– VIII –
ეზოში შემოსულ ურემს თეიმურაზი მიეგება:
- მადლობა ღ...ღმერთსა! სადა ხართ, რად დ...დდაიგვიანეთ?
ჯაყომ უმალვე პასუხი დაუხვედრა:
- ურემი გაგიფუწდეს, შენი წირი მე, ურემი! გუშინ ვერ
ამოხვედი.
- მაშ ღამე სად გ...გაათენეთ?
- ღამე ლევანაშენში გაათენებდე, ჩვენებიანთ თომასთან იქნებოდე სტუმრათა. ძალიან კარგად დაგიხვდებოდეს თომაი, შენი წირი მე, ძალიან კარგათა. მოკითხვაც მოგიტანებდე თომასაგან, დიდი მოკითხვა.
გაწითლებული და დადუმებული მარგო განზე იხედებოდა და ქმარს პირსახეს არიდებდა. სდუმდა მარგო და ამ სიჩუმით პირველად გრძნობდა ფლიდობის სიმწვავეს და ღალატის სირცხვილს.
გაახსენდა წუხანდელი ნაჩუმარი და თავისი ქადილიც. ყოველივეს უამბობს თეიმურაზს, ყოველივეს! მარტონი რომ დარჩებიან, მარგო ეტყვის:
- ჩქარა, თემურ, ჩქარა წავიდეთ აქედან.
და ნაღამურს გადაუშლის თავის ქმარს, თანაც შეეხვეწება:
- თემურ, გაჩუმდი. შენც თავს ნუ მოიჭრი - და მეც ნუ შემარცხვენ.
- "რაც მოსავალია, მოვიდეს!" - აგონდება მარგოს თეიმურაზის ნათქვამი. - აი, აკი მოვიდა კიდევაც!.. არა, მარგო დღესვე ჩამოირეცხავს ღამის ჩირქსა და უჟმურს, დღესვე!
თეიმურაზი მარგოს ათვალიერებს და ცოლის თვალებს ეძებს.
მარგო მიტრიალდა.
თეიმურაზს თვალი თვალში ვეღარ გაუყარა, აილანძა და აინთო. ბოლოს თავს ძალა დაატანა. მხიარულად და ცოცხლად ჩამოხტა ურმიდან და ნატკენი მკლავი აითრია.
თეიმურაზი შეშინდა:
- მ...მმარგო, ეგ რა არის? კ...კკაბა სად დაიხიე? მხარზე რაღაც იარა გაქვს, მკლავიც ხომ არ დ...დაგიშავდა?
მარგოს შიშველ მხარზე ჯაყობ ნაკბილარი მოსჩანდა, ხოლო მკლავი გუშინდელ ბრძოლაში ჰქონდა ნაღრძობი.
სირცხვილისაგან აჭარხლებულსა და შიშისაგან განაბებულ მარგოს ისევ ჯაყო მიეშველა:
- კნეინა ურმიდან ჩამოხტებოდე, შენი წირი მე, კაბა წალს მოედებოდე და ხელიც მიარტყამდე. არა გიშავს-რა, შენი წირი მე, მალე მოგირჩებოდე ნათლიასა.
სანამ ჯაყოს ბიძა ქეშელა საქონელს აბინავებდა, ხოლო ჯაყო ყვირილით იქაურობას იკლებდა და ყველას აფეთებდა, თეიმურაზი მარგოს თავის ნასახლარში დაატარებდა, იქაურობას აჩვენებდა და გულისკვნესით ეუბნებოდა:
- აი, გ...გგასინჯე, ნახე, რა დაემართა ჩვენს უპატრონო ს...სახლს.
მარგო ძლივსღა სცნობს ხევისთავთა ნაუფლარს. ძველი ავეჯეულობა და სურათები დახეულ-დახვრვტილნი და ჩამტვრეულნი არიან. ჭვარტლით შემურულ კედლებზე მრავლად ჰკიდია ტყავეულობა, სამუშაო იარაღი და ხმელი ხილი.
ხარატით ნაკეთები და გრეხილ-ხვეულით შემკული მუხის ბოძები დალურსმულნი და დაჭდეულნი არიან ურიდოდ და დაუნდობლად. სახლი გატენილია კასრებით, ქილებით, კოკებით, კალათებით და გოდრებით. ერთ კუთხეში გაურჩეველი სიმინდი ჰყრია, მეორეში - გაურჩეველი ლობიო.
ოთახების ზოგი მორთულობა - სუზანები, სარკეები, ლბილი ავეჯი, ქანდაკებანი, ხალიჩები და უუძველესი შირაზის ჭურჭელი აღარსად არ მოსჩანს.
კედელში ჩატანებული მუხის ფართე განჯინები, ისიც ხარატით ნაკეთები, იარაღის ასეთივე საჭურჭლე და საწიგნე სავსეა მყრალი ლოგინით, ჯაგრით და მატყლით.
აქა-იქ გაფანტულია ხევისთავთა გვარეულობის განთქმული იარაღი: ჯავშნები, მუზარადები, პერანგები, საბარკულები და სამკლაურები, ჩაფხუტები და ასნაირი თოფი და მახვილი: ლახვარი ორპირი, ბუნგრძელი, პირპრტყელი და ბუნზომიერი; სათხედები, ხელშუბები, გეონები, ხიშტები, ზუფანები, ლიბადაკები, გმურები. სირმა, სიათა, ყირიმი, ფრანგული, დამასკი, დაღესტნური, გორდა და მრავალნაირი ხანჯალი და ხმალი.
ერთი პირმომტვრეული ძველი ხანჯალი და გორდას ხმალი აივანზე ეყარნენ. საცა ფიჩხსა და წნელს გორდა-ხმლით სჭრიდნენ. რამდენიმე ძველი ფარი სარქველის მაგივრად ჭურებისთვის და კასრებისათვის დაეხურნათ. ძველი ფრანგული და ყირიმული ხარიხებად გადაეკეთებინათ და ზედ აკიდოები ჩამოეკიდნათ.
სახლში არც ერთი წიგნი აღარ მოიპოვებოდა. თეიმურაზის მამის სურათი, ფერადებით ნახატი და მშვენიერ მოოქროვილ ჩარჩოში ჩასმული, ხონჩად არის გამოყენებული. ხატები და უძველეს წიგნების ყდები მწნილების და ყველის ქილებისათვის დაუხურავთ.
სახლის უკან გაშენებული ყვავილნარი, სადაც წინათ იშვიათი ჯიშის ვარდ-ყვავილი იყო მოშენებული, ეხლა სავსეა დიდი ყვითელ-წითელ გოგრებით, მზესუჭვრიტეთი, სიმინდით და ლობიოთი.
წინად სანახევროდ მიცემული და კარგად ნაპატრონევი ბაღ-ვენახი ეხლა ჯაგნარად გადაქცეულა, ხეხილი და ვაზი გაფარჩხულა და ლიახვის ჭალას დაჰმსგავსებია.
თეიმურაზს გული აუჩუყდა და ცრემლი მოერია. მარგოც ხან წარბებს იჭმუხნის, ხანაც ნაძალადევად იღიმება.
ბოსტნის კუთხეში ერთ საფრთხობელას წააწყდნენ. დაბალ ბოძზე ჯვარივით გაკრულია გადატეხილი სიათას თოფი. ამ ბოძზე და თოფის ხარიხაზე ჩამოუცვამთ რკინის აბჯარ-ჯავშანი - თვალმრგვალი ჯაჭვი, სამკლაურები, შუბი და საბარკულები, დასკლინტულ რკინის მუზარადზე, რომელსაც უუძველესი წარწერა ჰქონდა - "ალლაჰ ილ-ალლაჰ" - კაჭკაჭი სჩხავის.
ორივემ შხამიანი სიცილით გაიცინეს. მერმე თეიმურაზმა სათვალეები შეისწორა, საფრთხობელასაკენ თითი გაიშვირა და ნაღვლიანად წაიბორძიკა.
- საკ...კვირველია! ეს საფ...ფფრთხობელა ნამდვილი ემბლემაა ჩვენი ბედისა.
მარტონი არიან. ეხლა ეტყვის მარგო, ყოველივეს ეტყვის. მხოლოდ არ იცის, საიდან და როგორ დაიწყოს. ჯერ ტფილისს ნაბაასევი გაახსენოს და საყვედურით გაავსოს, თუ წუხანდელ ნაღამურიდან დაიწყოს.
სდგას თეიმურაზის გახევებული მეუღლე და იხერხება. სამჯერ დააღო პირი და სამჯერვე დაახველა: ენაზე მომდგარი სიტყვა დასაკლავ ხარივით ჯიუტობს და უკანვე გაურბის, ბოლოს, ძლივს ამოიხრიალა:
- თეიმურაზ...
თეიმურაზს არ ესმის. განზე იხედება.
ჩუმი ცრემლი ჩუმად მოიწმინდა და მარგოს მიუბრუნდა.
- წამო, მარგო, წამო, ჩვენ დიდ აივანზე ავიდეთ, ერთ დროს შენ ძალიან გიყვარდა იმ აივანზე ჯდომა.
- ეხლაც მიყვარს. წავიდეთ. - და გულში დაუმატა: - მერმე ვეტყვი.
ეზოში სისხლი იღვრება: ჯაყომ რამდენიმე ქათამი, ინდოური და ცხვარი დაჰკლა, ქვევრსაც თავი აჰხადა და თავის სტუმრების საჩვენებლად სოფლის წარჩინებულნიც მოიწვია.
როცა საკლავს ჰხოცავდნენ, ჯაყომ თეიმურაზს დაუძახა და ერთი ცოცხალი ქათამი გაუწოდა:
- აბა კნიაზ, ერთი ქათამი შენც დაგკალი. შენი დაკლული ქათამი ამ ოჯახს შეგეწევა.
თეიმურაზი შედრკა:
- არ შ...შშემიძლიან, ჯაყო.
ჯაყომ სიცილი დააყარა:
- მაშ რა ვაჟკაცი იქნებოდე?! ერთი ქათამიც ვერ დაჰკლავდე? ჰაი, შე ქალაჩუნავ, შენა! აბა, უყურებდე ჯაყოსა.
და ჯაყომ ქათმებს კისრები დააწყვიტა და ცხვარს არხეინად ყელში ხანჯალი გაუყარა.
თეიმურაზმა პირუტყვების სისხლსა და ფართხალს ვერ გაუძლო და სახლისკენ გასწია. სისხლის დანახვაზე გული მიელია და პირსახე გაუფითრდა.
ჯაყო იცინოდა და თეიმურაზს მასხარად იგდებდა. მარგო კი მაღალ აივნიდან თავის მეუღლეს არცხვენდა:
- რა დაგემართა? ქათმის სისხლმა ეგრე როგორ დაგაშინა?
თეიმურაზიც აივანზე ავიდა და დაშინებულ ბავშვის ხმით თავს იმართლებდა:
- არ შ...შშემიძლიან. შ...შშეჩვეული არა ვარ.
მარგომ მხრები შეიშმუშნა და ტუჩებზე ღიმილი აისახა:
- შეჩვევა რა შუაშია? მამაკაცის გული რომ გქონდეს, სისხლის დანახვა ეგრე არ გაგაფითრებდა. სირცხვილია, თემურ!
- ცოტა ხანს რომ ვიცხოვრებ ამ გაკაჟებულ ხალხში, გულიც გ...გგგამიმაგრდება და სისხლსაც შევეჩვევი. იქნება მერმე კაციც ადვილად მოვკლა.
- შენა? კაცის მკვლელი?! - წამოიძახა მარგომ და გადიკისკისა.
სანამ სადილი მზადდებოდა, ჯაყომ ხევისთავებს თავისი ჯალაბ-ჯულაბი გამოუყვანა და მათ თვალწინ თავისი ბიძები, ძმები, მამიდები, დეიდები და ჩიქორთული ნათესავები გამოჰფინა: ტურა, ქეშელა, გიბა, ტელა, მეშთა, ელისო, მარიამი და თინა.
მერმე ჯაყოს ცოლი ნინაც გამოვიდა და ცხრა ქალ-ვაჟი გამოიყვანა, - ყველანი ერთი - ერთმანერთის მიმდევარნი, ზოგი თავისი საკუთარი, ზოგნი კიდევ გერები.
ჯაყომ დოინჯი შემოიყარა და პირსახე გაიბადრა:
- აბა, კნიაზებო, როგორი ბიწი ყოფილხარ ჯაყოი! აბა, დახედეთ ჯაყოს გოწებსა! ბიწები ჩემისთანა ვაჟკაცები გამოხვალთ, ქალები კი ისეთი ლამაზი ვიქნები, როგორც ნათლია მარგოი, მაშა!
- ჯაყო, რა ბევრი გყოლია. - გაიკვირვა მარგომ.
- მაშა! - აჭიხვინდა გახარებული ჯაყო.- ცხრა შვილი გაგიკეთე ჯაყომა. მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა!
- ჯაყო, ც...ცცხრა შვილი გეყოფა. - უთხრა თეიმურაზმა.
- რათ გვეყოფა ცხრა? ჯაყოს ცხრა ბიწი კიდევ გეყოლება, მაშა! შენ რას იტყოდი, ნინა? ჯაყოს ცოლმა, გაწურულმა კნაჭა დედაკაცმა, რომელიც ქალაქში ჯაყომ გაბადრულ მთვარეს შეადარა, ტუჩები აიპრუწა, ჩაიხითხითა და პირსახე მიიბრუნა. ჯაყომ თეიმურაზს და მარგოს გადმოჰხედა:
- შენა, ნათლია? რატომ ერთი ბიწი მაინც არ გეყოლებოდეს?
თეიმურაზმა ამოიოხრა:
- რა ვიცი, ჯაყო, ალბათ ღმერთს ასე ჰსურს.
- ღმერთმა რა ვიცის შენი საქმე? შენ იქნებოდე ქალაბიწა. ღმერთს ნუ დააბრალებდე.
მარგომ და თეიმურაზმა ერთმანერთს გადაჰხედეს და გულიანად გაიცინეს.
ჯაყომ თავის ნაჯიშევს ისევ ამაყად გადაჰხედა და ერთხელ კიდევ დაიქადნა:
- ყველანი ჯაყოს შვილები ხართ, მაშა! ღმერთმანი, ჯაყოს კიდევ გეყოლება ცხრა შვილი, მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა!
მარგო ჯაყოს ჩამონავალის ხროვაში შეერია, თეიმურაზის და თავის ნათლეულებს გაუღიმა, სხვებსაც მოუალერსა და ტკბილეულობა დაანახვა. ცხრა ბავშვი მარგოს ცხრა გოჭივით მიესია. ჭყვიტინით, ჭიჭყინით, ღნავილით ეხვეოდნენ გარშემო და ტკბილეულობას ერთმანერთს პირიდან სტაცებდნენ. ჯაყო კი დოინჯ-შემოყრილი იდგა, მარგოს და თავის ცოლს ერთმანეთს ადარებდა და ორივეს ცხენების დალალივით ჰსინჯავდა: ღიმილით, ურცხვად და მოურიდებლად. შემდეგ სამს უცნობს ვაჟზე მიუთითა თეიმურაზს და სთქვა:
- ესენი მოუნათლავი დაგრჩა.
- მერე, რატომ არ მ...მმონათლე, ჯაყო?
- რათ უნდა მონათლო? ეხლა ნათლობა მოდაში აღარა ხარ. ჯაყომ ვიცის ეხლანდელი კანონი. ჯაყო ჭკვიანი კაცი ხარ. ჯაყოს მონათლულებიც გყავს და მოუნათლავებიც. ვინ იცის, როდის დაგჭირდეს ჯაყოსა მოუნათლავი შვილები! მაშ, მაშა!
ერთმანეთის გაცნობა რომ გათავდა, ჯაყომ აივნის ჩრდილში ხევისთავთა საგვარეულო სითიკანი დაიდგა, ზედ ჩამოჯდა, გვერდით სტუმრები მოისვა, მყრალი ყალიონი გააბოლა და მუსაიფი გააბა, თანაც ზევიდან წამდაუწუმ ისეთის ომახიანის ხმით გადასჭყიოდა ფეხმარდ და უხმო ნათესავებს, რომ ჯაყოს ხმა მთელს სოფელს სწვდებოდა:
- ტურა, ჩქარა! თახრაშუ!.. ქეშელა, ადამრაშე!... გიბა, ქადამჩაუ?!...