– VI –
რამდენიმე თვის შემდეგ ოთხმოცი წლის მოხუცივით დაბერებული ხევისთავი იმავე ნაშინდარს მიადგა.
ქადილით წასული მებრძოლი ერთგულ ძაღლივით უბრუნდებოდა ჯაყო ჯივაშვილს.
თავზე ქუდის ნაგლეჯი ეხურა. დაგლეჯილ ჩუსტებიდან ფეხის თითები უჩანდა და ტანზე დაკონკილი ინგლისური ფარაჯა ეცვა.
წელში სამად მოხრილიყო, დამსხვრეულ სხეულს ძლივს მოათრევდა და სქელ ჯოხს ყავარჯნად ხმარობდა.
ორმოციოდე წლის მოხუცს თეთრი წვერი ჩაზნექილ მკერდზე სცემდა: გამოლაყებული თავი თხის თავივით უცანცარებდა და ღრმა ორმოებში მღვრიე თვალები უსულო მინებივით ჰქონდა ჩაწყობილი.
ზამთარი მიწურულია. გაცრეცილ ბაღებსა და ჭალებში ნისლიანი ბინდი ჩაწოლილა. ქართლის მინდვრებს ტყვიის ღრუბლები დასწოლიან. ქუშიანი ცა ცივი წვიმით იწურება. ორღობის გზა ტლაპოთი ავსილა. აქა-იქ ღობეებსა, მარგილებსა და ტანთ-გახდილ ხეებზე მობუზული კაჭკაჭები, ბეღურები და ყვავები გაზაფხულს ელიან.
პირდაღვრემილი სოფელი შარშანდელივით აღარ იცინის. არხი და ლიახვიც სიმღერის მაგივრად გესლით იღრინებიან.
მოდის თეიმურაზი და მარად განუყრელი ძაღლის მძორს კვლავ კისრით მოათრევს, თან დროგამოშვებით გულ-მკერდს ისე იხოკავს, თითქოს იმ მძორის ჩამოგლეჯას ჰლამობდესო.
ორღობეში ისევ ბატებს წააწყდა. მაგრამ დედა-ბატი სისინით აღარ დაედევნა და გოგო-ბიჭებიც სიცილით და ღრეჭით აღარ მისდევდნენ. ჯაფარა კი ისევ მარგილზე დაჰხტის და დამარცხებულს ჩხავილით დასცინის:
- მოხვედი? დაბრუნდი? მოხვედი? დაბრუნდი?
სანამ თეიმურაზი ახალი ქვეყნის და ბედის ძებნაში სადღაც დაბორიალებდა, ჯაყოსთვის თეიმურაზის ბაღ-ვენახი და ნასახლარი ჩამოერთვათ. დარბაზის ზემო სართული სკოლად გადაეკეთებინათ, ხოლო ქვემო სართულში კოოპერატივი გაეხსნათ. ჯაყო და მისი ჯალაბ-ჯულაბი ახალი სახლის აშენებამდე კოშკსა, ბეღელსა და მარანში ჩასახლებულიყვნენ.
თეიმურაზი თავისი ნასახლარის ეზოში თრთოლვით და ბორძიკით შედის.
სკოლიდან ბავშვების ღრიანცელი მოისმის.
ახალი მასწავლებელი აივანზე გადმომდგარა, მომავალ თეიმურაზს ათვალიერებს და უცნაურად იღიმება.
ქეშელამ თეიმურაზი კოშკში შეიყვანა. ჯაყო ბუხართან ზის და პაპიროსის მაგივრად ისევ მყრალ ყალიონს აბოლებს. მარგოს დარიგებით გაპარსული მაიმუნი კვლავ ბანჯგვლიან დათვად გადაქცეულა: წვერი გაუზრდია, გაპოხილი ქურქი და ტლანქი ჩექმები ჩაუცვავს და თავზე ტყავის ბულულა დაუდვია.
მარგო ისე გამხდარა და გაყვითლებულა, თითქო სამი თვის ნალოგინარი ყოფილაო. უსისხლო ტუჩები გასცრეცია და ლოყები ღრმად ჩაჰზნექია, ხოლო ღრმად ჩაცვივნული ნუშის თვალები მიმქრალ ჭრაქივით ძლივს ბჟუტავენ. ტანთ ჩითის დაკონკილი კაბა აცვია და მხრებზე გახუნებული შალი აქვს წამოსხმული.
თეიმურაზის დანახვაზე ორივენი მობრუნდნენ და გახევდნენ. ხევისთავმა ჯაყოს და მარგოს მდაბლად დაუკრა თავი და მორჩილებით ჩაიკნავლა.
- აი, დავ... ვვბრუნდი...
სდგას თეიმურაზი და მღვრიე თვალებს თავის ტალახიან ფეხებს ვეღარ აშორებს.
მარგომ ხმა არ გასცა, კედლისკენ მიბრუნდა და თვალები მოიფშვნიტა. მერმე გატრიალდა და გარეთ გავიდა. ჯაყო ჯერ გაიბადრა, მერმე ძლევამოსილ კვიცივით ახვიხვინდა:
- ბრინკა, მოხვიდოდე?! აბა, დაჯდებოდე და მეტყოდე, აქამდე სად იხეტიალებდე და დაეთრეოდე? - პასუხს აღარ მოუცადა და თვითონვე განაგრძო:
- მაშ, მაშა! აკი გითხარი ჯაყომა, ნუ წახვიდოდე მეთქი! რა გინდებოდა ვითომა, რომ ფეხი დაგკარი და გაიქეცი? რა მოგიგე? ანდე, როგორ გახდებოდე! აკი გეტყოდე ჯაყოი: ნუ წახვიდოდე, აქ დარჩებოდე, დუქანს მოუვლიდე და ბუღლატერიასაც გააკეთებდე მეთქი, თორემა ქეშელამ რა ვიცის ვაჭრისა და ბუღლატერიისა!
უცებ კილო გამოიცვალა და ატირდა:
- ყველანი გატყუებდე ქეშელასა. საწყალი ჯაყოი! ჯაყო წააგე. ძალიან ბევრი წააგე. დუქანი დაკეტე ჯაყომა. იმ სიშორეზე ხალხი აღარ მიდიხარ. შენ სახლში ეხლა კაპრატივი გახსენი მთავრობამა. ისე იაფად გყიდი კაპრატივი საქონელსა, რომ საწყალი ჯაყო კინაღამ გაკოტრდი.
წუწუნის ნაცვლად უცებ გესლით ახვიხვინდა:
- ვიცის ჯაყომა, როგორი კაპრატივიც გექნება ნაშინდარსა, კარგად ვიცის ჯაყომა! გინდა ტყავი გააძრობდე ხალხსა, განა! ეგენი კი იძახოდე: ხალხი იაფი საქონელი უნდა მოგცეო. მამა გიცხონდა! ვითომ არ ვიცის ჯაყომა, როგორ უნდა მოატყუებდე ხალხი?!
- აი, დავბრუნდი. - ჩურჩულით განიმეორა თეიმურაზმა და ტახტის თავზე ჩამოჯდა.
- მეც ხედავ, რომ ბრინკა დაბრუნდი. ეხლა ჯაყოს სახლი აღარა გაქვს, სახლიც წაგართვეს, ავეჯიც და ყველაფერიცა: ოქროც, ვერცხლიცა, სარკეცა, რკინის კრაოტებიც, ხმალ-ხანჯალიც და ყველაფერიცა, ყველაფერიცა! რაც ძველი და კარგი რამ გქონდა ჯაყოსა, ეხლა წაგართვეს, უნდა ქალაქში წაგიღოთო. ვიცის ჯაყომა, საცა წაიღებდე, ვიცი!
- ხი-ხი! - ჩაიხითხითა გულში თეიმურაზმა.
- სახლიც წაგართვეს და სკოლა გაგიკეთეს! - კვლავ ზიზღით აღელდა და ახვიხვინდა ჯაყო. - რა ოხრად გინდა ჯაყოსა სკოლაი? ხალხსაც ფეხებზე გკიდია სკოლაი! თუ ჯაყოს განათლება არა გაქვს, კარგი ბიწი ვერა ხარ, რაღა! ბავშვები ნახირში გინდა წახვიდოდე, ან წყალი მოიტანდე, ან დედ-მამას უშველებდე, ეგენი კი მთელი დღე მოგაცდენდეს. არა გიშავს-რა ჯაყოსა! დაიცადებდე!... მოიცადებდე! ყველას სეირს გაჩვენებდე ჯაყოი, ყველასა: ნინიკასაცა, ილასაც, თომასაც, თედოსაც და თანდილასაც. ეს ხუთი კაცი მთელი სოფელი ხელში ჩაგიგდეს, აღარავის მოსვენებას არ გაძლევენ. სულ ძალაზე გიჭირავს თვალი. ამას წინათ ნინიკასთან ჯაყოს ჩხუბი მოგივიდა. მე ერთი სახრე დაგკარი, იმან კი ჯაყოს კომბალით თავი გაგიხეთქე. დაიცადოს! დაიცადოს! მე გიჩვენებ კომბალსა! ყოველთვის ხომ არ იქნება ეს მთავრობაი! ნინიკამ უნდა ჯაყოს გაჯობოს?! უნიფხო!.. ფეხშიშველა!.. ქეციანი! მთელი დღე მოჯამაგირესავით მუშაობ და ერთი ლუკმა ძლივს იშოვნიდე! რა კაცი ხარ ნინიკაი, თომაი და ილაი?! სულ ის გინდა, რომ სხვას წაგაგლიჯონ და სკოლას და კაპრატივს მოგცენ! ჯაყოს სახლი წაგართვი, მაგრამ მე მალე მაგაზე კარგი სახლი ააშენებ. პავლეი, თომაი, ილაი და იმისი ყაჩაღი ამხანაგები კი ისევ გომურებში დალპებოდე. მაშ, მაშ! დაიცადებდეთ!.. მომიცადებდეთ!..
ჯაყო ვეღარ მშვიდდება. დაჭრილ დათვივით დაბორიალებს, ხუთგირვანქიან მუშტებს ჰაერში ატრიალებს, ჰბორგავს, იმუქრება და ხვიხვინებს:
- ჯაყო გიჩვენებდე სეირსა, თქვე ყაჩაღებო, თქვენა! აბა ახლა ივლის ჯაყოი ხალხის გულისთვის, ახლა დაგიკლებდე ჯაყოი ნალოგსა, როგორ არა! მამა გიცხონდათ! ჯიბე მაგრად დაიჭირებდეთ! დაიცადეთ!.. მომიცადეთ!..
უცებ თვისი თათი ისე მძლავრად დაჰკრა თეიმურაზს მხარში, რომ დალეული ნაკაცარი ერთი მტკავლით ჩაიზნიქა:
- ბრინკა, იცი, რას გითხრამდე? მოდი ეს სახლი ისევ შენ წაიღებდე, ღმერთმანი. მთავრობა ისევ მოგცემდე ეს სახლი.
- არ მომცემენ, ჯაყო.
- მოგცემდენ მეთქი! ისევ ერთად იცხოვროთ მე და შენა. შენ მარგოს ძმა ვიქნები, მე კი ქმარი, ასე არ გინდოდეს წინათა?
- ჰო, მაგრამ... სახლს არ მომცემენ, ჯაყო.
- მოგცემდენ მეთქი! დაიცადე... დამაცადებდე... ჯაყო მოიფიქრებ...
დიდხანს დარბოდა და ნაწყვეტ-ნაწყვეტად გაუგებარს ისროდა. ბოლოს, ჩრდილივით შემოპარულ მარგოს მიუბრუნდა:
- მარგო, შენ რას იტყოდე? რა ვუყოთ თეიმურაზსა?
მარგომ პასუხი არ მისცა. პირმიბრუნებული, კედელს შესცქეროდა. მერმე ადგა და ისევ გარეთ გავიდა.
ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა. თეიმურაზი ისევ ფეხის თითებს ისინჯავს, თან გულში შხამიანად ხითხითებს:
- ეხლა გაყაჩაღდნენ თომა და ილო? წინათ კი, როცა ეს სახლი თეიმურაზს ჩამოართვეს და ჯაყოს გადაულოცეს, პატიოსნები და ყოჩაღები იყვნენ, განა! ჰოი, ჯაყო! ჰოი, აფრიკელო ზულუსო! ბუშმენო! შენი ჯერიც მოვიდა, განა! ხომ გითხარი: უხილავი სამართალი შენისთანა ავაზაკს ურმით დასდევს მეთქი. დაგეწია, განა! ეს ერთი და სხვა ათასი!
- ეხლა ჯაყოს კიდევ მოგდეს შარი: ჯაყო არ მუშაობო, ჯაყო ვაჭარი ხარო. ამიტომ ჯაყოს ვენახიც და ბაღიც წაგართვეს, სამართალი აღარსად არ ვიქნებოდე?!
- ჯაყო და სამართალი? - ჰფიქრობს გულში თეიმურაზი. - ეხლა ჰყვირი? არა გიშავს-რა, ღმერთმა მოგიძღვნა. ეგ ერთი და სხვა ათასი! ეგ ერთი და სხვა ათასი!
- ღმერთი აღარა ხარ?! - ჰგოდებს მაგრად ნაკბენი ჯაყოი.
- ხი-ხი-ხი! - იცინის გულში თეიმურაზი. - ჯაყო და ღმერთი?! ჯაყო და სამართალი?! განგებამ მხოლოდ კლანჭი გაგკრა და გოჭივით აგაჭყივლა, მაგრამ ნეტა მაჩვენა შენი ბღავილი, როცა მისი ბასრი კლანჭი ყანყრატოში დაგწვდება. მოახლოვებულ არს ჟამი განკითხვისა, ჰოი, ავაზაკო! ჰოი, მგელკაცო ჯაყო! ჰოი, მხეცო, ავო პირუტყვო!
ჯაყოს გული ბრაზით გაუსკდა და ენის ქავილი აუვარდა. ძლივს გაჩუმდა და ისევ ყალიონი ააბოლა. ბოლოს, გადააფურთხა, ყალიონი ჩექმაზე დაიბერტყა და სთქვა:
- ბრინკა, მოდი შერიგდეთ. რაც მოხდა, მოხდა! ჯაყო ჯავრიანი კაცი არა ხარ, ღმერთმანი არა ხარ!
- რა თქმა უნდა, - ჩაიცინა თეიმურაზმა.
- ღმერთმანი, ჯაყომ ყველაფერი დაივიწყე. შენ ისევ დუქანში ჩადგე და ივაჭრებდე. ჯაყოს ძალიან გინდა ისევ გახსნა დუქანი და კაპრატივი გაგაკოტრო. რა სეირი იქნები! ჯაყომ და თეიმურაზმა რომ მთავრობის კაპრატივი გაგაკოტრო, რა სეირი იქნები! მაშ, მაშა! ჯაყოს ეხლა ბევრი ფული გაქვს. ქეშელა ბევრი მოგატყუეს. ჯაყომ ძალიან წააგე, მაგრამ კიდევ დაგრჩა ჯაყოსა. დუქანს სულ საქონლით გაგავსებ. კვირას ქალაქში წავიდებოდეთ და საქონელი მოვიტანებდეთ. შენც ტანისამოსი გიყიდებოდე. ჯამაგირიც მოგცემდე. თვეში ხუთი მანათი ხომ გეყოფოდეს?
- მეყოფა, კარგად მეყოფა. - იკმარა თეიმურაზმა.
- მაშ ხვალვე წახვიდოდე დუქანში და ბუღლატერიას დაიწყებდე. ქეშელა და გიბა გომურში ცხოვრობ. შენც იქ დაიძინებდე. ზამთარში გომურში სჯობდეს, არ შეგცივდებოდეს. როცა ახალი სახლი ააშენებდე ჯაყოი, შენც ჩვენთან იცხოვრებდე. ჰა, რას იტყოდე? ღმერთმანი, ჯაყო კარგი კაცი ხარ, ჯაყო კარგი გული გაქვს.
- ვიცი, ვიცი! ვიგემე და ვნახე შენი გული. - იხერხება თეიმურაზი.
- ოღონდ აღარ გააჯავრებდე ჯაყოსა, თორემა...
- არა, ჯაყო, არ გა... გგაჯავრებ.
- ღმერთმანი, იმ კაპრატივს ერთ თვეში გაგაკოტრებ.
უცებ იქვე, ტახტის ბოლოში, ბავშვის ტირილი მოისმა. ჯაყო აკვანს ეცა. მარგოც შემოვიდა.
ჯაყო გაიბადრა:
- მართლა, ბრინკა, აბა ერთი ნახავდე პატარა ჯაყოსა! ეს ერთი და სხვა ათასი! მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა! აბა, ერთი ნახავდე, როგორი დიდი გოწი ხარ ჯაყოს შვილი! ისეთი ვაჟკაცი გამოხვალ, როგორც ჯაყოი, მაშ, მაშა!
თეიმურაზმა წელი ძლივს აითრია. აკვანში ჩაკრულს ორი თვის პატარას ხარბის თვალებით აშტერდება, პირსახეზე ცივ თითებს უსვამს, "აღუ-აღუს" ბუტბუტებს, მარგოს პირს არიდებს, ჩამოხჩობილის ღიმილით იღიმება და თანაც ათი წლის დავა აგონდება.
თეიმურაზი ხევისთავთა გვარის შეწყვეტას მუდამ მარგოს აბრალებდა. ეხლა კი... ეხლა იმ ფუნჩულა პაწია ჯაყომ, რომელიც ფეხებით აკვანს ამტვრევს და ყვირილით სახლს აყრუებს, დიდი ხნის ინტიმური დავა საბოლოოდ გადასწყვიტა და ბნელი ჭეშმარიტება გამოარკვია.
- სუ! სუ, შე მამა-ძაღლო, შენა! - აჩუმებს ჯაყო თავის ანჩხლ მემკვიდრეს და დათვურ თათს ფუნჩულა ლოყებზე უსვამს.
- აღუუ!.. აღუუ!.. აღუუ, პაწაწინა ჯაყოსა. - კვლავ ბუტბუტებს თეიმურაზი და ისევ ჩამოხჩობილის ღიმილით იღიმება.
მარგო აკვნის მეორე მხარეს ჩაკუნტულა, მკერდის საკინძი გაუხსნია და ძუძუს მოწოვებას აპირებს, მაგრამ რაღაცას ერიდება.
- ჩემთან ძუძუ ვერ ამოუღია... ჩემი სცხვენიან.- გულში ამოიკვნესა თეიმურაზმა და ადგა.
მარგომ დაჩვარული ძუძუ მაშინვე მისცა ბავშვს და აკვანს ზედ დააკვდა.
ჯაყო თეიმურაზს მოუბრუნდა:
- მართლა, ბრინკა, იცი რას გითხრამ? შენ რომ მოკვდებოდე ხევისთავის გვარიც აღარ იქნებოდეს. მოდი, საქმეს ისე გაგაკეთებდე, რომ ამ პატარა ჯაყოსა ხევისთავი დაგარქმევდე, ჰა, რას იტყოდე?
თეიმურაზის თავსა და გულში უკვე ყველაფერს დაეკარგა ფასი და გარჩევა, ყველაფერი გაჰქრა, გადნა და დომხალივით აირია: ხევისთავიც და ჯივაშვილიც, ჯაყოს დუქანიც და კოოპერატივიც, სკოლაც და ხევისთავთა ნასახლარიც, წარსულიც და აწმყოც.
თეიმურაზი აყბედებულ ჯაყოს ყურს აღარ უგდებს, ხარბი თვალით მარგოს მისჩერებია. - თავის წინანდელ მარგოს, მარგუშას, მარგალიტს, თავის ერთად-ერთ მეგობარს, რომელმაც გამხდარი ძუძუ ბავშვს ძალით ჩასჩარა და თვისი პირსახეც ბავშვის ძონძებში ჩაჰმალა.
რად არიდებს მარგო თვალს თეიმურაზს? რად ბრწკინავს მარგალიტივით მარგოს ჩაყვითლებულ ლოყებზე ორი კურცხალი? სცხვენიან? მაშ რატომ შარშან არ შერცხვა? ნეტა რა მოხდა მას აქეთ? ნეტა იცოდეს თეიმურაზმა, მოხდა რამე რამდენიმე თვეში, თუ... თეიმურაზის ჩონჩხს ჯაყომ თათი დაჰკრა და გამოაფხიზლა:
- ჰა, რას იტყოდე? ხევისთავი დაგარქვათ, თუ არა, პატარა ჯაყოსა.
- კარგი, ჯაყო... ძალიან კარგი... ორი გვარი ატაროს: ჯივაშვილი-ხევისთავი... მე თანახმა ვარ... თანახმა ვარ, თუ მარგო... თუ მარგოც დასთანხმდა.
მარგომ უცნაური ღიმილით აჰხედა თეიმურაზს და ჯაყოს უთხრა:
- სულ ერთია. ეგრე იყოს.
- მაშ კვირას ქალაქში რომ წავიდოდეთ, მთავრობას ქაღალდი მოგართმევ. ბრინკა, ეხლავე დასწერდე იმ ქაღალდსა. აბა, დაჯექი.
თეიმურაზმა შესაფერი არზა დასწერა. დასწერა და თვითონვე გაიკვირვა. თითქო გონს მოვიდა და თავიდან ბურუსი მოიშორა. თვალები მოიფშვნიტა, დაწერილი დაკეცა, დახია და ბუხარში შეაგდო, თანაც წაიბუტბუტა:
- არ ვარგა... მერმე დდ...დავწეროთ...
- მერე დავწეროთ. - დაეთანხმა ჯაყოც და გარეთ გავიდა.
თეიმურაზი დიდხანს უჩხიკინებს ბუხარს, მერმე მარგოს უბრუნდება:
- ავად ხომ არა ხარ, მმ... მარგო?
და სიჩუმის შემდეგ კვლავ იმეორებს:
- ავად ხომ არა ხარ, მმ... მარგო?
- არა. - კედელს უპასუხებს ნაცოლარი.
- მაშ რად გ... გგახდი ეგრე?
მარგომ თეიმურაზს ისევ მოარიდა პირი და ბავშვს მძლავრად მოუჭირა არტახები.
- ხომ კ... კარგათა ხარ?
- მარგომ აკვანი დაუდევრად მიაგდო კუთხეში და კარებისაკენ გასწია.
- მარგო, რატტტომ პასუხს არ მაძლევ? ისეთი რა დ...დდავაშავე, რომ ორი სიტყვაც არ მაღირსე?
მარგო ოდნავ წატორტმანდა და ბოძს მიეყუდა. მერმე უცებ მოტრიალდა და ბრაზნარევი ცრემლით ამოიკვნესა:
- იმიტომ, რომ... იმიტომ, რომ მართლა ღირსი არა ხარ... ღირსი არა ხარ მეთქი... საკუთარი თავის აგეთი დამცირება ამპარტავნობაზე უარესია... უარესია მეთქი! შენზე ცუდმედიდი სატანაც არ იქნება... შენ... შენის თავმდაბლობით შენი თავიც დაიღუპე და მეც გამაუბედურე.
- შენ? გ... გგაგაუბედურე? მე?.. მე?..
- დიაღ, შენ! სწორედ შენ! მხოლოდ შენ!
თეიმურაზი წამოდგა და მარგოს მიუახლოვდა.
- როგორ?.. რით? მ... მოვისაზროთ... გამმმოვარკვიოთ. - ბუტბუტებდა ნაქმარალი და ცხვირწინ თითებს ითამაშებდა. - მ...მმოვიფიქროთ... გგ... გამოვარკვიოთ...
- ოოჰ, ღმერთო ჩემო! რაღა მოფიქრება და გამორკვევა გინდა, თეიმურ?! აქამდე როგორ ვერ გაიგე და ვერ გამოარკვიე, რომ შენ... მამაკაცი ხარ... რომ მამაკაცი უნდა იყო, შენ კი... შენ... ოოჰ, თეიმურ!... თეიმურაზ! ეს რა მიყავი!.. ეს რა დღეში ჩამაგდე!.. ღმერთმა ჩემი ცოდვა შენ დაგაკისროს, თეიმურ!
- მარგო!.. მარგუში!.. გგ...გამაგებინე...
- რაღა გაგაგებინო, თეიმურ?! ნუთუ... ნუთუ აქამდე ვერ გაიგე, რომ შენ... შენ... ოოჰ, ღმერთო ძლიერო!
უცებ მოტრიალდა, კუთხეში დალაგებულ ლოგინების გროვაზე დაემხო და ყრუდ აქვითინდა.
თავზარდაცემული და გაბრუებული თეიმურაზი შუა ოთახში იდგა, სათვალეებს ისწორებდა. ისევ ცხვირ-წინ თითებს იტრიალებდა და ბუტბუტებდა:
- მე?.. მე გაგ... გგაუბედურე? არ მესმის... ვერ გ... გგავიგე... არაფერი არ მესმის.
მარგო მოტრიალდა, გასწორდა, პირსახეზე მკაცრი სიმტკიცე აისახა და ბრაზით მიახალა:
- ვერც გაიგებ! ვერასოდეს ვერ გაიგებ! ეხლა კი წადი აქედან... ეხლავე წადი!.. წადი და აღარ დაბრუნდე, აღარ დამენახო, თორემ... თორემ...
თეიმურაზი კარისკენ მიბარბაცებს, კვლავ თვალწინ თითებს იტრიალებს და ლუღლუღებს:
- კარგი, წავალ... მე წავალ, მაგრამ რომ არაფ.... ფფერი არ მესმის ...რომ ვ... ვვერაფერი ვერ გავიგე...
კარებში ერთი წუთით შესდგა, შეყოყმანდა, მერმე თავი მოიბრუნა და სლუკუნით ამოიკვნესა:
- მაშ... მ... მშვიდობით, მარგო!.. მშვიდობით!
და მოწყვეტილი ფეხები კარების დირეზე ძლივს გადაათრია.