თავი I
თავი I
ეს ამბავი მოხდა ქალაქ სოხუმში 1918 წელს. ამ დროს რუსეთში ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ ძალიან სასტიკი სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა.
ეს ომი განსაკუთრებით სასტიკი და მწვავე იყო სამხრეთ რუსეთში. იქ კონტრრევოლუციური ძალები ბოლო პოზიციების შენარჩუნებას ცდილობდნენ. საბჭოთა ხელისუფლება ძლიერად ესხმოდა თავს მათ, შავი ზღვისკენ ერეკებოდა და თავისი საზღვრებიდან აძევებდა. შავ ზღვაზე და მის სანაპიროებზე სისხლისღვრა იყო ყველგან.
იმ დროს აფხაზეთი ამიერკავკასიის კომისარიატის ხელისუფლებას ემორჩილებოდა და ფაქტობრივად რუსეთს მოწყვეტილი იყო.
აღნიშნული წლის 27 თებერვალს, დილაადრიან, ქალაქ სოხუმში მოულოდნელად გავრცელდა ხმა:
ბოლშევიკების კრეისერი „შმიდტი“ ქალაქის ნავსადგურს უახლოვდება, ეტყობა, შემოსვლას აპირებსო.
პირველ ხმას მაშინვე მეორეც მოჰყვა:
წითელ კრეისერს მეთაურად „მრისხანედ“ წოდებული ბოცმანი კუზმა კილგა ახლავსო.
სოხუმს არაერთხელ გაეგონა ეს სახელი.
კუზმა კილგა იყო ძველი მეზღვაური, 1905 წლის მეამბოხე. ის იყო ცნობილი შმიდტის თანამებრძოლი ბოცმანი. მეფის მთავრობამ მას უვადო კატორღა მიუსაჯა შმიდტის ამბოხებაში მონაწილეობისთვის. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ კილგა ისევ თავის საქმეს დაუბრუნდა და შავი ზღვის ფლოტში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. მისი სახელი მალე ცნობილი გახდა როგორც ზღვაზე, ისე მის სანაპიროებზე. მტრებმა მას მეტსახელად „მრისხანე“ შეარქვეს. ეს მეტსახელი მის სახელს გვარის მაგივრად დაემატა და ისე შეეზარდა, როგორც აუცილებელი ზედსართავი სახელი:
— კუზმა-მრისხანე.
საბჭოთა მთავრობამაც მას უდიდესი ნდობა გამოუცხადა: თავისი უძლიერესი სამხედრო გემის — კრეისერ „შმიდტის“ — მეთაურობა ჩააბარა. ეს იყო დამსახურებული ჯილდო კონტრრევოლუციის წინააღმდეგ თავდაუზოგავი ბრძოლისთვის.
სოხუმის ქალაქისთავს, სამსონ დავანაძეს, ბოლშევიკების სამხედრო გემის მოახლოების ამბავი დილაადრიანადვე მიუტანეს ბინაზე. ის ჯერ კიდევ ლოგინში იწვა. „შმიდტისა“ და „კუზმა მრისხანის“ გაგონებაზე შეშინებული ადგა. მოულოდნელობისა და აჩქარებისგან ძლივს მოასწრო ჩაცმა და პირდაუბანელმა ქალაქის საბჭოსკენ გაეშურა.
ის მაღალი, ზორბა კაცი იყო, წითური წვერი მკერდზე ჰქონდა დაფენილი. ქშენით მიდიოდა და თან ზღვისკენ იყურებოდა.
— აბა, მაჩვენეთ, სად არის?
თბილი და მზიანი დღე იყო. ასეთი ამინდი ზამთარში იშვიათი იყო ამ მზითა და სითბოთი განებივრებული მხარისთვისაც კი. დაწყნარებული ზღვის ალერსიანი, მშვიდი კამკამი დაუჯერებელს ხდიდა გავრცელებულ ამბავს.
ჰორიზონტი ნათელი იყო. დავანაძის თვალებმა საეჭვო ნიშანიც კი ვერ შენიშნეს ნაპირიდან ზღვის შორეულ კიდემდე. „შიშისაგან თუ მოეჩვენათ“, — ფიქრობდა ქალაქისთავი და ბრაზობდა სოხუმელებზე. გულში ჰქონდა, რომ თუ განგაში ტყუილი აღმოჩნდებოდა, სასტიკად დაეტუქსა ის, ვინც ჭორს ავრცელებდა და ხალხში შფოთს იწვევდა. თვითონ თავი ძველ რევოლუციონერად მოჰქონდა და ბოლშევიკების არ ეშინოდა — მეფის დროს ციმბირში იყო გადასახლებული რევოლუციონერობისთვის.
ქალაქის საბჭოს წინ მოქალაქეებს საკმაოდ ბლომად მოეყარათ თავი. ესენი ძირითადად სოხუმის მესაკუთრეები იყვნენ. აღელვება ეტყობოდათ. ორი-სამი ბინოკლითაც იყო შეიარაღებული.
— კი მაგრამ, რატომ დაიჯერეთ ასეთი ჭორი? საიდან სადაო? — მიუახლოვდა მათ სამსონ დავანაძე. — ბოლშევიკების გემს ჩვენთან რა საქმე აქვს! მოქალაქეები გარს შემოეხვივნენ. ცნობა დაუდასტურეს.
— ნამდვილზე ნამდვილია. ჩვენი თვალით დავინახეთ, გაგრიდან ჩამოსულებიც ამბობენ, ის არისო. გემი რაღაც საეჭვოდ მიმოდის ზღვაში და ეს უნდა იცოდეთო.
— ახირებულია, თქვენმა მზემ. გემი იმისთვის არის გემი, რომ ზღვაში მიმოდიოდეს. მაშ ხმელეთზე ხომ ვერ ივლის, — აიმრიზა ქალაქისთავი. მან მოქალაქეების შიში არაფრად ჩააგდო და თავისი მოჭრილი პასუხით კმაყოფილმა საბჭოს შენობაში შესვლა დააპირა.
ამ დროს ვიღაცამ წამოიძახა:
— აი, აი, ისევ გამოჩნდა! აი, ის არის!
ქალაქისთავი სწრაფად შემოტრიალდა და გაოცებულმა იკითხა:
— აბა, სად არის?
ერთმა მოქალაქემ ხელში ბინოკლი შეაჩეჩა.
დავანაძემ წვერი დაიფერთხა, კისერი წაიგრძელა და ბინოკლით შეიარაღებული თვალები ზღვას დაუმიზნა.
— სწორია, რომ გემია... სამხედროსაც ჰგავს... მაგრამ რატომ არის მაინცდამაინც „შმიდტი“, ეს ვერ გამიგია, — თქვა მან, როცა ზღვის სივრცე შეათვალიერა, მაგრამ ხმაში წინანდელი სიმტკიცე და სითამამე აღარ ეტყობოდა. ჩანდა, რომ თავადაც ეჭვი შეეპარა.
— მოგეხსენებათ, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო, — ყურში ჩასჩურჩულა მას ბინოკლის პატრონმა, სოხუმში კარგად ცნობილმა ვაჭარმა რაჟდენ თორიამ, რომელსაც „შმიდტის“ მოახლოება ყველაზე მეტად შეეშინებინა. — კარგი იქნება, თუ გაგრას გამოიძახებთ და ამბავს ჰკითხავთ. დაგვიანება არ ვარგა, თუ „ისინი“ არიან მართლა, დროზე უნდა მოვემზადოთ.
ეს რჩევა ქალაქისთავს ჭკუაში დაუჯდა, საბჭოში შევარდა და ტელეფონს მიაშურა.
გაგრის პასუხი ასეთი იყო:
— ეს მესამე დღეა, კრეისერ „შმიდტს“ შორიახლო ვამჩნევთ. გუშინ საღამოს თვალთაგან დაგვეკარგა. ამბობენ, ამ მხარეს ამისთვის დადის, რომ დამარცხებულ თეთრგვარდიელებს გზა გადაუჭრასო. ნამდვილად კი არავინ იცის, კონკრეტულად რა საომარი ამოცანა აქვს დასახული... ჩვენი დაკვირვებით თქვენკენ წამოვიდა. შეიძლება, გეწვიოთ, მზად იყავით.
სამსონ დავანაძისთვის ახლა აშკარა გახდა, რომ ბინოკლში დანახული გემი უეჭველად „შმიდტი“ იყო და მას მართლა ყოველ საათს შეეძლო, სოხუმს სტუმრებოდა.
სერიოზულად დაფიქრდა. მის წინაშე მთელი თავისი პირდაპირობითა და აუცილებლობით დადგა საკითხი, როგორ მოქცეულიყო იმ შემთხვევაში, თუ კრეისერი სოხუმის ნავსადგურში შემოვიდოდა და ქალაქს რაიმე მოთხოვნას წაუყენებდა.
ადვილი არ იყო ამ საკითხის გადაჭრა.
დავანაძეს იგი პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხად ეჩვენებოდა. მით უმეტეს, რომ პოლიტიკური ურთიერთობა ამ დროს მეტად დაძაბული იყო. ეჭვი არ იყო, ქალაქისთავის საქციელს ამ შემთხვევაში სათანადოდ შეაფასებდნენ და შედეგისთვის პასუხისმგებლობას მასვე დააკისრებდნენ.
— თუ მეგობრულად დავხვდი, მტერია, ბოლშევიკობას შემწამებენ. თუ მტრულად — გაბედე, თუ ვაჟკაცი ხარ: ნავი კი არ არის, კრეისერია ნამდვილი, მერე ისიც ბოლშევიკების. რისი იმედით? ის კუზმა-მრისხანეც უეჭველად ტყუილად არ ატარებს თავის მეტსახელს. ქალაქისთავი საგონებელში ჩავარდა.
პირველი ნაბიჯი, რომელიც მან გადადგა ყოველგვარი პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად, ეს იყო თბილისში საიდუმლო დეპეშის გაგზავნა: ასეა საქმე და როგორ მოვიქცეთო. მაგრამ ეს უფრო ფორმალობის დაცვა იყო მისი მხრიდან. კარგად იცოდა, რომ დროზე არავინ უპასუხებდა, და თუ მიიღებდა მაინც რაიმე პასუხს, იგი ხელმძღვანელობად უეჭველად არ გამოადგებოდა.
მეორე ნაბიჯი კი ნამდვილ გამოსავალს წარმოადგენდა შექმნილი მდგომარეობიდან. ამავე დროს იგი სამსონ დავანაძის ჭკუამახვილობისა და ალღოს მაჩვენებელიც იყო.
მას სწორედ დეპეშის შედგენის დროს გაახსენდა, რომ სოხუმშიც არსებობდა მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭო, რომლის თავმჯდომარედ დავანაძის კარგი მეგობარი ნარიქ ეშბა ითვლებოდა. ესეც ძველი რევოლუციონერი, ციმბირგამოვლილი და სხვა მრავალი ღირსებით შემკული კაცი იყო.
რევოლუციის შემდეგ ფართო საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსულ აფხაზთა შორის იგი ყველაზე უფრო წინდახედული, ჭკვიანი და მოქმედი იყო. სხვათა შორის, მას არსებული მთავრობის საწინააღმდეგო განწყობას აბრალებდნენ, რუსეთის მომხრედ თვლიდნენ, მაგრამ ეს უფრო ჭორის სახით იყო გავრცელებული, მითქმა-მოთქმის ფარგლებს არ სცილდებოდა და ხელს არ უშლიდა ეშბას, ჰქონოდა თვალსაჩინო და საპასუხისმგებლო თანამდებობა.
მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭო, რომელსაც ნარიქ ეშბა თავმჯდომარეობდა, ამჟამად თითქმის არ მოქმედებდა — მიყუჩებულივით იყო. მაგრამ ეს არ იყო ეშბას ბრალი. ბოლო დროს ამ ორგანიზაციის მოვალეობა ისღა იყო, რომ დროგამოშვებით, როცა მდგომარეობა გართულდებოდა, მომენტის შესაფერის რეზოლუციას მიაღებინებდნენ და გაზეთებში გამოაცხადებდნენ. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ამ ორგანიზაციას ჯერ კიდევ ჰქონდა შერჩენილი რევოლუციური ავტორიტეტი და მისი გვერდის ავლა არ შეიძლებოდა.
— ევრიკა! — წამოიძახა დავანაძემ და წვერის დაფერთხვით თავის თავს მიხვედრა მოუწონა. მის წინაშე მოქმედების მთელი გეგმა გადაიშალა: როგორც თვით მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა დეპუტატების ადგილობრივი საბჭო, ისე მისი თავმჯდომარე ქალაქისთავს ახლა ისე წარმოუდგნენ, თითქოს ისინი თავიდანვე ამქვეყნად იმიტომ ყოფილიყვნენ გაჩენილები, რომ ამ დილას მოულოდნელად შექმნილი მდგომარეობისთვის მოევლოთ და ეპატრონათ.
— აი, ნამდვილი რევოლუციური ორგანო. მე რა შუაში ვარ, მართალი რომ ვთქვათ. ნურავის დაავიწყდება, რომ ამ რევოლუციური ორგანოს ოფიციალური სახელწოდება შეიცავს არა მხოლოდ „მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა დეპუტატებს“, არამედ „მეზღვაურთა“ დეპუტატებსაც, რასაც ხშირად შემოკლებისთვის არ ხმარობენ, მაგრამ ყოველთვის გულისხმობენ... დიახ და, აი, ახლა მეზღვაურები მოდიან. კეთილი ინებეთ, მუშათა, გლეხთა, ჯარისკაცთა და მეზღვაურთა დეპუტატებო, დახვდით ამხანაგებს და შესაფერისი მასპინძლობა გაუწიეთ. მორჩა და გათავდა.
ქალაქისთავმა მაშინვე გაგზავნა კურიერი ნარიქ ეშბასთან და საბჭოში დაიბარა იგი.
ეშბამ ყურადღებით მოისმინა სამსონ დავანაძის წინადადება. რა თქმა უნდა, მაშინვე მიხვდა ქალაქისთავის ჩანაფიქრს. ცოტა ხანს დაფიქრდა და შემდეგ ასეთი მეგობრული პასუხი გასცა:
„პასუხისმგებლობას ან შენ რატომ იღებ საკუთარ თავზე, ძვირფასო სამსონ, ან რატომ გინდა, რომ მაინცდამაინც მე ამაღებინო? ხომ იცი, რა მდგომარეობაა. თუ საქმე პასუხისმგებლობამდე მივიდა, სჯობს, მისი ტვირთი ისე გადანაწილდეს, ყოველი შემთხვევისთვის, რომ ბრალი ყველას და ამავე დროს არავის არ დაედოს...
ჩემი აზრით, ასე უნდა მოვიქცეთ: მოვიწვიოთ ქალაქის საბჭოს და მუშათა, გლეხთა, ჯარისკაცთა და მეზღვაურთა დეპუტატების საბჭოს პრეზიდიუმების სასწრაფო გაერთიანებული სხდომა. ამ სხდომას დაესწრებიან პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. იქ დავსვათ ეს საკითხი.
შეიძლება, გავლენიანი მოქალაქეებიც მოვიწვიოთ, როგორც დაინტერესებული ხალხი. დაე, მათ გადაწყვიტონ, თუ როგორ უნდა დახვდეს ქალაქი სოხუმი ბოლშევიკების სამხედრო გემს. ასეთია ჩემი რჩევა და შენ, როგორც გინდა, ისე მოიქეცი.“
ეს აზრი ძალიან მოეწონა ქალაქისთავს. შურითაც კი აივსო მისი ავტორისადმი, რადგან მან ასე სწრაფად იპოვა ასეთი მოხერხებული გამოსავალი.
„აფხაზები ბუნებით დიპლომატები არიან, კიდევ მაჯობა, მგონია, ჭკუაში,“ – გაიფიქრა თავისთვის. მაგრამ რადგან რჩევა ძალიან მოეწონა, არ ეწყინა, რომ მას აჯობეს. საქმეს სწრაფად შეუდგა. მთელი აპარატი ფეხზე დააყენა.
თავი II
თავი II
– II –
პრეზიდიუმების გაერთიანებული სხდომა ისე სწრაფად შედგა და საბჭოს დარბაზს იმდენი ხალხი მოაწყდა, რომ ქალაქისთავის ყოველ მოლოდინს გადააჭარბა. ის მუდამ კვორუმის ნაკლებობას განიცდიდა. სხდომაზე ოფიციალურად მხოლოდ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არ გამოცხადდნენ. ამ გარემოებამ დავანაძე, ცოტა არ იყოს, დააფიქრა.
„უყურეთ, როგორ გაურბიან პასუხისმგებლობას. ეს პოლიტიკაა. ალბათ, ასე სჯობს,“ – გაიფიქრა გულში და მაშინვე გადაწყვიტა, რომ გაჩუმებულიყო და სხდომაზე ხმა არ ამოეღო. – „რაღა მე ვიტკინო თავი!.. შემდეგ კი ვნახოთ, გარემოება რას გვიკარნახებს.“
სხდომა ქალაქის საბჭოს თავმჯდომარემ გახსნა.
ეს იყო ბექირბი ჩაჩბა, აფხაზთა შორის ძალიან პოპულარული პიროვნება. მისდამი პატივისცემას ყველასათვის სავალდებულოს ხდიდა, გარდა დიდი გვარისა, რომლის უპირველეს წარმომადგენლად ითვლებოდა, მისი იშვიათი ტანადობაც და განსაკუთრებული აფხაზური გარეგნობით შემკული სახის სილამაზე.
მიუხედავად ხანდაზმულობისა, ბექირბი ჩაჩბა ისე ატარებდა თავისი გვარის არისტოკრატიულ ნიშნებს, რომ ყოველი თავმომწონე აფხაზი მოვალედ თვლიდა თავს, მიებაძა მისი საუბრის, მოქცევისა და ჩაცმულობისთვის.
სხდომის გახსნისთანავე მან საკითხი მამაშვილური პირდაპირობით დააყენა:
„რა ვქნათ, ბოლშევიკები კარს მოგვადგნენო.“
სიჩუმე ჩამოვარდა.
დამსწრენი ენაწყლიანი ორატორების გამოსვლას ელოდნენ, მაგრამ მათგან ახლა სიტყვის თქმის მსურველი არავინ გამოჩნდა.
მაშინ წამოდგა უპარტიო რაჟდენ თორია, ხმოსანი და მდიდარი მესაკუთრე. ის სხდომაზე საგანგებოდ იყო მოწვეული, როგორც სოხუმის ერთ-ერთი გავლენიანი მკვიდრი, და სიტყვა ითხოვა.
„რაკი ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელები დუმან, ნებას ვაძლევ ჩემს თავს, მოგახსენოთ სოხუმის ყველა მცხოვრებლის სახელით შემდეგი: აქ ბევრნი არიან და კიდევაც დამეთანხმებიან. მე მგონია, ლაპარაკისთვის დროც არ გაქვთ, მაგრამ საკითხი ისედაც ნათელია.
ახლა პოლიტიკური ანგარიშების გასწორების დრო არ არის. ჩვენ, უბრალო ხალხი, ამ ანგარიშებში არც ვერევით. ეს ჩვენი საქმე არ არის. ღმერთმა დაგვიფაროს, არც მივცემთ არავის ნებას, ისედაც გართულებული მდგომარეობა დღეს კიდევ უფრო მეტად გაგვირთულოს.
ჩვენ ვიცით მხოლოდ ერთი რამ: რადგანაც კრეისერ „შმიდტის“ ერთი გასროლაც კი საკმარისია, რომ ჩვენი სახლები და მთელი ჩვენი საარსებო ქონება, რაც კი გაგვაჩნია, ცეცხლმა თვალის დახამხამებაში შთანთქას, ჩვენი ქცევაც ამ უეჭველი გარემოებიდან უნდა გამომდინარეობდეს: – გემიც და მისი მეზღვაურებიც მთელმა ქალაქმა ისეთი პატივისცემით უნდა მიიღოს, რომ ეჭვიც კი არავის დაებადოს ჩვენს მათდამი თანაგრძნობასა და მეგობრულ განწყობაში.
ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ გემის ყველა მოთხოვნილება, რაც კი იქნება, დაუყოვნებლივ უნდა დავაკმაყოფილოთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს მაინც... ვინც სხვანაირად გვირჩევს, იმას ალბათ ჩვენი დაღუპვა უნდა...“
მთელმა დარბაზმა ერთხმად წამოიძახა:
„მართალია. სწორია.“
მუშათა, გლეხთა, ჯარისკაცთა და მეზღვაურთა დეპუტატების საბჭოს პრეზიდიუმის სახელით ნარიქ ეშბამ მოკლე დეკლარაცია წაიკითხა. იგი შედგებოდა მაღალფარდოვანი და გრძელი წინადადებებისგან, რომლის სიტყვიერ ლაბირინთში გარკვეული აზრის დანახვა შეუძლებელი იყო. მაგრამ დასკვნა წინდახედულად იყო მოზომილი და ავტორს ყოველგვარ ეჭვს გარეშე აყენებდა, რა თვალსაზრისითაც არ უნდა შეგეფასებინა იგი.
აი, ეს დასკვნაც: – იმ ბრძოლაში, რომელიც ახლა მთელ რუსეთში მიმდინარეობს, ჩვენ უთუოდ რევოლუციის მხარეზე უნდა ვიყოთ და ვართ კიდევაც. ასეთია ჩვენი მშრომელი მასების სულისკვეთება...
საწინააღმდეგო აზრი, რასაკვირველია, დარბაზში არც კი გაჩენილა.
თუმცა არავინ იცოდა დანამდვილებით კრეისერ „შმიდტის“ მარშრუტი, მაგრამ ისედაც ყველამ იცოდა, თუ რა ინტერესი უნდა ჰქონოდა ოქტომბრის რევოლუციას შავი ზღვის სანაპირო ადგილებში ახალსა და ძველ რუსეთს შორის გამართული სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლის დროს. არავისთვის საიდუმლოებას არ წარმოადგენდა, რომ მიუხედავად ყოფილი იმპერიის სამხრეთით ახალშექმნილი რესპუბლიკების დამოუკიდებლობისა, მათი ტერიტორიები მაინც შედიოდნენ დიდი ოქტომბრის რევოლუციის კონტროლის ფარგლებში და ამ მხრივ გამონაკლისს აფხაზეთიც არ წარმოადგენდა.
ბათუმიდან დაწყებული შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაპირის გაყოლებაზე მდებარე ქალაქებსა და დაბებში კიდევაც არაერთხელ შემოჭრილან ზღვის ქარიშხალივით გაოცებისა და შიშის მომგვრელი ახალი სახელები:
– წითელი კრეისერი „შმიდტი“ და მისი უფროსი – ბოცმანი კილგა, „კუზმა-მრისხანედ“ წოდებული.
დღეს კი სოხუმს თვით ამ სახელების მატარებლების პირისპირ შეხვედრა და უშუალო გაცნობა ელოდა.
გემის საზეიმო დახვედრის სასწრაფოდ მოწყობა და მისი წესიერად ჩატარება ორ კაცს დაევალა: მუშათა, გლეხთა, ჯარისკაცთა და მეზღვაურთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარეს ნარიქ ეშბას და ქალაქისთავს სამსონ დავანაძეს. მათ თანაშემწეებად ათიოდე გავლენიანი და ენერგიული მოქალაქე დაუნიშნეს.
მათ შორის პირველი იყო რაჟდენ თორია.
* * * * * * *
ათი საათი იქნებოდა, როცა სოხუმის ქალაქის საბჭოში უკანასკნელი შემოწმებული ცნობა მოიტანეს: კრეისერ „შმიდტს“ გეზი ნავსადგურისაკენ აქვსო.
მთელი ქალაქი უმალვე შეიცვალა. ისეთი აურზაური, მოძრაობა და განგაში ატყდა, რომ კაცს ეგონებოდა, შავი ზღვის ნაპირად ამ მზიან დილას სასწაული რამ მოხდა და პატარა, წყნარი და ლამაზი სოხუმის ადგილას საიდანღაც უზარმაზარი, ხმაურიანი ქალაქი გაშენდაო.
მივარდნილი, მუდამ სოფლური სიჩუმით მოცული უბნებიც კი ახმაურებულიყვნენ: – ბოლშევიკები მოდიანო!
ქუჩაში ეტლებისა და ცხენების თქარათქური გარეთ გამოსული ხალხის აყიჟინებულ ხმაურს შეერწყა.
ქალაქის და ადგილობრივი მთავრობის გადაადგილების მთელი თანამედროვე ტექნიკური საშუალება – რამდენიმე სამგზავრო და ორიოდე საბარგო ავტომანქანა – ისეთი სისწრაფით დაქროდა უბნიდან უბანში, რომ სოხუმის ისედაც შეშინებულ წვრილ ბურჟუებს ყველგან და ყოველ წამს მათი გააფთრებული ქშინვა, გიჟური სტვენა და ყვირილი ელანდებოდათ.
ეგონათ, მათი რიცხვი ათასსაც კი აღემატებოდა, და უკვირდათ: – ამდენი ავტომობილი დღეს ნეტავ ასე უცებ საიდან გაჩნდაო.
ეს საოცარი მოვლენაც ზოგს „შმიდტის“ და კუზმა-მრისხანის გაუგებარ საქმედ ეჩვენებოდა და მიხვედრას ამახვილებდა, რომ თავდაცვის განსაკუთრებული და უტყუარი ზომები დროზე მიეღო – იქნება ავტომობილებითაც მოდიანო.
მოქალაქენი უმეტესად თავიანთ სახლებს უვლიდნენ და წითელი დროშებით ამკობდნენ. დიდი და პატარა ერთ სურვილს აეტანა: რაც შეიძლება მალე, სასწრაფოდ, მეზობლებზე უფრო ადრე გამოეკიდა თავის სახლის წინ წითელი დროშა და ამით ყოველი ეჭვი თავიდან აეცილებინა.
ვისაც სახლში დროშა არ აღმოაჩნდებოდა, ბაზრისკენ გარბოდა, წითელ ნაჭერს ყიდულობდა და უკან დაბრუნებული, გზადაგზა, დროის მოსაგებად, დროშას სახელდახელოდ ამზადებდა: ნაჭერს ჯოხზე ამაგრებდა.
მცხოვრებნი სახეზე კითხვის ნიშნის გამოსახვით ხვდებოდნენ ერთმანეთს. ზოგს საიდუმლო აზრის დამფარავი და ამავე დროს ამავე აზრის იდუმალ გამომჟღავნებელი ღიმილი უთამაშებდა პირზე, ზოგს კიდევ დაუფარავი შიში და დაბნეულობა უკრთოდა თვალებში.
„მოდიან? ა?“ – „მოდიან. „შმიდტისთანა“ ძლიერი კრეისერი შავ ზღვაზე არ დადის. კუზმა-მრისხანე თუ გინახავს?“ – „ნახვით არა, მაგრამ ნეტავ თუ მართალია, რასაც მასზე ლაპარაკობენ?“ – „რა ვიცი. ღმერთმა დაგვიფაროს... თავი უნდა მოვაწონოთ კი.“ და ისევ გარბოდნენ.
ხელისუფლებაც აქტიურად ემზადებოდა, ღელავდა და ჩქარობდა. ქალაქის საბჭოს შენობის სახურავზე, უკვე არსებული დროშის გვერდით, ორი დიდი ახალი წითელი დროშა აღმართეს. თვითონ შენობა კი მთელ სიგრძე-სიმაღლეზე პატარა წითელი დროშებით მორთეს.
საბჭოს მაგალითს სხვა დაწესებულებებიც მიჰბაძეს, მათ კი - კერძო სახლები. ასე რომ, სოხუმის ლამაზი თეთრი შენობების რიგები სულ წითლად აჭრელდა.
ნავსადგურის მისასვლელი ცოცხალი ყვავილებით გააფორმეს. ათამდე დურგალი მის წინ აღმართულ სამიტინგო ტრიბუნას შეკეთებას შეუდგა, რადგან ის ჯერ კიდევ შარშან თებერვალში იყო გაკეთებული, ახლა კი მოძველებული და შერყეული იყო, ძალიან უფერულად გამოიყურებოდა.
სოხუმის გამოცდილი მებაღეები კი იქვე, ტრიბუნის გასაფორმებლად, უცხო, მრავალფეროვანი ტროპიკული მცენარეებისა და ყვავილებისგან გირლანდებს წნავდნენ.
ბაქანზე ორკესტრი წინასწარ გამოიყვანეს, ყოველი შემთხვევისთვის, რომ არ დაგვიანებულიყო და შეხვედრა მუსიკის გარეშე არ მომხდარიყო.
ზღვის ნაპირის გასწვრივ გაშლილი პალმების ხეივანზე მდებარე დიდი სასტუმროს ქვედა სართული, სადაც რესტორანი იყო, წითელი არშიებით მორთეს. არშიებზე ფერად-ფერადი რევოლუციური წარწერები გააკეთეს რუსულ ენაზე, ხოლო რესტორნის შესასვლელი თაღით დაამშვენეს და ზედ დიდი ასოებით დააწერეს: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!“ რესტორანში ასი კაცისთვის სუფრას შლიდნენ...
თავი III
თავი III
ამავე სასტუმროს მეორე სართულში, ფანჯრებდახურულ ოთახში, ხუთი კაცი ჩაკეტილიყო და წუხელ ვახშმის შემდეგ დაწყებულ ბანქოს თამაშს განაგრძობდა. ეს განცალკევებული ჯგუფი არათუ მონაწილეობას არ იღებდა ქალაქის აქტიურ სამზადისში, არამედ მისმა წევრებმა არც კი იცოდნენ, რა ხდებოდა მათ გარშემო ამ დილიდან.
მათ შორის ორი აფხაზი იყო. დანარჩენები - მეგრელი, აჭარელი და იმერელი, ხუთივე წარჩინებული წოდების წარმომადგენელი. სათამაშო მაგიდას მხოლოდ ოთხი მათგანი უჯდა. ოთახში დამდგარი თამბაქოს ბოლი უძილობისგან დაღლილ და აზარტისგან გათანგულ მათ სახეებს დაორთქლილ სარკესავით აჩენდა.
მაგიდა ფულით იყო მოფენილი - ცალკე ეწყო რუსეთის იმპერიის გაუქმებული ასიგნაციები და ოსმალური ლირები, ცალკე სხვადასხვა კუთხის, ოლქის თუ რესპუბლიკის, უმეტესად ამიერკავკასიის „ბონები“, „კერენკების“ ჩათვლით. ზოგი დასტა-დასტად ელაგა, ზოგი კი არეული გროვასავით უანგარიშოდ ეყარა, სარეკლამო ფურცლებივით.
მათ საეჭვო ღირებულებას, უხარისხო ქაღალდის გარდა, არაბული ციფრებით გამოხატული ასეული ათასებისა და მილიონების ფანტასტიკური რიცხვებიც ამჟღავნებდა, რისიც არავის სჯეროდა. თამაში უწყვეტად, მაგრამ ჩუმად მიმდინარეობდა. ისმოდა მხოლოდ დამრიგებლის მოკლე და მკვეთრი წამოძახილი. უფრო მოკლე და მკვეთრი იყო პარტნიორის პასუხი. მერე იწყებოდა ფულის სწრაფი, უსიტყვო გადალაგება ერთი ადგილიდან მეორეზე.
მაგიდის ერთ კუთხეში მიყრილ-მოყრილ სიგარეტის ნამწვავებს, ჭიქებს, ბოთლებსა და ლამბაქებს შორის იდო წვრილი ვერცხლის ბალთებით გაწყობილ ქამარში გაყრილი ოქროთი მოჭედილი ხანჯალი. მის გვერდით ღილშეხსნილი ბუდიდან ამოწეული რევოლვერის ოქრო-ვერცხლით გაწყობილი ტარი ჩანდა, ხმარებისგან გაცვეთილი და მოელვარე.
თვითონ რევოლვერი დაფარული იყო ახლოს მიდგმული სკამის ზურგზე გადაკეცილი მუქი ფერის ჩოხის სახელოებით, რომლებიც მაგიდაზე შემთხვევით გადმოფენილიყო. სკამის ზურგზე კი ჩოხის მხრებიდან გამომზირალი ყაზახთა ოფიცრის ფორმის მბზინავი სირმის ეპოლეტები ბრჭყვიალებდა, და მათ ქვემოთ, ნაოჭების ჩრდილში მიმალული, სამასრეზე მიკერებული წმინდა გიორგის ოქროს ჯვარი ციალებდა, მინანქრით მოოჭვილი.
როგორც მაგიდაზე დაწყობილი იარაღი, ისე სკამზე გადაკეცილი ჩოხა მოთამაშეთა ჯგუფის მეხუთე წევრს ეკუთვნოდა, რომელიც ამჟამად თამაშში მონაწილეობას არ იღებდა - ფანჯრის ახლოს კუთხეში მიდგმულ გრძელ სავარძელში იწვა წელში მოხრილი და ეძინა.
თავი სავარძლის ხავერდგადაკრულ ხელსაყრდენზე ჩამოედო, ქვეშიდან ხელები ჰქონდა შეწყობილი. შავ წუღა-მესტებში ჩასხლეტილი ფეხები საზურგეზე შეესროლა გადაჯვარედინებულად. ახალგაზრდა ქერა სახე დაღლილი უჩანდა: ზოგან ნაოჭებს დაესერა, ზოგან კი ჭრილობის ღრმა ზოლებს, რომელთაგან ერთი მარცხენა ლოყაზე ირიბად ჰქონდა.
მიუხედავად იმისა, რომ ეძინა, სახეზე რაღაც ღრმა წუხილის ჩრდილები დაჰყვებოდა, რომლებიც დახუჭული თვალების ირგვლივ ღამის შავი ფრთებივით ეფინებოდნენ. ნისკარტივით მოხრილი პატარა ცხვირის ნესტოები ხშირი სუნთქვისგან უფეთქავდნენ - იშლებოდნენ და იკეცებოდნენ, როგორც ნატიფად გაზრდილ ჯიშიან ცხენს მძიმე, შეუფერებელი ტვირთის ქვეშ.
შინდისფერი მოკლე ახალუხი ტანზე ბუნებრივი კანივით შემოკვროდა და უხორცო გულმკერდის ძვლებისა და კუნთების მოყვანილობას უჩენდა. წელის სივიწროვეში ორი თითი შემოწვდებოდა. ეს იყო თავადი უჯუშ ემხა, აფხაზი, მეფის დაშლილი ჯარის ოფიცერი - შტაბს-როტმისტრი ჩერქეზთა რაზმის აფხაზური ასეულისა, რომელიც ომის დროს ავსტრიის ფრონტზე იბრძოდა. დაშლილი ფრონტიდან წამოსული, მხოლოდ ახლახან დაბრუნებულიყო სამშობლოში.
სამ თვეზე მეტი სამოქალაქო ომის ცეცხლში ტრიალებდა. აჯანყებული ჯარისკაცების შურისძიების გუგუნს გადაურჩა, წითლების შეტევების მძვინვარე ნავარდს გამოექცა. ათასი საფრთხისა და განსაცდელისგან თავი დააღწია განუყრელად მასთან მყოფი უერთგულესი მხლებლის, მისთვის მუდამ თავგანწირული ძიძიშვილის, ჰაკი აძბას დახმარებით, რომელთან ერთადაც უვნებელი მშობლიურ კერას დაუბრუნდა.
სიცოცხლის გარდა ორი განძი ჩამოჰყოლოდა, რომლებსაც სიცოცხლეზე მეტად აფასებდა და უფრთხილდებოდა. ეს იყო ბავშვობიდანვე მისი საოცნებო ოფიცრის ეპოლეტები და ოფიცრისავე წმ. გიორგის ოქროს ორდენი. მაგრამ ერთი საჩუქარი მისთვის სამოქალაქო ომსაც გამოეტანებინა: ეს კი იყო მის უბრალო სულზე შიშის ჩრდილების უჩინარი დაღი, რომელიც ისევე არ შორდებოდა მის შინაგან არსებას, როგორც გიორგის ჯვარი მკერდს და მხრებს - ეპოლეტები.
ახლაც, თუმცა სავარძელში იწვა და ეძინა, ისე ბორგავდა და იკრუნჩხებოდა, რომ ეტყობოდა, ამ ჩრდილებისგან ძილშიც მოსვენება არ ჰქონდა. მართლაც, უცნაური რამ ემართებოდა. დროდადრო მთელი ტანის ცახცახი აუვარდებოდა და მერე უცებ მთელი ტანითვე ისე შეკრთებოდა, თითქოს უფსკრულში უნდა გადაჩეხილიყო და თავი ძლივს შეიმაგრაო.
თან ტუჩებს რაღაც საკვირველი ღრჭიალით მუწავდა და შლიდა. უცხო, გაუგებარი სიტყვების ნაწყვეტები შიშინით ამოუდიოდა პირიდან და ისევ გაინაბებოდა, სუნთქვაც კი შეუწყდებოდა და, ბოლოს, ისეთი კვნესა აღმოხდებოდა მკერდის სიღრმიდან, რომ თავდავიწყებამდე აზარტში შესული მისი პარტნიორები ამის გაგონებაზე თამაშს შეწყვეტდნენ და გაოცებულები სავარძლისკენ მოიხედავდნენ - ეს რა საცოდაობის ხმა გაისმაო.
როცა ეს რამდენჯერმე განმეორდა, მოთამაშეებმა ვერ მოითმინეს და მძინარეს ერთხმად შესძახეს გამოსაღვიძებლად:
- უჯუშ!
დაძახება და უჯუშის სავარძლიდან წამოვარდნა ერთდროულად მოხდა.
ფეხზე დამდგარმა, მაგრამ ისევ მძინარემ ტანი ისე მოიმარჯვა, თითქოს მოსისხლე მტერს უტევდა - წელზე წაივლო ხელები, სადაც ხანჯალი ეგულებოდა: მარჯვენით ტარს ეძებდა, მარცხენით - ქარქაშს. როცა ვერც ერთი ვერ იპოვა, ხელი რევოლვერისკენ გააქანა.
ესეც რომ არ აღმოჩნდა, კანკალი დაეწყო, ბრაზისგან გაიგუდა. ის იყო სასოწარკვეთილების კვნესა უნდა აღმოხდენოდა პირიდან, რომ ამ საოცრების შემყურე მოთამაშეები თავიანთი ადგილებიდან წამოიშალნენ და გარშემო შემოერტყნენ, დაბალი, ალერსიანი ხმით მიმართეს. ტკბილი სიტყვები უთხრეს. - უჯუშ! ჰა, უჯუშ! რა მოგივიდა? აქ ვართ, ნუ გეშინიაო.
ახლოს მისვლა საკვირველ მძინარესთან და ხელის მოკიდება მაინც ვერ გაბედეს.
ცოტა ხნის შემდეგ უჯუშმა შეწყვიტა მოძრაობა და ტანი გაისწორა. მერე თვალებიც გაახილა და მის წინ მდგომ ოთხსავე მეგობარს ერთბაშად შეხედა.
მოწითალო მწვანე ფერით არაამქვეყნიური შუქი გამოკრთა.
ეს იყო შიში, რომლის მსგავსი არც ერთს იქ მყოფთაგანს წარმოდგენაშიც კი არასოდეს არ ენახა.
უკან დაიხიეს უნებურად.
მაგრამ უჯუშმა, როგორც კი იცნო ამხანაგები, მაშინვე ისევ დახუჭა თვალები. ახლა პირთან ბავშვურმა ღიმილმა გაუელვა და ლურჯი ფერებით დასერილ სახეზე ნათელივით გადაეფინა. ეტყობოდა, გონს მოეგო.
იმ ღიმილმა დამფრთხალი ამხანაგებიც გაახარა. ახლა თამამად მიუახლოვდნენ უჯუშს. გაბედეს და მკლავზეც ხელი შეუსვეს. - ამისთანა რა მოგეჩვენა, უჯუშ, რომ ასე შეგვაშინე. დაწყნარდი, შე კაცო, არაფერია... ბოლშევიკები ჩვენში ჯერ კიდევ არ არიან. უჯუშმა ისევ გააღო თვალები. ახლა ბუნებრივად, ჩვეულებრივად იყურებოდა. ერთხელ კიდევ შეხედა მის გარშემო მდგომთ და ისევ გაუღიმა, თითქოს მათ წინაშე ბოდიში მოიხადაო.
- მე კი სწორედ ისინი მომეჩვენენ... თითქოს... გემით მოვიდნენ... თითქოს... - მაგრამ სიტყვა არ დაასრულა, ხელი ჩაიქნია და ტანის მოწყვეტით ისევ სავარძელში ჩავარდა თვალებდახუჭული.
მაღლა აწეული თავი სავარძლის საზურგეს მიაყრდნო და მეტი სიტყვა არ დასცდენია, ისე გაირინდა. ჩანდა, სიზმარში განცდილი შიშისგან თავი ჯერ კიდევ ვერ დაეღწია.
მერე მოგვიანებით იკითხა:
- ჩემი ჰაკი არ მოსულა? ხომ არ ვუკითხივარ?
როდესაც უარყოფითი პასუხი მიიღო, სახეზე უკმაყოფილება გამოეხატა. მან ისევ დახუჭა თვალები და გაუნძრევლად დარჩა.
ზუსტად ამ დროს, მოულოდნელად, გარეთ საყვირის უჩვეულო ხმა გაისმა. ის იმდენად მკვეთრი და ძლიერი იყო, რომ თითქოს დედამიწა ვერ დაიტევდა. ხმა ოთახში შემოიჭრა, ფანჯრის მინები ააჟღარუნა და გაბოლილ, მძიმე ჰაერში გიგანტის მოქნეული მახვილივით ჩაესო.
საყვირმა ვერ მოასწრო თავისი სწრაფი შეძახილის სრულად გაშლა, რომ მოულოდნელად „მარსელიეზის“ მგზნებარე ხმებმა აღფრთოვანების ჟრუანტელი ყველგან გაავრცელეს.
ოთახში მყოფნი ფანჯარას მივარდნენ. ფართოდ გააღეს და გარეთ გადაიხედეს.
უჯუშ ემხა კი თავის ადგილზე დარჩა, ისევ ისე გაუნძრევლად. მისმა სმენამ საყვირისა და მუსიკის ხმები რაღაც უცნაურად აღიქვა: უფრო მოჩვენებასავით, ვიდრე რეალურად.
ქაღალდის მოთამაშეებს კი თვალწინ მოულოდნელი სანახაობა გადაეშალათ:
ნაპირიდან ცოტა მოშორებით, ვერცხლისფრად მოციმციმე ზღვაში უზარმაზარი გემი იდგა, ქალაქისკენ მიმართული. შავი მილიდან სქელი კვამლი ამოდიოდა, რომელიც გემს თავზე და გარშემო ღრუბელივით ეხვეოდა. ჰაერში სამი თვალი იყო მიმართული ქალაქისკენ – სამი შავი წრე, სამივე ერთდროულად ბრმაც და მხედველიც.
ეს იყო ყელმოღერებული ზარბაზნების გათლილი პირები, კვამლიან ჰაერში შეყირავებული.
ნაპირზე კი უამრავი ხალხი ირეოდა. მთელი ქალაქი გარეთ იყო გამოსული.
ნიჩბებმომარჯვებული ნავები ზღვაში შეცურებულიყვნენ და, გადამფრენი წეროებივით ერთმანეთს მწყობრად დადევნებულები, საკმაოდ დიდ მოტორიან ნავს მიჰყვებოდნენ, რომელიც კრეისერისკენ გზას მიიკვლევდა თუქთუქით.
„რაღაც დიდი ამბავია,“ – გაიკვირვეს ფანჯარასთან მისულებმა, – „კრეისერი უნდა იყოს... კი, ნამდვილად კრეისერია! მაგრამ ვისი უნდა იყოს ნეტავ, რომ ასეთი ამბით ხვდებიან?“
კრეისერის ხსენებამ ემხა გაუნძრევლობიდან გამოიყვანა, მაგრამ სახის ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს სმენამ მოატყუა და გაგონილის შესამოწმებლად ხელმეორედ ყური მიუგდო.
„უჯუშ!“ – მიმართეს მას ფანჯარასთან მისულებმა, – „მოდი აქ, თუ ძმა ხარ. იქნებ შენ უფრო გაარკვიო, რა კრეისერია, ჩვენკენ რომ უშველებელი ზარბაზნები მოუღერებია. სამხედრო კაცი ხარ, მიხვდები.“
უჯუშ უცებ შეიცვალა. მის სახეზე საშინელი ეჭვი და უდიდესი გაკვირვება ერთმანეთს ბასრი კლანჭებით შეებნენ.
ადგომა და ფანჯარასთან მისვლა დააპირა, მაგრამ შებორკილივით მხოლოდ შეინძრა. ტანი არ აჰყვა. მაშინ ფართოდ გაღებული თვალების ორივე გუგა ერთბაშად, თავის შეუნძრევლად, წინა კედლისკენ მიატრიალა და მის მიღმა, სადღაც შორს, სამიზნეში ამოღებულ წერტილს მიაპყრო, რომელიც ალბათ მხოლოდ მის წარმოდგენაში არსებობდა. რაღაცის გახსენება უნდოდა და მეხსიერებას ძალას ატანდა. რაღაც სიტყვა ედო ენაზე, მაგრამ ვერ ამბობდა.
უცებ ტუჩები აუცახცახდა, მერე დაეჭიმა, დაეღრაკნა, ისე, როგორც ამას წინათ სიზმარში მოსდიოდა და უცნაური, უხმო ჩაშიშინებით ჰაერში მოხაზა:
„შმიდტ“
და უჯუშ კვლავ შეკრთა მთელი ტანით, თითქოს სიზმარს იმეორებდა.
„უჯუშ, მოდი მალე, კაცო,“ – მიმართეს მას კიდევ ერთხელ ამხანაგებმა, – „მოგვეხმარე გამოცნობაში. გემს რაღაც მუქი სისხლისფერი წარწერა აქვს მთელ გვერდზე, მაგრამ კვამლის ნაფლეთები ახვევია და ვერ გავარჩიეთ. რუსულს ჰგავს. იქნებ შენ წაიკითხო.“
„„შმიდტია“, ბოლშევიკების გემი,“ – იყო ემხას პასუხი, ისე წყნარად და დამაჯერებლად წარმოთქმული, თითქოს ეს არის, მართლაც ის სისხლისფერი წარწერა ამოიკითხა.
ფანჯარასთან მდგომთ მისი ხმა ძალიან შორიდან მომავალი მოეჩვენათ, მაგრამ ახლა ამ გარემოებას იმდენი ყურადღება არ მიაქციეს, რამდენადაც უცნაურ განცხადებას.
„ეს შენ საიდან გაიგე, უჯუშ? მანდედან ხომ ვერაფერს ხედავ?“ – ჰკითხეს და გაოცებულებმა მისკენ ნაბიჯი გადმოდგეს, შეხედეს.
ემხა ირიბად მოქცეული თვალებით ისევ სადღაც ოთახს მიღმა იყურებოდა და უძრავად იჯდა თავის ადგილზე. – „წეღან თუ დაგესიზმრა, ძილში რომ შფოთავდი?“ – ჰკითხეს.
მაშინ უჯუშმა ნელა, აუჩქარებლად იმ შორეულ წერტილს თვალები მოსწყვიტა და მოახლოებულ მეგობრებზე ისეთი მნიშვნელობით შეაჩერა, თითქოს სიზმრის შესახებ მიხვედრა დაუდასტურა.
თუმცა უჯუშის უსიტყვო პასუხი საიდუმლოებით იყო მოცული, მან მით უფრო გაუღო მისი გულის კარი და შიგ ამხანაგებსაც შეაჭვრეტინა. ემხას შიშსა და საიდუმლო წინათგრძნობას ახლა მისი ამხანაგებიც ეზიარნენ, მაგრამ რადგანაც მათი აზრით, როგორც ერთი, ისე მეორე სინამდვილეში ყოველგვარ საფუძველს მოკლებული იყო და უჯუშის წეღანდელი უცნაური სიზმრის მხოლოდ ანარეკლს წარმოადგენდა, საიდუმლოდ ნაგრძნობი ზერელედ განიცადეს.
მით უმეტეს, რომ ნავსადგურში შემოსული გემის სახელწოდებისა და წარმომავლობის გამოცნობა ემხას მიერ რამდენადაც გასაოცარი მოეჩვენათ, იმდენად დაუჯერებელზე უფრო დაუჯერებელი იყო.
„უჯუშ, გენაცვალე,“ – მიმართა უჯუშს მათ შორის უხუცესმა, – „შენ უეჭველად ისევ ის წეღანდელი სიზმარი გაწუხებს, ბოლშევიკების გემი რომ მოგჩვენებია, და გგონია, რომ ესეც ის არის. აქ რა უნდა მათ გემს! აბა, შენ თვითონ განსაჯე.“
დანარჩენებიც შეეცადნენ ემხას ეჭვის გაბათილებას და მის მიერ შექმნილი მძიმე შთაბეჭდილების შემსუბუქებას. ერთმა უდარდელად განაცხადა:
„ამდენი თავის მტვრევა რა საჭიროა. გავიდეთ ნაპირზე და საკითხი უბრალოდ გაირკვევა. იქ გამოჩნდება, რამდენად მართალია უჯუშის მიხვედრა.“ – „ეჭვი არ არის,“ – ჩამოართვა სიტყვა მეორემ, – „უჯუშს დიდი შიში აქვს გამოვლილი ბოლშევიკების გამო. ალბათ, ეს შიში ჯერ კიდევ გულში აქვს ჩარჩენილი და ამიტომ ეჩვენება, თორემ საიდან სადაო?“
„მეც მომხრე ვარ, წავიდეთ, გავიგოთ, რა ამბავია და ჩვენს უჯუშსაც მართალი ამბავი მოვუტანოთ.“ ასე გამოვიდა: წმინდა გიორგის ორდენის კავალერს, ნაომარ ოფიცერს და თავადს შიში დასწამეს.
ემხა შეიცვალა. სავარძლიდან სახეშეკრული წამოდგა. ამხანაგებს ახლა სულ სხვა თვალებით გადახედა და შეკავებული ყივილის მსგავსი ხმით მიმართა: „მე და შიში ერთმანეთს არ ვიცნობთ. ვისაც არ სჯერა, შეუძლია გამომცადოს.“
თქვა და სკამზე გადაკეცილ ჩოხას ხელი წაატანა, მაგრამ სანამ სახელოში ხელს გაუყრიდა, უცებ ისევ შეიცვალა სახის გამომეტყველება და უცნაურად დარბილებული ხმით ბოდიშის მსგავსად განაცხადა:
„თუმცა რა გითხრათ, იცით: არავის არ შეშვენის თქვას, ვაჟკაცი ვარო, და ამ შემთხვევაში, შეიძლება, თქვენ ხართ მართალი. წავიდეთ! მეც მოგყვებით, ვნახოთ, რა ამბავია.“
მაგრამ ხმის კილოზე მაინც ეტყობოდა, რომ თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა და თავისი წინანდელი გამომწვევი სიტყვების გამართლება გულში ედო... სულ ერთ წამში ჩოხაც ჩაიცვა და ქამარ-ხანჯალიც შემოირტყა.
თავი IV
თავი IV
– IV –
სოხუმის ნავსადგურში შემოსული კრეისერ „შმიდტის“ დასახვედრად წასულ ნავთა შორის მხოლოდ მოტორიანს მიჰყავდა რამდენიმე კაცი. დანარჩენებში მხოლოდ მენიჩბეები ისხდნენ. მათ სტუმრები ნაპირზე უნდა გადმოესვათ.
მოტორიან ნავში იმყოფებოდნენ: ქალაქისთავი სამსონ დავანაძე, მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე ნარიქ ეშბა და ხუთი მუშისაგან შემდგარი დელეგაცია, რომელიც აფხაზეთში მცხოვრებ ეროვნებათა რაოდენობის მიხედვით იყო შერჩეული.
სოხუმის დელეგატებმა უკვე შორიდანვე დაათვალიერეს სამხედრო გემი. ყველა გააკვირვა ერთმა გარემოებამ: გემზე ვერავინ შენიშნეს. მხოლოდ მიახლოებისას და კარგად დაკვირვების შემდეგ მათ ძლივს გაარჩიეს ზარბაზნების ყელებსა და საფეხურებს შორის მიმალული ორი გუშაგის უძრავი სილუეტების ნაკვთები, რომლებიც თავიდან ზარბაზნების ბრინჯაოს ნაწილები ეგონათ.
წინა რიგზე, ზარბაზნების ერთ მხარეს, პირველი გუშაგის რკინისფერი პროფილი დაინახეს, ნიკაპს ქვემოთ გემის მოაჯირით დაფარული, რომელსაც ცხვირის წინ მზეზე მოელვარე თოფის ლულა ასვეტოდა. პროფილი ისე იყურებოდა ქალაქისკენ, რომ მისი ხედვის არეში უფრო ქალაქის შორეული ნაწილები იყო მოქცეული, ვიდრე ნავსადგური და დელეგატების მოტორიანი ნავი.
ზარბაზნების მეორე მხარეს კი მეორე გუშაგის მხოლოდ ორი ნაკვთი მოჩანდა ზარბაზნების ყელს ზემოდან: შუბლწამოხურული სახე შავ ღრუებში ჩამჯდარი თვალებით, რომლებიც ნავში მსხდომთ მაღლიდან სწორხაზოვნად დასცქეროდნენ, ხოლო ზარბაზნის ყელს ქვემოდან ამავე გუშაგის უჩინარი ტანის გვერდით ხაზზე, მარჯვენა ბარძაყის თავთან მიმაგრებული კუნთებდაჭიმული მკლავი და მუშტი, რომლებიც თოფის კონდახს მუხრუჭივით შემოკვროდნენ.
ამ სანახაობამ დელეგატების სახეზე განსაკუთრებული, უსიტყვო გაკვირვება გამოიწვია, რომელშიც გემის მოულოდნელი დისციპლინისადმი მორიდება და შიშიც იხატებოდა და ფარული ეჭვიც, ამ დისციპლინის ნამდვილ არსებობაში შეტანილი: „იქნებ ეს განზრახ, ჩვენთვის არის მოწყობილიო.“
მაგრამ „შმიდტის“ მაღალი ფოლადისფერი კედელიც მალე აღიმართა დელეგაციის წინ და ნავიც გაჩერდა.
მაშინვე გემის გემბანზე ჯაჭვი აჩხრიალდა და ზემოდან რკინის კიბე ჩამოეშვა. მისი ბოლო საფეხური ზღვის ზედაპირს მიწვდა, ზუსტად იმ ნავის თავთან, რომელიც გემს მიუახლოვდა. ცოტა ხანში კიბეზე ორი ჩექმა გამოჩნდა, სწრაფად მოძრაობდნენ და ნავის პირდაპირ, ერთ-ერთ საფეხურზე ერთად დადგნენ. სოხუმის დელეგაციის წინ, კიბეზე, იდგა დაბალი, მაგრამ მხარბეჭიანი მეზღვაური, სამხედრო წესით გამართული. მან მარჯვენა ხელი ჰაერში ასწია და უსიტყვოდ, ტანის გაუძრავებლად მიესალმა ნავში მყოფებს, შემდეგ კი ყველას სათითაოდ შეხედა.
მას ეცვა გულამოღებული ხალათი, რომელიც განიერ შარვალში ჰქონდა ჩატანებული. წელზე ფართო ქამარი ერტყა, რომელშიც წინიდან, ყელზე შავი თასმით მიბმული ნაგანი იყო ჩარჭობილი. მზისგან დამწვარ, ძვლებით ამოზნექილ, უწვერო სახეზე შეუპოვარი გამომეტყველება გადაჰკრავდა, თუმცა ამჟამად დელეგაციის პატივსაცემად შერბილებული. მისი ამოზნექილი მკერდი მთლიანად დატატუირებული იყო, კუნძივით სქელ და მოკლე კისრამდე. კისრის ქვემოთ, მკერდის შუა ადგილას, ბეჭედივით წრეში ჩასმული, ერთმანეთზე გადაჭდობილი ნამგალი და ჩაქუჩი ჰქონდა გამოსახული.
როგორც კი მოსულები შეათვალიერა, მათი ვინაობა იკითხა. პასუხი რომ მიიღო, ჯერ თავისთვის გადაამოწმა, მერე კი ხმამაღლა, თავისებურად განმარტა ისეთი რუსულით, რომელიც ნავში მყოფებს თავიდან გაუგებარ ენად მოეჩვენათ.
„მაშასადამე, სოხუმის პროლეტარიატი და მისი რევოლუციური ხელისუფლება...“ – დაასკვნა მეზღვაურმა და დელეგატები კიდევ ერთხელ შეათვალიერა.
შემდეგ რატომღაც სამსონ დავანაძეს განსაკუთრებულად შეხედა და მისი გრძელი წვერზე შეაჩერა ჟღალი თვალები. ჰკითხა:
„თეთრგვარდიელები და სხვა ასეთი არამზადები თუ გყავთ ქალაქში?“
„ჩვენ ასეთ მხეცებს არ ვუშინაურებთ, ამხანაგო! არ გვყოლია, არ გვყავს და არც გვეყოლება!“ – ისეთი რიხით და ზედმეტად მონდომებული თავმომწონეობით უპასუხა ქალაქისთავმა, რომ მეზღვაურის სახეზე უნებურად უნდობლობის ეჭვიანი ღიმილი გამოჩნდა.
ამ გარემოებამ შეხვედრას მოულოდნელად შეუცვალა ოფიციალური ხასიათი: ამდენ ხანს სამხედროდ გამართულმა მეზღვაურმა უცებ ტანი მოადუნა, გაღიმებულ სახეზე დამცინავი ნაოჭი აათამაშა, ტუჩების მარცხენა კუთხის მოჭიმვით უცნაური ტყაპუნისებური ხმა გამოსცა და ცალი თვალი ცბიერად აახამხამა. მერე კატის სისწრაფით მოწყდა კიბეს და ნავში ჩახტა. ქალაქისთავს მარჯვენა ხელი მხარზე მეგობრულად დაჰკრა, გაუღიმა და შექებით უთხრა: „აი, ყოჩაღ, რომ ჩვენიანი ყოფილხარ. ძალიან მომეწონე!“
შემდეგ სერიოზული, საქმიანი გამომეტყველება მიიღო და ყველას მიმართ განაგრძო:
„ახლა კი მითხარით, რაკი ამხანაგები ყოფილხართ, ეს რა ამბავი გაგიმართავთ ნაპირზე და ისიც მუსიკით? ძალიან ბევრი ხალხია, დროშებიც ძალიან ბევრი გქონიათ, სულ წითელი, რევოლუციური! ა? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ მეც და ამხანაგებიც დაგვაინტერესა ამ ამბავმა. მით უმეტეს, მე დღეს გემზე მორიგე ვარ. ნება მომეცით, გაგეცნოთ: ვასილი ხრიტანიუკი, არტილერისტი, მეგობრები კი ვასკა-პირატს მეძახიან.“
სამსონ დავანაძე ახლა აღარ იყო ლაპარაკის ხასიათზე. მეზღვაურის წინა საქციელი და მოპყრობა მის მიმართ დაცინვად მოეჩვენა და ხალისი გაუფუჭდა. იმაზე ფიქრობდა, თუ რამდენად შეუფერებელი იყო მისი რიხიანი პასუხი მეზღვაურის პირველ შეკითხვაზე. გონებაში „შმიდტის“ წითელი კაპიტნისთვის სათქმელად მოფიქრებულ სიტყვას სინჯავდა, კიდევ მარცხი არ მომივიდესო, და ვასკა-პირატის ბოლო შეკითხვაზე პასუხის გაცემა ნარიქ ეშბას დაუთმო.
„ქალაქ სოხუმის პროლეტარიატი,“ – დინჯად და რუსულის ისეთი სწორი გამოთქმით დაიწყო ეშბამ, რომ მეზღვაური გაკვირვებით შეაჩერდა სახეში, რუსი ხომ არ არისო, – „შავი ზღვის რევოლუციურ კრეისერს „შმიდტს“ და მის გმირ მეზღვაურებს დღეს ზეიმით ეგებება, სასურველი სტუმრების მოსვლას დღესასწაულობს.
ჩვენ კი აქ იმიტომ მოვედით, რომ მთელი ამ კუთხის სახელით, რომელსაც აფხაზეთი ჰქვია, გემის მთელ ხელმძღვანელობას და, კერძოდ, მის სახელგანთქმულ მეთაურს, ამხანაგ კუზმას, უდიდესი პატივისცემა და ძმური სალამი გადავცეთ. ამას გარდა, დავალებული გვაქვს, გთხოვოთ, ჩვენს დღევანდელ მიტინგს მთელი შემადგენლობით დაესწროთ, მონაწილეობა მიიღოთ მასში და შემდეგ ამხანაგურ სუფრაზე გვეწვიოთ.“ მეზღვაური ძალიან კმაყოფილი დარჩა ეშბას ამ განცხადებით.
„რატომაც არა! ძალიან დიდი სიამოვნებითაც... ჰმ... შეიძლება, რა თქმა უნდა.“
თქვა და თავი უცებ მაღლა ასწია, ზურგისკენ გადააგდო. თვალები გადაატრიალა და მოკუმული ტუჩებით მკვეთრად დაუსტვინა.
„ჰეი, ვინ ხართ მანდ? მომისმინეთ და გაიგონეთ! გადაეცით უფროსებს, რომ ქალაქ სოხუმის დელეგაცია მოვიდა და მათ ნახვას თხოულობს-თქო, მეგობრები არიან-თქო. ზეიმიც და მუსიკაც ჩვენთვის არის ნაპირზე გამართული-თქო! ჰეი, არ გესმით, ჭილყვავებო, რას დადუმებულხართ?“
მაგრამ გემზე სიჩუმე მაინც არ დარღვეულა, თითქოს მეზღვაურის ძახილს ყურადღებაც კი არავინ მიაქცია. მხოლოდ საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ ჯაჭვის კიბე ისევ შექანდა და მის საფეხურზე ძალიან უცნაური გარეგნობის ადამიანი გამოჩნდა, რომლის დანახვამ სოხუმელები მეტად გააოცა.
მეზღვაური ვასილი ხრიტანიუკი კი შეშინებული, უცებ ისევ სამხედროდ გაიმართა, ყველა კუნთის ერთდროულად შეკვრით, და ისე მიაპყრო თვალები კიბეზე ჩამომავალს, თითქოს სიტყვის თქმამდე მისი სურვილის გაგება სურდა, რომ მაშინვე შეესრულებინა.
სოხუმის დელეგატებმაც უნებურად მიბაძეს მას და კისერწაგრძელებულები ქვემოდან შესცქეროდნენ უფროსის სიდინჯით მათკენ მომავალ საკვირველებას. მათი გაოცების მიზეზი ის იყო, რომ ამ კაცის ერთ ტანზე ორ სახესა და სამ თვალს ხედავდნენ სრულიად გარკვევით.
იგი ნავს ორი სხვადასხვა მიმართულებით დასცქეროდა. ერთთვალიანი სახით რომ დელეგატებს ათვალიერებდა, მეორე ორთვალიანი სახით ვასილი ხრიტანიუკს დასჩერებოდა რაღაც სასტიკი, გაბრაზებული გამომეტყველებით, რომელსაც არ შეეძლო შიში არ გამოეწვია – მას ეცვა შავი ქურთუკი, სახელოებზე ნაქარგით შემკული, რომლის კალთის ქვეშ მარჯვენა გვერდზე მოგრძო რევოლვერი ეკიდა ბუდით. ნავს რომ გაუპირისპირდა, შედგა.
„შენ რატომ ღრიალებ ასე, ხრიტანიუკ, ბატივით!“ – შემტევი ხმით მიმართა მეზღვაურს. ცოტა ხნის შემდეგ კი უცებ ხმას აუწია და, თითქოს ტყვია სტყორცნაო, დაუმატა: „წესს არღვევ!“
„უთუოდ ეს არის „კუზმა-მრისხანე“, – ერთდროულად გაიფიქრეს სოხუმელებმა და მართლა შეშინებულები მის შესახვედრად მოემზადნენ. – „ქალაქის დელეგატების მოსვლა მინდოდა მეცნობებინა... გთხოვთ, მაპატიოთ, ამხანაგო უფროსო,“ – შეშინებული ხმით უპასუხა მეზღვაურმა უფროსს და დამნაშავის სახე მიიღო.
უფროსმა კიდევ ცოტა ხანს არ მოაშორა მას თავისი სასტიკი თვალები. მერე უცებ მთელი ტანით დელეგაციისკენ შემოტრიალდა, ცალი ხელი ქუდისკენ აისროლა და მოკლედ წამოიძახა:
„სალამი!“
მისი ორთვალიანი სახე ახლაც ისეთივე სასტიკ მრისხანებას გამოხატავდა, როგორც ამას წინათ, როცა მორიგე მეზღვაურზე ჰქონდა მიპყრობილი, ხოლო მეორე, ერთთვალიანი, იღიმებოდა, იცინოდა და დელეგაციის სახეზე პირველის მიერ აღბეჭდილ შიშსა და გაოცებას ამცირებდა.
სოხუმელები ნავის თავთან მიგროვდნენ, სალამზე სალამით უპასუხეს. მომღიმარნი მიუახლოვდნენ.
მათ მხოლოდ ახლა გაარკვიეს უფროსის გაორებული სახისა და გასამებული თვალების ნამდვილი მიზეზი: ეს იყო დიდი, ღრმა, ძლივს შეხორცებული ჭრილობის შედეგი, რომლის მოწითალო კვალი მთელ სახეზე ირიბად გადაუდიოდა, მარცხენა საფეთქლიდან დაწყებული ნიკაპის მარჯვენა კუთხემდე. მარცხენა თვალის ზედა ქუთუთოს ერთი ნახევარი შუაში გაჭრილ წარბს ქვეშ, ჩამოჭრილი ჰქონდა და გაშიშვლებული. თვალის კაკლის ნაწილი ამ ადგილას მუდამ ღია, ცალკე თვალის შთაბეჭდილებას ტოვებდა მეორე ნაწილის გვერდით, რომელსაც ქუთუთოს ნაგლეჯი შერჩენოდა. ამ თვალიდან ჭრილობა ლოყას მიჰყვებოდა და ნესტოჩამოჭრილ ცხვირთან, შუაში გადაჭრილ ტუჩებზე გადავლით, ნიკაპის მარჯვენა კუთხეში წყდებოდა.
სახის მთელი ეს კანშემოჭიმული ნახევარი უძრავი და უცვლელი იყო, სულ ერთნაირი გამომეტყველების მქონე, რომელიც უცვლელად უსასტიკესი რისხვის გამოხატულებას ატარებდა, განსხვავებით მეორე მთელი ნახევრისგან, რომელსაც მშვიდი, ღრმა და ასაკოვანი ადამიანის გონიერი იერით ამეტყველებული თვალი ამშვენებდა.
საერთო მისალმების შემდეგ უფროსს სიტყვით ქალაქისთავმა სამსონ დავანაძემ მიმართა. მან არსებითად იგივე გაიმეორა, რაც ეშბამ პირველ მეზღვაურს უთხრა. მხოლოდ განსაკუთრებულად აღნიშნა დელეგაციის დიდი სურვილი „შმიდტის“ წითელი კაპიტნის, ამხანაგ კუზმას ნახვისა, რომლის შესახებ არა ერთი და ორი საოცარი ამბავი სოხუმშიც გაეგონათ (ეჭვი კი დაუმალა, რომ თავად იგი სწორედ კუზმა-მრისხანედ ჰყავდა წარმოდგენილი).
ორსახიანმა და სამთვალიანმა კაცმა, რომელიც კუზმა იყო, ლაპარაკი დაიწყო. მისი ხმა სასიამოვნო და ბოხი იყო, თან ისე უბრალოდ ლაპარაკობდა, რომ ძნელი დასაჯერებელი იყო, თითქოს ეს ის კაცი ყოფილიყო, ვინც ცოტა ხნის წინ მეზღვაურს შენიშვნა მისცა. მან თქვა: „მე ვარ „შმიდტის“ წითელი კაპიტანი, ამხანაგი კუზმა, რომელსაც „მრისხანეს“ მეძახიან. ალბათ, ეს სახელი მტრებმა შემარქვეს. სამწუხაროდ, ახლა ამხანაგებიც ასე მეძახიან. ვფიქრობ, თქვენც ამ სახელით მიცნობთ.“
კუზმამ განაგრძო: „ამავე დროს, მე ვარ კრეისერის ბოცმანთა რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე. მაქვს სრული უფლება ამ კომიტეტის სახელით გელაპარაკოთ. მოხარული ვარ თქვენი გაცნობით. ასევე მახარებს თქვენი ქალაქის რევოლუციური განწყობა და ჩვენდამი გამოჩენილი სიმპათია, რასაც ნაპირზე გამართული მიტინგი აჩვენებს.“
„გარწმუნებთ, რომ ჩვენ, ბოლშევიკები, ამ თანაგრძნობას სათანადოდ და დროულად დავაფასებთ. ახლა კი ნება მომეცით, გითხრათ შემდეგი: ჩვენი კრეისერი ათ დღეზე მეტია, რაც ამ მხარეშია. ის აქ რევოლუციური სამხედრო საბჭოს მიერ დავალებული ოპერაციების ჩასატარებლად იმყოფება.“
„გარემოება გვაიძულებს კიდევ ცოტა ხანს დავრჩეთ ამ ადგილებში, რაც თავიდან გათვალისწინებული არ იყო. სწორედ ამიტომ შემოვიდა გემი თქვენს ნავსადგურში ორი-სამი საათით: თქვენს ქალაქში უნდა ვიყიდოთ საჭირო საკვები, რომელიც შემოგვაკლდა. ჩვენ გვაქვს თქვენებური ფულიც. ასე რომ, რასაც ვიყიდით, იმის ფასს ნაღდად გადავიხდით.“
„რაც შეეხება მიტინგზე დასწრებას, „შმიდტის“ მეზღვაურები სიხარულით მიიღებენ მასში მონაწილეობას. მით უმეტეს, რომ მიტინგი ჩვენი გემის საპატივცემულოდ არის მოწყობილი,“ – დაამთავრა ამხანაგმა კუზმამ და სახის მთელი ნახევრით ისე გულითადად გაუღიმა დელეგატებს, რომლებიც ყურადღებით უსმენდნენ, რომ მათ სრულიად დაავიწყდათ სახის მეორე, მუდამ საშინელი ნახევრის არსებობაც კი.
გათამამებულმა სამსონ დავანაძემ ბოლომდე ვერ მოითმინა და მცირე ხნის საუბრის შემდეგ წითელ კაპიტანს გულახდილი ხუმრობით უთხრა, რომ მისი სახის მარცხენა ნახევარმა, რომელიც ნამდვილად არ შეეფერებოდა ბოცმანთა რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარისა და სახელოვანი კაპიტნის იშვიათ ინტელექტუალურ თვისებებს, მთელი დელეგაცია და პირადად ისიც ძალიან შეაშინა პირველ დანახვაზე. ახლა კი ის ბედნიერია იმით, რომ ეს შიში უსაფუძვლო აღმოჩნდა, და მეტსახელი „მრისხანეც“ მართლაც, მტრების უსინდისო მოგონილია და სხვა არაფერი.
კუზმას გაეცინა, მაგრამ ეს სიცილი უფრო გულმკერდის სიღრმიდან ისმოდა, ზღვის შორეული ღრიალივით, ვიდრე მის სახეზე იხატებოდა.
„ჭრილობაც მტრისგან მჭირს,“ – მიუგო მან დავანაძეს, როცა ყრუ სიცილი შეწყვიტა, და თითი ორთვალიან უძრავ სახეზე მიიდო. „ამ სახეს მხოლოდ მტრებისათვის ვატარებ. წარმოიდგინეთ: მეგობრები ვერც კი ამჩნევენ მას. ძალიან კმაყოფილი ვიქნები, თუ იგი თქვენი თვალებისთვისაც შეუმჩნეველი დარჩება.“
თავი V
თავი V
– V –
მიუხედავად იმისა, რომ კუზმა-მრისხანე თვითონ ნაპირზე არ გამოვიდა და სოხუმელების მიერ მოწყობილ ზეიმს არ დაესწრო, მიტინგი მაინც დიდი აღფრთოვანებით ჩატარდა.
ქალაქს ოცზე მეტი მეზღვაური ეწვია. მწყობრად დალაგებულნი და მორთულ-მოკაზმულები, ნავებიდან გადმოსვლისთანავე პირდაპირ მიტინგზე გამოცხადდნენ. მხოლოდ ერთმა პატარა ჯგუფმა, „შმიდტის“ სამეურნეო ნაწილის გამგის მეთაურობით და ვასილ ხრიტანიუკის თანხლებით, მიტინგს გვერდი აუარა და ბაზრისკენ წავიდა. სამსონ დავანაძეს ამ ჯგუფისათვის ხელმძღვანელად რაჟდენ თორია მიეჩინა, რომელსაც ყველა ზომა უნდა მიეღო გემისათვის საჭირო საკვების დროულად მომზადების უზრუნველსაყოფად.
მიტინგზე გამოცხადებულ რაზმს დიდი ოვაციით შეხვდნენ.
სოხუმის მოქალაქეები, რაკი საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ „შმიდტის“ მეზღვაურებმა მათ შიში არ გაუმართლეს, რომ ყველას მეტად წესიერად ეჭირა თავი და ქალაქის დარბევას თუ სხვა ასეთი საშინელების ჩადენას არავინ ფიქრობდა, სიხარულისაგან ცას ეწეოდნენ. არ იცოდნენ, თავიანთი აღტაცება სტუმრებისათვის როგორ გამოეხატათ და მათდამი უცებ გაჩენილი სიყვარული რა სახით გამოეჩინათ. ყოველი მხრიდან ისმოდა: „გაუმარჯოს „შმიდტს“!“
„გაუმარჯოს ოქტომბრის რევოლუციას!“
„გაუმარჯოს სოციალიზმს!“
ყველა ცდილობდა რაზმთან ახლოს მისვლას. შორიდან ყურება უკვე არავის აკმაყოფილებდა. საჭიროდ მიაჩნდათ თითოეულისათვის ქება ეთქვათ, სახეში თავაზიანი ღიმილით შეეხედათ და ხელი მეგობრულად ჩამოერთმიათ.
რამდენიმე კაცი მეზღვაურებს შორის შესანიშნავი და ენამახვილი ორატორი აღმოჩნდა. მათ ისეთი ცეცხლოვანი სიტყვები წარმოთქვეს, რომ ადგილობრივი აგიტატორები სამუდამოდ დაჩრდილეს.
სანამ მიტინგზე ორატორი ორატორს ცვლიდა და მოსულთა და დამხვდურთა შორის დაძმობილებას საფუძველი ეყრებოდა, საკვების შესაძენად წასულ ჯგუფს სანაპირო უბანი გაევლო და ბაზარს უახლოვდებოდა. მხოლოდ ვასილ ხრიტანიუკი, ვასკა-პირატად წოდებული, ორი ამხანაგითურთ ამ ჯგუფს ჩამორჩენოდა. ისინი პალმების ხეივნის ერთ თავთან, მიტინგიდან არც ისე შორს, კუთხეში მიდგმულ ფარდულში შესულიყვნენ და ახალმოხალულ მზესუმზირას ჭამდნენ, თან ფარდულის პატრონ რუს ქალთან საუბარი გაებათ.
სწორედ ამ დროს, მოულოდნელად, ვასილ ხრიტანიუკმა ფარდულიდან ისეთ უცნაურობას მოჰკრა თვალი, რომ გაგიჟებულივით თვალები დააბრიალა და თავის მაღლა აწევით გასასვლელისკენ წავიდა. გარეთ გაიხედა.
„ლანდი ხომ არ არის? ფუი, ეშმაკს!“ – ჩუმად ჩაილაპარაკა და ტუჩებში გაჩხერილი მზესუმზირას მარცვალი გაუკვნეტელად პირიდან გადმოაგდო.
პალმების რიგის გასწვრივ, ქუჩის მხარეს უჯუშ ემხა მიდიოდა თავისი მეგობრების თანხლებით. სულ ხუთნი იყვნენ. მათი ფრთხილი, აჩქარებული ნაბიჯი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ მნახველს ნამდვილად მოეჩვენებოდა, თითქოს საშიში ადგილიდან ფარულად უსაფრთხო ადგილისკენ მიიჩქარიანო.
ხრიტანიუკის თვალებს სიბრაზის ალი შეუკიდეს მიმავალი ემხას ოფიცრის ეპოლეტებმა, რომლებიც მაღალსა და განიერ მხრებზე ისე უბრჭყვიალებდა, რომ შემოქცეული ზურგიც კი ვერ უშლიდა ვასკა-პირატს მათ დანახვას.
მეზღვაური მაინც თვალს არ უჯერებდა. ფარდულიდან გამოხტა და თითის ნიშნებით ამხანაგებიც გარეთ გამოიხმო. მიმავალი ოფიცერი დაანახვა.
„ა? ვითომ ნამდვილი თეთრგვარდიელი ოფიცერია?! თვალი ხომ არ მატყუებს.“
„კი... ყაზახთა ოფიცერს ჰგავს!“
მაშინ ვასილ ხრიტანიუკმა რევოლვერის ტარს ხელი მაგრად ჩასჭიდა და მიმავალთ დაედევნა. მას ამხანაგებიც მიჰყვნენ.
„ჰეი, გაჩერდი, ბატონო ოფიცერო!“ – შორიდანვე დაუყვირა ემხას ხრიტანიუკმა, სიტყვა „ბატონზე“ ხმის განსაკუთრებული აწევით.
ხუთივე ჩოხიანი ერთი კაცივით მოტრიალდა და დადგა. მეზღვაურები რომ დაინახეს, შეკრთნენ, ჩანდა, არ მოელოდნენ ასეთ შეხვედრას.
„თავდაჭერილად იყავი, უჯუშ, ალბათ, შენ გეძებენ!“ – დაბალ ხმაზე ჩაულაპარაკეს მეგობრებმა უჯუშ ემხას და უმალვე ჩამოსცილდნენ. ჯერ შორი-შორს დადგნენ და შემდეგ, როცა ვასილ ხრიტანიუკი ემხას მტკიცე ნაბიჯით დაუახლოვდა, პალმებს შორის დაიფანტნენ, უჩინარნი გახდნენ.
„მინდა გაგეცნოთ, ბატონო ოფიცერო! კრეისერ „შმიდტის“ მეზღვაური გახლავართ, ვასკა-პირატი. აბა, მითხარი, შენ ვინა ხარ?“ – მიახლოებისთანავე მიმართა გამომწვევი შეძახილით მეზღვაურმა უჯუშ ემხას და ცხვირის წინ დაუდგა ტანის რაღაც უცნაური დაჭიმვით, რაც შეუპოვარი ბრძოლისთვის მზადებას ნიშნავდა.
სიძულვილითა და ზიზღით ანთებული თვალები გახურებული შანთებივით თვალებში გაურჭო და რევოლვერზე დადებული ხელის დატატუირებულ შიშველ მკლავზე აგორებული რკინის კუნთები აათამაშა.
ემხა არ შენძრეულა. ხრიტანიუკის თვალებს გაუსწორა მზერა და გარეგანი სიმშვიდის შენარჩუნებით მეზღვაურის შემდეგ ნაბიჯებს ელოდებოდა უხმოდ, უსიტყვოდ.
ბრაზი მოერია ვასკა-პირატს. მოთმინება არ ეყო ოფიცრის ეპოლეტებისა და ოქროს ორდენისათვის კიდევ ეყურებინა.
„პასუხი სწრაფად, ვინ ხარ-მეთქი!“ – შეჰყვირა ერთხელ კიდევ და მარცხენა ხელი ემხას მარჯვენა მხარს ხმალივით შემოუქნია. კლანჭებად მომზადებული თითები ეპოლეტში ჩაასო და მოსაგლეჯად მოქაჩა.
იმავე წამს რევოლვერი გავარდა და განგმირული ვასილ ხრიტანიუკი მიწაზე ზურგზე გაიშხლართა უსულოდ.
ეს მოხდა ისე სწრაფად, ისე მოულოდნელად, რომ ხრიტანიუკის ამხანაგები ერთხანს ვერც კი მიხვდნენ, რა დატრიალდა მათ თვალწინ. და როცა იმათგან ერთ-ერთმა, წინ წამოსულმა, მტრის პირისპირ რევოლვერი ამოიღო, ემხას ტყვიამ ისიც უმალვე ძირს დასცა პირველის გვერდით.
მესამე მეზღვაურს კი დამიზნებული რევოლვერი ხელში შერჩენოდა უაზროდ: უჯუშ ემხა მის წინ უკვე აღარ იდგა. მოულოდნელობითა და წარმოუდგენელი საშინელებით დაბნეულმა მისმა თვალებმა ვერც კი დაინახეს, თუ როგორ გადახტა ოფიცერი უკან, ხეივნის ბუჩქებში დაიმალა, ქუჩა გადაჭრა და პირდაპირ რომელიღაც სახლის ეზოში გაუჩინარდა.
მაგრამ მეზღვაურმა თავისი რევოლვერი მაინც რამდენჯერმე დაცალა. მერე მიტინგის ადგილისკენ პირი იბრუნა და ყვირილით შესძახა: „აქეთ, ამხანაგებო! გვკლავენ, თავს გვესხმიან!“
რევოლვერის პირველი გასროლის ხმაზე მიტინგზე შეკრებილი ხალხი შეირხა. შემდეგ ყურადღებით მოისმინა, გაჩუმდა და გაიყინა. თითქოს მეორე გასროლის ხმა არც გაუგიაო, ისევ უძრავად და სუნთქვაშეკრული იდგა. მხოლოდ მეზღვაურის ყვირილმა გამოიყვანა უცებ ამ მდგომარეობიდან. ყველამ იგრძნო, რომ რაღაც დიდი უბედურება მოხდა.
„დაირაზმეთ! მხარი-მხარს, მეზღვაურებო!“ – გაისმა საერთო სიჩუმეში რაზმის უფროსი მეზღვაურის ბრძანება. ოცი კაცი თვალის დახამხამებაში გამოეყო დანარჩენ ხალხს, ერთმანეთს მხარში ამოუდგა და საომრად მოემზადა.
ხალხში ჯერ შეკავებული, ჩუმი ხმაური გაისმა, მერე ბრბო შეიკუმშა, ერთად მოგროვდა და მეზღვაურთა რაზმის პირდაპირ, ქუჩის მეორე მხარეს, დუქნებსა და სახლების კედლებს შეეფინა, როგორც შეშინებული ფარა.
მიტინგის დაცარიელებულ ადგილას რამდენიმე კაცი დარჩენილიყო, რომლებმაც არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ ან საით წასულიყვნენ. მათ შორის სამსონ დავანაძის დიდი ტანი გამოირჩეოდა მკერდზე დაფენილი წვერით.
ის ქუდმოხდილი იდგა ერთ ადგილას და თავისთვის გაუგებარ რაღაცას ბუტბუტებდა. მოჩვენებას ჰგავდა. მის გვერდით ნარიქ ეშბას ფართოდ გაშლილი მარჯვენა ხელი ჰაერში აემართა. ამ ხელით ის ხან მეზღვაურებს აფრთხილებდა, რომ დაეცადათ და არაფერი გაეკეთებინათ, ხან კი ხალხს რაღაც გაურკვეველ ნიშანს აძლევდა, რომლის შინაარსი ალბათ მისთვისაც გაუგებარი იყო.
ამასობაში ვასილ ხრიტანიუკის უვნებლად დარჩენილი ამხანაგებიც გამოჩნდნენ. ისინი შემზარავად ღრიალებდნენ და ამხანაგებს მტრის წინააღმდეგ სამოქმედოდ მოუწოდებდნენ.
რაზმის უფროსმა მეზღვაური თავისთან მოიხმო და ამბავი დაწვრილებით გამოჰკითხა. მისი ხმამაღალი, ქოშინით ნაამბობი სამსონ დავანაძის ყურებმა ზედმიწევნით მოისმინეს. ნარიქ ეშბასაც არც ერთი სიტყვა არ გამორჩენია.
მეზღვაურებთან ერთად ამათაც შეიტყვეს, რომ ვიღაც თეთრგვარდიელი, ყაზახთა ოფიცერი, გიორგის ორდენის კავალერი სამ მეზღვაურს თავს დაესხა ქუჩაში და მოულოდნელად სროლა დაუწყო. ერთი მათგანი, ვასილი ხრიტანიუკი მოკლა, ხოლო მეორე დაჭრა და მიიმალა.
დავანაძისა და ეშბას ყურადღება განსაკუთრებულად მიიპყრეს რამდენჯერმე ნახსენებმა სიტყვებმა: „ყაზახთა ოფიცერი“, „გიორგის კავალერი“.
„უჯუშ ემხას დავუღუპივართ,“ – გაუელვა თავში ერთსაც და მეორესაც ერთდროულად. რადგან ამ ემხას გარდა სხვა ყაზახთა ოფიცერი და გიორგის ორდენის კავალერი მთელ ქალაქში არავინ ეგულებოდათ. მიხვედრა ერთმანეთს გაუზიარეს და დაუდასტურეს.
თითქოს საიდანღაც ახალი ძალა და ენერგია შეემატაო, ისე დატრიალდა ახლა სამსონ დავანაძე. რაკი გაიგო, რაც მოხდა, და ისიც შეიტყო, თუ ვინ იყო, მან უკვე იცოდა, როგორ უნდა ემოქმედა. ერთიორად გაიმართა მოედანზე. მილიციის უფროსი მოიხმო თავისი თანაშემწეებით და ყველას გასაგონად მკაცრი ბრძანება მისცა, ქალაქი ყველა მხრიდან გადაეკეტათ. არც ტყვია დაეზოგათ, არც ცეცხლი და არც მახვილი, ოღონდ ოფიცერი ემხა ეპოვნათ და ის ცოცხალი მოეგვარათ. მერე თავისი მგრგვინავი ხმის კიდევ უფრო ამაღლებით ხალხს მიუბრუნდა და რუსულად მიმართა, რათა მისი ყოველი სიტყვა მეზღვაურებსაც კარგად გაეგონათ:
„მოქალაქენო, ჩვენს ქალაქში ქურდულად შემოპარული ოფიცერი უჯუშ ემხაა ჩვენი დამღუპველი. იგი თავს დასხმია ჩვენს სტუმრებს ქუჩაში და საშინელი მკვლელობა ჩაუდენია. ემხა ჩვენი მკვლელიც არის, ამხანაგებო! შინ გვყოლია მტერი, მოღალატე და დროზე ვერ მივმხვდარვართ.
ჩვენი ხსნა საშინელი რისხვისგან, რომელიც უთუოდ დავიმსახურეთ, მხოლოდ ერთ რამეს შეუძლია: საკუთარი ხელით შევიპყრათ დამნაშავე და მივუყვანოთ მოკლულის ამხანაგებს დამსახურებული სასჯელის მისაღებად.
თუმცა მილიციას ნაბრძანები აქვს არაჩვეულებრივ, ჯერ კიდევ გაუგონარ ზომებს მიმართოს მტრის სამალავის აღმოსაჩენად, მაგრამ ეს არ კმარა. თითოეულმა თქვენგანმა ხელი უნდა გამოიღოს. აბა, ვინც ვარგა, ახლა გამოჩნდება. დაგვიანება სიკვდილს უდრის, იცოდეთ ყველამ.“
ეს თქვა და ხელისგულით შუბლზე სიმწრის ოფლი მოიწმინდა.
თავი VI
თავი VI
– VI –
„შმიდტის“ გემის ზედა გემბანზე, კიბის თავთან, კუთხეში, ქალაქ სოხუმის მრავალრიცხოვანი დელეგაცია შეკრებილიყო ბექირბი ჩაჩბას მეთაურობით. დელეგაცია ვასილ ხრიტანიუკის გვამს და დაჭრილ მეზღვაურს წამოჰყოლოდა ქალაქიდან, რათა გემის უფროსისათვის ქალაქის უზომო მწუხარება გამოეცხადებინა და მოულოდნელად მომხდარი უბედური შემთხვევა სწორად განემარტა პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად.
მისი მეთაური, ხანდაზმული თავადი ჩაჩბა, დელეგაციის დანარჩენ წევრებზე წინ წამდგარიყო, ქალაქისთავის დავანაძისა და ნარიქ ეშბას თანხლებით. ის გემბანის მეორე მხარეს ჩამწკრივებულ მეზღვაურთა რაზმის წინ დამდგარ კუზმა-მრისხანეს ქუდმოხდილი შესცქეროდა მთელი თავისი ტანის დიდებული სიმყარით და ჭაღარა თმის გვირგვინში ჩამჯდარი ნათლად გაშლილი სახით. მისი თვალები უზომო მწუხარებას გამოხატავდნენ. მას შავი ჩოხა ეცვა, უბრალო შავ ქამარ-ხანჯალშემორტყმული.
კუზმა-მრისხანე ჩაჩბასკენ ნახევრად მობრუნებული იდგა. თავადს თავისი გაორებული მარცხენა თვალის რისხვის გამფრქვევი შუქით ზომავდა. გემბანზე სიჩუმე იყო, რომელსაც დროგამოშვებით არღვევდა გემის ქვედა სართულში ჩამავალ კიბეზე გამართული აურზაური და მოძრაობა დაჭრილი მეზღვაურის მოსავლელად მოსული სოხუმელი ექიმებისა. ხანდახან კიდევ ზღვის შორეული გუგუნი გემზე ჰაერს შეარხევდა და სოხუმზე წამოყუდებულ გორაკებს მიაწყდებოდა ისეთი ხმის გამოცემით, რომელიც ქარიშხლის მოახლოებას მოასწავებდა.
გემბანზე მყოფნი მოუთმენლად და ჩუმი ცახცახით მოელოდნენ ერთმანეთის პირისპირ მდგომი გემის უფროსსა და დელეგაციის მეთაურს შორის საუბრის დაწყებას. მაგრამ არც ერთი მათგანი არ აპირებდა სიჩუმის დარღვევას, თუმცა თითოეულის პოზა იმას მოწმობდა, რომ სათქმელი სიტყვა პირზე ჰქონდათ მომდგარი.
ბექირბი ჩაჩბასთვის ენა ჩაეგდო კუზმა-მრისხანის სასტიკ შესახედაობას, რომელმაც მასზე ზებუნებრივი მოვლენასავით იმოქმედა. თუმცა ჩაჩბას გული წინასწარ ჰქონდა მომზადებული ბოლშევიკების გემის უფროსის საოცარ სახესთან პირისპირ შესახვედრად, მაინც მის ყოველ წარმოდგენას აღემატებოდა ის საშინელება, რომელიც კუზმა-მრისხანეს თვალებიდან შემოჰყურებდა. თავადი ცხადად ხედავდა, რომ მეზღვაურს დაფლეთილი ტუჩები ისე მოეკუმა, თითქოს დაუსრულებელი ზიზღისა და სიძულვილის ნერწყვს დაურიდებლად მას პირდაპირ სახეში უმიზნებდა.
ხოლო კუზმას ქოშინით სუნთქვა ისეთ შეურიგებლობასა და შურისძიების წყურვილს ანთხევდა გარშემო, რომ არა თუ ბექირბი ჩაჩბას წართმეოდა ხმის ამოღების უნარი, მის გვერდით მდგომი დავანაძეც და ეშბაც დამუნჯებულიყვნენ და გაქვავებულიყვნენ.
კუზმა-მრისხანე კი ისე აღეშფოთებინა მის წინაშე რაღაც უაზრო თავაზიანობითა და უაზრო ცერემონიით დამდგარ დელეგაციას, განსაკუთრებით კი ბექირბი ჩაჩბას ბატონურმა და ბრწყინვალე იერმა, რომ მეამბოხე მეზღვაურის ბუნება ყოვლად შეუძლებელს ხდიდა რაიმე სიტყვიერი კავშირის დამყარებას ამ ყოველმხრივ მისთვის უცხო ადამიანებთან.
ბოლოს სიჩუმე აუტანელი გახდა ორივე მხარისთვის.
და უცებ მოხდა ის, რასაც არავინ არ მოელოდა.
კუზმა-მრისხანე მთელი ტანით მგლურად მეზღვაურებისაკენ მიტრიალდა და დელეგაციას ზურგი შეაქცია. ცოტა ხანში მისმა მჭექარე ხმამ გაწნულ სილასავით დაიწივლა დელეგატების ყურებთან:
„ამათი დედაც... ცერემონიას მიწყობენ რაღაც სულელურს და მასულელებენ! მიმიფურთხებია მე მაგათი თავადური პრანჭვა-გრეხისათვის, ჰეი, მორიგევ!“ და მოწყვეტილი, მოკლე ნაბიჯებით პირდაპირ კიბეს მიაშურა, რომელიც მაღლა, კაპიტნის კაბინაში ადიოდა.
მორიგე მას უმალვე მიჰყვა კვალდაკვალ.
ვერ მოასწრეს დელეგაციის წევრებმა შექმნილი მდგომარეობის გააზრება, რომ მორიგე მეზღვაური კიბეზე უკანვე დაეშვა და მათ წინ შედგა ხელში რევოლვერმომარჯვებული. მან შეფერხებით წარმოთქვა:
„გემის უფროსი გიცხადებთ შემდეგს: გეძლევათ ერთი საათი ვადა მკვლელი თეთრგვარდიელი ოფიცრის გემზე წარმოსადგენად. ამ ვადის შემდეგ, თუ მოთხოვნა შესრულებული არ იქნება, გემი ისე იმოქმედებს, როგორც ამას საჭიროდ ჩათვლის. მანამდე გემი მძევლად იტოვებს ქალაქის დელეგაციის მეთაურს. დანარჩენებს ნება აქვთ წავიდნენ გემის უფროსის განკარგულების გადასაცემად.“
ეს რომ განაცხადა, მორიგემ მეზღვაურთა რაზმიდან სამი კაცი გამოიხმო, რომელთაც უბრძანა ბექირბი ჩაჩბას გარშემორტყმოდნენ და საპატიმრო ოთახში წაეყვანათ, ქვედა სართულში. სანამ დელეგაციის წევრები გაერკვეოდნენ იმაში, რაც მათ წინ ხდებოდა, თოფიანი მეზღვაურები ბექირბი ჩაჩბას გარშემორტყმოდნენ, თვალის დახამხამებაში დანარჩენებისაგან განაცალკევეს და ქვედა სართულში ჩაიყვანეს.
იმავე მორიგემ სოხუმის დანარჩენ წარმომადგენლებს თითით გზა უჩვენა ზღვაზე დაშვებული ჯაჭვის კიბის ქვედა თავთან მომდგარი ნავებისაკენ.
სოხუმი უდიდეს არეულობაში იყო. ქალაქში არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ გემი მოკლული მეზღვაურის გამო შურს იძიებდა. არავინ იცოდა, როგორ და რა ფორმით მოხდებოდა ეს შურისძიება, მაგრამ ყველა გრძნობდა, რომ ის მკაცრი იქნებოდა და მისი დროც ახლოვდებოდა. ყველას ესმოდა ისიც, რომ დამნაშავის ცოცხლად დაჭერა მოსალოდნელ საფრთხეს თუ სრულად არ გააქრობდა, დიდად მაინც შეამცირებდა და ხალხს თავის მართლების საშუალებას მისცემდა.
სწორედ ამ უკანასკნელი გარემოების გაცნობიერების გამო, სოხუმის მთელი მოსახლეობა, დიდიან-პატარიანად, იმ განაპირა უბნისკენ დაიძრა, სადაც ოფიცერ უჯუშ ემხას სახლი ეგულებოდათ.
განსაკუთრებული მონდომებით ახლაც მოქალაქეთა ის ნაწილი მოქმედებდა, რომლებსაც საკუთრება ჰქონდათ. ამ ნაწილს რაჟდენ თორია ხელმძღვანელობდა, პირდაპირი და მამაცი ვაჭარი, რომელიც თოფითა და რევოლვერით იყო შეიარაღებული.
სოხუმის არისტოკრატია კი, ცოტა არ იყოს, თავს განზე იჭერდა და საქმეში პირდაპირ არ ერეოდა. მას აფხაზეთის ცნობილი და დიდი გვარების წარმომადგენლები შეადგენდნენ, რომლებიც ემხას გვართან ნათესაური კავშირით იყვნენ დაკავშირებულნი. მათგან ტრადიცია კატეგორიულად მოითხოვდა, როგორი მდგომარეობაც არ უნდა შექმნილიყო, მაინც, უპირველეს ყოვლისა, სისხლის ინტერესებზე ეზრუნათ. ამ შემთხვევაშიც ამ ნაწილს უფრო უჯუშ ემხას გადარჩენა აინტერესებდა, ვიდრე სოხუმელი ვაჭრებისა და მესაკუთრეების ქონების დაცვა, თუმცა ამას, რა თქმა უნდა, არაფრით არ ამჟღავნებდნენ.
მილიციისა და მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა თავდაპირველად ქალაქიდან გასასვლელი გზები გადაკეტა. მეორე ნაწილი ახლომდებარე თემებისკენ დაიძრა, რათა სოფლები ფეხზე დაეყენებინა და ემხასთვის გზა გადაეჭრა, თუკი ის ქალაქიდან გასვლას მოასწრებდა. მესამე ნაწილმა კი, თვითონ რაჟდენ თორიას მეთაურობით, სოხუმის განაპირას, მთის კალთის ძირში მიმალულ ემხას სახლს ალყა შემოარტყა.
მილიციონერები და უფრო გაბედული შეიარაღებული მოქალაქეები ყვირილით შეიჭრნენ ემხას სახლში, მაგრამ აქ მათ მხოლოდ ორი ადამიანი დახვდათ: ემხას მოხუცი დედა, სამგლოვიარო შავი ტანსაცმლით შემოსილი ქვრივი შოუჰარი, და მისი თორმეტი წლის ქალიშვილი, ლილი, უჯუშის უმცროსი და.
მოულოდნელი უბედურებისგან შეშინებულ დედას გვერდით ამოეყენებინა თავისი ქალიშვილი და მოსულებს კართან შეეგება.
„ჩემი შვილი უჯუშ შინ არ არის, ალბათ მოვა და პასუხიც იმას მოსთხოვეთ“, – იყო მისი პასუხი ხალხისა და მთავრობის წარმომადგენლების შეკითხვაზე უჯუშის შესახებ.
ოდნავ დანაოჭებულ თეთრ სახეზე შიშის ფერი გადაჰკვროდა და უჩინარი ცრემლით დასველებულ დიდ თვალებში ჩვეული თავდაჭერილობისა და დაძაბული ნებისყოფის უკანასკნელი სიმტკიცე შემოეკრიბა. მაღალი ტანი ჩვეული ამაყი გამომეტყველებით ეჭირა, მაგრამ მაინც ჩვეულებრივი ზრდილობითა და ქალური თავმდაბლობით უხვდებოდა მის სახლში შემოსულ მოულოდნელ ხალხს.
ყოველ შეკითხვაზე სულ ერთსა და იმავეს იმეორებდა შეუცვლელად.
„ჩემი შვილი უჯუშ შინ არ არის. ალბათ, მოვა და პასუხიც იმას მოსთხოვეთ.“
პატარა ქერა ლილი კი დედის კალთაში მიმალულიყო. მთელი მისი უაღრესად გაკვირვებული და შეშინებული არსება იმ ორ თვალში მოთავსებულიყო, რომლებიც დაუღალავად დაჰყვებოდნენ უცხო ადამიანების ერთი სახიდან მეორეზე.
მოსულებმა ოთახები გაჩხრიკეს. მერე ეზოში მიმოფანტულ შენობებს შეესივნენ – სამზარეულოს, საჯინიბოს, სასიმინდეს – მაგრამ უჯუშ ემხას კვალი ვერსად ვერ აღმოაჩინეს.
გაბრაზებული რაჟდენ თორია მაშინ ერთხელ კიდევ მივარდა შოუჰართან:
„ის მაინც გეცოდინებათ, თქვენი ვაჟის ძიძიშვილი ჰაკი აძბა სად იმყოფება, უჯუშ უთუოდ მასთან იქნება.“
შოუჰარმა თავი გააქნია. მერე შეგვიანებით მოკლედ უპასუხა:
„არ ვიცი.“ ხმას ისეთი ტონი დაატანა, რომ თავხედ ვაჭარს აგრძნობინა: „ჩემი პასუხის ღირსი არ ხარ, მაგრამ ახლა სხვა გზა არ მაქვსო.“
თორია უფროს მილიციონერთან მივარდა. მათ შორის ჩუმი საუბარი გაიმართა. მერე უფროსმა განკარგულება გასცა, ემხას დედა და და დაეპატიმრებინათ. ორი მილიციონერი ყარაულებად დაუდგნენ დედას და შვილს და აივნის კუთხეში მიამწყვდიეს.
ეს ის დრო იყო, როცა გემიდან დაბრუნებული დელეგატები ემხას მაძიებელ ხალხს შემოუერთდნენ და სამსონ დავანაძემ თავისი უხეში ხმით გამოაცხადა „შმიდტის“ უფროსის ურყევი ულტიმატუმი და ბექირბი ჩაჩბას დატყვევების ამბავი.
ქალაქისთავის განცხადებამ უდიდესი აღელვება გამოიწვია ხალხში, მაგრამ მას ყველაზე ერთნაირად არ უმოქმედნია. ხალხის დიდმა უმრავლესობამ გემის სასტიკ ულტიმატუმს მიაქცია მთელი ყურადღება – განსაკუთრებით კი ერთი საათის ვადას, რომელიც ძალიან მოკლე ვადად მოეჩვენა, ხოლო თავად ჩაჩბას დატყვევების ამბავი, თითქოს მის ყურთასმენას სრულიად აცდაო, არაფრად ჩააგდო. ერთი საათის ვადა ყველას ცეცხლივით მოედო და შიგ ტვინში აუვარდა. უმწეობისა და სასოწარკვეთილების გმინვა გაისმა ირგვლივ:
„ერთი საათიო... მაშ დავქცეულვართ.“
რაჟდენ თორიას საშინელი მოწოდების ყიჟინაც გაისმა შურის საძიებლად:
„უმალ ცეცხლი ჩვენი დამღუპველი ემხას სახლ-კარს, უმალ სიკვდილი მისი ოჯახის წევრებს!“
და ათასმა ხმამ დაიგუგუნა:
„სიკვდილი! სიკვდილი ემხას!“
მაგრამ ამავე ხალხში განცალკევებულად იდგა ერთი ჯგუფი, რომელზედაც განსაკუთრებულად იმოქმედა ბექირბი ჩაჩბას ტყვედ და მძევლად წაყვანის ამბავმა. ულტიმატუმისთვის კი მას დიდი ყურადღება არც მიუქცევია. ჩაჩბას დატყვევების გაგონებაზე ეს ჯგუფი ისეთმა შიშმა მოიცვა, თითქოს კრეისერ „შმიდტის“ ზარბაზნები უკვე ქუხდნენ და ქალაქს გამანადგურებელი სროლა აუტეხესო.
მასში თავი მოეყარათ სოხუმში კარგად ცნობილ თავადებს, რომლებიც მუდმივად ქალაქში ცხოვრობდნენ ან დღეს შემთხვევით აქ იმყოფებოდნენ. მათ შორის იყვნენ მთელ აფხაზეთში დიდი გავლენისა და ავტორიტეტის მქონე პირები, რომელთა საზოგადოებრივი მდგომარეობა თებერვლის რევოლუციას ჯერ კიდევ ვერ შეერყია. სანამ ეს ჯგუფი უწარჩინებულესი ბექირბი ჩაჩბას დატყვევებას შეიტყობდა, თავისი უმოქმედობით უჯუშ ემხას უთუოდ უჩინარ მფარველობას უწევდა, რასაც კარგად გრძნობდა და ამჩნევდა გამოცდილი რაჟდენ თორიაც.
შესაძლებელია, ზოგიერთმა თავადმა ემხას სამალავიც კი იცოდა და უთუოდ ისე არ იქნებოდა, ერთს ან ორს მასთან საიდუმლო კავშირიც არ ჰქონოდა დამყარებული ამ განსაცდელის დროს.
მოხუცი შოუჰარისა და პატარა ლილის დაპატიმრება ამ თავადებისთვის ჯერ კიდევ არ წყვეტდა ემხას განწირვის საკითხს. დაპატიმრების ატანა შეიძლებოდა, მაგრამ ბექირბი ჩაჩბას დატყვევება დამნაშავე ემხას მაგიერ უკვე საქმის სერიოზულ გართულებას წარმოადგენდა და უდიდეს საფრთხეს მოასწავებდა ჩაჩბას სიცოცხლისთვის.
ამ გარემოებამ უცებ შეცვალა მდგომარეობა და უჯუშ ემხას ბედიც გადაწყვიტა. არჩევანის გაკეთებაც კი შეუძლებელი იყო ჩაჩბასა და ემხას შორის. უთუოდ ემხა უნდა განწირულიყო.
– VII –
უჯუშ ემხას სისხლიანი ამბებით სავსე ცხოვრებაში პირველი შემთხვევა იყო, როცა მას მტერთან სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლა მოუხდა ისე, რომ თავისი ერთგული ძიძიშვილი ჰაკი აძბა გვერდით არ ჰყავდა.
თავი VII
თავი VII
ამიტომ ეგონა, თითქოს ეს ყოფილიყო იმის მიზეზი, რომ გულში გადარჩენის მტკიცე რწმენა არ ჰქონდა და ის იმედი აღარ ამხნევებდა, რომელიც უარეს მდგომარეობაშიც კი ლომის ძალას და ვეფხის შეუპოვრობას მატებდა.
ეზოებიდან ეზოებში ქარივით გადადიოდა. ქუჩებს ირმის ნახტომებივით გადარბოდა და თან ჰაკის უკიოდა ხან ხმამაღლა, ხან კიდევ ჩუმად, თავისთვის: „ჰაკი! ა, ჰაკი! სად ხარ, ჰაკი?“
სიკვდილზე უფრო მწარე იყო უიმედობის გრძნობა.
შიში კი არ იყო, სულს რომ ასე უფორიაქებდა და მის ცნობიერებას სიკვდილის შავ სახეს აჩვენებდა. შიშზე სიხარულით გასცვლიდა მას, რომ შესძლებოდა. ეს იყო გაგრძელება იმ საკვირველი წინათგრძნობისა, რომელიც ჯერ კიდევ დილით, სასტუმროში, კრეისერ „შმიდტის“ გამოჩენამდე, სიზმრად საშინელი სიკვდილით დაემუქრა მას და ურყევი ბედისწერის სახით მის შეგნებაში შეიჭრა, როგორც გარდაუვალი ნება მის გარეშე მოქმედი შეუცნობელი ძალისა.
მალე თავის ეზოს მიუახლოვდა. ჭიშკართან შედგა და სახლიდან ლილი გამოიხმო.
საყვარელი ძმის ხმის გაგონებისთანავე ლილი ჭიშკართან გაჩნდა გახარებული. შეხედა თუ არა უჯუშს, გაკვირვებისგან სახე მოექცა, შიშით შეჰკივლა: „უჯუშ, შენი ჭირიმე, რა მოგივიდა?“
უჯუშმა მხოლოდ ახლა შეამჩნია, რომ რევოლვერი ხელში ეჭირა და ისე ქშინავდა, თითქოს მკერდიდან ხანძრის ალი ამოსდიოდა. „ჰაკი სად არის? ჩქარა მითხარი!“
„თავის ბიძასთან, კაცთან გადავიდა დილიდანვე. თქვი, რა მოხდა, უჯუშ?“
„რუსის მეზღვაურები შემომაკვდნენ. დედას უთხარი: რაც მოხდა, მოხდა, ბედისწერა არის-თქვა. მდევრები მოვლენ. თოუხან მარშანს შეატყობინე, ჰაკისთან მნახოს. სხვასთან სიტყვა არ დასძრა.“
მობრუნდა, ორი ნაბიჯი ხტომით გადადგა.
„მშვიდობით, ლილი!“ – გულზე მოიწყვიტა და დას ერთხელ კიდევ შემოხედა შეუჩერებლად. მერე უცბად ისე მიიმალა, რომ ლილიმ ძლივს შეასწრო ცრემლმორეული თვალები.
* * * * * * *
უჯუშ ემხას ძიძიშვილმა, ჰაკი აძბამ, ბოლშევიკების გემის შემოსვლისა და მიტინგის გამართვის ამბავი მხოლოდ ბიძამისისას გაიგო. თვითონ ბიძა, კაც აძბა, სოხუმში ცნობილი დალალი, შინ არ დახვდა. მისმა ცოლმა უთხრა:
ყველამ გაიგო, ჰაკი, შენ რატომ არ იცი, რომ ბოლშევიკები შემოსულან და ქალაქში დიდი მიტინგია? შენი ბიძაც იქ წავიდა. საოცარ ამბებს ელოდებიან. – ვაიმე, უჯუში მარტოა! ახლავე უნდა წავიდე და მოვძებნო, – წამოიძახა ჰაკიმ, როგორც კი ბოლშევიკების ამბავი გაიგო.
სიტყვა „ბოლშევიკი“ როგორც უჯუშისთვის, ვისაც ის ზრდიდა, ისე თავად ჰაკისთვისაც უდიდეს საფრთხეს ნიშნავდა. ჰაკის ბოლშევიკებზე ასეთი წარმოდგენა უჯუშის წყალობით და მისი გავლენით ჰქონდა ჩამოყალიბებული. მით უმეტეს, რომ ემხასთან ერთად რუსეთის სამოქალაქო ომის საშინელებები ჰქონდა გამოვლილი. ბიძას აღარ დაუყოვნებია და მაშინვე ნავსადგურისკენ გაემართა.
ავსტრიის ფრონტზე ნაყიდი საყვარელი კარაბინი ხმალივით ეკიდა გვერდზე, კონდახი იღლიაში ჰქონდა შეჩრილი. წელზე პატარა ხანჯალი ერტყა და მოგრძო, მაგრამ პატარა ზომის სმიტისა და ვესონის სისტემის რევოლვერი, ლამაზად მოქარგულ ბუდეში იდო. ამ სამ იარაღს ჰაკი არასოდეს არ იშორებდა.
ის უჯუშ ემხას თანატოლი იყო. აფხაზი გლეხი, რომელსაც მთელი აფხაზეთი იცნობდა, როგორც ემხას ძიძიშვილს და მის განუყრელ მეგობარს. ის იყო მოხდენილი ტანის კაცი, გამხდარი, მაგრამ დაკუნთული, სწორად ნაშენი – მოქნილი და სწრაფი, როგორც გარეული შავი კატა.
თმაგადაპარსული თავი ზაფხულ-ზამთარში შიშველი დაჰქონდა, ყაბალახი ყოველთვის ცალ მხარზე ჰქონდა გადაგდებული. კუპრივით შავი წვერ-ულვაში თითქმის მთელ სახეს უფარავდა. შავი წარბები გაშლილი ფრთებივით თვალებზე ჩამოსწოლოდა. ლაპარაკის დროს ისინი რიგრიგობით ეშვებოდა და რიგრიგობითვე აჩენდა ბუდეებში ღრმად ჩამჯდარ პატარა თვალებს, რომლებიც საგნებს ისარივით ესობოდა.
კაცის სახლიდან წამოსულმა ჰაკიმ უჯუში ყველგან მოიკითხა, სადაც ეგონა, რომ იქნებოდა. სასტუმროში უთხრეს: გუშინ ღამე აქ იყო და ამ დილით წავიდაო. დაუსახელეს, ვისთანაც იყო. ჰაკი მიტინგზე მივიდა. ჩვეულებისამებრ, ხალხისგან თავი შორს დაიჭირა. აქა-იქ ნაცნობებთან მივიდა და უჯუშის შესახებ ჰკითხა, მაგრამ კვალს ვერ მიაგნო.
ამ დროს სწორედ რევოლვერის ხმა გაისმა და მიტინგიც შეირყა. ჰაკიმ ყურადღება გაამახვილა სმენასა და მხედველობაზე. რაღაც წუხილმა მოიცვა და უჯუშის გამო შიშმა გული მოუფხაჭნა. ყოველი შემთხვევისთვის კარაბინი მოიმარჯვა და ტანში გაიმართა, მხარ-ბეჭი შექანებით შეისწორა.
როდესაც სამსონ დავანაძემ ყველას გასაგონად უჯუშ ემხას ამბავი გამოაცხადა, ჰაკიმ უცებ სასიკვდილოდ დაჭრილივით ამოიგმინა და თვალის დახამხამებაში თავის ადგილიდან მოწყდა. ხალხის ტალღებს შორის შეუმჩნევლად გაიკაფა გზა და იქით გავარდა, საიდანაც რევოლვერების სროლა გაისმა.
ხალხისგან სრულიად დაცარიელებული ხეივნის ბოლოში თვალი მოჰკრა მიწაზე გაშხლართულ ორ მეზღვაურს, ერთხელ კიდევ შეკავებულად იყვირა: – ჰააააჰაიტ! – რომელიც ნადირის უეცარი შეშინების ხმას ჰგავდა. წამით ნაბიჯი შეანელა. რამდენჯერმე მიმოიხედა იქაურობას. იქნებ სადმე უჯუში დაელანდა. მერე თქვა:
– წასულა...
თავში გაუელვა, რომ უთუოდ მასთან წამოვიდოდაო და ფეხების აწყვეტით ახლომდებარე ქუჩაში შეუხვია.
ლილი ჯერ კიდევ ჭიშკართან იდგა, როცა ჰაკი გამოჩნდა. როგორც კი უჯუშის და დაინახა, აძბამ შიშით შესძახა:
– სად არის? – ერთდროულად ხელითაც ანიშნა, რას ეკითხებოდა.
ლილიმ უსიტყვოდ თითი იქითკენ გაიშვირა, საითკენაც უჯუში გაიქცა. ჰაკი არ შეჩერებულა.
სამიოდე ნახტომი და უჯუშს თვალი მოჰკრა. უჯუში მისკენ მოტრიალდა. ჰაკი მაშინვე წინ დაუდგა. მაღლა აწეული ორივე წარბის ქვემოდან შეხედა: ჯერ უსიტყვოდ შეეკითხა და მერე უსიტყვოდვე მთელი თანაგრძნობა დაანახვა თვალებით. უჯუშს გაუჭირდა ხმის ამოღება.
– იცოდე: თავს დამესხნენ, ჰაკი... – ძლივს წარმოთქვა ბოლოს.
– ვიცი... აქედან შორს ახლავე, შენი ჭირიმე! მთებია ახლა ჩვენი დამხსნელი! გამომყევი!
კარაბინი ხელში ეჭირა. შავი სხივივით მოძრაობდა. გეზი კაც აძბას სახლისკენ აიღო, სადაც ცხენები ეგულებოდა.
ემხა უცებ დამშვიდდა. გული საგულეს იგრძნო. გაჰყვა ძიძიშვილს.
მალე კაც აძბას სახლს მიუახლოვდნენ. უცებ უკნიდან ცხენების ფეხის ხმა მოესმათ და ყიჟინა, მერე განგაში და ათასი ხმის ახმაურება, რომელიც ალყასავით გარს შემოერტყათ.
ჰაკი შედგა. მიმოიხედა და მოუსმინა. ზღვის ნაპირიდან დაძრული ხალხის ტალღა უკვე მოედო ქუჩებს. ჰაკიმ დაინახა მისი აწეული ქოჩორი. – ვაჰაჰაი, დავიგვიანეთ!
კაც აძბას ეზოში შევარდნენ. თავლას გაუპირისპირდნენ.
როცა კაცის ცოლმა მის ეზოში შემოსული იარაღმომარჯვებული ჰაკი და მასთან უჯუშ ემხა დაინახა, შიშმა მუხლები მოუკვეთა და შეჰკივლა, ეს რა ამბავიაო. ჰაკიმ ერთი ხელი პირზე მიიდო, მეორეთი კი კარაბინი დაუქნია და უსასტიკესი გამაფრთხილებელი ნიშნებით უბრძანა, ხმა ჩაეკმინდა და სახლში შესულიყო, არავის დანახვებოდა.
მერე კაცის თავლაში შევიდნენ და კარი მოიხურეს. გაინაბნენ.
ემხას შესაპყრობად მისი სახლისკენ დაძრული ხალხის ყიჟინა უცებ იმ მიდამოს ზღვის რისხვიანი გუგუნივით მოედო და ერთ წამში მთელი უბანი ხალხით აივსო.
ახლა იმაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო, რომ უჯუში და ჰაკი ცხენებით ქალაქიდან შეუმჩნევლად გასვლას შეძლებდნენ. სხვა გზა და სხვა საშუალება უნდა მოეძებნათ. მანამდე ბრძოლისთვის მოემზადნენ: თავლას კარი შიგნიდან დაჯორგეს და შერჩეულ ჭუჭრუტანებს მიუსხდნენ იარაღით: ჰაკი თავისი კარაბინით, ემხა – რევოლვერით.
რასაკვირველია, ცოცხლად თავის დანებება ფიქრადაც არ მოსდიოდათ. მაგრამ ჰაკი აძბას თავი სხვა მიმართულებითაც მუშაობდა. იგი სულ იმაზე ფიქრობდა, როგორ დაეღწია თავი ამ თავლისთვის, რომელიც საიმედო თავშესაფრად არ მიაჩნდა. ყველაზე მოხერხებულად ეჩვენებოდა ტანსაცმლის გამოცვლა და ამ სახით ბრბოში შერევა. ჭკუასთან ძალიან ახლოს იყო, რომ დაფლეთილი სამოსელი მათ გარეგნობას შეუცვლიდა და შეუმჩნევლად გაიყვანდა ქალაქიდან.
უჯუშ ემხა კი იმედს თავის გავლენიან ნათესავებზე ამყარებდა, განსაკუთრებით კი ასეთ შემთხვევებში დიდად მოხერხებულ დეიდაშვილზე, თოუხან მარშანზე, რომელიც დის პირით ჰყავდა დაბარებული.
მალე ზღვის ნაპირიდან ხალხის ტალღას აქეთკენ გამოყოლილმა კაც აძბამაც შემოუხვია თავისი სახლისკენ. როცა ჰაკიმ თავისი ჭუჭრუტანიდან იგი ეზოში შემოსული დაინახა, იმედი შეემატა, მაშინვე დაუსტვინა. მაგრამ საერთო ხმაურში, რომელსაც ამ უბანში ახლა ხალხის სიმრავლე ქმნიდა, ბიძის ყურადღება ვერ მიიპყრო. კაც გამალებული ნაბიჯით სახლში შევიდა. ცოლმა ქმარს ჰაკისა და უჯუშ ემხას თავლაში ყოფნის ამბავი დაახვედრა. ტყვიასავით მოხვდა ეს ამბავი ოჯახის პატრონს.
– ჰაკიმ ასე როგორ გამწირა, რას მერჩოდა? – თქვა და შიშის ზარი დაეცა. ფერი ეცვალა. გამოვარდა სახლიდან და თავლას მიაშურა.
ჰაკის თვალებს ჭუჭრუტანიდანაც შეუმჩნევლად არ დარჩა ბიძამისის ძალზე შეშინებული სახე. ამიტომ როგორც კი იგი თავლის კარს მიუახლოვდა, მიაძახა: – კაც, ნუ გეშინია, შენ არ გაგხდით ჩვენი გასაჭირის მონაწილეს. ყური დამიგდე: დაბრუნდი ახლავე უკან და რაც შინ ძველი, ნახმარი ტანსაცმელი მოგეპოვება, შეკარი და აქ მომიტანე. მაშინ ჩვენ წავალთ და შენს თავლასაც არაფერი დაუშავდება.
– თავლას თქვენი ჭირი წაუღია, ჰაკი, ოღონდ... – დაიწყო ხმის კანკალით კაცმა, მაგრამ ახლა თვითონ უჯუში ჩაერია მათ საუბარში.
– კაც, თავი შევაფარე შენს ჭერს, მაგრამ შენ ეს არ იცოდი და ვითომ არც ახლა იცი... ნუ გაუწყრები ჰაკის.
– ჩვენი გაზრდილი ხარ, უჯუშ, ვალდებული ვართ, შენს მაგიერ ჩვენ მოვკვდეთ ყველა... – უთხრა კაცმა და სახლისკენ მოტრიალდა ჰაკის თხოვნის შესასრულებლად. უჯუშმა კვლავ მიაძახა:
– კაც, თოუხან მარშანი მყავს დაბარებული, რომ მოვიდეს, ენდე, მომიყვანე.
კაც სახლში შევარდა სწრაფად. ცოლის დახმარებით, რაც ძველი, გადაგდებული სამოსელი ჰქონდა – დაფლეთილი ჩოხა, ახალუხი, ყაბალახი, წუღები – მოაგროვა, ერთად შეკრა, იღლიაში მოიგდო და ის იყო ჰაკისთან უნდა წაეღო, რომ მოულოდნელად სახლში სამმა კაცმა შემოაბიჯა.
ესენი იყვნენ თოუხან მარშანი და უჯუშის ორი ნათესავი – ემხები. – კაც, უჯუში უნდა გვაჩვენო, – მიმართა კაცს სირმით მოხატულ, ყავისფერ მოკლე ჩოხით გამოწყობილმა მარშანმა და თავზე წაადგა. ორივე ხელი ხანჯლის ტარზე შემოეჭდო.
ღელავდა. კეხიანი, კაუჭა ცხვირი ძლივს ატარებდა გახშირებულ სუნთქვას, რომელიც ოდნავი სისინით ამოუდიოდა. სამასრეზე და სამაჯურად მორგებული სახელოების წინა ნაწილებზე შაგრენის მუქ-მოყვითალო ტყავი ჰქონდა დაკერებული.
– უჯუში თვითონ ელოდება თოუხან მარშანს, – უპასუხა კაცმა და თოუხანის ორ მხლებელს საეჭვოდ გადახედა.
– ჩვენებია, – დაამშვიდა მარშანმა, – გაგვიძეხ!
– VIII –
თავი VIII
თავი VIII
თვალცრემლიანები შეხვდნენ ერთმანეთს უჯუში და თოუხან მარშანი. კარგა ხანს დარჩათ გადაჭდობილად ჩამორთმეული ხელები. გულწრფელი თანაგრძნობით გულაჩვილებული მარშანი ტირილს ძლივს იკავებდა.
დიდხანს დუმდნენ.
– რა მექნა, თავს დამესხნენ, – თქვა ბოლოს უჯუშმა და კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა.
– შოუჰარ და ლილი შეიპყრეს, უჯუშ, – წარმოთქვა თოუხანმა და უჯუშს თვალი აარიდა.
– ჰაიტ, რა ქალურად მოქცეულან ის ძუ ძაღლები, – წამოიძახა ჰაკიმ, მაგრამ თავისი ჭუჭრუტანისთვის თვალი მაინც არ მოუშორებია.
უჯუშმა უცებ ხელი შეუშვა მარშანს. ერთი ნაბიჯი უკან გადადგა და მთელი ტანით გაიმართა.
უჯუშმა ხელები გაშალა და ამოიკვნესა: „ჩემი მოხუცი დედა დააკავეს! ლილიც!“ როცა დაინახა, რომ თოუხანი თვალს არიდებდა, ემხებს გადახედა, თითქოს მათგან დადასტურებას ითხოვდა.
„მისმინე კიდევ, უჯუშ, ბოლშევიკებმა შენს ნაცვლად ბექირბი ჩაჩბა დააკავეს. ის გემზე ჰყავთ. ერთი საათი მოგვცეს ვადა, რომ...“
ამის გაგონებაზე ემხა ისევ მივარდა მარშანს. მკლავებზე ხელი შეავლო.
„მერე რა?“ - ჰკითხა სულშეხუთულად და შეანჯღრია, - „მერე რა, თოუხან?“
თოუხანი გაჩუმდა.
მცირე ხნის საერთო სიჩუმის შემდეგ ერთ-ერთმა ემხამ თქვა:
„ვაჰვაჰაი, უჯუშ. შენმა ახლობლებმა და აფხაზეთის რჩეულმა თავადებმა ასე იფიქრეს: ბექირბი ჩაჩბას სიკვდილისთვის გაწირვა არ შეიძლებაო. მათ შენთან ეს სიტყვა დაგვაბარეს. ესეც თქვეს: მთელი აფხაზეთი ჩაერევა ამ საქმეში და უჯუშს სიკვდილისგან იხსნისო.“
კვლავ მცირე ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა უჯუშს უყურებდა სულმოუთქმელად.
„მესმის, ძმებო, ყველაფერი. დაფიქრებაც კი პატივს მმატებდა თქვენს თვალში. ზედმეტი ლაპარაკი არ არის საჭირო. მზად ვარ გამოვცხადდე,“ - თქვა უჯუშმა და აქამდე გაფითრებულ სახეზე სისხლი მოაწვა.
ახლა კი ჰაკი აძბამ თავისი მოსასხამი დააგდო და უჯუშსა და თოუხან მარშანს შორის ჩადგა. მთელი ტანით დაიგრიხა და დაიკლაკნა. მიწისფერ ტუჩებში თეთრი კბილები გამოაჩინა: „სიტყვა... სიტყვა მათქმევინეთ. აჩქარება ჭკუას არ უხდება. მომისმინეთ: ჯერ არ ყოფილა ქვეყანაზე ისეთი კანონი, რომ ნამდვილი დამნაშავის ნაცვლად სრულიად უდანაშაულო კაცი დაესაჯათ.
ბექირბი ჩაჩბას არაფერი უჭირს. ის მთელი აფხაზეთის მეთაურად ითვლება და დიდი თავადიც არის. მას ცუდად ვერავინ შეეხება. მართალია, შეწუხება არ ასცდება და შეიძლება, ცოტა ხანს ტყვედ დარჩეს, მაგრამ სიკვდილი არ ელის. მერე თქვენ ამბობთ, მთელი აფხაზეთი საქმეში ჩაერევაო, და ხომ ცხადია, რომ უდანაშაულო ბექირბის დახსნა უფრო ადვილად მოხერხდება. უჯუშს კი ბოლშევიკები მაშინვე დახვრეტენ, როგორც კი იგი ხელში ჩაუვარდებათ.
ეს მართალია, როგორც მზე, რომელიც დედამიწას ანათებს, ბატონიშვილო თოუხან, და მე ვიცი, რომ უჯუში შენ გიყვარს. უჯუშმაც იმიტომ დაგიბარა, რომ გასაჭირში დახმარებოდი. შენ კი იგი სასიკვდილოდ გაგიმეტებია. გთხოვთ, აპატიოთ მის ძიძისშვილს ეს საყვედური.“
„ჰაკი!“ - გაბრაზებით მიმართა ჰაკის უჯუშმა, - „მე ვთქვი, ზედმეტი ლაპარაკი საჭირო არ არის-მეთქი. შენც გაჩუმდი.“
„კადნიერებაა, რომ უბრალო კაცი ბრწყინვალე თავადების წინაშე ლაპარაკს ბედავს, მაგრამ მე არ შემიძლია შენი თავი სიკვდილს დავუთმო, უჯუშ, სანამ ცოცხალი ვარ. შენმა გამზრდელმა მამაჩემმა მიანდერძა, როცა კვდებოდა: უჯუში შენი მზე არის, ეს იცოდეო. სიცოცხლე იმიტომ მომიცია, რომ იგი უჯუშს შესწირო, როცა ამის საჭიროება დადგებაო. დედაჩემმაც გაიგონა ეს სიტყვები და შენი ძიძა დღესაც ცოცხალია.“
უჯუშმა ხელი მოჰკიდა ჰაკის, თოუხანს მოაშორა. გვერდით ამოიყენა.
„დაჩუმდი, ჰაკი,“ - ბრძანებისა და თან მოფერების კილოთი უთხრა და ლაპარაკი თოუხანზე გადაიტანა.
„კარგად მესმის, თოუხან, რისთვის მოსულხარ. ალბათ ეს არის ერთადერთი გამოსავალი. სხვა რომ არსებობდეს, უკეთესი, შენც იმას მირჩევდი. ეს მე მწამს, როგორც შენი ძმობა. აპატიე ჰაკის. შენ ხომ იცი მისი ამბავი,“ - მცირე ხნით ლაპარაკი შეწყვიტა. მერე ისევ განაგრძო:
„მე ახლა მაწუხებს მხოლოდ ერთი ამბავი, თოუხან, ჩემი იარაღი მტერს არ მინდა ნებაყოფლობით მივცე. გთხოვ, შენ ჩაიბარო იგი.“
თოუხან მარშანმა პასუხად მკლავები ფართოდ გაშალა, უჯუშს მხრებზე მოხვია და მწარედ აქვითინებული მთელი ტანით გადაეჭდო, გულში ჩაიკრა.
* * * * * * *
თოუხან მარშანმა და ემხებმა შუაში ჩაყენებული უიარაღო უჯუშ ემხა მის ეზოში შეიყვანეს, სადაც ხალხი ირეოდა და მილიცია ჯერ კიდევ ჩხრეკას აგრძელებდა.
„უჯუშ ემხა! უჯუშ ემხა!“ - გაისმა ყველა მხრიდან გაკვირვებული ხმა.
და უცებ აწივლებული ბავშვის ტირილი შეერია საერთო ხმაურს:
„უჯუშ! ძმაო, უჯუშ! წადი აქედან. არ მოხვიდე. წადი, უჯუშ, შენი ჭირიმე!“ - ეს იყო ლილი, რომელიც ძმის დანახვაზე სახეს იკაწრავდა და კიოდა. უჯუშ ემხას ნათესავები ჭიშკართან მიეგებნენ. გარს შემოერტყნენ, გაამხნევეს. საქციელი და ვაჟკაცობა მოუწონეს, რომ უფროსების სიტყვა დაიჯერა და გამოცხადდა.
„სხვა გამოსავალი არ იყო, უჯუშ, მაგრამ შიში ნუ გაქვს: სიკვდილით არაფერს გაგიჭირვებთ.“
სამსონ დავანაძეც დიდი რიხით მივიდა უჯუშთან. ქუდის მოხდით სალამი მისცა. მერე ხელიც ჩამოართვა. მადლობა უთხრა ქალაქის სახელით, რომ დროზე გამოცხადდა, და შემდეგ ასე მიმართა:
„ძალიან ვწუხვარ, თავადო, რომ ეს მეტად საწყენი ამბავი შეგემთხვათ და ჩვენც იძულებული ვართ, სასტიკი აუცილებლობის წინაშე ქედი მოვიხაროთ. დარწმუნებული იყავით, რაც გაგვივა, ცდას არ დავაკლებთ, რომ მდგომარეობა შეგიმსუბუქოთ.“
და თანაგრძნობის გამომხატველი სახე უჩვენა როგორც უჯუშს, ისე მთელ მის ნათესაობას.
ამ დროს მილიციის უფროსიც მიუახლოვდა თავადების წრეს. სანამ უჯუშ ემხასთან მოვიდოდა, უცებ წინ საიდანღაც იქ გაჩენილი ჰაკი აძბა აესვეტა და შეაჩერა. თავი დაბლად დაუკრა, მერე ხელი გაიკრა თოფზე, საკვირველი სისწრაფით გადაიძრო მხრიდან, ორივე ხელისგულზე გადაიდო და გაკვირვებულ მილიციის უფროსს გაუწოდა.
„მე ვარ ჰაკი აძბა, ბატონო უფროსო, უჯუშ ემხას ძიძიშვილი, რომელსაც აქ ყველა იცნობს, ვისაც ემხას ბრწყინვალე სახელი გაუგონია. მაპატიე, რომ შეგაჩერე, მაგრამ განცხადება მაქვს ფიცის ქვეშ მოსაცემი და გთხოვთ, მომისმინოთ. უჯუშ ემხას მე ვახლდი იმ დროს, როცა მას მეზღვაურები თავს დაესხნენ. იმიტომ ვატარებ იარაღს და დედაჩემის გაზრდილს იმიტომ ვახლავარ დღედაღამ, რომ ის ყოველი საფრთხისგან დავიცვა.
თავდამსხმელებს მე ვესროლე რევოლვერი და ჩემმა ტყვიამ ორი მათგანი იმსხვერპლა. უჯუშ ემხას კი იარაღისთვის ხელიც არ უხლია. დიახ, მე ვარ მკვლელი იმ მეზღვაურებისა, ბატონო უფროსო, დამიჭირეთ და წარმადგინეთ, სადაც საჭიროა. ჰა, ჩემი თოფი, ეს რევოლვერიც და ესეც ჩემი ხანჯალი, ჩაიბარეთ. უჯუშ ემხას კი არაფერი დაუშავებია. გთხოვთ, მას ხელი არ ახლოთ.“
და გაკვირვებულ მილიციის უფროსს ჰაკი აძბამ ფეხებთან დაულაგა თავისი კარაბინი, რევოლვერი და ხანჯალი.
უცებ ჩამიჩუმიც კი შეწყდა ირგვლივ და ხალხში სულგანაბული სიჩუმე ჩამოწვა.
სიჩუმის ჯაჭვი პირველად გაწყდა თავადების ჯგუფთან, რომელიც უჯუშ ემხას გარს შემოკვროდა. ჰაკი აძბას ჯერ კიდევ ლაპარაკი არ დაემთავრებინა, რომ იქ ჩოჩქოლი ატყდა და თოუხან მარშანი უჯუშს უცებ მთელი ძალ-ღონით შეეტოტა. მკლავები შეუკრა და ადგილიდან დაძვრის საშუალება მოუსპო.
ეს მოხდა იმ წამში, როცა ემხამ ჰაკის სიტყვების გაგონებაზე ადგილიდან დაძვრა დააპირა და ძიძიშვილის სიტყვების გასაბათილებლად მოემზადა. მან მხოლოდ მოასწრო ერთი სიტყვის წამოყვირება საშინელი მუქარით:
„ჰაკი!“
მაგრამ ახლა ხუთიოდე თავადის ხელისგული პირზე აეფარა და სუნთქვა შეუკრა.
„უჯუშ, ხმა არ ამოიღო.“
და ისე ვიწროდ შეკრეს წრე მის გარშემო, რომ გასაქანი არ მისცეს, შებორკეს და შეხუთეს.
„ძიძიშვილი რომ არის, თავიც უნდა გასწიროს შენთვის, კარგად იქცევა, იცოდე, სიტყვა არ დასძრა.“
„მით უმეტეს, რომ ჰაკი უბრალოა, ბოლშევიკები მუშად ჩათვლიან და შეიძლება არც დახვრიტონ, შენ კი ოფიცერი ხარ და თავადი, სიკვდილი არ აგცდება. აცალე ჰაკის, ხელს ნუ შეუშლი.“
ეუბნებოდნენ უჯუშს ყოველი მხრიდან.
მაგრამ უჯუში მაინც არ ცხრებოდა. როცა ჰაკიმ ეს ამბავი შენიშნა, უკანდახევით მიუახლოვდა თავადების ჯგუფს, კისერი უცნაურად წაიგრძელა, თავი უჯუშის სახესთან მიიტანა და კბილების ღრჭიალით დაუსისინა დორბლიანი პირით:
„ვფიცავ შენს მზეს, უჯუშ, ჩემი ხელით დაგკლავ და მერე ჩემს ხორცს ცოცხლად ძაღლებს შევაჭმევ, თუ არ გაჩუმდი.“
ჰაკის განცხადებაში თავიდან ეჭვი არავის შეუტანია. ვისაც მისი ამბავი გაეგონა ან მისი ცნობა ჰქონდა პირადად, იმისთვის არაფერი იყო დაუჯერებელი ან არაჩვეულებრივი ამ განცხადებაში: ჰაკი უჯუშისთვის ათსაც მოკლავდა და წარბს არ შეიხრიდა, მაგრამ თავადების ჯგუფში უჯუშ ემხას გარშემო შექმნილმა ჩოჩქოლმა და ჩურჩულმა, მერე თვითონ უჯუშის წამოყვირებამ და ჰაკის უკანასკნელმა საქციელმა ბევრს ის აზრი დაუბადა, რომ აძბა იბრალებდა ემხას დანაშაულს, რათა იგი სასჯელისგან ეხსნა. არც ეს ეწინააღმდეგებოდა ჰაკის ხასიათს და მის საყოველთაოდ ცნობილ თავგანწირულ ერთგულებას უჯუშისადმი.
ჰაკი აძბას მოქმედება ახლა სულ სხვა აზრით გაიგეს, განსაკუთრებით თავადების ჯგუფთან ახლოს მდგომთათვის ცხადი გახდა ემხას ერთგული ძიძიშვილის მანევრი.
სამსონ დავანაძე და ნარიქ ეშბაც მიხვდნენ, თუ რა განზრახვით ჩაიდინა ეს ამბავი აძბამ. არც ესენი იყვნენ ჰაკის თავგანწირვის წინააღმდეგნი, მაგრამ ამ ახალი მომენტის გააზრებამ ისინი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ჰაკის ხერხი ვერ გავიდოდა და კუზმა-მრისხანეს ოფიცერი ემხას ნაცვლად ჰაკის ვერ წარუდგენდნენ, როგორც მეზღვაურების მკვლელს. შესაძლებელი იყო, ამას უარესი სკანდალიც კი გამოეწვია: ჰაკი არაფრით არ ჰგავდა მეფის ჯარის თეთრგვარდიელ ოფიცერს, რომელიც, ალბათ, კარგად დაინახეს და გაიცნეს, როგორც უვნებლად გადარჩენილმა მეზღვაურებმა, ისე დაჭრილმაც - შეტაკების ცოცხალმა მოწმეებმა.
ბოლოს უჯუშ ემხამ თავად გაუადვილა მთავრობის წარმომადგენლებს საქმის მოგვარება. ის დაუსხლტა ნათესავებს და წარდგა მილიციის უფროსისა და ქალაქისთავის წინაშე.
„მე ვარ მეზღვაურების ნამდვილი მკვლელი და გნებდებით. გთხოვთ, ახლავე გაათავისუფლოთ ბექირბი ჩაჩბა და დედაჩემი. მოგყვებით, სადაც საჭიროა,“ — თქვა მან. ჰაკი ამ დროსაც არ დაიბნა.
„ჩემი გადარჩენა უნდა და დანაშაულს თავის თავზე იღებს, რადგან მეზღვაურები მისი გულისთვის მოვკალი,“ — ყვიროდა ჰაკი. ის უჯუშის დედას უხმობდა, რომ შვილისთვის ეთხოვა, თავი შეეკავებინა.
ბევრისთვის ბოლოს მართლა გაუგებარი გახდა, ვინ იყო ნამდვილი მკვლელი და რომელი მათგანი იბრალებდა დანაშაულს. მაშინ სამსონ დავანაძის რჩევით, მილიციის უფროსმა გამოაცხადა, რომ სოხუმის მთავრობა ორივეს ერთად წარუდგენდა კრეისერ „შმიდტის“ უფროსს და მათ დავასაც ეს უკანასკნელი გადაწყვეტდა.
– IX –
თავი IX
თავი IX
საღამო ახლოვდებოდა, როცა სამსონ დავანაძემ და ნარიქ ეშბამ ნავში ჩასვეს უჯუშ ემხა თავის ძიძიშვილთან ერთად. უკანმოუხედავად გააქანეს ისინი კრეისერ „შმიდტისკენ“.
აფხაზეთის ცვალებადი ამინდი უკვე გაუარესებულიყო. ზღვის მხარეს ქარიშხლის მომასწავებელი ფოლადისფერი ღრუბლები შეგროვებულიყვნენ. ამდენ ხანს მშვიდად მინაბულ ზღვის ზედაპირს ტალღები ასდიოდა. შორეული სივრცეებიდან შხუილიანი, ყრუ ხმაური მოდიოდა, რომელიც დროდადრო სადღაც ჩაღმუილებით ქრებოდა.
მოსალოდნელი იყო ქარიშხალი.
ოფიცერ ემხას გემზე გამოჩენამ „შმიდტის“ მეზღვაურთა შორის დიდი აღელვება გამოიწვია. უჯუშ ემხა შეხვედრისთანავე იცნო ვასილ ხრიტანიუკის უვნებლად გადარჩენილმა ამხანაგმა.
„აი, ეს იყო, ვინც გვესროდა, ამხანაგებო! ამ არამზადამ მოკლა ჩვენი ვასკა-პირატი. სიკვდილი მას!“ — იყვირა მან ემხასკენ თითის გაშვერით და თვალები სისხლით აევსო.
უცებ ერთად შეგროვებული ათეული მეზღვაურის გაბრაზებულმა ხმამ მეხივით იჭექა:
„დაარტყით მაგათ! ზღვაში გადავუძახოთ ყველას, ამხანაგებო!“
„ხელი აუსვით მაგ ბურჟუაზიის კერძებს: ყირამალა, ზღვაში, ამხანაგებო!“
მუშტებმოღერებული მეზღვაურები ადგილიდან დაიძრნენ და სოხუმელებისაკენ მუქარით წამოვიდნენ. ათასნაირმა გინებამ ჰაერი შეარყია. „ამხანაგებო, შეჩერდით!“ — ვედრების ხმით იყვირეს დავანაძემ და ეშბამ.
„თქვენს უფროსთან ვართ მოსული. გვაცალეთ!“ — და უმალ განზე გადახტნენ, რომ მეზღვაურების იერიში აეცილებინათ.
ჰაკი აძბას სიკვდილის ფერმა გადაჰკრა. მოულოდნელად ხაფანგში გამომწყვდეული ნადირის თვალებით მიმოიხედა გარშემო. როცა დაინახა, რომ მდგომარეობიდან არავითარი გამოსავალი არ იყო, ტანი შეკრა, მკერდი გამოზნიქა და წინ წახტომით უჯუშს მთელი ტანით ფარივით აეფარა.
„მოგლიჯეთ ეპოლეტები მაგ არამზადას!“ — აირია ერთხელ კიდევ ერთმანეთში ხმები.
ათეული დაკარწახებული, ფოლადივით მაგარი მკლავი ემხას თავზე დატრიალდა.
ჰაკი ამ მკლავებსა და უჯუშს შუა მოექცა. საცეხველებივით მოქნეულ მუშტებს საოცარი სისწრაფით ხან თავს უხვედრებდა, ხან მხრებს, მკლავებს, რომ უჯუშისთვის აეცილებინა. ეშვებივით გადმოყრილი კბილების ღრჭენით იღრინებოდა.
ის დაიზილა და დაიბეგვა. თავპირი გაუსისხლიანდა. მაინც არ დაცხრა.
მაშინ ერთმა გოლიათივით მაღალმა მეზღვაურმა გაოცებით შეხედა და წამოიყვირა:
„ეს კიდევ ვინ ეშმაკია, რომ სოლივით ჩაგვერჭო და ცემას არ გვანებებსო!“ — გაშალა მკლავები და ჰაკის მორჩილი ტანი ერთი მოსმით შებღუჯა, ბურთივით შეამრგვალა, აიტაცა და გემის ქიმის კიდურისაკენ გადასაგდებად გააქანა.
მაგრამ ამ დროს გემის გემბანზე კუზმა-მრისხანის ბრძანების ხმაც გაისმა: „დადექით!“ და ნაბიჯშეკრული მეზღვაურები ერთ ადგილზე გაქვავდნენ.
ჩოხაშემოგლეჯილი ემხა და ზღვაში გადასაგდებად გამზადებული ჰაკი აძბა სიკვდილს გადაურჩნენ.
შიშით შეძრწუნებული სამსონ დავანაძე და ნარიქ ეშბა კუზმას მივარდნენ. მფარველობა სთხოვეს.
გემზე სიჩუმე ჩამოვარდა.
ქანდაკებასავით, გულზე ხელებდაკრეფილი იდგა ემხა თავის ადგილზე. თვალები ძირს დაეხარა, ცოცხალის ფერი არ ედო. მხოლოდ ფირფიტასავით თხელი ნესტოები ამხელდნენ, რომ ის სუნთქავდა.
კუზმა-მრისხანეს თავისი ორივე სახე და სამივე თვალი მიეპყრო მისთვის.
სიჩუმე გრძელდებოდა.
გოლიათი მეზღვაურის მკლავების მარწუხებიდან განთავისუფლებულმა ჰაკი აძბამ მხოლოდ ახლა დაინახა, რომ უჯუშ ემხა ცოცხალი იდგა თავის ადგილზე. სიხარულის ნიშნად დაიღრიჭა, გადმოყრილი კბილები უფრო მეტად გამოაჩინა და გულშემზარავი ხრიალისებური ხმა გამოსცა.
ეს უთუოდ მისი გაღიმება იყო ახლა, უჯუშის დანახვით გამოწვეული, მაგრამ ნამდვილად სასიკვდილოდ დაჭრილი მხეცის ღრიალს ჰგავდა მისი ახრიალებული სიხარული. მერე უცებ ფეხი მოინაცვლა, წამოდგა და მეზღვაურთა რიგის გასწვრივ, კუზმა-მრისხანის პირდაპირ, თავის გაზრდილს ხელმეორედ მთელი ტანით წინიდან აეფარა.
კვლავ ტანი შეკრა და მიჩლუნგებული, უმეტყველო თვალები „შმიდტის“ სამთვალიან უფროსს გაუსწორა.
„შმიდტის“ მეზღვაურებმა ძალაუნებური გაკვირვებით შეათვალიერეს უცნაური ადამიანი.
სამსონ დავანაძეს თავისი დიდი ტანი გაეჭიმა, კისერი წაეგრძელებინა და თავი და ზედატანი კუზმასკენ გადაეხარა. იგი დაბალი ხმით მოხსენებას უკეთებდა მას ოფიცერ ემხას და ჰაკი აძბას შესახებ. მერე, თითქოს სიტყვებს შორის შეაპარაო, ბექირბი ჩაჩბას განთავისუფლების დაპირებაც მოაგონა. „ნამდვილი დამნაშავე რომელია?“ — შეაწყვეტინა ქალაქისთავს კუზმამ.
„ამხანაგო უფროსო, ეს ოფიცერი იყო ნამდვილად, ვინც გვესროდა,“ — მიმართა კუზმას მკვლელობის მოწმე მეზღვაურმა, სანამ დავანაძე წაბორძიკებულ ენას გაისწორებდა. — „ეს ვიღაც კაცია თუ ეშმაკი იქ სულ არ ყოფილა.“
„ჰეი, კაპიტან,“ — გაისმა უცებ ჰაკის აფხაზურ კილოზე წარმოთქმული რუსული. — „მე მოვკალი შენი მეზღვაურები და ააჰა!“ — და ხელისგული დანის მაგივრად ყელთან გაისვა-გამოისვა, ვითომ ეს უთხრა: „სამაგიეროდ თავს მოსაჭრელად გაძლევო,“ — „მეტი რა გინდა?“ მაშინ კუზმა-მრისხანემ დავანაძეს გადახედა.
„იბრალებს თუ მართალია?“
დავანაძემ თავი ჩაქინდრა რაღაც ორაზროვნად.
კუზმა ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ჰაკის.
ახლა ემხამაც დაარღვია თავისი დუმილი: „ჭკუაზე არ არის. თავი დაანებეთ. გთხოვთ, დააბრუნოთ უკან. მე ვარ ის, ვისაც თქვენ მოითხოვდით.“
კუზმამ თითი გააქნია უხმოდ ემხასკენ. მეზღვაურებს უბრძანა, გემის ქვედა სართულში ჩაეყვანათ იგი და ჩაჩბას ადგილას დაემწყვდიათ, ხოლო უკანასკნელი გაეთავისუფლებინათ.
როცა უჯუშ ემხას მეზღვაურები ორივე მხრიდან ამოუდგნენ, ჰაკი აძბა კუზმას წინ ორივე მუხლზე მოწყვეტილად დაეცა, მკლავები გულზე გადაიჯვარა და ვედრებით ამოიკვნესა:
„ჰეი, დიდო კაპიტან!“
და თვალებიდან ცრემლი გადმოანთხია.
კუზმამ ერთხანს უყურა ჰაკის. სახის მრისხანე გამომეტყველებაში წამით ზიზღი შეერია, რომელიც მალე უნებლიე სიბრალულმა შეცვალა.
„შენ ხარ მონა, აფხაზო. კრეისერ „შმიდტის“ სახელით განიჭებ თავისუფლებას. წადი და დაივიწყე შენი ბატონი.“
ჰაკიმ კი კვლავ ვედრებით მიმართა: „ერთი თხოვნა, დიდო კაპიტან: დამტოვე შენს გემზე, სხვა არაფერი მინდა. დამტოვე შენს გემზე. ჰოი, კაპიტან!“
ეს მაინც ვაჟკაცის ხმა იყო, თუმცა ვედრების კილოს იგი გაესაწყლებინა და დაემსხვრია. პაუზის შემდეგ კუზმამ თქვა:
„დატოვეთ.“
...არ გასულა დიდი ხანი მას შემდეგ, რაც სოხუმელები ბექირბი ჩაჩბასთან ერთად გემიდან გაიკრიფნენ, რომ საყვირმა სწრაფი განგაში ატეხა: ეს იყო ნიშანი ნავსადგურიდან დაუყოვნებლივ გასასვლელად მზადყოფნის შესახებ.
თავი X
თავი X
– X –
მშვიდი და წყნარი დღე ქარიშხლიანმა ღამემ შეცვალა.
ბნელში გახვეული ზღვა ახლა ისე ბობოქრობდა და ღმუოდა, თითქოს მთელ ქვეყანას წარღვნით და დანგრევით ემუქრებოდა.
ზეცა არ ჩანდა.
კიდიდან კიდემდე მხოლოდ შავი ღრუბლები დაქროდნენ, მხრჩოლავი გაზების ბოლივით ზღვის ზედაპირზე გართხმულები.
მთებივით მაღლა აზიდული ტალღები ნაპირებს გრიალით ეხეთქებოდნენ, თითქოს დედამიწას ყუმბარებს უშენდნენ.
კვამლსა და ბოლში გახვეული ტანკების შემოტევას ჰგავდა მათი მრისხანე იერიში.
უფსკრულის ლაყუჩებიდან ამონაბერი შავი ქარიშხალი ზღვის შუაგულიდან გიჟური სტვენითა და ბღავილით იმუქრებოდა. წყლის უზარმაზარ, ჰაერში ატაცებულ ლოდებს ბურთივით ათამაშებდა. სად ნგრევისა და ტეხის შემზარავი გრიალით ჩაიგუგუნებდა, სად რისხვის ჭექასა და ქუხილს აყენებდა და ბნელი სივრცის კიდურებზე შავი ელვის ბოძალივით გაეკვრებოდა.
პირველყოფილი ქაოსის სუნთქვის ნარჩენების ბრმა სრბოლას ჰგავდა დაუსაბამო უკუნეთში მისი აწყვეტილი თარეში.
შუაღამე გადასული იქნებოდა, როცა აღვირახსნილი სტიქიის ქარიშხალს გაშლილ ზღვაზე უცხო გუგუნი შეერია ბრძოლაში გამომწვევ შეძახილივით. წყვდიადის გაცოფებული ტანი სინათლის სწორმა სვეტმა გააპო და დაანგრია. ღრუბლებისა და ტალღების შავ ლაშქარს შუაგულში შეეჭრა და ოთხივე კუთხით უგზო-უკვლოდ მიმოაბნია.
ეს იყო რკინისა და ფოლადისგან აგებული კრეისერი „შმიდტი“, რომელიც ზღვის სიღრმისკენ შეუპოვრად მიიკვლევდა გზას. ის აღჭურვილი იყო ცეცხლით, ორთქლით და მებრძოლი ადამიანების ურყევი ნებისყოფით.
ტალღების გორგალზე ქანაობით გადადიოდა. ხან თავით უფსკრულს ჩაინთქებოდა, ხან გვერდიდან გვერდზე წვებოდა, მაგრამ მაინც უვნებელი რჩებოდა და უწყვეტი ქშენით და გუგუნით წინ მიიწევდა.
კაპიტნის საგუშაგოზე მრისხანე კუზმა იდგა. მარცხენა ხელით რკინის სვეტს ჩაეჭიდა, მარჯვენათი კი პროჟექტორს მართავდა. მისი მაღალი მკერდი წინ, სივრცისკენ იყო მიმართული, თავი მაღლა ჰქონდა აწეული და თავდამსხმელი ქარიშხლის ბნელ ძალებს პირდაპირ უყურებდა, თითქოს საპასუხოდ უტევდა.
დროდადრო ზღვის ღრიალში მისი ბრძანების ხმაც ისმოდა და გემის ყველა კუთხეში ცეცხლის ალივით ვრცელდებოდა. – სმენა! მედგრად წინ!
ან: – მესაჭე, ფრთხილად!
მის ხმას გემის სხვადასხვა ადგილიდან მეზღვაურების გამოძახილი პასუხობდა.
კუზმას საგუშაგოზე, პატარა კუთხეში, სადაც პროჟექტორის უკანა ფარიდან გამონაკრთობი, მკვეთრი შუქი ხვდებოდა და მოყვითალოდ ანათებდა, ჰაკი აძბა შეუმჩნევლად იჯდა, ძრწოლითა და ცახცახით. ორივე ხელი მოაჯირისთვის ჩაევლო და მთელი ტანით მიკრული იყო მასზე, რომ თავისი ადგილიდან არ მოსწყდომოდა. ჩოხის ამარა იყო და, როგორც ყოველთვის, ახლაც თავშიშველი.
დაბინდულ სახეზე ყვითელი ფერი მისდგომოდა და მისი მუქი თვალები ყვითლად შეეღება. შიგ ყვითელი ფერის შიში უკრთოდა და კიდევ რაღაც საიდუმლო ელვარება, რომელიც მისი გონების მიუწვდომელი სიღრმიდან ამოდიოდა და რომლის ახსნა შეუძლებელი იყო.
კუზმას ყოველ ბრძანებაზე, რომელიც მეზღვაურებს მიმართავდა, ჰაკი თვალებს აახამხამებდა, გუგებს გადაატრიალებდა და მერე ჩუმად დახუჭავდა. შემდეგ, თითქოს ღმერთს შეღაღადებსო, „შმიდტის“ უფროსს ლოცვის კილოზე მიმართავდა:
– შენ დიდი კაცი ხარ, კაპიტანო. ჰო, დიდი, ძალიან დიდი.
მის ხმაში სასტიკად დაფარული პირფერობა ისმოდა და გულზე ნაძალადევად მოწყვეტილი თაყვანისცემა ერთგულებისა და მორჩილების გრძნობით იყო გაჟღერებული.
– მე შენ გემორჩილები, კაპიტანო, სხვას არავის. შენ გემორჩილება ქარიშხალიც, კაპიტანო. ჰო, დიდი ხარ, ძალიან დიდი. იმსახურე საწყალი გლეხი ჰაკი აძბა, რომელიც მუდამ შენი ერთგული იქნება.
ჰაკი პაუზებით ლაპარაკობდა, დროს შერჩევით, ქარის ზუზუნსა და ზღვის ღრიალს შორის და კუზმას სმენას თითოეულ სიტყვას ისევე სწორად და ზუსტად უმიზნებდა, როგორც ამოღებულ ნიშანს თავის საყვარელ კარაბინს, რომელიც თავის სიცოცხლეში ერთხელაც კი არ აუცდენია.
კუზმას ახლა არ ეცალა ამ უცნაური აფხაზისთვის, მაგრამ რადგანაც ჰაკის სიტყვები მისგან პასუხის გაცემას ან საქმისაგან მოცდენას არ მოითხოვდნენ, არ უშლიდა ლაპარაკს. თუმცა „შმიდტის“ უფროსს ამას გარდა სხვა მოსაზრებაც ჰქონდა: ჰაკი აძბა დაეახლოებინა და გაეთამამებინა.
საქმე ის არის, რომ მრისხანე კუზმა თავიდანვე დიდად გააკვირვა ჰაკის ამბავმა. თავდაპირველად არც დაიჯერა მისი თავგანწირულება და თეთრგვარდიელი ოფიცრისადმი გამოჩენილი ერთგულება: ეგონა, რომ ეს იყო თავადების მხრიდან ძალდატანება და ჩაგონება, რომლებიც შეუგნებელ და ერთგულ გლეხს ავალებდნენ საკუთარი სიცოცხლის გაწირვით ბატონის სიკვდილისგან დახსნას.
მაგრამ როცა საქმის ნამდვილ ვითარებას გაეცნო, მისი რევოლუციური შეგნება ისე აღშფოთდა, რომ ჰაკის კლასობრივი სიბრმავე საკუთარ შეურაცხყოფად მიიღო და გულში გადაწყვიტა, ამ იშვიათ ტიპს ახლოს გაცნობოდა, რათა ეცადა მისი „დამუშავება“.
კუზმას შეუძლებლად მიაჩნდა, რომ აფხაზი გლეხის გონებაში არ აღმოჩენილიყო სულ მცირე ნიადაგი მაინც ელემენტარული რევოლუციური იდეის შესათვისებლად. ძველი მეზღვაური და რევოლუციონერი ერთგვარი შეჯიბრის გრძნობამ მოიცვა.
და სანამ ზღვაზე უცბად ამოვარდნილი ქარტეხილი საშიში გახდებოდა, კუზმა ბევრს ესაუბრა ჰაკის. დაწვრილებით გამოჰკითხა ყოველი მისი ამბავი. მოეფერა. სულ ახლოს დაიახლოვა და დაუმეგობრდა კიდევაც.
ჰაკი აძბა მიხვდა კუზმას განზრახვას. მაშინვე დაჰყვა ნებას. მისი გულის სიღრმეში ისევ იმედმა გაიბრწყინა, რომელიც გემზე ამოსვლისას და მეზღვაურების განწყობილების გაცნობისთანავე სრულიად დაკარგა. სიტყვას სითამამე შეემატა და გონების ბუნებრივი სიმახვილე გაუორკეცდა. კუზმას მოპყრობა შეიგრძნო, როგორც ზღაპრული ბედი, რომელიც თავის გმირებს ყოველი განსაცდელისგან უვნებელს გამოჰყავს.
რაც კი ცხოვრებისეული გამოცდილების მარაგი ჰქონდა, ყველას თავი მოუყარა, თუ რამე ნიჭი გააჩნდა – მიხვედრის, განჭვრეტის თუ მოაზრების – ყველა ერთად მოიკრიბა და კუზმას გულისა და ნდობის მოსაგებად აამოქმედა.
* * * * * * *
– მე ვიბრძოლებ შენს მხარეზე, კაპიტანო, – განაგრძობდა ჰაკი აძბა ისევ ქარიშხლის ღმუილის ინტერვალებში ისეთი ფრთხილი, მოზომილად შემპარავი ხმით, რომ იგი კუზმას ხელისშემშლელ ტვირთად არ მოსჩვენებოდა და მისი სმენა ტალღებთან ბრძოლისთვის საჭირო ყურადღებას არ მოსწყვეტოდა.
მისი სიტყვები კუზმას ყურამდე მართლაც სხვათა შორის აღწევდნენ, როგორც უმნიშვნელო წვრილმანი, რომლის უყურადღებოდ დატოვება შეიძლებოდა – როგორც ტალღას მოწყვეტილი ერთი წვეთის გაშხაპუნება ან უკუქცეული ქარის ფრთებშეკეცილი შემობერვის გაშრიალება.
– ბევრი გყავს მტერი, კაპიტანო, ძალიან ბევრი. მე ეს ვიცი და ძალიან კარგი იქნებოდა, რომ შენს ძალას ერთი-ორი კაცი კიდევ შემატებოდა. უფრო ძლიერი იქნებოდი. ომში ყოველი კაცი ძალაა, კაპიტანო. უნდა იანგარიშო. ოღონდ უნდა ვარგოდნენ კი... უბრძანე, დავალება მიეცი, მტერს მიუსიე და თუ არ გაიმარჯვეს, ზედ შეაკალი, რა გენაღვლება... თვალი ისე უნდა უჭრიდეთ, როგორც მახვილი.
გული და მკლავი უფრო მაგარი უნდა ჰქონდეთ, ვიდრე რკინაა. ვინ იცის, სად და როგორ გამოგადგებიან. კარგია, კაპიტანო, ძალიან კარგი, თუ ომში გამოცდილი ერთი-ორი კაცი შემოგემატა.
მრისხანე კუზმა მაინცდამაინც ვერ გარკვეულიყო ჰაკი აძბას „ერთი-ორი კაცის“ შემატების ბუნდოვან ფილოსოფიაში. აფხაზის აზრის ბუნდოვანებას მის უცნაურ რუსულს უფრო აწერდა. რადგანაც არ ეცალა მეტი დრო და ყურადღება დაეთმო მის სმენას დამიზნებული სიტყვებისთვის, ჰაკის ასე გაეხუმრა:
– შენ კი აქამდე ჩვენს მოსისხლე მტერს მხარს უჭერდი, ჰაკი. მაშინაც კი ეხმარებოდი, როცა მან ერთი მებრძოლი ამხანაგი ვერაგულად მოგვიკლა, ხოლო მეორე დაგვიჭრა... ორივე შენისთანა ხალხის, მუშების და გლეხების თავისუფლებისთვის იბრძოდა... ჩვენი მტერი – შენი მტერიცაა, ეს უნდა იცოდე! – ჰაააჰაიტ, ბრმა კაცის ამბავია, კაპიტანო, სიკვდილის ღირსი ვარ. კუზმამ განაგრძო:
– თავის გაწირვაც კი გინდოდა ვერაგი მტრისთვის, რომ იგი პასუხისმგებლობისგან გაგეთავისუფლებინა. თავი ძმების მოღალატედ გამოაცხადე... ის, ვინც შენმა თავადმა მოკლა, უბრალო გლეხი იყო, მერე შავ მუშად მუშაობდა ქალაქებში. ძლივს ირჩენდა თავს და პატარა ცოლ-შვილს გაჭირვებით კვებავდა... ორი შვილი დარჩა, რომელთაგან უფროსი მხოლოდ სამი წლის არის...
– ჰაააჰაიტ, რა დიდი უბედურება მოხდა, კაპიტანო. დამიჯერე. გული მტკივა მისთვის და უზომოდ ვწუხვარ. ძმასავით მენანება. ვიტირო მინდა, მე კი არასოდეს არ მიტირია, კაპიტანო. ახლა კი ვტირი... ვაჰაჰაია, ძმაო, ვაჰაჰაია, ჩემო ძმაო.
და ჰაკიმ ხელისგული რამდენჯერმე შუბლზე ტკაცანით შემოიკრა. ზედ ზმუილი და ქვითინი მოაყოლა. მერე მოტირალი ქალივით ვაიუიანი მოთქმა დაიწყო. გაკვირვებულმა კუზმამ უცებ მისკენ თავი მოატრიალა, უნდოდა თვალით შეეხედა, რადგანაც ყურს არ დაუჯერა.
ჰაკის სახე ღრეჯით მოექცია: წარბებით დაჩრდილულ შავ ჯურღმულებში ჩამსხდარი ყვითელი თვალები უღრმესი მწუხარების შუქით აეციმციმებინა და ქუთუთოებზე, ორივე ლოყის გაყოლებით, ცხარე ცრემლებს ბრჭყვიალა მძივები ჩამოეკიდნა.
– ვაჰააჰაია... ვაჰაჰაია, ჩემო ძმაო, – მოთქვამდა იგი აფხაზურ ვაის კილოზე და თვალებიდან ცრემლი ღაპაღუპით ჩამოსდიოდა.
კუზმა გაოცებით შესცქეროდა უცნაურ აფხაზს. არ იცოდა, რა ეთქვა, რა ეფიქრა, ან როგორ მოქცეულიყო...
თავი XI
თავი XI
– XI –
„შმიდტი“ გაშლილ ზღვაში მშვიდობით შევიდა. უკან დატოვა ქარიშხლის მძვინვარე ნავარდისა და ტალღების აღვირახსნილი თარეშის ადგილი. აქ მხოლოდ მათი რისხვისა და მუქარის ხმა აღწევდა, როგორც ნადირის კვალს აცდენილი ლომის წყრომა და ბუხუნი, შორიდან მომავალი.
განთიადიც მოახლოებულიყო. აღმოსავლეთის შორეული კიდურით ამომავალი დღის წინამორბედი სინათლე ღამის წყვდიადის ძალებს ფრთხილად აკვირდებოდა, ჯერ კიდევ დახუჭული თვალებით იყურებოდა და თავისი ბასრი მახვილის ამოსაწვდენად ემზადებოდა.
კრეისერ „შმიდტს“ დევური ქშინვა შეენელებინა, დაჭიმული კუნთები მოეშვა და გამარჯვებულის ლაღი, თავმომწონე გამომეტყველებით წინ დინჯად მიიწევდა.
მეზღვაურები ისევ თავიანთ ადგილებზე იდგნენ. ერთხელ შემოღებული ერთმანეთის ცვლის წესით, უხმოდ, უსიტყვოდ მუშაობას და სიფხიზლეს განაგრძობდნენ. მხოლოდ დროდადრო მორიგის შეძახება მოულოდნელ გაფრთხილებასავით ჰაერში შეიჭრებოდა და რომელიმე კუთხეში სწრაფ გამოხმაურებას იწვევდა, როგორც გამოძახილის ხმას:
– არის! კუზმა კაპიტნის საგუშაგოდან ძირს ჩასულიყო გემის გაშლილ ბაქანზე. თავისი ადგილი ახლა მორიგე ბოცმანისთვის დაეთმო და ჩუმად კუთხიდან კუთხეში მიმოდიოდა ზურგს უკან ხელებშემოწყობილი.
უძინარ სახეს განთიადის ლურჯი ლანდები უსერავდნენ. მისი სახის უძრავი, ორთვალიანი ნახევრის ჭრილობას ახლა ათასი სხვა მიმატებოდა, ერთმანეთის წამდაუწუმად შემცვლელი.
კუზმა პირში ჩარჭობილ ჩიბუხის ტარს განუწყვეტლივ კბილებით ღრღნიდა. დროდადრო გემის ცხვირის მოაჯირთან ჩერდებოდა. თვალს აღმოსავლეთის ჰორიზონტს აპყრობდა, თითქოს განთიადის გასაშლელად გამზადებულ ფრთებს ზომავდაო. შემდეგ ისევ გემის გემბანის სიღრმეში ბრუნდებოდა. ეტყობოდა, რომ მოუთმენლად ელოდა რაღაცას. ფარულად ნერვიულობდა. აშკარა იყო, რომ განთიადს ელოდა.
უცებ გაჩერდა. ცას კიდევ ერთხელ შეხედა და შემდეგ რომელიღაც მეზღვაურის სახელი მოკლე, მკაცრი ხმით წამოიძახა.
მისკენ გამხდარი, მაღალი მეზღვაური წამოვიდა მხრებჩამოშვებული. გრძელ მკლავებს ჭოლოკივით აქნევდა. კუზმას წინ დადგა და მკლავები ფრთებივით შეიკეცა. კუზმამ თვალებში შეხედა და, სანამ რამეს ეტყოდა, კარგა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა.
„გადაეცი ამხანაგებს: დაკრძალვა მოხდება როგორც კი გათენდება. მოემზადეთ. რევოლუციური სამხედრო პატივით: სამი ზარბაზანი თითოჯერ ისვრის. გუნდმა სამჯერვე თოფი დაცალოს.“
„არის!“ – უპასუხა მეზღვაურმა.
კუზმა ერთხანს ისევ გაჩუმდა. მერე დაბალი ხმით განაგრძო:
„შენ გევალება: ხრიტანიუკის ცხედარს თეთრგვარდიელი ბანდიტი გამოაყოლე. გემის ცხვირთან დააყენე. როგორც კი სალუტის ხმა მიწყნარდება, მაშინვე დახვრიტე და ზღვაში გადააგდე.“
„არის!“ – წარმოთქვა მეზღვაურმა და მერე ყოყმანით დაამატა:
„ამხანაგო უფროსო, მიტკა გორბაჩი ითხოვს, ოფიცერი მე დამახვრეტინეთო.“ – „ეს ის არის, ხრიტანიუკს რომ ახლდა?“
„ის არის.“
„ჰო, დროზე არ გამახსენდა, ბრძანება გამეცა. გადაეცი, რომ ლაჩარი ვუწოდე... როგორც კი ნაპირს მივადგებით, სადაც უნდა იყოს, ჩვენს კრეისერს სამუდამოდ თავი დაუკრას. საბრძოლო მასალა შენ ჩამოართვი და ბრძანების შესრულებას თვალყური ადევნე.“
„არის!“ – უპასუხა მეზღვაურმა.
* * * * * * *
თენდებოდა.
„შმიდტის“ გემბანზე მეზღვაურთა გუნდი ორ რიგად იდგა, ერთმანეთის პირისპირ.
მძიმე სიჩუმე იდგა და უხმო გლოვა მოეცვა ყველას.
ზღვა მაინც გმინავდა. ტალღები დაუცხრომლად შხუოდნენ და კრეისერიც თავის გიგანტურ ქშინვას განაგრძობდა. მაგრამ გემის გემბანზე გამეფებული ადამიანთა სამგლოვიარო სიჩუმე მათგან მაინც ხელშეუხებელი რჩებოდა.
კუზმა-მრისხანე განცალკევებით იდგა გემის წინათავის მოაჯირთან. მარცხენა მხრით გუნდისკენ იყო მიბრუნებული. მისი სახის უძრავი ნახევრის ორივე თვალი მეზღვაურებისკენ იყო მიპყრობილი, თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე აკვირდებოდა.
მის მარჯვნივ, დაახლოებით ხუთი ნაბიჯის მოშორებით, ჰაკი აძბა იდგა. მანაც მეზღვაურებს მიბაძა და თავისი მორჩილი ტანი სამხედრო ყაიდაზე გაასწორა. ხელები ძირს დაეშვა. სახე ძალზე გაკვირვებული ჰქონდა. თვალებს გაუგებრად აქეთ-იქით აცეცებდა: ხან კუზმას შეხედავდა ფარული ცნობისმოყვარეობით, ხან მეზღვაურთა გუნდს გადახედავდა.
ჰაკიმ არ იცოდა, ეს დუმილიანი, საზეიმო განლაგება ასე დილაადრიან რას მოასწავებდა და საშინელი ეჭვი გულს უკაწრავდა. ნუთუ ეს უჯუშის სიკვდილის მოახლოებას ნიშნავს და კუზმამ ჩემს ცრემლებს ანგარიში არ გაუწიაო, – ფიქრობდა იგი. მაგრამ ეს არ სჯეროდა, რადგანაც კუზმას სახის მეორე, თანაგრძნობით აღსავსე მთელი ნახევარი მას ისევ მეგობრული, ყოვლისმიმტევებელი გამომეტყველებით შემოსცქეროდა და მშვიდობას უმოწმებდა.
გემის ქვედა სართულიდან ვიწრო კიბეზე უცებ ერთმა მეზღვაურმა ამოირბინა. ბოლო საფეხურზე შედგა და სწრაფად ისევ კიბისკენ იბრუნა პირი. მერე დაიხარა და ხელები რაღაც თეთრ შეკვრას შეაგება, რომელმაც ქვემოდან თავი ამოყო.
„გამოუშვი, მიჭირავს!“ – ჩასძახა ძირს მეზღვაურმა, შეკვრის წინა თავი მკლავებზე მოწიწებით დაისვენა და ზევით ამოიტანა.
ჰაკი აძბა მხოლოდ ახლა მიხვდა, თუ რას წარმოადგენდა ეს მოგრძო თეთრი შეკვრა და მეზღვაურთა მგლოვიარე განლაგებასაც თუ რა დანიშნულება ჰქონდა. მისთვის ცხადი გახდა, რომ ამხანაგები, მეზღვაურთა წესისამებრ, ზღვაში გადაგდებით კრძალავდნენ უჯუშ ემხას მიერ მოკლულ ვასილ ხრიტანიუკის თეთრი ტილოთი შეფუთულ ცხედარს.
ასეთი წესის არსებობა ჰაკის გაეგონა, მაგრამ არ ენახა კი.
შვება იგრძნო, რომ სხვა ეჭვი არ გამართლდა, მაგრამ თავისი მდგომარეობა მაინც არ დავიწყებია.
როგორც კი გემბანზე ხრიტანიუკის ცხედარი ამოასვენეს, მაშინვე გულამოსკვნით წამოიყვირა სლოკინით:
„ვაჰააჰაია... ვაჰაჰაია, ძმაო!“ და მუხლებზე დაეცა, მთელი ტანით ჩაიკეცა. თავით იატაკზე დაემხო და სახეზე ორივე ხელი აიფარა.
„ტირილი არ იქნება,“ – ჩაესმა ყურში კუზმას მკაცრი ხმა.
ჰაკიმ სუნთქვა შეიკრა და ხმა გაკმინდა.
თავით იატაკზე დამხობილს არც კი შეუნიშნავს, რომ იმავე კიბით, რომლითაც ხრიტანიუკის გვამი ამოასვენეს, ორმა რევოლვერმომარჯვებულმა მეზღვაურმა მალე უჯუშ ემხა ამოიყვანა და, მეზღვაურთა რიგებს შუა გავლით, ცხედრის კვალდაკვალ, გემის ცხვირისკენ უხმოდ გაატარა.
ემხა თავაწეული მოაბიჯებდა, მშვიდად და ნელა. მაღალი ტანი სწორად ეჭირა. განიერი ბეჭები ოდნავი რხევით მოჰქონდა. გემის გემბანს იქით იცქირებოდა მაღლა აწეული თვალებით. გაქვავებულ და უემოციო სახეს მხოლოდ ერთი ხაზის მკრთალი ციმციმი უცოცხლებდა, რომელიც უძრავად თვალებში ჰქონდა ჩამჯდარი: ეს იყო ნაღვლიანი ღიმილის ძლივს შესამჩნევი ციმციმი, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ დარდს გამოხატავდა, დაუჯერებელი შეგნებით დაძლეულს.
პირდაპირ, ცის კიდურზე გაშლილ მოწითალო სინათლის ციმციმს შეჰყურებდა, სადაც ნათელი დღის კარი უნდა გაღებულიყო. უჯუშ ემხასაც არ დაუნახავს ჰაკი აძბა, რომელიც კუზმას გვერდით თავქვე დამხობილიყო ხმაგაკმენდილი.
ჭოლოკმკლავებიანმა მეზღვაურმა იგი გემის ცხვირის კიდესთან დააყენა და ზურგს უკან დაუდგა.
ემხამ მხოლოდ ირიბად შეასწრო თვალი მის წინ ჰაერში შემოტყორცნილ თეთრი ტილოს შეკვრას, რომელიც მაღლიდან ძირს ეშვებოდა, ჰაერში მრუდი ხაზის გავლით და ზღვის ტალღებში ჩაინთქა.
სამმა ზარბაზანმა მაშინვე ზედიზედ ქუხილივით დაიგრუხუნა. მერე თოფებმაც გაისროლეს.
ჰაკიმ ახლა თავი ასწია. წელში გაიმართა და მიმოიხედა.
უცებ, საერთო სიჩუმესა და უძრაობაში, გემის ცხვირზე მდგარი უჯუშ ემხა დაინახა.
სანამ აზრს მოიკრებდა, ყურთასმენა რევოლვერის მკვეთრმა ხმამ შეუნგრია და მისმა თვალებმა აღბეჭდეს უჯუშის კეფაზე მიდებული რევოლვერის ლულა, რომლის პირიდან ცეცხლმა იელვა.
რევოლვერის ხმაც და უჯუშ ემხაც სადღაც უფსკრულს ჩაინთქნენ.
„ვაჰაჰაი, ჩემო თავო! უჯუშ!“ – იყვირა ჰაკიმ და თავის ადგილიდან პირდაპირ მეზღვაურთა რაზმს ეკვეთა. გაარღვია რიგები და გემის იმ მხარეს მოექცა, სადაც მისმა თვალებმა უკანასკნელად უჯუშის სახე დაინახეს.
„რა უნდა? შეაჩერეთ!“ – გაისმა კუზმას ხმა.
რამდენიმე მეზღვაური წინ გადაეღობა ჰაკის. მაგრამ მისი შეჩერება ვერ შეძლეს. მაშინ დაიჭირეს, ხელები მარწუხივით ჩასჭიდეს და გაქაჩეს.
„უჯუშ, უჯუშ!“ – ყვიროდა ჰაკი გიჟივით და ახლა კბილებით კბენდა მეზღვაურებს, სადაც მიწვდებოდა.
კუზმა მიუახლოვდა. შეხედა.
„ჰაკი!“ – დაუძახა დარიგებით, – „რას აკეთებ? რა გინდა?“
„კაპიტან, მე შენი მეზღვაური ძმასავით ვიტირე. ამით ძმობა შემოგფიცე... შენ კი უჯუში მომიკალი. ძაღლი ყოფილხარ, კაპიტან... ჰო, სისხლი! სისხლი!“
წამოიყვირა და კიდევ ერთხელ მთელი ძალ-ღონით გემის მოაჯირისკენ დაიძრა.
„ვაჰაი, შენს ჰაკის, უჯუშ!“
მისი თვალები შეურიგებლობის ცეცხლის ნაპერწკლებს აფრქვევდნენ გარშემო და პირიდან ცოფის დორბლი სცვიოდა.
კუზმაც კი შეზარა მისმა შესახედაობამ, ზიზღი და ბრაზი სახეზე შეეპარა, სახის მუდამ უძრავი ნახევარიც კი მოუქცია და აუკანკალა. ერთხანს ასე უყურა.
„გაუშვით!“ – თქვა შემდეგ.
ჰაკის ხელი შეუშვეს მეზღვაურებმა.
იგი ერთი ნახტომით გემბანის მოაჯირთან გაჩნდა. ცხადი იყო მისი განზრახვა, და თვალიც ვერ მოასწრეს, რომ აქაფებულ ტალღებში გადაეშვა. გემბანზე წამით სიჩუმე ჩამოვარდა.
„სულერთია, ეს მონა ადამიანად მაინც არ გამოდგებოდა...“
ნაღვლიანი ხმით წარმოთქვა კუზმამ და მოკლე, მაგრამ მონდომებული ნაბიჯით თავისი კაბინისკენ გაემართა.