– IV –
მეორე დღეს, შუაღამემ რომ მოატანა, ჯაყოს ქორწილიც მიიწურა. მთვრალი სტუმრები სოფელს მოედვნენ. ყოველ მხრიდან მათი თავაშვებული კიჟინი, აბეზარი ყვირილი, მხიარული შეძახება, სიმღერის ამონახეთქი და ენადაბმული ღიღინი მოისმის.
ნიგვზის ხეების ქვეშ, ღრმა წყვდიადში, რამდენიმე სანთელი ძლივს-ღა ბჟუტავს, ლურჯ სუფრას კიდევ შერჩენია ოციოდე მოქეიფე. ტორტმანით, ქანაობით და ლასლასით ერთი-მეორეს ეჭიდებიან, ეხვევიან და ბლუ ენებით გაუგებარს რამეს ლუღლუღებენ.
ჯაყომ მრავალი დაათრო და კაკლის ქვეშ წააქცია. ეხლაც იქ ჰყრიან გაშოტილნი და მძიმედ ხვრინავენ, ოხრავენ და ჰბორგავენ. თვალებ-გადმოყრილი და გაღეღილი ჯაყო მაინც არ სტყდება. ნახევართუნგიანი შევერცხლილი ჯიხვი უჭირავს და დაკლულ ხარივით ხრიალებს:
- აბა, ეს ღმერთმა გადღეგრძელოს ისა, რომელიცა რომა... ვინც სამ ცოლს გაუძლებდე და მეოთხესაც მოიყვანდე. - და ერთი თათი თავის გვერდით მჯდომ მარგოს ალერსით დაჰკრა, ხოლო მეორეთი ჯიხვი მოიყუდა.
ჭრაქმა ოდნავ გაანათა მტკიცე ნაბიჯით მომავალი ადამიანი, რომელიც ჯვარდაწერილებს ლანდივით წინ აეტუზათ. ღამის ლანდს შორი-ახლოს ფეხ-აკრეფით ნახუცარი ივანე მოსდევდა.
მარგო მაშინვე წამოდგა და, თავჩაღუნული, სახლისკენ წავიდა. ჯაყომ პირიდან ჯიხვი მოიშორა:
- ოოჰ, ბრინკა, შენა?
თეიმურაზმა მარგოს გზა გადაუღობა:
- მოიცადე, ორიოდე სს...სიტყვა მაქვს სათქმელი. შენც ყური დამიგდე... მერმე წადი.
სხვებმაც გაიკვირვეს თეიმურაზის მოსვლა. ჯაყო დაფაცურდა:
- აბა ალაგი ბრინკას! აბა, ქეშელა, საჭმელს მოართმევდე ბრინკასა!. დაგლოცე, ნათლია, დაგლოცე ახალი ქორწილი.
და ღვინით სავსე ადლიანი ჯიხვი თეიმურაზს გადულოცა.
თეიმურაზმა ჯაყოს ორივე ხელით ჩამოართვა მძიმე ჯიხვი და მკერდზე მიიყუდა. მერმე სათვალეები შეისწორა და სიჩუმის შემდეგ დინჯი ხმით ჯაყოს მიჰმართა:
- ჯაყო! ხვალ დილით აქედან მ...მმივდივარ. მაგრამ სანამ წავიდოდე, ორიოდე სიტყვა უნდა მოგახსენოთ შენც და მმ...მარგოსაც... შენ და ქალბატონ მარგალიტა ჯივაშვილისას.
და მარგოს გვარი გაჭიანურებით და ხაზგასმით წარმოსთქვა - ჯი-ვა-შვი-ლი-სას!
- ნეტა ვიცოდე, რა საჭიროა ეს კომედია? - შეაწყვეტინა მარგომ.
- კომედია საჭიროა, უეჭველად საჭიროა, - განაგრძო თეიმურაზმა. - ჩემს ცხოვრებაში ისე აირია კომედია და ტრაღედია, რომ ერთი მეორესგან ვეღარ გამირჩევია. და რაც შენ კომედიად გეჩვენება, ჩემთვის ტრაღედია გახლავს. მაშ ესე: სიტყვას არ გავაგრძელებ, არც ბევრ დროს წაგართმევთ. თუ ქალბატონმა მარგარიტამ ათი წელიწადი გაუძლო ჩემს ყბედობას, იქნება ხუთი წ...წწუთიც გაუძლოს ტრაღი-კომედიის უკანასკნელ მოქმედებას. ნუ შეშინდებით, ქალბატონო, კომედია სისხლით არ გათავდება.
სისხლის ხსენებაზე ჯაყომ ხელი ხანჯალზე დაიდო და თვალები დააჭყიტა.
- არც თქვენს გგგ-გალანძღვას ვაპირებ, არც საყვედურს, ამიტომ გთხოვთ ნუ შეშინდებით.
ჯაყომ თეიმურაზის ნათქვამი იტკიცა - ”ნუ შეშინდებითო”.
- ჯაყოს არც ბრინკასი გეშინიან, არც ყაჩაღებისა! მაშ, მაშა!
- არც გაშინებ, ჯაყო! მე პატარა კაცი ვარ, სუსტი და უძლური, გულჩვილი და უწყინარი. ქათამს ვერ დავკლავ და ბუზს ვერ ავაფრენ, მაშ შენისთანა დევ-კაცს აბა რა უნდა დავაკლო?!
- აგრე! - დაკმაყოფილდა ჯაყო.
- ჯაყო, - შესძახა თეიმურაზმა დუმილის შემდეგ და ოდნავ კილოს აუწია, - შენ ჩემი მოჯამაგირე იყავი.
- მართალი ხარ.
- მთიდან ჩამოსული უცხო ვინმე ხარ.
- ეგეც მართალი ხარ. მაგრამ ამ სოფელში ჯაყო უცხო არა ხარ.
- სანამ ეს ქვეყანა გადატრიალდებოდა, ჩემი გულკეთილობით და დაუდევრობით ისარგებლე და გასუქდი.
- ჯაყო მუშაობით გასუქდი.
- მე ყველაფერს ვხედავდი, მაგრამ ვსდუმდი, რადგან ნაჭარბევად კეთილი გული მქონდა.
- ვითომ ამიტომ? - თავისთვის ჩაიღიმა მარგომ.
- მაშ რ...რრატომ, - გაიკვირვა თეიმურაზმა. - სთქვი, რატომ ვსდუმდი?
- იქნება იმიტომ სდუმდი, რომ ნებისყოფა და გამბედაობა არა გყოფნიდა.
თეიმურაზი ჩაფიქრდა, მერმე თავი ჩაიქნია და სთქვა:
- მ...მართალი ბრძანეთ, ქალბატონო, სუსტი ნებისყოფა, გაუბედაობა და გულკეთილობა ერთი და იგივე ყოფილა. სამივენი ტოლნი ყოფილან. ეგრე იყოს. სულ ერთია, ახ...ხხია ჩემზე! რაც მაშინ დავთესე, დღეს მოვიმკე, მაშ ასე, ჯაყო, ჩემის გულკეთილობით ან ჩემის ბეჩაობით ისარგებლე და ჩემს მამულზე გაკეთდი, მერმე, როცა ქვეყანა აირია დანარჩენებსაც ხელი დაჰრიე და ისიც კი მიითვისე, რაც არ გერგებოდა.
- ჯაყო ამ მამულში მუშაობდი, ჯაყომ აქ ოფლი დაღვარე, მაშ!
- ქვეყანამაც იცის იმ ოფლის ფასი. ის ოფლი ჩემი ჯიბიდან და გლეხების ზურგიდან ერთ-ათასად აინაზღაურე. მათ დაივიწყეს შენი... შენი "ოფლი". ამან გიშველა. გარდა სახლკარისა, შენ დაისაკუთრე ჩემი ავეჯეულობა, საქონელი და ხევისთავთა საგვარეულო განძეულობა, რაც ეხლა შენს კ...კკნეინას ტანთ აცვია, და ეგ იარაღიც, ზედ რომ აგისხამს, ეს ძვირფასი ჭურჭელი და ეს ჯიხვიც, ხელში რომ მიჭირავს, - ყველაფერი ჩემია, მამა-პაპეულია.
- არც ჯაყოს გაწყენს.
- ვიცი, რომ არ გაწყენს.
- მარგოსაც მოგიხდება. - მოუჭრა ჯაყომ.
- ძალიანაც მ...მმოუხდება. მაგრამ თითო ნივთს ასი და ხუთასი წლის ისტორია აქვს.
- თუნდ ხუთასისა იყავი, თუნდ ათასისა, ჯაყოსთვის სულ ერთი ხარ.
- ეგეც მართალია, ჯაყო, მაგრამ ეს განძეულობა ან მე მეკუთვნის, ან ქართველ ხალხს. შენ მეცამეტე გ...გგოჭივით გამოსტყვერი და სხვის ქონებას დაეპატრონე.
- ჩემია! ჩემია! - თვალების ბრიალით გააწყვეტინა ჯაყომ და ხაჯალზე ხელი დაიდო.
- ვიცი რომ შენია. ეხლა გვიანღაა ამაზე ლაპარაკი, რაც წავიდა, წავიდა! ეს კიდევ არაფერი. ჩემი ნაფუძრებიც დაისაკუთრე.
- ნაფუძრები ჯაყოს რევალციამ მოგცა!
- ეს ნაფუძრები ეკუთვნოდა ჩემს მეზობლებს, გლეხებს, რომელნიც ათას წელიწადს ამუშავებდნენ ამ მიწებს. რაც აქ ოფლი ჩაუღვრიათ იმ უჩინარ და უხმო მუშაკებს, ერთი ტბა დადგებოდა.
- ჯაყომაც იმუშავე იმ ნაფუძრებში.
- ერთხელაც არ გაგივლია გუთანი იმ მიწებში. თუმცა ამასაც თავი დავანებოთ, ესეც არაფერი. შენ დაისაკუთრე ჩემი ბაღი, ვენახები და სახლ-კარი.
- ეგეც რევალციამ მოგცა ჯაყოსა!
- ჯაყო, დაანებე თავი რევოლჲუციას! თქვენ ერთმანერთს არც კი იცნობთ. რევოლჲუცია შენთვის მღვრიე წყალია, ხელსაყრელი ნიღაბია. მეწველი ფურია. შენ კი, შენ რევოლჲუციის მუნი ხარ, მისი წურბელა ხარ, მისი ტკიპი, მისი ბაღლინჯო და ტილი!
ჯაყომ დაიღრინა:
- გაჩუმდებოდე, თორემა! ტილიცა ხარ და ბაღლინჯოცა!
- ნუ ცხარობ, ჯაყო! დაანებე თავი რევოლჲუციას. შენ არც კი მუშაობ, ჯაყო!
- ჯაყოს ნათესავები ხომ მუშაობ?! - გააწყვეტინა ჯაყომ.
- ვიცი, მაგრამ ყველაფერი შენ დაისაკუთრე. შენი ნათესავებიც და მთელი სოფელიც დაიბრიყვე, დაიმორჩილე და რკინის უღელში შეაბი. თვითონ შენ კი არ მუშაობ. შენ მხოლოდ ბრძანებლობ, ვაჭრობ, სუქდები და წარამარად გაიძახი: "ნინიკა კონტრევალცია ხარ... თეიმურაზიცა, ილაცა, დათაცა!" - შენი კი ამ დროს ჩარჩობ და ვაჭრობ.
- მაგასაც მუშაობა გინდა!
- რა თქმა უნდა! მევახშენი, ჩარჩები და ავაზაკებიც მუშაობენ.
ჯაყოს თეიმურაზის ნათქვამის ნახევარიც არ ესმის. თვალებს ბუღასავით ატრიალებს, მარგოს შესცქერის და მისგან მოელის დახმარებას.
მარგომ ერთხელ კიდევ გასწია წასასვლელად და წაიბუტბუტა.
- არ მესმის, რა გაროშვინებს ამოდენა სისულელეს!
- მომითმინეთ, ქ...ქალბატონო, მომითმინეთ!..
თეიმურაზი ერთი წუთით ჩაფიქრდა. მერმე შუბლი მოისრისა, ტუჩებზე მწარე ღიმილი დაიგრიხა და მორჩილებით დაეთანხმა:
- მართალია... სრული სიმმართლეა. სისულელეა, ყველაფერი სისულელეა, რაც გითხარით... ჩემი აქ ყოფნაც სისულელეა, არც მე მესმის, რა მრჯის და რა მალაპარაკებს!
- თავიდანვე აგრე უნდა გეთქვა. - სიტყვა ჩამოართვა მარგომ.
ჯაყომაც სიხარულით დაიხვიხვინა:
- მაშ, მაშა! აგრე იტყოდე თავიდანვე რაღა. შე ბრინკავ, შენა! დალიე, დალიე ე ღვინო, შე ქალბიწავ, შენა!
თეიმურაზი შხამიან ღიმილს არ იშორებს პირსახიდან:
- ჭეშმარიტად, ჯაყო, ჭეშმარიტად! ბრინკაც ვარ და ქალაჩუნაც ჯაყო! ბოდიშს ვიხდი შენს წინაშე. mea culpa. მარგუში, mea culpa! ჩემი ბრალია, ყველაფერი ჩემი ბრალია! ჯაყო თავით ბოლომდე მართალია, ყველაფერში მართალია!
- მაშ, მაშა! ჯაყო ყოველთვის მართალი ხარ, მაშ! მაშა!
- მართალია მეთევზე, რომელმაც მღვრიე წყლით ისარგებლა. ბრალიანი არც მგელია, რომელიც უპატრონო ბატკანს წააწყდა. განგებას ერთისთვის ბადე მიუცია, მეორისთვის კი ბასრი კბილები. კისრებიც მოუტეხნიათ თევზებსაც და ცხვრებსაც! თვითონვე იტირონ თავიანთი უგუნურება და უღონობა! ქვეყანას იმათთვის არა სცალიან. ის თავისთვის ტრიალებს და შეჭმულ ბატკნებს და თევზებს არც ამჩნევს და არცა სთვლის.
- მაშ, მაშა! სადა გცალიან ღმერთს ბატკნებისათვის და თევზებისათვის!
- სრული ჭეშმარიტებაა, ჯაყო! ღმერთს სუსტებისთვის არ სცალიან. ღმერთი მხოლოდ ძლიერთათვის სცდილობს და მხოლოდ მათთვის ჰზრუნავს.
- მაშ, მაშა! მართალი ხარ, ბრინკა, მართალი!
- მაგრამ... ჯაყო! კიდევ ვიღაც არის ამ ქვეყნად ღმერთის გარდა. ის "ვიღაცა" ურმით დასდევს ფეხმარდ მგლებს.
- ურმითა?
- ჰო, ჯაყო, ურმით დასდევს, დიდხანს დასდევს. ბოლოს, რაც უნდა მარდად ირბინოს მგელმა, სადაც უნდა გადაიკარგოს, ურმით მდევარი "ვიღაც" იმ მგელს მაინც დაეწევა და კბილებს დააგლეჯს. ასეა მომართული ეს ქვეყანა, ჯაყო!
მარგომ გესლიანად ჩაიღიმა.
- ესეც ახალი სარწმუნოება! ბატკნების და თევზების სარწმუნოება! შენ კი მათი ღმერთის წინასწარმეტყველად მოგვევლინე არა?
თეიმურაზი მათრახნაკრავ კვიცივით ატორტმანდა.
- რას იკრიჭებით, ქალბატონო фალუს?!
- უჰ! - ოდნავ შეჰკივლა გველნაკბენმა მარგომ და ორივე ხელი პირსახეზე აიფარა.
თეიმურაზმა ლაგამი აიწყვიტა, თითქოს ადუღებულმა ქვაბმა ხუფი აიგლიჯაო:
- თქვენ რა უფლება გაქვთ, რომ მაგოდენა გესლს ანთხევთ, მადამ фალუს?! ბატკნების და თევზების რელიგია მაძღარ ჯაყოს რელიგიაზე გასცვალეთ და მასხარადაც ამიგდეთ?! თქვენი ერთადერთი ღმერთი ფალუსია, თქვენ მხოლოდ მასზე უნდა ილოცოთ, იზრუნოთ და იმსჯელოთ. თქვენ კი ბატკნებისა და თევზების ღმერთს ურცხვად ჰგმობთ და საქვეყნოდ გამოგაქვთ თქვენი სასირცხო. იცოდეთ ამიერიდან, ქალბატონო фალუს, რომ მე... მე ღირსეულ მოპირდაპირედ მიმაჩნია თქვენი ღმერთი ჯაყო, მაგრამ თქვენისთანა გოშიას.. რომელმაც... რომელიც... ოოჰ, ღმერთო დიდებულო!
ორივე ხელი გულზე მიიკრა და, მიბნედილი, სუფრის ნაპირას ჩაიკეცა.
იმავ წამს მარგო სიბნელეს შეერია.
თითქმის გულწასული თეიმურაზი დიდხანს ეგდო ხეების ქვეშ. ნახუცარი ივანე წყლით აბრუნებდა. ჯაყოს სტუმრები აიშალნენ და აირივნენ. ზოგნი წავიდნენ, ზოგნი კი თეიმურაზს ბარბაცით თავთ დასტრიალებდნენ, ერთმანერთს ეხეთქებოდნენ და ფუსფუსებდნენ.
ჯაყო ჯერ დაიბნა. უაზროდ დაბორიალებდა და ჰყვიროდა:
- ტურა, ადამრაშუ!.. ჩქარა, ურემი შეგაბამდე!.. გიბა, წყალი მოიტანებდე! აბა, რაშუ!.. მეშთა, მკითხავი კეკელა მოიყვანებდე, ჩქარა!.. ტელა, შენ დალაქი დაუძახებდე!.. ქეშელა, თავრობის კაციც მოიყვანებდე, თორემ შარი არ გიყოს! აბა, თახრაშუ!
მერმე, თვალ-ახილული თეიმურაზი რომ დაინახა, უცებ გამხიარულდა:
- ბრინკა, გაცოცხლდებოდე? ხა-ხა-ხა! მე-კი მეგონა, ბრინკა ჩაძაღლდი მეთქი! ხო-ხო-ხო! ქეშელა! ჰაი, ქეშელა, არ გინდოდეს არავინა, არა! დაუძახებდე ყველასა, ნუ წახვიდოდნენ, ნურც ურემი შეაბამდე. აბა რაშუ!
და ისევ თეიმურაზს დაუბრუნდა:
- ნუ შეგეშინდებოდეს, ბრინკა! მე სულ იმას გითხრამ, რომა ძაღლი კოწლობით არ მოკვდებოდე მეთქი. მე ვიცის მაგის წამალი. აბა, ერთი ეს ყანწი დასცალებდე და ეხლავე ლეკურს ითამაშებდე, მაშა! აბა დალიე, დალიე... სად მიდიოდე, ბრინკა? ერთხელ მაინც დალოცავდე ჩვენ სუფრასა.
თეიმურაზმა ლასლასით რამდენიმე ნაბიჯი გადასდგა. იღლიაში ივანე ჰყავდა შემჯდარი. მერმე ძლივს მოტრიალდა და .ჩურჩულით, მაგრამ მკაფიოდ უთხრა ჯაყოს:
- ამ ქვეყნად მაინც არსებობს სამართალი, ჯაყო! ის ურმით დასდევს მეთქი ბოროტებას... ბოლოს უეჭველად წამოეწევა და ღღ...ღირსეულს მიუძღვნის. დაიხსომე ჩემი უკანასკნელი სიტყვა. მე მმ...მივდივარ, ჯაყო! წავალ და, ან აღარ დავბრუნდები, ან გამარჯვებული დავბრუნდები. მაგრამ შენ ამიერიდგან დღე-და-ღამ იმ სამართალს მოელოდე. ჩემს მაგივრად იგი მოვა და ანგარიშს გგ...გაგისწორებს. ბედმა მდევარმა შენ თუ არ მოგისწრო, შენს შვილებს მაინც წამოეწევა და კბილებით დაჰგლეჯს, შამფურზე შესწვავს, ნელ ცეცხლზე მოჰხრაკავს, ბნელ ორმოში ჩაჰყრის და თან გველის წიწილებს ჩააყოლებს... იყავ წყეული უკუნითი უკუნისამდე. ჯაყო! იყავ წყეული და შეჩვენებული!
სთქვა, მიბრუნდა და ფორთხილით წყვდიადში შთაინთქა.
- აპრუწუწუნ! პრასა და ნიახური! მამა გიცხონდა, ყურებზე ხახვი არ დაგაჭრებოდე! - მიაყარა უკნიდან ჯაყომ. - ფეხებზე გკიდია ჯაყოსა შენი წყევლა, მაშ, მაშა! ხომ გაგისტუმრე ჯაყომა! თუ ბევრი ილაპარაკებდე, კარგებსაც მოგცხებდე, მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა!
თეიმურაზის ფეხის ხმაც აღარ ისმის. ჯაყო კი ისევ ჰბორგავს, ილანძღება, იფურთხება, იმუქრება და წამდაუწუმ ჭიხვინით გაჰკივის:
- მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა!. ფეხებზე გკიდია ჯაყოსა შენი კნიაზობაცა და სწავლაცა!.. რევალცია ჯაყომ გაგიკეთა, მაშა! ჯაყოს ყველაფერი რევალციამ მისცა, მაშა!. ორი წიგნი წაგიკითხავს ბრინკასა და ისევ ბატონი გგონია თავისი თავი! ის კი არ ვიცის, რომა იმისი წიგნები ბუხარში წახვედი.
და წყრომის გრიგალი, ბოლოს, ასე დაიმშვიდა:
- სმენა და გაგონება!
- მუშტი და გაგორება! - მიაძახა ერთმა.
- სმენა და გაგონება! ეს ღმერთი და წმინდა ჯივარგი შეგეწიოს რევალციასა, რომელიცა რომა საწყალ ხალხს მისცემდე მიწა, სახლი და კეთილი ცხოვრება. ღმერთი, წმინდა ჯივარგი და არბოს ხატი გწყალობდე ჩუენსა მთავრობასა, რომელიცა რომა ყარაულია რევალციისა და ჩვენისთანა საწყალი ხალხისა. საცა სამართალია, არბოს ხატს ერთი კურატი უნდა დაგიკლა, რომ ის ხატი და წმინდა ჯივარგი ყარაულად დაუდგე ჩვენს რევალციასა, თორემა, თუ ბრინკა დაბრუნდებოდე ამ სოფელში და მიწა წაიღებდე, ჩვენისთანა საწყალი ხალხი აქ აღარ დადგებოდე.
და მეორე დღესვე ჯაყომ ერთი მოზვერი ამოარჩია და არბოს ხატს შესწირა.