თავი III
ამავე სასტუმროს მეორე სართულში, ფანჯრებდახურულ ოთახში, ხუთი კაცი ჩაკეტილიყო და წუხელ ვახშმის შემდეგ დაწყებულ ბანქოს თამაშს განაგრძობდა. ეს განცალკევებული ჯგუფი არათუ მონაწილეობას არ იღებდა ქალაქის აქტიურ სამზადისში, არამედ მისმა წევრებმა არც კი იცოდნენ, რა ხდებოდა მათ გარშემო ამ დილიდან.
მათ შორის ორი აფხაზი იყო. დანარჩენები - მეგრელი, აჭარელი და იმერელი, ხუთივე წარჩინებული წოდების წარმომადგენელი. სათამაშო მაგიდას მხოლოდ ოთხი მათგანი უჯდა. ოთახში დამდგარი თამბაქოს ბოლი უძილობისგან დაღლილ და აზარტისგან გათანგულ მათ სახეებს დაორთქლილ სარკესავით აჩენდა.
მაგიდა ფულით იყო მოფენილი - ცალკე ეწყო რუსეთის იმპერიის გაუქმებული ასიგნაციები და ოსმალური ლირები, ცალკე სხვადასხვა კუთხის, ოლქის თუ რესპუბლიკის, უმეტესად ამიერკავკასიის „ბონები“, „კერენკების“ ჩათვლით. ზოგი დასტა-დასტად ელაგა, ზოგი კი არეული გროვასავით უანგარიშოდ ეყარა, სარეკლამო ფურცლებივით.
მათ საეჭვო ღირებულებას, უხარისხო ქაღალდის გარდა, არაბული ციფრებით გამოხატული ასეული ათასებისა და მილიონების ფანტასტიკური რიცხვებიც ამჟღავნებდა, რისიც არავის სჯეროდა. თამაში უწყვეტად, მაგრამ ჩუმად მიმდინარეობდა. ისმოდა მხოლოდ დამრიგებლის მოკლე და მკვეთრი წამოძახილი. უფრო მოკლე და მკვეთრი იყო პარტნიორის პასუხი. მერე იწყებოდა ფულის სწრაფი, უსიტყვო გადალაგება ერთი ადგილიდან მეორეზე.
მაგიდის ერთ კუთხეში მიყრილ-მოყრილ სიგარეტის ნამწვავებს, ჭიქებს, ბოთლებსა და ლამბაქებს შორის იდო წვრილი ვერცხლის ბალთებით გაწყობილ ქამარში გაყრილი ოქროთი მოჭედილი ხანჯალი. მის გვერდით ღილშეხსნილი ბუდიდან ამოწეული რევოლვერის ოქრო-ვერცხლით გაწყობილი ტარი ჩანდა, ხმარებისგან გაცვეთილი და მოელვარე.
თვითონ რევოლვერი დაფარული იყო ახლოს მიდგმული სკამის ზურგზე გადაკეცილი მუქი ფერის ჩოხის სახელოებით, რომლებიც მაგიდაზე შემთხვევით გადმოფენილიყო. სკამის ზურგზე კი ჩოხის მხრებიდან გამომზირალი ყაზახთა ოფიცრის ფორმის მბზინავი სირმის ეპოლეტები ბრჭყვიალებდა, და მათ ქვემოთ, ნაოჭების ჩრდილში მიმალული, სამასრეზე მიკერებული წმინდა გიორგის ოქროს ჯვარი ციალებდა, მინანქრით მოოჭვილი.
როგორც მაგიდაზე დაწყობილი იარაღი, ისე სკამზე გადაკეცილი ჩოხა მოთამაშეთა ჯგუფის მეხუთე წევრს ეკუთვნოდა, რომელიც ამჟამად თამაშში მონაწილეობას არ იღებდა - ფანჯრის ახლოს კუთხეში მიდგმულ გრძელ სავარძელში იწვა წელში მოხრილი და ეძინა.
თავი სავარძლის ხავერდგადაკრულ ხელსაყრდენზე ჩამოედო, ქვეშიდან ხელები ჰქონდა შეწყობილი. შავ წუღა-მესტებში ჩასხლეტილი ფეხები საზურგეზე შეესროლა გადაჯვარედინებულად. ახალგაზრდა ქერა სახე დაღლილი უჩანდა: ზოგან ნაოჭებს დაესერა, ზოგან კი ჭრილობის ღრმა ზოლებს, რომელთაგან ერთი მარცხენა ლოყაზე ირიბად ჰქონდა.
მიუხედავად იმისა, რომ ეძინა, სახეზე რაღაც ღრმა წუხილის ჩრდილები დაჰყვებოდა, რომლებიც დახუჭული თვალების ირგვლივ ღამის შავი ფრთებივით ეფინებოდნენ. ნისკარტივით მოხრილი პატარა ცხვირის ნესტოები ხშირი სუნთქვისგან უფეთქავდნენ - იშლებოდნენ და იკეცებოდნენ, როგორც ნატიფად გაზრდილ ჯიშიან ცხენს მძიმე, შეუფერებელი ტვირთის ქვეშ.
შინდისფერი მოკლე ახალუხი ტანზე ბუნებრივი კანივით შემოკვროდა და უხორცო გულმკერდის ძვლებისა და კუნთების მოყვანილობას უჩენდა. წელის სივიწროვეში ორი თითი შემოწვდებოდა. ეს იყო თავადი უჯუშ ემხა, აფხაზი, მეფის დაშლილი ჯარის ოფიცერი - შტაბს-როტმისტრი ჩერქეზთა რაზმის აფხაზური ასეულისა, რომელიც ომის დროს ავსტრიის ფრონტზე იბრძოდა. დაშლილი ფრონტიდან წამოსული, მხოლოდ ახლახან დაბრუნებულიყო სამშობლოში.
სამ თვეზე მეტი სამოქალაქო ომის ცეცხლში ტრიალებდა. აჯანყებული ჯარისკაცების შურისძიების გუგუნს გადაურჩა, წითლების შეტევების მძვინვარე ნავარდს გამოექცა. ათასი საფრთხისა და განსაცდელისგან თავი დააღწია განუყრელად მასთან მყოფი უერთგულესი მხლებლის, მისთვის მუდამ თავგანწირული ძიძიშვილის, ჰაკი აძბას დახმარებით, რომელთან ერთადაც უვნებელი მშობლიურ კერას დაუბრუნდა.
სიცოცხლის გარდა ორი განძი ჩამოჰყოლოდა, რომლებსაც სიცოცხლეზე მეტად აფასებდა და უფრთხილდებოდა. ეს იყო ბავშვობიდანვე მისი საოცნებო ოფიცრის ეპოლეტები და ოფიცრისავე წმ. გიორგის ოქროს ორდენი. მაგრამ ერთი საჩუქარი მისთვის სამოქალაქო ომსაც გამოეტანებინა: ეს კი იყო მის უბრალო სულზე შიშის ჩრდილების უჩინარი დაღი, რომელიც ისევე არ შორდებოდა მის შინაგან არსებას, როგორც გიორგის ჯვარი მკერდს და მხრებს - ეპოლეტები.
ახლაც, თუმცა სავარძელში იწვა და ეძინა, ისე ბორგავდა და იკრუნჩხებოდა, რომ ეტყობოდა, ამ ჩრდილებისგან ძილშიც მოსვენება არ ჰქონდა. მართლაც, უცნაური რამ ემართებოდა. დროდადრო მთელი ტანის ცახცახი აუვარდებოდა და მერე უცებ მთელი ტანითვე ისე შეკრთებოდა, თითქოს უფსკრულში უნდა გადაჩეხილიყო და თავი ძლივს შეიმაგრაო.
თან ტუჩებს რაღაც საკვირველი ღრჭიალით მუწავდა და შლიდა. უცხო, გაუგებარი სიტყვების ნაწყვეტები შიშინით ამოუდიოდა პირიდან და ისევ გაინაბებოდა, სუნთქვაც კი შეუწყდებოდა და, ბოლოს, ისეთი კვნესა აღმოხდებოდა მკერდის სიღრმიდან, რომ თავდავიწყებამდე აზარტში შესული მისი პარტნიორები ამის გაგონებაზე თამაშს შეწყვეტდნენ და გაოცებულები სავარძლისკენ მოიხედავდნენ - ეს რა საცოდაობის ხმა გაისმაო.
როცა ეს რამდენჯერმე განმეორდა, მოთამაშეებმა ვერ მოითმინეს და მძინარეს ერთხმად შესძახეს გამოსაღვიძებლად:
- უჯუშ!
დაძახება და უჯუშის სავარძლიდან წამოვარდნა ერთდროულად მოხდა.
ფეხზე დამდგარმა, მაგრამ ისევ მძინარემ ტანი ისე მოიმარჯვა, თითქოს მოსისხლე მტერს უტევდა - წელზე წაივლო ხელები, სადაც ხანჯალი ეგულებოდა: მარჯვენით ტარს ეძებდა, მარცხენით - ქარქაშს. როცა ვერც ერთი ვერ იპოვა, ხელი რევოლვერისკენ გააქანა.
ესეც რომ არ აღმოჩნდა, კანკალი დაეწყო, ბრაზისგან გაიგუდა. ის იყო სასოწარკვეთილების კვნესა უნდა აღმოხდენოდა პირიდან, რომ ამ საოცრების შემყურე მოთამაშეები თავიანთი ადგილებიდან წამოიშალნენ და გარშემო შემოერტყნენ, დაბალი, ალერსიანი ხმით მიმართეს. ტკბილი სიტყვები უთხრეს. - უჯუშ! ჰა, უჯუშ! რა მოგივიდა? აქ ვართ, ნუ გეშინიაო.
ახლოს მისვლა საკვირველ მძინარესთან და ხელის მოკიდება მაინც ვერ გაბედეს.
ცოტა ხნის შემდეგ უჯუშმა შეწყვიტა მოძრაობა და ტანი გაისწორა. მერე თვალებიც გაახილა და მის წინ მდგომ ოთხსავე მეგობარს ერთბაშად შეხედა.
მოწითალო მწვანე ფერით არაამქვეყნიური შუქი გამოკრთა.
ეს იყო შიში, რომლის მსგავსი არც ერთს იქ მყოფთაგანს წარმოდგენაშიც კი არასოდეს არ ენახა.
უკან დაიხიეს უნებურად.
მაგრამ უჯუშმა, როგორც კი იცნო ამხანაგები, მაშინვე ისევ დახუჭა თვალები. ახლა პირთან ბავშვურმა ღიმილმა გაუელვა და ლურჯი ფერებით დასერილ სახეზე ნათელივით გადაეფინა. ეტყობოდა, გონს მოეგო.
იმ ღიმილმა დამფრთხალი ამხანაგებიც გაახარა. ახლა თამამად მიუახლოვდნენ უჯუშს. გაბედეს და მკლავზეც ხელი შეუსვეს. - ამისთანა რა მოგეჩვენა, უჯუშ, რომ ასე შეგვაშინე. დაწყნარდი, შე კაცო, არაფერია... ბოლშევიკები ჩვენში ჯერ კიდევ არ არიან. უჯუშმა ისევ გააღო თვალები. ახლა ბუნებრივად, ჩვეულებრივად იყურებოდა. ერთხელ კიდევ შეხედა მის გარშემო მდგომთ და ისევ გაუღიმა, თითქოს მათ წინაშე ბოდიში მოიხადაო.
- მე კი სწორედ ისინი მომეჩვენენ... თითქოს... გემით მოვიდნენ... თითქოს... - მაგრამ სიტყვა არ დაასრულა, ხელი ჩაიქნია და ტანის მოწყვეტით ისევ სავარძელში ჩავარდა თვალებდახუჭული.
მაღლა აწეული თავი სავარძლის საზურგეს მიაყრდნო და მეტი სიტყვა არ დასცდენია, ისე გაირინდა. ჩანდა, სიზმარში განცდილი შიშისგან თავი ჯერ კიდევ ვერ დაეღწია.
მერე მოგვიანებით იკითხა:
- ჩემი ჰაკი არ მოსულა? ხომ არ ვუკითხივარ?
როდესაც უარყოფითი პასუხი მიიღო, სახეზე უკმაყოფილება გამოეხატა. მან ისევ დახუჭა თვალები და გაუნძრევლად დარჩა.
ზუსტად ამ დროს, მოულოდნელად, გარეთ საყვირის უჩვეულო ხმა გაისმა. ის იმდენად მკვეთრი და ძლიერი იყო, რომ თითქოს დედამიწა ვერ დაიტევდა. ხმა ოთახში შემოიჭრა, ფანჯრის მინები ააჟღარუნა და გაბოლილ, მძიმე ჰაერში გიგანტის მოქნეული მახვილივით ჩაესო.
საყვირმა ვერ მოასწრო თავისი სწრაფი შეძახილის სრულად გაშლა, რომ მოულოდნელად „მარსელიეზის“ მგზნებარე ხმებმა აღფრთოვანების ჟრუანტელი ყველგან გაავრცელეს.
ოთახში მყოფნი ფანჯარას მივარდნენ. ფართოდ გააღეს და გარეთ გადაიხედეს.
უჯუშ ემხა კი თავის ადგილზე დარჩა, ისევ ისე გაუნძრევლად. მისმა სმენამ საყვირისა და მუსიკის ხმები რაღაც უცნაურად აღიქვა: უფრო მოჩვენებასავით, ვიდრე რეალურად.
ქაღალდის მოთამაშეებს კი თვალწინ მოულოდნელი სანახაობა გადაეშალათ:
ნაპირიდან ცოტა მოშორებით, ვერცხლისფრად მოციმციმე ზღვაში უზარმაზარი გემი იდგა, ქალაქისკენ მიმართული. შავი მილიდან სქელი კვამლი ამოდიოდა, რომელიც გემს თავზე და გარშემო ღრუბელივით ეხვეოდა. ჰაერში სამი თვალი იყო მიმართული ქალაქისკენ – სამი შავი წრე, სამივე ერთდროულად ბრმაც და მხედველიც.
ეს იყო ყელმოღერებული ზარბაზნების გათლილი პირები, კვამლიან ჰაერში შეყირავებული.
ნაპირზე კი უამრავი ხალხი ირეოდა. მთელი ქალაქი გარეთ იყო გამოსული.
ნიჩბებმომარჯვებული ნავები ზღვაში შეცურებულიყვნენ და, გადამფრენი წეროებივით ერთმანეთს მწყობრად დადევნებულები, საკმაოდ დიდ მოტორიან ნავს მიჰყვებოდნენ, რომელიც კრეისერისკენ გზას მიიკვლევდა თუქთუქით.
„რაღაც დიდი ამბავია,“ – გაიკვირვეს ფანჯარასთან მისულებმა, – „კრეისერი უნდა იყოს... კი, ნამდვილად კრეისერია! მაგრამ ვისი უნდა იყოს ნეტავ, რომ ასეთი ამბით ხვდებიან?“
კრეისერის ხსენებამ ემხა გაუნძრევლობიდან გამოიყვანა, მაგრამ სახის ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს სმენამ მოატყუა და გაგონილის შესამოწმებლად ხელმეორედ ყური მიუგდო.
„უჯუშ!“ – მიმართეს მას ფანჯარასთან მისულებმა, – „მოდი აქ, თუ ძმა ხარ. იქნებ შენ უფრო გაარკვიო, რა კრეისერია, ჩვენკენ რომ უშველებელი ზარბაზნები მოუღერებია. სამხედრო კაცი ხარ, მიხვდები.“
უჯუშ უცებ შეიცვალა. მის სახეზე საშინელი ეჭვი და უდიდესი გაკვირვება ერთმანეთს ბასრი კლანჭებით შეებნენ.
ადგომა და ფანჯარასთან მისვლა დააპირა, მაგრამ შებორკილივით მხოლოდ შეინძრა. ტანი არ აჰყვა. მაშინ ფართოდ გაღებული თვალების ორივე გუგა ერთბაშად, თავის შეუნძრევლად, წინა კედლისკენ მიატრიალა და მის მიღმა, სადღაც შორს, სამიზნეში ამოღებულ წერტილს მიაპყრო, რომელიც ალბათ მხოლოდ მის წარმოდგენაში არსებობდა. რაღაცის გახსენება უნდოდა და მეხსიერებას ძალას ატანდა. რაღაც სიტყვა ედო ენაზე, მაგრამ ვერ ამბობდა.
უცებ ტუჩები აუცახცახდა, მერე დაეჭიმა, დაეღრაკნა, ისე, როგორც ამას წინათ სიზმარში მოსდიოდა და უცნაური, უხმო ჩაშიშინებით ჰაერში მოხაზა:
„შმიდტ“
და უჯუშ კვლავ შეკრთა მთელი ტანით, თითქოს სიზმარს იმეორებდა.
„უჯუშ, მოდი მალე, კაცო,“ – მიმართეს მას კიდევ ერთხელ ამხანაგებმა, – „მოგვეხმარე გამოცნობაში. გემს რაღაც მუქი სისხლისფერი წარწერა აქვს მთელ გვერდზე, მაგრამ კვამლის ნაფლეთები ახვევია და ვერ გავარჩიეთ. რუსულს ჰგავს. იქნებ შენ წაიკითხო.“
„„შმიდტია“, ბოლშევიკების გემი,“ – იყო ემხას პასუხი, ისე წყნარად და დამაჯერებლად წარმოთქმული, თითქოს ეს არის, მართლაც ის სისხლისფერი წარწერა ამოიკითხა.
ფანჯარასთან მდგომთ მისი ხმა ძალიან შორიდან მომავალი მოეჩვენათ, მაგრამ ახლა ამ გარემოებას იმდენი ყურადღება არ მიაქციეს, რამდენადაც უცნაურ განცხადებას.
„ეს შენ საიდან გაიგე, უჯუშ? მანდედან ხომ ვერაფერს ხედავ?“ – ჰკითხეს და გაოცებულებმა მისკენ ნაბიჯი გადმოდგეს, შეხედეს.
ემხა ირიბად მოქცეული თვალებით ისევ სადღაც ოთახს მიღმა იყურებოდა და უძრავად იჯდა თავის ადგილზე. – „წეღან თუ დაგესიზმრა, ძილში რომ შფოთავდი?“ – ჰკითხეს.
მაშინ უჯუშმა ნელა, აუჩქარებლად იმ შორეულ წერტილს თვალები მოსწყვიტა და მოახლოებულ მეგობრებზე ისეთი მნიშვნელობით შეაჩერა, თითქოს სიზმრის შესახებ მიხვედრა დაუდასტურა.
თუმცა უჯუშის უსიტყვო პასუხი საიდუმლოებით იყო მოცული, მან მით უფრო გაუღო მისი გულის კარი და შიგ ამხანაგებსაც შეაჭვრეტინა. ემხას შიშსა და საიდუმლო წინათგრძნობას ახლა მისი ამხანაგებიც ეზიარნენ, მაგრამ რადგანაც მათი აზრით, როგორც ერთი, ისე მეორე სინამდვილეში ყოველგვარ საფუძველს მოკლებული იყო და უჯუშის წეღანდელი უცნაური სიზმრის მხოლოდ ანარეკლს წარმოადგენდა, საიდუმლოდ ნაგრძნობი ზერელედ განიცადეს.
მით უმეტეს, რომ ნავსადგურში შემოსული გემის სახელწოდებისა და წარმომავლობის გამოცნობა ემხას მიერ რამდენადაც გასაოცარი მოეჩვენათ, იმდენად დაუჯერებელზე უფრო დაუჯერებელი იყო.
„უჯუშ, გენაცვალე,“ – მიმართა უჯუშს მათ შორის უხუცესმა, – „შენ უეჭველად ისევ ის წეღანდელი სიზმარი გაწუხებს, ბოლშევიკების გემი რომ მოგჩვენებია, და გგონია, რომ ესეც ის არის. აქ რა უნდა მათ გემს! აბა, შენ თვითონ განსაჯე.“
დანარჩენებიც შეეცადნენ ემხას ეჭვის გაბათილებას და მის მიერ შექმნილი მძიმე შთაბეჭდილების შემსუბუქებას. ერთმა უდარდელად განაცხადა:
„ამდენი თავის მტვრევა რა საჭიროა. გავიდეთ ნაპირზე და საკითხი უბრალოდ გაირკვევა. იქ გამოჩნდება, რამდენად მართალია უჯუშის მიხვედრა.“ – „ეჭვი არ არის,“ – ჩამოართვა სიტყვა მეორემ, – „უჯუშს დიდი შიში აქვს გამოვლილი ბოლშევიკების გამო. ალბათ, ეს შიში ჯერ კიდევ გულში აქვს ჩარჩენილი და ამიტომ ეჩვენება, თორემ საიდან სადაო?“
„მეც მომხრე ვარ, წავიდეთ, გავიგოთ, რა ამბავია და ჩვენს უჯუშსაც მართალი ამბავი მოვუტანოთ.“ ასე გამოვიდა: წმინდა გიორგის ორდენის კავალერს, ნაომარ ოფიცერს და თავადს შიში დასწამეს.
ემხა შეიცვალა. სავარძლიდან სახეშეკრული წამოდგა. ამხანაგებს ახლა სულ სხვა თვალებით გადახედა და შეკავებული ყივილის მსგავსი ხმით მიმართა: „მე და შიში ერთმანეთს არ ვიცნობთ. ვისაც არ სჯერა, შეუძლია გამომცადოს.“
თქვა და სკამზე გადაკეცილ ჩოხას ხელი წაატანა, მაგრამ სანამ სახელოში ხელს გაუყრიდა, უცებ ისევ შეიცვალა სახის გამომეტყველება და უცნაურად დარბილებული ხმით ბოდიშის მსგავსად განაცხადა:
„თუმცა რა გითხრათ, იცით: არავის არ შეშვენის თქვას, ვაჟკაცი ვარო, და ამ შემთხვევაში, შეიძლება, თქვენ ხართ მართალი. წავიდეთ! მეც მოგყვებით, ვნახოთ, რა ამბავია.“
მაგრამ ხმის კილოზე მაინც ეტყობოდა, რომ თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა და თავისი წინანდელი გამომწვევი სიტყვების გამართლება გულში ედო... სულ ერთ წამში ჩოხაც ჩაიცვა და ქამარ-ხანჯალიც შემოირტყა.