თავი XI
– XI –
„შმიდტი“ გაშლილ ზღვაში მშვიდობით შევიდა. უკან დატოვა ქარიშხლის მძვინვარე ნავარდისა და ტალღების აღვირახსნილი თარეშის ადგილი. აქ მხოლოდ მათი რისხვისა და მუქარის ხმა აღწევდა, როგორც ნადირის კვალს აცდენილი ლომის წყრომა და ბუხუნი, შორიდან მომავალი.
განთიადიც მოახლოებულიყო. აღმოსავლეთის შორეული კიდურით ამომავალი დღის წინამორბედი სინათლე ღამის წყვდიადის ძალებს ფრთხილად აკვირდებოდა, ჯერ კიდევ დახუჭული თვალებით იყურებოდა და თავისი ბასრი მახვილის ამოსაწვდენად ემზადებოდა.
კრეისერ „შმიდტს“ დევური ქშინვა შეენელებინა, დაჭიმული კუნთები მოეშვა და გამარჯვებულის ლაღი, თავმომწონე გამომეტყველებით წინ დინჯად მიიწევდა.
მეზღვაურები ისევ თავიანთ ადგილებზე იდგნენ. ერთხელ შემოღებული ერთმანეთის ცვლის წესით, უხმოდ, უსიტყვოდ მუშაობას და სიფხიზლეს განაგრძობდნენ. მხოლოდ დროდადრო მორიგის შეძახება მოულოდნელ გაფრთხილებასავით ჰაერში შეიჭრებოდა და რომელიმე კუთხეში სწრაფ გამოხმაურებას იწვევდა, როგორც გამოძახილის ხმას:
– არის! კუზმა კაპიტნის საგუშაგოდან ძირს ჩასულიყო გემის გაშლილ ბაქანზე. თავისი ადგილი ახლა მორიგე ბოცმანისთვის დაეთმო და ჩუმად კუთხიდან კუთხეში მიმოდიოდა ზურგს უკან ხელებშემოწყობილი.
უძინარ სახეს განთიადის ლურჯი ლანდები უსერავდნენ. მისი სახის უძრავი, ორთვალიანი ნახევრის ჭრილობას ახლა ათასი სხვა მიმატებოდა, ერთმანეთის წამდაუწუმად შემცვლელი.
კუზმა პირში ჩარჭობილ ჩიბუხის ტარს განუწყვეტლივ კბილებით ღრღნიდა. დროდადრო გემის ცხვირის მოაჯირთან ჩერდებოდა. თვალს აღმოსავლეთის ჰორიზონტს აპყრობდა, თითქოს განთიადის გასაშლელად გამზადებულ ფრთებს ზომავდაო. შემდეგ ისევ გემის გემბანის სიღრმეში ბრუნდებოდა. ეტყობოდა, რომ მოუთმენლად ელოდა რაღაცას. ფარულად ნერვიულობდა. აშკარა იყო, რომ განთიადს ელოდა.
უცებ გაჩერდა. ცას კიდევ ერთხელ შეხედა და შემდეგ რომელიღაც მეზღვაურის სახელი მოკლე, მკაცრი ხმით წამოიძახა.
მისკენ გამხდარი, მაღალი მეზღვაური წამოვიდა მხრებჩამოშვებული. გრძელ მკლავებს ჭოლოკივით აქნევდა. კუზმას წინ დადგა და მკლავები ფრთებივით შეიკეცა. კუზმამ თვალებში შეხედა და, სანამ რამეს ეტყოდა, კარგა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა.
„გადაეცი ამხანაგებს: დაკრძალვა მოხდება როგორც კი გათენდება. მოემზადეთ. რევოლუციური სამხედრო პატივით: სამი ზარბაზანი თითოჯერ ისვრის. გუნდმა სამჯერვე თოფი დაცალოს.“
„არის!“ – უპასუხა მეზღვაურმა.
კუზმა ერთხანს ისევ გაჩუმდა. მერე დაბალი ხმით განაგრძო:
„შენ გევალება: ხრიტანიუკის ცხედარს თეთრგვარდიელი ბანდიტი გამოაყოლე. გემის ცხვირთან დააყენე. როგორც კი სალუტის ხმა მიწყნარდება, მაშინვე დახვრიტე და ზღვაში გადააგდე.“
„არის!“ – წარმოთქვა მეზღვაურმა და მერე ყოყმანით დაამატა:
„ამხანაგო უფროსო, მიტკა გორბაჩი ითხოვს, ოფიცერი მე დამახვრეტინეთო.“ – „ეს ის არის, ხრიტანიუკს რომ ახლდა?“
„ის არის.“
„ჰო, დროზე არ გამახსენდა, ბრძანება გამეცა. გადაეცი, რომ ლაჩარი ვუწოდე... როგორც კი ნაპირს მივადგებით, სადაც უნდა იყოს, ჩვენს კრეისერს სამუდამოდ თავი დაუკრას. საბრძოლო მასალა შენ ჩამოართვი და ბრძანების შესრულებას თვალყური ადევნე.“
„არის!“ – უპასუხა მეზღვაურმა.
* * * * * * *
თენდებოდა.
„შმიდტის“ გემბანზე მეზღვაურთა გუნდი ორ რიგად იდგა, ერთმანეთის პირისპირ.
მძიმე სიჩუმე იდგა და უხმო გლოვა მოეცვა ყველას.
ზღვა მაინც გმინავდა. ტალღები დაუცხრომლად შხუოდნენ და კრეისერიც თავის გიგანტურ ქშინვას განაგრძობდა. მაგრამ გემის გემბანზე გამეფებული ადამიანთა სამგლოვიარო სიჩუმე მათგან მაინც ხელშეუხებელი რჩებოდა.
კუზმა-მრისხანე განცალკევებით იდგა გემის წინათავის მოაჯირთან. მარცხენა მხრით გუნდისკენ იყო მიბრუნებული. მისი სახის უძრავი ნახევრის ორივე თვალი მეზღვაურებისკენ იყო მიპყრობილი, თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე აკვირდებოდა.
მის მარჯვნივ, დაახლოებით ხუთი ნაბიჯის მოშორებით, ჰაკი აძბა იდგა. მანაც მეზღვაურებს მიბაძა და თავისი მორჩილი ტანი სამხედრო ყაიდაზე გაასწორა. ხელები ძირს დაეშვა. სახე ძალზე გაკვირვებული ჰქონდა. თვალებს გაუგებრად აქეთ-იქით აცეცებდა: ხან კუზმას შეხედავდა ფარული ცნობისმოყვარეობით, ხან მეზღვაურთა გუნდს გადახედავდა.
ჰაკიმ არ იცოდა, ეს დუმილიანი, საზეიმო განლაგება ასე დილაადრიან რას მოასწავებდა და საშინელი ეჭვი გულს უკაწრავდა. ნუთუ ეს უჯუშის სიკვდილის მოახლოებას ნიშნავს და კუზმამ ჩემს ცრემლებს ანგარიში არ გაუწიაო, – ფიქრობდა იგი. მაგრამ ეს არ სჯეროდა, რადგანაც კუზმას სახის მეორე, თანაგრძნობით აღსავსე მთელი ნახევარი მას ისევ მეგობრული, ყოვლისმიმტევებელი გამომეტყველებით შემოსცქეროდა და მშვიდობას უმოწმებდა.
გემის ქვედა სართულიდან ვიწრო კიბეზე უცებ ერთმა მეზღვაურმა ამოირბინა. ბოლო საფეხურზე შედგა და სწრაფად ისევ კიბისკენ იბრუნა პირი. მერე დაიხარა და ხელები რაღაც თეთრ შეკვრას შეაგება, რომელმაც ქვემოდან თავი ამოყო.
„გამოუშვი, მიჭირავს!“ – ჩასძახა ძირს მეზღვაურმა, შეკვრის წინა თავი მკლავებზე მოწიწებით დაისვენა და ზევით ამოიტანა.
ჰაკი აძბა მხოლოდ ახლა მიხვდა, თუ რას წარმოადგენდა ეს მოგრძო თეთრი შეკვრა და მეზღვაურთა მგლოვიარე განლაგებასაც თუ რა დანიშნულება ჰქონდა. მისთვის ცხადი გახდა, რომ ამხანაგები, მეზღვაურთა წესისამებრ, ზღვაში გადაგდებით კრძალავდნენ უჯუშ ემხას მიერ მოკლულ ვასილ ხრიტანიუკის თეთრი ტილოთი შეფუთულ ცხედარს.
ასეთი წესის არსებობა ჰაკის გაეგონა, მაგრამ არ ენახა კი.
შვება იგრძნო, რომ სხვა ეჭვი არ გამართლდა, მაგრამ თავისი მდგომარეობა მაინც არ დავიწყებია.
როგორც კი გემბანზე ხრიტანიუკის ცხედარი ამოასვენეს, მაშინვე გულამოსკვნით წამოიყვირა სლოკინით:
„ვაჰააჰაია... ვაჰაჰაია, ძმაო!“ და მუხლებზე დაეცა, მთელი ტანით ჩაიკეცა. თავით იატაკზე დაემხო და სახეზე ორივე ხელი აიფარა.
„ტირილი არ იქნება,“ – ჩაესმა ყურში კუზმას მკაცრი ხმა.
ჰაკიმ სუნთქვა შეიკრა და ხმა გაკმინდა.
თავით იატაკზე დამხობილს არც კი შეუნიშნავს, რომ იმავე კიბით, რომლითაც ხრიტანიუკის გვამი ამოასვენეს, ორმა რევოლვერმომარჯვებულმა მეზღვაურმა მალე უჯუშ ემხა ამოიყვანა და, მეზღვაურთა რიგებს შუა გავლით, ცხედრის კვალდაკვალ, გემის ცხვირისკენ უხმოდ გაატარა.
ემხა თავაწეული მოაბიჯებდა, მშვიდად და ნელა. მაღალი ტანი სწორად ეჭირა. განიერი ბეჭები ოდნავი რხევით მოჰქონდა. გემის გემბანს იქით იცქირებოდა მაღლა აწეული თვალებით. გაქვავებულ და უემოციო სახეს მხოლოდ ერთი ხაზის მკრთალი ციმციმი უცოცხლებდა, რომელიც უძრავად თვალებში ჰქონდა ჩამჯდარი: ეს იყო ნაღვლიანი ღიმილის ძლივს შესამჩნევი ციმციმი, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ დარდს გამოხატავდა, დაუჯერებელი შეგნებით დაძლეულს.
პირდაპირ, ცის კიდურზე გაშლილ მოწითალო სინათლის ციმციმს შეჰყურებდა, სადაც ნათელი დღის კარი უნდა გაღებულიყო. უჯუშ ემხასაც არ დაუნახავს ჰაკი აძბა, რომელიც კუზმას გვერდით თავქვე დამხობილიყო ხმაგაკმენდილი.
ჭოლოკმკლავებიანმა მეზღვაურმა იგი გემის ცხვირის კიდესთან დააყენა და ზურგს უკან დაუდგა.
ემხამ მხოლოდ ირიბად შეასწრო თვალი მის წინ ჰაერში შემოტყორცნილ თეთრი ტილოს შეკვრას, რომელიც მაღლიდან ძირს ეშვებოდა, ჰაერში მრუდი ხაზის გავლით და ზღვის ტალღებში ჩაინთქა.
სამმა ზარბაზანმა მაშინვე ზედიზედ ქუხილივით დაიგრუხუნა. მერე თოფებმაც გაისროლეს.
ჰაკიმ ახლა თავი ასწია. წელში გაიმართა და მიმოიხედა.
უცებ, საერთო სიჩუმესა და უძრაობაში, გემის ცხვირზე მდგარი უჯუშ ემხა დაინახა.
სანამ აზრს მოიკრებდა, ყურთასმენა რევოლვერის მკვეთრმა ხმამ შეუნგრია და მისმა თვალებმა აღბეჭდეს უჯუშის კეფაზე მიდებული რევოლვერის ლულა, რომლის პირიდან ცეცხლმა იელვა.
რევოლვერის ხმაც და უჯუშ ემხაც სადღაც უფსკრულს ჩაინთქნენ.
„ვაჰაჰაი, ჩემო თავო! უჯუშ!“ – იყვირა ჰაკიმ და თავის ადგილიდან პირდაპირ მეზღვაურთა რაზმს ეკვეთა. გაარღვია რიგები და გემის იმ მხარეს მოექცა, სადაც მისმა თვალებმა უკანასკნელად უჯუშის სახე დაინახეს.
„რა უნდა? შეაჩერეთ!“ – გაისმა კუზმას ხმა.
რამდენიმე მეზღვაური წინ გადაეღობა ჰაკის. მაგრამ მისი შეჩერება ვერ შეძლეს. მაშინ დაიჭირეს, ხელები მარწუხივით ჩასჭიდეს და გაქაჩეს.
„უჯუშ, უჯუშ!“ – ყვიროდა ჰაკი გიჟივით და ახლა კბილებით კბენდა მეზღვაურებს, სადაც მიწვდებოდა.
კუზმა მიუახლოვდა. შეხედა.
„ჰაკი!“ – დაუძახა დარიგებით, – „რას აკეთებ? რა გინდა?“
„კაპიტან, მე შენი მეზღვაური ძმასავით ვიტირე. ამით ძმობა შემოგფიცე... შენ კი უჯუში მომიკალი. ძაღლი ყოფილხარ, კაპიტან... ჰო, სისხლი! სისხლი!“
წამოიყვირა და კიდევ ერთხელ მთელი ძალ-ღონით გემის მოაჯირისკენ დაიძრა.
„ვაჰაი, შენს ჰაკის, უჯუშ!“
მისი თვალები შეურიგებლობის ცეცხლის ნაპერწკლებს აფრქვევდნენ გარშემო და პირიდან ცოფის დორბლი სცვიოდა.
კუზმაც კი შეზარა მისმა შესახედაობამ, ზიზღი და ბრაზი სახეზე შეეპარა, სახის მუდამ უძრავი ნახევარიც კი მოუქცია და აუკანკალა. ერთხანს ასე უყურა.
„გაუშვით!“ – თქვა შემდეგ.
ჰაკის ხელი შეუშვეს მეზღვაურებმა.
იგი ერთი ნახტომით გემბანის მოაჯირთან გაჩნდა. ცხადი იყო მისი განზრახვა, და თვალიც ვერ მოასწრეს, რომ აქაფებულ ტალღებში გადაეშვა. გემბანზე წამით სიჩუმე ჩამოვარდა.
„სულერთია, ეს მონა ადამიანად მაინც არ გამოდგებოდა...“
ნაღვლიანი ხმით წარმოთქვა კუზმამ და მოკლე, მაგრამ მონდომებული ნაბიჯით თავისი კაბინისკენ გაემართა.