თავი IX
საღამო ახლოვდებოდა, როცა სამსონ დავანაძემ და ნარიქ ეშბამ ნავში ჩასვეს უჯუშ ემხა თავის ძიძიშვილთან ერთად. უკანმოუხედავად გააქანეს ისინი კრეისერ „შმიდტისკენ“.
აფხაზეთის ცვალებადი ამინდი უკვე გაუარესებულიყო. ზღვის მხარეს ქარიშხლის მომასწავებელი ფოლადისფერი ღრუბლები შეგროვებულიყვნენ. ამდენ ხანს მშვიდად მინაბულ ზღვის ზედაპირს ტალღები ასდიოდა. შორეული სივრცეებიდან შხუილიანი, ყრუ ხმაური მოდიოდა, რომელიც დროდადრო სადღაც ჩაღმუილებით ქრებოდა.
მოსალოდნელი იყო ქარიშხალი.
ოფიცერ ემხას გემზე გამოჩენამ „შმიდტის“ მეზღვაურთა შორის დიდი აღელვება გამოიწვია. უჯუშ ემხა შეხვედრისთანავე იცნო ვასილ ხრიტანიუკის უვნებლად გადარჩენილმა ამხანაგმა.
„აი, ეს იყო, ვინც გვესროდა, ამხანაგებო! ამ არამზადამ მოკლა ჩვენი ვასკა-პირატი. სიკვდილი მას!“ — იყვირა მან ემხასკენ თითის გაშვერით და თვალები სისხლით აევსო.
უცებ ერთად შეგროვებული ათეული მეზღვაურის გაბრაზებულმა ხმამ მეხივით იჭექა:
„დაარტყით მაგათ! ზღვაში გადავუძახოთ ყველას, ამხანაგებო!“
„ხელი აუსვით მაგ ბურჟუაზიის კერძებს: ყირამალა, ზღვაში, ამხანაგებო!“
მუშტებმოღერებული მეზღვაურები ადგილიდან დაიძრნენ და სოხუმელებისაკენ მუქარით წამოვიდნენ. ათასნაირმა გინებამ ჰაერი შეარყია. „ამხანაგებო, შეჩერდით!“ — ვედრების ხმით იყვირეს დავანაძემ და ეშბამ.
„თქვენს უფროსთან ვართ მოსული. გვაცალეთ!“ — და უმალ განზე გადახტნენ, რომ მეზღვაურების იერიში აეცილებინათ.
ჰაკი აძბას სიკვდილის ფერმა გადაჰკრა. მოულოდნელად ხაფანგში გამომწყვდეული ნადირის თვალებით მიმოიხედა გარშემო. როცა დაინახა, რომ მდგომარეობიდან არავითარი გამოსავალი არ იყო, ტანი შეკრა, მკერდი გამოზნიქა და წინ წახტომით უჯუშს მთელი ტანით ფარივით აეფარა.
„მოგლიჯეთ ეპოლეტები მაგ არამზადას!“ — აირია ერთხელ კიდევ ერთმანეთში ხმები.
ათეული დაკარწახებული, ფოლადივით მაგარი მკლავი ემხას თავზე დატრიალდა.
ჰაკი ამ მკლავებსა და უჯუშს შუა მოექცა. საცეხველებივით მოქნეულ მუშტებს საოცარი სისწრაფით ხან თავს უხვედრებდა, ხან მხრებს, მკლავებს, რომ უჯუშისთვის აეცილებინა. ეშვებივით გადმოყრილი კბილების ღრჭენით იღრინებოდა.
ის დაიზილა და დაიბეგვა. თავპირი გაუსისხლიანდა. მაინც არ დაცხრა.
მაშინ ერთმა გოლიათივით მაღალმა მეზღვაურმა გაოცებით შეხედა და წამოიყვირა:
„ეს კიდევ ვინ ეშმაკია, რომ სოლივით ჩაგვერჭო და ცემას არ გვანებებსო!“ — გაშალა მკლავები და ჰაკის მორჩილი ტანი ერთი მოსმით შებღუჯა, ბურთივით შეამრგვალა, აიტაცა და გემის ქიმის კიდურისაკენ გადასაგდებად გააქანა.
მაგრამ ამ დროს გემის გემბანზე კუზმა-მრისხანის ბრძანების ხმაც გაისმა: „დადექით!“ და ნაბიჯშეკრული მეზღვაურები ერთ ადგილზე გაქვავდნენ.
ჩოხაშემოგლეჯილი ემხა და ზღვაში გადასაგდებად გამზადებული ჰაკი აძბა სიკვდილს გადაურჩნენ.
შიშით შეძრწუნებული სამსონ დავანაძე და ნარიქ ეშბა კუზმას მივარდნენ. მფარველობა სთხოვეს.
გემზე სიჩუმე ჩამოვარდა.
ქანდაკებასავით, გულზე ხელებდაკრეფილი იდგა ემხა თავის ადგილზე. თვალები ძირს დაეხარა, ცოცხალის ფერი არ ედო. მხოლოდ ფირფიტასავით თხელი ნესტოები ამხელდნენ, რომ ის სუნთქავდა.
კუზმა-მრისხანეს თავისი ორივე სახე და სამივე თვალი მიეპყრო მისთვის.
სიჩუმე გრძელდებოდა.
გოლიათი მეზღვაურის მკლავების მარწუხებიდან განთავისუფლებულმა ჰაკი აძბამ მხოლოდ ახლა დაინახა, რომ უჯუშ ემხა ცოცხალი იდგა თავის ადგილზე. სიხარულის ნიშნად დაიღრიჭა, გადმოყრილი კბილები უფრო მეტად გამოაჩინა და გულშემზარავი ხრიალისებური ხმა გამოსცა.
ეს უთუოდ მისი გაღიმება იყო ახლა, უჯუშის დანახვით გამოწვეული, მაგრამ ნამდვილად სასიკვდილოდ დაჭრილი მხეცის ღრიალს ჰგავდა მისი ახრიალებული სიხარული. მერე უცებ ფეხი მოინაცვლა, წამოდგა და მეზღვაურთა რიგის გასწვრივ, კუზმა-მრისხანის პირდაპირ, თავის გაზრდილს ხელმეორედ მთელი ტანით წინიდან აეფარა.
კვლავ ტანი შეკრა და მიჩლუნგებული, უმეტყველო თვალები „შმიდტის“ სამთვალიან უფროსს გაუსწორა.
„შმიდტის“ მეზღვაურებმა ძალაუნებური გაკვირვებით შეათვალიერეს უცნაური ადამიანი.
სამსონ დავანაძეს თავისი დიდი ტანი გაეჭიმა, კისერი წაეგრძელებინა და თავი და ზედატანი კუზმასკენ გადაეხარა. იგი დაბალი ხმით მოხსენებას უკეთებდა მას ოფიცერ ემხას და ჰაკი აძბას შესახებ. მერე, თითქოს სიტყვებს შორის შეაპარაო, ბექირბი ჩაჩბას განთავისუფლების დაპირებაც მოაგონა. „ნამდვილი დამნაშავე რომელია?“ — შეაწყვეტინა ქალაქისთავს კუზმამ.
„ამხანაგო უფროსო, ეს ოფიცერი იყო ნამდვილად, ვინც გვესროდა,“ — მიმართა კუზმას მკვლელობის მოწმე მეზღვაურმა, სანამ დავანაძე წაბორძიკებულ ენას გაისწორებდა. — „ეს ვიღაც კაცია თუ ეშმაკი იქ სულ არ ყოფილა.“
„ჰეი, კაპიტან,“ — გაისმა უცებ ჰაკის აფხაზურ კილოზე წარმოთქმული რუსული. — „მე მოვკალი შენი მეზღვაურები და ააჰა!“ — და ხელისგული დანის მაგივრად ყელთან გაისვა-გამოისვა, ვითომ ეს უთხრა: „სამაგიეროდ თავს მოსაჭრელად გაძლევო,“ — „მეტი რა გინდა?“ მაშინ კუზმა-მრისხანემ დავანაძეს გადახედა.
„იბრალებს თუ მართალია?“
დავანაძემ თავი ჩაქინდრა რაღაც ორაზროვნად.
კუზმა ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ჰაკის.
ახლა ემხამაც დაარღვია თავისი დუმილი: „ჭკუაზე არ არის. თავი დაანებეთ. გთხოვთ, დააბრუნოთ უკან. მე ვარ ის, ვისაც თქვენ მოითხოვდით.“
კუზმამ თითი გააქნია უხმოდ ემხასკენ. მეზღვაურებს უბრძანა, გემის ქვედა სართულში ჩაეყვანათ იგი და ჩაჩბას ადგილას დაემწყვდიათ, ხოლო უკანასკნელი გაეთავისუფლებინათ.
როცა უჯუშ ემხას მეზღვაურები ორივე მხრიდან ამოუდგნენ, ჰაკი აძბა კუზმას წინ ორივე მუხლზე მოწყვეტილად დაეცა, მკლავები გულზე გადაიჯვარა და ვედრებით ამოიკვნესა:
„ჰეი, დიდო კაპიტან!“
და თვალებიდან ცრემლი გადმოანთხია.
კუზმამ ერთხანს უყურა ჰაკის. სახის მრისხანე გამომეტყველებაში წამით ზიზღი შეერია, რომელიც მალე უნებლიე სიბრალულმა შეცვალა.
„შენ ხარ მონა, აფხაზო. კრეისერ „შმიდტის“ სახელით განიჭებ თავისუფლებას. წადი და დაივიწყე შენი ბატონი.“
ჰაკიმ კი კვლავ ვედრებით მიმართა: „ერთი თხოვნა, დიდო კაპიტან: დამტოვე შენს გემზე, სხვა არაფერი მინდა. დამტოვე შენს გემზე. ჰოი, კაპიტან!“
ეს მაინც ვაჟკაცის ხმა იყო, თუმცა ვედრების კილოს იგი გაესაწყლებინა და დაემსხვრია. პაუზის შემდეგ კუზმამ თქვა:
„დატოვეთ.“
...არ გასულა დიდი ხანი მას შემდეგ, რაც სოხუმელები ბექირბი ჩაჩბასთან ერთად გემიდან გაიკრიფნენ, რომ საყვირმა სწრაფი განგაში ატეხა: ეს იყო ნიშანი ნავსადგურიდან დაუყოვნებლივ გასასვლელად მზადყოფნის შესახებ.