prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ჯაყოს ხიზნები — ნაწილი პირველი — თავი IX

მიხეილ ჯავახიშვილი · პროზა

– IX –

სოფლელები - ჯაყოს სტუმრები მარდად მოუსხდნენ ასწლოვან ნიგვზის ხეების ჩრდილში გაშლილ სუფრას და მგლებივით დაეძგერნენ დიდი ხნის უნახავ ხორცეულსა და ღვინოს. თან ილუკმებოდნენ, ჯამებით ღვინოს სვრეპავდნენ, ჩახლეჩილ სუფრულს გაჰკიოდნენ და ზოგჯერ ბორძიკით ლუღლუღებდნენ.

- ეს გაუმარჯოს ჯაყოს სტუმრებსა... რომელიცა რომა.. აგრეთვე და ისა.

გაბღენძილი ჯაყო მამასახლისივით სუფრის თავზე იჯდა, ბეჭს ითლიდა და ჰყვიროდა:

- აბა, თქვენი წირი მე! არ მოიწყინებოდეთ! სწამეთ და სვამეთ! ტურა, თახრაშუ!.. ქეშელა, ადამრაშუ!

და ზოგჯერ სიამოვნების ნიშნად ამპარტავნულად ხროქინებდა:

- მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა!

ერთ გვერდით მარგო ჰყავდა, მეორე გვერდით - თეიმურაზი.

ჯაყო მარგოს საუკეთესო ნაჭრებს სთავაზობდა და არშიყობდა:

- სწამა, შენი წირი მე, სწამა! ისე უნდა გაგასუქებდე, როგორც სააღდგომო ინდაური, მაშა!

თეიმურაზს ყურადღებას არ აქცევდა, ზოგჯერ სიბრალულით გადმოჰხედავდა და დაცინვით გადმოჰკრავდა:

- კნიაზო, სწამა, თორემა რაც ღალას აღარ გაძლევდე, იქნება იმ დღიდან შენც არ გაძღებოდე.

მერმე თეიმურაზის შიში გაიხსენა და აჭიხვინდა:

- ნეტა ამისთანა ვაჟკაცს კნიაზობა ვინ მოგცემდე? სისხლისა გეშინიან თეიმურაზსა, შენი წირი მე, სისხლისა! ქათამიც ვერ დაჰკლავდე, ქათამიცა! შენა, თეიმურაზ, კნიაზი კი არა ხარ, ბრინკა ხარ, ბრინკა!

ბრინკა ჯაყოს ნათესავი იყო, - დავრდომილი, გონჯი, საბრალო და ყველაფრით უბადრუკი, - სწორედ ის ბრინკა ჯივაშვილი, რომელმაც ოდესღაც თეიმურაზისგან ოთხი ათასი დღიური ტყე "იყიდა" და ეხლაც ქვაბებთან ფუსფუსებდა.

ჯაყომ თეიმურაზს იმ დღიდან ბრინკა დაარქვა:

- ბრინკა, სადა ხარ?.. ბრინკა, მოდი პური წამა!... ბრინკა, გაზეთი წაგიკითხე!.. ბრინკა, ერთი ამბავი გითხარი, ჩვენც გაგაგებინეთ რამე...

თეიმურაზს მისი ნამოურავალი პეტრე დევდარაშვილი და ნახუცარი ივანე მოუსხდნენ. ორივენი თეიმურაზის მამის ხელში იყვნენ გაზრდილნი: ერთი მოურავობაში, მეორე კი ჯერ დიაკვნობაში, და შემდეგ - მღვდლობაში.

თეიმურაზმა რომ მამისეული ქონება დაიმკვიდრა და ხელი მიჰყო მამულის გაყიდვას და დარიგებას, პეტრემ მაშინვე თავი დაანება სამსახურს და საკუთარ კერას დაუბრუნდა, ხოლო მღვდელმა ივანემ უფრო გვიან აუღო ალღო ახალ ცხოვრებას და ანაფორა ჩოხაზე გასცვალა.

კარგად მობერებული პეტრე თავიდანვე ალმაცერად უცქეროდა თეიმურაზს და ჩუმ-ჩუმად ყორანივით დასჩხაოდა იმის მომავალს. ამბობდა: ბარემ ასიც მინახავს მაგისთანა გააჭენე ბიჭიო. ეგეც სხვებსავით დაილევა და მერმე ლობიოსაც ინატრებსო. პეტრეს ეს ულვაშები დააჭერით, თუ გავმტყუნდეო.

არ გამტყუნდა ბებერი გლეხი. ეხლა თავისივე თვალით დაინახა ჯაყოსთან შეხიზნული ნაბატონევი, მაგრამ პეტრეს თეიმურაზი მაინც ენანებოდა. უკბილო პირს აცაცუნებდა და თითქო თავისთვის ჰლუღლუღებდა:

- მაშ ისე წაგივიდა საქმე, რომ სასხვისოდ გაგიხდა ეგ თავი? ვაი დედასა, ავთანდილ ხევისთავო! რას იფიქრებდი, რომ ოჯახი ასე დაგენგრეოდა?

თეიმურაზი პეტრეს ანუგეშებდა:

- ნუ შესწუხდი, ჩემო პეტრე. წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო.

- მართალია, მაგრამ იმ ქვიშაზე გაგუდული თევზიც ბევრი მინახავს. - დაუნდობლად და მოურიდებლად ჩაურთო ნახუცარმა ივანემ, რომელიც იმ სუფრას სთამადობდა. - წყლის წასვლის მოლოდინს ისევ ის გერჩივნა, რომ სამსახურში ფეხი მოგეკიდნა, თორემ, ვინ იცის, იქნება წყალნი ან არ წავიდნენ, ან კიდევ ძალიან დაგვიანებით წავიდნენ.

- სანამ პეტრე მიეშველა, პავლეს ტყავი გააძრესო, გამიგონია ცხონებული მამაშენისგან. - ჩაურთო პეტრემ.

გაკრეჭილი მღვდელი წამოდგა:

- ხალხო! სმენა იყოს და გაგონება. ეს ქვეყანა ასე ყოფილა მომართული: ერთი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსაო. ასე უთქვამს დიდებულ შოთა რუსთაველს შვიდასი წლის წინათ. ისიც უთქვამთ: წინანი უკანაო, და უკანანი წინაო.

- დღეს მენაო და ხვალ შენაო. - ჩაურთო სუფრის ბოლოში ერთმა ახალგაზრდამ.

- წინათ თავად-აზნაურები გლეხებს უღელში აბავდნენ, ეხლა კი ბედი პირუკუღმა მოტრიალდა.

- მაშ, მაშა! - წამოიძახა ჯაყომ. - ეხლა კნიაზებსა და აზნაურებს ჩვენ დავადგამდეთ უღელსა, მაშა!

- ცხოვრებამ ახალი აზნაურები დაგვიბადა. - განაგრძო ივანემ. - რით არა სჯობიან წინანდელ თავადებს დღევანდელი ჩვენი მასპინძელი? განა ჯაყოს აზნაურობა არ შეჰშვენის?

ნინიკამ ახალგაზრდებს გადაჰხედა.

ჯაყო გაიბადრა და აირია. იჭვის თვალი გადაავლო ყველას, პირი ღია დარჩა და ცხენის კბილებით ძლივს შეიმაგრა ენაზე მომდგარი "მაშ, მაშა"!

- ჯაყო ნამდვილი აზნაურია. - განაგრძო გაკრეჭილმა ივანემ. - ძალაც შესწევს და შნოც. ზოგს აზნაურს არც უწინ ეტყობოდა აზნაურობა, ეხლა ხომ სულ დაიძირნენ და გადაგვარდნენ. ზოგი კი გვარიშვილობით აზნაური არ არის, მაგრამ ჯანღონით, ჭკუით, გონებით, გავლენით და ქონებით აზნაურიც არის და თავადიცა. ასეთმა ძლიერმა გლეხებმა თვითონვე დაიდგეს აზნაურობის ტახტი და თვითონვე დაიწერეს თავადობის გუჯრები. ასეთ აზნაურებს მე პატივსა ვცემ, წინანდელი ჩვენი თავადი კი... ჩვენი აზნაურები წყალწასაღებნი იყვნენ და აკი ჩაჰბარდნენ კიდევაც მიმავალ დროსა! ქვეყანამ იცის, რომ ჯაყო ჯივაშვილი ისე დასტრიალებს ჩვენს ღარიბ-ღატაკ გლეხობას, როგორც კარგი მეოჯახე თავის კერას.

სუფრის ბოლოს ჩურჩული მოისმა.

- ვინ მოსთვლის, რამდენი მრუდე საქმე გაუსწორა ჯაყომ ჩვენს სოფელს და რამდენ გაჭირვებულ ქვრივ-ობოლს გაუმართა ხელი! ქლესაობდა ივანე. - ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამდენი სიკეთის დამთესი ჯაყო არც შემდეგში დაიხევს უკან და ისევ ძველებურად გაგვიწევს დახმარებას. მაშ გაუმარჯოს ჩვენი სოფლის ახალ პატრონს, ახალ აზნაურს ჯაყო ჯივაშვილს.

- მაშ. მაშა! - წამოხტა ჯაყო. - ჯაყო დიდი მადლობელი ხარ. თუ სოფელს გინდა, ჯაყო კიდევ გემსახურებდე, კიდევ გაგიწევდე საწყალ ხალხს სამსახურსა, მაშ, მაშა!

სუფრის ბოლოში ახალგაზრდობამ ყაყანი და ალიაქოთი ასტეხა. ჯაყო ისევ წამოვარდა:

- მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა!

და ივანეს გადაეხვია, თანაც მიაძახა:

- ალავერდი შენთანა, ღვდელო!

ერთმა წაიბურტყუნა:

- ნიძლავი, თუ ივანემ ხვალ ჯაყოს ერთი ტომარა ფქვილი არ გამოართვას.

- ძირს აზნაურები! - დაიძახა სუფრის ბოლოში პეტრეს შვილმა ნინიკამ.

- ძირს აზნაურები!.. არ გვინდა!.. ძირს!.. არ გვინდა!... - ხმა აიმაღლეს დანარჩენმა ახალგაზრდებმაც.

დაიწყო ივანეს ნათქვამის განმარტება, ბოდიში, მიწევ-მოწევა, ყაყანი, ერთმანეთის დაჭერა და ჩურჩული.

მხოლოდ ნინიკა იდგა განზე და ულვაშს იკვნეტავდა, თან სუფრის თავისკენ ელვას ისროდა.

თეიმურაზი ნინიკასთან მივიდა.

- ნინიკა, ჩემი ხათრი შეინახე, ჩ...ჩჩემი! არ ჩაერიო, თორემ...

ნინიკა ისევ სდუმდა.

ბოლოს, ყველანი ისევ ჯაყომ დააშოშმანა:

- სმენა იყოს! გაჩუმდებოდე!... მე რომელი კნიაზი ხარ? ხომ არ გაგიჟდებოდე! ივანე ხუმრობდეს, თქვენ კი ვერ მიხვდებოდეს. სმენა იყოს! ჩვენი სტუმარი ნათლია თეიმურაზი ლაპარაკი გინდა.

თეიმურაზმა გრძელი სიტყვა წარმოსთქვა შესახებ ერთობის და თანასწორობისა, სოციალურ მშვიდობიანობის, და ახალა თაობის შემოქმედებისა. მერმე თავი ბოლოს ვეღარ მიაბა, აბორძიკდა, წაიფორთხილა და თავისი სადღეგრძელო ასეთის დარიგებით და ლოცვით დაასრულა:

- დაიცავით ძმობა, მ...მშვიდობა და ამხანაგობა! დ...დდანარჩენი თვითონვე დ...დდალაგდება. ყველამ გულში ჩაიწერეთ შ...შშრომა და პ...პპატიოსნება. ღმერთმა ყველას მოგცეთ მ...მშვიდობა და მ...მმოთმინება.

ჯაყოს აზნაურობა მალე დაივიწყეს და ხელხლად მისი ღვინო გაიხსენეს. კვლავ სმას შეჰყვნენ და შეყაყანდნენ.

სუფრის ბოლოში ნინიკამ დაიძახა:

- ცანგალა და გოგონა!

მეორემ უმალვე ხმა მისცა.

- გოგნი, გოგნი, გოგონა!

სხვებმაც ბანი მიაყოლეს და მძლავრად ტაში დაჰკრეს.

ჯაყო უმალ იქვე გაჩნდა და დასძახა:

- აბა, განი, განი!

მერმე ქუდი მოიშვლიპა და ტეტიურად ჩამოუარა.

მომღერალმა ცეცხლი შეიკეთეს და ჯაყოსაც შეუკეთეს.

ბიჭმა გოგო გაიტყუა,

ჩიტის ბუდე ვიცი მეო:

ჩიტის ბუდე არსად იყო!

გოგო, ეგრე ვიცი მეო!

გუნდი დგრიალით მისდევს ნინიკას:

გოგო, ეგრე ვიცი მეო!

ჯაყომ ორჯერ ჩამოუარა და მარგო წრეში გაიწვია. ოდნავ შებრუჟებულ მარგოს უცებ ძველის-ძველი ეშმაკები შეუსხდნენ. ხელები ფრთებივით გაშალა, თავი ოდნავ უკან გადიხარა, სახეზე ბედნიერი ღიმილი აისახა და მარდად, კოხტად და ტანის რხევით ჩამოუარა.

ოდესღაც მარგოს ძლიერ უყვარდა და უხდებოდა ცეკვა, როცა დროს მოიხელთავდა, განზე არ გაიწევდა, მაგრამ ის ბედნიერი და უდარდელი დრო დიდი ხანია გაჰქრა. აღარ ახსოვს მარგოს, სად და როდის იცეკვა უკანასკნელად, ან რამდენი წელიწადი გავიდა მას აქეთ - ხუთი თუ ათი? იქნება მეტიც, დაავიწყდა მარგოს ხანი, მაგრამ იმისმა სისხლმა შორეული წარსული გაიხსენა და აჩუხჩუხდა.

გედივით მისცურავს მარგო განიერ მოედანზე. იმის ფეხებს კვალ-და-კვალ მისდევს მქუხარე ტაშის და სიმღერის მკვეთრი რიტმი:

ცანგლი, ცანგლი გოგონავ!

გოგნი, გოგნი, გოგონავ!

ტაში-ტუში! ტუში-ტაში!

ტუში-ტაში! ტაში-ტუში!

მიჰქრის მარგო და ვერც კი ხედავს თავის ჯაყოს, რომელიც გაგიჟებულ დათვივით დაჰხტის, მორგვის ხელებს მოშლილ ბორბლებივით იქნევს. კუნძის ფეხებით მიწას სთხრის, განიერ თეძოებს ბურთებივით ახტუნავებს, ზღარბის თავს გოგრასავით აგორავებს, ღოჯის კბილებს თეთრად აელვებს და დროგამოშვებით ცხენივით ჭიხვინებს:

- ტაში ჯაყოს! ტუში მარგოს! ტაში ჯაყოს! ტუში მარგოს!

პეტრეს შვილი ნინიკა ჯაყოს და მარგოს მკაფიო და მკვეთრი შაირებით მისდევს.

ეს ჯაყო კარგად თამაშობს,

თითის წვერებზე დგებაო:

ჯაყომ რომ ფეხი იტკინოს,

ეს მე ნუ დამბრალდებაო.

თეიმურაზიც გაცხარებით უკრავს ტაშს და ნახუცარ ივანეს ეუბნება:

- ს...სსაკვირველია! ს...სსაოცარია! აქამდე არ დაჰვიწყებია მარგოს ახალგაზრდული შნო და მ...მმარდობა.

ნინიკა აღარ იღლება და მისი შაირიც აღარ ილევა. რიხით და ფახით იმუქრება:

ორი ცხენი, ერთი კვიცი!

ოციოდე კიდევ ვიცი!

გუნდიც კვლავ ჰქუხს და ჰგრგვინავს:

ცანგალა და გოგონა!

გოგნი, გოგნი, გოგონა!

ჯაყოც ისევ დაჰხტის და ჭიხვინებს:

ტაში ჯაყოს! ტუში მარგოს!

ტუში ჯაყოს! ტაში მარგოს!

ილამ ნიკას მეორე ხმა ჩამოართვა.

ნინიკამა ერთი გოგო

ორღობეში დაიჭირა,

ი გოგომა ვეღარ იქნა,

სარტყელი ვერ მოიჭირა.

ნინიკა ჯაყოს და მარგოს შუაში შეუვარდა და დათვი წრიდან გააძევა. შველს ფოცხვერი დასდევს, დასდევს დაჟინებით, მარდად, ოდნავი რხევით და მოქნილი ფოლადივით.

თავდავიწყებული მარგო აღარავის ჰხედავს. მხრებიდან უცებ თხუთმეტი წელიწადი ჩამოიგდო, გულიდან ლოდი ჩამოიხსნა, პირიდან ქუში ჩამოირეცხა და ჟამის ჟანგიც ჩამოიფხიკა. გაჭაბუკდა, გალაღდა, გაიფურჩქნა და ანაზდეულად დაიბრუნა დროის მიერ შეჭმული სიმკვირცხლე, მოქნილობა, სიფიცხე, უდარდელობის იერი და ახალგაზრდობის ცეცხლი.

ბოლოს, პირ-ალანძული და ბავშვური სიხარულით ალეწილი წრიდან გამოვარდა და სკამზე დაეშვა.

გახარებული თეიმურაზი ცქმუტავდა. ამაყი მასპინძელი იბერებოდა, ისევ წრეში დარბოდა და დროგამოშვებით ისროდა:

- მაშ, მაშა! აგრე ვიცის მარგომა!

სიმღერა, ცეკვა და სმა კიდევ დიდხანს გაგრძელდა.

მარგო სუფრიდან ადგა. დანარჩენნი მხოლოდ საღამოზე აიშალნენ.

უღონო თეიმურაზს ნაძალადევი ღვინო ადვილად მოერია. ფეხებ-გახლართული ნაბატონევი ჯაყოს მკლავზე ჩამოეკიდა და ალუღლუღდა:

- შ...შშეგვინახე, ჯაყო... დრო მოვა და გადაგიხდი... მეც ვიმუშავებ და გიშველი...

გოდრებთან მიწვა, უმალ მიიძინა და ბავშვური ფშვინვა ამოუშვა.

შუაღამემ მოატანა. მსუნაგი ჯაყო ჩოჩვით შემოცურდა, დაფეთებულ მარგოს გვერდით მიუწვა და ყურში ჩასჩურჩულა:

- ტსს... გაჩუმდებოდი, თორემა...

თეიმურაზი ისევ ფშვინავდა.

ათიოდე წუთის შემდეგ ჯაყო სიბნელეში უკანვე გაცოცდა და ერთი საათის შემდეგ ისევ შემოცოცდა. შიშნაჭამი მარგო წყვდიადში ბინდ-ბუნდად ჰხედავდა ჯაყოს, რომელიც ფოფხვით მომავალს ორანგუტანგს ჰგავდა.

მარგოს გული საგულედან ამოვარდნას ჰლამობდა. უნდოდა დაეყვირნა, თეიმურაზი გაეღვიძებინა, მაგრამ აუგით, შიშით და იდუმალ ბორკილებით იყო შებოჭვილი და განაბული. დაყვირების მაგიერ თვისი პირი თეიმურაზის პირსახეს მიუახლოვა და ყური მიუგდო.

თეიმურაზი კვლავ არხეინად ფშვინავდა.

მერმე მარგომ სიბნელეში მკლავები გაშალა და ფაშვნიერი ჯაყო ძალუმად ჩაიხუტა.

მარგოს შერყეულმა სულმა იმ ღამეს ვეღარ მოისვენა, მარგომ თავის წარსულს თვალი გადაავლო. თვალწინ დაუდგა თეიმურაზი, სხეულით მჩატე, წიგნებზე დალეული და სულით დაჭიავებული. ძალაუნებურად შეადარა თვისი ნაკაცარი ქმარი, მისი ნაცოხნევი და უნაყოფო სიყვარული გამხეცებულ ჯაყოს, - ნადირივით თავაგლეჯილს, კადნიერსა და რეგვენს, ხეპრეს და მოუხეშავს, სამაგიეროდ დათვივით ღონიერს, სულით და ხორცით ჭაბუკს, ბუნების შიშველ ნაყოფს, ზომიერად შეზავებულს, თანაბარს, გაუბზარელს, მთლიანსა და ურყევს.

თეიმურაზმა თითქმის ყველაფერი იცოდა. სამაგიეროდ არაფერი არ შეეძლო; ჯაყომ არაფერი არ იცოდა, სამაგიეროდ ბევრის შემძლე იყო; პირველი თვალხილული და სმენიანი იყო, ხოლო მეორე - თითქმის უთვალჩინო და სმენადახშული; სანაცვლოდ ჯაყოს დაგუბებული ჰქონდა სიცოცხლის ნიშატი, წყურვილი, უნარი და სამართებლივით გალესილი ცხოვრების ფხა, ხოლო ალღო - გარეულ ძაღლივით განვითარებული და გატიფული.

არსებულ გარემოებაში ერთი ბალღივით უძლური იყო, ახალ ცხოვრებისგან მოტეხილი, წაქცეული, წყალწაღებული და უკვე მიმავალი, ხოლო მეორე - თავის კალაპოტში ჩავარდნილი, თავით-ფეხებამდე სადღეისო იარაღში ჩამჯდარი და სამშვიდობოს გამორიყული, ფეხამდგარი და მომავალი.

თეიმურაზი დასრულებული ადამიანია! განათლებული, ტვინდიდა, ჭკვიანი, ჯიშიანი, ათიოდე საუკუნის განმავლობაში ბამბაფარჩაში ნაზარდი, ნატიფი, ნამუშავარი, ნათალი და დაფერილი; ხოლო ჯაყო მხოლოდ მეათე თაობა თუ იქნებოდა მაიმუნისა, პიტეკანტტროპოსის მინამგვანი, პირუტყვივით ბნელი და უმეცარი, მიუვალ მთებსა და უღრან ტყეში გაზრდილი. იგი ბნელ ხეობიდან გამოვარდნილი ველურია, რომელმაც პირველად მხოლოდ ათი წლის წინათ დაინახა კრამიტი და დანა-ჩანგალი, საათი და სურათი, საყელო და ცხვირსახოცი. აი, ამისთანა ნადირ-კაცმა, რომელიც დღეს მინდორსა და ტყეში აღამებდა, ხოლო ღამეს ბოსელში ათენებდა, მარგოს ასე ხეპრულად, ასე უდიერად და მხეცურად აჰხადა პატივი.

მარგოსთვის ცხადი იყო, რომ გუშინდელ დღიდან ის გადაიქცა ჯაყოს ხასად. ამის გამო მარგო გუშინ სტიროდა და იმუქრებოდა, მაგრამ დღეს აღარც კი იცოდა, კარგი იყო ჯაყოს ხასობა თუ ავი, ბედნიერი იყო მარგო თუ უბედური, კეთილად დასრულდებოდა ეს ამბავი თუ მარგო უარეს დღეში ჩავარდებოდა და განათლებულ-პატიოსანთა სიიდან ამოიშლებოდა.

მარგო დედაკაცი იყო, ამიტომ იმის გულსაც უღიტინებდა იდუმალი წყურვილი საყვარლის აჩენისა. აქამდე ადვილად შეეძლო თუნდ ათიოდეს შოვნა, მაგრამ მან უჩინარი მაცდური დასძლია, გაუძლისს გაუძლო და ათი წელიწადი ჰზიდა მძიმე ტვირთი ძალით ალაგმულ ბუნებისა.

ეხლა კი პატიოსანი მარგო ასე ტუტუცურად და მოულოდნელად ჯაყოს საყვარლად გადაიქცა!

მერე როგორ! იქვე, თეიმურაზის გვერდით! ოოჰ, ღმერთო მაღალო! შენ ხარ მოწმე, რომ მარგოს აზრად არ ჰქონია ქმრის ღალატი, რომ რაც მოხდა, თავის-თავად მოხდა, რომ მარგო ფიცის გატეხაში უბრალოა. ან რა უნდა ექმნა დათვის მკლავებში ჩავარდნილს, უმწეო დედაკაცს?! მეორე დღესვე ყველაფერი ეამბნა თეიმურაზისთვის? ამას მოჰყვებოდა საშინელი დრამა, საქვეყნოდ თავის მოჭრა მარგოსთვის და სირცხვილი თეიმურაზისთვის. თეიმურაზი და მარგო სხვაფრივაც რომ კეთილად გადარჩენილიყვნენ, უმალ ტფილისშივე უნდა დაბრუნებულიყვნენ, სადაც ხევისთავები თავს ვეღარავის შეაფარებდნენ.

ახია თეიმურაზზე, ახი! რად მიანდო თავის ცოლი ნადირს?! მაშ რა ეგონა თეიმურაზს, რომ საქმე სასხვისოდ გაიხადა?! რომ თავი აიღო და სამადლოდ შეეკიდლა ჯაყოს, თავის ნამოჯამაგირევს, რომელმაც მისი სახლ-კარიც და ბაღ-ვენახიც საკუთარის მკლავათ, მუქარით და ოინბაზობით შეიძინა!

ვინ იყო მათთვის ჯაყო?

არც ნათესავი, არც ტოლ-ამხანაგი, არც ქველმომქმედი. მაშ რას უშველის მარგოს ან თეიმურაზს წინააღმდეგობა ბედის და დაცვა პატიოსნებისა, რომელიც ორივემ ერთ ლუკმა პურზე მიჰყიდეს ჯაყოს, მიჰყიდეს იმ დღეს, როცა გადასწყვიტეს თავიანთ ნასოფ- ლარში და ნასახლარში ამოსვლა... სტუმრად! ჯაყოს სტუმრად!

მარგომ გაიგო და შეიგნო, რომ გვიან-ღა იყო თითზე კბენა და კბილთა ღრჭენანი, რომ ის მხოლოდ ვალს უხდიდა ჯაყოს, რომ აუცილებელი ისევ აუცილებელი იყო, რომ მოსასვლელი უნდა მოსულიყო.

ოოჰ, ნეტა გუშინვე ეთქვა მარგოს თავის ქმრისთვის! ეთქვა და გაეთავებინა! რაც მოსახდენი იყო, მომხდარიყო, ეხლა კი... გრძნობდა მარგო, რომ ეხლა გვიან-ღა იყო თქმაც და თითზე კბენანიც. თეიმურაზი რომ არ დამთვრალიყო, წუხელივე გაათავებდა ყოველივეს ერთგული მეუღლე, ეხლა კი... ეხლა რით იმართლოს თავი! რა უთხრას? როგორ უთხრას? ვითარ გაჰბედოს? ვერა, ვეღარ ეტყვის. მარგო უკვე ჯაყოს ხელდებულია. მორჩა, გათავდა.

მარგომ ყოველივე ასწონა და გაზომა. თითქოს ბედს შეურიგდა და გარდუვალს დაემორჩილა. რაც მოსახდენია - მოხდეს, ოღონდ არ გაიგონ, თეიმურაზს და მარგოს სირცხვილი არ აჭამონ და საქვეყნოდ თავი არ მოსჭრან, თორემ...

ვიღაცამ გულში ჩააწვეთა:

- "რომ გაიგონ კიდეც... ვინ იცის, იქნება სჯობდეს კიდევაც, რომ სამუდამოდ შერჩე ჯაყოს... ჯაყო ყველაფერს მოგცემს, რაც შენ გინდა: სიყვარულის ცეცხლს, კეთილ ცხოვრებას, ახალგაზრდა ვაჟკაცის ჯან-ღონეს და... დღევანდელზე უკეთესს მომავალს... თეიმურაზი კი... მას აქვს წარსული, მიმავალთა შორის პატივი, საჭურისის ცოდნა და... ზანზიბარი! დაანებე თავი თეიმურაზს!"

არა, არა! მარგო ასე ადვილად ვერ დაანებებს თავს საწყალ თეიმურაზს! არასოდეს! არასოდეს! აბა, რა სათქმელია: ველური ჯაყო და განათლებული თეიმურაზი?! ტყის დათვი და საზოგადო მოღვაწე?! ყაჩაღი და პატიოსანი პატიოსანთა შორის?! ხა-ხა-ხა! რა შედარებაა! სადაური არჩევანია!

ის უხილავი და მარგო დიდხანს ებრძოდნენ ერთმანეთს.

ძაღლები აღარ ჰყეფენ, აღარც ჭოტი გაჰკივის. მხოლოდ ლიახვი ჰშხუის. ბაღში დილის სიო ჰფუსფუსებს და კუთხეში თაგვი ცოდვილობს. ბინდი შეთხელდა; ცამ ფერი შეიცვალა; ბაღში ჩიტებმა ჟივილ-ხივილი ასტეხეს; სადღაც კაკაბი კაკანებს; მარგო კი ისევ ვიღაც უჩინარს ებრძვის და თანდათან ბრძოლის ველს თითო ნაბიჯით უთმობს. მაგრამ გონების და უჩინარის ცხარე ბრძოლაში წილს არ იდებენ მარგოს გული და სისხლი. ისინი თითქოს უცხონი არიან, თითქო განაპირდნენ, განზე გადგნენ და თითქოს იმ უჩინარსაც კი ემხრობიან.

მარგოს გულს საამური ჟივილი გააქვს. სისხლი მძლავრად უჩქეფს და აქამდე მოდუნებული და გახევებული ტანი სასიცოცხლოდ თითქოს ეხლა იღვიძებს და იფურჩქნება. კვირტს ხანგრძლივ და სუსხიან ზამთარში მძიმე ძილით ეძინა. მაგრამ ყინული უცებ გალხვა და სუსხიც აიკრიფა. ცხელმა მზემ გაათბო, ხოლო მიწამ იდუმალი წვენი მიაწოდა, გრძნეულმა ძალამ კვირტი გაშალა და გააცოცხლა.

ფეხშიშველი, თმაგაშლილი და გაღეღილი მარგო აივანზე გადის. უცნაური მშვიდობა და სიხარული სწერია იმის გაშლილ პირსახეზე. გაგანიერებული და მღელვარე მკერდი ამომავალ მზეს მიუშვირა. თვალებს ამოებით ჰჟუტავს, ორივე ხელით გაღეღილ მკერდს იზელავს და ტკბილად იზმორება.

ზაფხულის ღამეს ხის ფოთოლსა და ბალახზე ნამი უთვალავ ბრწყინავ თვალმარგალიტად გაუბნევია. ეზოში და ბაღში მოისმის ძროხების და ბოჩოლების ბღავილი, ღორების ჭყივილი, გოჭების ჭყვიტინი, ბატების ყიყინი, ასნაირ ფრინველთა ჭივილი, ჭიკჭიკი, ჭრინვა, ჟღურტული და ხივილი, და მათი ჟრიამული, კამათი, სიხარული და ლოცვა ერთ გაუთავებელ სიმღერად იკონება. და იმ ფსალმუნ-გალობას არც თავი აქვს, არც დასასრული, არც ფორმა და არც კილო.

ქათმები და წიწილები მარგოს ჟივილ-ხივილითა და კაკანით ეხვევიან. აივნის მოაჯირზე ჩხიკვი შემოჯდა და გულგაღეღილ დედაკაცს დაჟინებით გაუგებარსა და უცნაურ რამეს შესძახის.

უცებ მარგომ ჯაყოს მოჰკრა თვალი. ნამოურავალი ხის ჩრდილში იდგა, გულმოდგინედ იქექებოდა და თითქმის შიშველს, ქანდაკებულ მარგოს ხარბად სჭამდა მშიერი თვალებით.

მარგო შეჰკრთა. მკერდი პერანგით დაიმალა. ჯერ ჯაყოს მორცხვი სიხარულით გაუღიმა, მერმე ჩაუკისკისა, მობრუნდა და ოთახში შევარდა.

მაშ, მაშა! - მოესმა უკნიდან ჯაყოს მხიარული ჭიხვინი, - აგრე ვიცის ჯაყომა!

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — მიხეილ ჯავახიშვილი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.