prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ჯაყოს ხიზნები — ნაწილი პირველი — თავი VI

მიხეილ ჯავახიშვილი · პროზა

– VI –

იმ დღეს თეიმურაზმა უკანასკნელი ტყავი გაიძრო და ნამოურავალი ჯაყო სადილად დაჰპატიჟა. დამკლავებული ჯაყო სამის თითით მესამე მათლაფა შილაფლავს ხრამა-ხრუმით ათავებდა, დანა-ჩანგალს დასცინოდა, ცხენის კბილებით გირვანქიან ძვლებს ჩიტის ფრთასავით ახრამუნებდა, ბოთლს ბოთლზე ხლუპით სვამდა, თეიმურაზს მოხრილ ზურგზე თეფშის ოდენა თათს უბარტყუნებდა და ისე ჰყვიროდა, თითქოს ლიახვის ნაპირიდან გაღმა ვინმეს ხმას აძლევდაო:

- ამ ბოთლსაც ნავთის სუნი აგადინე, ნათლია კნიაზო!

- მ...მიირთვი, გენაცვა. ღმერთს შენთვის კარგი მადა მოუცია.

და გაუმაძღარ ჯაყოს მასპინძლები ახალ-ახალს სთავაზობდნენ. თანაც შიშის ოფლში იწურებოდნენ: ვაი თუ ჯაყოს სამყოფი არა გვქონდესო.

- ღმერთმა ჯაყოს კარგი მადა მოგცა, შენი წირი მე, მაშა! ენაცვალე იმის მადლსა! რამდენი ხანია, რაც ჯაყომ დეკეული უნდა დაგიკლა არბორ ხატსა, მაგრამ აქამდე ვერ მოიცალე.

სამი დიდი ჭიქა გაავსო, თეფშზე დაალაგა, ასწია და ახროტინდა:

- კნეინა მარგოჯან! ეს ღმერთმა ბევრი მოგცეს ჯაყოსთანა საწყალსა შენისთანა ლამაზი ქალი, რომელიცა რომა ჭკვიანიცა ხარ და ნასწავლიცა. ამენ!

სამივე გამოსცალა, აბოყინდა და თავის ოჯახის ამბავიც შეატყობინა:

- ჯაყომ ორი ცოლი მოიყვანე, შენი წირი მე. ორივენი მოკვდებოდე. ჯაყო ვერ გაუძლებდე! ეხლა მესამე ცოლი გყავს - ნინაი. ისეთი ლამაზი ხარ, ისეთი ლამაზი რომა, როგორც მთვარე, მაშა!

და გულიანად გადიხარხარა.

თეიმურაზი და მარგო ვერ მიუხვდნენ ჯაყოს და ვერ გაიგეს მისი სიცილის და წამოძახილის აზრი; რას ვერ გაუძლეს მიცვალებულებმა, ჯაყოს ხასიათს თუ სხვა რამეს, ან რა აცინებდა ჯაყოს - თვისი მიცვალებულთა გახსენება, თუ მესამე ცოლის შედარება მთვარესთან.

ჯაყო თავის მასპინძლებს ნაწყვეტ-ნაწყვეტად მრავალ პატარა თავგადასავალს უამბობდა; უმიზეზოდ სჭიხვინებდა, სუფრას მესამეჯერ ასუფთავებდა და მაინც ვერ სძღებოდა. ხანგამოშვებით ბაასის ძაფს შესწყვეტავდა, ქონიან თათს მარგოს მუხლზე დაჰკრავდა, ან თეიმურაზს ზურგზე ჩაუბარტყუნებდა და ანუგეშებდა:

- ნუ დაღონდებოდი, ნათლიჯან! ნუ შეშინდებოდი! ყველაფერი კარგად გათავდები! თქვენა ბრძანდებოდე კარგათა, თორემა ნაშინდარის მამული თქვენი წირიც წაიღებდე.

თეიმურაზი უკვე სთვლემდა, ხოლო სიცილს გადაჩვეული მარგო ჯაყოს ქცევით და ყურის გდებით გამხიარულდა და აყბედებულ დათვს აჰყვა: თვითონაც დალია, თეიმურაზსაც დაალევინა და თვისი ბნელი, ნესტიანი და ბნელი ოთახი ნერვიულ კისკისით გაავსო, იცინოდა მარგო და თანაც იმეორებდა:

- რა მხიარული ყოფილხარ, ჯაყო! ღმერთმა მშვიდობა მოგცეს. გამაცინე და გამამხიარულე.

- მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა! თეიმურაზ, ამ ბოთლსაც ნავთის სუნი აგდის! აბა, ერთი კიდევ მოგიტანე ჯაყოსა.

- მ...მიირთვით, ინებე, ჩემო ჯაყო, ღვინო კიდევა მაქვს. არც ისე გავ..კკოტრებულვარ, რომ ჩემს ნათლიას ვერ დავალევინო.

- ეხლაც დიდი საქმე გაგიკეთე ნაშინდარსა. - დაიკვეხა ჯაყომ. - თავრობა მალე სკოლას გაგიხსნის იქა. წიწყინა ნინიკა ბრაზით გასკდები.

- მართლა, - გაიხსენა თეიმურაზმა, - როგორ არის ჩემი ნათლული?..

- ვინა, ნინიკაი? კარგი ნათლულიცა გყოლია, ღმერთმანი. აგიკლო ნაშინდარი, სულ აგიკლო. ჯაყოს მოსვენებას აღარ გაძლევ, სულ იმასა ყვირი, თეიმურაზის სახლი ჯაყოს უნდა ჩამოგართვა და სკოლა და კაპრატივი უნდა გაგიხსნაო.

- მარგო, აღარ გახსოვს ნინიკა? - მიუბრუნდა თეიმურაზი მეუღლეს.

- ნინიკა? რომელი ნინიკა?

- ჩემი ნათლული. გ...გგაღმა სკოლაში რომ ვზრდიდი.

მარგო დაფიქრდა. მერმე უპასუხა:

- არა, არ მახსოვს.

- ჩემი ნათლული, მარგო, ჩემი ნათლული, ჩვენ რომ ჯვარი დავიწერეთ, ორჯერ თუ სამჯერ მოვიდა ჩემთან.

- არ მახსოვს... არ მაგონდება.

- არც გინდა გახსოვდე იმისთანა აბეზარი ბიწი! - გაცხარდა ჯაყო. - ჯაყო უნდა გადაგასახლოს და ჩემ დვარეცში კაპრატივი გახსნა?! კჩორტუ, კჩორტუ კაპრატივი! არ გინდა ჯაყოს კაპრატივი, არ გინდა ჯაყოს კაპრატივი, არა მეთქი!

კარგა ხანს იბორგა ჯაყომ კოოპერატივისა და ნინიკას გახსენებაზე. მერმე დადუმდა, მარგოს დააცქერდა და სთქვა:

- კნეინაჯან, ამ ოხერ ქალაქში რას აკეთებდე?.. მოდი, ჩემთან სტუმრად წამოხვიდოდე, ღმერთმანი! ჯაყო ისე შეინახავდე ნათლიებსა, როგორც ბატკნებსა, მაშა!

ცოლ-ქმარი ბაასის ასეთ დასასრულს არ მოელოდნენ. გაოცდნენ და ერთმანეთს გადაჰხედეს.

თეიმურაზმა სათვალეები შეისწორა და წაილუღლუღა:

- მად...დლობელი, ჯაყო, მ...მმოვიფიქრებთ.

- რაღა ფიქრი გინდოდეს! "კჩორტუ" ფიქრები! მაგ ფიქრებმა გაგაფუწე და დაგაბერე! "კჩორტუ!"

და ხუთგირვანქიანი მუშტი ისე მაგრად დაჰკრა მაგიდას, რომ ბოთლი იატაკზე გადმოვარდა და გატყდა. მერმე ზრდილობიანად ამოაბოყინა, ცხენის მთქნარებით დაამთქნარა, განივრად გაიზმორა და სთქვა:

- ეხლა ერთი კარგი ძილი როგორ გარგებს ჯაყოსა! იიიფ!

მარგო წამოდგა:

- ინებე, ჯაყო, ინებე. მოისვენე, რამდენიც გინდოდეს. და ტახტზე საწოლი შეუმზადა.

- არა, ნათლიაჯან, არა! რა ჯაყოს საქმეა, შენი წირი მე, კნიაზის კრავოტზე წოლა. ჯაყოს პოლზე გიყვარს წოლა. აქ გაგიშალე, შენ კი გენაცვალოს ჯაყოი.

ნათლია მარგომ სუფთა ლოგინი იატაკზე გაუშალა ჯაყო ჩუსტიან-ჩოხიანად ზედ გაიშხლართა და უმალვე ახვრინდა.

სანამ კუთხეში გაშოტილი ჯაყო საბერველივით ფშვინავდა და მომაკვდავ ხარივით ხრიალებდა, თავჩაქინდრული ცოლ-ქმარი პაწაწინა აივანზე ისხდნენ და ჰფიქრობდნენ.

ჯაყომ ხევისთავებს საღეჭი ძვალი მიუგდო.

- რ...რრას იტყვი, მარგო?

მარგომ მხრები შეიშმუშნა და ერთხელ კიდევ უპასუხა გულგრილად:

- ჩემთვის სულ ერთია მეთქი. როგორც გერჩივნოს, ისე გადასწყვიტე.

- ქალაქში აღარ გ...გგვეცხოვრება. ყელამდე ვალებში ვართ ჩაფლულნი. ლ...ლუკმა პურსაც ვეღარ ვშოულობთ. მართალია, თითქო სამადლოდ მივდივარ ჯაყოსთან, მ...მმაგრამ ეს არაფერია. ბოლოს და ბოლოს, ჯაყომ ჩემი ქონება მიითვისა, ზოგი ქურდობით და ზოგიც ეშმაკობით. ესეც რომ არ იყოს, სახლში ჯაყოს მუშა სჭირდება. შენ ოჯახში დატრიალდები, მეც დავეხმარები, ან სოფლის კ...კკანცელარიაში გავაკეთებ რამეს. შეიძლება როგორმე ფეხი მოვიკიდოთ სოფელში, თორემ აქ მშ...შშივრები დავიხოცებით.

მარგოს შხამიანი ღიმილით დაეღრიჯა პირსახე.

თეიმურაზი აილეწა და აფეთქდა:

- მარგო, ნუ დამცინი! ვინ იცის, როგორ მ...მოეწყოს იმ სოფელში ჩვენი ცხოვრება! იქნება სწორედ იქ მოხდეს გარდატეხა. იქ გადიშალოს ჩვენი ოჯახის ისტორიის ახალი თაბახი, ადამიანი ზოგჯერ იქ იპოვის ბედს, სადაც არ ეძებს.

- შეიძლება. - გულგრილად მოუჭრა მარგომ.

- მაშ თანახმა ხარ?

- არც თანახმა ვარ, არც უარს ვამბობ. შენვე გადასჭერი. მე გემორჩილები. მაგრამ თუ შენი საქმე უარესად წავიდეს, მე ნუღარაფერს ნუ დამაბრალებ.

- შენი პოზ..ზზიციის აზრი არ მესმის. თითქო ჯიბრში მიდგები.

- ჯიბრში კი არ გიდგები, ხელს ვიბან მეთქი. თუ ჩვენი საქმე უარესად წავიდა, მე ნუღარაფერს ნუ დამაბრალებ მეთქი. შენგან გამიგონია: ვინც მალე სჭრის, ის დიდხანს ნანობსო.

- ამაზე უარესი რაღა იქნება. მე მომწონს ჯაყოს პატიჟობა. მეტი გზა არ არის, უნდა წ...წწავიდეთ.

მარგომ სპილოს ძვლის ხელები უსისხლო პირსახეზე აიფარა, მერმე წამოდგა და ამოიკვნესა:

- ღმერთო დიდებულო! ისევ ჩვენივე ნასახლარში ჩვენივე ნამოჯამაგირევს უნდა შევეკედლოთ და ჯაყოს სამადლოდ უნდა გავიხადოთ თავი?!

- ძნელია, ჩემო კარგო, ძალიან ძნელია. მაგრამ ბედმა რაკი ჩვენი ცხოვრება ასე დაატრიალა, ჩვენც უნდა დავემორჩილოთ.

- შენ მუდამ მორჩილება გაკერია პირზე. აღარ მესმის რომელია ჩემი ქმარი, უხილავი ბედი თუ ხილული თეიმურაზ ხევისთავი?

- მახვილი სიტყვა სთქვი, ჩემო მარგო, მაგრამ ისიც მართალია, რომ ჩვენს დროში უფრო ბედია ჩვენი პატრონი, ვიდრე ჩვენ თვითონ.

- ჩვენს დროში! ისე ამბობ, თითქო სხვა დროს შენვე ჰქმნიდი ჩვენს ბედს. ყველაფერი მზა-მზარეული მოგვდიოდა სოფლიდან, ჩვენ კი ვხარჯავდით და ვსუქდებოდით!

- ნუ აჭარბებ, ჩემო კეთილო. ვხარჯავდით, მაგრამ მეც ხომ შრომით წელს ვ...ვვიწყვეტავდი!

- მერმე ვისთვის, ან რისთვის? დღევანდელ დღისთვის, არა?

- ხეირიანად დათესილი თესლი არასოდეს არ დ...დდაიკარგება. ადრე თუ გვიან მოსამკალს მოგვცემს.

- აკი ამოვიდა შენი დათესალი თესლი, აკი მიიღე მოსავალი! შენივე ნახიზნართან ხიზნად შედიხარ. განა ეს მოსავალი არ არის?!

- ნუ იგესლები, მარგო. ამ ქვეყნად ყოველივე წარმავალია. წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დ...დდარჩებიანო.

- ჯერჯერობით შენმა გადმოგდებულმა წყალმა ჩვენც წაგვიღო, ხოლო რომელი ქვიშანი დარჩებიან, ამის ნახვას ჩვენ ვერც კი მოვესწრებით.

- მოვესწრებით, ნუ ჩქარობ.

- რამდენი წელიწადია, სულ მაგას გაიძახი. ჯერ-ჯერობით კი იმასაც მოვესწარი, რომ ჯაყოს სამადლოდ გამიხადე თავი.

- მერმე, მე რა ბრალი მედება?

- ათასი. სხვები თუ შეეგუვნენ ახალ ცხოვრებას, რატომ შენ ვერ მოიდრიკე ეგ უხეში კისერი?

- არრრა-სო-დეს!

- მაშ ჯაყოს ხიზნობა გირჩევნიან?

- მირჩევნიან. რაც მოსავალია - მოვიდეს!

თეიმურაზმა ხელი ჩაიქნია, წამოდგა და გაიარა.

მარგომ გაკვირვებული თვალი გააყოლა. მერმე ჰკითხა:

- მე? მე რაღას მიპირებ?

- საცა მე ვიქნები, შენც იქ უნდა იყო.

- შენ კიდევ შეგრჩა რაღაც რწმენა. მაგრამ მე რომ აღარაფერი არ მჯერა!

- მაინც უნდა მომყვე, სამშვიდობოს გ...გაგიყვან.

- არა მჯერა. თემურ, არა მჯერა შენი სამშვიდობო. გული ცუდ რამეს მეუბნება. ნუ მისდევ ჯაყოს, თავი დაანებე, თორემ იქნება ინანო. აქ თუ ვერ მოიკიდე ფეხი, იქ ხომ უარესად გაგიძნელდება. მერმე რას აპირებ? სამუდამოდ ჯაყოს ხომ ვერ ჩამოეკიდები კისერზე!

- ქვეყანა დიდია, გზას გ...გავიკაფავ.

- თუ ქალაქში ვერ გაიკაფე გზა, სოფელში რა უნდა გააკეთო? შენი ხნისა და ხასიათის კაცი უნდა ტალღას აჰყვეს, უნდა სხვას მოეჭიდოს კალთაზე და ისე გავიდეს ნაპირზე, თორემ მარტოხელა რომ დარჩე და საკუთარ გზას დაადგე, სულ ადვილად დაიღუპები. შენ ბრძოლისთვის და თავისუფალ შემოქმედებისთვის არა ხარ შექმნილი, თეიმურაზ!!

- რატომ არა? განა აქამდე დამოუკიდებელი არ ვიყავი?

- დამოუკიდებლობას ნაშინდარი გაძლევდა. ისიც ვერ გამოიყენე. მამაპაპეული მამულიც ვერ შეინახე და გაჰყიდე. იმოდენა განძეულობაც ისე მოგპარა ჯაყომ, რომ კვალსაც ვერ მიაგენი. შენ შეჩვეული ხარ ხარჯს. შოვნა და მოგება კი შენი საქმე არ არის.

- ჯაყოს ქ...ქურდობას ნუ აბრალებ, მარგო. საბუთი არა გაქვს.

- საბუთიც რომ გქონოდა, ხელიდან გაგივარდებოდა.

- მაშ რას მ...მირჩევ, მარგო?

- გამოუცხადე ლოიალობა და ერთგულად იმსახურე.

- კარგი მრჩეველი მ...მეუღლე მყოლია! არ მესმის, მაგას როგორ მირჩევ. როგორ მიბედავ, მარგო?

- გიბედავ, რადგან შენი ერთგული მეუღლე და მეგობარი ვარ.

- მაშ პ...პპოლიტიკურად თავი უნდა მოვიკლა, არა?

- თუნდ ეგრეც იყოს. რა მოგცა პოლიტიკამ?

- ჯერ არ...რრაფერი, მაგრამ...

- მაგრამ არც შემდეგში მოგცემს.

- შეიძლება, მაგრამ ს...სსახელი?

- ვისთვის, ან რისთვის გინდა კერპი კაცის სახელი, რომელმაც ბოლოს-და-ბოლოს სიბრმავით კისერი უნდა მოიტეხოს და სხვებიც დაღუპოს?

- ორგულობა და ორპირობა არ შ...შშემიძლიან, ეს შენც კარგად იცი.

- არც გაჩუმება შეგიძლიან?

- ბევრჯერ ვცადე, მაგრამ ვერ მ...მმოვახერხე.

- თემურ, ქვეყანამაც იცის, რომ შენ უვნებელი კაცი ხარ, რომ შენ თითსაც ვერ გაანძრევ და ჩიტსაც ვერ დააფრთხობ.

- მაშ რად ეშინიანთ ჩემი? - იწყინა თეიმურაზმა.

- შენი არავის არ ეშინიან.

- მაშ რად დ...დამითხოვეს ათჯერ სამსახურიდან?

- იმიტომ, რომ ყბედი და ენაჭარტალი ხარ. ერთხელ კიდევ გირჩევ, გამოაცხადე ერგულება, პირზე კლიტე დაიდე და დადუმდი.

- არ შ...შშემიძლიან.

- მე ჩემი ვთქვი, ეხლა შენ იცი. თუ ჩვენი საქმე კარგად ვერ წავიდეს, ისევ შენს თავს დააბრალე.

სანამ ცოლ-ქმარი რყევაში იყვნენ და სახიფათო ნაბიჯის გადადგმას აპირებდნენ, ჯაყომაც გაიღვიძა. ზმორებით, ბოყინით და მთქნარებით წამოდგა და წამოიხრიალა:

- ჰა ნათლიებო, რას ეტყოდეთ ჯაყოსა? წამოხვიდოდეთ?

თეიმურაზმა უპასუხა:

- ჯაყო, ჩვენ თ...თთანახმა ვართ. ჯერ მე წამოვალ, იქაურობას დავხედავ და მერე მარგოსაც დ...დდავიბარებ.

- მაშ, მაშა! აგრე იქნებოდეს! - მოუწონა ჯაყომ და თავისი ცხვარი და კომბალი იღლიებში ამოიჩარა. - მაშ ზეგ დილით მე შენთან მოხვიდოდე, თეიმურაზ. შენც მზათ ვიქნებოდე. ისე დრიგინ-დრიგინით გაგიტევდე ნაშინდარისკენ, რომა ქარიც ვერ დაგეწეოდეს. მაშა! აბა, მშვიდობით იქნებოდე, ნათლიაჯან. მადლობელი ხარ სადილისთვის, კნეინაჯან! შენც მალე წამოხვიდოდე ნაშინდარში, თორემა ამ ოხერ ქალაქში ძალიან გამხდარხარ, შენი წირი მე, ჯაყო ისეთი ლხინი გამართავდე ჩემ სახლში, რომ ქუდით წერს დაანგრევდე, მაშა!

და ოყრაყი ნამოურავალი ხარხარით, რახრახით და ჭიხვინით ძლივს გაძვრა ოთახიდან და კინაღამ კარებიც თან გაიტანა.

მეორე დილით თეიმურაზმა მარგოს მრავალი დარიგება მისცა, აბგაში რამდენიმე წიგნი და ცოტაოდენი წვრილმანი ჩაილაგა და ჯაყოს გაჰყვა.

ერთი კვირის შემდეგ მარგომ თეიმურაზისგან წერილი მიიღო. წერდა: აქ სრული წესრიგი და მშვიდობიანობა ყოფილა. ყველანი თავაზიანად და პატივით დამიხვდნენ და შენც გელიან. გორშიაც და ცხინვალშიც ორივეს სამსახურს გვპირდებიან. რაც ზედმეტი ნივთი დაგვრჩა, - წიგნების გარდა, ეხლავე გაჰყიდე და წამოდი, ხოლო წამოსვლის დღე წინდაწინვე შემატყობინეო.

მარგომ მცირეოდენი ნივთეულობა გადაარჩია ნაშინდარში წასაღებად, ხოლო დანარჩენის გაყიდვა ერთს ნათესავს მიანდო, რომელმაც მესამე დღეს მარგოს ხუთიოდე თუმანი ჩააბარა.

ეს ხუთიოდე თუმანი, ოციოდე წიგნი და მარგოს ძონძებით სავსე სამიოდე ბოხჩა და კალათი ხევისთავთა გვარის უკანასკნელი ყლუპი იყო.

მარგომ იმ დღეს თავის მშობელ ქალაქს გულისკვნესით შეაქცია ზურგი და დილის მატარებელში ჩაჯდა.

მარგო ორჯერ თუ სამჯერ იყო ნაშინდარში. უწინ რომ წავიდოდა ხოლმე, იცოდა და ჰგრძნობდა, რომ საკუთარ სახლში მიდიოდა, საცა მას მოელოდა ფუფუნება, პატივი, მოსვენება და უდარდო ცხოვრება. ეხლა კი მარგო თავისივე სახლში სტუმრად მისდევდა თავისივე მოურავს.

მარგომ მწვავე ტკივილი იგრძნო იმის გამო, რომ ისედაც მინგრეული ბუდე საბოლოოდ მოშალა, ხოლო თვითონ ჰაერში ჩამოეკიდა, დედამიწას მოსწყდა და თვალუწვდენ მომავალში გადავარდა, რომელსაც არც ძირი ჰქონდა, არც თავი, არც კედელი და არც ხელმოსაჭიდი.

მატარებელი მარგოს ქართლისაკენ მიაქროლებდა, ხოლო დეკაცის აჩუყებული გული კვნესით უკანვე იწევდა.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — მიხეილ ჯავახიშვილი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.