– III –
ამავე სასტუმროს მეორე სართულში, ფანჯრებდახშულ ოთახში, ხუთი კაცი ჩაკეტილიყო და წუხელ ნავახშმევს დაწყებულ ბაქარას თამაშს განაგრძობდა. ეს განცალკევებული ჯგუფი არათუ მონაწილეობას არ იღებდა ქალაქის ციებცხელებიან სამზადისში, მისმა წევრებმა ამბადაც არ იცოდნენ, რაც ამ დილის აქეთ მათ გარშემო ხდებოდა.
მათ შორის ორი აფხაზი იყო. დანარჩენები - მეგრელი, აჭარელი და იმერელი, ხუთნივე ბრწყინვალე წოდების წარმომადგენელნი. სათამაშო მაგიდას მხოლოდ ოთხნი უსხდნენ. ოთახში დამდგარი თამბაქოს ბოლი უძილობისაგან დაქანცულ და აზარტისაგან დაგლეჯილ მათ სახეებს დაორთქლილ სარკესავით აჩენდა.
მაგიდა ფულით იყო მოფენილი, - ცალკე ეწყო რუსეთის იმპერიის გაუქმებული ასიგნაციები და ოსმალური ლირები, ცალკე სხვადასხვა კუთხის, ოლქის თუ რესპუბლიკის, მეტწილად ამიერკავკასიის "ბონები", "კერენკების" ჩართვით. ზოგი დასტა-დასტად ელაგა, ზოგი აშლილი ზვინივით უანგარიშოდ ეყარა, ქარაგმიანი, სარეკლამოდ მორთული ფურცლებივით.
მათ საეჭვო ღირებულებას, გარდა მდარე ქაღალდისა, ამჟღავნებდა არაბული ციფრებით გამოხატული ასეული ათასების და მილიონების ფანტასტიკაც, რომელიც არავის არ სჯეროდა. თამაში უწყვეტად, მაგრამ ჩუმად მიმდინარეობდა. გაისმოდა მხოლოდ დამრიგებლის მოკლე და მოკვეთილი წამოძახილი. უფრო მოკლე და მოკვეთილი იყო პასუხი პარტნიორისა. მერე იწყებოდა ფულის სწრაფი, უსიტყვო გადალაგება ერთი ადგილიდან მეორეზე.
მაგიდის ერთ კუთხეში მიყრილ-მოყრილ პაპიროსის ნამწვავებსა, ჭიქებსა, ბოთლებსა და ლამბაქებს შორის წვრილი ვერცხლის ბალთებასხმულ ქამარში გაყრილი სატევარი იდო, ოქროთი მოჭედილი. მის გვერდით ღილშეხსნილი ბუდიდან ამოწეული რევოლვერის ოქრო-ვერცხლით მოსალტული ტარი მოჩანდა, ხმარებისაგან დაფერილი და მოელვარე.
თვითონ რევოლვერი დაეფარა ახლოს მიდგმული სკამის ზურგზე გადაკეცილი თალხი ფერის ჩოხის სახელოებს, მაგიდაზე შემთხვევით გადმოფენილებს. სკამის ზურგზე კი ჩოხის სამხრეებიდან გამომზირალი ყაზახთა ოფიცრის ფორმის მბზინავი სირმის ეპოლეტები ბრჭყვიალებდა, და მათ ქვემოთ, ნაოჭთა ჩრდილს ქვეშ მიმალული, სამასრეზე მიკერებული წმინდა გიორგის ოქროს ჯვარი ციალებდა, მინანქრით მოოჭვილი.
როგორც მაგიდაზე დაწყობილი იარაღი, ისე სკამზე გადაკეცილი ჩოხა მოთამაშეთა ჯგუფის მეხუთე წევრს ეკუთვნოდა, რომელიც ამჟამად თამაშში მონაწილეობას არ იღებდა - ფანჯრის ახლოს კუთხეში მიდგმულ მოგრძო სავარძელში იწვა წელში გადაკეცილი და ძილს მისცემოდა.
თავი სავარძლის ხავერდგადაკრულ ხელსაყრდენზე ჩამოედვა, ქვეშიდან ხელებშემოწყობილი. შავ წუღა-მესტებში ჩასხლეტილი ფეხები საზურგეზე შეესროლა გადაჯვარედინებულად. ახალგაზრდა ქერა სახე დალეწილი უჩანდა: ზოგან ნაოჭებს დაესერა, ზოგან კიდევ ჭრილობის ჩაღრმავებულ ზოლებს, რომელთაგან ერთი მარცხენა ლოყაზე აჯდა ირიბად.
მიუხედავად იმისა, რომ ეძინა, სახეზე რაღაც ღრმა წუხილის ლანდები მიმოურბოდნენ, რომლებიც დახუჭული თვალების საბუდეებში ღამის შავი ფრთებით ეფინებოდნენ. ნისკარტივით მოხრილი მომცრო ცხვირის ნესტოები მოხშირებული სუნთქისაგან უფეთქავდნენ - ეშლებოდნენ და ეკეცებოდნენ, როგორც ნატიფად ნაზარდ ჯიშიან ცხენს მძიმე, შეუფერებელ ტვირთს ქვეშ.
შინდისფერი მოკლე ახალუხი ტანზე ბუნებრივი კანივით შემოკვროდა და უხორცო გულმკერდის ძვლის ზოდებსა და კუნთებს უჩენდა. წელის ნასკვს ორი თითი შემოწვდებოდა. ეს იყო თავადი უჯუშ ემხა, აფხაზი, მეფის დაშლილი ჯარის ოფიცერი, - შტაბს-როტმისტრი ჩერქეზთა რაზმის აფხაზური ასეულისა, რომელიც ომის დროს ავსტრიის ფრონტზე იბრძოდა. დაშლილი ფრონტიდან წამოსული, მხოლოდ ახლახან დაბრუნებულიყო სამშობლოში.
სამ თვეზე მეტი სამოქალაქო ომის ცეცხლში ეტრიალნა. აჯანყებული ჯარისკაცების შურისძიების გუგუნს გადარჩენოდა, წითლების იერიშების შმაგ ნავარდს გამოქცეოდა. ათასი საფრთხისა და განსაცდელისაგან თავი დაეღწია განუყრელად მასთან მყოფი უერთგულესი მხლებლის, მისთვის მუდამ თავგანწირული ძიძიშვილის ჰაკი აძბას დახმარებით, რომელთანაც ერთად უვნებელი მშობელ კერას დაბრუნებოდა.
სიცოცხლის გარდა ორი რამ განძი ჩამოჰყოლოდა, რომლებსაც სიცოცხლეზე უფრო აფასებდა და უფრთხილდებოდა. ეს იყო სიყრმიდანვე მისი საოცნებო ოფიცრის ეპოლეტები და ოფიცრისავე წმ. გიორგის ოქროს ორდენი. მაგრამ ერთი რამ საჩუქარი მისთვის სამოქალაქო ომსაც გამოეტანებინა: ეს კი იყო მის პრიმიტიულ სულზე შიშის ლანდების უჩინარი დაღი, რომელიც ისევე არ შორდებოდა მის შინაგან არსებას, როგორც გიორგის ჯვარი მკერდს და მხრებს - ეპოლეტები.
ახლაც, თუმცა სავარძელში იწვა და ეძინა, ისე ბორგავდა და იკრუნჩხებოდა, რომ ეტყობოდა, ამ ლანდებისაგან ძილშიაც მოსვენება არ ჰქონდა. მართლაც, უცნაური რამ ემართებოდა. დროგამოშვებით მთელი ტანის ცახცახი აუვარდებოდა და მერე უცებ მთელი ტანითვე ისე შეკრთებოდა, თითქოს უფსკრულს უნდა გადაჩეხილიყო და თავი ძლივს შეიმაგრაო.
თან ტუჩებს რაღაც საკვირველი ღრაკნით მუწავდა და შლიდა. უცხო, გაუგებარი სიტყვების ნაწყვეტები შიშინით ამოუდიოდა პირიდან და ისევ გაინაბებოდა, სუნთქვაც კი შეუწყდებოდა და, დასასრულ, ისეთი კვნესა აღმოხდებოდა მკერდის სიღრმიდან, რომ თავდავიწყებამდე აზარტში შესული მისი პარტნიორები ამის გაგონებაზე თამაშს შეწყვეტდნენ და გაოცებულები სავარძლისკენ მოიხედავდნენ - ეს რა საცოდაობის ხმა გაისმაო.
როცა ეს რამდენჯერმე განმეორდა, მოთამაშეებმა ვერ მოითმინეს და მძინარეს ერთხმად შესძახეს გამოსაღვიძებლად:
- უჯუშ!
დაძახება და უჯუშის წამოვარდნა სავარძლიდან ერთი იყო.
ფეხზე დამდგარმა, მაგრამ ისევ მძინარემ ტანი ისე მოიმარჯვა, თითქოს მოსისხლე მტერს უტევსო - წელზე წაივლო ხელები, სადაც სატევარი ეგულებოდა: მარჯვენით ტარს ეძებდა, მარცხენით - ქარშაქს. როცა ვერც ერთი ვერ მონახა, ხელი რევოლვერისაკენ გააქანა.
ესეც რომ არ აღმოჩნდა, კანკალი დააწყებინა, ბრაზისაგან გაიგუდა. ის იყო სასოწარკვეთილების გმინვა უნდა აღმოხდენოდა პირიდან, რომ ამ საოცრების შემყურე მოთამაშენი თავიანთი ადგილებიდან წამოიშალნენ და გარშემოერტყნენ, დაბალი, მოალერსე ხმით მიმართეს. ტკბილი სიტყვები უთხრეს. - უჯუშ! ჰა, უჯუშ! რა მოგივიდა? აქ ვართ, ნუ გეშინიაო.
ახლოს მისვლა საკვირველ მძინარესთან და ხელის მოკიდება მაინც ვერ გაბედეს.
ერთხანს შემდეგ უჯუშმა შეწყვიტა მოძრაობა და ტანი გაისწორა. მერე თვალებიც გაახილა და მის წინ მდგომ ოთხსავე მეგობარს ერთბაშად შეანათა.
მოწითალო მწვანე ფერით არაამქვეყნიური შუქი გამოკრთა.
ეს იყო შიში, რომლის მსგავსი არც ერთს იქ მყოფთაგანს მოჩვენებითაც კი არასოდეს არ მოსჩვენებია.
უკან დაიხიეს ძალაუნებურად.
მაგრამ უჯუშმა, როგორც კი იცნო ამხანაგები, მაშინვე ისევ დახუჭა თვალები. ახლა პირთან ბავშვურმა ღიმილმა გაუციალა და ლურჯი ფერებით დასერილ სახეზე ნათელივით შეეფინა. ეტყობოდა, გონს მოეგო.
იმ ღიმილმა დამფრთხალი ამხანაგებიც გაახარა. ახლა თამამად მიუახლოვდნენ უჯუშს. გაბედეს და მკლავზედაც ხელი შეუსვეს. - ამისთანა რა მოგეჩვენა, უჯუშ, რომ ასე შეგვაშინე. დაწყნარდი, შე კაცო, არაფერია... ბოლშევიკები ჩვენში ჯერ კიდევ არ არიან. უჯუშმა ისევ გააღო თვალები. ახლა ბუნებრივად, ჩვეულებრივად იცქირებოდა. ერთხელ კიდევ შეხედა მის გარშემო მდგომთ და ისევ გაუცინა, თითქოს მათ წინაშე ბოდიში მოიხადაო.
- მე კი სწორედ ისინი მომეჩვენენ... თითქოს... გემით მოვიდნენ... თითქოს... - მაგრამ სიტყვა არ დაასრულა, ხელი ჩაიქნია და ტანის მოწყვეტით ისევ სავარძელში ჩავარდა თვალებმინაბული.
მაღლა აწეული თავი სავარძლის საზურგეს მიაყრდნო და მეტი სიტყვა არ წამოსცდენია, ისე გაირინდა. ჩანდა, სიზმარში განცდილი შიშისათვის თავი ჯერ კიდევ ვერ დაეღწია.
მერე მოგვიანოდ იკითხა:
- ჩემი ჰაკი არ მოსულა? ხომ არ ვუკითხივარ? როცა უარყოფითი პასუხი მიიღო, სახეზე უკმაყოფილებამ გადაურბინა და ისევ თვალები დახუჭა, გაირინდა.
სწორედ ამ დროს ანაზდეულად გაისმა გარეთ საყვირის უჩვეულო ხმა ისეთი მკვეთრი და ძლიერი, რომ გეგონებოდა, დედამიწა ვერ დაიტევსო, - ოთახში შემოიჭრა, ფანჯრის მინები ააწკარუნა და გაბოლილ მძიმე ჰაერში დევური მოქნევისაგან აწივლებული მახვილივით შეერჭო.
ვერ მოასწრო საყვირმა თავისი ფიცხი შეძახების სრულიად გაშლა, რომ მოულოდნელადვე მარსელიეზის მგზნებარე ხმებმა აღფრთოვანების ჟრუანტელი კიდით კიდემდე მიმოაბნიეს.
ოთახში მყოფნი ფანჯარას მივარდნენ. ფართოდ გააღეს და გადაიხედეს.
ხოლო უჯუშ ემხა თავის ადგილზე დარჩა, როგორც იყო, ისე გარინდებული. მისმა სმენამ რაღაც უცნაურად აითვისა საყვირისა და მუსიკის ხმები: უფრო მოჩვენებასავით, ვინემ სინამდვილე.
ქაღალდის მოთამაშეთ კი თვალწინ მოულოდნელი სანახაობა გადაეშალათ:
ნაპირიდან ცოტა დაშორებით, ვერცხლისფრად აციმციმებულ ზღვაში ვეება გემი ჩამომდგარიყო, ქალაქისაკენ განით მოქცეული. შავი მილით სქელი კვამლი ამოდიოდა, რომელიც თავზე და გარშემო ღრუბელივით ეხვეოდა. ჰაერში სამი თვალი შეემართა, ქალაქს დამიზნებული, - სამი შავი წრე, სამივე ბრმაც და მხედველიც ერთსა და იმავე დროს.
ეს იყო ყელმოღერებული ზარბაზნების თლილი ტუჩები, კვამლიან ჰაერში შეყირავებული.
ნაპირზე კი აუარებელი ხალხი ირეოდა. მთელი ქალაქი გარეთ გამოფენილიყო.
ნიჩბებმომარჯვებული ნავები ზღვაში შეცურებულიყვნენ და, გადამფრენი წეროებივით ერთმანეთს მწყობრად დადევნებულები, კარგა მოზრდილ მოტორიან ნავს მწყობრად მისდევდნენ, რომელიც კრეისერისაკენ გზას მიიკვლევდა თუქთუქით.
- რაღაც დიდი ამბავია, - გაიკვირვეს ფანჯარასთან მისულებმა, - კრეისერი უნდა იყოს... კი, ნამდვილად კრეისერია! მაგრამ ვისი უნდა იყოს ნეტავი, რომ ასეთი ამბით ხვდებიან?
კრეისერის ხსენებამ ემხა გარინდებიდან გამოიყვანა, მაგრამ სახის ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს სმენამ მოატყუა და შესამოწმებლად გაგონილს ხელმეორედ ყური მიუგდოო.
- უჯუშ! - მიმართეს მას ფანჯარასთან მისულებმა, - მოდი აქ, თუ ძმა ხარ. იქნება შენ უფრო გამოარკვიო რა კრეისერია, ჩვენკენ რომ უშველებელი ზარბაზნები მოუღერებია. სამხედრო კაცი ხარ, მიხვდები.
უჯუშ უცებ გამოიცვალა. მის სახეზე საშინელი ეჭვი და უაღრესი გაკვირვება ერთმანეთს ბასრი კლანჭებით შეებნენ.
ადგომა და ფანჯარასთან მისვლა დააპირა, მაგრამ შებორკილივით შეინძრა მხოლოდ. ტანი არ აჰყვა. მაშინ ფართოდ გაღებული თვალების ორივე გუგა ერთბაშად, თავის შეუნძრევლად, წინა კედლისაკენ მიატრიალა და მის მიღმა, სადღაც შორს ნიშანში ამოღებულ წერტილს მიაპყრო, რომელიც ალბათ მხოლოდ მის წარმოდგენაში არსებობდა, - რაღაცის მოგონება უნდოდა და მეხსიერებას ძალას ატანდა, რაღაც სიტყვა ადგა ენაზე, მაგრამ ვერ ეთქვა.
უცებ ტუჩები შეუცახცახდნენ, მერე დაეჭიმნენ, დაეღრაკნენ, ისე, როგორც ამას წინათ სიზმარში მოსდიოდა და უცნაური, უხმო ჩაშიშინებით ჰაერში მოხაზეს:
"შმიდტ"
და უჯუშ კვლავ შეკრთა მთელი ტანით, თითქოს სიზმარს იმეორებსო.
- უჯუშ, მოდი მალე, კაცო, - მიმართეს მას ერთხელ კიდევ ამხანაგებმა, - მოგვეხმარე გამოცნობაში. გემს რაღაც მუქსისხლისფერი წარწერა აქვს მთელ გვერდზე, მაგრამ კვამლის ნაფლეთები ახვევია და ვერ გავარჩიეთ. რუსულს ჰგავს. იქნება შენ წაიკითხო.
- "შმიდტია", ბოლშევიკების გემი, - იყო ემხას პასუხი, ისე წყნარად და დამაჯერებლად წარმოთქმული, თითქოს ეს არის, მართლაც ის სისხლისფერი წარწერა ამოიკითხაო.
ფანჯარასთან მდგომთ მისი ხმა ძალიან შორიდან მომავალი მოეჩვენათ, მაგრამ ახლა ამ გარემოებას იმდენი ყურადღება არ მიაქციეს, რამდენადაც უცნაურ განცხადებას.
- ეს შენ საიდან გაიგე, უჯუშ? მანდედან ხომ ვერაფერს ხედავ? - ჰკითხეს და გაოცებულებმა მისკენ ნაბიჯი გადმოდგეს, შეხედეს.
ემხა ირიბად მოქცეული თვალებით ისევ სადღაც ოთახს მიღმა იცქირებოდა და უძრავად იჯდა თავის ადგილზე. - წეღან თუ დაგესიზმრა, ძილში რომ შფოთავდი? - ჰკითხეს.
მაშინ უჯუშმა ნელა, აუჩქარებლად იმ შორეულ წერტილს თვალები მოსწყვიტა და მოახლოებულ მეგობრებზე ისეთი მნიშვნელობით შეაჩერა, თითქოს სიზმრის შესახებ მიხვედრა დაუდასტურაო.
თუმცა საიდუმლოებით იყო მოცული უჯუშის უსიტყვო პასუხი, მაგრამ მან მით უფრო შეაღო მისი გულის კარი და შიგ ამხანაგებსაც შეაჭვრეტინა. ემხას შიშსა და საიდუმლო წინათგრძნობას ახლა მისი ამხანაგებიც ეზიარნენ, მაგრამ რადგანაც მათი აზრით, როგორც ერთი, ისე მეორე სინამდვილეში ყოველ საფუძველს იყო მოკლებული და უჯუშის წეღანდელი უცნაური სიზმრის მხოლოდ ანარეკლს წარმოადგენდა, საიდუმლოდ ნაგრძნობი ზერელედ განიცადეს.
მით უმეტეს, რომ ნავსადგურში შემოსული გემის სახელწოდებისა და სადაურობის გამოცნობა ემხას მიერ რამდენადაც განსაცვიფრებელი მოეჩვენათ, იმდენად დაუჯერებელზე უფრო დაუჯერებელი.
- უჯუშ, გენაცვალე, - მიმართა უჯუშს მათ შორის უხუცესმა, - შენ უთუოდ ისევ ის წეღანდელი სიზმარი გაწუხებს, ბოლშევიკების გემი რომ მოგჩვენებია, და გგონია, რომ ესეც ის არის. აქ რა უნდა მათ გემს! აბა, შენ თვითონ განსაჯე.
დანარჩენებიც შეეცადნენ ემხას ეჭვის გაბათილებას და მის მიერ შექმნილი მძიმე შთაბეჭდილების შენელებას. ერთმა უდარდელად განაცხადა:
- ამდენი თავის მტვრევა რა საჭიროა. გავიდეთ ნაპირზე და საკითხი უბრალოდ გამოირკვევა. იქ გამოჩნდება, რამდენად მართალია უჯუშის მიხვედრა. - ეჭვი არ არის, - ჩამოართვა სიტყვა მეორემ, - უჯუშს დიდი შიში აქვს გამოვლილი ბოლშევიკების წყალობით. ალბათ, ეს შიში ჯერ კიდევ გულში ჩარჩენია და ამიტომ ეჩვენება, თორემ საიდან სადაო?
მეც მომხრე ვარ, წავიდეთ, გავიგოთ, რა ამბავია და ჩვენს უჯუშსაც მართალი ამბავი მოვუტანოთ. ასე გამოვიდა: წმინდა გიოგის ორდენის კავალერს, ნაომარ ოფიცერს და თავადს შიში დასწამეს.
გამოიცვალა ემხა. სავარძლიდან სახეშეკრული წამოდგა. ამხანაგებს ახლა სულ სხვა თვალებით გადახედა და შეკავებული ყივილის მსგავსი ხმით მიმართა: - მე და შიში ერთმანეთს არ ვიცნობთ. ვისაც არ სჯერა, შეიძლება გამომცადოს.
თქვა და სკამზე გადაკეცილ ჩოხას ხელი წაატანა, მაგრამ სანამ სახელოში ხელს გაუყრიდა, უცებ ისევ შეიცვალა სახის გამომეტყველება და უცნაურად დალბილებული ხმით ბოდიშისნაირად განაცხადა:
- თუმცა რა გითხრათ, იცით: არავის არ შეშვენდება თქვას, ვაჟკაცი ვარო, და ამ შემთხვევაში, შეიძლება, თქვენ ხართ მართალი. წავიდეთ! მეც მოგყვებით, ვნახოთ, რა ამბავია.
მაგრამ ხმის კილოზე მაინც ეტყობოდა, რომ თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა და თავისი წინანდელი გამომწვევი სიტყვების გამართლება გულში ედო... სულ ერთ წამში ჩოხაც ჩაიცვა და ქამარ-ხანჯალიც შემოირტყა.