– III –
ერთი კვირის შემდეგ მარგომ დასთმო: სამივენი გორში ჩავიდნენ და ათი წლის ჯაჭვები დაიწყვიტეს, ღრმად გამჯდარი მუხის ფესვები ამოიგლიჯეს, დასისხლიანებული გულებით ისევ ნაშინდარში დაბრუნდნენ და ქორწილის სამზადისს შეუდგნენ.
ჯაყო მეოთხე ცოლს - თავად თეიმურაზ ხევისთავის გაყრილ მეუღლეს, თავად ელიზბარ ყაფლანიშვილის ასულს - მარგოს ირთავდა.
ორი წლის წინათ, როცა საქართველოში ეკლესიებს ჰკეტავდნენ, ჯაყო სხვებზე გულმოდგინედ გაჰკიოდა:
- აღარ გინდა ეკლესია! კჩორტუ ეკლესია! ...ეკლესია დაძველდი, მორჩი და გათავდი!
და ხევისთავთა ათი საუკუნის ეკლესია დააკეტინა და დააბეჭდვინა. ეხლა კი, რომ გადასწყვიტა დიდის რიხით, ზავთით და ზეიმით თავადის ასულის შერთვა, სოფლის ყრილობაზე უცებ ყაყანი ასტეხა:
- ჯაყოს ეკლესია გინდა! ჯაყოს ღმერთი არ გინდა, მაგრამ მღვდელი ძალიან გინდა!
და ხუთიოდე დღეში ეკლესიის კარებს ბეჭედი აახსნევინა.
მთელ ნაშინდარს ხევისთავების საგვარეულო ეკლესიაში მოუყრია თავი. წირვა თავდება, მაგრამ ხალხი მხოლოდ ეხლა შემოდის მეფე-დედოფლის სანახავად. მინგრეულ ეკლესიას, კარგა ხანია, ამოდენა ხალხი აღარ უნახავს. ხალხის ნახევარი ეზოში ირევა.
ერთი ჯგუფი ღელავს და ყაყანებს:
- მეტის-მეტად თავს გავიდა თქვენი ჯაყო. - იძახის ნინიკა.
- ჩვენი რათ არის ვითომა? - ეკითხება ერთი ხნიერი გლეხი.
- იმიტომ არის თქვენი, რომა ყველაფერში ზურგს უმაგრებთ.
- ეგ მართალია, - ჩაურთო მეორე გლეხმა. - მაგრამ ე მეოთხე ცოლს რომ ირთავს, ეს კი მეტის-მეტი მოუვიდა.
- ჰო და, თუ მეტის-მეტი მოუვიდა, უკან უნდა დავწიოთ და პირში ლაგამი ამოვდოთ. - სთქვა ილამ.
- ეკლესიის კანონით მეოთხე ცოლის შერთვა არ შეიძლება.
- ეჰ, შვილოსან, ვიღა დაგიდევს ეხლა ეკლესიის კანონებს?
- მესამე ცოლი ჯერ ცოცხალი ჰყავს. მოტყუებით გაეყარა. ათიოდე თუმანი გადაუგდო და გაისტუმრა.
- ისევ ჩვენ თუ ამოვალთ მაგის ოხტიდან, თორემ თქვენ მაგას ვერაფერსაც ვერ დააკლებთ. - სთქვა ბოლოს ნინიკამ და თავის ამხანაგებს მიუბრუნდა. - ილა, წამოდი! თანდილა, თედო, წავიდეთ! აქ ჩვენ საქმე არა გვაქვს.
და ათიოდე ახალგაზრდა ლანძღვით და მუქარით გავიდა ეკლესიის გალავნიდან.
ეკლესიას ერთის გვერდით ბუჩქნარი და ხნარცვი აქვს აკრული. ჯვრის წერა რომ დაიწყო, იმ ბუჩქნარიდან თეიმურაზი ქურდივით გამოძვრა და ჩქარი ნაბიჯით ეკლესიაში შევიდა, თითქმის შევარდა. თავჩაღუნული ნაქმრევი ხალხში შეერია, გაძვრა, გამოძვრა და სვეტის უკან ძლივს მოითქვა აღელვებული სული.
შორეულ სოფლიდან მოყვანილმა, გაცვეთილმა და გაცრეცილმა მღვდელმა დაბალის ხმით ჰკითხა ჯაყოს:
- გსურს თუ არა შეუღლება?
ჯაყომ შეკითხვა ვერ გაიგო.
- გინდა თუ არა მარგარიტაზე ჯვრის დაწერა? - განუმეორა მღვდელმა.
- გინდა, მაშ! - ისე წამოიძახა ჯაყომ, რომ მისი ხმა ეზოშიც კი გაიგეს.
ეკლესიაში ჩუმი სიცილი ასტყდა.
- გსურს თუ არა შეუღლება? - მიუბრუნდა მღვდელი მარგოს.
მარგოს პასუხი, ნიავივით ჩუმი, მღვდელმაც ძლივს გაიგო.
- იქორწინების მონა ღვთისა ჯაყო. - სამჯერ სთქვა მღვდელმა და სამჯერვე განიმეორა: - იქორწინების მხევალი ღვთისა მარგარიტა სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმინდისათა ამინ!
მხოლოდ ეხლა აიხედა მაღლა თეიმურაზმა. აიხედა და მეფე-დედოფალს შეჰხედა. შეჰხედა და თვალი აუჭრელდა.
მარგო და ჯაყო ძლივს იცნო თეიმურაზმა. ჯაყო სუფთად იყო გაკრეფილ-გაპარსული. მოკლე და შავი თმა ზღარბივით ჰქონდა აყრილი. გოლიათის ტანზე მუქი ლილის-ფერი ძველებური კაბა, ვერცხლით ნაქარგი აბრეშუმის ახალუხი, განიერი ხავერდის შალვარი და ლაკის ახალი ჩექმები. ნიდაყვამდე გაჭრილი ცისფერი ყურთმაჯები მხრებზე ჰქონდა გადაგდებული. წელზე ოქროს ძაფით ნაჭედი ქამარი და ხმალ-ხანჯალი ერტყა, რომელიც ჯაყოს ახოვან ტანზე ზედგამოჭრილი იყო.
მარგო სწორედ ისე იყო გამოწყობილი და მორთული, როგორც ათი წლის წინად, როცა ჯაყოს მაგივრად თეიმურაზს ედგა გვერდით: ტანთ ეცვა თეთრი ატლასის ქართული კაბა; განიერ მკერდს უმშვენებდა ოქროს ზონრით გადახლართული და მარგალიტებით შეკრული პირისფერი გულისპირი; განიერი, იასამნის ფერი სარტყელი, თავით-ბოლომდე ოქროთი და აბრეშუმით ნაქარგი, კოჭებამდე სწვდებოდა. შუბლზე გვირგვინის მსგავსი იალქანი ერტყა, მარგალიტებით და ალმასებით მოჭედილი, ხოლო თავზე და მხრებზე თხელი თეთრი მანდილი ედო, ისიც ოქროს ფოთლებით მოქარგული; თავსაკრავის შუაგულს აღმართული ჰქონდა საუცხოვო ჯიღა ძვირფასი თვლების თაიგული. ამ თაიგულს მსხლის მსგავსი ნეკის ოდენა მარგალიტი დასცქეროდა, რომელიც ნისლოვან ვარსკვლავივით უცნაურისა და იდუმალი შუქით ციმციმებდა.
თეიმურაზმა იცნო ჯაყოს კაბაც. მარგოს სარტყელიც, ჩიხტიც, მანდილიც და ჯიღაც; იარაღიც და ჯიღაც ხევისთავთა საგვარეულო განძი იყო, მამით-შვილამდე გადმონავალი, ძვირფასი ნახელოვნევი და ნატიფი ნამუშევარი, რომელსაც ნაშინდარის ბატონები და ქალბატონები თავიანთ საგანძურიდან - რკინით შეჭედილ მუხის სკივრიდან - მხოლოდ საზეიმოდ ამოიღებნენ ხოლმე.
ეს საგანძურიც და მრავალი საგვარეულო ოქრო-ვერცხლეულობაც იმ სკივრში ინახებოდა, რომელიც ერთ დროს "ყაჩაღებმა მოიტაცეს".
- და გამრავლდით ვითარცა აბრამ და ისაკ, სარა და რებეკკა, და შვილი თქვენი ვითარცა ახალი ხილი ზეთისხილისანი. - ჩურჩულებდა მღვდელი, სანამ გაშტერებული თეიმურაზი ჯაყოს და მარგოს ათვალიერებდა.
მაშ აი, როდის და სად აღმოჩნდა იმ განძეულობის ნაწილი! აი, ვინ ყოფილა ნამდვილი ყაჩაღი! აი, ვინ მოსტაცა თეიმურაზს და ქართულ კულტურას დაუფასებელი განძი! ესმის თეიმურაზს, ეხლა ესმის ყველაფერი! ესმის თეიმურაზს, მაგრამ ამის გამო გულის ტკივილს არა ჰგრძნობს: იმის თვალწინ მარგო სდგას, ჯაყოსაგან ხელდებული მარგო!
და თეიმურაზს უმალ დაავიწყდა ძველი ამბავიც და დაკარგული განძეულობაც. იმისთვის ეხლა სულ ერთი იყო, რა დაიკარგა ოდესღაც. ან ვინ მოიტაცა დანაკარგი, ჯაყომ თუ ქეშელამ, ტურამ თუ გიბამ.
ეხლა მისი თვალიც, სმენაც და აზრიც მარგომ მიიზიდა, მიიჯაჭვა და ჩაიწურა.
ხელიხელ-ჩაკიდებული მეფე-დედოფალი ლიტანიას უვლიან. თავთ ქართული გვირგვინები ადგიათ. გვირგვინების ოქრო-ვერცხლის ტოტები და ფოჩები ოდნავ ირხევიან და ბრწყინავენ.
მღვდელი და დიაკვანი გალობენ:
- ისაია მხიარული...
ხარბად შესცქერის თეიმურაზი თავის ნაცოლარს და უნებურად ადარებს იმდროინდელ მარგოს, როცა ახალგაზრდა ქალი, ათი წლის წინად, ფერმკრთალი და აგზნებული, წელ-წვრილი და ხმელ-ხმელი, პირველად შესდგა გვირგვინის ქვეშ; როცა მორცხვად იღიმებოდა, ღელვით სთრთოდა და თვალებს იატაკს ვერ აშორებდა. აგონდება ხევისთავს შორეული წარსული და გულში ნაადრევ სიბერის ჟრჟოლას გრძნობს.
ეხლანდელი მარგო უკვე დედაკაცია, ნამდვილი დედაკაცი. დასრულებული და დამწიფებული, ფერწითური და ატლასოვანი, ღონიერი და ჩაფუთქნული, ამაყი და თავმომწონე.
მარგომ ხალხს ქურდულად გადაავლო თვალი და ერთის წამით თვალი თვალში გაუყარა თეიმურაზს, რომელიც ისე შეჰყურებს ნაცოლარს, როგორც დაჭრილი შველი შესცქერის მოღერებულ ხანჯალს: შიშით, უიმედოთ და სასოწარკვეთილი მუდარით.
მარგო ჯერ ოდნავ შეჰკრთა, მერმე შუბლი შეიკრა, წარბები აიკრიფა და ტუჩებზე თითქო ტანჯვა და ზიზღი აისახა. და იმავ წამს თვალები ისევ დაიბურა, თავი დაჰღუნა და თეიმურაზს საჩქაროდ ისევ ზურგი შეაქცია.
მესამედ რომ უვლიდნენ ლიტანიას, მარგომ თვალი იატაკს ვეღარ მოსწყვიტა. ხოლო ტუჩებზე კვლავ იგივე გაუგებარი გრძნობა ჰქონდა აღბეჭდილი, რომელიც თეიმურაზმა ვერ გახსნა და ვერ გაიგო, რადგან ერთსა და იმავე დროს იგი გრძნობა ტანჯვასაც ჰგავდა და ზიზღსაც, სირცხვილსაც და მძულვარებასაც, სინანულსაც და სიბრალულსაც.
თეიმურაზმა ვერ გაარჩია, ვერ წაიკითხა მარგოს პირსახეზე ანასახის ნამდვილი აზრი და გულისთქმა. მაგრამ მას ის დანაწერი უფრო ზიზღად და სიძულვილად მოეჩვენა, ვიდრე სინანულად ან სიბრალულად. და თეიმურაზს ძალაუნებურად გაახსენდა მარგოს იმ დროინდელი იერი, როცა მარგო ნახუცარ ივანეს სახლში თეიმურაზის სანახავად მოვიდა და უცებ უცნაურად გარდიქმნა და გადადუღდა.
- რა მაქვს საზიზღო? რად ამიძულა მარგომ? - ერთხელ კიდევ ჰკითხა თეიმურაზმა თავის თავს.
- იმიტომ შეგიძულა და შეგიზიზღა, - მიუგო უჩინარმა ორეულმა, - რომ წარმავალი ხარ, საბრალო, სუსტი და მომაკვდავი; იმიტომ შეგიზიზღა, რომ ბრძოლა წააგე; იმიტომ. რომ უბრძოლველად დაუთმე შენი ცოლი და პატიოსნება აგერ იმ პირუტყვს, ახმახს, ველურ ჯაყოს, რომელსაც შენზე უფრო ღონიანი აქვს მკლავებიც და ყბებიც, წვივებიც და ხმაც, გულიც და სულიც.
- ვითომ?.. ვითომ ამიტომ? - ჰკითხა თეიმურაზმა.
- დიაღ, ამიტომ, მხოლოდ ამიტომ. ეს კიდევ არაფერი. შენც მარგოს მზითვად მისდევ და ჯაყოს ყმად უდგები, ისიც მხოლოდ იმისთვის, რომ ათასში ერთხელ შენს მარგოს გოშია-ძაღლივით შეხედო. ვის?! მარგოს! შენს მარგოს, რომელმაც...
- ოოოჰ, დიდებულო ღმერთო!
და თეიმურაზმა ისე მძლავრად ამოიოხრა, რომ გვერდით მდგომმა გლეხებმა გაოცებით გადმოჰხედეს. გადმოჰხედეს და თვითონაც ამოიოხრეს, თან გაკვირვებით და თანაგრძნობით თავები გააქნიეს და გამოაქნიეს.
- ცოტაოდენი პატივი მაინც დასდე შენს თავს, სახელსა და წარსულს. - ბრაზით ჰკორტნის თეიმურაზის გულს ორეული. - ნუ იბრმავებ თვალებს. თავს ნუ იტყუებ, ნურც მარგოს ამართლებ. მთელმა ქეეყანამ იცის, რომ ცოლმა გიღალატა.
- ო-ო-ო-ჰ! - ერთხელ კიდევ ამოიკვნესა თეიმურაზმა. და მისი კვნესა მთელს ეკლესიას მოედო.
აქეთ-იქიდან ნაქმრევ თეიმურაზს ისევ სიბრალულით გადმოჰხედეს.
- საწყალი! -- წაიჩურჩულა თეიმურაზის გვერდით ერთმა დედაკაცმა და იმანაც ამოიოხრა.
ორეული არ სცხრება:
- ღალატს თავი დავანებოთ: მარგოს ეზიზღები.
- ვაი მე! - ხმა-მაღლა დაიკვნესა თეიმურაზმა და ორივე ხელი გულზე მიიკრა, რომელიც ამოვარდნას ჰლამობდა.
ეკლესიაში ჩურჩული ასტყდა. თეიმურაზს ხალხი შემოეხვია, მაგრამ ხევისთავი ყურს არავის არ უგდებს და ვერც ვინმეს ჰხედავს.
- ეზიზღები, რადგან ქალაჩუნა ხარ. - ჩაჰკივის ორადი.
- მართალია! - ხმამაღლა ეთანხმება თეიმურაზი.
- არ მესმის, რა დაგემართა? - განაგრძობს ორეული. - შენი წინაპარნი რკინას სჭამდნენ, დათვებს ხანჯლით ჰხოცავდნენ და ყინულზე იძინებდნენ. წინ დაიხედე. ისე სდგეხარ შენი მამის საფლავზე, როგორც წიწილა დევის მკერდზე.
- წიწილა! ხა-ხა! - გესლით იცინის თეიმურაზი.
- საბრალო... საწყალი... - ისმის აქეთ-იქიდან ჩურჩული.
- მამა შენი და შენი წინაპარნიც სულითაც და ხორცითაც ფოლადისგან იყვნენ ჩამოსხმული. შენ კი გაქალდი და გაფუვდი. წყალსაც ძლივს ჰყლაპავ და ბუმბულიც მძიმე ლოდად მიგაჩნია, არც კბილები გაქვს საგლეჯად, არც მკლავი მოსაქნევად, არც ხმა შესატევად. საგულეს გულის მაგივრად დამპალი ძონძი ჩაგიგდია, სასულეს სულის ნაცვლად სიმყრალე დაგიგუბებია, ხოლო ძარღვებში ცხელი სისხლის მაგივრად ჭაობის დუბელა ჩაგისხავს, ისე დაკნინდი და დაილიე, რომ ვაჟკაცობისა აღარაფერი არ გაცხია.
- ეგეც მართალია! - ხმამაღლა უდასტურებს თეიმურაზი.
- მაშ ახი ყოფილა შენზე, რომ ასე გაგსრისეს და გაგათრიეს.
- ახია, ახი! - ისევ ხმამაღლა ეთანხმება თეიმურაზი.
- მაშ დაანებე თავი შენს მარგოს და დაიწყე ახალი ცხოვრება.
- ღმერთო, მიშველე!
- თეიმურაზ! - ჩასჩურჩულებს ყურში ივანე აბოდებულ ხევისთავს. მაგრამ თეიმურაზს ივანესთვის აღარ სცალიან.
- დაიწყე ბრძოლა, გაიკაფე საკუთარი გზა და დასდექ საკუთარ ფეხზე!
- ეგრე... ეგრე... მართალია, მართალია! - თანახმაა ხევისთავი.
- რათა ცოლსა ამას ეშინოდეს ქმრისა... -- არიგებს მღვდელი მარგოს.
- მაგრამ თავდაპირველად დღესვე უნდა წახვიდე აქედან და სამუდამოდ დაივიწყო მარგო.
- ვაი მე, დედა! - ვერ უძლებს თეიმურაზი.
- თეიმურაზ, რა დაგემართა? --- ეკითხება ივანე.
- ეხლავე გადი ეკლესიიდან. - უბრძანებს თეიმურაზს ორეული.
- ცოტას კიდევ მოვიცდი... მერმე, მერმე გავალ, -ეუბნება ორეულს ნაკაცარი და გამძვინებულ სულს ორეულის ტყვეობიდან ვერ ინთავისუფლებს.
ნახუცარი ივანე და რამდენიმე გლეხი ჩურჩულით ელაპარაკებიან თეიმურაზს და ეკლესიიდან გასვლას ურჩევენ. მღვდელმა წირვა შესწყვიტა და მოთმინებით მოელის სიჩუმეს. ჯაყო მოტრიალდა და ხარის თვალებს აბრიალებს. მარგოს ღრმად დაუხრია თავი და თვალებზე ხელსახოცი აუფარებია.
თეიმურაზი მაინც არავის არ ჰხედავს, არც ვისიმე ლაპარაკი ესმის. ცალის ხელით სათვალეებს ისწორებს, მეორე ხელს ცხვირწინ იქნევს და ცხარედ ებრძვის ჟინიან ორეულს.
ივანემ ყურში ჩასძახა:
- ძმაო თეიმურაზ! ვერ მიცანი? ვერა მცნობ?
როგორ არა, როგორ არა! თეიმურაზმა იცნო ნახუცარი ივანე! ივანეს როგორ არ იცნობს თეიმურაზი!
- რაო, აქედან წწ..წავიდეთო?.. რათ უნდა წავიდეთ? მე ეკ...კკლესიაში არ ვ...ვვლოცულობ... რა სთქვი? წ...წირვა გათავდა? კეთილი ...მაშ წავიდეთ!
და უცებ ძლიერი ხმით შესძახა:
- კმარა! კმარა მეთქი!
რა სთქვა ივანემ? ნუ ჰყვირის თეიმურაზი? განა თეიმურაზი ჰყვირის? იქნება სხვამ შესძახა?
- ს...სსაკვირველია! საოცარია!
თეიმურაზს არ გაუგია თვისი ყვირილი.
- კარგი, კარგი... მოვდივარ, მო!
გეყო, ივანე, გეყო! თეიმურაზი გაჩუმდება... აი, გაჩუმდა კიდევაც. მოდის თეიმურაზი, ეხლავე მოდის.
და ერთხელ კიდევ შემოსძახა:
- კმარა! კმარა მეთქი!
ისევ უკვირს თეიმურაზს. თვისი ყვირილი ყრუდ მოესმა, მაგრამ განა ის ხმა თეიმურაზისა იყო? მაშ ის ყვირილი მართლა თეიმურაზისა იყო? მართლა თეიმურაზმა დაიყვირა?!
- საკვირველია! ს..საოცარია!
არა, თეიმურაზს ხმაც არ ამოუღია... სტყუის ივანე! პეტრეც სტყუის! ყველანი სტყუიან! რად ჩააცივდნენ თეიმურაზს?! რა უნდათ იმისგან?!. კარგი, მოდის თეიმურაზი, მოდის...
- ხა-ხა! საკუთარ პანაშვიდს დავესწარი! ჩემივე თავის დასაფლავება ვნახე! ხა-ხა-ხა! - ჩაიხითხითა თეიმურაზმა.
- დაანებე თავი თეიმურაზს, ივანე! რად ჩააცივდი მაგ ადამიანს?! თეიმურაზს ხმაც არ ამოუღია... თეიმურაზმაც იცის, რომ ეკლესიაში პანაშვიდი კი არ არის, არამედ ჯვრის წერაა. ქორწილია... ისიც იცის თეიმურაზმა, რომ ჯაყო ჯივაშვილი ჯვარს იწერს მარგო ხევისთავზე... მარგარიტა ყაფლანიშვილის ასულზე! იცის, იცის! მაგრამ ისიც მართალია, რომ ეს ქორწილი თეიმურაზის პანაშვიდია... დიაღ! პანაშვიდია, პანაშვიდი!
მაგრამ თეიმურაზი ჯერ არ მომკვდარა! არც მოკვდება ასე ადვილად! დიაღ, არ მოკვდება მეთქი! თუმცა... რაო? იქ ვინა სთქვა - "საწყალიო"?! აქეთ ვინ წამოიძახა - "უბედურიო"?!
- წამო, თეიმურ. წავიდეთ.
- ივანე, დამანებე თავი, მე თვითონ წამოვალ!.. არც საწ...წწყალი ვარ და არც უბედური. თუმცა მე... მე.. სნეული ვარ... მართლა უბედური და საწყალი ვარ... ვიყავი, დღემდის ვიყავი... დღეს კი... ეხლა კი... ვაიმე, დედავ!
ტვინში ცივი გრიგალი აუვარდა. თვალები გაუთეთრდა და გადმოუბრუნდა. ტუჩები აუტოკდა და აუცახცახდა. პირსახეზე ზაფრანამ გადაჰკრა. თავი გვერდით გადმოიგდო, თითქო კისრის ძარღვები დაუწყდა. ხელები გაასავსავა, მუხლები მოიკეცა და ეკლესიის კარებში ცარიელ ტომარასავით ჩაიჩოქა და გაიშალა.
და ეკლესიიდანაც, იმავე წამს, ერთმანერთში უცნაურად არეულმა დედაკაცის კივილმა, ქვითინმა და კისკისმა გამოჰხეთქა.