prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ჯაყოს ხიზნები — ნაწილი მეორე — თავი II

მიხეილ ჯავახიშვილი · პროზა

– II –

მარგო ერთ თვეში ისე გამოიცვალა, რომ მოუცლელი თეიმურაზიც კი ამჩნევდა და ხანდახან გაკვირვებას ეძლეოდა:

- საკ...კკვირველია! საოც...ცცარია! ნეტა ვიცოდე, მარგო, რამ გარგო აგრე რიგად?

იდუმალ მიზეზის გამო მარგოს სპილოს ძვალი სისხლით გაიჟღინთა და მზისგან გაირუჯა. მიმქრალ თვალებს ნაკვერცხალის შუქი დაგდო. მაღალ ყელზე ორკეცი ღაბაბი გამოუჩნდა. პირსახე აუღაჟღაჟდა, მიმდნარი ტანი დაუსრულდა, დაშრეტილი მკერდი გაუფუვდა, თეძოებიც გაეწია და მიხვრა-მოხვრას ჯიშიანი კატის სილბილე და გველის მოქნილობა მიეცა.

რამ არგო აგრე რიგად მარგოს? თეიმურაზი ამბობდა:

- აი, რა ძალა პქონია სოფლის სიმშვიდეს, ს.. სსუფთა ჰავას და ნოყიერ ჭამა-სმას!

ჯაყო კი გულში იღიმებოდა და გულშივე ამბობდა:

- ვიცის ჯაყომა, რაც მოუხდა მარგოსა, ვიცის! ჰავა, წამა-სმა და... ჯაყოს მკლავები, მაშ, მაშა! ჯაყომ მარგოს ჯადო გავიკეთე, უკვდავების წყალი დაგალევინე და მარგოც იმიტომ გაცოცხლდი. მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა!

ზოგჯერ კი ეშმაკური ღიმილით ხმამაღლა იტყოდა:

- დედაკაცი ბაღი ხარ, თუ არ მორწყე, გახმები.

და უბირი ჯაყო ხშირ-ხშირად და მოურიდებლად ეტანებოდა მარგოს: ხან ბნელ ოთახში შეუცოცდებოდა, ხან გოდრების უკან მიატანდა, ხან ვენახში მიუსწრებდა და ხანაც ბოსელში შეიმწყვდევდა.

ჯაყოს თეიმურაზის ჩანჩალი და ხეტიალიც ხელს უწყობდა. თუ თეიმურაზი სახლიდან წასვლას დააგვიანებდა, ჯაყო თოფს ან ფაცერს გამოუტანდა და ეტყოდა:

- ნათლია, ჯაყოს ძალიან მოგინდა ახალი თევზი... კნეინას გულით გინდა მწყერი. აბა, მოგიტანე მარგოს ცოტა საჩუქარი.

თეიმურაზსაც უხაროდა:

- ეხლავე, ჯაყო, ეხლავე მივ...ვვდივარ.

სახლში თეიმურაზი მოწყენით იყო, ჯაყო მას ერიდებოდა, მარგოც თითქმის ხმას არა სცემდა.

როცა დაქანცული თეიმურაზი უკან დაბრუნდებოდა, ხშირად გაიგონებდა ხოლმე ჯაყოს ღინცილს და მარგოს მოხდენილ სიცილს. მაგრამ როცა გალაღებული არშიყნი თეიმურაზს დაინახავდნენ, სიცილ-კისკისს დაუკლებდნენ და ერთმანერთს დაშორდებოდნენ.

ერთხელ ჯაყომ უთხრა მარგოს:

- შენისთანა კნეინა არ გიხდება ასეთი ფინთი ოთახი.

და იმავე დღეს დაკეტილიდან გამოიტანა ხალიჩები და ფარდაგები, ნაქსოვი ფარდები და ხავერდის ავეჯი, ლბილი სავარძლები და მოოქროვილი სარკეები, მარმარილოს პირსაბანი და ერთი განიერი ინგლისური ტახტი.

მარგო სიხარულით ფეხზე აღარ იდგა. გახარებული ბავშვივით სცქმუტავდა, კისკისებდა, ლაღობდა.

ოთახის დალაგება რომ გაათავეს, გულაჩუყებული და მადლიერი მარგო ჯაყოს გაპოხილ კისერზე ჩამოეკიდა:

- ჯაყო, ჩემო კარგო!.. ჩემო ჯაყო!

ჯაყომ მარგო ბავშვივით აიტაცა, დალოშნა და მიაძახა:

- მაშ, მაშა! აგრე ვიცის მარგოსთვის ჯაყომა!

თეიმურაზი თევზაობიდან დაბრუნდა. ოთახი ვეღარ იცნო, თვალებს იფშვნეტდა და ჰკვირობდა:

- საკ...კკვირველია! ს...საკვირველია!

მერმე იცნო თავისი ხალიჩები და ავეჯეულობა, სუზანები და პირსაბანი, რომელიც - ჯაყოს სიტყვით - რამდენიმე წლის წინად იქაურმა ხელისუფლებმა წაიღეს.

იცნო და ისევ გაიკვირვა:

- საკვირველია, სად იყო აქამდე ჩვენი ნივთები? ჯაყო ამბობდა: ზოგი მოიპარესო, ზოგიც ხელისუფლებამ წაიღოო.

- კარგი, გაჩუმდი! - შეუტია მარგომ. - ხმა არ ამოიღო... სირცხვილია. სტუმრები ვართ, უფასოდ გვასმევენ და გვაჭმევენ. ესეც საკმარისია.

თეიმურაზმაც თავი მოიკატუნა, ჯაყოს მადლობა გადაუხადა და არც ნივთეულობის დაკარგვა გაახსენა, არც მისი პოვნა გამოჰკითხა.

ამის შემდეგ ჯაყო თეიმურაზს და მარგოს აღარ ერიდებოდა. და რომელიღაც ჯურღმულიდან თავისთვისაც ზედი-ზედ გამოჰქონდა ოქროს ვარაყიანი სურათები, ატლასის სავარძლები, მოქარგული სუზანები, ფაიფურის ჭურჭელი, აბრეშუმის საბნები და მრავალი ისეთი წვრილმანი, რომელიც აღარც თეიმურაზს ახსოვდა, არც მარგოს.

უმთავრესი განძეულობა, რომელიც რკინით ნაჭედ უზარმაზარ მუხის სკივრში იყო ჩაწყობილი, მაინც არსად არ სჩანდა. ბოლოს, ჯაყომ ერთი ძვირფასი ნივთი კიდევ გამოაჩინა.

ერთხელ თეიმურაზი საღამო ჟამზე აივანზე იჯდა და მივიწყებულ ძველ წიგნს ჰკითხულობდა. ჯაყო წინა დღით ქორწილში წასულიყო. უცებ ცხენისა და ჯაყოს ჭიხვინი მოისმა:

- მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა!

და გალეშილმა ჯაყომ გაქაფებული ბედაური ეზოში შემოაჭენა, სარკმელში გადმომდგარ მარგოს თვალი მოჰკრა და დაიხვიხვინა:

- ჯაყო გენაცვალე ნათლია მარგოსა, მაშა!

მერმე თეიმურაზიც დაინახა და იმასაც სალამი მისცა:

- ჯაყო გენაცვალე ორივე ნათლიასა. როგორ ვიქნებოდე ქეიფზედა?

და ცხენიდან მარდად გადმოგორდა. თეიმურაზმა თვალი მოჰკრა ცხენის საუცხოვო რახტს და იცნო იგი. მთელი რახტი, საძუე გულისპირი, ლაგამი, უნაგირის თავი და უზანგები მოოქროვილ ვერცხლით იყო შეჭედილი, ხოლო ალაგ-ალაგ იმ რახტზე მსხვილი ლალი, ფირუზი, მარგალიტი და ზურმუხტი იყო გაბნეული.

ჯაყო კიბეზე ამოგორდა, ხოლო მეშთამ ცხენი უმალვე სახლს მიაფარა. იცნო თეიმურმა მამა-პაპეული განძი და მოიგონა გუშინწინდელი დღე. ჯაყო ქორწილში უნდა წასულიყო. მას ალბათ არ უნდოდა რახტის გამოჩენა, ამიტომ მარგოსთვის ახალი თევზი მოიმიზეზა და თეიმურაზი ლიახვზე გაჰგზავნა, ხოლო თვითონ, იმ ძვირფას რახტზე გაჭიმული, ქორწილში გაემგზავრა.

იმავ საღამოს მარგომ ერთხელ კიდევ შეუტია თეიმურაზს:

- ხმა არ ამოიღო, სირცხვილია!

მარგოსაც რომ არაფერი ეთქვა, თეიმურაზიც კულტურულად გაჩუმდებოდა.

და გაჩუმდა კიდევაც.

ერთი ხანია, რაც ჯაყოს ცვლილება დაეტყო. წინათ, სანამ მარგოს დაიახლოვებდა, თავით-ფეხებამდე ქონში იყო ამოვლებული. პირსახე და ხელებიც მუდმივ ზეთით გაპოხილი და ჭუჭყით ჩაშავებული ჰქონდა. მარგომ თანდათან ხელი მიჰყო ჯაყოს გასუფთავებას, გაკაცებას, გალამაზებას და გარეცხვას. ხშრად ეტყოდა ხოლმე:

- ჯაყო, თავი დაიბანე!.. ჯაყო, კბილები გამოიწმინდე!.. ჯაყო, საცვალი გამოიცვალე!.. ყურები გამოიჩიჩქნე!.. წვერი გაიპარსე!.. ცხვირს თითებით ნუ იხოცავ!...

და თვითონაც ჰშველოდა, ასწავლიდა და ნესსესერის იარაღს ათხოვებდა.

ჯაყოც თანდათან შეეჩვია სისუფთავეს და მალე იერის გამოცვლაც დაიწყო.

ქალაქში რომ წავიდნენ, მარგომ ჯაყო კბილის ექიმთან წაიყვანა და ყავისფერი კბილები გაათეთრებინა. მერმე თითქმის ძალით აყიდვინა ახალი ჩოხა, თეთრეული, ხელის საპნები, კოხტა ჩექმები, თხელი წინდები, ბუხრის ქუდი, ცხვირსახოცები, წიგნები, რვეულები, ცარცი და კბილის საწმენდი.

იმ დღიდან სოფლის დალაქი ყოველდღე ჰპარსავდა ჯაყოს.

და ჯაყოც გამოიცვალა: ბანჯგვლიანი დათვი პირგაპარსულ მაიმუნს დაემსგავსა.

ჯაყომ მყრალი ყალიონიც გადააგდო და მარგოს ხელით ნაკეთები სოხუმის პაპიროსი ჩაიდო ლოქოს პირში. თანდათან ოფლის სუნიც მოიშორა და ტანის ქონიც ჩამოირეცხა.

მარგომ ჯაყოს ახალუხი და საცვლები თვითონვე შეუკერა, თავითფეხებამდე ჩააცვა, ხევისთავთა ხმალ-ხანჯალი ჩამოჰკიდა, და ჰკითხა:

- აბა შეადარე შენი თავი წინანდელ ჯაყოს, როგორ მოგწონს ახალი ჯაყო?

და სარკეში ჩაახედა.

ჯაყო მთვარესავით გაიბადრა:

- აი, ეხლა კი კაცი გახდი ჯაყოი! როგორ გიხდება ჯაყოსა ყველაფერი! ეხლა ჯაყოს მარტო ხევისთავის გვარი და შენისთანა კნეინა გაკლია. მაშ, მაშა!

და იმ სარკეს ძლივს-ღა მოჰშორდა.

მერმე სოფელში გავიდა, მთელი დღე დოინჯ-შემოყრილი კარდა-კარ დადიოდა და თავის თავს ქვეყანას აჩვენებდა. თანაც წარამარად ბაქიობდა:

- როგორი ბიწი ხარ ჯაყოი?! მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა! დაიცადე, ჯერ წიგნიც ისწავლო ჯაყომა. მერე ნახეთ ჯაყოი!

დედა-ენას ჩაუჯდა და გულმოდგინედ იწურებოდა:

-აი თითი... თათი... აი თათი... თუთა...

ერთი კვირის შემდეგ მარგოს შეგირდი რვეულში გოჯის ოდენა ასოებით სჯღაბნიდა: "ჯაყო ხევისთავი ...გენაცვალე მარგოსა".

მერმე თავის ოთახიდან ათიოდე სხვა-და-სხვა გვარი ჩხირი და ჯოხი გამოიტანა, რომელზედაც თავისი დავთარი ჰქონდა დაჭდეულ, და ორი დღე იმ ჯოხებიდან ცალკე რვეულში აღებ-მიცემის ანგარიში გადაჰქონდა: "გიბა ფუხაშვილი გმართებს ჯაყოსი ცხრა კოდი სიმინდი... სოლო გელაშვილი გმართებს ხუთი ჩანახი ლობიო... სანდრო თვაურსა რვა ფუთი მატყლი"...

დასწერა და განაცხადა:

- მორჩი და გათავდი! ახლა ჯაყო ნასწავლი კაცი ხარ. ახლა ჯაყოსა ვერავინ მოგატყუებდე. ახლა ჯაყომ ბუღლატერიაც ვიცის, მაშ, მაშა!

და მარგოს შეეხვეწა:

- მარგოჯან, ერთი ქაღალდი დაგწერე ქალაქში, რომ ჯაყოს გაზეთი გამოგიგზავნეს. ჯაყოს ძალიან გინდა იცოდე ქვეყნის ამბები და ახალი ზაკონები. თორემა ილაი და ნიკაი გჯობნიან. ისინი სულ იციან ზაკონები და საწყალ ჯაყოს გიბრიყვებენ და გიბრიყვებენ!

ჯაყოს ნათესავები თვალხილულნი იყვნენ, მაგრამ თავიანთ მრისხანე ბატონს თვალს არიდებდნენ, ხოლო თეიმურაზს მარგოსთვის არც ეხლა ეცალა:

ან დილიდანვე სათევზაოდ წავიდოდა, თან ყველსა და პურს წაიღებდა, და საღამოზე ზეიმით და რიხით ორიოდე ჭიჭყინას მოათრევდა, ან თოფს გაიდებდა მხარზე და ორიოდე მწყერს მოაჩანჩალებდა.

ხან მინდორში გაჰყვებოდა გლეხებს და თიბვა-მკაში ცოდვილობდა, ხან უსაქმოდ დატანტალებდა ჭალებსა, კალოებსა და მინდვრებში, ხან ბუნების მეცნიერებას აიჩემებდა და ქაქანით ათასნაირ ჭიაღუას, მწერსა და პეპელას დასდევდა, ხან კიდევ ყოველგვარ ბალახ-ბულახს, ხავსს, ქარაგოზსა და მცენარეულობას აგროვებდა, ახმობდა და ამბობდა:

- გერ...რრბარი უნდა შევადგინო. კარგ ფასში გავ...ვვყიდი.

სოფლის ბიჭები სიცილით იხოცებოდნენ:

- გამხმარ ჭიაყელაში და მატიტელაში ფული უნდა მოიგოს ხევისთავმა. აბა, ბიჭებო, ჩვენც ვუშველოთ!

და ყოველდღე ახალ-ახალი ბუზები, ჭიები და ბალახ-ბულახი მოჰქონდათ.

თეიმურაზი საათობით ძველ ლექსიკონს ჰქექავდა, საპოვნელს იპოვნიდა. ნიმუშს თავის ალაგას დააბინავებდა და შესაფერ წარწერას წაწერდა, - ლათინურს, რუსულსა და ქართულს.

როცა ლექსიკონის ჩხრეკა მოსწყინდებოდა, ცუდმავალი თეიმურაზი ისევ სოფელს და ბაღებს მოედებოდა.

ჭია-ღუების დევნა რომ მოჰბეზრდებოდა, ჯაყოს ბაღში ჩხირკედელობით ოდნავ ოფლს მოიდენდა, ხან საზაფხულოდ ნაშინდარში ამოსულ მასწავლებელს აუხირდებოდა. ხან გაკრეჭილ ივანეს ან სხვას ვინმეს შეებმეოდა და იქამდე არიგებდა და ეკამათებოდა, სანამ ენა არ დაებმეოდა და ყელის ძარღვები არ დაუწყდებოდა.

ჯაყოს ხიზანს ქალაქიდან ახალი ჩვეულება მოჰყვა, რომელიც შეუმჩნევლად და თანდათანობით განუვითარდა და გაუძლიერდა: საკუთარ თავთან საუბარი, მსჯელობა, კამათი და დავა. სოფლელები ხშირად ხედავდნენ ერთ ალაგზე გახევებულსა და გაშეტერებულ ნაკაცარს, რომელიც ცხვირ-წინ თითებს იფათურებდა, ხელებს იქნევდა და უცნაურსა და გაუგებარს რამეს ჰბოდავდა, ზოგჯერ კი მათ ყურამდის ორიოდე სიტყვაც მიაღწევდა: "ს... სსაკვირველია! ს...სსაოცარია!"

გლეხები ხმამაღლა იცინოდნენ და ოხუნჯობდნენ, მაგრამ ორეულთან ბაასში გართობილ მწიგნობარს მათი სიცილი და მასხრობა არ ესმოდა.

კვირა-დღეობით და საღამოობით თეიმურაზი სოფლის რომელიმე კუთხეში ან ერთ-ერთ გლეხის ეზოში ლექციებს ჰკითხულობდა შესახებ ქვეყნის ტრიალისა, ცხოვრების კანონებისა, ჩვენის ჩამორჩენისა და ევროპის დაწინაურებისა, ხალისით უამბობდა პირდაღებულ გლეხებს ნასმენს და ნახულს, უხვად აბნევდა დარიგებას და ჰქადაგებდა მშვიდობას, ძმობას, ერთობას და თავისუფლებას.

მადააშლილი გლეხები ყურს უგდებდნენ გაქადაგებულ თეიმურაზს და ხანგამოშვებით წამოიძახებდნენ:

- ეჰეე, ერთი დახე ი ჩემა ნალებსა! მაშ აგრე ადვილად დადიან ი ეშმაკები წყალქვეშა?

- ეგ კ...კკიდევ არაფერი. ჰაერშიც დაფრინავენ.

და აუწერდა ავიაციის დღევანდელ ვითარებას.

- ეჰეე! ჩვენ არა გგვანებიან, ე ურმებით რომ ძლივს დავცოცავთ!

- ამ... მმერიკაში რვა სულზე ერთი ავ...ვვტომობილი მოდის... იქ ერთ დღიურზე ოთხმოცი კოდი ხორბალი მოჰყავთ, ჩვენში კი თხუთმეტი კოდიც ძლივს მოვა.

- პა, პა, პა! ერთი დახე, რა ხალხი ყოფილა, და!

მერმე იმ გლეხებს წინ გადაუშლიდა საერთაშორისო ვითარების რთულ ნაქსოვს, სოფლურ ბნელ გონებას უარესად დაუბნელებდა და თვითონაც თავისივე დახლართულ ქსელში გაებმეოდა.

თეიმურაზმა არ იცოდა, რომ მან იმ დროს ბევრი აღარაფერი იცოდა, რომ იგი ძველსაც მოსწყდა და ახალსაც ვერ მიეკედლა, რომ მას ყველა გზები აერია და ახალ ქვეყანას განუზომელ მანძილზე ჩამორჩა, და რომ ეს უცნაური ცხოვრება და თეიმურაზი ერთმანერთს ვეღარ სცნობდნენ, ვერ ურიგდებოდნენ და ერთ კალაპოტში ვეღარ ეტეოდნენ. თევზივით ნაპირზე გარიყული ნაადამიანევი სულს ძლივსღა ჰღაფავდა და წყალწაღებულ თავს უიმედო იმედით ინუგეშებდა. თან სხვებსაც ანუგეშებდა:

- არა უშ..შშავს-რა, კიდევ წამოვდგები ფეხზე. თქვენ სიკეთეს არ დ...დდავივიწყებ და ერთს ათად გადაგიხდით.

და თვისი იმედი, უხვი დაპირება და უკეთესი მომავალი გულში თვითონაც აღარ სჯეროდა.

როცა მოღლილი და მოქანცული თეიმურაზი ლაპარაკით გულის ჟანგს მოიფხეკდა, სულის ობს მოიბანდა და აქავებულ ენას მოიფხანდა, სახლისკენ გასწევდა. გლეხები კი ლასლასით მიმავალ ნაბატონევს თვალს გააყოლებდნენ და სიბრალულით იტყოდნენ:

- ჰაი დედასა! ეგეც კაცი იყო და სცხოვრობდა, ეხლა კი ჯაყოს სამადლოდ გაიხადა თავი.

- თვითონ არ გაიხდიდა. ცხოვრებამ მოზნიქა, თორემა ე სახლ-კარი და ბაღ-ვენახი მაინც შერჩებოდა.

- ერთი დახე, წინანდელს რომ მაინც არ ივიწყებს! იმედს არა ჰკარგავს, რომ ჯაყოი, ნანიკაი და თედოი ი ბაღებს და ნაფუზრებს ისევ დაუბრუნებენ.

- ვერ მივართვი!

- ვინა, მენა?! სხვისი რა ვიცი და, მე კი იმ მიწაში მოვიკლავ თავსა და ცოცხალი თავით ი ნაფუზრებს არავის დავანებებ.

გლეხები თეიმურაზს ხშირად მიჰმართავდნენ ხოლმე რჩევისა და დარიგებისათვის.

- თეიმურაზ, ახალი კანონი გამოსულა მიწების გაყოფაზე. შენი ჭირი მე, გაგვაგებინე.

- ახალი კან...ნნონებისა მე არაფერი არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე.

- რატომ?

- იმიტომ, რომ კანონი ქაღალდზე იწერება, ცხოვრება კი თავის გზით მიდის და წავა.

- თეიმურაზ, ერთი გვასწავლე, შენი ჭირი მე, როგორ უნდა გასუქდეს მიწა?

- დიდის სიამოვნებით გ...გგასწავლით.

და თეიმურაზი ისეთ რთულსა და განყენებულ ლექციას წაუკითხავდა, თითქო მეცნიერთა ყრილობაზე მოხსენებას კითხულობდაო.

- სასუქის ამ თეორიას ჰქვიან ლიბ...ბბიხის კანონი... მცენარეს უმთავრესად სჭირდება აზოტი, ფოსფორის სიმჟავე, კალიი და კირი.

- ჩვენ მაგისი არაფერი გვესმის. გვითხარი, როგორ გავასუქოთ მიწა, ან რა დავაყაროთ? - ეკითხებოდა გლეხი.

- დააყარეთ გუანა, ნეხვი...

- ჩვენ არა გვაქვს გუანა თუ რაღაც ჯანდაბაა. ნეხვი გაგვაქვს მინდორზე, მაგრამ, ამბობენ, სხვანაირად უნდა შევინახოთო, თორემ ჩვენებური ნეხვი, ჰაერზე რომ ჰყრია, იფიტებაო. გვითხარი, როგორ შევინახოთ.

ეს კი თეიმურაზმა არ იცოდა. არც ის იცოდა მწიგნობარმა, რომ ქართლში რუსული ფურგონი და ცხენი ურმის და ხარ-კამეჩის მაგივრობას ვერ გასწევდნენ, რომ შვეიცარული ან ჰოლანდური ძროხები ქართლის მინდვრებში ვერ გასძლებდნენ, რომ ჩვენი გლეხი მსუბუქსა და იაფ ქალამანს არ გაიხდიდა და მძიმე ჩექმას არ ჩაიცვამდა, რომ ნაშინდარში მუსკატის ღვინო არ მოვიდოდა, რომ ქართლი ბელგია არ იყო, ხოლი ქართველი ინგლისელს არ წააგავდა.

მაინც მუდმივ თავისას გაიძახოდა და გამოცდილ გლეხებს ისეთს დარიგებას აძლევდა, რომ მისი გამოყენება ან არავის შეეძლო, ან კიდევ საზარალო და სახიფათო იყო.

რაც გლეხს სჭირდებოდა, თეიმურაზმა არ იცოდა, რაც თეიმურაზმა იცოდა, გლეხს არ სჭირდებოდა.

გლეხებმა მალე გაიგეს თეიმურაზის უვარგისობა, და იმის დანარიგევს რომ ერთ ყურში შეიშვებდნენ, - უმალვე მეორე ყურიდან გაიფრენდნენ.

თეიმურაზის აზრი და სიტყვა ხშირად დასტრიალებდა მიწას, სახლ-კარსა და ციხე-დარბაზს. ნათავადარი ჯერ კიდევ იმედს არ ჰკარგავდა. სახნავ-სათესი გულიდან ამოიყარა, მაგრამ ქვეყნის გადაბრუნებას და სახლ-კარისა და ბაღ-ვენახის დაბრუნებას დღითი-დღე ელოდებოდა.

ჯერ-ჯერობით კი კვლავ ჩანჩალით დაეხეტებოდა და თავის დახაშმულ სიცოცხლეს ძლივს-ღა დაათრევდა, რომელიც თავმობეზრებულ ჯაყოს ხიზანს აყროლებულ ძაღლივით ისევ კისერზე ეკიდა.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — მიხეილ ჯავახიშვილი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.