prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ჰაკი აძბა — თავი X

ლეო ქიაჩელი · პროზა

– X –

მშვიდი და წყნარი დღე ავდრიანმა ღამემ შეცვალა.

ბნელში გახვეული ზღვა ახლა ისე ბობოქრობდა და ღმუოდა, თითქოს მთელ ქვეყანას წარღვნით და დანგრევით ემუქრებაო.

ზეცა არ ჩანდა.

კიდით კიდემდე მხოლოდ შავი ღრუბლები მიმოქროდნენ, მხრჩოლავი გაზების ბოლივით ზღვის ზედაპირზე გართხმულები.

მთებივით მაღლა აზიდული ტალღები ნაპირებს გრიალით ეხეთქებოდნენ, თითქოს დედამიწას ყუმბარებს უშენენო.

კვამლსა და ბოლში გახვეული ტანკების შემოტევას ჰგავდა მათი მრისხანე იერიში.

უფსკრულის ლაყუჩებით ამონაბერი შავი გრიგალი ზღვის შუაგულიდან გიჟური სტვენითა და ბღავილით იმუქრებოდა. წყლის ვეება, ჰაერში ატაცებულ ლოდებს ბურთივით ათამაშებდა. სად ნგრევისა და ტეხის შემზარავი გრიალით ჩაიგუგუნებდა, სად რისხვის ჭექასა და ქუხილს აყენებდა და ბნელი სივრცის კიდურებზე შავი ელვის ბოძალივით გაეკვრებოდა.

პირველყოფილი ქაოსის სუნთქვის ნახლეჩების ბრმა სრბოლას ჰგავდა დაუსაბამო უკუნეთში მისი აწყვეტილი თარეში.

შუაღამე გადასული იქნებოდა, როცა აღვირახსნილი სტიქიის ორომტრიალს გაშლილ ზღვაზე უცხო გუგუნი შეერია ბრძოლაში გამომწვევ შეძახილივით და წყვდიადის ამძვინვარებული ტანი სინათლის ლარივით სწორმა სვეტმა შეაპო და შეანგრია, ღრუბლებისა და ტალღების შავ ლაშქარს შიგ შუაგულში შეეჭრა და ოთხივ კუთხით უგზო-უკვლოდ მიმოაბნია.

ეს იყო რკინისა და ფოლადისაგან შეკრული კრეისერი "შმიდტი", რომელიც ზღვის სიღრმისაკენ შეუპოვრად გზას მიიკვლევდა ცეცხლით, ორთქლით და მებრძოლ ადამიანთა უდრეკი ნებისყოფით აღჭურვილი.

ტალღების გორგალზე ქანაობით გადადიოდა. ხან თავით უფსკრულს ჩაინთქებოდა, ხან გვერდიდან გვერდზე წვებოდა, მაგრამ მაინც უვნებელი რჩებოდა და უწყვეტი ქშენით და გუგუნით წინ მიიწევდა. კაპიტანის საგუშაგოზე კუზმა-მრისხანე იდგა. მარცხენა ხელით რკინის სვეტს ჩასჭიდებოდა, მარჯვენით პროჟექტორს მართავდა. მკერდმაღალი ტანი წინ, სივრცეში შეემართა, თავი მაღლა ჰაერში შეეგდო და თავდამსხმელი სტიქიონის ბნელ ძალებს პირდაპირ შესცქეროდა პირიქით შეტევით.

დროგამოშვებით ზღვის გრიალში მისი ბრძანების ხმაც გაისმოდა და გემის ყოველ კუნჭულს ცეცხლის ალივით ეკიდებოდა. - სმე-ე-ნა! მე-დგრად წინ!

ან: - მესაჭე, ფრთხილად!

მის ხმას გემის სხვადასხვა კუთხიდან მეზღვაურების გამოძახილი ეხმაურებოდა.

კუზმას საგუშაგოზევე პატარა კუთხეში, რომელსაც პროჟექტორის უკანა ფარიდან გამონაკრთობი სინათლის ანჩხლი შუქი ხვდებოდა და მოყვითალოდ ანათებდა, ჰაკი აძბა მიჩქმალულიყო, ძრწოლვით და ცახცაცხით. ორივე ხელი მოაჯირისთვის ჩაევლო და ზედ მთელი ტანით მიკვროდა, რომ თავის ადგილს არ მოსწყვეტოდა. ჩოხის ამარა იყო და, როგორც ყოველთვის, ახლაც თავშიშველი.

ამღვრეულ სახეზე ყვითელი ფერი მისდგომოდა და მისი წკვარამი თვალები ყვითლად შეეღება. შიგ ყვითელივე ფერის შიში უკრთოდა და კიდევ რაღაც საიდუმლო ელვარება, მისი შეგნების მიუგნებელი სიღრმიდან ამომავალი, რომლის გამორკვევა არ შეიძლებოდა.

კუზმას ყოველ ბრძანებაზე მეზღვაურთა მიმართ, იგი თვალებს აახამხამებდა, კაკლებს გადაიტრიალებდა და მერე გულჩათხრობილად მინაბავდა, შემდეგ, თითქოს ღმერთს შეღაღადებსო, "შმიდტის" უფროსს ლოცვის კილოზე მიმართავდა:

- შენ დიდი კაცი ხარ, კაპიტან. ჰო, დიდი, ძალიან დიდი.

მის ხმაში სასტიკად დაფარული პირფერობა ისმოდა და გულზე ნაძალადევად მოწყვეტილი თაყვანისცემა ერთგულებისა და მორჩილების გრძნობით აჟღარუნებულიყო.

- მე შენ გემორჩილები, კაპიტან, სხვას არავის. შენ გემორჩილება ქარიშხალიც, კაპიტან. ჰო, დიდი ხარ, ძალიან დიდი. იმსახურე საწყალი გლეხი ჰაკი აძბა, რომელიც მუდამ შენი ერთგული იქნება.

ჰაკი პაუზით ლაპარაკობდა, დროს შერჩევით, ქარის ზუზუნსა და ზღვის ღრიალს შორის და კუზმას სმენას თითოეულ სიტყვას ისევე სწორად და ზუსტად უმიზნებდა, როგორც ამოღებულ ნიშანს თავის საყვარელ კარაბინს, რომელიც თავის სიცოცხლეში ერთხელაც კი არ აუცდენია.

კუზმას არ ეცალა ახლა ამ უცნაური აფხაზისათვის, მაგრამ რადგანაც ჰაკის სიტყვები მისგან პასუხის გაცემას ან საქმისაგან მოცდენას არ მოითხოვდნენ, არ უშლიდა ლაპარაკს, მაგრამ "შმიდტის" უფროსს ამას გარდა სხვა მოსაზრებაც ჰქონდა, რომ ჰაკი აძბა დაეახლოებინა და გაეთამამებინა.

საქმე ის არის, რომ კუზმა-მრისხანე თავიდანვე დიდად გააკვირვა ჰაკის ამბავმა. თავდაპირველად არც დაიჯერა მისი თავგანწირულება და თეთრგვარდიელი ოფიცრისადმი გამოჩენილი ერთგულება: ეგონა, რომ ეს იყო ძალდატანება და ჩაგონება თავადების მხრით, რომლებიც შეუგნებელსა და ერთგულ გლეხს ავალებდნენ საკუთარი სიცოცხლის განწირვით ბატონის დახსნას სიკვდილისაგან.

მაგრამ როცა საქმის ნამდვილ ვითარებას გაეცნო, მისი რევოლუციური შეგნება ისე აღშფოთდა, რომ ჰაკის კლასობრივი სიბრმავე საკუთარ შეურაცხყოფად მიიღო და გულში გადაწყვიტა, ამ იშვიათ ტიპს ახლოს გაცნობოდა, რათა ეცადნა მისი "დამუშავება".

კუზმას შეუძლებლად მიაჩნდა, რომ აფხაზი გლეხის შეგნებაში არ აღმოჩენილიყო სულ მცირე ნიადაგი მაინც ელემენტარული რევოლუციური იდეის შესათვისებლად. ძველი მეზღვაური და რევოლუციონერი ერთგვარი შეჯიბრების გრძნობამ მოიცვა.

და სანამ ზღვაზე უცბად ამოვარდნილი ქარტეხილი საშიში გახდებოდა, კუზმა ბევრს ესაუბრა ჰაკის. დაწვრილებით გამოჰკითხა ყოველი მისი ამბავი. მოეფერა. ერთთავად დაიახლოვა და დაიმოყვრა კიდევაც.

ჰაკი აძბა მიხვდა კუზმას განზრახვას. მაშინვე დაჰყვა ნებას. მისი გულის სიღრეში ისევ იმედმა გაიბრჭყვიალა, რომელიც გემზე ამოსვლისას და მეზღვაურების განწყობილების გაცნობისთანავე სრულიად დაჰკარგა. სიტყვას სითამამე შეემატა და გონების ბუნებრივი სიმახვილე გაუორკეცდა. კუზმას მოპყრობა შეიგრძნო წილადხდომილ ზღაპრულ ბედივით, რომელსაც თავისი გმირები ყოველი განსაცდელისაგან უვნებელი გამოჰყავს.

რაც კი ცხოვრების გამოცდილების მარაგი ჰქონდა, ყველას თავი მოუყარა, თუ რამე ნიჭი გააჩნდა, - მიხვედრის, განჭვრეტის თუ მოაზრების - ყველა ერთად დარაზმა და კუზმას გულისა და ნდობის მოსაგებად აამოქმედა.

* * * * * * *

- მე ვიბრძოლებ შენს მხარეზე, კაპიტან, - განაგრძობდა ჰაკი აძბა ისევ გრიგალის ღმუილის ინტერვალებში ისეთი ფრთხილი, მოზომილად შემპარავი ხმით, რომ იგი კუზმას ხელისშემშლელ ტვირთად არ მოსჩვენებოდა და მისი სმენა ტალღებთან ბრძოლისათვის საჭირო თადარიგს არ მოსწყვეტოდა.

მისი სიტყვები კუზმას ყურამდე მართლაც სხვათა შორის აღწევდნენ, როგორც უმნიშვნელო რამ წვრილმანი, რომლის უყურადღებოდ დატოვება შეიძლებოდა, - როგორც ტალღას მოწყვეტილი ერთი წვეთის გაშხაპუნება ან უკუქცეული ქარის ფრთებშეკეცილი შემობერვის გაშრიალება.

- ბევრი გყავს მტერი, კაპიტან, ძალიან ბევრი. მე ეს ვიცი და ძალიან კარგი იქნებოდა, რომ შენს ძალას ერთი-ორი კაცი კიდევ შემატებოდა. უფრო ძლიერი იქნებოდი. ომში ყოველი კაცი ძალაა, კაპიტან. უნდა იანგარიშო. ოღონდ უნდა ვარგოდნენ კი... უბრძანე, დავალება მიეცი, მტერს მიუსიე და თუ არ გაიმარჯვეს, ზედ შეაკალი, რა გენაღვლება... თვალი ისე უნდა უჭრიდეთ, როგორც მახვილი.

გული და მკლავი უფრო მაგარი უნდა ჰქონდეთ, ვინემ რკინაა. ვინ იცის, სად და როგორ გამოგადგებიან. კარგია, კაპიტან, ძალიან კარგი, თუ ომში გამოცდილი ერთი-ორი კაცი შემოგემატა.

კუზმა მრისხანე მაინცდამაინც ვერ გარკვეულიყო ჰაკი აძბას "ერთი-ორი კაცის" შემატების ბუნდოვან ფილოსოფიაში. აფხაზის აზრის ბუნდოვანებას მის უცნაურ რუსულს უფრო აწერდა. რადგანაც არ ეცალა მეტი დრო და ყურადღება დაეთმო მის სმენას დამიზნებული სიტყვებისთვის, ჰაკის ასე გაეხუმრა:

- შენ კი აქამდის ჩვენს მოსისხლე მტერს მხარს უჭერდი, ჰაკი. მაშინაც კი ეხმარებოდი, როცა მან ერთი მებრძოლი ამხანაგი ვერაგულად მოგვიკლა, ხოლო მეორე დაგვიჭრა... ორივე შენისთანა ხალხის, მუშების და გლეხების თავისუფლებისათვის იბრძოდა... ჩვენი მტერი - შენი მტერიცაა, ეს უნდა იცოდე! - ჰაააჰაიტ, ბრმა კაცის ამბავია, კაპიტან, სიკვდილის ღირსი ვარ. კუზმამ განაგრძო:

- თავის განწირვაც კი გინდოდა ვერაგი მტრისათვის, რომ იგი პასუხისმგებლობისაგან გაგეთავისუფლებინა. თავი ძმების მოღალატედ გამოაცხადე... ის, ვინც შენმა თავადმა მოჰკლა, გლეხი იყო უბრალო, მერე შავ მუშად მუშაობდა ქალაქებში. ძლივს ირჩენდა თავს და წვრილ ცოლ-შვილს გაჭირვებით კვებავდა... ორი შვილი დარჩა, რომელთაგან უფროსი მხოლოდ სამი წლის არის...

- ჰაააჰაიტ, რა დიდი უბედურება მოხდა, კაპიტან. დამიჯერე. გული მტკივა მისთვის და უზომოდ ვწუხვარ. ძმასავით მენანება. ვიტირო მინდა, მე კი არასოდეს არ მიტირია, კაპიტან. ახლა კი ვტირი... ვაჰაჰაია, ძმაო, ვაჰაჰაია, ჩემო ძმაო.

და ჰაკიმ ხელისგული რამდენჯერმე შუბლზე ტკაცანით შემოიკრა. ზედ ზმუილი და ქვითინი მოაყოლა. მერე ვაიუიანი მოთქმა დაიწყო მოტირალი ქალივით. გაკვირვებულმა კუზმამ უცებ მისკენ თავი მოატრიალა, უნდოდა თვალით შეეხედა, რადგანაც ყურს არ დაუჯერა.

ჰაკის სახე ღრეჯით მოექცია: წარბებით დაჩრდილულ შავ ჯურღმულებში ჩამსხდარი ყვითელი თვალები უღრმესი მწუხარების შუქით აეციმციმებინა და ქუთუთოებზე, ორთავ ღაწვის გაყოლებით, ცხარე კურცხლებს ბრჭყვიალა მძივები ჩამოეკიდნა.

- ვაჰააჰაია... ვაჰაჰაია, ჩემო ძმაო, - მოთქვამდა იგი აფხაზურ ვაჰის კილოზე და თვალებიდან ცრემლი ღაპაღუპით ჩამოსდიოდა.

კუზმა გაოცებით შესცქეროდა უცნაურ აფხაზს. არ იცოდა, რა ეთქვა, რა ეფიქრნა, ან როგორ მოქცეულიყო...

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ლეო ქიაჩელი.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.