prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ჯაყოს ხიზნები — ნაწილი მესამე — თავი II

მიხეილ ჯავახიშვილი · პროზა

– II –

მეორე დღეა ჯაყო და მარგო ივანემ სტუმრად მიიწვია, თეიმურაზი მათს მოსვლას არ მოელოდა. როცა ჯაყო და მარგო თავთ წაადგნენ, ნაავადმყოფარი თეიმურაზი ტახტზე ისვენებდა.

- გამარჯობა, ბრინკა! - მიახალა ჯაყომ. - როგორა ხარ? მადლობა ღმერთსა, რომ აგრე გადარჩებოდე.

თეიმურაზმა ძლივს წამოიწია. შერცხვა, გაწითლდა და ენა კბილებში გაეჩხირა:

- მ... მმადლობელი, ჯაყო, მადლობელი.

მარგო გვერდით მიუჯდა. მილეული ხელი გამოართვა და თვალებზე ხელსახოცი მიიდო.

ივანემ ჯაყო მაშინვე აივანზე გაიყვანა.

ნაცოლქმარნი დიდხანს სდუმდნენ და უხმო, უსიტყვო ტირილით სტიროდნენ. ბოლოს, თეიმურაზმა აჩქროლებული ხმით ჰკითხა:

- მარგუში! მაშ ყველაფერი გ...გგათავებულია?.. იმედი აღარ არის?

მარგომ ჩაღუნული თავი უფრო დაბლა ჩასწია.

თეიმურაზმა მარგოს ფაფუკსა და თბილ ხელს ოდნავ ხელი მოუჭირა. მარგომ პასუხი არ გასცა, ხელი გამოართვა და პირსახე მიიბრუნა. თეიმურაზის გულის ალღომ მარგოს პასუხი უმალვე გაიგო. გაიგო და აჩვილდა, აფორიაქდა და აკვნესდა.

უცებ თეიმურაზი მარგოს მუხლებზე პირქვე დაემხო, პირსახე კაბის ნაოჭებში ჩაუმალა და აბუტბუტდა:

- მარგო. ჩემო მარგუში! ჩემო ერთადერთო მეგობარო!. შენ გ...გენაცვალოს თეიმურაზი... შენი ჭირი მე, მარგუშ! თავს შემოგ...გგევლოს შენი თეიმური... მაპატიე ხეპრული და ბრიყვული საქ...ქქციელი... ამას წინად იქ, საბზელში უდიერად მოგიხსენე, წაუშლელი შეურაცხყოფა მოგაყენე... შენც ხომ იცი, რომ ის სიბ...ბრიყვე მეტის სიმწარით და სიყ...ყყვარულით მომივიდა. უსაზღვრო დარდმა და გულის ტკივილმა დამაყრუეს, დამაბრმავეს, გამაგიჟეს, იმიტომ წამოო...ვვროშე ის ბილწი სიტყვები, იმიტომ მოგცხე ტალახი და ჩირქი, თორემ შენ როგორ გაგიბედავდი, როგორ გაგიმ...მეტებდი, როგორ გაკადრებდი იმისთანა უმსგავსს გმობას და შერცხვენას!

მარგო აირია, და სულით აიწეწა.

თეიმურაზის ქვითინი და მუდარა მოულოდნელი მეხივით დაეცა. წეღან რომ გულის ფანცქალით მოდიოდა ნაქმრევის სანახავად, გულში ჰფიქრობდა: "მუხლებში ჩავუვარდები თეიმურაზს და ცრემლით მოვინანიებ ჩემს ცოდვასო”. თუმცა ჯაყოს ძლიერ მკლავებიდან მარგოს გამოსხლეტა აღარ შეეძლო, მაგრამ იმ ორ თვეში წარსული ვერ დაივიწყა, ვერ წაიშალა და ვერ ამოიგდო გულიდან ათი წლის ცოლ-ქმრობა, - ხორცით მსუბუქი, ბაცი, უღონო და უხალისო, - მაგრამ მაინც ერთგული, მყუდრო და უდარდელი. ერთ ჭერ-ქვეშ და ერთ საწოლში ათი წლის ცხოვრებამ ორივენი ათას უხილავს სიმით და ფესვით შეჰკრა და შეჰბოჭა, და როცა მარგომ ეს ფესვები ამოსაგლეჯად ამოსწია და ძაფები დასაწყვეტად დასჭიმა, თავისს ტანისა და სულის ყოველ წერტილში გაუძლისი ტკივილი და გოლგოთური კვნესა იგრძნო.

სულით ნაცემი და დატანჯული მარგო ეხლაც იმისთვის მოვიდა თეიმურაზთან, რომ როგორმე გაეადვილებინა ამ ძაფების დაწყვეტა, თუმცა ჯერ არც კი იცოდა, როგორ და რანაირი ხერხით დაიხსნიდა მარგო თავს შეჩვევის, შეთვისებისა და სულიერ მეგობრობის ტყვეობისგან, რომელსაც თითქმის ისეთივე ძალა და გამძლეობა ჰქონდა, როგორც ჯაყოს ბრმა ჟინსა და ველურ სიყვარულს.

თვითონ მარგო აპირებდა ფეხქვეშ ჩავარდნას და ხვეწნა-მუდარას. ეხლა კი თვითონ თეიმურაზი ულბობდა მარგოს მუხლებს და ისეთი სასოებით ნანობდა ქინძისთავის-ოდენა ცოდვას, ვითარცა ნაავაზაკარი წმინდანი ნანობდეს უფლის წინაშე განუზომელ ბოროტებას. გაოცებული და დაბნეული მარგო თეიმურაზის შეთხელებულს, ჭაღარა თმას მთრთოლვარე ხელს უსვამდა და იმის გახურებულ ბოდვას გულის ფანცქალით უგდებდა ყურს.

თეიმურაზმა მარგოს მეორე ხელიც ჩაიბღუჯა.

- ხომ აპატიე, მარგუში, ხომ შეუნდე შენს ძველსა და ერთადერთ მ...მმეგობარს გაგიჟების დროს წამოსროლილი როშვა?.. ოოჰ, გმადლობთ! გმადლობ, ჩემო ანგელოზო, ჩემო დაუვიწყარო დაო, დედავ და მეუღლევ!

მარგომ თეიმურაზს ოდნავ თავი აუწია:

- ადე, ადექი... გეყოფა, დავივიწყოთ ყველაფერი.

- არა, არა! დაიცა... დამაცა... ცოტა ხანს კიდევ დამაცადე.

და ჟინიან ბავშვივით თავი უფრო ღრმად ჩაუხუტა მუხლებში და ორივე ხელით უფრო მაგრად დაებღაუჭა კალთებში.

- ცოტა კიდევ დამაცა... ეს არის ჩემი უკანასკნელი წილი, უკანასკნელი ალერსი... მერმე ყველაფერი გათავდება... სამუდამოდ გათავდება. აღარ შეგაწუხებ, აღარც შენ მოინდომებ, აღარც ჯაყო დამანებებს შენს თავს... მალე ყველაფერი გათავდება... გათავდება!.. გა-თავ-დე-ბა... მაგრამ... ჯერ მითხარი, გამაგებინე, რას მიპირებ, რა ბედს მიუძღვნი შენს თეიმურაზს, შენს წინანდელ თეიმურს, შენს ჯვარცმულსა და იმ ქვეყნისკენ მიმავალ თეიმურაზს?

და ხანგრძლივი სიჩუმის შემდეგ კიდევ შეეკითხა:

- სთქვი, მარგუში, სთქვი! ნუ მომერიდები, მე წინდაწინვე დავემზადე და უკვე შევეჩვიე ჩემს ხვედრს, ჩემს ავს ბედს, რომელმაც ასე უღვთოდ დამრია ხელი და გამთელა, გამსრისა და აღმგავა ცოცხალთა ასპარეზიდან. მე ამ ქვეყნისა აღარა ვარ. აღარც ის არსებობს ჩემთვის. ორთავენი ერთმანერთისთვის მკვდრები ვართ. დამრჩა მხოლოდ შენი თავი და პატიოსნება. ეხლა ესეც დამეკარგა. ამიერიდან შენ ჩემი აღარ იქნები, მაგრამ მე?.. რა ვარ მე შენთვის? ვინა ვარ? ოოჰ, მარგო, სთქვი?.. სთქვი... სთქვი, ჩემო ერთო, ჩემო ჯვარცმულო ანგელოზო!

- ჯერ შენ მითხარი, ჩემო თემურ, რას აპირებ, რა გაქვს გულში? რა გინდა?

- მე?.. მე რა მინდა? მე?..

თეიმურაზმა თავი გადაიწია, მომაკვდავის სასოწარკვეთილი თვალები შეანათა მარგოს და ნაცემი ძაღლის მუდარით შეემუდარა:

- მე რა მინდა? შენთან ყოფნა და შენს გვერდით სიცოცხლე. მეტი არაფერი... ჰო, მეტი არაფერი...

მარგო თითქო შეშინდა:

- ჩემთან ყოფნა? თეიმურაზ!..

- ნუ, ნუ შეგეშინდება. ჯერ ყური დამიგდე. მე მხოლოდ ის მინდა, რომ შენთან ახლოს ვიყო სადმე; რომ ზოგჯერ შორიდან მაინც დაგინახო; რომ ათასში ერთხელ ორიოდე სიტყვა მაინც გითხრა. მეტი არაფერი.

მაგრამ პასუხი ვეღარ იპოვნა. ენადაბმულივით ძლივს ლუღლუღებდა:

- მე... მე არ ვიცი... არ მესმის... ჩემთან როგორ უნდა იყო? არ მესმის... რათ გინდა... რათ გინდივარ?.. ჯაყო რას იტყვის? ქვეყანა რას იფიქრებს?..

თეიმურაზი ძაღლის თვალებს არ აშორებდა მოულოდნელობით შემკრთალ მარგოს:

- მე ისევ შენი სულიერი ქმარი ვიქნები, არა, ქმარი კი არა, შენი ერთგული სულიერი ძმა და მ...მმეგობარი ვიქნები... მეტი არაფერი არ მინდა, მეტს არაფერს არ გთხოვ. ეს არის ჩემი უკკ...კანასკნელი მუდარა. მეტი არაფერი. ეხლა შენ იცი. ჩემი სიცოცხლე შენს ხელშია: თუნდა მომკალი, თუნდა მაცოცხლე. მეტი არაფერი.

უცებ ჯაყო შემოვიდა. თეიმურაზი რომ მარგოს მუხლებზე დაინახა, ორივენი თვალებით დაჰღრღნა და შემუსრა:

- ვერ გაათავებდეთ აქამდის?

თეიმურაზი წამოდგა. მელიას ღიმილით შეჰხვდა და კატის კნავილით შეჰკნავლა:

- ნუ გაჯჯ...ჯავრდები, ჯაყო!.. ნუ შეშინდები. მე ძმურის ალერსით მოვუალერსე მარგოს. თუ შენი თანხმობაც იქნება, ამას იქით მე და მარგო და-ძმები ვიქქ-ქნებით, შენ ნუ გეშინიან, ჯაყო, ნუ გეშინიან.

ჯაყომ დოინჯი შემოიყარა და ბალიშის ოდენა მკერდი გადმოიგდო:

- ჯაყოს ბრინკასი არ გეშინიან! ჯაყოს არც ათი ყაჩაღისა გეშინიან! ყველას დედას გიტირებს ჯაყოი, დედასა! მაშ, მაშა!

- არც უნდა გეშშ-შინოდეს, ჯაყო! მე შენთვის ს ს...საშიში აღარა ვარ.

- გინდებოდეს თუ არა, რომა მარგოს გაეყრებოდე? - მიახალა ჯაყომ. - გინდებოდეს თუ არა? ჯაყო ფული მოგცემდე, ბევრი ფული მოგცემდე.

- ჯაყო, მარგოს გულისთვის თთ...თუნდ კლდეზე გადავვარდები, მაგრამ ფ...ფფულზე ხმა აღარ ამოიღო, კრინტიც არ დასძრა.

ჯაყოს გაუხარდა:

- მაშ, მაშა! უნდა გადავარდე, მაშა! არც ფული უნდა აიღებდე, ეგეც მართალი ხარ, მაშ საქმე გათავებული ხარ. ხვალვე გაეყრებოდე და საღამოზე აქედან წახვიდოდე.

- არა. ჯაყო, არა! მე აქედან არსად არ წწ...წავალ, მარგოს ვერ მოვშორდები.

- მაშ რა გააკეთებდე აქა? როგორ იცხოვრებდე?

- ისევ დუქანში ვვ...ვიმუშავებ... ვივაჭრებ, მაგრამ ერთის პირობით: მარგო ყოველ დღე უნდა ვვ...ვნახო, ნუ გეშინიან, ჯაყო, ნუ გეშინიან. ჩვენში მხოლოდ დაჲ-ძმობა იქნება... მეტი არრრაფერი... მეტი არრრაფერი, მარგოს გვერდით მივუჯდები, ორიოდე სიტყვას ვეტყვი, ან, თუ გინდა, ხმასაც არ ამოვიღებ, ოღონდ ამის გვერდით მამყოფინე და მაცქერინე... მხოლოდ მაცქერინე. მეტი არაფერი.

- მაშ ჯაყო მარგოს ქმარი იქნები, შენ კი ძმა იქნებოდე, არა?

- ჰო. ჯაყო, ჰო! შენ ქმარი და მე ძ..ძმა.

- კარგი, ჯაყო ყაბული ხარ. მაგრამ შენ როცა მარგოსთან დაჯდებოდე, ან მეც იქ ვიჯდებოდი, ან ერთი პატარა ბიწი დაგსვამდე.

- თ... თთანახმა ვარ. ჯაყო.

- მეც ყაბული ხარ. ხელი მოგეცი. ივანე. შენ გადაგწერი ხელი! ჯაყომ და თეიმურაზმა ერთმანერთს ხელები მისცეს.

უცებ მარგოს უცნაური რამ დაემართა. თითქოს უსაზღვრო შეურაცხყოფა მიაყენეს და წაუშლელი ჩირქი მისცხესო: წელში გასწორდა, ნაკვეთი თავი მაღლა აიგდო და ალეწილ პირსახეზე მიუკარებელი ამაყობა, ნაკბენ თავმოყვარეობის ნისლი და აზღარბებული ამპარტავნება აისახა; თვალებში რისხვის ნაპერწკლებმა გაუელვეს და ტუჩების ნაოჭებში მძულვარებისა და ზიზღის ზოლები ჩაუწვნენ. თეიმურაზს ზურგი შეაქცია, ჯაყოს მკლავში ხელი გაუყარა და უბრძანა:

- ჯაყო, წავიდეთ!

და ორივენი მეფე-დედოფალივით გამობრძანდნენ.

დაბნეული და გაშტერებული თეიმურაზი დიდხანს გაუნძრევლად სდგას იმავე ალაგზე, სათვალეებს ისწორებს, თითებს ჰაერში ათამაშებს და ბუტბუტებს:

- ს...სსაკვირველია!. ს...სსაოცარია! არ მესმის... არაფერი არ მ...მმესმის.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — მიხეილ ჯავახიშვილი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.