– ნაწილი მესამე – – I –
ერთი კვირის შემდეგ ჯაყო ნახუცარ ივანეს ეუბნებოდა:
- ეს საქმე თუ გაგიკეთე ჯაყოსა, სამოცი ჩანახი პური მოგცემ.
- კარგი, ჯაყო, ვნახავ, ვცდი.
- კიდევ ერთი რამე უნდა გითხრამდე: თუ ნაშინდარს სკოლა გაგიკეთე, მეც ერთი ურემი და ერთი კაცი მოგცემ სამუშაოთა. მაგრამ კაპრატივი არ გინდა ჯაყოსა!
- ვიცი.
- კჩორტუ კაპრატივი! არ გინდა კაპრატივი ნაშინდარსა! ვიცის ჯაყომა, რათ გინდა აქ კაპრატივი. ვიცის! ხალხი ტყავი გინდა გაგაძრო, განა! ვიცის ჯაყომა, ვიცის!
- ჯაყო, კოოპერატივის საქმეში მე ვერ დაგეხმარები, თეიმურაზის საქმეში კი მოგეშველები.
- კარგი მაშა! კაპრატივი მერე იყავი. შენ ჯერ თეიმურაზის საქმე გაგიკეთე. აბა, ხელი მოგეცი.
ერთმანერთს ხელი მისცეს და დაშორდნენ.
იმავე საღამოს ივანემ ნიადაგი გასინჯა: თავის ოჯახში შეკედლებულ თეიმურაზს გვერდით მოუჯდა და ტკბილად უთხრა:
- ძმაო თეიმურაზ! თავი რომ აგიღია და მიდიხარ, სად მიდიხარ? ფული შენ არა გაქვს, სახლი და კარი. სამსახურსაც ვერსად იშოვნი. შენი დრო წავიდა.
- წავიდა. - უმალ დაეთანხმა მოსულიერებული თეიმურაზი.
- ახლოს არავინ გიკარებს.
- მ...მმართალს ამბობ, არ მიკარებენ.
- ამ სოფელს რომ მოსწყდე, მშიერი მოკვდები.
- ეგეც მართალია, მშიერი მოვ...ვვკვდები. მაგრამ...
- თუ ესეც მართალია, მაშ რაღად ახირებულხარ, უნდა წავიდეო?
თეიმურაზი უცებ აფიცხდა და აღელდა:
- ივანე, ჩემი გადაწყვეტილება ურყევია. ძალიან გთხოვ და გეხვეწები, რომ...
- კარგი, თეიმურ, კარგი. - გააწყვეტინა ივანემ და ბაასს კვალი გადაუგდო. - კარგი, მაგაზე ნუღარ ვილაპარაკებთ. - მერმე მოიფიქრა და შორიდან მოუარა! - დიდი სიკეთე გაქვს დათესილი, თეიმურაზ, მაგრამ...
- ჩემი დათესილი სიკეთის მეათ...თთედიც რომ დამბრუნებოდა, ამ დღეში არ ჩავ...ვვარდებოდი და გულმშვიდად ვიცხოვრებდი. ეხლა კი სინანულის მეტი აღ...ღარაფერი დამრჩენია. ჰმ! საკ...კკვირველია, ღმერთმანი: ადამიანმა რომ თავისი ბოროტი საქმენიც ისე ხშირად მოინანოს, როგორც სიკ...კკეთეს ნანობს ხოლმე, მისი სიცოცხლე განუწყვეტელ სინანულად გადაიქცეოდა.
- მარტო ჯაყომ შენგან იმდენი სიკეთე ნახა, რომ დღე-და-ღამე შენი ღმერთი უნდა ილოცოს.
- ჯაყო? ჰმ! ჰოი, ჯაყო? რა უნდა მ...მმოვსთხოვო უსუსურ ბავშვს, ტყის დათვს, ველურს?! ივანე, დააკვირდი ცხოვრებას და ხალხს. ზოგის ხელში ღმ...ღღმერთი გატიკინდება. ზოგის ხელში კი ტიკინაც გაღ...ღღმერთდება. ჯაყოს ხელში ღმერთიც უმალ ტიკინად გადაიქცა. წარა-მარა გაიძახის: "ღმერთმა რევალცია ადღეგრძელოსო" და... "ძირს კაპრატივიო!"
- ამას წინათ თხა გაუხდა ავად. გაღმა სოფლიდან მღვდელი გამოიყვანა და უთხრა: "ჯაყოს თხა ავად გახდი: გაზიარე, ღვდელო, ჯაყოს თხაი".
ორივემ გულიანად გაიცინეს.
- ძალიან უდიერად კი მოიქცა. - სთქვა მერმე ივანემ.
- ნუ გგონია, ივანე, ვითომ ჯაყოს ს... საქციელი ძ...ძძალიან მწყენოდეს. გახსოვდეს, ძმაო ივანე, რომ პატიოსანის წკიპურტი უფრო მწვავეა, ვიდრე ხეპრეს კომბალი.
- ეგეც მართალია.
- ესეც იცოდე: შეუგნებელთან პურის ჭამას შეგნებულთან ომი გერჩივნოს. თუ შენ პატიოსანი და ჭ...ჭკვიანი ადამიანი ხარ, და ბედმა გაგიჟებულ ავაზაკთა ბრბოში ჩაგაგდო, ასეთ ხალხში ცხოვრება შენთვის უუდიდესი სასჯელი იქნება. პირადად მე ჭკვიანთა და პატიოსანთა შორის გ...გგიჟობა მირჩევნიან, ვიდრე ჭკვიანობა და პატიოსნება გაგიჟებულ ავაზაკთა შორის. ჯაყოს ოჯახში კი ყველაზე პატიოსანი და ჭკვიანი ისევ ის ჭკუათხელი და უბბადრუკი ბრინკა ყოფილა.
- ძალიან ნუ დაემდურები ბედს, თეიმურ, თორემ...
- რატომ არ უნდა დ...დდავემდურო? ვითომ ამაზე მეტს რას მიზამს? რაღა დამრჩა, რაღა უნდა წამართვას! თავში ყინული, გულში შხამი და სულში ხანძარი, - აი რა შეჰრჩა თეიმურაზ ხევისთავს!
- სიცოცხლე? ესეც ერთ რამედ ჰღირს, თეიმურ.
- ხა-ხა! სიცოცხლე! სიცოცხლე ძაღლის მძორივით მკიდია კისერზე და ის მ...მძორი, ვერ იქმნა, ვერ ჩამოვიგლიჯე კისრიდან, აი ჩემი სიცოცხლე!
და თეიმურაზმა ორივე ხელის თითებით ისე ჩამოიფხანა გულ-მკერდი, თითქო მართლა მძორი ეკიდა და იმის ჩამოგლეჯას სცდილობდაო.
- ისიც ნუგეშია, ჩემო თეიმურ, რომ სანთელ-საკმელი თავის გზას არ დაჰკარგავსო. შენი დათესილი სიკეთე ადრე თუ გვიან ამოვა, ან უკვე ამოვიდა.
- შეიძლება, მაგრამ... ჰმ! ესეც საოც...ცცარია! ზოგი თავის ნათესს თავის დროზე მოიმკის, ისიც ერთს ათად; ზოგი მოსამკალს ზამთარში იმკის, ზოგი კი - არასოდეს. მეც იმოდენა ნათესიდან ერთი მარცვალიც არ მერგო.
- ყველაფერს ბედი უნდა, ჩემო თეიმურ, ბედი.
- ოღონდაც, ჩემო ივანე, ოღონდაც! აი მაგალითიც: გარეთ გაიხედე, შენი ძაღლი ეხლა სალ...ლაფავს სჭამს. გუშინაც სჭამდა და, ალბათ, ხვალაც და ზეგაც შესჭამს. მშიერი არ მოკვდება, რადგან კ...კარგი პატრონი ჰყავს. აგერ, შენი ღორები და კამეჩებიც არხეინად და უდარდელად მიირთმევენ. იმათაც მზრუნველი ჰყავთ. აგერ, ღობეზე და ბაღში მთელი დღე და მთელი თავიანთი სიცოცხლე ჩხიკვი, ყვ...ვვავი და ბეღურები დაჰხტიან, ჰგალობენ, იმღერიან, სიხარულით ლოცულობენ და მხიარულად ჰლაღობენ. არც იმათ იციან დარდი, ვარამი, ურვა და ჭმუნვა. ნეტა იმათ! ეს ჩიტები, ეს ძაღლი, კამეჩი და ღორიც ჩემზე და შენზე ათწილ და ასწილ ბედნიერი არიან.
- მეტის-მეტად შეგიტოპნია შავ ნაღველში, ჩემო თეიმურ. იქნება იმ ძაღლს და იმ ღორს შენზე ნაკლები დარდი ჰქონდეთ, მაგრამ რაც უნდა იყოს, ძაღლი მაინც ძაღლია და ღორი - ღორია.
- მხოლოდ ადამიანს მიაჩნია ღორი და ძაღლი, ღორობა და ძაღლობა უწმინდურებად, საზიზღარ ქმნილებად და უუდიდეს უბედურებად, თორემ აბა იმ ღორს და ძაღლს გააგებინე ადამიანის ნ...ნნამდვილი ბედი და მერმე ჰკითხე, რა ურჩევნიათ, ღორობა თუ ადამიანობა? შენ თვითონ რადა სჭრი ღორის მაგივრად ღორის ავკარგიანობას?
- ეგ რომ ეგრეც იყოს, მარტო ადამიანის ენა, შეგნება და ცოდნაც ხომ რადმე ჰღირს!
თეიმურაზი ზეზე წამოვარდა:
- ოოჰ, ღმერთო დიდებულო! ნეტა როდის განიბნევა კაცთა შორის ეს უუდიდესი ცრუმორწმუნეობა და მარადიული ლანდი?! ცოდნა!.. ენა!.. შეგნება!.. შემეცნება!.. ხუთი წლის ბავშვს თავის გასართობად ტიკინას ჩასჩრიან ხ...ხხოლმე ხელში და თავს მიანებებენ. არც კაცობრიობა გასცდენია ბავშვის ხნოვანებას. ღმერთმა რომ ადამიანი გააჩინა, პროგრესის, ცოდნისა და ჭეშმარიტების ლანდი ჩასჩარა ტიკინასავით, მერმე არხეინად განისვენა და სთქვა: ეხლა კი ეს ცუღლუტი და მოუსვენარი სულიერი თავს აღარ მომაბეზრებსო. დასჩოჩავს მას აქეთ ხუთი წლის კაცობრიობა ხუთ მილ... ლლიონ წელიწადს და ამაყად გაიძახის: "ცოდნა! ჭეშმარიტება! შეგნება! მეტყველება!" გაიძახის თუთიყუშივით ამ სიტყვებს, თვისი თავი ქვეყნის ბატონი ჰგონია და სამყაროსაც ისე ეპოტინება, როგორც პ... პპატარა ბავშვი მთვარეს.
- თუ ცოდნასაც არ წაეტანა ადამიანი, მაშ რიღას მაქნისია?
- ადამიანი არაფრის მაქნისი არ არის. ამ ქვეყნად მისი მიზანი და დანიშნულება ცოდნა კი არ არის, არამედ ბედნიერება, ბედნიერება და ისევ ბედნიერება! იმიტომ გითხარი წეღან, რომ აგერ ის ძაღლიც და ის ღ...ღღორიც ჩემზე ბედნიერები არიან მეთქი.
- მე კი მგონია, რომ ცოდნა ბედნიერებაა და ბედნიერება ცოდნაა.
- ტყუილია! ტყუილია მეთქი! უუდიდესი და უუსაშინელესი სიყალბეა, რომელსაც უთვალავი უბედურება მოსდევს. ცოდნა რაც არის, ეს ხომ მეც ვიცი და შენც იცი. ბედნიერება კი ადამიანის ყოველივე სურვილის შესრულებას ჰქვიან, მაშასადამე...
- მაშასადამე, ეს ღორიც, ძაღლიც და აფრიკელი ველურიც შენზე ბედნიერები არიან. რადგან შენზე ნაკლები სურვილი და მოთხოვნილება აქვთ, არა?
- დიაღ, და ჩემზე მეტი საშუალებაც აქვთ სურვილის მიღწევისა. დიაღ, დიაღ! ყველანი ჩემზე ბედნიერები არიან: ღორიც, ძაღლიც, ზულუსიც და... ჯაყოც, დიაღ ჯაყოც!
- მესმის... გამიგია. მაგრამ ეს ქვეყანა მაგ გზით არ მიდის.
- მართალია, მაგრამ შენ ეს მითხარი, ჩემზე ბედ...დდნიერია თუ არა ჩვენი ჯაყო, - ხეპრე, უგუნური, ავ... ვვაზაკი, ტყიდან გამოვარდნილი დათვი, რეგ... გგვენი და ბრიყვი?... სთქვი, სიმართლე სთქვი... ნუ მერიდები. შორიდან, ობიექტურად და მიუდგომლად რომ გავზომოთ, ჩემზე ბ... ბბედნიერია თუ არა ჯაყო?
ივანემ კარგა ხანს იფიქრა და მორჩილებით წაიბუტბუტა:
- ჰო... მართალი ხარ... შენზე ბედნიერია.
- მეც მაგას მოგახსენებდი. მაშ რა ოხრად მინდოდა ცოდნა, განათლება და ესოდენი წ...წწამება ცოდნის შესაძენად?
ივანემ დრო იხელთა და ბაასი კვლავ ძველ კალაპოტში ჩააგდო.
- რაკი ჯაყოზე ჩამოაგდე ლაპარაკი, უნდა მოგახსენო, რომ ჯაყო ზოგს კერპად ჰყავს გადაქცეული.
- იმიტომ, რომ ჯაყო მუდმივ იმარჯვებს და წინ მიიწევს. მოგ...გგეხსენება გამარჯვებულის და ბრბოს ფსიქოლოგია. კაენს და იუდას რომ გაემარჯვნათ, ხალხი ორივეს კაენობას და იუდობას აპატიებდა. ჯაყოს საქმეც აგრეა. ჯაყომ გ... გგაიმარჯვა, მე კი დავმარცხდი, მორჩა და გათავდა!
- ჰო, იმას გეუბნებოდი: ნუ კი გამიწყრები. ხომ იცი, სიკეთე მინდა შენთვის, თორემ შენს საქმეში როგორ ჩავერეოდი!
- მჯერა, ჩემო ივანე, მ...მმჯერა, სთქვი.
- ჰო და, ჩემო თეიმურ, აი რა უნდა მეთქვა: შენ თუნდ წადი, თუნდ დარჩი. როგორც გნებავდეს, ისე მოიქეცი, მაგრამ...
- მაგრამ?
- მაგრამ მარგოს ბედი უნდა გამოარკვიო, თორემ ისევ შენი სირცხვილი იქნება, თუ... დღევანდელივით გამოურკვეველ დღეში დასტოვე.
- მესმის... ვიცი... მესმის... - ჩაიკნავლა თეიმურაზმა, თავი ხელებში ჩაიგდო და გახევდა.
რა იცის ივანემ, რა ჯოჯოხეთი ტრიალებს თეიმურაზის სულში! რა იცის ივანემ, რომ თეიმურაზის ენა წასვლაზე ჰყბედობს, გული კი უკვნესის, ნაშინდარს ებღაუჭება და გაჰკივის:
- "არა, არა! აქედან ვერსად წავალ! მარგოს ვერ მოვშორდები! თუნდ ფეხქვეშ გამიგდოს, თუნდ ფურთხივით გამგლისოს და მონად გამიხადოს, მაინც ვერ მოვშორდები ჩემს მარგოს... ჩემს მარგუშის... ჩემს მარგალიტს, ჩემს ერთადერთ ღმერთსა და ბატონს".
- ჰო და, იმასაც გეტყვი, რომ უფულოდ წასვლა არ შეიძლება, - ჩასჩურჩულებს ივანე. - ესეც რომ არ იყოს, აგრე ადვილად ცოლს თავს როგორ ანებებ?
თეიმურაზი გამოცოცხლდა და ანთებული თვალებით ივანეს მიაჩერდა:
- მაშ... რა ვქნა? ხომ არ... რრაფერი არ გაიგე? მარგომ ხომ არ...რრაფერი არ გითხრა?
- არა, მარგომ... რაც მოხდა, მოხდა! სირცხვილია, კნეინა მარგო რომ ჯაყოს ხასად დაუსვა, შენს გვარს მაინც ნუ შეარჩენ, გაეყარე.
თეიმურაზი ისევ ჩაფიქრდა და წუთიერი იმედიც გაჰქრა.
- ძმურად გირჩევ, ძმაო თეიმურ, ჯერ ასწონე და მერმე გადასჭერი.
თეიმურაზმა სათვალეები შეისწორა, თითი მაღლა ასწია და წაილუღლუღა.
- მ..მმოვიფიქრებ... მ...მმოვისაზრებ.