ეს მოხდა ქალაქ სოხუმში 1918 წელს, როცა რუსეთში ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ უსასტიკესი სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა.
განსაკუთრებით სასტიკი და მძაფრი იყო ეს ომი სამხრეთ რუსეთში, სადაც რეაქცია უკანასკნელი პოზიციების შენარჩუნებას ცდილობდა. საბჭოთა ხელისუფლება ძლევამოსილად უტევდა მას და შავი ზღვისკენ ერეკებოდა, თავის საზღვრებიდან აძევებდა. შავ ზღვაზე და მის სანაპიროებში სისხლის თქეში იდგა კიდით-კიდემდე.
აფხაზეთი მაშინ ამიერკავკასიის კომისარიატის ხელისუფლებას ემორჩილებოდა და ფაქტიურად რუსეთს მოწყვეტილი იყო.
და აღნიშნული წლის თებერვლის 27-ს, დილაადრიან, ქალაქ სოხუმში ხმა გავარდა მოულოდნელად:
ბოლშევიკების კრეისერი "შმიდტი" ქალაქის ნავსადგურს უახლოვდება, ეტყობა, შემოსვლას აპირებსო.
პირველ ხმას მეორეც მოჰყვა დადევნებულივით:
წითელ კრეისერს მეთაურად "მრისხანედ" წოდებული ბოცმანი კუზმა კილგა ახლავსო.
სოხუმს არაერთხელ გაეგონა ეს სახელი.
ეს იყო ძველი მეზღვაური, 1905 წლის მეამბოხე, ცნობილი შმიდტის თანამებრძოლი ბოცმანი, კუზმა კილგა, რომელსაც მეფის მთავრობამ შმიდტის ამბოხებაში მონაწილეობის მიღებისათვის უვადო კატორღა მიუსაჯა. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ კილგა ისევ თავის საქმეს დაუბრუნდა და შავი ზღვის ფლოტში თვალსაჩინო ადგილი დაიჭირა. მისი სახელი მალე ცნობილი შეიქნა როგორც ზღვაზე, ისე მის სანაპიროებში. მტრებმა მას მეტსახელად "მრისხანე" შეარქვეს, რაც მის სახელს გვარის მაგიერ მიემატა და მერე ისე შეეზარდა, როგორც აუცილებელი ეპითეტი:
- კუზმა-მრისხანე.
საბჭოთა მთავრობამაც იგი უდიდესი ნდობით აღჭურვა: თავისი უძლიერესი სამხედრო გემის - კრეისერ "შმიდტის" - უფროსობა ჩააბარა, როგორც დამსახურებული ჯილდო კონტრრევოლუციის წინააღმდეგ თავდაუზოგველი ბრძოლისათვის.
სოხუმის ქალაქისთავს, სამსონ დავანაძეს, ბოლშევიკების სამხედრო გემის მოახლოების ამბავი ბინაზე მიუტანეს დილაადრიანადვე. ჯერ კიდევ ლოგინში იწვა. "შმიდტისა" და "კუზმა მრისხანის" გაგონებაზე შეფეთებული ადგა. მოულოდნელობისა და აჩქარებისაგან ძლივს მოასწრო ტანთ ჩაცმა და პირდაუბანელმა ქალაქის საბჭოს მიაშურა.
მაღალი კაცი იყო, ზორბა, წითური წვერი მკერდზე დაჰფენოდა. ქშენით მოალაჯებდა, თან ზღვისკენ იცქირებოდა.
- აბა, მაჩვენეთ, სად არის?
თბილი დღე იყო და მზიანი, - იშვიათი ამ მზითა და სითბოთი განებივრებულ მხარისათვისაც ზამთარში. დაწყნარებული ზღვის მოალერსე, მშვიდი კამკამი დაუჯერებელს ხდიდა ხმად დარხეულ ამბავს.
ჰორიზონტი ნათელი იყო. დავანაძის თვალებმა საეჭვო ნიშანიც კი ვერ შენიშნეს ნაპირიდან დაწყებული ზღვის შორეულ კიდურამდე. "შიშისაგან თუ მოეჩვენათ", - ფიქრობდა ქალაქისთავი და ბრაზი მოსდიოდა სოხუმელებზე. გულში ედვა, თუ განგაში ტყუილი აღმოჩნდებოდა, სასტიკად დაეტუქსა, ვინც ჭორს ავრცელებდა და ხალხში შფოთს იწვევდა. თვითონ თავი ძველ რევოლუციონერად მოჰქონდა და ბოლშევიკების არ ეშინოდა, - მეფის დროს ციმბირში იყო გადასახლებული რევოლუციონერობისათვის.
ქალაქის საბჭოს წინ მოქალაქეებს კარგა ბლომად მოეყარათ თავი. ესენი მეტწილად სოხუმის მესაკუთრენი იყვნენ. აღელვება ეტყობოდათ. ორი-სამი ბინოკლითაც შეიარაღებულიყო.
- კი მაგრამ, რატომ დაიჯერეთ ასეთი ჭორი? საიდან სადაო? - თავს წაადგა მათ სამსონ დავანაძე, - ბოლშევიკების გემს ჩვენთან რა საქმე აქვს! მოქალაქენი გარს შემოეხვივნენ. ცნობა დაუდასტურეს.
- ნამდვილზე ნამდვილია. ჩვენი თვალით დავინახეთ, გაგრიდან ჩამოსულებიც ამბობენ, ის არისო. გემი რაღაც საეჭვოდ მიმოდის ზღვაში და ეს უნდა იცოდეთო.
- ახირებულია, თქვენმა მზემ. გემი იმისათვის არის გემი, რომ ზღვაში მიმოდიოდეს. მაშ ხმელეთზე ხომ ვერ ივლის, - აიმრიზა ქალაქისთავი, მოქალაქეებს შიში არაფრად ჩაუგდო და თავისი მოჭრილი პასუხით კმაყოფილმა საბჭოს შენობაში შესვლა დააპირა.
ამ დროს ვიღაცამ წამოიძახა:
- აი, აი, ისევ გამოჩნდა! აი, ის არის!
ქალაქისთავი ფიცხლად შემოტრიალდა და აზრმიუცემლად იკითხა:
- აბა, სად არის?
ერთმა მოქალაქემ ხელში ბინოკლი შეაჩეჩა.
დავანაძემ წვერი დაიფერთხა, კისერი წაიგრძელა და ბინოკლით შეიარაღებული თვალები ზღვას დაუმიზნა.
- სწორია, რომ გემია... სამხედროსაც ჰგავს... მაგრამ რატომ არის მაინცდამაინც "შმიდტი", ეს ვერ გამიგია, - თქვა მან, როცა ზღვის სივრცე შეათვალიერა, მაგრამ ხმაში წინანდელი რიხი და სითამამე აღარ ეტყობოდა. ჩანდა, რომ თავადაც ეჭვი აღძვროდა.
- მოგეხსენება, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო, - ყურში ჩასჩურჩულა მას ბინოკლის პატრონმა, სოხუმში კარგად ცნობილმა ვაჭარმა რაჟდენ თორიამ, რომელიც "შმიდტის" მოახლოებას ყველაზე უფრო შეეშინებინა, - კარგი იქნება, თუ გაგრას გამოიძახებთ და ამბავს ჰკითხავთ. დაგვიანება არ ვარგა, თუ "ისინი" არიან მართლა, დროზე უნდა შევემზადოთ.
ეს რჩევა ქალაქისთავს ჭკუაში დაუჯდა, საბჭოში შეიჭრა და ტელეფონს მიაშურა.
გაგრის პასუხი ასეთი იყო:
- ეს მესამე დღეა, კრეისერ "შმიდტს" შორიახლო ვამჩნევთ. გუშინ საღამოს თვალთაგან დაგვეკარგა. ამბობენ, ამ მხარეს ამისათვის დადის, რომ დამარცხებულ თეთრგვარდიელებს გზა გადაუჭრასო. ნამდვილად კი არავინ იცის, სახელდობრ, რა საომარი ამოცანა აქვს დასახული... ჩვენი დაკვირვებით თქვენკენ წამოვიდა. შეიძლება, გეწვიოთ, მზად იყავით.
სამსონ დავანაძისათვის ახლა აშკარა შეიქნა, რომ ბინოკლში თვალმოკრული გემი უთუოდ "შმიდტი" იყო და მას მართლა ყოველ საათს შეეძლო, სოხუმს სტუმრებოდა.
სერიოზულად დაფიქრდა. მის წინაშე მთელი თავისი პირდაპირობით და აუცილებლობით დადგა საკითხი, როგორ მოქცეულიყო იმ შემთხვევაში, თუ კრეისერი სოხუმის ნავსადგურში შემოვიდოდა და ქალაქს რაიმე მოთხოვნილებას წამოუყენებდა.
ადვილი არ იყო ამ საკითხის გადაჭრა.
დავანაძეს იგი პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხად ეჩვენებოდა. მით უმეტეს, რომ პოლიტიკური ურთიერთობა მეტად დაჭიმული იყო ამხანად. ეჭვი არ იყო, ქალაქისთავის საქციელს ამ შემთხვევაში სათანადოდ შეაფასებდნენ და შედეგისათვის პასუხისმგებლობას მასვე თავს დაატეხდნენ.
- თუ მოყვრულად დავხვდი, შენი მტერია, ბოლშევიკობას შემწამებენ. თუ მტრულად - გაბედე, თუ ვაჟკაცი ხარ: ნავი კი არ არის, კრეისერია ნამდვილი, მერე ისიც ბოლშევიკების. რისი იმედით? ის კუზმა-მრისხანეც უთუოდ ტყუილად არ ატარებს თავის მეტსახელს. საგონებელში ჩავარდა ქალაქისთავი.
პირველი ნაბიჯი, რომელიც მან გადადგა ყოველნაირი პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად, ეს იყო თბილისში საიდუმლო დეპეშის გაგზავნა: ასეა საქმე და როგორ მოვიქცეთო, მაგრამ ეს იყო უფრო ფორმალობის დაცვა მისი მხრით. კარგად იცოდა, რომ დროზე არავინ უპასუხებდა, და თუ მიიღებდა მაინც რაიმე პასუხს, იგი სახელმძღვანელოდ უთუოდ არ გამოადგებოდა.
მეორე ნაბიჯი კი ნამდვილ გამოსავალს წარმოადგენდა შექმნილი მდგომარეობიდან. ამავე დროს იგი სამსონ დავანაძის ჭკუამახვილობისა და ალღოს მაჩვენებელიც იყო.
მას სწორედ დეპეშის შედგენის დროს მოაგონდა, რომ სოხუმშიაც არსებობდა მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭო, რომლის თავმჯდომარედ დავანაძის კარგი მეგობარი ნარიქ ეშბა ითვლებოდა. ესეც ძველი რევოლუციონერი, ნაციმბირალი და სხვა მრავალი ღირსებით შემკული კაცი იყო.
რევოლუციის შემდეგ ფართო საზოგადოებრივი მუშაობის ასპარეზზე გამოსულ აფხაზთა შორის იგი ყველაზე უფრო წინდახედული, ჭკვიანი და მოქმედი იყო. სხვათა შორის, მას არსებული მთავრობის საწინააღმდეგო განწყობილებას სწამებდნენ, რუსეთის მომხრედ თვლიდნენ, მაგრამ ეს უფრო ჭორის სახით იყო გავრცელებული, მითქმა-მოთქმის ფარგლებიდან არ გამოდიოდა და ხელს არ უშლიდა ეშბას თვალსაჩინო და საპასუხისმგებლო თანამდებობა ჰქონოდა.
მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭო, რომელსაც ნარიქ ეშბა თავმჯდომარეობდა, ამჟამად თითქმის არ მოქმედებდა, - მიყუჩებულივით იყო, მაგრამ ეს არ იყო ეშბას ბრალი. ბოლო დროს ამ ორგანიზაციის მოვალეობას ისღა შეადგენდა, რომ დროგამოშვებით, როცა მდგომარეობა გართულდებოდა, მომენტის შესაფერის რეზოლუციას მიაღებინებდნენ და გაზეთებში გამოაცხადებდნენ. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ამ ორგანიზაციას ჯერ კიდევ ჰქონდა შერჩენილი რევოლუციური ავტორიტეტი და მისი გვერდის ავლა არ შეიძლებოდა.
- ევრიკა! - წამოიძახა დავანაძემ და წვერის დაფერთხით თავის თავს მიხვედრა მოუწონა. მის წინაშე მოქმედების მთელი გეგმა გადაიშალა: როგორც თვით მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა დეპუტატების ადგილობრივი საბჭო, ისე მისი თავმჯდომარე ქალაქისთავს ახლა იმ სახით წარმოუდგნენ, თითქოს ისინი თავიდანვე ამქვეყნად იმიტომ ყოფილიყვნენ გაჩენილები, რომ ამ დილას უცაბედად შექმნილი მდგომარეობისათვის მოევლოთ და ეპატრონათ.
- აი, ნამდვილი რევოლუციური ორგანო. მე რა შუაში ვარ, მართალი რომ ვთქვათ. ნურავის დაავიწყდება, რომ ამ რევოლუციური ორგანოს ოფიციალური სახელწოდება შეიცავს არა მხოლოდ "მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა დეპუტატებს", არამედ "მეზღვაურთა" დეპუტატებსაც, რასაც ხშირად შემოკლებისათვის არ ხმარობენ, მაგრამ ყოველთვის გულისხმობენ... დიახ და, აი, ახლა მეზღვაურები მოდიან. კეთილი ინებეთ, მუშათა, გლეხთა, ჯარისკაცთა და მეზღვაურთა დეპუტატებო, დახვდით ამხანაგებს და შესაფერისი მასპინძლობა გაუწიეთ. მორჩა და გათავდა. მაშინვე აფრინა შიკრიკი ნარიქ ეშბასთან და საბჭოში დაიბარა.
ეშბამ გულდასმით მოისმინა სამსონ დავანაძის წინადადება. რა თქმა უნდა, მაშინვე მიხვდა ქალაქისთავის განზრახვას. ცოტა ხანს დაფიქრდა და შემდეგ ასეთი მეგობრული პასუხი გასცა:
- პასუხისმგებლობას ან შენ რატომ იკისრებ, ძვირფასო სამსონ, ან რატომ გინდა, რომ მე მაკისრებინო მაინცდამაინც. ხომ იცი, რა მდგომარეობაა. თუ პასუხისმგებლობამდე მივიდა საქმე, სჯობია, მისი ტვირთი ისე განაწილდეს, ყოველი შემთხვევისათვის, რომ ბრალი ყველას და ამავე დროს არავის არ დაედოს...
ჩემის აზრით, ასე უნდა მოვიქცეთ: მოვიწვიოთ ქალაქის საბჭოს და მუშათა, გლეხთა, ჯარისკაცთა და მეზღვაურთა დეპუტატების საბჭოს პრეზიდიუმების სასწრაფო გაერთიანებული სხდომა პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების თანდასწრებით და იქ დავსვათ ეს საკითხი.
შეიძლება, გავლენიანი მოქალაქეებიც მოვიწვიოთ, როგორც დაინტერესებული ხალხი. დეე, ამათ გადაწყვიტონ, თუ რა სახით უნდა დახვდეს ქალაქი სოხუმი ბოლშევიკების სამხედრო გემს. ასეთია ჩემი რჩევა და შენ, როგორც გინდოდეს, ისე მოიქეცი.
ძალიან მოეწონა ეს აზრი ქალაქისთავს, შურითაც კი აივსო მისი ავტორისადმი, რომ მან ასე უცბად ასეთი მოხერხებული გამოსავალი პოვა.
"აფხაზები ბუნებით დიპლომატები არიან, კიდევ მაჯობა, მგონია, ჭკუაში", - გაიფიქრა თავისთვის, მაგრამ რაკი რჩევა ძალიან მოეწონა, ჯობნა არ სწყენია. საქმეს ფიცხლად შეუდგა. მთელი აპარატი ფეხზე დააყენა.