prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ჯაყოს ხიზნები — ნაწილი მეორე — თავი IX

მიხეილ ჯავახიშვილი · პროზა

– IX –

კიბის ძირში დაბმული ძაღლი თეიმურაზს თავზე დასდგომოდა და გააფთრებით პირსახეში ჰყეფდა. ნაბეგვი და დამტვრეული ნაქმრევი ზლაზვნით, კლაკვნით და კვნესით წამოდგა და ნაღრძობი მკლავი ძლივს აითრია.

ჯაყომ აივნიდან გადმოიხედა და გადმოიძახა:

- ბოღრია, სუ!

ძაღლი მაშინვე გაინაბა.

- ბრინკა, აბა, ჩქარა დაიკარგებოდე აქედანა, ჩქარა გაგათრიე ჯაყოს სახლიდანა, თორემ ჯაყო მოხვიდოდე და ვაი შენი ბრალი მაშინა!

თეიმურაზს აღარ მოაგონდა კიბეზე დაკარგული ქუდი და სათვალეები.

ბოღრიას გაუსხლტა, ეზო გადაირბინა და ბნელ ორღობეს შეერია. ფერწასული მთვარე მთის თავზე შემდგარა. ზემო ხეობიდან ნიავი მოჰქრის. სოფელს ღრმა ძილით სძინავს. ბოღრია-ძაღლი მოუსვენრად იღრინება და ჯაჭვს აჩხარუნებს.

ბორძიკით მირბის ცეცხლ-მოკიდებული თეიმურაზი. მირბის და ვეღარაფერს ვერ ჰხედავს. მხოლოდ ლიახვის შხუილი, საკუთარი ფეხის ხმა, თავისივე გულის ცემა და ხვნეშა ესმის. მირბის და ხან მაღალ ხორხს წამოჰკრავს მოდუნებულ ფეხს, ხან ქვას აწყდება და ხან კიდევ ეკლიან ღობეს ეხეთქება.

უცებ ფეხებში ლბილი რამ მოედო. შიშისგან შეჰკივლა, გვერდით გასხლქა და სირბილს მოუმატა.

მირბის თეიმურაზი და უკან კნავილით ჯაყოს შავი კატა მისდევს.

წინ ბაყაყების ყიყინი ისმის. კატამ თეიმურაზს გაუსწრო, მერმე შემობრუნდა, თვალებში ორი მწვანე სანთელი შემოანათა და ჩვილი ბავშვივით შეჰკნავლა.

- მიაუ-უ-უ...

თეიმურაზმა ჯაყოს კატა იცნო. იცნო, მაგრამ უნებურად შეჰკივლა და კოჭებამდე მყრალ გუბეში შესტოპა.

ბაყაყებმა ყიყინი შესწყვიტეს და ტყაპა-ტყუპით ტლაპოში მიიმალნენ.

ისევ მირბის უსინათლო თეიმურაზი. ორღობეს გასცდა და პეტრეს კალოს ჩაურბინა. კალოდან გამოვარდნილი ძაღლი თეიმურაზს ყეფით მოსდევს. საბზლიდან ვიღაც ხმას აძლევს:

- რომელი ხარ?

თეიმურაზმა პასუხი არ გასცა და ისევ გაიქცა. ხორხს ფეხი წამოჰკრა, წაიქცა და ისე შეჰბღავლა, რომ საკბენად მინაწვდენი ძაღლი შეშინდა და გაოცდა. მერმე მოტრიალდა, კუდი ამოიძუა, უკანვე გაიქცა, შორი-ახლოს ჩაცუცქდა და აყმუვდა.

- რომელი ხარ მეთქი მანდა? - მეორეჯერ ისმის კალოდან.

საით მირბის სულადუღებული თეიმურაზი?!

- ლიახვისკენ!... ლიახვისკენ!

რად მირბის თეიმურაზი ლიახვისკენ?

- იმიტომ რომ... კმარა! კმარა! დროა ყველაფერი გათავდეს. დროა!

თეიმურაზს ყველაფერი გაუთავდა, ყველაფერი დაენგრა და დაეღუპა.

გორში აშენებულს ქრისტიანულ ხუხულასაც უჩინარმა ბედმა თითი წაჰკრა და ისე დააბნია, რომ გუშინდელ მორწმუნე თეიმურაზს იმ ნაცოდვილარ რწმენისა ეხლა ერთი ნაპერწკალიც აღარ ახსოვს.

აღარაფერი შერჩა ოდესღაც უდარდელ თეიმურაზს: არც ცოტაოდენი ქონება, არც ამოდენა ჯაფით ნაშოვნი სახელი, არც მამაპაპეული სახლ-კარი, აღარც ორიოდე დღით განახლებული სული, აღარც ოდესღაც ერთგული ცოლი და აღარც ხალხის პატივი - აღარაფერი, აღარაფერი!

ერთგული მეგობრის ნუგეშით და უმწიკვლო სახელით კიდევ შეეძლო თეიმურაზს უგემური სიცოცხლის თრევა. ეხლა კი როცა მარგოც წაართვეს და პატივიც აჰყარეს, თეიმურაზს მხოლოდ ძაღლის მყრალი მძორი-ღა შერჩა კისერზე, რომელიც სიკვდილამდე უნდა ათრიოს.

აღარ შეუძლიან თეიმურაზს ასეთი მძიმე და მყრალი ბარგის ზიდვა, აღარ!

- კმარა! მეყოფა, მეყოფა!

ორმოც არ არის უძირო, ხოლო თეიმურაზის წამების ორმოს ძირიც აღარ უჩანს.

კმარა! აღარ ძალუძს თეიმურაზს მარად ამ ბნელ ორმოში ჩასვლა და ჩაძირვა. სჯობს ორიოდე წუთში გათავდეს ყველაფერი: უაზრო წარსულიც, შხამიანი აწმყოც, ბნელი მომავალიც და... ძაღლის ლეშიც. მყრალი ძაღლის მძორიც, რომელმაც ლამის გაჰგუდოს ხევისთავიც და ის ხეობაც.

რას იტყვიან თეიმურაზის ნათესავები და მიმდევარი, მეგობრები?

- რომელი მეგობრები? ვინ ნათესავები?

აღარა ჰყავს თეიმურაზს არც მეგობრები, აღარც ნათესავები. თანაზიარნიც ისე დაილივნენ და გაიფანტნენ, რომ მათი კვალიც კი აღარსად მოსჩანს. მხოლოდ ზოგი გაიხსენებენ თეიმურაზის ღვაწლს, ფლიდურად მოიგონებენ იმის დათესილ მადლს და გაკვრით იტყვიან:

"საწყალი თეიმურაზი! რა უბედურად დატრიალდა მისი ცხოვრება! როგორ დაიღუპა ასეთი ადამიანი! ღმერთმა საიქიოს მაინც მისცეს შვება და მოსვენება".

და ერთი საათის შემდეგ სამუდამოდ დაივიწყებენ თეიმურაზის მადლსაც და სახელსაც.

- კმარა! კმარა!

ეყოფა თეიმურაზს გოლგოთის აღმართი, ეყოფა!

იქნებ ვინმემ თეიმურაზის სიტყვები გაიმეოროს, რომელსაც თვითონ თეიმურაზი ხშირად იტყოდა ხოლმე, როცა უკანასკნელ ხანებში ვინმეს სიკვდილს გაიგებდა:

- ეხლა მივუხვდი აზრს ჩინელების ერთს ადათს: როცა ვინმე დაებადებათ, წინდაწინვე სტირიან იმის მწარე ბედს; ხოლო როცა მოუკვდებათ, იმის ტანჯვა-წამების დასრულებას მოილხენენ. ამიტომ არც მე ვსტირი ვინმეს სიკვდილს, მშურს კიდევაც.

ოღონდაც! ოღონდაც! ჰშურს თეიმურაზს მიცვალებულთა ბედი! იცხოვრეს, თავისი ხვედრი მიიღეს და წავიდნენ, წავიდნენ და ამ ჯოჯოხეთს აღარ დაუბრუნდებიან.

ეხლა თეიმურაზის წამების დასასრულიც მოვიდა. გათავდა ყველაფერი! ხუთიოდე წუთში გათავდება ყოველივე! ეყოფა თეიმურაზს საამქვეყნო ურვა და ძვინვა, ეყო!

- მარგო? მართლა, რას იზამს მარგო, როცა თეიმურაზის სიკვდილს გაიგებს?

რა თქმა უნდა, მწარედ იტირებს და შავად იგლოვებს. მაგრამ... ოოჰ, შავგულო ფარისეველო! ოოჰ, ორპირო, ფლიდო, ავზნიანო დედაკაცო! ჭრელო გველო! მრუშო, ბილწო, ჭუჭყიანო ორმოვ! წყეულიმც იყავ, ჰოი, უმადურო მეძავო! იყავ წყეული უკუნითი უკუნისამდე. ამინ! ამინ! შხამად ამოგივა ერთ დროს ეგ ვერაგობა და მზაკვრობა, შხამად! შხამად!

თეიმურაზს ერთ წუთში თვალწინ ათასმა წვრილმანმა აზრმა, სურათმა და მოგონებამ გაურბინა.

კიდევ რაღაც სათქმელი მოაგონდა, მაგრამ ამ დროს იმ მორევს მიადგა, სადაც წინათ ნემს-კავით თევზაობდა.

"აბა, ერთი!.. ორი!..

მიადგა და შესდგა. ოდნავ სული მოითქვა. ადუღებული სისხლი პირსახეში აუვარდა. გული საგულედან ამოვარდნას ჰლამობს. ქვაბივით გახურებული თავი საცაა უნდა გასკდეს.

- ერთი!.. ორი!.

სიცოცხლის უჩინარმა სიმებმა უკან დასწიეს თავგანწირული თეიმურაზი. იდუმალმა ლანდებმა ფეხები შეუკრეს და მიწას მიაბეს. ვიღაცამ გულში ჩაუწვეთა.

- იქნება აჩქარდი... იქნება შეიძლებოდეს მარგოს მობრუნება...

მეორემ შხამიანად ჩაიხითხითა:

- ნუ ფლიდობ!.. ყველაფერი დაიღუპა, დაინგრა, გათავდა!.. მომავალში მხოლოდ სირცხვილი, შიმშილი და ათასი დამცირება მოგელის. მოიგლიჯე კისრიდან ძაღლის მძორი, მოიგლიჯე!.. მხოლოდ ერთი წუთი, ერთად-ერთი! ყველაფერი უცებ გათავდება... აბა, გაჰბედე!

- ერთი!.. ორი!..

თეიმურაზს ესმის უხილავის კივილი - "ჩამოიგლიჯე, ჩამოიგლიჯე!" - და გულმკერდს ისე იხოკავს და იკაწრავს, თითქო იმ მძორის ჩამოგლეჯას ჰლამობსო.

წეღან თეიმურაზს ღმერთიც და პირჯვრის წერაც დავიწყებული ჰქონდა, მაგრამ ეხლა, შავის უკუნეთის წინაშე, ვიღაც უჩინარმა მოაგონა, მარჯვენა ხელი ააწევინა და ფართე პირჯვარი გადააწერინა, გადააწერინა და ხელი წაჰკრა:

- სამი!

თეიმურაზმა თვალები დახუჭა და ისკუპა. წყალმა პირი დააღო და უმალვე შეჰკრა.

იმავე წუთს სიბნელეში სასოწარკვეთილი გმინვა მოისმა. თეიმურაზი ფრჩხილებით და კბილებით ებღაუჭება სიცოცხლეს:

- მიშველე-ე-ე-თ!.. მიშველე-ეთ!..

ფართხალობს თეიმურაზი წყლის პირზე და ბღავის; ბღავის და კლდის წვეტიან ნაგლეჯებს ებღაუჭება, მაგრამ ძლიერი ტალღა სუსტ თითებს ჰგლეჯს და მჩატე სხეულს მიათრევს. ცეცხლის ქარიშხალი ტრიალებს ხევისთავის სულში. იდუმალი და უძლეველი ძალა აყვირებს წყალწაღებულს.

- მიშველეთ! მიშველე-ე-ეთ!..

მისი კივილი ღამის დუმილს აფრთხობს.

შავ კატას თითქოს ესმის თეიმურაზის უიმედო მოწოდება. მდინარეს ნაპირ-ნაპირ მისდევს და სჩხავის. კალოდან ძაღლიც უკან გამოჰყოლია, ბექობზე ჩაცუცქებულა და გაბმული ყმუილით ჰყმუის.

თეიმურაზის ბღავილი პეტრეს შვილს ნინიკასაც მისწვდა კალოზე. მორბის ნინიკა და ჰყვირის:

- რომელი ხარ?.. ვინა ხარ?

- მიშვე-ლე-ე-ეთ!

- სადა ხარ?.. სადა ხარ?..

- მიშვე-ლე-ე-ეთ!

- მოვდივარ! ნუ შეშინდები, მოვდივარ!

თეიმურაზმა ნაპირის ქვას ხელი წაავლო და ამოტივტივდა. ტალღა პირსახეში სცემს და სცდილობს თავისი კერძი კლდეს ჩამოჰგლიჯოს და ჩაიხუტოს.

ნინიკა მოვარდა და თავთ წაადგა:

- რომელი ხარ? სადა ხარ?

თეიმურაზი ძლივს-ღა ხრიალებს:

- თ..თთეიმურაზი... თ...თთთეიმურაზი ვარ. მიშველე, ნინიკა, მიშველ-ე-ე!

ნინიკა წყლის ნაპირზე ჩაცოცდა, თეიმურაზს ხელში ხელი წაავლო და გაამხნევა:

- გამაგრდი... არ შეშინდე... აქა ვარ...

რიჟრაჟმა მოატანა.

ოდნავ მოსულიერებული და გონმოსული თეიმურაზი ნინიკას საბზელში გაშოტილა. მისი ნამოურავალი პეტრე, ნინიკა, ჯაყო, მარგო, ნახუცარი ივანე და ხუთიოდე გლეხი წყალში გაწურულ თეიმურაზს თავთ დასტრიალებენ.

დოინჯ-შემოყრილი ჯაყო იქვე სდგას და იღიმება.

- აკი გითხარი, ძაღლი კოწლობით არ მოკვდები მეთქი!

ნინიკამ ტუჩები მოიკვნიტა და ჯაყოსკენ ერთი ნაბიჯი გადასდგა.

დაჩოქილმა მარგომ თეიმურაზის სველი თავი მუხლებზე დაიდო და მოუალერსა:

- თეიმურაზ!.. თემურ!.. არა გრცხვენიან?!.. რას იტყვიან, რას იფიქრებენ?

თეიმურაზი იკლანკება, ხელებს ძლივს ალივლივებს, პირს შოშიასავით აღებს და წყალს აღებინებს. ბოლოს, თევზის თვალები მარგოს შეანათა, სახე უარესად დაიღრიჯა და ძლივს წაილუღლუღა:

- დაიკარგე... დამეკარგე აქედან, შე უნამუსოვ!.. უსინდისო!

მარგო გველნაკბენივით წამოხტა.

ჯაყომ მარგოს შეუტია:

- აკი გითხარი, ნუ წახვიდოდე მეთქი! თეიმურაზი, არ გინდა მეთქი შენი ნახვა, არა! გაიგებდე, ადამიანო, გაიგებდე, რომ ბრინკას აღარ გინდა მეთქი შენი ნახვა, აღარ!

მერმე თეიმურაზს ზიზღით დაჰხედა:

- მაშ ეგდებოდე მაგრე! მოკვდებოდე ძაღლივითა! ლობიო! ქალაჩუნა! ქალაბიწა, ფუჰ, შენი ვაჟკაცობა!

- გაეთრიეთ... დამეკარგეთ... მხეცებო! ნადირებო! - ლუღლუღებს თეიმურაზი.

- ჯაყო! - ადუღებული ხმით წამოიხრიალა ნინიკამ და ცეცხლმოკიდებული თვალები ჯაყოს მიანათა. - გეყო! გეყოფა მეთქი თორემ... თორემ...

ჯაყო ჯერ აღრინდა და ნინიკას ეშვი აჩვენა. მაგრამ იმის თვალებს რომ წააწყდა, უცებ მოლბა, მოიდრიკა, თვალი მოარიდა, გაბრუნდა და ატირებული მარგო ძალით გაიყვანა. მერმე კარებიდან ისევ შემოიხედა, მიბნედილ თეიმურაზს კბილები გაუელვა და ნეკი გაუშვირა:

- აღუ-უ! ნეკზე არ გიკპინო! შე ბრინკა, შე ნაცარქექია, შენა!. აღუ-უ, აღუ-უ თეიმურაზსა, აღუ-უ-უ! აკი გითხრამდა ჯაყოი, რომა...

ნინიკამ ჯაყოსკენ გაიწია. ჯაყომ სიტყვა შუაზე გასწყვიტა და კარები გაიჯახუნა.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — მიხეილ ჯავახიშვილი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.