prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ჰაკი აძბა — თავი VII

ლეო ქიაჩელი · პროზა

– VII –

უჯუშ ემხას სისხლიანი ეპიზოდებით აღსავსე ცხოვრებაში პირველი შემთხვევა იყო, როცა მას მტერთან სამკვდრო-სასიცოცხლო შებმა მოუხდა ისე, რომ თავისი ერთგული ძიძიშვილი ჰაკი აძბა გვერდით არ ჰყავდა.

ამიტომ ეგონა, თითქოს ეს ყოფილიყო იმის მიზეზი, რომ გულში გადარჩენის მტკიცე რწმენა არ ჰქონდა და ის იმედი აღარ ამხნევებდა, უარეს მდგომარეობაშიც რომ ლომის ძალას და ვეფხის შეუპოვრობას მატებდა.

ეზოებიდან ეზოებში ქარივით გადადიოდა. ქუჩებს ირმის ნახტომებივით გადარბოდა და თან ჰაკის უკიოდა ხან ხმამაღლა, ხან კიდევ ჩუმად, თავისთვის: - ჰაკი! ა, ჰაკი! სად ხარ, ჰაკი?

სიკვდილზე უფრო მწარე იყო უიმედობის გრძნობა.

შიში კი არ იყო, სულს რომ ასე უფორიაქებდა, და მის ცნობიერებას სიკვდილის შავ სახეს ალანდებდა. შიშზე სიხარულით გასცვლიდა მას, რომ შესძლებოდა. ეს იყო გაგრძელება იმ საკვირველი წინათგრძნობისა, რომელიც ჯერ კიდევ დილით, სასტუმროში, კრეისერ "შმიდტის" გამოჩენამდე, სიზმრად საშინელი სიკვდილით დაემუქრა მას და შეუვალი ბედისწერის სახით მის შეგნებაში შეიჭრა, როგორც გარდაუვალი ნებისყოფა მის გარეშე მოქმედი შეუცნობელი ძალისა.

მალე თავის ეზოს მიუახლოვდა. ჭიშკართან შედგა და სახლიდან ლილი გამოიხმო.

საყვარელი ძმის ხმის გაგონების უმალვე ლილი ჭიშკართან გაჩნდა გახარებული. შეხედა თუ არა უჯუშს, გაკვირვებისაგან სახე მოექცა, შიშით შეჰკივლა: - უჯუშ, შენი ჭირიმე, რა მოგივიდა?

უჯუშმა მხოლოდ ახლა შეამჩნია, რომ რევოლვერი ხელში ეჭირა და ისე ქშინავდა, თითქოს მკერდიდან ხანძრის ალი ამოსდისო. - ჰაკი სად არის? ჩქარა მითხარი!

- თავის ბიძასთან, კაცთან გადავიდა დილიდანვე. თქვი, რა მოხდა, უჯუშ?

- რუსის მეზღვაურები შემომაკვდნენ. დედას უთხარი: რაც მოხდა, მოხდა, წერა არის-თქვა. მდევრები მოვლენ. თოუხან მარშანს შეატყობინე, ჰაკისთან მნახოს. სხვასთან სიტყვა არ დასძრა.

მობრუნდა, ორი ნაბიჯი ხტომით გადადგა.

- მშვიდობით, ლილი! - გულზე მოიწყვიტა და დას ერთხელ კიდევ შემოხედა შეუჩერებლად. მერე უცბად ისე მიიმალა, რომ ლილიმ ძლივს შეასწრო ცრემლმორეული თვალები.

* * * * * * *

უჯუშ ემხას ძიძიშვილმა, ჰაკი აძბამ, ბოლშევიკების გემის შემოსვლისა და მიტინგის გამართვის ამბავი მხოლოდ ბიძამისისას გაიგო. თვითონ ბიძა, კაც აძბა, სოხუმში ცნობილი დალალი, შინ არ დახვდა. მისმა დედაკაცმა უთხრა: - ყველამ გაიგო და შენ რად არ იცი, ჰაკი, რომ ბოლშევიკები შემოსულან და დიდი მიტინგია ქალაქში. ბიძაშენიც იქ წავიდა. საოცარ ამბებს მოელიან. - ჰაიტ, უჯუშ რომ მარტოა! ახლავე უნდა წავიდე, მოვნახო, - წამოიძახა ჰაკიმ ბოლშევიკების გაგონებაზე.

სიტყვა ბოლშევიკი როგორც მისი გაზრდილისათვის, ისე მისთვისაც თავისთავად უდიდეს საფრთხეს წარმოადგენდა. ასეთი წარმოდგენა ბოლშევიკებზე ჰაკის უჯუშის წყალობით და ზეგავლენით ჰქონდა შეთვისებული. მით უმეტეს, რომ ემხასთან ერთად გამოევლო რუსეთის სამოქალაქო ომის საშინელება. ბიძისას აღარ დაუყოვნებია, მაშინვე ნავსადგურისაკენ გასწია.

ავსტრიის ფრონტზე შეძენილი საყვარელი კარაბინი ხმალივით ეკიდა გვერდზე, კონდახით იღლიაში შეჩრილი. წელზე პატარა ზომის ხანჯალი ერტყა და მოგრძო, მაგრამ მცირე ყალიბის სმიტისა და ვესონის სისტემის რევოლვერი, სირმით მოქარგულ კოხტა ბუდეში ჩამჯდარი. ამ სამ იარაღს ჰაკი არასოდეს არ იშორებდა.

ის იყო წლოვანებით უჯუშ ემხას ტოლი. აფხაზი გლეხი, რომელსაც მთელი აფხაზეთი იცნობდა როგორც ემხას ძიძიშვილს და მის განუყრელ მხლებელს. მორჩილი ტანის კაცი იყო, ხმელი, მაგრამ ნაკვთიანი, სწორად სხმული, - მარდი და მოქნილი, როგორც გარეული შავი კატა.

თმაგადაპარსული თავი ზაფხულ-ზამთარ შიშველი დაჰქონდა, ყაბალახი მუდამ ცალ მხარზე ჰქონდა გადაგდებული. კუპრივით შავი წვერ-ულვაში თითქმის მთელ სახეს უფარავდა. შავი წარბები გაშლილი ფრთებივით თვალებზე ჩამოსწოლოდა. ლაპარაკის დროს ისინი მორიგეობით ეზნიქებოდა და მორიგეობითვე აჩენდნენ ბუდეებში ღრმად ჩამსხდარ პატარა თვალებს, რომლებიც საგნებს ისარივით ერჭობოდნენ.

კაცის სახლიდან წამოსულმა ჰაკიმ უჯუში ყველგან მოიკითხა, სადაც კი ეგულებოდა. სასტუმროში უთხრეს: წუხელ აქ იყო და ამ დილას წავიდაო. დაუსახელეს ვისთანაც იყო. ჰაკი მიტინგზე გამოცხადდა. ჩვეულებისამებრ, ხალხისაგან თავი შორს დაიჭირა. აქა-იქ ნაცნობებთან მივიდა და უჯუშის შესახებ ჰკითხა, მაგრამ კვალს ვერ მიაგნო.

ამ დროს გაისმა სწორედ რევოლვერის ხმაც და ის იყო მიტინგიც შეირყა. ჰაკიმ ყურთასმენა და თვალთახედვა გაიმახვილა. რაღაც წუხილი შეაფრინდა და უჯუშისათვის შიშმა გული მოფხაჭნა. ყოველ შემთხვევისათვის კარაბინი მოიმარჯვა და ტანში გაიმართა, მხარ-ბეჭი შექანებით შეისწორა.

როდესაც სამსონ დავანაძემ ყველას გასაგონად უჯუშ ემხას ამბვი გამოაცხადა, ჰაკიმ უცბად სასიკვდილოდ დაჭრილივით ამოიგმინა და თვალის დახამხამებაში თავის ადგილს მოსწყდა. ხალხის ტალღებს შორის გზა გაიკაფა შეუმჩნევლად და იქით გავარდა, საიდანაც რევოლვერების სროლა გაისმა.

ხალხისაგან სრულიად დაცარიელებული ხეივნის ბოლოში თვალი მოჰკრა მიწაზე გაშხლართულ ორ მეზღვაურს, ერთხელ კიდევ იყვირა შეკავებულად: - ჰააააჰაიტ! - რომელიც ნადირის უეცარი შეშინების ხმას ჰგავდა. წამით ნაბიჯი შეანელა. რამდენჯერმე შეავლო თვალი იქაურობას. იქნება სადმე უჯუში დაელანდა. მერე წარმოთქვა:

- წასულა...

თავში გაუელვა, უთუოდ ჩემთან წამოვიდოდაო და ფეხების აწყვეტით მახლობელ ქუჩაში შეუხვია.

ლილი ჯერ კიდევ ჭიშკართან იდგა, როცა ჰაკი გამოჩნდა. დაინახა თუ არა უჯუშის და, აძბამ შიშით შესძახა:

- სად არის? - ერთდროულად ხელის ქნევითაც ანიშნა, რას ეკითხებოდა.

ლილიმ უსიტყვოდ თითი იქითკენ გაიშვირა, საითკენაც უჯუში მიიმალა. ჰაკი არ შემდგარა.

სამიოდე ნახტომი და უჯუშს თვალი მოჰკრა. უჯუში მისკენ მოტრიალდა. ჰაკი მყისვე წინ დაუდგა. მაღლა შემართულ ორთავ წარბის ქვეშიდან შეხედა: ჯერ უსიტყვოდ შეეკითხა და მერე უსიტყვოდვე მთელი თანაგრძნობა დაანახვა თვალებით. უჯუშს გაუჭირდა ხმის ამოღება.

- იცოდე: თავს დამესხნენ, ჰაკი... - ძლივს წარმოთქვა ბოლოს.

- ვიცი... აქედან შორს ახლავე, შენი ჭირიმე! მთებია ახლა ჩვენი დამხსნელი! მომყევი!

კარაბინი ხელში ეჭირა. შავი სხივივით მოძრაობდა. გეზი კაც აძბას სახლისკენ დაიჭირა, სადაც ცხენები ეგულებოდა.

ემხა უცბად დამშვიდდა. გული საგულეს იგრძნო. მიჰყვა ძიძიშვილს.

მალე კაც აძბას სახლს დაუახლოვდნენ. უცებ უკნიდან ცხენების ფეხის ხმა მოესმათ და ყიჟინა, მერე განგაში და ათასი ხმის ახმაურება, რომელიც ალყასავით გარს შემოერტყათ.

ჰაკი შედგა. მიმოიხედა და მიაყურა. ზღვის ნაპირიდან დაძრული ხალხის ტალღა უკვე მოსდებოდა ქუჩებს. ჰაკიმ დაინახა მისი აყრილი ქოჩორი. - ვაჰაჰაი, დავიგვიანეთ!

კაც აძბას ეზოში შევარდნენ. თავლას გაუპირისპირდნენ.

როცა კაცის ცოლმა მის ეზოში შემოჭრილი იარაღმომარჯვებული ჰაკი და მასთან უჯუშ ემხა დაინახა, შიშმა მუხლები მოკვეთა და შეჰკივლა, ეს რა ამბავიაო. ჰაკიმ ერთი ხელი პირზე მიიდო, მეორეთი კი კარაბინი დაუქნია და უსასტიკესად გამაფრთხილებელი ნიშნებით უბრძანა ხმა ჩაეკმინდა და სახლში შესულიყო, არავის დანახვებოდა.

მერე კაცის თავლაში თავი შერგეს და კარი მოიხურეს. გაინაბნენ.

ემხას შესაპყრობლად მისი სახლისაკენ დაძრული ხალხის ყიჟინა უცებ იმ მიდამოს ზღვის რისხვიანი გუგუნივით მოედო და ერთ წამში მთელი უბანი ხალხით აივსო.

ახლა იმაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო, რომ უჯუში და ჰაკი ცხენებით ქალაქიდან შეუმჩნევლად გასვლას შესძლებდნენ. სხვა გზა და სხვა საშუალება უნდა გამონახულიყო. მანამდე ბრძოლისათვის შეემზადნენ: თავლის კარი დაჯორგეს შიგნიდან და შერჩეულ ჭუჭრუტანებს მოუსხდნენ იარაღით: ჰაკი თავისი კარაბინით, ემხა - რევოლვერით.

რასაკვირველია, ცოცხლად თავის დანებება ფიქრადაც არ მოსდიოდათ. მაგრამ ჰაკი აძბას თავი სხვა მიმართულებითაც მუშაობდა. იგი სულ იმაზე ფიქრობდა, როგორ დაეღწია თავი ამ თავლისათვის, რომელიც საიმედო თავშესაფრად არ მიაჩნდა. ყველაზე უფრო მოხერხებულად ეჩვენებოდა ტანსაცმლის გამოცვლა და ამ სახით ბრბოში გარევა. ჭკუასთან ძალიან ახლოს იყო, რომ დაფლეთილი სამოსელი მათ გარეგნობას შეუცვლიდა და შეუმჩნევლად გაიყვანდა ქალაქიდან.

უჯუშ ემხა კი იმედს თავის გავლენიან ნათესავებზე ამყარებდა, ნამეტურ კი ასეთ შემთხვევებში დიდად მოხერხებულ დეიდაშვილზე, თოუხან მარშანზე, რომელიც დის პირით ჰყავდა დაბარებული.

მალე ზღვის ნაპირიდან ხალხის ტალღას აქეთკენ გამოყოლილმა კაც აძბამაც შემოუხვია თავისი სახლისკენ. როცა ჰაკიმ თავის ჭუჭრუტანიდან იგი ეზოში შემოსული დაინახა, იმედი შეემატა, მაშინვე დაუსტვინა. მაგრამ საერთო ხმაურობაში, რომელსაც ამ უბანში ახლა ხალხის დენა ქმნიდა, ბიძის ყურადღება ვერ მიიპყრო. კაც გამალებული ნაბიჯით სახლში შევიდა. ცოლმა ქმარს ჰაკისა და უჯუშ ემხას თავლაში ყოფნის ამბავი დაახვედრა. ტყვიასავით მოხვდა ეს ამბავი ოჯახის პატრონს.

- ჰაკიმ ასე როგორ გამწირა, რას მერჩოდა? - თქვა და შიშის ზარი დაეცა. ფერი ეცვალა. გამოვარდა სახლიდან და თავლას მიაშურა.

ჰაკის თვალებს ჭუჭრუტანიდანაც შეუმჩნევლად არ დარჩა ბიძამისის ძალზე შეშინებული სახე. ამიტომ როგორც კი იგი თავლის კარს დაუახლოვდა, მიაძახა: - კაც, ნე გეშინია, შენ არ გაგხდით ჩვენი ჭირის ზიარს. ყური დამიგდე: დაბრუნდი ახლავე უკან და რაც შინ ძველი, გამონაცვალი ტანსაცმელი მოგეპოვება, შეჰკარი და აქ მომიტანე. მაშინ ჩვენ წავალთ და შენს თავლასაც არა დაუშავდება რა.

- თავლას თქვენი ჭირი წაუღია, ჰაკი, ოღონდ...

დაიწყო ხმის კანკალით კაციმ, მაგრამ ახლა თვითონ უჯუში ჩაერია მათ გასაუბრებაში.

- კაც, თავი შევაფარე შენს ჭერს, მაგრამ შენ ეს არ იცოდი და ვითომ არც ახლა იცი... ნუ გაუწყრები ჰაკის.

- ჩვენი გაზრდილი ხარ, უჯუშ, ვალდებული ვართ, შენს მაგიერ ჩვენ მოვკვდეთ ყველა... - უთხრა კაციმ და სახლისაკენ მოტრიალდა ჰაკის თხოვნის ასასრულებლად. უჯუშმა კვლავ მიაძახა:

- კაც, თოუხან მარშანი მყავს დაბარებული, რომ მოვიდეს, ენდევ, მომიყვანე.

კაც სახლში შეიჭრა ფიცხლად. ცოლის დახმარებით, რაც ძველი, გადაგდებული სამოსელი ჰქონდა - დაფლეთილი ჩოხა, ახალუხი, ყაბალახი, წუღები - მოაგროვა, ერთად შეჰკრა, იღლიაში მოიგდო და ის იყო ჰაკისთან უნდა წაეღო, რომ მოულოდნელად სახლში სამმა კაცმა შემოაბიჯა.

ესენი იყვნენ თოუხან მარშანი და უჯუშის ორი მოგვარეთაგანი - ემხები. - კაც, უჯუში უნდა გვაჩვენო, - მიმართა კაცს სირმით მოხატულ, ყავისფერ მოკლე ჩოხით გამოწყობილმა მარშანმა და თავზე წაადგა. ორივე ხელი სატევარის ტარზე შემოეჭდო.

ღელავდა. კეხიანი, კაუჭა ცხვირი ძლივს ატარებდა მოხშირებულ სუნთქვას, რომელიც ოდნავი სისინით ამოუდიოდა. სამასრეზე და სამაჯურად მორგებული სახელოების წინა ტოტებზე შაგრენის მუქ-მოყვითალო ტყავი ჰქონდა დაკერებული.

- უჯუში თვითონ მოელის თოუხან მარშანს, - უპასუხა კაციმ და თოუხანის ორ მხლებელს საეჭვოდ გადახედა.

- ჩვენებია, - დაამშვიდა მარშანმა, - გაგვიძეხ!

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ლეო ქიაჩელი.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.