prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ჯაყოს ხიზნები — ნაწილი მეორე — თავი VI

მიხეილ ჯავახიშვილი · პროზა

– VI –

რომელი თავადის ქალი მოსძებნა ჯაყომ? რატომ აქამდის არაფერი არ იცის თეიმურაზმა? ეს ამბავი რომ მართალი ყოფილიყო. ჯაყო დღეში ათჯერ მაინც გაახარებდა თეიმურაზს და ამდენჯერვე დაიჭიხვინებდა:

- ჯაყომ კნიაზის ქალი შეირთე. მაშ. მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა!

ან იქნება ივანემ მოიგონა ეს ამბავი? არა, ივანე ჭორიკანა არ არის. ან რად მოიგონებდა ასეთ უშნო ხუმრობას? რა აზრით? ვისთვის? თუ ივანემ გაიგო ჯაყოს მეოთხეჯერ დაოჯახება, - ისიც თავადის ქალის დანიშვნა, - უეჭველად იმ ქალის ვინაობასაც გაიგებდა. ორჯერ ჰკითხა თეიმურაზმა ივანეს, მაგრამ ივანემ ორჯერვე პასუხი მოირიდა და ორჯერვე ყოყმანით მიუგო: "არ ვიცი, სხვებს გამოჰკითხე, იქნება გაიგოო".

თეიმურაზმა ეს სიტყვები გაშალა და ასეთი პასუხი მიიღო: "ვიცი, მაგრამ ვერ გეტყვი. სხვებს ჰკითხე და გაიგებო. ისიც იცოდე, მტერი სამოყვროდ მოსული, მტერზედაც უარესიაო".

რატომ ვერ უთხრა თეიმურაზს ივანემ ჯაყოს მეოთხე საცოლეს - თავადის ქალის სახელი?

თეიმურაზის გულში კვლავ იჭვმა გაიჩუჩუნა. მერმე იმ ნაეჭვმა თანდათან ცეცხლის ფრთები გაშალა.

ცხადია. ცხადია! ეხლა კი მართლა ყველაფერი ცხადია! ივანემ ყველაფერი სთქვა. მხოლოდ მარგოს სახელი არ ახსენა. თეიმურაზი აქამდე ბრმა იყო. ეხლა კი თვალის ბინდი გაეფანტა და თვალწინ მზაკვრობისა და ორპირობის, ვერაგობისა და ღალატის საზარელი სურათი გაეშალა.

გულმა ტეხა დაუწყო და სისხლი შურვილით აენთო.

- ცხადია. ცხადი!

ღმერთო დიდებულო! ღმერთო ძლიერო! ნუთუ?! ნუთუ მართალია?! ვინ, მარგომ?.. ვის, ჯაყოს?. დაიჯეროს თეიმურაზმა? ხა-ხა-ხა! სასაცილოა! ოღონდაც, სასაცილოა! საარაკო სისულელეა! ავი სულის ბოდვაა! ადუღებულ ოცნების როშვაა! ეშმაკის ბოროტი ოხუნჯობაა; - მეტი არაფერია!..

- ჰო, მეტი არაფერია; რა თქმა უნდა, მეტი არფერია! მაგრამ...

თეიმურაზმა თვალწინ ორი თვის წარსული გადაიშალა და ცოლქმრული ურთიერთობა მოიგონა.

ორ თვეში მარგო ისე გაიშალა და დასრულდა, რომ ასეთი ლამაზი და სანდომიანი არასოდეს არ ყოფილა. მარგოს დიდრონსა და შავ თვალებში ეხლა პირუტყვის დამცხრალი ვნება და მძუვნობიდან დაბრუნებულის მაძღრობა უღვივის.

- ეხლა კი ცხადია, ყველაფერი ცხადია! ჰოი, შე უნამუსო! უნამუსო!

ეს კიდევ არაფერი.

რაც მარგო ამ სოფელში ამოვიდა, თეიმურაზისთვის ერთი ტკბილი სიტყვა აღარ უთქვამს და თვალიც თვალში ვეღარ გაუყრია: თეიმურაზი რომ ელაპარაკება, მარგო თვალებს აქეთ-იქით აცეცებს, წინათ კი ხმას არ ამოიღებდა, რომ ის თვალები თეიმურაზისთვის ისარივით არ გაეყარნა. აქამდე თეიმურაზის გონება ყრუ იყო და გულისყური დახშული, ეხლა კი გონებაც გაუნათლდა და გულისყურიც გაეშალა. მაშ რად არიდებს მარგო თვალს თეიმურაზს?

- ცხადია, ცხადია! სინდისი ჰქენჯნის მარგოს, სინდისი! სცხვენია, სცხვენია!

ესეც არაფერი.

თეიმურაზი მარგოს ზოგჯერ მოუალერსებს. მარგო კი პირსახეს გაიმრუდებს. განზე გაიწევს და თეიმურაზს ოდნავ აპრიალებულ ვნებას ჩაუქრობს:

- კარგი, გეყოფა... თავი დამანებე.

ხოლო ღამ-ღამობით საბანში გაეხვევა და თავს მოიმძინარებს, ან ნერვიულად წაიჩურჩულებს:

- თავი დამანებე! ავადა ვარ... რა დროს ეგ არის! მეძინება... არ შემიძლიან.

თუ თეიმურაზმა ნაჭარბევი ჟინი გამოიჩინა და მაშინვე არ დაწყნარდა, მარგოც ხმას აიმაღლებს:

-კარგი, გეყოფა! თავი დამანებე მეთქი!

თეიმურაზს ხმაურობისა ეშინიან, ამიტომ უმალვე ბუზღუნით თავის ლოგინს უბრუნდება.

წინათ თეიმურაზი ამას ყურადღებას არ აქცევდა. ეხლა კი... ეხლა მისი გულთამხილავი თვალი ყველაფერს ხედავს.

- ეხლა ყველაფერი ცხადია, ცხადი!

თეიმურაზმა მოგონების ბასრი და სისხლიანი მახვილი უფრო ღრმად ჩაირჭო გულში და ულმობლად დაიტრიალა.

კიდევ მოიგონა:

- დედაკაცი ბაღი ხარ. - ურცხვად იღრიჭება ხოლმე ჯაყო. - თუ არ მოირწყო, გახმები.

ამაზე მეტი ურცხვობა გაგონილა! კიდევ საჭიროა სხვა საბუთებიც?!

- ცხადია, ცხადი!

თეიმურაზმა ღამით რამდენჯერმე გაიღვიძა. მარგო ოთახში არ დაუხვდა. საიდგანღაც დაგვიანებით შემოვიდოდა და იტყოდა:

- არა გძინავს, თეიმურ? ვერც მე დავიძინე... თავი მტკიოდა, ცოტა გავიარე.

ან კიდევ:

- ძალიან ცხელა... ოდნავ გავგრილდი.

სად იყო იმ დროს მარგო?

მართლა ნიავზე გავიდა, აივანზე გაგრილდა, თუ?..

ოოჰ, იცის ეხლა თეიმურაზმა, სადაც იყო მარგო, იცის! იცის!

- ოოჰ, მოღალატევ! ჰოი, ჭუჭყიანო დედაკაცო! ჰოი, მრუშო, ბილწო დედაკაცო!

კიდევ ბევრი რამ მოაგონდა თეიმურაზს.

გაახსენდა მარგოს ამოსვლის დღეც: კაბა - შემოხეული, მხარი - ნაკბენი, მკლავი - ნაღრძობი! სად იყვნენ იმ ღამეს ჯაყო და მარგო? იქნება ყველაფერი იმ ღამეს დაიწყო?

- ალბათ, ალბათ? რა თქმა უნდა, იმ დღიდან დაიწყო, რა თქმა უნდა, იმ დღიდან!

რა სთქვა მაშინ ჯაყომ?

"ლევანაშენში იყავი, თომასთან გეძინაო".

ვითომ? მართლა? დაიჯეროს ხევისთავმა? კეთილი და პატიოსანი. ამასაც გაიგებს თეიმურაზი.

ჯაყომ მარგო დედოფალივით მორთო. დიდი ფული დახარჯა... ხა-ხა! თეიმურაზს ასესხა! ორივემ ხუთი დღე გაატარეს ქალაქში... მარგომ ჯაყოს სუფთა საცვალი და ტანისამოსი აყიდვინა, სუფთად თავის შენახვასაც შეაჩვია... ხა-ხა! წერა-კითხვაც ასწავლა!.. მუდმივ თავთ დასტრიალებს, ერთგულ ცოლივით დასტრიალებს!

"ცოლივით?"

- დიაღ, ცოლივით! ცოლივით მეთქი!

უკანასკნელ დროს, თეიმურაზი რომ შეჩვეულს გაიმეორებდა ხოლმე, მარგო მოუთმენლად მხრებს შეიშმუშვნიდა:

- კარგი, გაათავე! რაც იყო. - წავიდა და აღარ დაბრუნდება! დაგიზეპირებია მოცვეთილი სიტყვები და თუთიყუშივით იმეორებ. ყბედობას ისევ ის სჯობია, რომ ხელი გაანძრიო და ლუკმა პური იშოვნო!

მაშინაც კი, როცა თეიმურაზს მართლა ლუკმა პურიც არა ჰქონდა, მარგოსგან ასეთი დაშხამული სიტყვები არ გაუგონია. ეხლა რაღა მოხდა? რად შეიძულა და შეიზიზღა მარგომ ასე მძაფრად თვისი ქმარი? სად არის ამის მიზეზი?

ესმის თეიმურაზს, ყველაფერი ესმის!

როცა სიტყვა მოიტანდა, და თეიმურაზი ერთმანერთს დაუპირდაპირებდა ცოდნას და ძალას, განათლებულის ჩამოქვეითებას და გაუნათლებლის დაწინაურებას, მწიგნობართა უძლურებას და უმეცრების წარმატებას, მაძღართა დამშევას და მშიერთა გაძღომას, როცა თეიმურაზი შეადარებდა ხოლმე ტყიდან გამოვარდნილ ჯაყოს და თავის თავს, მარგო აიშლებოდა და თეიმურაზს პირში მიჰვარდებოდა:

- გეყოფა, გაათავე! ვნახე და გავიგე შენი წიგნების ძალაც და ნამდვილი ცხოვრებაც. ბუხარს შეუკეთე შენი წიგნებიც და ნაწერებიც!

ან კიდევ:

- რა ჭირად მინდა შენი ფუღურო სიტყვები და ჭიანაჭამი ცოდნა? მჩატესა და უძვალო ჭიაყელას ბუზიც კი იბრიყვებს. ჯაყომ არაფერი არ იცის, მაგრამ ყველაფერი შეუძლია. შენ ყველაფერი იცი, მაგრამ სანაგვეზე გადასაგდები ჩვარი ხარ, რა კაცი ხარ, ქათამიც ვერ დაგიკლავს!

თუ ჯაყო იქ იყო, ისიც მაშინვე წამოხტებოდა, ხელ-ფეხს აიშლიდა და აჭიხვინდებოდა:

- კნეინა მართალი ბრძანებ, მართალი! ბრინკა ხარ, ბრინკა! მალე მართლა გადაგაგდებდე სანაგვეზე. კაცსა სისხლისა გეშინოდე და ქათამიც ვერ დაგკლავდე?! ფუჰ, შენი ვაჟკაცობა! ჯაყო არ ვიცის წიგნი, მაგრამ ჯაყოს ყველანი აი ასე გყავდეს ხელში, აი ასე!

და ხუთგირვანქიან მჯიღს ჰაერში მოსრესდა და, - სიტყვა რომ შემოაკლდებოდა, - წამოიძახებდა:

- მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა!

მარგო თითქოს ოხუნჯობდა. მაგრამ მისი ღიმილი გულის ბრაზს ვერ ჰფარავდა.

- ეხლა კი ცხადია ყოველივე, ცხადი!

მარგოს თვალში ჯაყო წასაბაძ არსებად, ძალ-ღონის მაგალითად, ახალ ცხოვრების გმირად და დაუფლებულ ბატონად გადაიქცა. და ამ ბატონს უნდა დაეთმოს გზა და მოედანი, უნდა მიეცეს ფართე ასპარეზი მოქმედებისა და სრული უფლება ნავარდობისა, ვინაიდან მხოლოდ ჯაყო იყო ახლად შობილი ახალი ჯურის ადამიანი, მხოლოდ მას ჰქონდა დროს შესაფერი კუნთები, ბასრი კლანჭები და ფოლადის კბილები. ჯაყოები ამ კლანჭებით და კბილებით უძლურ ჭიაყელებს დაიპყრობენ, აღვირაწყვეტილ მხეცს დაიმორჩილებენ, მოშლილ უფლებას დაისაკუთრებენ, დაფანტულ ქონებას ხელახლად დააგროვებენ, ზარმაცებს აამუშავებენ, მოდუნებულ ძარღვებს გააცოცხლებენ, ახალ წესრიგს შეჰქმნიან და ახალ თანასწორობას, სამუდამო მშვიდობას და კეთილ ცხოვრებას დაამყარებენ, თანაც ყველას გემრიელ ლუკმას გაუჩენენ, ყველას, - ხევისთავსაც კი, რომელმაც ყველაფერი იცის, მაგრამ არაფერი არ ძალუძს!

აი, აკი გაუჩინეს კიდევაც თეიმურაზს დღიური ლუკმა! ტყუილად კი არ შესცქეროდა გაოცებულ მონასავით მარგო ანთებულ ჯაყოს, რომელიც ზოგჯერ გალიაში დამწყვდეულ მხეცივით დარბოდა და დორბლებს ჰყრიდა:

- ნეტა ჯაყოს გქონდეს ერთი წლით ნაჩალნიკობაი! ჯაყომ ვიცის მაშინა, როგორ გინდა კანონის გაკეთება! ისე მოგიგრიხო ნინიკასა, თომასა და ილასა კისერი, როგორც კარგი წნელი, მაშ. მაშა! შენ კი, ბრინკავ, შენც კარგი ლუკმა პური გიშოვნებოდე მაშინა. შენ ჩემი ბრძანება დაგწერდეს მაშინა. გინდა ჩემი პისარი გაგხადო?

ხა-ხა-ხა! თეიმურაზმა აკი იპოვნა ბოლოს შესაფერი საქმე და ლუკმა პურიც... ჯაყოს დუქანში! დახლიდრად! ჯაყოს დახლიდრად! როდის, როგორ და რად მოხდა ასეთი ამბავი?

ღმერთო დიდებულო! ძლიერო ღმერთო! ეს რა რისხვა დაატეხე თეიმურაზს? რა შეგცოდა კრავივით უმანკომ და მტრედივით უცოდველმა თეიმურაზმა ისეთი რამ შეუნდობარი, რომ იმის კნაჭა კისერზე ასეთი დიდი წისქვილის ქვა დაატრიალე?! როგორ გაუძლო თეიმურაზის მილეულმა გულმა ამოდენა დარდს და ვარამს?! როგორ უნდა ჰზიდოს იმისმა უძვალო და მოდრეკილმა ხერხემალმა ესოდენი მოურევნელი ტვირთი?! როგორ უნდა განვლონ იმისმა გაძვალებულმა ფეხებმა დაულეველი, თეიმურაზისთვის გაუგებარი, მიხვეულ-მოხვეული და ბნელი გვირაბი დღევანდელ ცხოვრებისა. - ისიც მარტომ, ერთად-ერთმა, ეულმა და დაობლებულმა, ვინაიდან მისი ერთად-ერთი მეგობარი, სულიერი ძმა და ერთგული მეუღლე მარგო ეხლა... ამ საშინელ გაჭირვების ჟამს. - ოდეს თეიმურაზს ფეხქვეშ დედამიწა გაუსკდა და თავზე ცა ჩამოენგრა. - ეხლა მარგო იქ არის... ჯაყოსთან... ცალკე ოთახში...

უცებ თეიმურაზის ტვინი ცხელის შანთით დასდაღა ორმა მოგონებამ:

თეიმურაზმა ადრეც და ორი საათის წინათაც საკუთარი თვალით დაინახა მარგოს ფანჯრიდან გადმოყუდებული ჯაყო. რას აკეთებდა ჯაყო მარგოს ოთახში? ჰო, ჰო! მარგოს ოთახში იყო იმ წუთს ჯაყო, თორემ რატომ აივანზე არ გადმოდგა? ან როგორ მოასწრო ერთ წუთში თავის ოთახიდან მარგოს ოთახში გამოსვლა? ან რად გაჰბედა მარგოს ოთახში შესვლა და მძინარე დედაკაცის გაღვიძება? მაშ ორივენი ისე ურცხვად მაკინტლობენ და ჰყვარობენ ერთმანეთს, რომ ცოცხალ ქმარსაც კი აღარ ერიდებიან!

- ჰოი, უნამუსო დიაცო! ჰოი, ბილწო, სალახანავ! აღარც მორიდება, აღარც სინიდისი, აღარც სირცხვილი?!

ცხადად და ნათლად ხედავს თეიმურაზი: თმაგაშლილი და შიშველი მარგო ჯაყოს ბანჯგვლიან და ადლიან მკერდზეა მისვენებული. დათვის მორგვიან მკლავებში ვნებით და განცხრომით იწურება. ნადუმარი იჭვი ლანდად გადაექცა ხევისთავს და ლანდი თვალწინ მკაფიოდ გაეშალა.

თეიმურაზმა გულის კბენას ვუღარ გაუძლო და იმ სურათისკენ ცეცხლ-ნაკრავივით გაიწია. გაიწია და ბავშვივით ამოიკვნესა:

- ოოჰ, დედილო!

როდის, ან რად ჩაქრა სანთელი დუქანში?

დახლზე რაღაც შავი წამომჯდარა და ორს მწვანე სანთელს თეიმურაზს შამფურივით თვალებში უყრის. თეიმურაზმა მოშლილი მკლავები უნებურად აიქნია. უცნაური ხმით შეჰკივლა და დაჭრილ პირუტყვივით შეჰბღავლა:

- ვაიმე!.. ჰეი, დაიკარგე აქედან!

დახლიდან შავმა კატამ ისკუპა და წყვდიადში შთაინთქა.

ეს რა დაემართა თეიმურაზს?! დათვრა თუ გაგიჟდა!? ისე ცხადად დაინახა ტიტველი და თმა-გაშლილი მარგო, რომელიც ჯაყოს მკლავებში იკლაკნებოდა, თითქო თეიმურაზი ორივეს თავთ წაადგაო, თითქო საკუთარის თვალით დაჰყურებდა მათს ხვევნას და მოძრაობას, თითქო მათი სუნთქვა და ქოშინიც კი ესმოდა.

მაშ გაგიჟდა თეიმურაზი, თუ დათვრა? თვითონვე ესმის, ხედავს და გრძნობს, რომ ხელებს დაწყვეტილ ფრთებივით იქნევს და ხმამაღლა ჰბოდავს, ჰსურს ხმაც ჩაიკმიდოს და ხელებიც დაიმშვიდოს, მაგრამ აღარც ენა ემორჩილება და ვერც ხელ-ფეხი შეუმაგრებია.

ბოლოს, ოდნავ გონს მოვიდა.

ოფლში გაწურული თეიმურაზი ჩაბნელებულ დუქანში რეტიანივით იდგა, თვალებს იფშვნეტავდა, შუბლს ისრესავდა, წნორის ფოთოლივით სთრთოდა და ჰკანკალებდა.

სიბნელეს და მარტოობას ვეღარ გაუძლო და დუქნიდან ბარბაცით გამოჩანჩალდა.

ფეხებში პირუტყვი გაეხლართა.

შეშინებული ძაღლი წკმუტუნით შეერია სიბნელეს.

ელდანაკრავმა თეიმურაზმა ერთხელ კიდევ შეჰბღავლა პირუტყვივით და დუქნის დირეზე ჩაიკეცა, თან მთრთოლვარე ხელით შუბლიდან ცივს ოფლს იწმინდავდა და გაუგებარს რასმეს ჰლუღლუღებდა.

ღამე ხევისთავის სულივით ჩაბნელებულა. ყოველივე მყუდროებით არის გაჟღენთილი. მხოლოდ ლიახვი შხუის და დუქნის უკან ხის თავზე ჭოტი გაჰკივის.

თეიმურაზი ვერ უძლებს ჭოტის კივილს. ხელების ფათურით გზაზე რამდენიმე ქვა აჰკრიფა და კაკალს დაუშინა. ჭოტის ფრთების შრიალი ჰაერში დაიკარგა.

დიდხანს იჯდა დუქნის დირეზე მიბნედილი, მოშლილი, გაბრუებული და გულმკვნესარი თეიმურაზი. ბოლოს, დაჭრილივით წამოიწია, მჩატე სხეული ძლივს აითრია, ლასლასით დუქნის უკანა ოთახში შეძურწდა და გახურებული ტანი გაუშლელ ლოგინზე დასდო.

რიჟრაჟზე ძლივს ჩაიძინა თეიმურაზმა, მაგრამ ძილშიც აგოდებულ გულზე ლოდივით ედო აყროლებული ლეში, თვისი ბედის ხვედრი, განუყრელი ძმა და მეგობარი, რომელიც თეიმურაზს ალბათ სამარემდე მიჰყვება, კუბოშიც ზედ დააწვება და იქაურ სიცოცხლესაც მოუშხამავს. გაუმწარებს და აუყროლებს.

ასე ჰფიქრობს ბურანში წასული თეიმურაზი, რომელმაც ძილის, ბურანისა და სიცხადის გარჩევის უნარიც კი დაჰკარგა.

ავზნიანმა სიზმრებმა ცივს ოფლში გასწურეს. მაჯლაჯუნამ სულთქმა შეუკრა. ჯაყო და მარგო თვალიდან არ ჰშორდებიან: სტლინკაობენ, ლაღობენ, ხარხარებენ, კუნტრუშობენ. ურცხვად ალერსობენ და მაიმუნებივით მაკინტლობენ.

ერთ უჯმაჯურ ლანდს მეორე მოსდევს, მეორეს - მესამე, და მეოთხეს - მეხუთე, ერთ-ერთმანეთზე უფრო ჭუჭყიანი, ბილწი და მურდალი.

დუქანი დაუკეტავი დარჩა.

ოთახში უპატრონო ძაღლი და კატა შემოვიდნენ და მიმკვდარებულ თეიმურაზის თავზე ბღარძუნი, ღრენა, კნავილი და ფრუტუნი ასტეხეს.

თეიმურაზს ერთ ხანს თითქო გამოეღვიძა, თითქო გონება დაუბრუნდა. თვალების გახილვა მოინდომა, მაგრამ ვერ გაახილა; გადატრიალება უნდოდა, მაგრამ ვერ გადაბრუნდა; ხსოვნაში მარგოს სურათი გამოიწვია, მაგრამ ვერც ეს მოახერხა: თავისი ცოლის სახეც კი დაავიწყდა!

მიბნედილსა და მოთენთილს, იმდენი ხალისი და ძალაც აღარ შესწევდა, რომ ხელი გაენძრია, ან დაეყვირნა, ძაღლი და კატა გაეგდო და დუქანი დაეკეტნა.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — მიხეილ ჯავახიშვილი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.