაყოს ხვიხვინი ისმის:

- გიბა, რაშუ!.. ქეშელა, ადამრაშუნ!.. მარგო, თახრაშუ!

თეიმურაზი რომ მარგოს სახელს გაიგებს, ან საერთო ეზოში მოჰკრავს თვალს, უმალვე მუშტარს თავს მიანებებს, სიტყვას შუაზე გასწყვეტს და ფანჯარას მივარდება. სანამ მარგო მოსჩანს იმ ეზოში, გახევებული თეიმურაზიც იდუმალ ჯაჭვებით არის მიბმული ფანჯრის ბაქანზე. აღარ ესმის მუშტრის ლაპარაკი. მარგო რომ სადმე მიიმალება, თეიმურაზი უძირო ოხვრით ამოიოხრებს, მთრთოლვარე ხელით შუბლს მოისრესავს და გაწყვეტილ ბაასს იგონებს:

- რაზე ვლაპ... პპარაკობდით?.. რა გინდოდა? ჰო, მართლა, მარილი...

ზოგჯერ მარგო შეშას ეზიდება, ან, პირუტყვივით საფქვავით დატვირთული, ეზოს გადასჭრის. ცრემლ-მორეული თეიმურაზი ფანჯრიდან გასცქერის და ჰკვნესის:

- საწ...წწყალი... საბ...ბბრალო მარგო!.. მარგუში!

გარეთ ხევისთავის სულივით ბნელა. ლიახვსაც ძილი მოჰრევია. სოფელი დამუნჯებულია. თეიმურაზი ბუხართან ზის და სამჯერ წაკითხულ ძველ წიგნებს მეოთხეჯერ ათვალიერებს. მაგრამ კითხვას გულს ვერ უდებს, წიგნს კალთაში ჩაიგდებს და დაღლილ თვალებსა და შხამიან აზრებს ცეცხლის ალს გააყოლებს.

ზის გაქვავებული თეიმურაზი შუაღამემდის და მარგოს მოსვლას ელოდება. ელოდება თეიმურაზი და ღრმად სწამს, რომ დღეს ან ხვალ მისი ერთად-ერთი, დაუვიწყარი და განუყრელი მარგო დაობლებულ ოთახში შემოვა და თეიმურაზს ეტყვის:

- "თეიმურ! ჩემო ერთგულო და დაუვიწყარო ქმარო და მეგობარო! რაც მოხდა - მოხდა! ყველაფერი დაივიწყე და შეუნდე შენს მარგოს, შეუნდე და მიიღე შენი უძღები და უღირსი ცოლი, რომელმაც შეგცოდა. მე ერთი გამოუცდელი და საბრალო დედაკაცი ვარ. მე არც ხალხს ვიცნობდი და არც ცხოვრებას. ერთიც და მეორეც ორგულნი, ორპირნი, უნდონი, მკაცრნი და სასტიკნი ყოფილან. ცხოვრების ურემი გადამიბრუნდა და ჭეშმარიტი გზაც ეხლა გამოჩნდა. ჩემო ერთგულო და ერთადერთო თეიმურ! შენ ასჯერ დაამტკიცე შენი ერთგულება, ქველობა და პატიოსნება. ერთხელ ჩემთვისაც გაიხსენი ეგ უძირო გული, მძლავრად ჩამკიდე ხელი და თამამად გამიძეხი ახალ ცხოვრების ულმობელ გზაზე. წადი, იარე და მეც მატარე". თეიმურაზი მარგოს ნათქვამს მოისმენს და ეტყვის:

- "ჩემო ერთავ! ჩემო წამებულო მარგო! ჩემო ჯვარცმულო ანგელოზო! მე ვერ მივიღებ შენს ბოდიშს, ვინაიდან მე თვითონ ვარ შენგნით შესაწყნარებელი. უსაზღვრო და უძიროა ჩემი ბრალი. გშიოდა და პური ვერ მოგეცი; გწყუროდა და წყალი ვერ დაგალევინე; გციოდა და კარი ვერ გაგიღე. განუზომელია ჩემი ბრალი შენს წინაშე, გოლგოთიდან მომავალო ჩემო მარგუში! შემინდე და დაივიწყე ურიცხვნი ცოდვანი ჩემნი. ძმას გავყევი და ცოლი დავივიწყე, სხვას მივეშველე და მეუღლე გავსწირე. თუ ძალგიძს, ჩემო წამებულო, მივცეთ ყოველივე დავიწყებას და შევუდგეთ ახალ ცხოვრებას. ეს დაობლებული საწოლიც შენ მოგელის... მომიჯექი გვერდით. აი, ჩემი ხელი და ჩემი მკერდი. ჩამოჯექი ამ სავარძელში... აი, ბუხარი და ცეცხლი... გასთბი და დაისვენე".

გაყინული მარგო თეიმურაზს მიუჯდება, დაღლილ თავს მხარზე მიადებს, გადაქლეტილ ხელ-ფეხს ცეცხლს მიუშვერს, თვითონაც ტკბილად ატირდება და თეიმურაზსაც აატირებს.

ცეცხლთან ელის ნაცოლარს ხევისთავი. და მისი მოლოდინი იმ ცეცხლზე უფრო მწვავეა.

ბურანში წასული თეიმურაზი მალე გამოფხიზლდება და იგრძნობს, რომ ლოყები თავისივე ცრემლით უსველდება.

გამოფხიზლდება თეიმურაზი და შეშინებულ თვალებით სკამს აცქერდება; აცქერდება და ჰხედავს, რომ იმ სკამზე, სადაც ერთის წუთით ადრე მისი მარგო იჯდა, ეხლა შეჩვეული ძაღლის მძორი ჰგდია.

დაფეთებულ თვალებს იფშვნეტავს ხევისთავი და ბნელ ოთახს ათვალიერებს. არეულ თვალებს აცეცებს და ჰხედავს, რომ ხის ტახტზე და იატაკზედაც ძაღლების უთვალავი ლეში ჰყრია. ორივე ხელს მკერდზე მოისვამს ადუღებული ნაკაცარი და იქაც განუყრელს ძაღლის ლეშს წააწყდება.

სიმყრალით იხრჩობა თეიმურაზ ხევისთავი. დაბნედილი მწიგნობარი ზეზე წამოვარდება, ფანჯარას გამოაღებს და ბნელ ეზოში გაიხედავს.

მაღალი კოშკი შავ სივრცეში უუზარმაზარ გარუჯულ ბოძივით ასვეტილა.

იმ კოშკში სცხოვრობს თეიმურაზის ნაცოლარი - მარგო ჯივაშვილი.

კოშკის სარკმლიდან კვლავ მოსჩანს იმედის შუქი.

ისევ თავის ოთახში შეიხედავს სულმოთქმული თეიმურაზი.

შეიხედავს და კედელზე მარგოს წარწერას წააწყდება:

"ვნახე. განვიცადე. მწამდა. ვსტიროდი".

და ნაქვითინევის გვერდით თვითონაც სწერს მთრთოლვარე ხელით:

- "მეც ვნახე, მეც განვიცადე. ეხლაც მწამს. ეხლაც ვსტირი".

მერმე მობრუნდება და ძველს კიდობანს მიადგება.

იმ კიდობანში ძველი ხატი აქვს დამალული. იმ ხატს კუთხეში დაასვენებს, სანთელს აუნთებს და პირქვე დაემხობა.

მეტანიით, სასოებით და ცრემლით ლოცულობს თეიმურაზ ხევისთავი:

- წმიდაო ღმერთო! წმიდაო ძლიერო! წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ!.. უფალო ძლიერო! ყოვლისა შემძლევ და სათნოიანო! მოგვეც ჩვენ, დავრდომილთა და უღირსთა ძეთა შენთა, მოთმინება ულეველი, მშვიდობა უსაზღვრო და რწმენა უძირო.

კვლავ გარეთ გაიხედავს ნუგეშისცემული თეიმურაზი.

ისევ ასვეტილა ბნელ სივრცეში ბნელი კოშკი.

იმ კოშკიდან კვლავ მოსჩანს იმედის სანთელი.

ისევ მობრუნდება თეიმურაზ ხევისთავი და გულშვებით გაიღიმებს:

აღარსად სჩანან ძაღლის მძორები.

აღარც მათი სუნი მოსდის იმედნაკრავ ნაკაცარს.

ისევ ელის ნაქმრევი ნაცოლარს.

ისევ დაყუდებულ შიო მღვიმელივით იცდის თეიმურაზ ხევისთავი.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — მიხეილ ჯავახიშვილი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.