თავი VI
– VI –
„შმიდტის“ გემის ზედა გემბანზე, კიბის თავთან, კუთხეში, ქალაქ სოხუმის მრავალრიცხოვანი დელეგაცია შეკრებილიყო ბექირბი ჩაჩბას მეთაურობით. დელეგაცია ვასილ ხრიტანიუკის გვამს და დაჭრილ მეზღვაურს წამოჰყოლოდა ქალაქიდან, რათა გემის უფროსისათვის ქალაქის უზომო მწუხარება გამოეცხადებინა და მოულოდნელად მომხდარი უბედური შემთხვევა სწორად განემარტა პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად.
მისი მეთაური, ხანდაზმული თავადი ჩაჩბა, დელეგაციის დანარჩენ წევრებზე წინ წამდგარიყო, ქალაქისთავის დავანაძისა და ნარიქ ეშბას თანხლებით. ის გემბანის მეორე მხარეს ჩამწკრივებულ მეზღვაურთა რაზმის წინ დამდგარ კუზმა-მრისხანეს ქუდმოხდილი შესცქეროდა მთელი თავისი ტანის დიდებული სიმყარით და ჭაღარა თმის გვირგვინში ჩამჯდარი ნათლად გაშლილი სახით. მისი თვალები უზომო მწუხარებას გამოხატავდნენ. მას შავი ჩოხა ეცვა, უბრალო შავ ქამარ-ხანჯალშემორტყმული.
კუზმა-მრისხანე ჩაჩბასკენ ნახევრად მობრუნებული იდგა. თავადს თავისი გაორებული მარცხენა თვალის რისხვის გამფრქვევი შუქით ზომავდა. გემბანზე სიჩუმე იყო, რომელსაც დროგამოშვებით არღვევდა გემის ქვედა სართულში ჩამავალ კიბეზე გამართული აურზაური და მოძრაობა დაჭრილი მეზღვაურის მოსავლელად მოსული სოხუმელი ექიმებისა. ხანდახან კიდევ ზღვის შორეული გუგუნი გემზე ჰაერს შეარხევდა და სოხუმზე წამოყუდებულ გორაკებს მიაწყდებოდა ისეთი ხმის გამოცემით, რომელიც ქარიშხლის მოახლოებას მოასწავებდა.
გემბანზე მყოფნი მოუთმენლად და ჩუმი ცახცახით მოელოდნენ ერთმანეთის პირისპირ მდგომი გემის უფროსსა და დელეგაციის მეთაურს შორის საუბრის დაწყებას. მაგრამ არც ერთი მათგანი არ აპირებდა სიჩუმის დარღვევას, თუმცა თითოეულის პოზა იმას მოწმობდა, რომ სათქმელი სიტყვა პირზე ჰქონდათ მომდგარი.
ბექირბი ჩაჩბასთვის ენა ჩაეგდო კუზმა-მრისხანის სასტიკ შესახედაობას, რომელმაც მასზე ზებუნებრივი მოვლენასავით იმოქმედა. თუმცა ჩაჩბას გული წინასწარ ჰქონდა მომზადებული ბოლშევიკების გემის უფროსის საოცარ სახესთან პირისპირ შესახვედრად, მაინც მის ყოველ წარმოდგენას აღემატებოდა ის საშინელება, რომელიც კუზმა-მრისხანეს თვალებიდან შემოჰყურებდა. თავადი ცხადად ხედავდა, რომ მეზღვაურს დაფლეთილი ტუჩები ისე მოეკუმა, თითქოს დაუსრულებელი ზიზღისა და სიძულვილის ნერწყვს დაურიდებლად მას პირდაპირ სახეში უმიზნებდა.
ხოლო კუზმას ქოშინით სუნთქვა ისეთ შეურიგებლობასა და შურისძიების წყურვილს ანთხევდა გარშემო, რომ არა თუ ბექირბი ჩაჩბას წართმეოდა ხმის ამოღების უნარი, მის გვერდით მდგომი დავანაძეც და ეშბაც დამუნჯებულიყვნენ და გაქვავებულიყვნენ.
კუზმა-მრისხანე კი ისე აღეშფოთებინა მის წინაშე რაღაც უაზრო თავაზიანობითა და უაზრო ცერემონიით დამდგარ დელეგაციას, განსაკუთრებით კი ბექირბი ჩაჩბას ბატონურმა და ბრწყინვალე იერმა, რომ მეამბოხე მეზღვაურის ბუნება ყოვლად შეუძლებელს ხდიდა რაიმე სიტყვიერი კავშირის დამყარებას ამ ყოველმხრივ მისთვის უცხო ადამიანებთან.
ბოლოს სიჩუმე აუტანელი გახდა ორივე მხარისთვის.
და უცებ მოხდა ის, რასაც არავინ არ მოელოდა.
კუზმა-მრისხანე მთელი ტანით მგლურად მეზღვაურებისაკენ მიტრიალდა და დელეგაციას ზურგი შეაქცია. ცოტა ხანში მისმა მჭექარე ხმამ გაწნულ სილასავით დაიწივლა დელეგატების ყურებთან:
„ამათი დედაც... ცერემონიას მიწყობენ რაღაც სულელურს და მასულელებენ! მიმიფურთხებია მე მაგათი თავადური პრანჭვა-გრეხისათვის, ჰეი, მორიგევ!“ და მოწყვეტილი, მოკლე ნაბიჯებით პირდაპირ კიბეს მიაშურა, რომელიც მაღლა, კაპიტნის კაბინაში ადიოდა.
მორიგე მას უმალვე მიჰყვა კვალდაკვალ.
ვერ მოასწრეს დელეგაციის წევრებმა შექმნილი მდგომარეობის გააზრება, რომ მორიგე მეზღვაური კიბეზე უკანვე დაეშვა და მათ წინ შედგა ხელში რევოლვერმომარჯვებული. მან შეფერხებით წარმოთქვა:
„გემის უფროსი გიცხადებთ შემდეგს: გეძლევათ ერთი საათი ვადა მკვლელი თეთრგვარდიელი ოფიცრის გემზე წარმოსადგენად. ამ ვადის შემდეგ, თუ მოთხოვნა შესრულებული არ იქნება, გემი ისე იმოქმედებს, როგორც ამას საჭიროდ ჩათვლის. მანამდე გემი მძევლად იტოვებს ქალაქის დელეგაციის მეთაურს. დანარჩენებს ნება აქვთ წავიდნენ გემის უფროსის განკარგულების გადასაცემად.“
ეს რომ განაცხადა, მორიგემ მეზღვაურთა რაზმიდან სამი კაცი გამოიხმო, რომელთაც უბრძანა ბექირბი ჩაჩბას გარშემორტყმოდნენ და საპატიმრო ოთახში წაეყვანათ, ქვედა სართულში. სანამ დელეგაციის წევრები გაერკვეოდნენ იმაში, რაც მათ წინ ხდებოდა, თოფიანი მეზღვაურები ბექირბი ჩაჩბას გარშემორტყმოდნენ, თვალის დახამხამებაში დანარჩენებისაგან განაცალკევეს და ქვედა სართულში ჩაიყვანეს.
იმავე მორიგემ სოხუმის დანარჩენ წარმომადგენლებს თითით გზა უჩვენა ზღვაზე დაშვებული ჯაჭვის კიბის ქვედა თავთან მომდგარი ნავებისაკენ.
სოხუმი უდიდეს არეულობაში იყო. ქალაქში არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ გემი მოკლული მეზღვაურის გამო შურს იძიებდა. არავინ იცოდა, როგორ და რა ფორმით მოხდებოდა ეს შურისძიება, მაგრამ ყველა გრძნობდა, რომ ის მკაცრი იქნებოდა და მისი დროც ახლოვდებოდა. ყველას ესმოდა ისიც, რომ დამნაშავის ცოცხლად დაჭერა მოსალოდნელ საფრთხეს თუ სრულად არ გააქრობდა, დიდად მაინც შეამცირებდა და ხალხს თავის მართლების საშუალებას მისცემდა.
სწორედ ამ უკანასკნელი გარემოების გაცნობიერების გამო, სოხუმის მთელი მოსახლეობა, დიდიან-პატარიანად, იმ განაპირა უბნისკენ დაიძრა, სადაც ოფიცერ უჯუშ ემხას სახლი ეგულებოდათ.
განსაკუთრებული მონდომებით ახლაც მოქალაქეთა ის ნაწილი მოქმედებდა, რომლებსაც საკუთრება ჰქონდათ. ამ ნაწილს რაჟდენ თორია ხელმძღვანელობდა, პირდაპირი და მამაცი ვაჭარი, რომელიც თოფითა და რევოლვერით იყო შეიარაღებული.
სოხუმის არისტოკრატია კი, ცოტა არ იყოს, თავს განზე იჭერდა და საქმეში პირდაპირ არ ერეოდა. მას აფხაზეთის ცნობილი და დიდი გვარების წარმომადგენლები შეადგენდნენ, რომლებიც ემხას გვართან ნათესაური კავშირით იყვნენ დაკავშირებულნი. მათგან ტრადიცია კატეგორიულად მოითხოვდა, როგორი მდგომარეობაც არ უნდა შექმნილიყო, მაინც, უპირველეს ყოვლისა, სისხლის ინტერესებზე ეზრუნათ. ამ შემთხვევაშიც ამ ნაწილს უფრო უჯუშ ემხას გადარჩენა აინტერესებდა, ვიდრე სოხუმელი ვაჭრებისა და მესაკუთრეების ქონების დაცვა, თუმცა ამას, რა თქმა უნდა, არაფრით არ ამჟღავნებდნენ.
მილიციისა და მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა თავდაპირველად ქალაქიდან გასასვლელი გზები გადაკეტა. მეორე ნაწილი ახლომდებარე თემებისკენ დაიძრა, რათა სოფლები ფეხზე დაეყენებინა და ემხასთვის გზა გადაეჭრა, თუკი ის ქალაქიდან გასვლას მოასწრებდა. მესამე ნაწილმა კი, თვითონ რაჟდენ თორიას მეთაურობით, სოხუმის განაპირას, მთის კალთის ძირში მიმალულ ემხას სახლს ალყა შემოარტყა.
მილიციონერები და უფრო გაბედული შეიარაღებული მოქალაქეები ყვირილით შეიჭრნენ ემხას სახლში, მაგრამ აქ მათ მხოლოდ ორი ადამიანი დახვდათ: ემხას მოხუცი დედა, სამგლოვიარო შავი ტანსაცმლით შემოსილი ქვრივი შოუჰარი, და მისი თორმეტი წლის ქალიშვილი, ლილი, უჯუშის უმცროსი და.
მოულოდნელი უბედურებისგან შეშინებულ დედას გვერდით ამოეყენებინა თავისი ქალიშვილი და მოსულებს კართან შეეგება.
„ჩემი შვილი უჯუშ შინ არ არის, ალბათ მოვა და პასუხიც იმას მოსთხოვეთ“, – იყო მისი პასუხი ხალხისა და მთავრობის წარმომადგენლების შეკითხვაზე უჯუშის შესახებ.
ოდნავ დანაოჭებულ თეთრ სახეზე შიშის ფერი გადაჰკვროდა და უჩინარი ცრემლით დასველებულ დიდ თვალებში ჩვეული თავდაჭერილობისა და დაძაბული ნებისყოფის უკანასკნელი სიმტკიცე შემოეკრიბა. მაღალი ტანი ჩვეული ამაყი გამომეტყველებით ეჭირა, მაგრამ მაინც ჩვეულებრივი ზრდილობითა და ქალური თავმდაბლობით უხვდებოდა მის სახლში შემოსულ მოულოდნელ ხალხს.
ყოველ შეკითხვაზე სულ ერთსა და იმავეს იმეორებდა შეუცვლელად.
„ჩემი შვილი უჯუშ შინ არ არის. ალბათ, მოვა და პასუხიც იმას მოსთხოვეთ.“
პატარა ქერა ლილი კი დედის კალთაში მიმალულიყო. მთელი მისი უაღრესად გაკვირვებული და შეშინებული არსება იმ ორ თვალში მოთავსებულიყო, რომლებიც დაუღალავად დაჰყვებოდნენ უცხო ადამიანების ერთი სახიდან მეორეზე.
მოსულებმა ოთახები გაჩხრიკეს. მერე ეზოში მიმოფანტულ შენობებს შეესივნენ – სამზარეულოს, საჯინიბოს, სასიმინდეს – მაგრამ უჯუშ ემხას კვალი ვერსად ვერ აღმოაჩინეს.
გაბრაზებული რაჟდენ თორია მაშინ ერთხელ კიდევ მივარდა შოუჰართან:
„ის მაინც გეცოდინებათ, თქვენი ვაჟის ძიძიშვილი ჰაკი აძბა სად იმყოფება, უჯუშ უთუოდ მასთან იქნება.“
შოუჰარმა თავი გააქნია. მერე შეგვიანებით მოკლედ უპასუხა:
„არ ვიცი.“ ხმას ისეთი ტონი დაატანა, რომ თავხედ ვაჭარს აგრძნობინა: „ჩემი პასუხის ღირსი არ ხარ, მაგრამ ახლა სხვა გზა არ მაქვსო.“
თორია უფროს მილიციონერთან მივარდა. მათ შორის ჩუმი საუბარი გაიმართა. მერე უფროსმა განკარგულება გასცა, ემხას დედა და და დაეპატიმრებინათ. ორი მილიციონერი ყარაულებად დაუდგნენ დედას და შვილს და აივნის კუთხეში მიამწყვდიეს.
ეს ის დრო იყო, როცა გემიდან დაბრუნებული დელეგატები ემხას მაძიებელ ხალხს შემოუერთდნენ და სამსონ დავანაძემ თავისი უხეში ხმით გამოაცხადა „შმიდტის“ უფროსის ურყევი ულტიმატუმი და ბექირბი ჩაჩბას დატყვევების ამბავი.
ქალაქისთავის განცხადებამ უდიდესი აღელვება გამოიწვია ხალხში, მაგრამ მას ყველაზე ერთნაირად არ უმოქმედნია. ხალხის დიდმა უმრავლესობამ გემის სასტიკ ულტიმატუმს მიაქცია მთელი ყურადღება – განსაკუთრებით კი ერთი საათის ვადას, რომელიც ძალიან მოკლე ვადად მოეჩვენა, ხოლო თავად ჩაჩბას დატყვევების ამბავი, თითქოს მის ყურთასმენას სრულიად აცდაო, არაფრად ჩააგდო. ერთი საათის ვადა ყველას ცეცხლივით მოედო და შიგ ტვინში აუვარდა. უმწეობისა და სასოწარკვეთილების გმინვა გაისმა ირგვლივ:
„ერთი საათიო... მაშ დავქცეულვართ.“
რაჟდენ თორიას საშინელი მოწოდების ყიჟინაც გაისმა შურის საძიებლად:
„უმალ ცეცხლი ჩვენი დამღუპველი ემხას სახლ-კარს, უმალ სიკვდილი მისი ოჯახის წევრებს!“
და ათასმა ხმამ დაიგუგუნა:
„სიკვდილი! სიკვდილი ემხას!“
მაგრამ ამავე ხალხში განცალკევებულად იდგა ერთი ჯგუფი, რომელზედაც განსაკუთრებულად იმოქმედა ბექირბი ჩაჩბას ტყვედ და მძევლად წაყვანის ამბავმა. ულტიმატუმისთვის კი მას დიდი ყურადღება არც მიუქცევია. ჩაჩბას დატყვევების გაგონებაზე ეს ჯგუფი ისეთმა შიშმა მოიცვა, თითქოს კრეისერ „შმიდტის“ ზარბაზნები უკვე ქუხდნენ და ქალაქს გამანადგურებელი სროლა აუტეხესო.
მასში თავი მოეყარათ სოხუმში კარგად ცნობილ თავადებს, რომლებიც მუდმივად ქალაქში ცხოვრობდნენ ან დღეს შემთხვევით აქ იმყოფებოდნენ. მათ შორის იყვნენ მთელ აფხაზეთში დიდი გავლენისა და ავტორიტეტის მქონე პირები, რომელთა საზოგადოებრივი მდგომარეობა თებერვლის რევოლუციას ჯერ კიდევ ვერ შეერყია. სანამ ეს ჯგუფი უწარჩინებულესი ბექირბი ჩაჩბას დატყვევებას შეიტყობდა, თავისი უმოქმედობით უჯუშ ემხას უთუოდ უჩინარ მფარველობას უწევდა, რასაც კარგად გრძნობდა და ამჩნევდა გამოცდილი რაჟდენ თორიაც.
შესაძლებელია, ზოგიერთმა თავადმა ემხას სამალავიც კი იცოდა და უთუოდ ისე არ იქნებოდა, ერთს ან ორს მასთან საიდუმლო კავშირიც არ ჰქონოდა დამყარებული ამ განსაცდელის დროს.
მოხუცი შოუჰარისა და პატარა ლილის დაპატიმრება ამ თავადებისთვის ჯერ კიდევ არ წყვეტდა ემხას განწირვის საკითხს. დაპატიმრების ატანა შეიძლებოდა, მაგრამ ბექირბი ჩაჩბას დატყვევება დამნაშავე ემხას მაგიერ უკვე საქმის სერიოზულ გართულებას წარმოადგენდა და უდიდეს საფრთხეს მოასწავებდა ჩაჩბას სიცოცხლისთვის.
ამ გარემოებამ უცებ შეცვალა მდგომარეობა და უჯუშ ემხას ბედიც გადაწყვიტა. არჩევანის გაკეთებაც კი შეუძლებელი იყო ჩაჩბასა და ემხას შორის. უთუოდ ემხა უნდა განწირულიყო.
– VII –
უჯუშ ემხას სისხლიანი ამბებით სავსე ცხოვრებაში პირველი შემთხვევა იყო, როცა მას მტერთან სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლა მოუხდა ისე, რომ თავისი ერთგული ძიძიშვილი ჰაკი აძბა გვერდით არ ჰყავდა.