– ნაწილი მეორე – – I –
- მარგო, - უთხრა თეიმურაზმა საღამო ჟამზე თავის ცოლს, - წამო, კოშკზე ავიდეთ და ძველ ქართლს ერთხელ კიდევ გადავხედოთ. მახსოვს, შენ ძალიან გიყვარდა ამ კოშკზე ჯდომა, აი, ჩვენი ივანეც წამოვა. წამოიღე ჭოგრი.
- რა სთქვი? ჭოგრი რა არის?
- ქართულად ჭოგრი დურბინდს ჰქვიან. დურბინდი ჩვენებური სიტყვა არ არის, მე ჭოგრი მირჩევნია, შენ რას იტყვი, ივანე?
- ჭოგრი მოკვდა, თეიმურ, ვეღარ აღადგენ. დურბინდი კი ცოცხალია ხალხის თავში.
- კეთილი, ჩემო ივანე, მაგაზე მერმე ვილაპარაკოთ. აბა, წამოდით.
უკვე დაზიანებულ ქვიტკირის ხვეულ კიბეს შეუდგნენ და ხვნეშით და კანკალით კოშკის თავზე ძლივს ავიდნენ.
- აი, საქართველოს გული. - სთქვა თეიმურაზმა და მიდამოს თითი შემოავლო. - აიღე ჭოგრი და გაიხედე.
თავად ხევისთავთა უწინდელი საბუდარი - დიდი სოფელი ნაშინდარი დაბალი სერის ფერდობზეა გაშენებული. თვითონ სოფელი ლიახვის ნაპირზე ვიწრო ზოლად გაჭიმულა, ხოლო თეიმურაზის ნასახლარი იმ სოფლის თავზე მაღალ ტახტივით აღმართულა. ძველს, ორსართულიან დარბაზს, ხუთიოდე სხვა შენობას და ვეებერთელა ეზოს მაღალი, ქვიტკირის გალავანი სარტყელივით არტყია. ამ გალავნის ამაღლებულ კლდოვან კუთხეში ქარით და ჟამით პირმოჭმული კოშკი სდგას. ოდესღაც იმ ციხე-კოშკზე ქართლისა და ხევისთავთა მტრები კბილებს იმტვრევდნენ და რკინის დუღაბით ნაშენ გალავანს სისხლით რწყავდნვნ. ეხლა კი გალავნის კარები ყველასთვის გაღებულია, ხოლო კედლებს იმიტომ არ ანგრევდნენ მასალის წასაღებად, რომ ძველს დუღაბზე რკინის წერაქვიც კი ჩლუნგდება და იღუნება.
ირგვლივ გადაჭიმულ მინდორს ოთხივ მხრიდან მაღალი მთები სდარაჯობენ. ჩრდილოეთით, მთელი ქართლის გაყოლებაზე, კავკასიონის უღელტეხილი აღმართულა. აღმოსავლეთით, ქსნისა და არაგვის სათავეებთან ბებერი დევი - მყინვარი წამომჯდარა. დასავლეთით ბრუტ-საბზელას ჭაღარა თავი აწეულა. ხოლო მათ შორის როკისა და რაჭის მთებს სამ-ოთხ რიგად ჩაუბამთ ფერხული. უკანა რიგში თეთრად შესუდრული ქედი ასვეტილა. მეორე რიგში თალხი მწვანე საძოვრები ჩალაგებულან. ხოლო წინა რიგში მუქი ტყით შემოსილი გორები ჩამწკრივებულან. იმ მთებსა და გორებს აქა-იქ ღრმა ჭრილობებივით სერავენ დიდი და პატრა ლიახვის, ქსნისა და მრავალი სხვა ხეობები და ნაოჭები. ეს ნაოჭები და უბენი მთავარი ქედის გულამდე შეჭრილან და მის კალთებში ღრმა ზოლებად ჩაწოლილან.
მზე ჩასავალს არის. სამხრეთით და დასავლეთით ცა უცნაურად დაიბურა და აჭრელდა. სურამის, ბორჯომისა და ჯავახეთის ქედების თავებზე ღრუბლები შეიკვრნენ და ერთმანეთს უთვალავ ფერებით ჩაექსოვნენ: ჩალა და ალი, აგური და სპილენძი, ფირუზი და ლალი, ია და ვარდი, ზაფრანა და იასამანი, ოქრო, თითბერი და ფოლადის საარაკო ფრთებივით გაიშალნენ და შემოეხვივნენ სისხლიან საზღაპრო ფრინველს, რომელსაც თავი უკვე სურამის ქედზე ჰქონდა დაბჯენილი. ჭალებით შემოსილი დიდი ლიახვი და შიშველი მტკვარი ალაგ-ალაგ ოქროთი და ალით იწვოდნენ. უზარმაზარი ქართლის ხალიჩა ჭრელის სოფლებით, რუხის რიყეებით, მუქის ჭალებით, მოტვლეპილ გორაკებით და მწვანე ნათესებით იყო მოქარგული.
- გადაჰხედე, ივანე, დღევანდელ ქართლს. უწინდელ ქართლისა მეოთხედიც აღარ არის. მას ჩამოეცალნენ სამცხე და საათაბ...ბაგო, არტაანი, ჯავახეთი, ტაშირი, მ...მმცირე სომხეთი, აბოცი, ბამბაკი, ბორჩალო, ყაზახი და ტფილისის მიდამოები. ეხლა ყველანი ცალ-ცალკე სცხოვრობენ.
- ისტორიამ დაანგრია ძველი ქართლი.
- ჰო, მეც მაგას ვამბობ. ვინ არ გადმოიარა იმის ზურგზე! საწყალი, მთელი ქვეყნისთვის შარა-გზად გადაიქცა. როცა ქართლი ძლიერი იყო, ს...საქართველოც ძლიერი იყო. ქართლი დაეცა და საქართველოც დასუსტდა.
- ქართლის პატრიოტობა გალაპარაკებს, თეიმურ.
- არრრა, ღმერთმანი, არა! ყური მიგდე, ჩემო ივანე. ყოველ ქვეყანას აქვს თავისი პრუსია და ჰყავს პრუსიელები, რომელნიც ხალხის ცხოვრებაში დუღაბის მაგივრობას ასრულებენ. გერრ...გერმანია პრუსიელებმა შეჰქმნეს, რუსეთი მოსკოველებმა მოაგროვეს, დიდი ბრიტანეთი უელსის საჰერცოგომ ააშენა, რომის იმპერიის ისტორია თვითონ რომისა და კაპუას ისტორიას უდრის, ხოლო ძველი საბერძნეთი ათინამ და ატტიკამ ააყვავეს. ასეთივე როლი დ...დდააკისრა ბედმა ქართლსაც. მისი ისტორია საქართველოს ისტორიის ნახევარს მაინც უდრის. ქართლი იყო საქართველოს პრუსია, ხოლო ქართლელნი ქართველთა ტომის პრ...რუსიელნი იყვნენ. მე იმას ვჩივი, რომ საქართველოს პრუსია აღარ აქვს და არც პრუსიელები ჰყავს.
- ეყოლება. პრუსიელები არც სხვაგან გაჩენილან ათიოდე წელიწადში.
- არა სჩ...ჩჩანან.
- მე ვხედავ. პრუსიელები ხალხის გულიდან ამოდიან. ასობით და ათასობით მოდიან.
- შეიძლება, მაგრამ პრუსია მაინც არ მოსჩანს.
- ეგეც თავის-თავად გამოჩნდება.
- საწ...წწყალი ქართლი! - ამოიოხრა თეიმურაზმა. - იგი მომაგონებს დაბერებულს, ქაჩალს, უკბილოს, ბრუტიანსა და დაყრუებულ ნაკაცარს, რომელსაც ჭამისა და განძრევის შნოც აღარ აქვს.
- გუშინდელი საფრთხობელა მომაგონდა. - სთქვა მარგომ და გაიცინა. - ივანე, ჯაყოს ბაღში რომ საფრთხობელა სდგას, ხომ არ გინახავთ?
- როგორ არა, ვნახე, მთელი სოფელი იცინის.
ის კი აღარა სთქვა ნახუცარმა, რომ სოფლის ხუმარებმა იმ საფრთხობელას თეიმურაზ ხევისთავი დაარქვეს და მასზე ენებს ილესავდნენ.
- წელში გასწყდა ქართლი. - კვლავ ამოიოხრა თეიმურაზმა.
- ნუ შეშინდი, თეიმურ! - გაამხნევა ივანემ. - მე აქა ვსცხოვრობ და აქაურობას შენზე უკეთ ვხედავ. ქართლიც იზრდება და მაგრდება. აბა, მოიგონე, უწინ რა იყო და ეხლა რა არის, ქართლი მხოლოდ ეხლა ამოდის მიწიდან, მრავლდება, ბაღებს აშენებს, თვალს იფშვნეტს და სკოლებს ამრავლებს. გახსოვს, მე და შენ რომ გვინდოდა თხუთმეტი წლის წინად ნაშინდარში სკოლის დაარსება. მაშინ შენ აქაურობას თავი გააშორე, მე კი კინაღამ ჩამაქვავეს - სკოლის გახსნაზე ხელი აიღეთო. რაც მაშინ ვერ მოხერხდა, წრეულს შესრულდება. ნაშინდარს შემოდგომიდან სკოლა ექნება.
- მართლა, თემურ, არ გინდა იმ სკოლაში მასწავლებლად შეხვიდე? - ჰკითხა მარგომ.
- მართლა, მეც ეგ მინდოდა მეთქვა. - გაუხარდა ივანეს. - მაგაზე უკეთესი რაღა გინდა, თეიმურაზ? ჰა, რას იტყვი?
- არას...სსოდეს!
- მაინც, რატომ?
- მიზეზი თქვენც კარგად იცით. ოცი წელიწადი იმისთვის კი არ ვიმუშავე, რომ ბოლოს სოფ...ფფლის მასწავლებლობით დავასრულო ჩემი სიცოცხლე და მ...მმოღვაწეობა.
- მაშ ჯაყოს ხიზნობა გირჩევნია? - გესლით წამოიძახა მარგომ და კიბისკენ წავიდა. - წამო, ჩამიყვანე, თორემ ბნელა.
თეიმურაზმა დასავლეთისკენ გაიხედა. დიდხანს უცქერდა სურამის ქედს. იმ ქედის თავზე ფირუზის, ვარდის და ალის ზოლი გაწოლილიყო. მტკვრის ხეობა უკვე ჩაბნელებულიყო. ჩრდილოეთიდან ყინულის სუსხი მოდიოდა.
- იქით გაიხედე, ივანე. - ხმის კანკალით სთქვა თეიმურაზმა დუმილის შემდეგ და თითი დასავლეთისკენ გაიშვირა. - გაიხედე, რა მ...მშვენებით არის შემოსილი დასავლეთი. - მერმე ღრმად ამოიოხრა და თითქო თავისთვის წაიბუტბუტა: - ყოველივე დასავლეთიდან მოდის: სიმდიდრე, გ...გგანათლება, ზნეობა. თ...თავისუფლება და მშვიდ... დდობა.
- თეიმურ, მოდიხარ? - დაიძახა კიბიდან მარგომ.
თეიმურაზმა მარგოს ხმა ვერ გაიგო და ვერც მარგოს და ივანეს წასვლა შეამჩნია. გულხელდაკრეფილი იდგა და ისე გასცქეროდა დასავლეთს, თითქო თავის საარაკო საბედოს და სიცოცხლის ნატვრას იქიდან მოელოდაო.
თეიმურაზისა და მარგოს ამოსვლის მეორე დღიდან ჯაყო და მისი სტუმრები ახალ ცხოვრებას შეუდგნენ.
ჯაყო არც იმ დღემდის ითვლებოდა ბეჯით მუშაკად. მძიმე და ჭუჭყიან სამუშაოს ერიდებოდა, სამაგიეროდ თავის ნათესავებს - მამაკაცებს და დედაკაცებსაც ისე ამუშავებდა, რომ მუყაითი და გულკეთილი გლეხი იმ რიგად თავის საქონელსაც არ გაიმეტებდა. ხოლო იმ დღიდან, როცა მარგო ჯაყოს გულსა და ოჯახში ჩასახლდა, მან საბოლოოდ ხელი აიღო შრომაზე.
სამაგიეროდ თავის ცოლისა და ნათესავების დატუქსვას და დატვირთვას მოუმატა. რიჟრაჟიდან დაღამებამდე მთელს სოფელს მისი ომახიანი გრგვინვა ესმოდა:
- ტურა, ჩქარა!.. ქეშელა, თახრაშუ!.. გიბა, ადამრაშუ!.. აბა, ხელი გაანძრევდე! წელი ნუ გიწყდებოდეს!
თვითონ კი, ზურგზე ხელდაწყობილი, ეზოსა და ბაღში ბატივით დაბაჯბაჯებდა, ან თავის სამფლობელოს მაღალ აივნიდან ფაშასავით გადმოსცქეროდა და იქიდან ბრძანებას ბრძანებაზე ჰგზავნიდა. ან კიდევ ხევისთავთა ჩუქურთმიან სავარძელში გაიჭიმებოდა, მყრალ ყალიონს ააბოლებდა და ზანტად იქექებოდა.
მუშაობაში ჯაყომ სხვებზე უფრო მეტად თავის ცოლს დაადგა თვალი - უენოს, მორჩილსა და დაშინებულ ნინას, რომელიც უხილავ მიზეზით აითვალისწუნა და შეიძულა. ისედაც გატეხილსა და მილეულ დედაკაცს ხევისთავთა ამოსვლის დღიდან ტვირთი ერთი ორად აჰკიდა და მუდამ, თითქო განგებ სცდილობდა, რომ ის უნჯი დედაკაცი, უპატრონო და ჭინჭველასავით ფუსფუსა, მარგოს თვალში გაელახნა და დაემცირებინა.
ჯაყოს საქონელიც ბლომად ჰყავდა და დავაჟკაცებული ნათესავებიც, მაგრამ წისქვილისთვის თითქო განგებ არავის იმეტებდა: კოდიან საფქვავს თავის ცოლს აჰკიდებდა და დასჭყივლებდა:
- აბა, თახრაშუ!
ის ორფეხა პირუტყვიც წელში სამად მოიკაკვებოდა და, თავჩაღუნული, სანამ წისქვილში ჩალასლასდებოდა, დაღლილ ცხენივით ორი საათი მაინც ჰხვნეშოდა და ოფლში იწურებოდა.
ნინო მუდმივ წელსა და ფეხებს იტკივებდა, მაგრამ ხმას აღარ იღებდა, რადგან იცოდა, რომ ჯაყო უდიერად მიახლიდა:
- ძაღლი კოწლობით არ მოკვდები!
ჯაყოს აღარაფერი მოსწონდა თავის ცოლისა: არც იმის ხელით დაგვილი ოთახები, არც იმის ხელით დამზადებული საჭმელი, არც მისი ხმა, არც დუმილი, არც კაბა და არც სიარული.
ერთხელ თეიმურაზმა უთხრა ჯაყოს:
- ჯაყო, ეგრე რათა სტანჯავ შენს ცოლს? ძალიან ბევრი სამუშაო აქვს.
- დედაკაცი მუშაობისთვის ხარ გაჩენილი, მაშა!
- ყველანი მუშაობისთვის ვართ გაჩენილი, ჯაყო. მაგრამ დედაკაცს უფრო ადვილი საქმე ერგო, რადგან მამაკაცზე სუსტია.
- დედაკაცი ხარ სუსტი? შენ რა გესმის, ბრინკა! ქალაქელებმა გააფუწეთ დედაკაცი, თორემა ჩვენ ჩვენი ძველი ადათი შეგინახეთ.
- ცოდოა ნინო, ჯაყო, ცოდო!
- ჯაყომ ცოდო არ ვიცის.
- ჯაყო, ახალი კანონით დედაკაცი და მამაკაცი თანასწორნი არიან.
- ვიცის ჯაყომა, ვიცის! დედაკაცი და მამაკაცი ლოგინში ხართ თანასწორი.
- დედაკაცის დაჩაგვრა მხოლოდ თათრებმა იციან.
- ეგეც ვიცის ჯაყომა. გენაცვალე თათრებსა, კარგი ვაჟკაცები ხართ თათრები.
- ჯაყო შენ ხომ ქრისტიანი ხარ?
- მაშ, მაშა! ქრისტიანი ხარ ჯაყოი.
- მაშ ყური მიგდე. სახარებაში სწერია, რომ...
- ვიცის ჯაყომა, ვიცის! ჯაყომ სამჯერ დაიწერე ჯვარი და ღვდელმა სამჯერ გითხრა ეკლესიაში, რომ ქმარმა ცოლი უნდა დაგაშინოო და, აი, ასე უნდა შეინახოო, აი! მაშ, მაშა!
და ჯაყომ ხუთგირვანქიანი მუშტი ისე შეანძრია, თითქო შიგ ქვა ედო და მისი გაჭყლეტა უნდოდაო.
თეიმურაზი მალე დარწმუნდა, რომ მგელს სისხლიანის ჭამას უკრძალავდა, ამიტომ ნინოს გამოსარჩლებას თავი დაანება.
ჯაყომ ნინო მარგოს მოსამსახურედ დაუყენა და წარა-მარად ბრძანებას აძლევდა:
- ნინო, ქალბატონს პოლსაპოჩკები გაგხადე!.. ნინო, კნეინას წყალი დაგისხი!.. ნინო, ნათლიას კაბა გაგიწმინდე!.. აბა, რაშუ! ჩქარა! თახრაშუ!
მარგომაც რამდენჯერმე სცადა ჯაყოს მორბილება და ნინოს წასარჩლება, რადგან იმის მოსამსახურეობას ერიდებოდა და ისედაც დაბრიყვებული დედაკაციც ეცოდებოდა. მაგრამ ჯაყო უარესად გაკაპასდა: ყვირილს და ტვირთს მოუმატა და წვრილ-შვილის პატრონი დედაკაცი ფეხქვეშ გაიშალა.
ბოლოს, ცოლის ავადმყოფობა გაიხსენა და წამალიც თვითონვე დაუწერა: ერთხელ ქეშელა ცხენზე შესვა, ავადმყოფი დედაკაცი ფეხით უკან გააყოლა და ჰავის გამოსაცვლელად როკის მთებში გაისტუმრა.
ნინოს გასტუმრების შემდეგ პირი მოიხსნა და დღე-და-ღამ მარგოზე ლაპარაკობდა, მასზე ზრუნავდა და მისთვის უშოვნელს შოულობდა. აღარავის და აღარაფერს არ ერიდებოდა: თეიმურაზის ცოლი დედოფლად დაისვა და ყველანი ყმებად დაუყენა.
- შენი კნეინა ძალიან ფინთად გაცვია. - ეუბნება ჯაყო თეიმურაზს - ჯაყო ფული გასესხებდე. ჩააცმევდე მარგოსა, თორემა შენი სირცხვილი ხარ.
თეიმურაზს ბავშვივით უხარიან:
- მადლობელი, ჯაყო, დიდი მადლობელი. ერთს ორად გ... გგადაგიხდი. შენს სიკეთეს არასოდეს არ დავივიწყებ. ოდესმე ბედი ჩ... ჩჩემსკენაც მოიხედავს. შენ არხეინად იყავი, ჯაყო. ყური მიგდე, ჯაყო, ერთი ამბავი უნდა გითხრა. გუშინ ქალაქიდან ამბავი მომივიდა, რომ...
და თეიმურაზმა ჯაყოს ლამბაქის ყურში ქალაქიდან მოფრენილი ჭორჩიტი ჩაუფრინა. ჯაყომ ის ჩიტი მეორე ყურიდან გააფრინა და გულში სთქვა:
- "მამა გიცხონდება, კარგი ამბავი მოგიტანე ჯაყოსა! ვიცის ჯაყომ, ვიცის! ეგ საქმე რომ გაკეთდებოდე, ჯაყოს ეს სახლ-კარი და ბაღი ისევ ბრინკა-თეიმურაზს უნდა დაგიბრუნო. ვერ მოგართვი! აპრუწუწუნ! ვიცის ჯაყომა, ვიცის!"
თეიმურაზს თვალებზე მადლობის ცრემლი მოერია და მარგოც გაახარა:
- აი, რა კ... კკეთილშობილი ადამიანი ყოფილა ჯაყო. მაგის მადლს როგორ დავივიწყებთ! არა უშავს-რა, მოვა დრო და სიკეთეს ერთს სამად გად... დდავუხდი. მოდის ის დრო, მოდის!
- შენ სახლში დარჩებოდე და აქაურობას თვალი გადევნებდე. - ეუბნება თეიმურაზს ჯაყო. - მე ნათლია მარგო სტანციაში წაგიყვან და იქ მოგიცდი კნეინასა! ერთი დღე გინდა ქალაქში, მეტი ხომ არა!
და სანამ ჯაყო და მარგო ქალაქიდან დაბრუნდებიან, თეიმურაზი მეცამეტე გოჭივით ყველას ფეხებში ედება და ეხვეწება:
- ქეშელა, ს... საქონელს წყალი დაალევინე... გიბა, გ... გგომური დაჰხვეტე... მართა, საქათმე დ... დდაასუფთავე.
- ვიცის, შენი წირი მე, მეც ვიცის. - უპასუხებენ თეიმურაზს ჯაყოს ჯალაბნი და ჩუმ-ჩუმად დასცინიან ახალ მოურავს, რომელმაც რამდენიმე დღით ძლივს იშოვნა ფუჭი საქმე.
საღამოობით თეიმურაზი კვლავ კოშკის თავზე ადიოდა და იქიდან დიდხანს გასცქეროდა დასავლეთს, სადაც სურამის ქედი გაწოლილიყო: ზოგჯერ ვარდის ფერი, ზოგჯერ მუქი ლილისა და ზოგჯერაც ათასნაირად შეღებილი, მაგრამ მუდმივ ბინდიანი, ნისლიანი და ლანდიანი.
ჯაყო და მარგო ხუთი დღის შემდეგ დაბრუნდნენ. თეიმურაზმა რომ მარგოს ნავაჭრი დაინახა, გაიხარა და გაიკვირვა:
- რ... რრამდენიმე წელიწადს გეყოფა ამოდენა საქონელი. ნეტა როდის უნდა ამოვიდეთ ჯაყოს ვალიდან?
- ამოვალთ, მალე ამოვალთ. - გაამხნევა თეიმურაზი გაცოცხლებულმა მარგომ და დაუმატა: - ნიკო შივაშვილი შემხვდა.
- რა დ... დდაგაბარა? სთქვი. მალე სთქვი!
და როცა დანაბარი მოისმინა, აცქმუტდა, აიშალა და ნახუცარ ივანესთან გაიქცა მოშლილ ენის დასაღლელად და აქავებულ გულის მოსაფხანად.
თეიმურაზის ვალის გამო ჯაყომ გულში გაიცინა და როცა თეიმურაზი ოთახიდან გავარდა, მარგოს უთხრა:
- ვიცის ჯაყომ მაგისი ვალი, ვიცის! ან რად გინდა ჯაყოს თეიმურაზის ვალი? ჯაყო თავის კნეინას ჩაგაცვა, მორჩი და გათავდი, მაშ, მაშა!
მარგომ მართლა კარგად ივაჭრა. ჯაყოს ნებართვით და მოთხოვნით ყველაფერი მრავლად იყიდა და მოიტანა: ჩითი და მიტკალი, ფარჩა და ხავერდი, საზაფხულო და საზამთრო, ფეხსაცმელი და ათასი წვრილმანი.
თეიმურაზმა ნახუცარ ივანესთან შეირბინა. ივანე და მისი მეუღლე ნაფოფოდიევი თინა თეიმურაზს ყოველთვის დიდის პატივით და სიხარულით უხვდებოდნენ.
- აქა მშვიდობა და სიყვარული! - მიესალმა ცოლ-ქმარს თეიმურაზი.
- მობრძანდით, ბატონო თეიმურაზ, მობრძანდით. - მიიპატიჟა თინამ.
- დაბრძანდი, ჩემო თეიმურ, დაბრძანდი. - მიიწვია ივანემაც.
- ივანე, ახ... ხხალი ამბავი მომიტანა მარგომ. ნიკო შივაშვილს დაუბარებია, რომ...
და თეიმურაზმა ივანეს ქალაქიდან მოფრენილი ჩიტი შეუფრინა ყურში.
- შენგან არ მიკვირს, ჩემო თეიმურ, რომ მაგისთანა ამბებს აჰყოლიხარ!
ცხარე ბაასი გააბეს. თეიმურაზი სცდილობს, რომ ივანეს თვისი გულის ცეცხლი მოუკიდოს. ივანე კი თეიმურაზის აპრიალებულ სულს ყინულს აყრის და ანელებს. ბოლოს, ივანემ სთქვა:
- მოდი, მაგას თავი დავანებოთ, თეიმურ. ჩვენში ვინ გამართლდება, მაგასაც მალე ვნახავთ. ეხლა კი, აბა, თინა, მოიტა არაყი, მწვანილი, ყველი, პური და კეთილი გული, - შეუკვეთა ივანემ თავის მეუღლეს.
- ოოჰ, გული, გული! - ამოიკვნესა თეიმურაზმა. - რკინის დროებაში ვცხოვრობთ, ჩემო ივანე, რკინისა! ამიტომ ეხლა ყველაზე ძნელი საშ...შოვნელი გული ყოფ...ფილა. სიყვარული მოკავდა, ჩემო ივანე, მოკვდა! - რად მოკვდა, თეიმურ? მართალია, ანაფორა გავიხადე, მაგრამ ქრისტეს მოძღვრება ეხლაც ძვალ-რბილში მაქვს გამჯდარი. საცა სიყვარული არ არის, იქ არც მეგობრობაა, არც ოჯახი, არც საზოგადოება და არც სახელმწიფო.
- მ... მმართალია, მაგრამ ეხლა სიყვარულის ნაცვლად ქვეყანაზე და ხალხის გულშიც მხოლოდ შხამი, გესლი, ცოფი და ბალღამი დაგ... გგუბებულა. ვერ გამიგია, როგორ ცხოვრობენ ერთ გულში ასეთი თავგანწირული სიყვარული და ასეთი საშ... შშინელი მძულვარება და ზიზღი? ცეცხლი და წყალი ერთმანერთში არეულან და მშვიდობიანად შეწყობილან.
- ვისაც უყვარს, იმას სძულს კიდევაც, ჩემო თეიმურ.
- არ მეს... სსმის, როგორ უნდა აშენდეს სიყვარული მძულვარებაზე?
- მე კი ასე მესმის. სიყვარული უეჭველად ჰშობს შურს, იჭვსა და სიძულვილს. ვისაც უყვარს მოძმე თვისი, იმას უძირო სიძულვილით უნდა სძულდეს მტერი თავის მოძმესი.
- მაშ სიყვარული და სიძულვილი ერთმანეთის მშობლები ყოფილან, არა?
- არა, სიყვარულია სიძულვილის მშობელი, ხოლო სიძულვილი სიყვარულს ვერ ჰშობავს. ქრისტიანული სიყვარული ლანდია, მოჩვენებაა. იგი განყენებული რელიგია გახლავს და მიწის ხალხს არ უდგება. კბილი კბილისა წილ და თვალი თვალისა წილ, - აი ნამდვილი საამქვეყნო რელიგია. იქნება მე ჩემი პირადი მტერი შევიყვარო, მაგრამ ჩემი მოყვასის მტერი უნდა გავსრისო და მოვსპო, ვინაიდგან მოყვასი ჩემი მე უფრო მიყვარს, ვიდრე თავი ჩემი.
- მაშ შენ ანაფორა მარტო იმიტომ კი არ გ... გგაგიხდია, რომ დღევანდელ ცხოვრებას შეჰგუებოდი, არამედ იმიტომაც, რომ ქრისტეს მცნებასაც გადასცდენიხარ, წეღან სთქვი, ქრისტიანი ვარო, ეგ არის შენი ქრისტიანობა?
- შენ, თეიმურ, შენ კი ქრისტიანი ხარ?
თეიმურაზი დიდხანს სდუმდა. მერე სთქვა:
- ღმერთი არა მწამს, მაგრამ ქრისტე მაინც ღმერთ-კაცი იყო. ერთი მითხარი, ქ...ქქართველ ხალხზე რას იტყვი, ივანე? განა ქრისტიანია იგი თავის სულითა და ხასიათით?
- არა, წარმართები ვართ.
- მაშ, ვინ გაავსო საქართველო ეკლესიებით და მონასტრებით?
- თავად-აზნაურებმა, მთავრებმა და მეფეებმა. მართალია, ქრისტეს სჯულის დაცვას ქართველებმა მრავალი მილლიონი შესწირეს, მაგრამ, ჩემის ღრმა რწმენით, ქართველთა ქრისტიანობა მხოლოდ ფარი იყო ეროვნულ პირსახის დასაცავად და შესანარჩუნებლად. ჩვენ სემიტები ვართ, მაშასადამე, ჩვენ უფრო მუსლიმანური ან ებრაული მატერიალისტური რელიგია გვიდგება, ვიდრე არიული ქრისტიანობა.
ამიტომ გასცვალა ქართველთა მესამედმა ისე ადვილად ქრისტიანობა მუსლიმანობაზე. გაიხსენე იეზუიტების მოგზაურობა დასავლეთ საქართველოში. იქ ქრისტიანობა ისე არ ჰხარობდა, როგორც ვაშლზე დამყნილი მუხა არ ჰხარობს. წარმართობის ატავიზმი ჩვენში ყოველთვის მძლავრად ჰფეთქავდა, და, აი, მაგალითიც. მთელმა სამეგრელომ ორ კვირაში ყველა ეკლესიები დაჰკეტა და არც დანარჩენმა საქართველომ გამოიდო ეკლესიისათვის თავი.
- ხალხი მაინც ინათლება და ჯ... ჯვარს იწერს.
- მართალია, მაგრამ ეგ ქრისტიანული რწმენით კი არ მოსდით, არამედ ადათის, ჩვეულებისა და ტრადიციის შესანახად სჩადიან. გარდა ამისა, ქართველს ვერ ნახავ, რომ წარმართული სახელი არ ჰქონდეს: კუროკი, ტოგო, ჭიპი, ჯვებე, პუპი, ცანგალა, ჩიკორა, დრუნჩა, დრუზა, ყბაჩა და სხვა ათასი. ევროპიელებში ან რუსებში ამისთანა ამბავს თითქმის ვერ გაიგებ. ზოგს უკვირს, რატომ საქართველოში სექტანტობა არ იყოო? იმიტომ არ იყო, ჩემო თეიმურ, რომ ქართველი ხალხი ყოველთვის ურწმუნო იყო, ხოლო სადაც რწმენა არ არის, იქ ჭეშმარიტი ღმერთის ძიებაც არ არის, ხოლო სადაც ძიება არ არის, იქ სექტაც არ იქმნის.
- კეთილი, ვთქვათ შენ მართალი ხარ, მაგრამ სადაც სარწმუნოება არ არის, იქ ხომ არც სიყვარულია!
- მაგას ნუ იტყვი, ჩემო თეიმურ. დღევანდელი ქვეყანა ჩემთვის უცნაურია და გაუგებარი, მაგრამ ბოლოს-და-ბოლოს იგიც სიყვარულზე შენდება.
- ეგეც მესმის, მაგრამ ისიც ვიცი, რომ სიყვარული აი ამ ტომარას ჰგავს: თუ შიგ ჩაჰყარე რამე, ტომარა ზეზე დადგება, თუ არა და - წაიქცევა. მე არ მესმის ც... ცცალფეხა და ც... ცცალხელა სიყვარული. ცოცხალ ადამიანს მარჯვენა ხელ-ფეხს სჭრიან და ასე ანუგეშებენ: სამაგიეროდ მ...მმარცხენა ხელ-ფეხი გაგეზრდებაო.
- შენ შენს ხელ-ფეხს მოუარე, თეიმურ, სხვის ხელ-ფეხს ნუ მისდევ, თორემ ისიც გეყოფა, რაც დაჰკარგე.
- მართალი ხარ, ჩემო ივანე. მეყო, რაც შევსწირე ჩვენს ხალხს. რა მივიღე სამაგიერო? მათხოვრის აბგა და ჯ... ჯჯაყოს ხიზნობა.
- მწარე ხვედრი ჰქონია საზოგადო მოღვაწეს, ჩემო თეიმურ.
- შეუსმენლობა, უნდ... დდობლობა და უმადურობა, აი მისი ხვედრი.
- კეთილი, მაგრამ ზოგჯერ სხვისი წუნის დადება და უთავბოლო წუწუნი საკუთარი უსაქმობისა და ჟინის ფარია ხოლმე. ეს შენზე ვსთქვი, ჩემო თეიმურ. ერთი მითხარი, რატომ არაფერს არ აკეთებ?
- რატომ არ ვაკეთებ? რა უნდა გავაკეთოთ? ჩემს საქმეს არ მაძლევენ. სხვისას კი ხელს ვერ მ... მმოვკიდებ. თუმცა დღეს ისეთი დროა, რომ პროვიზორს მატარებელი მიჰყავს, ხოლო მემანქანე აფთიაქში მუშაობს. ერთი მატარებელს ამტვრევს, ხოლო მეორე ხალხსა სწამლავს. ასე სჩადიან სხვები. მე კი სხვის სკამზე ვერ დ... დდავჯდები.
- იწამე ახალი ქვეყანა და...
- ესე იგი ქ... ქქედი მოვიდრიკო?
- ეს ქედის მოდრეკა არ არის. მხოლოდ გაჩუმდი და საცა არ გეკითხებიან, იქ ნუ ჩაერევი.
- გ... გგავჩუმდე? მე? მე ნუ ჩ.. ჩჩავერევი? გაჩუმება ჩემთვის ხომ ს... სსულიერი სიკვდილია!
- თუ მეტი გზა არ არის, მოკვდი.
- მე თვითონვე მოვკვდე? ეს ძალიან კარგი ფონია, მხოლოდ ერთ ალაგას ახრჩობსო. ხომ გ... გგაგიგია?
- გამიგია. სად ახრჩობს ეს ფონი?
- ერთგან. მე თვითონ ჩემის ხელით თავს არ მოვიკლავ.
- ეხლა, თეიმურ, ეხლა არა ჰკვდები განა?
- ხორცით ვკვდები, ივანე, ხორცით! მაგრამ სული ისევ ჩემია, ჩემი!
- შენია?
- დიაღ, ჩემია!
- მართლა შენია? - ერთხელ კიდევ ჰკითხა ივანემ და თეიმურაზს თვალი თვალში გაუყარა.
- ჩემია მეთქი! - ერთხელ კიდევ წამოიძახა თეიმურაზმა, მაგრამ ივანეს თვალებს რომ თვალი გაუსწორა, შეირყა და შედრკა: - შენ ალბათ სხვა რამეს მეკითხები, ივანე: მშვიდად და დინჯად განისვენებს ჩემი სული, თუ...
- ჰო, თეიმურ, სწორედ მაგას გეკითხები.
აშლილი და აფორიაქებული თეიმურაზი უცებ მოსწყდა და მოეშვა:
- მესმის, ძალიან კარგად მესმის. საიდან, ან როგორ უნდა ჰქონდეს მშვიდი გული და სული ჯაყოს ხიზანს? - მორჩილის კნავილით განაგრძო მწიგნობარმა, - მესმის, კარგად მესმის, მაგრამ...
- მაგრამ?
- მაგრამ ისა, რომ... მალე გ... გგადავუხდი.
- როგორ? საიდან?
- ცხინვალში ან გორში სამსახურს მომცემენ.
- შე კაი კაცო, რაღა ცხინვალში ან გორში მირბიხარ? აკი გითხარი ამას წინათ, ნაშინდარში სკოლას გავხსნით მეთქი. აქვე დარჩი და შემოდგომაზე მასწავლებლობას შეუდექი.
- არა, ივანე, არ შ...შშემიძლიან მეთქი. ქუჩის დამგველად წავალ, მაგრამ მ... მასწავლებლობას ვერ ვიკისრებ. მიზეზიც გ... გგითხარი: მე ბავშვს ისეთ რამეს ვერ ვასწავლი, რაც მე თვითონ არა მწამს.
- ანგარიში და გეოგრაფია ასწავლე.
- ვნახოთ; მოვ... ვვიფიქრებ, მოვ... ვვისაზრებ. შემოდგომა ჯერ შორს არის. ეხლა კი აი რა უნდა გითხრა, ჩემო ივანე...
და თეიმურაზს ხელმეორედ აუვარდა ენის ქავილი და ლაყბობის მუნი, რომელიც შუაღამემდე ძლივს მოიფხანა და ჩამოირეცხა.