თავი V
– V –
მიუხედავად იმისა, რომ კუზმა-მრისხანე თვითონ ნაპირზე არ გამოვიდა და სოხუმელების მიერ მოწყობილ ზეიმს არ დაესწრო, მიტინგი მაინც დიდი აღფრთოვანებით ჩატარდა.
ქალაქს ოცზე მეტი მეზღვაური ეწვია. მწყობრად დალაგებულნი და მორთულ-მოკაზმულები, ნავებიდან გადმოსვლისთანავე პირდაპირ მიტინგზე გამოცხადდნენ. მხოლოდ ერთმა პატარა ჯგუფმა, „შმიდტის“ სამეურნეო ნაწილის გამგის მეთაურობით და ვასილ ხრიტანიუკის თანხლებით, მიტინგს გვერდი აუარა და ბაზრისკენ წავიდა. სამსონ დავანაძეს ამ ჯგუფისათვის ხელმძღვანელად რაჟდენ თორია მიეჩინა, რომელსაც ყველა ზომა უნდა მიეღო გემისათვის საჭირო საკვების დროულად მომზადების უზრუნველსაყოფად.
მიტინგზე გამოცხადებულ რაზმს დიდი ოვაციით შეხვდნენ.
სოხუმის მოქალაქეები, რაკი საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ „შმიდტის“ მეზღვაურებმა მათ შიში არ გაუმართლეს, რომ ყველას მეტად წესიერად ეჭირა თავი და ქალაქის დარბევას თუ სხვა ასეთი საშინელების ჩადენას არავინ ფიქრობდა, სიხარულისაგან ცას ეწეოდნენ. არ იცოდნენ, თავიანთი აღტაცება სტუმრებისათვის როგორ გამოეხატათ და მათდამი უცებ გაჩენილი სიყვარული რა სახით გამოეჩინათ. ყოველი მხრიდან ისმოდა: „გაუმარჯოს „შმიდტს“!“
„გაუმარჯოს ოქტომბრის რევოლუციას!“
„გაუმარჯოს სოციალიზმს!“
ყველა ცდილობდა რაზმთან ახლოს მისვლას. შორიდან ყურება უკვე არავის აკმაყოფილებდა. საჭიროდ მიაჩნდათ თითოეულისათვის ქება ეთქვათ, სახეში თავაზიანი ღიმილით შეეხედათ და ხელი მეგობრულად ჩამოერთმიათ.
რამდენიმე კაცი მეზღვაურებს შორის შესანიშნავი და ენამახვილი ორატორი აღმოჩნდა. მათ ისეთი ცეცხლოვანი სიტყვები წარმოთქვეს, რომ ადგილობრივი აგიტატორები სამუდამოდ დაჩრდილეს.
სანამ მიტინგზე ორატორი ორატორს ცვლიდა და მოსულთა და დამხვდურთა შორის დაძმობილებას საფუძველი ეყრებოდა, საკვების შესაძენად წასულ ჯგუფს სანაპირო უბანი გაევლო და ბაზარს უახლოვდებოდა. მხოლოდ ვასილ ხრიტანიუკი, ვასკა-პირატად წოდებული, ორი ამხანაგითურთ ამ ჯგუფს ჩამორჩენოდა. ისინი პალმების ხეივნის ერთ თავთან, მიტინგიდან არც ისე შორს, კუთხეში მიდგმულ ფარდულში შესულიყვნენ და ახალმოხალულ მზესუმზირას ჭამდნენ, თან ფარდულის პატრონ რუს ქალთან საუბარი გაებათ.
სწორედ ამ დროს, მოულოდნელად, ვასილ ხრიტანიუკმა ფარდულიდან ისეთ უცნაურობას მოჰკრა თვალი, რომ გაგიჟებულივით თვალები დააბრიალა და თავის მაღლა აწევით გასასვლელისკენ წავიდა. გარეთ გაიხედა.
„ლანდი ხომ არ არის? ფუი, ეშმაკს!“ – ჩუმად ჩაილაპარაკა და ტუჩებში გაჩხერილი მზესუმზირას მარცვალი გაუკვნეტელად პირიდან გადმოაგდო.
პალმების რიგის გასწვრივ, ქუჩის მხარეს უჯუშ ემხა მიდიოდა თავისი მეგობრების თანხლებით. სულ ხუთნი იყვნენ. მათი ფრთხილი, აჩქარებული ნაბიჯი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ მნახველს ნამდვილად მოეჩვენებოდა, თითქოს საშიში ადგილიდან ფარულად უსაფრთხო ადგილისკენ მიიჩქარიანო.
ხრიტანიუკის თვალებს სიბრაზის ალი შეუკიდეს მიმავალი ემხას ოფიცრის ეპოლეტებმა, რომლებიც მაღალსა და განიერ მხრებზე ისე უბრჭყვიალებდა, რომ შემოქცეული ზურგიც კი ვერ უშლიდა ვასკა-პირატს მათ დანახვას.
მეზღვაური მაინც თვალს არ უჯერებდა. ფარდულიდან გამოხტა და თითის ნიშნებით ამხანაგებიც გარეთ გამოიხმო. მიმავალი ოფიცერი დაანახვა.
„ა? ვითომ ნამდვილი თეთრგვარდიელი ოფიცერია?! თვალი ხომ არ მატყუებს.“
„კი... ყაზახთა ოფიცერს ჰგავს!“
მაშინ ვასილ ხრიტანიუკმა რევოლვერის ტარს ხელი მაგრად ჩასჭიდა და მიმავალთ დაედევნა. მას ამხანაგებიც მიჰყვნენ.
„ჰეი, გაჩერდი, ბატონო ოფიცერო!“ – შორიდანვე დაუყვირა ემხას ხრიტანიუკმა, სიტყვა „ბატონზე“ ხმის განსაკუთრებული აწევით.
ხუთივე ჩოხიანი ერთი კაცივით მოტრიალდა და დადგა. მეზღვაურები რომ დაინახეს, შეკრთნენ, ჩანდა, არ მოელოდნენ ასეთ შეხვედრას.
„თავდაჭერილად იყავი, უჯუშ, ალბათ, შენ გეძებენ!“ – დაბალ ხმაზე ჩაულაპარაკეს მეგობრებმა უჯუშ ემხას და უმალვე ჩამოსცილდნენ. ჯერ შორი-შორს დადგნენ და შემდეგ, როცა ვასილ ხრიტანიუკი ემხას მტკიცე ნაბიჯით დაუახლოვდა, პალმებს შორის დაიფანტნენ, უჩინარნი გახდნენ.
„მინდა გაგეცნოთ, ბატონო ოფიცერო! კრეისერ „შმიდტის“ მეზღვაური გახლავართ, ვასკა-პირატი. აბა, მითხარი, შენ ვინა ხარ?“ – მიახლოებისთანავე მიმართა გამომწვევი შეძახილით მეზღვაურმა უჯუშ ემხას და ცხვირის წინ დაუდგა ტანის რაღაც უცნაური დაჭიმვით, რაც შეუპოვარი ბრძოლისთვის მზადებას ნიშნავდა.
სიძულვილითა და ზიზღით ანთებული თვალები გახურებული შანთებივით თვალებში გაურჭო და რევოლვერზე დადებული ხელის დატატუირებულ შიშველ მკლავზე აგორებული რკინის კუნთები აათამაშა.
ემხა არ შენძრეულა. ხრიტანიუკის თვალებს გაუსწორა მზერა და გარეგანი სიმშვიდის შენარჩუნებით მეზღვაურის შემდეგ ნაბიჯებს ელოდებოდა უხმოდ, უსიტყვოდ.
ბრაზი მოერია ვასკა-პირატს. მოთმინება არ ეყო ოფიცრის ეპოლეტებისა და ოქროს ორდენისათვის კიდევ ეყურებინა.
„პასუხი სწრაფად, ვინ ხარ-მეთქი!“ – შეჰყვირა ერთხელ კიდევ და მარცხენა ხელი ემხას მარჯვენა მხარს ხმალივით შემოუქნია. კლანჭებად მომზადებული თითები ეპოლეტში ჩაასო და მოსაგლეჯად მოქაჩა.
იმავე წამს რევოლვერი გავარდა და განგმირული ვასილ ხრიტანიუკი მიწაზე ზურგზე გაიშხლართა უსულოდ.
ეს მოხდა ისე სწრაფად, ისე მოულოდნელად, რომ ხრიტანიუკის ამხანაგები ერთხანს ვერც კი მიხვდნენ, რა დატრიალდა მათ თვალწინ. და როცა იმათგან ერთ-ერთმა, წინ წამოსულმა, მტრის პირისპირ რევოლვერი ამოიღო, ემხას ტყვიამ ისიც უმალვე ძირს დასცა პირველის გვერდით.
მესამე მეზღვაურს კი დამიზნებული რევოლვერი ხელში შერჩენოდა უაზროდ: უჯუშ ემხა მის წინ უკვე აღარ იდგა. მოულოდნელობითა და წარმოუდგენელი საშინელებით დაბნეულმა მისმა თვალებმა ვერც კი დაინახეს, თუ როგორ გადახტა ოფიცერი უკან, ხეივნის ბუჩქებში დაიმალა, ქუჩა გადაჭრა და პირდაპირ რომელიღაც სახლის ეზოში გაუჩინარდა.
მაგრამ მეზღვაურმა თავისი რევოლვერი მაინც რამდენჯერმე დაცალა. მერე მიტინგის ადგილისკენ პირი იბრუნა და ყვირილით შესძახა: „აქეთ, ამხანაგებო! გვკლავენ, თავს გვესხმიან!“
რევოლვერის პირველი გასროლის ხმაზე მიტინგზე შეკრებილი ხალხი შეირხა. შემდეგ ყურადღებით მოისმინა, გაჩუმდა და გაიყინა. თითქოს მეორე გასროლის ხმა არც გაუგიაო, ისევ უძრავად და სუნთქვაშეკრული იდგა. მხოლოდ მეზღვაურის ყვირილმა გამოიყვანა უცებ ამ მდგომარეობიდან. ყველამ იგრძნო, რომ რაღაც დიდი უბედურება მოხდა.
„დაირაზმეთ! მხარი-მხარს, მეზღვაურებო!“ – გაისმა საერთო სიჩუმეში რაზმის უფროსი მეზღვაურის ბრძანება. ოცი კაცი თვალის დახამხამებაში გამოეყო დანარჩენ ხალხს, ერთმანეთს მხარში ამოუდგა და საომრად მოემზადა.
ხალხში ჯერ შეკავებული, ჩუმი ხმაური გაისმა, მერე ბრბო შეიკუმშა, ერთად მოგროვდა და მეზღვაურთა რაზმის პირდაპირ, ქუჩის მეორე მხარეს, დუქნებსა და სახლების კედლებს შეეფინა, როგორც შეშინებული ფარა.
მიტინგის დაცარიელებულ ადგილას რამდენიმე კაცი დარჩენილიყო, რომლებმაც არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ ან საით წასულიყვნენ. მათ შორის სამსონ დავანაძის დიდი ტანი გამოირჩეოდა მკერდზე დაფენილი წვერით.
ის ქუდმოხდილი იდგა ერთ ადგილას და თავისთვის გაუგებარ რაღაცას ბუტბუტებდა. მოჩვენებას ჰგავდა. მის გვერდით ნარიქ ეშბას ფართოდ გაშლილი მარჯვენა ხელი ჰაერში აემართა. ამ ხელით ის ხან მეზღვაურებს აფრთხილებდა, რომ დაეცადათ და არაფერი გაეკეთებინათ, ხან კი ხალხს რაღაც გაურკვეველ ნიშანს აძლევდა, რომლის შინაარსი ალბათ მისთვისაც გაუგებარი იყო.
ამასობაში ვასილ ხრიტანიუკის უვნებლად დარჩენილი ამხანაგებიც გამოჩნდნენ. ისინი შემზარავად ღრიალებდნენ და ამხანაგებს მტრის წინააღმდეგ სამოქმედოდ მოუწოდებდნენ.
რაზმის უფროსმა მეზღვაური თავისთან მოიხმო და ამბავი დაწვრილებით გამოჰკითხა. მისი ხმამაღალი, ქოშინით ნაამბობი სამსონ დავანაძის ყურებმა ზედმიწევნით მოისმინეს. ნარიქ ეშბასაც არც ერთი სიტყვა არ გამორჩენია.
მეზღვაურებთან ერთად ამათაც შეიტყვეს, რომ ვიღაც თეთრგვარდიელი, ყაზახთა ოფიცერი, გიორგის ორდენის კავალერი სამ მეზღვაურს თავს დაესხა ქუჩაში და მოულოდნელად სროლა დაუწყო. ერთი მათგანი, ვასილი ხრიტანიუკი მოკლა, ხოლო მეორე დაჭრა და მიიმალა.
დავანაძისა და ეშბას ყურადღება განსაკუთრებულად მიიპყრეს რამდენჯერმე ნახსენებმა სიტყვებმა: „ყაზახთა ოფიცერი“, „გიორგის კავალერი“.
„უჯუშ ემხას დავუღუპივართ,“ – გაუელვა თავში ერთსაც და მეორესაც ერთდროულად. რადგან ამ ემხას გარდა სხვა ყაზახთა ოფიცერი და გიორგის ორდენის კავალერი მთელ ქალაქში არავინ ეგულებოდათ. მიხვედრა ერთმანეთს გაუზიარეს და დაუდასტურეს.
თითქოს საიდანღაც ახალი ძალა და ენერგია შეემატაო, ისე დატრიალდა ახლა სამსონ დავანაძე. რაკი გაიგო, რაც მოხდა, და ისიც შეიტყო, თუ ვინ იყო, მან უკვე იცოდა, როგორ უნდა ემოქმედა. ერთიორად გაიმართა მოედანზე. მილიციის უფროსი მოიხმო თავისი თანაშემწეებით და ყველას გასაგონად მკაცრი ბრძანება მისცა, ქალაქი ყველა მხრიდან გადაეკეტათ. არც ტყვია დაეზოგათ, არც ცეცხლი და არც მახვილი, ოღონდ ოფიცერი ემხა ეპოვნათ და ის ცოცხალი მოეგვარათ. მერე თავისი მგრგვინავი ხმის კიდევ უფრო ამაღლებით ხალხს მიუბრუნდა და რუსულად მიმართა, რათა მისი ყოველი სიტყვა მეზღვაურებსაც კარგად გაეგონათ:
„მოქალაქენო, ჩვენს ქალაქში ქურდულად შემოპარული ოფიცერი უჯუშ ემხაა ჩვენი დამღუპველი. იგი თავს დასხმია ჩვენს სტუმრებს ქუჩაში და საშინელი მკვლელობა ჩაუდენია. ემხა ჩვენი მკვლელიც არის, ამხანაგებო! შინ გვყოლია მტერი, მოღალატე და დროზე ვერ მივმხვდარვართ.
ჩვენი ხსნა საშინელი რისხვისგან, რომელიც უთუოდ დავიმსახურეთ, მხოლოდ ერთ რამეს შეუძლია: საკუთარი ხელით შევიპყრათ დამნაშავე და მივუყვანოთ მოკლულის ამხანაგებს დამსახურებული სასჯელის მისაღებად.
თუმცა მილიციას ნაბრძანები აქვს არაჩვეულებრივ, ჯერ კიდევ გაუგონარ ზომებს მიმართოს მტრის სამალავის აღმოსაჩენად, მაგრამ ეს არ კმარა. თითოეულმა თქვენგანმა ხელი უნდა გამოიღოს. აბა, ვინც ვარგა, ახლა გამოჩნდება. დაგვიანება სიკვდილს უდრის, იცოდეთ ყველამ.“
ეს თქვა და ხელისგულით შუბლზე სიმწრის ოფლი მოიწმინდა.