prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ჯაყოს ხიზნები — ნაწილი პირველი — თავი III

მიხეილ ჯავახიშვილი · პროზა

– III –

ერთხელ თეიმურაზის მყუდრო ცხოვრებაში დიდი გაუგებრობა მოხდა: თეიმურაზმა მოულოდნელად ცოლი შეირთო.

ერთ დღეს ვიღაცამ გაკვრით ჰკითხა თეიმურაზს:

- თეიმურაზ, რატომ ცოლს არ შეირთავ?

თეიმურაზს ეს სიტყვები გულში ჩაუვარდა და იმავე ღამეს, როცა ლოგინში ჩაწვა, თითქოს ობლობა იგრძნო და თავის თავს ჰკითხა:

- მართლა, რატომ ც... ცცოლს არ შევირთავ?

და იმ დღიდან ეს აზრი თეიმურაზს აღარ ასვენებდა. ქალის არჩევისთვის და არშიყობისთვის არ ეცალა. ზოგჯერ მაინც აქეთ-იქით იხედებოდა და ახალგაზრდა ქალებს გაკვრით უთვალთვალებდა. ვისაც თვალი დაადგა, ყველანი მოიწონა. ზოგჯერ მისი გული ჩიტივით შეიფართხალებდა, მაგრამ მაშინვე ფრთა მოტეხილივით მოსწყდებოდა, რადგან მოწონებული ქალი ერთი საათის შემდეგ ავიწყდებოდა, ხოლო მეორე დღეს იმ ქალს ვეღარც კი სცნობდა.

ქალებისთვის ვერ მოიცალა თეიმურაზმა, მაგრამ ერთხელ საბედო თვითონვე თავთ წაადგა. ეს ამბავი უბრალოდ და მოულოდნელად მოხდა.

გაქანებული თეიმურაზი რედაქციაში ცხარე წერილს სწერდა შესახებ ინტენსიურ და ექსტენსიურ მეურნეობისა. ეს დღე და ის წერილიც ხევისთავმა სამუდამოდ დაიხსომა.

უცებ ახლად აჭრელებულ ფურცელს ჩრდილი გადაეფარა. თეიმურაზმა აიხედა. უცნობი ლამაზი ქალი თავთ დასდგომოდა. მორცხვად იღიმებოდა და თეიმურაზს ჭრელი ქაღალდის ნაგლეჯს ხელში აჩეჩებდა, თანაც ნუშის შავ თვალებს ეშმაკურად აციმციმებდა:

- გთხოვთ... ბილეთი იყიდეთ...

- ბილეთი?.. ვისთვის?.. რა ბილეთი?

- წარმოდგენას ვმართავთ ღარიბ მოსწავლე ქალების სასარგებლოდ. უნდა თქვენც დაგვეხმაროთ.

- დ... დდაბრძანდით. დიდის სიამოვნებით დავეხმარები თქვენისთანა...

თეიმურაზმა ენაზე იკბინა. კინაღამ წამოსცდა: თქვენისთანა ლამაზსაო.

ის წერილი აღარ დაასრულა. ამ ქალს რედაქციაში ხუთიოდე ბილეთი გაუყიდა და უთხრა:

- თუ ნებას მომცემთ, ბ... ბბანკშიც წამოგყვებით... ბილეთებს გაგ... გგიყიდით.

გაჰყვა და სადილობამდე დასდევდა, თანაც ეუბნებოდა:

- ეხლა დ... დდრამატიულ საზოგადოებაში წავიდეთ... ეხლა ... წწერა-კითხვის საზოგადოებაში შევიხედოთ.

ქუჩაში ნაცნობებს გზას უღობავდა:

- ბ... ბბილეთი უნდა იყიდო... უეჭველად უნდა იყიდო.

ბოლოს იმ ქალს ვინაობა ჰკითხა.

- თქვენი გ... გვარი და სახელი?

- მარგარიტა ყაფლანიშვილი გახლავართ.

- დავითის ასული?

- დიაღ, დავითის ასული.

- საკ..კკვირველია! ს.. სსაოცარია!

- რა არის საოცარი?

- ის არის საოცარი, რომ ორივენი ობლები ვართ.

- უბრალო შემთხვევა გახლავთ. ამ ქეეყნად ობლები ბევრნი არიან.

- მარ... რრთალია, მაგრამ ორივენი ჩვენი გვარის უკანასკნელი ჩამონავალნი ვართ.

- ეგ კი მართლა საკვირველია.

ამ შემთხვევამ და დაობლებულთა მოულოდნელმა შემთხვევამ ორივეს გულზე უკბინა და ორივენი ერთ-და-იმავე იდუმალმა აზრმა გაიტაცა.

- გუშინდელი თქვენი წერილი წავიკითხე. - დაარღვია სიჩუმე მარგომ.

- მარტო გუშინდელი?

- არა, თქვენს წერილებს ყოველთვის ვკითხულობ, მაგრამ გუშინდელი წერილი დამახსოვდა, რადგან...

- რადგან?.. მიზეზი?

- რადგან მეტად კაპასი კილოთი იყო დაწერილი.

- მართალია. - დაადასტურა თეიმურაზმა.

- მაგისთანა კილოთი წერა თქვენ არ შეგშვენით.

- ეგეც მართალია. გადავაჭარბე, რადგან ჭორი მომიგონეს და ჩემი მოღვაწეობა უდიერად მოიხსენიეს.

- თქვენი მკითხველების თვალში ჭორი ვერ გასჭრის, ამიტომ ჭორიკანას ან პასუხი არ უნდა აკადროთ, ან არ გაჰყვეთ იმის კილოს. მე ასე მგონია. ბოდიშს ვიხდი, რომ ასეთი სიტყვა გკადრეთ, მაგრამ ეს იმიტომ მომდის, რომ თქვენ ჩემთვის...

- დაამთავრეთ. რა ვარ თქვენთვის?

მარგარიტა აილეწა.

- ბოდიშს ვიხდი, რომ გაკადრეთ...

- ბოდიში რა საკადრისია! პირიქით, თქვენი აზრი ჩემთვის ძვირფასია. - შეანელა მარგოს უხერხულობა თეიმურაზმა და გულში გაიფიქრა: - აი, ღირსეული შენიშვნა ჭკვიანი ქალისა, მომწონს. ძალიან მომწონს.

კიდევ ორი საათი იარეს. თეიმურაზი მხოლოდ ახლა დააკვირდა მარგოს ტანისამოსს, იერს, მიხვრა-მოხვრას, და გაიფიქრა:

"დაკვირვებული თვალი უმალ შეატყობს ამ ქალს ჯიშსა და აღზრდას. სადა და სუფთა ტანისამოსი, მარტივი და ბუნებრივი მიხვრა-მოხვრა, თავდაჭერილი სიტყვა-პასუხი, ზომიერი თავმოყვარეობა, მოკრძალებული მორცხვობა, თავით-ფეხებამდე ჩატარებული ნატიფი გემოვნება და... ცუღლუტი, ოდნავ დასანახი არშიყობა თვალებით, მხოლოდ თვალებით. ის არის! სწორედ ის არის, ვასაც ვეძებდი! ეს არის ჩემი საბედო და ამას იქით მე გზა არა მაქვს".

იმ საღამოს თეიმურაზი თეატრში იყო და მარგოს კუდივით დასდევდა. ხოლო ორი კვირის შემდეგ, ერთ მთვარიან საღამოს დრო იხელთა და დაჩრდილულ ხეივანში ასე აბორძიკდა:

- ერთი რამ უნდა მ...მმოგახსენოთ... ყური მიგდეთ... ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი ჟამია. ალბათ მიცნობთ... მარტოხელა კაცი ვარ...

დიდხანს იბორძიკა და იბორიალა. ბოლოს, ძლივს წაილუღლუღა:

- ერთისს... სსიტყვით... თუ თქვენც მ.. მმოგწონვართ... მე მომწონხართ... მ... მიყვარხართ. - მრთოლვარე ხელი ჩამოართვა და დაუმატა: - მ...მმოიფიქრეთ... ნუ აჩქარდებით.

თუმცა გაზაფხულის ღამე იყო, თუმცა ხავერდის ცაში სიყვარულით მთვრალი მთვარე დაბარბაცებდა, თუმცა ჰაერიც ვნების სიცხით იწვოდა, მტკვარიც გაუგებარს ჰბოდავდა და ყოველი სულიერიც უცნაურისა და იდუმალის გრძნობით იყო გაბანგული, თეიმურაზი მაინც გულის-ხმას არ აჰყვა: არც თვითონ აჩქარდა და არც მარგო ააჩქარა.

მეორე დღეს მთვრალმა მთვარემ მაინც თავისი გაიტანა და ის წყვილი ერთმანეთს ჩაჰხუტა.

თეიმურაზი მთელ ზაფხულს გარინდული დადიოდა. მისი თავი, გული და ნებისყოფა შუაზე გაიხლიჩა. დანიშნულმა ხევისთავმა იცოდა, რომ იმის სიცოცხლეში და ხევისთავთა მილეულ გვარის ისტორიაში უდიდესი გარდატეხა ხდებოდა. მომავალი ჯვრის-წერა და დაოჯახება მისთვის იდუმალ ნეტარებით იყო სავსე, მაგრამ იმავე დროს საზოგადოებრივი საქმეებიც ისე ჩამოეკიდნენ თეიმურაზს გამხმარ კისერზე, რომ დანიშნულს ხვედრი დრო ვერ მოანდომა და ისე წაიყვანა ეკლესიაში მარგარიტა ყაფლანიშვილი, როგორც უცხო და ოდნავ ნაცნობი საბედო.

საზეიმო ქორწილმა სამი დღე და ღამე გასტანა. უძილობით და სიყვარულით გამოწურული თეიმურაზი ლასლასით დადიოდა და სტუმრებს უმასპინძლდებოდა:

- არ მ... მმოიწყინოთ... დალიეთ, მიირთვით, იმხიარულეთ... შუა ლხინში თეიმურაზმა ყანწი ასწია:

- ეს ღმერთმა ადღეგრძელოს მომავალი ხევისთავი და ყაფლანიშვილი, რადგან ორივე გვარი ამ თაობაში სწყდება, ამიტომ ჩვენმა მომავალმა შვილმა უნდა ორივე გვარი დაიმკვიდროს. ამას ამ თავითვე ვ.... ვაცხადებ. გაუმარჯოოოს!

სტუმრებმა ჟრიამული ასტეხეს და თეიმურაზს ნასაზრი მოუწონეს. ხოლო მარგომ საღამოზე დრო იხელთა, თეიმურაზი ცხელ გულში ჩაიხუტა და ჩასჩურჩულა:

- მადლობელი, ჩემო თეიმურ.. ჩემო თემურ... მადლობელი! მაგაზე უკეთესს ვერაფერს მოიგონებდი. ეგ აზრი მეც მქონდა, მაგრამ დამასწარი. გულთამხილავი ჰყოფილხარ!

მეოთხე დღეს თეიმურაზმა ახალგაზრდა კნეინა ნაშინდარში აიყვანა, ნათესავებს გააცნო და თავის მამულიც აჩვენა.

ძველმა ციხე-დარბაზმა, კოშკმა, ხევისთავთა საგვარეულო საგანძურმა და კარგად მოვლილმა ბაღ-ვენახმა მარგო აღტაცებაში მოიყვანეს და მისი გული ახალგაზრდა და სახელმოხვეჭილ ქმრის გულს უფრო მჭიდროდ მიაბეს.

მოლოცვას და მოლხენას ბოლო აღარ უჩანდა. სადილი სადილს მოსდევდა და ვახშამი ვახშამს. გლეხები საქმეს სცდებოდნენ და თეიმურაზის ქვევრებსა და ასი წლის კაკლების ჩრდილს ვეღარ შორდებოდნენ.

თეიმურაზთან შეზრდილი და მისი მამის ავთანდილის გაზრდილი მღვდელი ივანე თეიმურაზს და მარგოს აჩრდილივით დასდევდა, ეკლესიურ დარიგებას აძლევდა, სუფრაზე სთამადობდა, ულეველ ლოცვით ლოცავდა და ზოგჯერ ჩუმ-ჩუმად თეიმურზს ჯაყოს ოინბაზობას ყურში აწვეთებდა. მაგრამ თეიმურაზი ისე იყო ბედნიერებით, ლაქუცით და ქლესაობით დამთვრალი და გაყრუებული, რომ ნათქვამი ან არ ესმოდა, ან უმალვე ავიწყდებოდა.

ჯაყო თავისი კანიდან ამოვარდა და ბატონების წასვლამდე თავის კალაპოტში ვეღარ ჩავარდა. ცისმარე დღიდან ხან ბაღს, ხან ეზოს, ხან ვენახს, ზოგჯერ მარანსა და ხან კიდევ ძველ დარბაზს მისი ჭექა და გრგვინვა აყრუებდა:

- აბა, ქეშელა, რაშუ... გიგა, თახრაშუ!.. ბრინკა, მარნიდან ღვინო მოიტანებდე!.. ტურა, ჩქარა ცხვარი დაკლავდე!.. პელო, ჩქარა საქონელი მოგწველე!

მარგოს რომ თვალს მოჰკრავდა, თოვლივით დადნებოდა, თეფშივით გაიბადრებოდა და ფეხქვეშ გაეშლებოდა:

- კნეინაჯან, კარგი ყურძენი ხომ არ სწამდე, შენ გენაცვალოს ჯაყოი?! იქნება ნაღები გინდებოდეს, ან კარაქი, ან ტაბაკა? ან იქნება კარგი თევზი ან კურდღელი მოგინდებოდეს? ეხლავე წახვალ და დაგიწერ. ისეთი თევზაობა და ნადირობა ვიცის ჯაყომა, რომ შენი მოწონებული. მაშა!

- მადლობელი, ჯაყო, დიდი მადლობელი. არაფერი არ მინდა, ნუ სწუხდები.

- ჯაყო ხარ შენი მადლობელი, კნეინაჯან, ჯაყოი! შენისთანა კნეინასთვის ჯაყო წყალში ჩავარდები, თორემ ერთი კურდღელის დაწერა რა დიდი საქმეა, შენი წირი მე, შენი!

და ჯაყო ბუტბუტით გაბრუნდებოდა:

- შენ კი გენაცვალოს ჯაყოი, შენა!

ერთხელ ჯაყო და მასი ცოლი პელო მარგოსთან მივიდნენ და დაბლა დაუკრეს თავი. მერმე ჯაყომ ცხენის კბილები ააელვა და ახვიხვინდა:

- შენთან სათხოვარი გაქვს ჯაყოსა და პელოსა, შენი წირი მე.

- სთქვი, ჯაყო. თუ შემიძლიან, შეგისრულებთ.

- რატომ არ შეგიძლიან, შენი წირი მე. ძალიანაც შეგიძლიან! ჯაყოს და პელოს ორი შვილი გყავს მოუნათლავი. ორივენი შენ და თეიმურაზმა უნდა მოგნათლოთ.

- ეგ ადვილი საქმეა, ჯაყო. როდის გინდა გავმართოთ ნათლობა?

- ხვალ, შენი წირი მე, ხვალა.

- ძალიან კარგი, თემურსაც ვეტყვი.

მეორე დღიდან თეიმურაზისა და ჯაყოს ოჯახები დანათესავდნენ.

ერთი კვირის შემდეგ თეიმურაზი აცქმუტდა:

- უნდა წავიდეთ ქალაქში, ჩემო მარგუში. თორემ ათასი გადაუდებელი საქმე მაქვს.

- ისეთი რა საქმე გაქვს, თემურ, რომ ორიოდე კვირაც ვეღარ მოიცადე შენს მამულში?

- ათასი საქმე მაქვს. ვინ იცის, როგორ მიდის გ... გგაზეთი, კოოპერატივი. ჩვენი საზოგადოება და... ერთი სიტყვით, უჩემოდ ყველაფერი დ... დდაინგრევა.

- შენ იცი. თუმცა მე ნაშინდარში ათასჯერ მირჩევნიან.

- რა არის აქ საიმისო, მარგუში?

- ყველაფერი: მშვენიერი ბუნება, საღი ჰავა, მშვიდობა და... შენ.

- მე? მე ქალაქშიც შენი ვიქნები, ჩემო მეგობარო.

- არა, არა! ქალაქში ჩემთვის ვერ მოიცლი. დანიშნულები რომ ვიყავით, კვირაში ერთხელ ძლივს შემოივლიდი. ვიცი, რომ ეხლაც ისე გაგიტაცებს საქმე, რომ დაგავიწყდები. მე კი მინდა, რომ შენ დღე-და-ღამე ჩემთან იყო, ჩემ გვერდით, აი აქვე... აი ასე... ჩემო თემურ.

თემური დადნა მარგოს ალერსში, მაგრამ გულმა ორ დღეზე მეტი მაინც ვერ მოუსვენა. მესამე დღეს კვლავ ქალაქისკენ გამოიწია და მარგოც დაითანხმა.

სანამ მარგო გასათხოვარი იყო, ისიც თეიმურაზივით ფუსფუსებდა, ქველობდა და ქვეყნის გაბედნიერებას ჰლამობდა. მაგრამ, როცა გასთხოვდა და ხანში შევიდა, ნელ-ნელა დამშვიდდა და დაწყნარდა.

კნეინას მუდმივ სამიოდე მომვლელი და მოსამსახურე ჰყავდა, ამიტომ იგი მალე უსაქმობის ჭაობმა ჩაითრია და ჩასწუწნა.

ჯერ თეიმურაზის შუქით და სახელით იკვებებოდა: მუდმივ მეუღლეს კატასავით პირში შესცქეროდა, იმის ნაწერს ათჯერ გადაიკითხავდა, გადასაწერს გადაუწერდა, ყველგან თეიმურაზის ნათქვამს, ნააზრევსა და ნაწერს სიტყვა-სიტყვით იმეორებდა, იმის დღეს ფიცულობდა და იმის ხატს ლოცულობდა.

დრო გავიდა. ქურუმი ნელ-ნელა გაცვდა. მარგომაც თანდათან ქმრის ხატზე ლოცვას დაუკლო და საკუთარ თავის გართობას მიჰყო ხელი. კარგად იცვამდა და იხურავდა, სვამდა და სჭამდა, სტუმრად დადიოდა, თვითონაც უხვად მასპინძლობდა და არც ერთს სანახავსა და გასართობს არ აკლდებოდა.

კიდევ გავიდა ხანი. ქურუმი დადნა და დაპატარავდა. უხატო მარგოსაც ყველაფერი მოსწყინდა და მოჰბეზრდა: უხალისო სიცოცხლეც, უცეცხლო თეიმურაზიც, მისი მჩატე ნააზრევიც, მისი მუდმივი ფუსფუსი და საქვეყნო მოღვაწეობაც. კაბები და გასართობიც. შვილის მოლოდინი და აზრიანი მომავლის ძიებაც. ბოლოს, ახალგაზრდა კნეინაც ისე შეურიგდა ამ ქვეყანას და დაემორჩილა თავის ხვედრს, როგორც ემორჩილება მას - გარდუვალსა და უძლეველ ბედს - ათი და ათასი მილიონი ადამიანი.

მარგომ მხოლოდ რამდენიმე ჩვეულება და უფლება შეინარჩუნა იმ ბრძოლიდგან, რომელიც მას ჰქონდა ცხოვრებასთან: დღე- და ღამეში თხუთმეტი საათი მაინც ეძინა; შიგა და შიგ გამოიღვიძებდა, თუნდ მამლის ყივილისას ლოგინში წამოჯდებოდა, ელექტრონს გაანათებდა და ხილის ჭამას შეუდგებოდა; ამოჩემებულ სამიოდე გლახას ყოველ დღე განიკითხავდა; დილის ჩაის ლოგინში დაჰლევდა, მერმე დაუდევრად ჩაიცვამდა და მთელი დღე ექვს ოთახში უსაქმოდ დაბორიალებდა. უწინ თეიმურაზის ნაწერს რამდენჯერმე მაინც გადაიკითხავდა, ზოგჯერ ბაასშიც აჰყვებოდა, მაგრამ შემდეგ, საოჯახო საქმეების გარდა, ქმრის ნაწერსაც ერიდებოდა და მსჯელობასაც გაურბოდა.

თუ თეიმურაზი დღეში ათზე ნაკლებ გაზეთს წაიკითხავდა, ის დღე მისთვის დაკარგული იყო. გაახელდა თუ არა დილით თვალებს, უმალ ახალ-ახალ გაზეთებს დასწვდებოდა, და ჭამა-სმის დროსაც, ცხვირი რომ მათლაფაში ჰქონდა, ერთი თვალი გაზეთზე ეჭირა. სადილს ისე დაასრულებდა, რომ მეუღლეს ორიოდე სიტყვასაც ვერ ეტყოდა. ზოგჯერ მარგო გაზეთ-ჟურნალებში ჩაწოლილ თეიმურაზს მიუჯდებოდა და ბაასის გაბმას ჰლამობდა, მაგრამ თეიმურაზს არ ეცალა:

- დაიცა, მარგო... დამაცა, რა ვქნა!. არა მცალიან. მერმე მ... მოვილაპარაკოთ. - თითქოს ძილში ბურტყუნებდა ნაბეჭდში ჩამძვრალი წიგნის ჩრჩილი.

"მერმე" არასოდეს უდრიდა. ზოგჯერ მარგო ბავშვივით აცელქდებოდა, თეიმურაზს წიგნებს და გაზეთებს მოსტაცებდა, განზე გადაჰყრიდა, ქმარს თავს შემოევლებოდა და ანჯღრევდა:

- თემურ, გეყო ამდენი კითხვა. აბა, გამოფხიზლდი და შემომხედე, განა მე შენს გაზეთებს არა ვსჯობივარ? აბა, ერთმანეთს შეადარე ცოცხალი ქალი და მკვდარი ქაღალდი. მე ლაპარაკი შემიძლიან, ქაღალდი-კი მუნჯია, მე ვიცინი, ვიღიმები და დავდივარ, ქაღალდი კი უსულო საგანია. მე სიმღერაც ვიცი. გინდა გიმღერო?

- არა, მარგო, სიმღერისთვის არა მცალიან. გეყო ხუმრობა, მ... მომაწოდე ჩემი გაზეთები.

- ან, თუ გინდა, როიალზე დაგიკრავ შენს საყვარელს შოპენის nocturne-ს, ან ბეტჰოვენის სიმფონიას, თუ გინდა - ლისტის რაპსოდიას, ან შუმანის ვალსს.

მარგო როიალს მიუჯდებოდა და საკრავს საამურად ააჟღარუნებდა.

მაგრამ თეიმურაზს არც ლისტის რაპსოდია ესმოდა, არც ბეტჰოვენისთვის ეცალა. მას ინგლისის ახალ არჩევნების შესახებ წერილის კითხვა გააწყვეტინეს!

და თეიმურაზი ჰლამობდა გაწყვეტილ ძაფის გადაბმას:

- მარგო, მომეცი ჩემი გ... გგაზეთი!

- არ მოგცემ. უნდა უეჭველად გაგართო. თუ როიალის ხმა არ გესიამოვნება, გიმღერებ. რომელი მოგწონს, რომანსი "მხოლოდ შენ ერთს", თუ კარმენის არია? - და ხავერდის ხმით დაიწყებდა:

მხო-ოლოდ შენ ე-ერთს, რაც რომ ჩემთვი-ი-ის

მოუცია-ა-ა მაღლიდან ღმე-ე-ერთს...

- მარგო, ნუ მაჯავრებ, მომეცი მეთქი ჩემი გაზეთი!

- არც სიმღერა მოგეწონა? მაშ შენი გულისთვის ერთს უზუნდარას ჩამოვუვლი, ან ტარანტელლას, ან კარმენის ცეკვას.

და დაირას ან კასტანეტებს აიღებდა და თეიმურაზის გარშემო ჩამოივლიდა. ხან ვნებიან და გველურ უზუნდარით დაიწვებოდა, ხან ესპანურის ცეკვით აიგრიხებოდა, ხან კიდევ გიჟმაჟურ ტარანტელას ისეთის ალქაჯური სიმარდით დაატრიალებდა, რომ თეიმურაზს თვალი უჭრელდებოდა და თავბრუ ეხვეოდა. სცეკვავდა გაწეწილ-გაღეღილი მარგო და ხან ინისლებოდა, ხან ვნებით სდნებოდა. ხან ჟინით გიჟდებოდა და ნუშის შავი თვალებით ხან ღონდებოდა, ხან სევდით იბურებოდა, ხან ცელქად იღიმებოდა და ხან კიდევ ისე ინთებოდა, რომ მისი თვალები ოთახში ატეხილ ელვასავით დახტოდნენ.

დაღლილი მარგო თეიმურაზს ეხვეოდა, თეიმურაზი კი ჟინიან ბავშვივით ისევ თავისას გაიძახოდა:

- მარგო, მომეცი მეთქი ჩემი გაზეთი!.. მარგო, გეყო ჩემი წვალება!.. მომაწოდე გაზეთი და დამშვიდდი!..

მაგრამ მარგო არ მშვიდდებოდა. ტახტზე წამოწოლილ თეიმურაზს ხან ნელსასუნებელს მიაპკურებდა, ხან ფეხში ხელს წაავლებდა და კივილ-სიცილით დაითრევდა, ხან ჩაეკონებოდა და ბურანში გახვეულ ქმრის გამოფხიზლებას ჰლამობდა. ხოლო მარგოს ცხარე კოცნას თეიმურაზი უგულო ლოშნით და დარიგებით უპასუხებდა: - კარგი, გეყოფა... მოისვენე... ჩემი გაზეთი და.. დდამიბრუნე. ყინულნაკრავი და ნაკბენი მარგო გაზეთს თავში მიახლიდა, მეორე ოთახში გავარდებოდა და სიმწარისგან ცრემლს იწმენდდა და თითებს იმტვრევდა.

მუდმივ დინჯმა, ცივმა და ქვეყნის ბედით გატაცებულმა წიგნის ჭიამ თან-და-თან გადააჩვია მარგო მუსიკას, სიმღერას, ცეკვას, ანცობას; თავის მოგიჟიანებას, სიყვარულის სიცილსა და სიცოცხლის ლაღობას. რაც დრო მიდიოდა, თეიმურაზიც საზოგადო საქმეებსა და წიგნებში უფრო-და-უფრო ღრმად მისძვრებოდა, დღითი დღე ჭიავდებოდა, წიგნის მღილს ემსგავსებოდა და მარგოს გულის ჩახვევას, განაპირებასა და სულიერ დაობლებას ვერც კი ამჩნევდა.

უკანასკნელ ხანებში თეიმურაზი ქართულ კულტურის სამტომიან ისტორიას ადგენდა და შიგა-და-შიგ ათობით სწერდა საგაზეთო წერილებს, მოხსენებებს, დასკვნებს, გამოკვლევებსა და შენიშვნებს, თან საიდუმლო კრებებზედაც დადიოდა და სხვებთან ერთად დღითი დღე სჭამდა და ჰღრღნიდა იმ ტოტს, რომელზედაც არხეინად ეძინა და უდარდელად ფუსფუსებდა.

თეიმურაზი ოდესღაც განთქმულ ხევისთავთა გვარის უკანასკნელი ჩამონავალი იყო. ეს გვარი წარსულში საქართველოს წარჩინებულებს პირველობას ედავებოდა, ერთ დროს ქართლის ბედსაც განაგებდა და ზოგჯერ მეფეებს ძალაუფლებასაც ეცილებოდა. თეიმურაზის მამა და პაპაც ხევისთავის გვარს ისეთის ღირსებით და ფახით ატარებდნენ, თითქო გვარის გარდა წინანდელი ძალაც ხელში ჰქონოდათო. გულში არც თეიმურაზი იწუნებდა საზეიმო გვარიშვილობას, მაგრამ უზრდელ კვეხნას და თავისქებას საქვეყნოდ არ კადრულობდა.

თეიმურაზი სწუხდა და იდუმალის დარდით სდარდობდა უშვილძირობას და ამაყ ხევისთავთა ნაშიერობის გაქრობას. რაც ხანი გადიოდა, უშვილო თეიმურაზიც ჯიშის გაგრძელების ალღოსაც უფრო და უფრო ცხარედ ჰგრძნობდა და, შვილის ძებნით გატაცებული, გულმოდგინედ ოფლში იწურებოდა, მაგრამ ოხუნჯისა და ულმობელ ბედის წყალობით მას "ბერწი მეუღლე შეჰხვდა". მუღამი - გულისნადები არ შეუსრულდა. მეუღლენი წლითი-წლობით შვილს ელოდებოდნენ, უშვილობას ერთმანეთს აბრალებდნენ და რჩევისა და დარიგებისათვის ხან ერთს ექიმს მიადგებოდნენ, ხან მეორეს, ზოგჯერ კი არც სახალხო წამლებს ერიდებოდნენ.

ბოლოს, უნაყოფო შრომით და გაუთავებელი მოლოდინით თეიმურაზს ქანცი გამოელია და იმედი გადაუწყდა. ხევისთავთა გულნატკენმა მონაფხეკმა ბრალი საბოლოოდ თავის მეუღლეს დასდო და გული დაიმშვიდა, თანდათან დაცხრა და ულმობელ განგებას დაემორჩილა.

თეიმურაზის და მარგოს ცხოვრება მას აქეთ მდორე წყალივით მიიზლაზნებოდა: უდარდელად, დინჯად, უქაროდ და უტალღოდ.

თეიმურაზს ძარღვებიც სისხლის მაგივრად თითქო გაზეთების ნაგლეჯებით ჰქონდა გატენილი. დედაკაცი იმის მდორე ბუნებას უძალო ნიავივით აღელვებდა. იმის დაშრეტილ და დონდლო სისხლში ვნების ქარიშხალი არაოდეს არ ატეხილა, და მისი გული, - ისიც მჩატე გაზეთივით დაჭმუჭნილი და გაჩვარებული, - ღვთაებრივ ხანძრით არ ანთებულა. იქ, სადღაც ჯურღმულში ოდნავ-ღა ჰბჟუტავდა მილეული ჭრაქი და მასზე ძლივს-ღა შიშინებდა ნელ-თბილი სიყვარული. იმ მილეულ ჭრაქის ალი გაყინულ მარგოს ერთხელაც ვერ მოეკიდა, ვერ გააცხელა და ვერ აადუღა მისი ობოლი სისხლი ვნების დუღილით, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა სიცოცხლის ხალისი, დინჯი ბედნიერება და ხევისთავთა გვარის უკვდავება.

და რადგან მარგოს არ ეღირსა არც ბედნიერება, არც ნიშატის გაღვივება და არც ხევისთავთა დედობა, ამიტომ ისიც ისე მშვიდად და არხეინად შედიოდა ხანში, როგორც თეიმურაზი მარგოს საწოლში: სიყვარულის იალქნების ურხევლად, ფრთამოტეხილ ბატივით, უგემური ზლაზვნით და ნელთბილი ცოხნით.

როცა თეიმურაზი იშვიათად მიუწვებოდა მარგოს და ცხარე ალერსის მაგივრად მოდუნებულ ხელებით უგემურად ცოდვილობდა და ილოღნებოდა, ამავ ჟამს თავი სკასავით გატენილი ჰქონდა უთვალავ ფუტკარით და საზრუნავით: თეიმურაზი ამ დროს ორჩოზე იყო შემდგარი და საქვეყნო ზრუნვით იყო ორსული. იმ წუთს მწიგნობარი გატაცებით ჰფიქრობდა ზანზიბარის გაყვლეფისა, მაროკკოს დამორჩილებისა, მონღოლთა ბედისა და ლურ-ბახტიართა აჯანყებაზე; ცხარედ ეკამათებოდა გუჩკოვს, ლლოიდ-ჯორჯს, კლემანსოს, წერა-კითხვის საზოგადოების თავმჯდომარეს, სამეურნეო ბანკის დირექტორს და იმ დღეს ქუჩაში შენახვედრ პოლიტიკურ მოპირდაპირეს; სწერდა ხვალინდელ წერილს, ამზადებდა საქვეყნოდ სათქმელ სიტყვას და ანგარიშობდა კოოპერატივის წაგება-მოგებას; სთვლიდა, სწონავდა, ზომავდა და ზრუნავდა ყველაფერსა და ყველაფერზე, გარდა მარგოს ალერსისა და ქმრის ვალის შესრულებისა წინაშე თავის ცოლისა, რომელსაც ასეთ დროს თეიმურაზის დაჩვარებულ მკლავებში ხან ძლიერი ძილი ერეოდა, ხან კიდევ ჩაუქრებოდა ვნებით გაავებული ბრაზი და გაკაპასებული ანჩხლობა ხერხავდა.

ნამდვილი სიყვარულის უნახავმა მარგომ, ბოლოს, თავისი თავი დააჯერა, ვითომ ასეთი მჩატე სიყვარული და ასეთი უსისხლო ცოლ-ქმრობა ამ ქვეყნიური და ჩვეულებრივი მოვლენა ყოფილიყო, ხოლო ის გაგიჟება და ცაში ავარდნილი ვნება, რომელიც წიგნებში ჰქონდა წაკითხული, პოეტების მშვენიერი ნაჭორალი და მათი ადუღებული ტვინის ნაბოდვარი ეგონა. დააჯერა მარგომ თავისი თავი და ძლივს გააყუჩა მოუსვენარი გული, რომელიც ხანდახან ისევ უცნაურად ჰკვნესოდა და გაუგებარს ჰბოდავდა, ისევ თავისას მოითხოვდა და ნისლოვან ლანდებს მისდევდა.

თეიმურაზი კი მარგოს ლანდებს არ ჰხედავდა. იმის გულსა და ყურს მარგოს გულის ტირილი და სისხლის ჩქეფა არ სწვდებოდა. წიგნის ჭია ისევ ზანზიბარის ბედზე ჰზრუნავდა, მუდმივ ვიღაც-ვიღაცას ეკამათებოდა, წამდაუწუმ სათვალეებს ისწორებდა, თითს ჭერს ან ცას აბჯენდა და ჰბორძიკობდა:

- მოვ...ვისაზროთ... გ..გგამოვარკვიოთ... მოვ...ვვიფიქროთ... რა არს ცხოვრება ესე?

ასე იფიქრა და ისაზრა ჩხირკედელა წიგნის მატლმა და ქაჩალმა თაგვმა, სანამ თავისივე თათებით გამოჩხრეკილი კატა თავთ არ წაადგა.

თეიმურაზი სიხარულით ცას დაეწია: სიცოცხლის ნატვრა შეუსრულდა. სამოთხის კარები გაეღო. დღე-და-ღამე ქუდმოგლეჯილი დარბოდა, წითელ ბაირაღს იქნევდა და ჩახლეჩილი ხმით ჰკიოდა:

- თავისუფლებას გ...გგაუმარჯოს!.. ვაშაა!. რევოლჲუციას გაუმარჯოს!.. ძ...ძირს მეფე და ძძალადობა!

და მეათასეჯერ სწერდა და ილოღნიდა:

- მთელ ქვეყანაზე არავის არ ჰყოლია რუს...სისთანა ინტელ... ლლიგენცია. ბედნიერი ხალხია, ბ..ბბედნიერი!

განუწყვეტელ ლაპარაკით, სირბილით და წერით ხმა ჩაუწყდა, ენა დაება, მუხლები მოსწყდა და ხელის თითები დაუდუნდა.

მერმე თანდათან დაინახა და დარწმუნდა, რომ იმდენი ხნის ნანატრი და ნალოდინევი მისი გასართობი და სათამაშო კი არ იყო, არამედ თავისას მოითხოვდა.

თეიმურაზი ჯერ გაჩუმდა. შემდეგ გატვრინდა და აიმრიზა. "გაუმარჯოსს" აღარ გაიძახოდა და აღარც წითელ ბაირაღს იქნევდა.

თან წითელ ფერს გაურბოდა, უწინდელ დროშებს სწვავდა, თაგვის სოროში სძვრებოდა, შიშისაგან კანკალებდა. გადარეულმა თეიმურაზმაც უმალ ზურგი მიიბრუნა: ქუდ-მოგლეჯილი ჩხირკედელა უგზო-უკვლოდ თავდაღმა დაეშვა და სასოწარკვეთით გაჰკიოდა:

- გვიშველეთ! დავიღუპე-ე-ე-თ! გვიშველე-ე-თ!

მაგრამ მშველელი არსად სჩანდა. განწირულის კივილი და გოდება თანდათან მისუსტდა, მიიბნიდა და, ბოლოს, სადღაც ჯურღმულში მისწყდა. რევოლჲუციის გრიგალში თეიმურაზ ხევისთავის კნავილი ვერავინ გაიგო, ხოლო მისი ათი წლის ნაშენები და ნაცოდვილარი წითელმა გოლიათმა ქინძისთავის-ოდენა ლუკმასავით ჩაჰყლაპა.

თეიმურაზი ნელ-ნელა ისევ წიგნების სანაგვეს დაუბრუნდა, რომელსაც განათლებულ ქათამივით გულმოდგინედ ჰქექავდა. ჰქექავდა და ამონაკითხს ახალ ცხოვრცბას ადარებდა. ახალი და ცოცხალი ცხოვრება არა ჰგავდა თეიმურაზის და იმის მასწავლებელ მწიგნობართა ნაროშვარს. ჰხედავდა ამ უცნაურობას თეიმურაზი და გულუბრყვილოდ ბრაზობდა იმის გამო, რომ ცხოვრება წიგნებს არ ემორჩილებოდა, არც კი ეკითხებოდა, და ბრძენთა ნებადაურთველად, თავისი გზით თავხედურად მიაბიჯებდა. თეიმურაზი კი თითს ისევ ცას აბჯენდა და ისევ ჰკვირობდა:

- საკ...კვირველია! ს...სსაოცარია!

ამ ქვეყანამ და თეიმურაზ ხევისთავმა თანდათან ისე შეიძულეს და შეიზიზღეს ერთმანეთი, როგორც კერპმა მამამ შეიძულა უძღები შვილი, რომელმაც განუზომელი ურჩობა, უმადურება, კადნიერება და ამპარტავნება გამოიჩინა და საკუთარ ფეხებზე დადგომა და საკუთარი გზით სიარული გაჰბედა.

იმ დღიდან თეიმურაზს მისი სიცოცხლე კისერზე ისე ჩამოეკიდა, როგორც ლეკვის აყროლებული ლეში, რომელიც, ვერ იქმნა, ვერ ჩამოიგლიჯა, ვერ მოიშორა, და თვითონაც იმ ლეშიან ცხოვრებას ვერსად გაექცა და ვერსად დაემალა.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — მიხეილ ჯავახიშვილი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.