prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ჯაყოს ხიზნები — ნაწილი პირველი — თავი V

მიხეილ ჯავახიშვილი · პროზა

– V –

წინად რომ ჯაყო ჯივაშვილს ჰკითხავდნენ, სადაური ხარო, ჯაყო ტაბიკის თითს როკის მთისკენ გაიშვერდა და იტყოდა:

- იქაური ხარ, შენი წირი მე. საწყალი ჯაყო ობოლი ხარ, არც ძმა გყავს, არც მამა და არც ბიძა. ჯაყოს მარტო საწყალი ქეშელა გყავს, შენი წირი მე.

მერმე კი, როცა გლეხობას მიწის ციებ-ცხელება აუტყდა, როკის მთაში ჯაყოს ძმებიც აღმოუჩნდნენ და ბიძებიც.

როცა დრო მოვიდა, მთებიდან მოულოდნელად კბილებამდე იარაღში ჩამსხდარი ხუთი ჯივაშვილი ჩამოვარდა. ჩამოცვივდნენ და ჯაყოს გვერდით ამოუდგნენ.

თვითონ ჯაყოს დილით-დილამდე ზედ ეკიდა რუსული თოფი, მაუზერის დამბაჩა, თეიმურაზის მამა-პაპეული ხმალ-ხანჯალი, სამასი ვაზნით გატენილი სამი სავაზნე და ოთხი საომარი ყუმბარა.

არსენალად გადაქცეული ჯაყო თეიმურაზის მამულს გარს უვლიდა და, ვითარცა უპატრონო ქონებისა და თავისი ნაოფლარის კანონიერი მემკვიდრე, გააფთრებული გაჰკიოდა:

- ჩემია! ჩემია! ჯაყო დედას გიტირებდე, ვინც მოხვიდოდე!

გვერდით ძმები და ბიძები ჰყავდა: ქეშელა, გიბა, ტელა, მეშთა და ბრინკა. ისინიც ჯაყოს გაბერილ მადას იარაღით ადასტურებდნენ:

- მაშ, მაშა! ყველაფერი ჩვენია, ჩვენი! დედას გიტირებდით, დედასა!!

ჯაყომ ძალას და მუქარას ხერხი და კეთილი გულიც დააყოლა: მთელი სოფელი რამდენჯერმე დაჰპატიჟა, სამი ქოცო დააცალიერა, ათიოდე ცხვარი დაჰკლა, გლეხების გული მოინადირა, მტრებიც შეირიგა და ხელისუფლებაც გაამაგრა.

- გაგიმარჯოს ჟორდანიას მთავრობასა! - გაჰკიოდა წარამარა.

- გაგიმარჯოს! საწყალი ხალხი მიწა მოგეცი ჟორდანიამა.

ხელისუფლება და პირველობა ჯაყოს თავის-თავად ჩაუვარდა ხელში.

ამიერიდან ჯაყო ნაშინდარის თავიც გახდა, მსაჯულიც, ვექილიც და მზრუნველიც. კვირა არ გავიდოდა, რომ შეიარაღებული ჯაყო გორის ან ცხინვალის ხელისუფლებს კრიჭაში არ ჩასდგომოდა და არ ახვიხვინებულიყო.

- ნაშინდარის ხალხმა გიბრძანა ჯაყოსა... ჩვენი ხალხი სამართალი გინდა!.. ჩვენი ხალხი მაგოდენა ნალოგი არ გადაიხდი!.. მორჩი და გათავდი!

საცა მუქარა და ხალხის სახელი არ გასჭრიდა, იქ ახმახი ჯაყო გაბავშვდებოდა, გაკრავდებოდა და აცრემლდებოდა:

- გიშველეთ, შენი წირი მე, თორემა მთელი სოფელი დაიღუპე... ყველასა გშიან, ტანისამოსიც აღარა გაქვს, საქონელიც შიმშილით გაგიწყდა. გიშველეთ ნაშინდარსა!

მუდარა გასჭრიდა თუ არ გასჭრიდა, ჯაყო მაინც სოფელს დაუვლიდა:

- ჯაყოს დიდი ხარჯი გაქვს. შენ, კაკუჩა, ერთი ჩანახი ჩამოდი! შენც, ბრეცია, ერთი ქათამი მოიტა... შენზე ერთი გოწი გაგაწერე, წრიწინა!

ბოლოს, თვითონ თეიმურაზის თხოვნით, ჯაყოს ქვემო ნაფუზრებში თოთხმეტი დღიური მიუზომეს. ჯაყომ სახნავ-სათესი იშოვნა, ხოლო სახლ-კარისა და ბაღ-ვენახის დაჩემება სამერმისოდ გადასდო. მერმე ქალაქში ჩამოვიდა, თეიმურაზს ზღვენი ჩამოუტანა და ერთი კვირის ღიჯინით, მუდარით და მუქარით ისე გააბრუა ჯერ კიდევ ძლიერი თეიმურაზი, რომ დაშინებულმა თავადმა თავის მოურავს სახლ-კარიც და ბაღ-ვენახიც თითქმის უფასოდ დაუთმო იჯარით.

გავიდა ორი წელიწადი. ჯაყომ ორიოდე ზღვენი კიდევ მიართვა თეიმურაზს, თანაც მილეულ ზურგზე დათვის თათს უბარტყუნებდა, ღოჯის კბილებს აელვებდა და იღრიჯებოდა:

- ღალას მერე მოგიტანებდე, შენი წირი მე, მოსავალი არ მოხვიდოდე. ზოგი გლეხები მოაძევებდე, ზოგს მოიპარებდე, ზოგსაც ნალოგი წაიღებდე. ჯაყო ცოლს შეირთავდე, შენი წირი მე. ხარჯიც დიდი გქონდა.

- ეგ მეორეა თუ მესამე, ჯაყო?.. - ჰკითხა მარგომ.

- მეორე ხარ, შენი წირი მე. ისეთი ლამაზი ქართველი ქალი მოიყვანე, როგორც მთვარე.

და ერთი ისე დაიჭიხვინა, რომ ფანჭრის მინები ააწკარუნა. კიდევ გავიდა ხანი. ვარდის ფერი საქართველო დამუქდა და გაწითლდა. როკის მთებიდან კიდევ ერთხელ ჩამოგორდნენ ჯაყოს ძმები და ბიძები, და კიდევ ერთხელ მიეშველნენ თავიანთ ბელადს, რომელიც ისევ იარაღში ჩაიჭედა, ისევ გაცოფებული ურბენდა გარშემო თეიმურაზის სახლ-კარს, ბაღ-ვენახს და ისეთის ხაპი ხმით გაჰკიოდა, რომ მისი მუქარა მთელ სოფელს სწვდებოდა:

- დედას გიტირებ, დედასა! აბა ახლოს მოხვიდოდე ვინმე! აბა ერთი გამოხვიდოდე, თუ ვაჟკაცი იქნებოდე!

- ჩვენია! ჩვენია სახლიც და ბაღიც! - კვლავ უდასტურებდნენ გიგა, ქეშელა, ტურა, მეშთა და ბრინკა.

ხუთივენი წამდაუწუმ თოფსა და მაუზერს აჩხაკუნებდნენ, ხელში ყუმბარებს იმარჯვებდნენ და ხმალ-ხანჯალს ჰფერავდნენ. ხოლო ღამ-ღამობით, უხილავი მტრებისა და ლანდების დასაფრთხობად, თოფსა და მაუზერს აგრიალებდნენ.

ჯაყომ ღრიალს და ქადილს ისევ ზედ დააყოლა ცხვარი და ღვინო, არაყი და მწვადები, ოსური ლუდი და ხაბიზგინები, მტერებთან შერიგება და ხელისუფლებასთან ღიჯინი:

- ჩვენი ხალხი ძალიან რევალცია ხალხია, შენი წირი მე. მუდამ მზათა ხართ თოფი გესროლოთ მტრებსა და ყაჩაღებსა. ნაშინდარში ყველანი ძმები ხართ და ძმა-ბიწურად ცხოვრობთ... ჩვენ, შენი წირი მე, არაფერი არ გინდა ბალშენიკებისგან. მარტო ნალოგი ნუ წაიღებდე. წლეულს ძალიან ცუდი მოსავალი გქონდა. ყველასა გშიან, შენი წირი მე. სეტყვაც მოგივიდა და გოლვაც გქონდა. სულ დაგილპა იქაურობა, შენი წირი მე, სულ!

ასეთის ღრეჭითა და ასნაირ ხრიკებით სოფლისთვის ჯერ შეღავათს მიიღებდა, მერმე სამაგიეროს სოფლისგან თხოულობდა და გლეხებს საყვედურით თავს აბეზრებდა:

- ჯაყო სოფელს გიშველა... ჯაყო ნალოგი გაპატიე... ჯაყო ყველაფერი გაგიკეთე... ჯაყო დიდი კაცი გახდი, მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა! - და ქადილსა და საყვედურს ისევ წუწუნი მოსდევდა:

- მოგეცი ჯაყოს ვალი, თორემ ჯაყოს მეტი აღარ შეგიძლიან.

და ჯაყოს ოჯახში უხვად შედიოდა ხორბალი და ლობიო, მატყლი და წვრილფეხა, კარაქი, ერბო, ფრინველი და მრავალი გლეხური ნაცოდვილარი და ნაოფლარი. ჰკრეფდა ჯაყო ღალას და ახალ ჰანგზე გაიძახოდა:

- ღმერთმა გაკურთხოს ბალშენიკების მთავრობაი, რომელმაცა საწყალ ჯაყოს სახლიც მოგცა, ბაღიც, ვენახიცა და კარგი ზაკონიცა! ძირს ჟორდანია! აღარ გინდა ჯაყოს ბურჯუაძის მთავრობაი, აღარა!

ჯაყომ ნატვრა შეისრულა და იმ სახლსა და ბაღ-ვენახში არხეინად მოიკეცა. გულიც დაიმშვიდა. იარაღიდან ამოძვრა, დაიმკლავა და ისე დააძგერა თავისი ნათესავები იმ მიწას და ბაღ-ვენახს, როგორც მოსისხლე მტერს: რიჟრაჟიდან ბინდამდე ჰხნავდნენ, სთესავდნენ, ჰბარავდნენ, სხლავდნენ, მკიდნენ და... ჩუმად ვაჭრობდნენ და უღვთოდ ვახშობდნენ.

იმავ როკელ-ჯაველ ნათესავების დახმარებით ჯაყო მალულად ვაჭრობდა ყველით, ერბოთი, მატყლით, ქსოვილით, ხორბალით, მსხვილფეხა საქონლით და ყველაფრით, რაც ხელში მოჰხვდებოდა და რასაც წვენს გამოადენდა. ვაჭრობდა ჯაყო და სუქდებოდა, შეძენის ხურუშს იქრობდა და უდროოდ და უალაგოდ ჭიხვინით ქადილობდა და ილოცებოდა:

- მაშ, მაშ! აგრე ვიცის ჯაყომა! ღმერთმა გაცოცხლოს ჩვენი თავრობაი და რევალცია, რომელიცა რომა ჯაყოსთანა საწყალსა მიწა და სახლი მოგეცი. შეგეწიოს ჯაყოსა იმისი მადლი და ანგელოზი!

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — მიხეილ ჯავახიშვილი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.