ნაწილი პირველი — თავი V
ადრე როცა ჯაყო ჯივაშვილს ეკითხებოდნენ, სადაური ხარო, ჯაყო თითს როკის მთისკენ გაიშვერდა და იტყოდა:
– იქაური ვარ, შენი ჭირი მე. საწყალი ჯაყო ობოლი ვარ, არც ძმა მყავს, არც მამა და არც ბიძა. ჯაყოს მარტო საწყალი ქეშელა მყავს, შენი ჭირი მე.
შემდეგ კი, როცა გლეხობას მიწის ციებ-ცხელება აუტყდა, როკის მთაში ჯაყოს ძმებიც აღმოუჩნდნენ და ბიძებიც.
როცა დრო მოვიდა, მთებიდან მოულოდნელად კბილებამდე იარაღში ჩამსხდარი ხუთი ჯივაშვილი ჩამოვიდა. ჩამოვიდნენ და ჯაყოს გვერდით ამოუდგნენ.
თვითონ ჯაყოს დილიდან დილამდე ეკიდა რუსული თოფი, მაუზერის დამბაჩა, თეიმურაზის მამა-პაპეული ხმალი-ხანჯალი, სამასი ვაზნით სავსე სამი სავაზნე და ოთხი საომარი ყუმბარა.
არსენალად გადაქცეული ჯაყო თეიმურაზის მამულს გარს უვლიდა და, როგორც უპატრონო ქონებისა და თავისი ნაშრომის კანონიერი მემკვიდრე, გააფთრებული გაჰკიოდა:
– ჩემია! ჩემია! ჯაყო დედას გიტირებდეთ, ვინც მოხვიდეთ!
გვერდით ძმები და ბიძები ჰყავდა: ქეშელა, გიბა, ტელა, მეშთა და ბრინკა. ისინიც ჯაყოს გაზრდილ მადას იარაღით ადასტურებდნენ:
– მაშ, მაშა! ყველაფერი ჩვენია, ჩვენი! დედას გიტირებდით, დედასა!!
ჯაყომ ძალას და მუქარას ხერხი და კეთილი გულიც დააყოლა: მთელი სოფელი რამდენჯერმე დაპატიჟა, სამი ქოცო დააცარიელა, ათამდე ცხვარი დაკლა, გლეხების გული მოიგო, მტრებიც შეურიგდა და ხელისუფლებაც გაამაგრა.
– გაგიმარჯოს ჟორდანიას მთავრობასა! – გაჰკიოდა განუწყვეტლივ.
– გაგიმარჯოს! საწყალ ხალხს მიწა მოგცა ჟორდანიამა.
ხელისუფლება და პირველობა ჯაყოს თავისთავად ჩაუვარდა ხელში.
ამიერიდან ჯაყო ნაშინდარის თავიც გახდა, მსაჯულიც, ადვოკატიც და მზრუნველიც. კვირა არ გავიდოდა, რომ შეიარაღებული ჯაყო გორის ან ცხინვალის ხელისუფლებას კრიჭაში არ ჩასდგომოდა და არ ახვიხვინებულიყო.
– ნაშინდარის ხალხმა გიბრძანა ჯაყოსა... ჩვენი ხალხი სამართალს ითხოვს!.. ჩვენი ხალხი მაგდენ გადასახადს არ გადაიხდის!.. მორჩი და გათავდი!
სადაც მუქარა და ხალხის სახელი არ ჭრიდა, იქ ახმახი ჯაყო გაბავშვდებოდა, გაკრუნჩხდებოდა და აცრემლდებოდა:
– გვიშველეთ, შენი ჭირი მე, თორემ მთელი სოფელი დაიღუპება... ყველას გშიათ, ტანსაცმელიც აღარ გაქვთ, საქონელიც შიმშილით გაგიწყდათ. გვიშველეთ ნაშინდარს!
მუდარა გაჭრიდა თუ არ გაჭრიდა, ჯაყო მაინც სოფელს დაუვლიდა:
– ჯაყოს დიდი ხარჯი აქვს. შენ, კაკუჩა, ერთი ჩანახი ჩამოდი! შენც, ბრეცია, ერთი ქათამი მოიტა... შენზე ერთი გოჭი გაგაწერე, წრიწინა!
ბოლოს, თვითონ თეიმურაზის თხოვნით, ჯაყოს ქვემო ნაფუძრებში თოთხმეტი დღიური მიუზომეს. ჯაყომ სახნავ-სათესი იშოვა, ხოლო სახლ-კარისა და ბაღ-ვენახის დაჩემება მომავლისთვის გადადო. შემდეგ ქალაქში ჩამოვიდა, თეიმურაზს საჩუქრები ჩამოუტანა და ერთი კვირის განმავლობაში ღიჯინით, მუდარით და მუქარით ისე გააბრუა ჯერ კიდევ ძლიერი თეიმურაზი, რომ დაშინებულმა თავადმა თავის მოურავს სახლ-კარიც და ბაღ-ვენახიც თითქმის უფასოდ დაუთმო იჯარით.
გავიდა ორი წელიწადი. ჯაყომ ორიოდე საჩუქარი კიდევ მიართვა თეიმურაზს, თანაც დასუსტებულ ზურგზე დათვის თათს უბარტყუნებდა, ღოჯის კბილებს აელვებდა და იღრიჯებოდა:
– მოსავალს მერე მოგიტან, შენი ჭირი მე, მოსავალი არ მოვიდა. ზოგი გლეხები გააძევეს, ზოგი მოიპარეს, ზოგსაც გადასახადი წაართვეს. ჯაყო ცოლს შეირთავს, შენი ჭირი მე. ხარჯიც დიდი გქონდა.
– ეგ მეორეა თუ მესამე, ჯაყო?.. – ჰკითხა მარგომ.
– მეორე ხარ, შენი ჭირი მე. ისეთი ლამაზი ქართველი ქალი მოიყვანე, როგორც მთვარე.
და ერთი ისე დაიჭიხვინა, რომ ფანჯრის მინები ააწკარუნა. კიდევ გავიდა ხანი. ვარდისფერი საქართველო დამუქდა და გაწითლდა. როკის მთებიდან კიდევ ერთხელ ჩამოგორდნენ ჯაყოს ძმები და ბიძები, და კიდევ ერთხელ მიეშველნენ თავიანთ ბელადს, რომელიც ისევ იარაღში ჩაიჭედა, ისევ გაცოფებული ურბენდა გარშემო თეიმურაზის სახლ-კარს, ბაღ-ვენახს და ისეთი ხრინწიანი ხმით გაჰკიოდა, რომ მისი მუქარა მთელ სოფელს სწვდებოდა:
– დედას გიტირებ, დედასა! აბა ახლოს მოხვიდეთ ვინმე! აბა ერთი გამოხვიდეთ, თუ ვაჟკაცი იქნებით!
– ჩვენია! ჩვენია სახლიც და ბაღიც! – კვლავ უდასტურებდნენ გიგა, ქეშელა, ტურა, მეშთა და ბრინკა.
ხუთივენი წამდაუწუმ თოფსა და მაუზერს აჩხაკუნებდნენ, ხელში ყუმბარებს იმარჯვებდნენ და ხმალი-ხანჯალს ეფერებოდნენ. ხოლო ღამ-ღამობით, უხილავი მტრებისა და აჩრდილების დასაფრთხობად, თოფსა და მაუზერს აგრიალებდნენ.
ჯაყომ ღრიალს და ქადილს ისევ ზედ დააყოლა ცხვარი და ღვინო, არაყი და მწვადები, ოსური ლუდი და ხაბიზგინები, მტრებთან შერიგება და ხელისუფლებასთან ღიჯინი:
– ჩვენი ხალხი ძალიან რევოლუციური ხალხია, შენი ჭირი მე. მუდამ მზად ხართ თოფი ესროლოთ მტრებსა და ყაჩაღებს. ნაშინდარში ყველანი ძმები ხართ და ძმა-ბიჭურად ცხოვრობთ... ჩვენ, შენი ჭირი მე, არაფერი არ გვინდა ბოლშევიკებისგან. მარტო გადასახადი ნუ წაიღებთ. წელს ძალიან ცუდი მოსავალი გვქონდა. ყველას გშიათ, შენი ჭირი მე. სეტყვაც მოვიდა და გვალვაც გქონდათ. სულ დაგილპათ იქაურობა, შენი ჭირი მე, სულ!
ასეთი ღრეჭითა და ასნაირი ხრიკებით სოფლისთვის ჯერ შეღავათს მიიღებდა, შემდეგ სამაგიეროს სოფლისგან ითხოვდა და გლეხებს საყვედურით თავს აბეზრებდა:
– ჯაყომ სოფელს უშველა... ჯაყომ გადასახადი გაპატია... ჯაყომ ყველაფერი გაგიკეთა... ჯაყო დიდი კაცი გახდა, მაშ, მაშა! ასე იცის ჯაყომა! – და ქადილსა და საყვედურს ისევ წუწუნი მოსდევდა:
– მომეცით ჯაყოს ვალი, თორემ ჯაყოს მეტი აღარ შეუძლია.
და ჯაყოს ოჯახში უხვად შედიოდა ხორბალი და ლობიო, მატყლი და წვრილფეხა საქონელი, კარაქი, ერბო, ფრინველი და მრავალი გლეხური ნაშრომი და ნაოფლარი. კრეფდა ჯაყო მოსავალს და ახალ ჰანგზე გაიძახოდა:
– ღმერთმა გაკურთხოს ბოლშევიკების მთავრობა, რომელმაც საწყალ ჯაყოს სახლიც მოგცა, ბაღიც, ვენახიც და კარგი კანონიც! ძირს ჟორდანია! აღარ გვინდა ჯაყოს ბურჟუაზიული მთავრობა, აღარა!
ჯაყომ ნატვრა შეისრულა და იმ სახლსა და ბაღ-ვენახში მშვიდად მოიკეცა. გულიც დაიმშვიდა. იარაღიდან ამოძვრა, დაიმორჩილა და ისე დააძგერა თავისი ნათესავები იმ მიწას და ბაღ-ვენახს, როგორც მოსისხლე მტერს: განთიადიდან ბინდამდე ხნავდნენ, თესავდნენ, ბარავდნენ, სხლავდნენ, კრეფდნენ და... ჩუმად ვაჭრობდნენ და უღვთოდ ვახშობდნენ.
იმავე როკელი-ჯაველი ნათესავების დახმარებით ჯაყო მალულად ვაჭრობდა ყველით, ერბოთი, მატყლით, ქსოვილით, ხორბლით, მსხვილფეხა საქონლით და ყველაფრით, რაც ხელში მოხვდებოდა და რასაც მოგებას გამოადენდა. ვაჭრობდა ჯაყო და სუქდებოდა, შეძენის ვნებას იქრობდა და უდროოდ და უადგილოდ ჭიხვინით იქადნებოდა და ლოცულობდა:
– მაშ, მაშ! ასე იცის ჯაყომა! ღმერთმა გაცოცხლოს ჩვენი მთავრობა და რევოლუცია, რომელმაც ჯაყოს, საწყალს, მიწა და სახლი მოგცა. შეგეწიოს ჯაყოს იმისი მადლი და ანგელოზი!