prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ჰაკი აძბა — თავი IX

ლეო ქიაჩელი · პროზა

– IX –

საღამო მოახლოებულიყო, როცა სამსონ დავანაძემ და ნარიქ ეშბამ ნავში ჩასვეს უჯუშ ემხა მისი ძიძიშვილითურთ და უკანმოუხედავად კრეისერ "შმიდტისაკენ" გააქანეს.

აფხაზეთის ცვალებადი ამინდი უკვე შერყეულიყო და ზღვის მხარეს ავდრის მომასწავებელი ფოლადისფერი ღრუბლები შექუჩებულიყვნენ. ამდენ ხანს ზღვის მშვიდად მინაბულ ზედაპირს ქოჩორი აეყარა. შორეული სივრცეებიდან შხუილიანი ყრუ ხმაური მოდიოდა, რომელიც დროგამოშვებით სადღაც ჩაღმუილებით ჩაინთქებოდა.

ავდარი იყო მოსალოდნელი.

ოფიცერ ემხას გემზე გამოჩენამ "შმიდტის" მეზღვაურთა შორის დიდი აღელვება გამოიწვია. უჯუშ ემხა შეხვედრისთანავე იცნო ვასილ ხრიტანიუკის უვნებლად გადარჩენილმა ამხანაგმა.

- აი, ეს იყო, რომ გვესროდა, ამხანაგებო, ამ არამზადამ მოჰკლა ჩვენი ვასკა-პირატი. სიკვდილი მას! - იყვირა მან ემხასკენ თითის გაშვერით და თვალები სისხლით აევსო.

და უცებ ერთად შექუჩებული ათეული მეზღვაურის ბრაზმორეულმა ხმამ მეხივით იჭექა:

- ჰკა მაგათ! ზღვაში გადავუძახოთ ყველას, ამხანაგებო.

- აუსვით ხელი მაგ ბურჟუაზიის კერძებს: ყირამალა, ზღვაში, ამხანაგებო.

მუშტებმოღერებული მეზღვაურები ადგილიდან მოირღვნენ და სოხუმელებისაკენ მუქარით წამოვიდნენ. ათასნაირმა გინებამ ჰაერი შესძრა. - ამხანაგებო, შესდექით, - ვედრების ხმით იყვირეს დავანაძემ და ეშბამ.

- თქვენს უფროსთან ვართ მოსული. გვაცალეთ! - და უმალ განზე გადახტნენ, რომ მეზღვაურების იერიში აეშორებინათ.

ჰაკი აძბას სიკვდილის ფერმა გადაჰკრა. მოულოდნელად ხაფანგში გამომწყვდეული ნადირის თვალებით მიმოიხედა გარშემო. რა ნახა, რომ მდგომარეობიდან არავითარი გამოსავალი არ იყო, ტანი შეიმკვრივა, მკერდი გამოზნიქა და წინ წახტომით უჯუშს მთელი ტანით ფარივით აეფარა.

- მოგლიჯე ეპოლეტები მაგ არამზადას! - აირია ერთხელ კიდევ ერთმანეთში ხმები.

და ათეული დაკარწახებული ფოლადის მკლავი ემხას თავზე დატრიალდა.

ჰაკი ამ მკლავებსა და უჯუშს შუა მოექცა. საცეხველებივით მოქნეულ მუშტებს საოცარი სიმარდით ხან თავს უხვედრებდა, ხან მხრებს, მკლავებს, რომ უჯუშისათვის აეცილებინა და ეშვებივით გადმოყრილი კბილების ღრჭენით იღრინებოდა.

დაიზილა და დაიბეგვა. თავპირი გაუსისხლიანდა. მაინც არ დაცხრა.

მაშინ ერთმა გოლიათივით ახმახმა მეზღვაურმა გაოცებით შეხედა და წამოიყვირა:

- ეს კიდევ ვინ ეშმაკია, რომ სოლივით ჩაგვერჭო და ცემას არ გვანებებსო, - გაშალა მკლავები და ჰაკის მორჩილი ტანი ერთი მოსმით შებღუჯა, ბურთივით შეამრგვალა, აიტაცა და გემის ქიმის კიდურისაკენ გადასაგდებად გააქანა.

მაგრამ ამ დროს ბანზე კუზმა-მრისხანის ბრძანების ხმაც გაისმა: - დადექ! და ნაბიჯშეკრული მეზღვაურები ერთ ადგილზე გაქვავდნენ.

ჩოხაშემოგლეჯილი ემხა და ზღვაში გადასაგდებად გამზადებული ჰაკი აძბა სიკვდილს გადარჩნენ.

შიშით ზარდაცემული სამსონ დავანაძე და ნარიქ ეშბა კუზმას მივარდნენ. მფარველობა სთხოვეს.

გემზე სიჩუმე ჩამოვარდა.

ქანდაკებასავით, გულზე ხელებდაკრეფილი იდგა ემხა თავის ადგილზე. თვალები ძირს დაეხარა, ცოცხალის ფერი არ ედო. ფირფიტასავით თხელი ნესტოები ამხელდნენ მხოლოდ, რომ ის სუნთქავდა.

კუზმა-მრისხანეს თავისი ორივე სახე და სამივე თვალი მიეპყრო მისთვის.

სიჩუმე გრძელდებოდა.

გოლიათი მეზღვაურის მკლავების მარწუხებიდან განთავისუფლებულმა ჰაკი აძბამ მხოლოდ ახლა დაინახა, რომ უჯუშ ემხა ცოცხალი იდგა თავის ადგილზე. სიხარულის ნიშნად დაიღრიჭა, გადმოყრილი კბილები უფრო მეტად გამოაჩინა და გულშემზარავი ხრიალისებური ხმა გამოსცა.

ეს უთუოდ მისი გაღიმება იყო ახლა, უჯუშის დანახვით გამოწვეული, მაგრამ ნამდვილად სასიკვდილოდ დაკოდილი მხეცის დაღრინებას ჰგავდა მისი ახრიალებული სიხარული. მერე უცებ ფეხი მოინაცვლა, აიდგა და მეზღვაურთა რიგის გასწვრივ კუზმა-მრისხანის პირდაპირ თავის გაზრდილს ხელმეორედ მთელი ტანით წინიდან აეფარა.

კვლავ ტანი შეიმკვრივა და მიჩლუნგებული, უმეტყველო თვალები "შმიდტის" სამთვალიან უფროსს გაუსწორა.

შმიდტელებმა ძალაუნებური გაკვირვებით შეათვალიერეს უცნაური ადამიანი.

სამსონ დავანაძეს თავისი ზორბა ტანი გაეჭიმა, კისერი წაეგრძელებინა და თავი და ზედატანი კუზმასაკენ გადაეხარა. იგი დაბალი ხმით მოხსენებას უკეთებდა მას ოფიცერ ემხას და ჰაკი აძბას შესახებ, მერე, თითქოს სიტყვებს შორის შეაპარაო, ბექირბი ჩაჩბას განთავისუფლების დაპირებაც მოაგონა. - ნამდვილი დამნაშავე რომელია? - შეაწყვეტინა ქალაქისთავს კუზმამ.

- ამხანაგო უფროსო, ეს ოფიცერი იყო ნამდვილად, რომ გვესროდა, - მიმართა კუზმას მკვლელობის მოწმე მეზღვაურმა, სანამ დავანაძე წაბორძიკებულ ენას გაისწორებდა, - ეს ვიღაც კაცია თუ ეშმაკი იქ სულ არ ყოფილა.

- ჰეი, კაპიტან, - გაისმა უცებ ჰაკის აფხაზურ კილოზე წარმოთქმული რუსული, - მე მოვკალი შენი მეზღვაურები და ააჰა! - და ხელისგული დანის მაგივრად ყელთან გაისვ-გამოისვა, ვითომ ეს უთხრა: სამაგიეროდ თავს მოსაჭრელად გაძლევო, - მეტი რა გინდა? მაშინ კუზმა-მრისხანემ დავანაძეს გადახედა.

- იბრალებს თუ მართალია?

დავანაძემ თავი ჩაქინდრა რაღაც ორაზროვნად.

კუზმა ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ჰაკის.

ახლა ემხამაც დაარღვია თავისი დუმილი:

- ჭკუაზე არ არის. თავი დაანებეთ. გთხოვთ, დააბრუნოთ უკან. მე ვარ ის, ვისაც თქვენ მოითხოვდით.

კუზმამ თითი გააქნია უხმოდ ემხასკენ. მეზღვაურებს უბრძანა გემის ქვედა სართულში ჩაეყვანათ იგი და ჩაჩბას ადგილას დაემწყვდიათ, ხოლო უკანასკნელი გაეთავისუფლებინათ.

როცა უჯუშ ემხას მეზღვაურები ორივე მხრიდან ამოუდგნენ, ჰაკი აძბა კუზმას წინ ორთავ მუხლებზე მოწყვეტილად დაეცა, მკვლავები გულზე გადაიჯვარა და ვედრებით ამოიკვნესა:

- ჰეი, დიდო კაპიტან!

და თვალთაგან ცრემლი გადმოანთხია.

კუზმამ ერთ ხანს უცქირა ჰაკის. სახის მრისხანე გამომეტყველებაში წამით ზიზღი შეექსოვა, რომელიც მალე უნებლიე სიბრალულმა შესცვალა.

- შენ ხარ მონა, აფხაზო. კრეისერი "შმიდტის" სახელით განიჭებ თავისუფლებას, წადი და დაივიწყე შენი ბატონი.

ჰაკიმ კი კვლავ ვედრებით მიმართა:

- ერთი თხოვნა, დიდო კაპიტან: დამტოვე შენს გემზე, სხვა არაფერი მინდა. დამტოვე შენს გემზე. ჰოი, კაპიტან!

ეს იყო მაინც ვაჟკაცის ხმა, თუმცა ვედრების კილოს იგი გაესაწყლებინა და დაემსხვრია. პაუზის შემდეგ კუზმამ წარმოთქვა:

- დატოვეთ.

...არ გასულა ხანი მას შემდეგ, რაც სოხუმელები ბექირბი ჩაჩბათურთ გემიდან გაიკრიფნენ, რომ საყვირმა ფიცხელი განგაში ატეხა: ეს იყო ნიშანი ნავსადგურიდან დაუყოვნებლივ გასასვლელად შემზადებისა.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ლეო ქიაჩელი.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.