– VI –
"შმიდტის" ბანზე, კიბის თავთან, კუთხეში, ქალაქ სოხუმის მრავალრიცხოვანი დელეგაცია შექუჩებულიყო ბექირბი ჩაჩბას მეთაურობით. დელეგაცია ვასილ ხრიტანიუკის გვამს და დაჭრილ მეზღვაურს წამოჰყოლოდა ქალაქიდან, რათა გემის უფროსისათვის ქალაქის უზომო მწუხარება გამოეცხადებინა და მოულოდნელად მომხდარი უბედური შემთხვევა სწორად განემარტა პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად.
მისი მეთაური მხცოვანი თავადი ჩაჩბა დელეგაციის დანარჩენ წევრებზე წინ წამდგარიყო, ქალაქისთავის დავანაძისა და ნარიქ ეშბას თანხლებით, და ბანის მეორე მხარეს ჩამწკრივებულ მეზღვაურთა რაზმის წინ დამდგარ კუზმა-მრისხანეს ქუდმოხდილი შესცქეროდა მთელი თავისი ტანის დარბაისლური ახოვნებით და ჭაღარა თმის გვირგვინში ჩამჯდარი ნათლად გაშლილი პირისახით. მისი თვალები უაღრეს მწუხარებას გამოხატავდნენ. მას შავი ჩოხა ეცვა, სადა შავ ქამარ-ხანჯალშემორტყმული.
კუზმა-მრისხანე ჩაჩბასკენ ნახევრად მობრუნებული იდგა. თავადს თავისი გაორებული მარცხენა თვალის რისხვის მფრქვეველი შუქით ზომავდა. ბანზე სიჩუმე იყო, რომელსაც დროგამოშვებით არღვევდა გემის ქვედა სართულში ჩამავალ კიბეზე გამართული ფაციფუციანი მიმოსვლა დაჭრილი მეზღვაურის მოსავლელად მოსული სოხუმელი ექიმებისა. ხანდახან კიდევ ზღვის შორეული გუგუნი გემზე ჰაერს შეარხევდა და სოხუმზე წამოყუდებულ გორაკებს მიაწყდებოდა ისეთი ხმის გამოცემით, რომელიც ქარტეხილის მოახლოებას მოასწავებდა.
ბანზე მყოფნი მოუთმენლად და ჩუმი ცახცახით მოელოდნენ ერთმანეთის პირისპირ მდგომ გემის უფროსსა და დელეგაციის მეთაურს შორის გასაუბრების დაწყებას, მაგრამ არც ერთი მათგანი არ აპირებდა სიჩუმის დარღვევას, თუმცა თითოეულის პოზა იმას მოწმობდა, რომ სათქმელი სიტყვა პირზე ჰქონდათ მომდგარი.
ბექირბი ჩაჩბასთვის ენა ჩაეგდო კუზმა-მრისხანის სასტიკ შესახედაობას, რომელსაც მასზე ზებუნებრივ რამ მოვლენასავით ემოქმედნა. თუმცა ჩაჩბას გული წინასწარ ჰქონდა შემზადებული ბოლშევიკების გემის უფროსის საოცარ სახესთან პირისპირ შესაყრელად, მაგრამ მაინც მის ყოველ წარმოდგენას აღემატებოდა ის საშინელება, რომელიც კუზმა-მრისხანეს თვალთაგან შემოჰყურებდა. თავადი ცხადად ხედავდა, რომ მეზღვაურს დაფლეთილი ტუჩები ისე მოეკუმა, თითქოს დაუსრულებელი ზიზღისა და სიძულვილის ფურთხს დაურიდებლად მას შიგ პირისახეში უმიზნებსო.
ხოლო კუზმას მქშინავი სუნთქვა ისეთ შეურიგებლობასა და შურისძიების წყურვილს ანთხევდა გარშემო, რომ არა თუ ბექირბი ჩაჩბას წართმეოდა ხმის ამოღების უნარი, მის გვერდით მდგომი დავანაძეც და ეშბაც დამუნჯებულიყვნენ და გახევებულიყვნენ.
კუზმა-მრისხანე კი ისე აღეშფოთებინა მის წინაშე რაღაც ჩლუნგი პირმოთნეობითა და უაზრო ცერემონიით დამდგარ დელეგაციას, განსაკუთრებით კი ბექირბი ჩაჩბას ბატონურს და ბრწყინვალე იერს, რომ მეამბოხე მეზღვაურის ბუნება ყოვლად შეუძლებელს ხდიდა რაიმე სიტყვიერი კავშირის გაბმას ამ ყოველმხრივ მისთვის უცხო ადამიანებთან.
ბოლოს სიჩუმე აუტანელი შეიქმნა ორთავ მხრისათვის.
და უცებ მოხდა ის, რასაც არავინ არ მოელოდა.
კუზმა-მრისხანე მთელი ტანით მგლურად მეზღვაურებისაკენ მიტრიალდა და დელეგაციას ზურგი შეაქცია. არ გასულა ხანიც, რომ მისმა მჭექარე ხმამ გაწნულ სილასავით დაიწივლა დელეგატების ყურებთან:
- ამათი დედაც... ცერემონიას მიწყობენ რაღაც სულელურს და მასულელებენ! მიმიფურთხებია მე მაგათი თავადური პრანჭვა-გრეხისათვის, ჰეი, მორიგევ! და მოწყვეტილი მოკლე ნაბიჯებით პირდაპირ კიბეს მიაშურა, რომელიც მაღლა, კაპიტნის კაბინაში ადიოდა.
მორიგე მას უმალვე მიჰყვა კვალდაკვალ.
ვერ მოასწრეს დელეგაციის წევრებმა შექმნილი მდგომარეობის მოაზრება, რომ მორიგე მეზღვაური კიბეზე უკანვე დაეშვა და მათ წინ შედგა ხელში რევოლვერმომარჯვებული; მან შებორძიკებულად წარმოთქვა:
- გემის უფროსი გიცხადებთ შემდეგს: გეძლევათ ერთი საათი ვადა მკვლელი თეთრგვარდიელი ოფიცრის წარმოსადგენად გემზე. ამ ვადის შემდეგ, თუ მოთხოვნა შესრულებული არ იქნა, გემი ისე იმოქმედებს, როგორც ამას საჭიროდ ჩათვლის. მანამდე გემი მძევლად იტოვებს ქალაქის დელეგაციის მეთაურს. დანარჩენებს ნება აქვთ წავიდნენ გემის უფროსის განკარგულების გადასაცემად.
განაცხადა თუ არა ეს, მორიგემ მეზღვაურთა რაზმიდან სამი კაცი გამოიხმო, რომელთაც უბრძანა ბექირბი ჩაჩბას გარშემორტყმოდნენ და საპატიმრო ოთახში წაეყვანათ, ქვედა სართულში. სანამ დელეგაციის წევრები გაერკვეოდნენ იმაში, რაც მათ წინ ხდებოდა, თოფიანი მეზღვაურები ბექირბი ჩაჩბას გარშემორტყმოდნენ, თვალის დახამხამებაში დანარჩენებისაგან განაცალკევეს და ქვედა სართულში ჩაიყვანეს.
იმავე მორიგემ სოხუმის დანარჩენ წარმომადგენლებს თითით გზა უჩვენა ზღვაზე დაშვებული ჯაჭვის კიბის ქვედა თავთან მომდგარი ნავებისაკენ.
* * * * * * * სოხუმი უდიდეს ალიაქოთში გახვეულიყო: ქალაქში ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ გემი მოკლული მეზღვაურისათვის შურს იძიებდა. რა სახით და რანაირად მოხდებოდა ეს შურისძიება, არავინ არ იცოდა, მაგრამ რომ იგი მკაცრი იქნებოდა და ეს საათიც მოახლოებული იყო, ამას ყველა გრძნობდა. ყველას ჰქონდა აგრეთვე შეგნებული ის გარემოებაც, რომ დამნაშავის ცოცხლად შეპყრობა მოსალოდნელ განსაცდელს თუ სრულად არ მოსპობდა, დიდად მაინც შეანელებდა და ხალხს თავის მართლების საშუალებას მისცემდა.
და სწორედ ამ უკანასკნელი გარემოების შეგნებას სოხუმის მთელი მოსახლეობა, დიდიან-პატარიანად, იმ განაპირა უბნისკენ დაეძრა, სადაც ოფიცერ უჯუშ ემხას სახლ-კარი ეგულებოდათ.
განსაკუთრებული თავგამოდებით ახლაც მოქალაქეთა მესაკუთრული ნაწილი მოქმედებდა. ამ ნაწილს რაჟდენ თორია ხელმძღვანელობდა, პირდაპირი და გულადი ვაჭარი, რომელიც თოფითა და რევოლვერით შეიარაღებულიყო.
სოხუმის არისტოკრატიას კი, ცოტა არ იყოს, განზე ეჭირა თავი და საქმეში პირდაპირ არ ერეოდა. მას შეადგენდნენ აფხაზეთის ცნობილი და დიდი გვარების წარმომადგენლები, რომლებიც ნათესაობით იყვნენ ემხას გვართან დაკავშირებულნი. ამათგან ადათი კატეგორიულად მოითხოვდა, რაგინდ მდგომარეობა შექმნილიყო, მაინც, უწინარეს ყოვლისა, სისხლის ინტერესისათვის ეზრუნათ. ამ შემთხვევაშიაც ამ ნაწილს უფრო უჯუშ ემხას გადარჩენა აინტერესებდა, ვინემ სოხუმელი ვაჭრებისა და მესაკუთრეების ქონების დაცვა, თუმცა ამას, რა თქმა უნდა, არაფრით არ ამჟღავნებდნენ.
მილიციისა და მოსახლეობის უდიდეს ნაწილს თავდაპირველად ქალაქიდან გასავალი გზები შეეკრა. მეორე ნაწილი მახლობელი თემებისაკენ დაძრულიყო სოფლების ფეხზე დასაყენებლად და ემხასათვის გზის გადასაჭრელად, ვინიცობაა იგი ქალაქიდან გასვლას მოასწრებდა. მესამე ნაწილს კი, თვითონ რაჟდენ თორიას მეთაურობით, სოხუმის განაპირას, მთის კალთის ძირში მიჩქმალული ემხას სახლ-კარისათვის ალყა შემოერტყა.
მილიციონერები და უფრო გაბედული შეიარაღებული მოქალაქენი ხუილით ემხას სახლში შეიჭრნენ, მაგრამ აქ მათ მხოლოდ ორი ადამიანი დახვდათ: ემხას მოხუცებული დედა, სამგლოვიარო ძაძებით მორთული ქვრივი შოუჰარი, და მისი თორმეტი წლის ქალი, ლილი, უჯუშის უმცროსი და.
მოულოდნელი უბედურებისაგან ზარდაცემულ დედას გვერდში ამოეყენებინა თავისი ქალი და მოსულებს კართან შეგებებოდა.
- ჩემი შვილი უჯუშ შინ არ არის, ალბათ მოვა და პასუხიც იმას მოსთხოვეთ, - იყო მისი პასუხი ხალხისა და მთავრობის წარმომადგენლების შეკითხვაზე უჯუშის შესახებ.
ოდნავ შენაოჭებულ თეთრ სახეზე შიშის ფითრი დაფრქვეოდა და უჩინარი ცრემლით დანამულ დიდრონ თვალებში შეჩვეული თავდაჭერილობისა და დაჭიმული ნებისყოფის უკანასკნელი სიმტკიცე შემოეკრიბა. მაღალი ტანი ნაჩვევი მედიდურობით ეჭირა, მაგრამ მაინც ჩვეულებრივი ზრდილობითა და ქალური თავმდაბლობით უხვდებოდა მის სახლში შემოსულ მოულოდნელ ხალხს.
ყოველ შეკითვხაზე სულ ერთსა და იმავეს იმეორებდა შეუცვლელად.
- ჩემი შვილი უჯუშ შინ არ არის. ალბათ, მოვა და პასუხიც იმას მოსთხოვეთ.
პატარა ქერა ლილი კი დედის კალთაში მიმალულიყო. მთელი მისი უაღრესად გაკვირვებული და შეშინებული არსება იმ ორ თვალში მოთავსებულიყო, რომლებიც დაუდეგარად რბოდნენ უცხო ადამიანების ერთი სახიდან მეორეზე.
მოსულებმა ოთახები გაჩხრიკეს. მერე ეზოში მიმოფანტულ შენობებს შეესივნენ - სამზარეულოს, საჯინიბოს, სასიმინდეს, - მაგრამ უჯუშ ემხას კვალი ვერსად ვერ აღმოაჩინეს.
ბრაზმორეული რაჟდენ თორია მაშინ ერთხელ კიდევ მიიჭრა შოუჰართან:
- ის მაინც გეცოდინება, შენი ვაჟის ძიძიშვილი ჰაკი აძბა სად იმყოფება, უჯუშ უთუოდ მასთან იქნება.
შოუჰარმა თავი გააქნია. მერე შეგვიანებით მოკლედ უპასუხა:
- არ ვიცი. ხმას ისეთი კილო დაატანა, რომ თავხედ ვაჭარს აგრძნობინა: ჩემი პასუხის ღირსი არ ხარ, მაგრამ ახლა სხვა გზა არ მაქვსო.
თორია უფროს მილიციონერთან მიიჭრა. მათ შორის ჩუმი საუბარი გაიმართა. მერე უფროსმა განკარგულება გასცა ემხას დედა და და დაეპატიმრებინათ. ორი მილიციონერი ყარაულებად დაუდგნენ დედას და შვილს და აივნის კუთხეში მიამწყვდიეს.
ეს ის დრო იყო, როცა გემიდან დაბრუნებული დელეგატები ემხას მაძიებელ ხალხს შემოუერთდნენ და სამსონ დავანაძემ თავისი როყიო ხმით გამოაცხადა "შმიდტის" უფროსის შეურყეველი ულტიმატუმი და ბექირბი ჩაჩბას დატყვევების ამბავი.
ქალაქისთავის განცხადებამ უდიდესი აღელვება გამოიწვია ხალხში, მაგრამ მას ყველაზე ერთნაირად არ უმოქმედნია. ხალხის დიდმა უმრავლესობამ გემის სასტიკ ულტიმატუმს მიაქცია მთელი ყურადღება - განსაკუთრებით კი ერთი საათის ვადას, რომელიც ძალიან მოკლე ვადად მოეჩვენა, ხოლო თავად ჩაჩბას დატყვევების ამბავი, თითქოს მის ყურთასმენას სრულიად აცდაო, არაფრად ჩააგდო. ერთი საათის ვადა ყველას ცეცხლივით შეეკიდა და შიგ ტვინში აუვარდა. უმწეობისა და სასოწარკვეთილების გმინვა გაისმა ირგვლივ:
- ერთი საათიო... მაშ დავქცეულვართ.
რაჟდენ თორიას საშინელი მოწოდების ყიჟინაც გაისმა შურის საძიებლად:
- უმალ ცეცხლი ჩვენი დამღუპველი ემხას სახლ-კარს, უმალ სიკვდილი მისი ოჯახის წევრებს!
და ათასმა ხმამ დაიგუგუნა:
- სიკვდილი! სიკვდილი ემხას!
მაგრამ ამავე ხალხში განცალკევებულად იდგა ერთი ჯგუფი, რომელზედაც განსაკუთრებულად იმოქმედა ბექირბი ჩაჩბას ტყვედ და მძევლად წაყვანის ამბავმა. ულტიმატუმისათვის კი მას დიდი ყურადღება არც მიუქცევია. ჩაჩბას დატყვევების გაგონებაზე ეს ჯგუფი ისეთმა შიშმა მოიცვა, თითქოს კრეისერ "შმიდტის" ზარბაზნები უკვე აქუხდნენ და ქალაქს გამანადგურებელი სროლა აუტეხესო.
მასში თავი მოეყარათ სოხუმში კარგად ცნობილ თავადებს, რომლებიც მუდმივად ქალაქში ცხოვრობდნენ ან დღეს შემთხვევით აქ იმყოფებოდნენ. მათ შორის იყვნენ მთელ აფხაზეთში დიდი გავლენისა და ავტორიტეტის მქონე პირები, რომელთა საზოგადოებრივი მდგომარეობა თებერვლის რევოლუციას ჯერ კიდევ ვერ შეერყია. სანამ ეს ჯგუფი უწარჩინებულესი ბექირბი ჩაჩბას დატყვევებას შეიტყობდა, თავისი უმოქმედობით უჯუშ ემხას უთუოდ უჩინარ მფარველობას უწევდა, რასაც კარგად გრძნობდა და ამჩნევდა გამოცდილი რაჟდენ თორიაც.
შესაძლებელია, ზოგიერთმა თავადმა ემხას ბინაც კი იცოდა და უთუოდ ისე არ იქნებოდა, ერთს ან ორს მასთან საიდუმლო კავშირიც არ ჰქონოდა გაბმული ამ განსაცდელის დროს.
მოხუცებული შოუჰარისა და პატარა ლილის დაპატიმრება ამ თავადებისათვის ჯერ კიდევ არ წყვეტდა ემხას განწირვის საკითხს. დაპატიმრების ატანა შეიძლებოდა, მაგრამ ბექირბი ჩაჩბას დატყვევება დამნაშავე ემხას მაგიერ უკვე საქმის სერიოზულ გართულებას წარმოადგენდა და უდიდეს საფრთხეს მოასწავებდა ჩაჩბას სიცოცხლისათვის.
ამ გარემოებამ უცებ შეცვალა მდგომარეობა და უჯუშ ემხას ბედიც გადაწყვიტა. არჩევანის დაშვებაც კი შეუძლებელი იყო ჩაჩბასა და ემხას შორის. უთუოდ ემხა უნდა განწირულიყო.