prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ჰაკი აძბა — თავი IV

ლეო ქიაჩელი · პროზა

– IV –

სოხუმის ნავსადგურში ჩამომდგარი კრეისერ "შმიდტის" მისაგებებლად წასულ ნავთა შორის მხოლოდ მოტორიანს მიჰყავდა რამდენიმე კაცი. დანარჩენებში მარტო მენიჩბენი ისხდნენ. ამათ სტუმრები უნდა გადმოესხათ ნაპირზე.

მოტორიან ნავში იმყოფებოდნენ: ქალაქისთავი სამსონ დავანაძე, მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე ნარიქ ეშბა და ხუთი მუშისაგან შემდგარი დელეგაცია, აფხაზეთში მცხოვრებ ეროვნებათა რიცხვის მიხედვით შერჩეული.

სოხუმის დელეგატებმა უკვე შორიდანვე შეათვალიერეს სამხედრო გემი. ყველა გააკვირვა ერთმა გარემოებამ: გემზე კაცთაგან ვერავინ ვერ შენიშნეს. მხოლოდ მიახლოებისას და კარგა დაკვირვების შემდეგ მათ ძლივს გაარჩიეს ზარბაზნების ყელებსა და საფეხურებს შორის მიმალული ორი გუშაგის უძრავი სილუეტების ნაკვთები, რომლებიც პირველად ზარბაზნების ბრინჯაოს ნაწილები ეგონათ.

წინა რიგზე, ზარბაზნების ერთ მხარეს, პირველი გუშაგის რკინისფერი პროფილი დაინახეს, ნიკაპს ქვემოთ ქიმის მოაჯირით დაფარული, რომელსაც ცხვირის წინ მზეზე მოლაპლაპე თოფის ლულა ასვეტოდა. პროფილი ისე იცქირებოდა ქალაქისაკენ, რომ მისი მხედველობის არეში უფრო ქალაქის შორეული ნაწილები იყო მოქცეული, ვინემ ნავსადგური და დელეგატების მოტორიანი ნავი.

ზარბაზნების მეორე მხარეს კი მეორე გუშაგის მხოლოდ ორი ნაკვთი მოჩანდა ზარბაზნების ყელს ზემოდან: შუბლწამოხურული სახე შავ ღრუებში ჩამსხდარი თვალებით, რომლებიც ნავში მსხდომთ მაღლიდან ლარის სისწორით დასცქეროდნენ, ხოლო ზარბაზნის ყელს ქვემოდან ამავე გუშაგის უჩინარი ტანის გვერდით ხაზზე, მარჯვენა ბარძაყის თავთან მიმაგრებული კუნთებდაჭიმული მკლავი და მუშტი, რომლებიც თოფის კონდახს მუხრუჭივით შემოკვროდნენ.

ამ სანახაობამ დელეგატების სახეზე განსაკუთრებული, უსიტყვო გაკვირვება გამოიწვია, რომელშიაც გემის მოულოდნელი დისციპლინისადმი მორიდება და შიშიც იხატებოდა და ფარული ეჭვიც, ამ დისციპლინის ნამდვილ არსებობაში შეტანილი: იქნება ეს განზრახ, ჩვენთვის არის მოწყობილიო.

მაგრამ "შმიდტის" მაღალი ფოლადისფერი კედელიც მალე აიმართა დელეგაციის წინ და ნავიც დადგა. უმალვე გემის ბანზე ჯაჭვმა გაიჩხრიალა და მაღლიდან რკინის კიბე დაეშვა, რომლის ბოლო საფეხური ზღვის ზედაპირს დასწვდა მომდგარი ნავის თავთან. არ გასულა ხანი, რომ კიბეზე შარვალგადმოშვებული ორი ჩექმა ამოძრავდა ერთიმეორის სწრაფი ცვლით და ნავის პირდაპირ საფეხურზე ორივე ერთად შედგა: სოხუმის დელეგაციის წინ, კიბეზე, დაბალი ტანის, მაგრამ მხარბეჭგანიერი მეზღვაური აიტუზა სამხედრო ყაიდაზე გამართული. მარჯვენა ხელის ჰაერში შესროლით სალამი მისცა ნავში მსხდომთ უსიტყვოდ, ტანის შეურხევლად და ყველას სათითაოდ თვალი შეავლო.

გულამოღებული ხალათი ეცვა, განიერ შარვალში ჩატანებული. წელზე ფართო ქამარი ერტყა, რომელშიაც წინიდან ყელზე შავი თასმით შებმული ნაგანი ჩაერჭო. მზისგან დამწვარ ძვლებამობურთულ ქოსა სახეზე შეუპოვრობის გამომხატველი იერი გადაკრავდა, ამჟამად დელეგაციის საპატივცემულოდ შენელებული. წამოზნექილი გულმკერდი მთლიანად დატატუირებული ჰქონდა, კუნძივით სქელ და დაბალ კისრამდე, რომლის ჩაყოლებაზე, მკერდის შუა ადგილას, ბეჭედივით წრეშემოვლებული ნამგალი და ჩაქუჩი აჯდა, ერთმანეთს გადაჭდობილი.

შეათვალიერა თუ არა მოსულები, ვინაობა ჰკითხა. პასუხი რომ მიიღო, ჯერ თავისთვის გასინჯა, მერე ხმამაღლა თავისებურად განმარტა ისეთი რუსულით, რომელიც პირველ გაგონებაზე ნავში მსხდომთ გაუგებარ ენად მოეჩვენათ.

- მაშასადამე, სოხუმის პროლეტარიატი და მისი რევოლუციური ხელისუფლება... - დაასკვნა მეზღვაურმა და დელეგატები ერთხელ კიდევ შეათვალიერა.

შემდეგ რატომღაც სამსონ დავანაძეს შეხედა გამორჩევით და მის გრძელ წვერზე შეაჩერა ჟღალი თვალები. ჰკითხა:

- თეთრგვარდიელები და სხვა ამისთანა არამზადები თუ გყავთ ქალაქში?

- ჩვენ ასეთ მხეცებს არ ვაშინაურებთ, ამხანაგო! არ გვყოლია, არ გვყავს და არც გვეყოლება! - ისეთი რიხით და გადამეტებულად მოწადინებული თავმომწონებით უპასუხა ქალაქისთავმა, რომ მეზღვაურის სახეზე ძალაუნებურად უნდობლობის ეჭვიანი ღიმილი გამოიწვია.

ამ გარემოებამ შეხვედრას მოულოდნელად შეუცვალა ოფიციალური სახე: ამდენ ხანს მხედრულად გამართულმა მეზღვაურმა უცებ ტანი მოუშვა, გაღიმებულ პირისახეზე დამცინავი ნაოჭი აათამაშა, ტუჩების მარცხენა კუთხის მოჭიმვით უცნაური ტყაპუნისებური ხმა გამოსცა და ცალი თვალი ცბიერად აახამხამა. მერე კატის სიმარდით მოწყდა კიბეს და ნავში ჩახტა. ქალაქისთავს მარჯვენა ხელი მხარზე ფამილარულად წაუთათუნა, მეგობრულად გაუცინა და შექებით უთხრა: - აი, ყოჩაღ, რომ ჩვენიანი ყოფილხარ. ძალიან მომეწონე!

შემდეგ სერიოზული, საქმიანი გამომეტყველება მიიღო და ყველასადმი მიმართვით განაგრძო:

- ახლა კი მითხარით, რაკი ამხანაგები ყოფილხართ, ეს რა ამბავი გაგიმართავთ ნაპირზე და ისიც მუსიკით? ძალიან ბევრი ხალხია, დროშებიც ძალიან ბევრი გქონიათ, სულ წითელი, რევოლუციური! ა? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ მეც და ამხანაგებიც დაგვაინტერესა ამ ამბავმა. მით უმეტეს, მე დღეს გემზე მორიგეთაგანი ვარ. ნება მომეცით, გამოგეცნაუროთ: ვასილი ხრიტანიუკ, არტილერისტი, მეგობრები კი ვასკა-პირატს მეძახიან.

სამსონ დავანაძე აღარ იყო ახლა ლაპარაკისათვის განწყობილი. მეზღვაურის წეღანდელი მოპყრობა და საქციელი მის მიმართ დაცინვად მოეჩვენა და ხალისი გაუფუჭდა. იმაზე ფიქრობდა, თუ რამდენად შეუფერებელი იყო მისი რიხიანი პასუხი მეზღვაურის პირველ შეკითხვაზე. გონებაში "შმიდტის" წითელი კაპიტნისათვის სათქმელად მოფიქრებულ სიტყვას სინჯავდა, კიდევ მარცხი რამ არ მომივიდესო, და ვასკა-პირატის უკანასკნელ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ნარიქ ეშბას დაუთმო.

- ქალაქ სოხუმის პროლეტარიატი, - დინჯად და რუსულის ისეთი სწორი გამოთქმით დაიწყო უკანასკნელმა, რომ მეზღვაური გაკვირვებით შეაჩერდა სახეში, რუსი ხომ არ არისო, - შავი ზღვის რევოლუციურ კრეისერს "შმიდტს" და მის გმირ მეზღვაურებს დღეს ზეიმით ეგებება, სასურველი სტუმრების მოსვლას დღესასწაულობს.

ხოლო ჩვენ აქ მისთვის მოვედით, რომ მთელი ამ კუთხის სახელით, რომელსაც აფხაზეთი ჰქვია, გემის მთელ ხელმძღვანელობას და, კერძოდ, მის სახელგანთქმულ მეთაურს ამხანაგ კუზმას უაღრესი პატივისცემა და ძმური სალამი გადავცეთ. ამას გარდა დავალებული გვაქვს, გთხოვოთ, ჩვენს დღევანდელ მიტინგს მთელი შემადგენლობით დაესწროთ, მონაწილეობა მიიღოთ მასში და შემდეგ ამხანაგურ პურმარილზე გვეწვიოთ. მეზღვაური მეტად კმაყოფილი დარჩა ეშბას ამ განცხადებით.

- რატომაც არა! ძალიან დიდი სიამოვნებითაც... ჰმ... შეიძლება, რასაკვირველია.

თქვა და თავი უცბად მაღლა შეისროლა, ზურგისაკენ გადაგდებით. თვალები გადაატრიალა და მოკუმული ტუჩებით მკვეთრად დაუსტვინა.

- ჰეი, ვინ ხართ მანდ? სმენა და გაგონება! გადაეცით უფროსებს, რომ ქალაქ სოხუმის დეპუტაცია მოვიდა და მათ ნახვას თხოულობს-თქო, მოყვრები არიან-თქო. ზეიმიც და მუსიკაც ჩვენთვის არის ნაპირზე გამართული-თქო! ჰეი, არ გესმით, ჭილყვავებო, რას დადუმებულხართ?

მაგრამ გემზე სიჩუმე მაინც არ დარღვეულა, თითქოს მეზღვაურის ძახილს ყურადღებაც კი არავინ მიაქციაო. მხოლოდ კარგა ხნის პაუზის შემდეგ ჯაჭვის კიბე ისევ შექანდა და მის საფეხურზე ძალიან უცნაური სახის ადამიანი გამოჩნდა, რომლის დანახვამ სოხუმელები მეტად გააოცა.

მეზღვაური ვასილი ხრიტანიუკი კი შეშინებული, უცბად ისევ ტანში გაიმართა მხედრულად, ყველა კუნთის ერთბაშად შეკვრით, და ისე მიაპყრო თვალები კიბეზე ჩამომავალს, თითქოს სიტყვის წარმოთქმამდე მისი სურვილის შეტყობა სწადია, რომ უმალვე შეასრულოსო.

სოხუმის დელეგატებსაც ძალაუნებურად მიებაძნათ მისთვის და კისერწაგრძელებულები ქვემოდან შესცქეროდნენ უფროსის სიდინჯით მათკენ მომავალ საკვირველებას. ამათი გაოცების მიზეზი ის იყო, რომ ამ კაცის ერთ ტანზე ორ პირისახესა და სამ თვალს ხედავდნენ სრულიად გარკვეულად.

იგი ნავს ორნაირი მიმართულებით დასცქეროდა. ერთთვალიანი სახით რომ დელეგატებს ათვალიერებდა, მეორე ორთვალიანი სახით ვასილი ხრიტანიუკს დასჩერებოდა რაღაც სასტიკი, რისხვიანი გამომეტყველებით, რომელსაც არ შეიძლებოდა შიში არ გამოეწვია, - შავი ქურთუკი ეცვა, სახელოებზე ყაითანშემოყოლებული, რომლის კალთის ქვეშ მარჯვენა გვერდზე მოგრძოლულიანი რევოლვერი ეკიდა ბუდით. ნავს რომ გაუპირისპირდა, შედგა.

- შენ რად ღრიალებ აგრე, ხრიტანიუკ, ბატისტვინო! - შემტევი ხმით მიმართა მეზღვაურს. ცოტა ხნის შემდეგ კი უცებ ხმას აუწია და, თითქოს ტყვია სტყორცნაო, დაუმატა: - წესს არღვევ!

"უთუოდ ეს არის "კუზმა-მრისხანე", - ერთდროულად გაიფიქრეს სოხუმელებმა და მართლა შეშინებულები მის შესახვედრად შეემზადნენ. - ქალაქის დელეგატების მოსვლა მინდოდა მეცნობებინა... გთხოვ, მაპატიოთ, ამხანაგო უფროსო, - შემკრთალი ხმით უპასუხა მეზღვაურმა უფროსს და დამნაშავის სახე უჩვენა.

უფროსმა ერთხანს კიდევ არ მოაშორა მას თავისი სასტიკი თვალები. მერე უცებ მთელი ტანით დელეგაციისაკენ შემოტრიალდა, ცალი ხელი ქუდისკენ აისროლა და მოკლედ წამოიძახა:

- სალამი!

მისი ორთვალიანი სახე ახლაც ისეთსავე სასტიკ მრისხანებას გამოხატავდა, როგორც ამას წინათ, როცა მორიგე მეზღვაურზე ჰქონდა მიპყრობილი, ხოლო მეორე, ერთთვალიანი, იღიმებოდა, იცინოდა და დელეგაციის სახეზე პირველის მიერ აღბეჭდილ შიშსა და გაოცებას ანელებდა.

სოხუმელები ნავის თავთან მიქუჩდნენ, სალამზე სალამით უპასუხეს. პირმცინარენი მიუახლოვდნენ.

მათ მხოლოდ ახლა გამოარკვიეს უფროსის გაორებული სახისა და გასამებული თვალების ნამდვილი ამბავი: - ეს იყო შედეგი დიდი, ღრმა, ძლივს შეხორცებული ჭრილობისა, რომლის მოწითალო კვალი მთელ სახეზე გადაუდიოდა ირიბად, მარცხენა საფეთქლიდან დაწყებული ნიკაპის მარჯვენა კუთხემდე. მარცხენა თვალის ზედა ქუთუთოს ერთი ნახევარი შუაში გაჭრილ წარბს ქვეშ, ჩამოთლილი ჰქონდა და გაშიშვლებული. კაკლის ნაწილი ამ ადგილას მუდამ ღია ცალკე თვალის შთაბეჭდილებას ტოვებდა მეორე ნაწილის გვერდით, რომელსაც ქუთუთოს ნაგლეჯი შერჩენოდა. ამ თვალიდან ჭრილობა ლოყას მიჰყვებოდა და ნესტოჩამოკვეთილ ცხვირთან, შუაში გადაჭრილ ტუჩებზე გადავლით, ნიკაპის მარჯვენა კუთხეში წყდებოდა.

სახის მთელი ეს კანშემოჭიმული ნახევარი უძრავი და უცვლელი იყო, სულ ერთნაირი გამომეტყველების მქონე, რომელიც უცვლელად უსასტიკესი რისხვის გამოხატულებას ატარებდა, წინააღმდეგ მეორე მთელი ნახევრისა, რომელსაც მშვიდი, ღრმა და ხანდაზმულობის გონიერი იერით ამეტყველებული თვალი ამშვენებდა.

საერთო მისალმების შემდეგ უფროსს სიტყვით ქალაქისთავმა სამსონ დავანაძემ მიმართა. მან არსებითად იგივე გაიმეორა, რაც ეშბამ პირველ მეზღვაურს უთხრა. მხოლოდ განსაკუთრებულად აღნიშნა დელეგაციის დიდი სურვილი "შმიდტის" წითელი კაპიტნის ამხანაგ კუზმას ნახვისა, რომლის შესახებ არა ერთი და ორი საკვირველი ამბავი სოხუმშიაც გაეგონათ (ეჭვი კი დაუმალა, რომ თავად იგი სწორედ კუზმა-მრისხანედ ჰყავდა წარმოდგენილი). - ეს მე ვარ "შმიდტის" წითელი კაპიტანი, ამხანაგი კუზმა, მრისხანედ წოდებული. ალბათ ეს სახელწოდება მტრებისაგან მაქვს შერქმეული. სამწუხაროდ, ახლა ამხანაგებიც ასე მეძახიან. თქვენც, ვფიქრობ, ამ სახელით მიცნობთ, - დაიწყო ორსახიანმა და სამთვალიანმა კაცმა ისეთი საამო ბოხი ხმით და ისე უბრალოდ, რომ ძნელი დასაჯერებელი იყო, ამას წინათ მეზღვაურისადმი მიმართული შენიშვნის ავტორი ასეთი საამო, გულითადი ხმის პატრონი ყოფილიყო.

- ამევე დროს მე ვარ კრეისერის ბოცმანთა რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარეც. მაქვს სრული რწმუნებულება ამ კომიტეტისაგან მისი სახელით გელაპარაკოთ. მოხარული ვარ თქვენი გაცნობის, მახარებს აგრეთვე თქვენი ქალაქის რევოლუციური განწყობილება და ჩვენდამი გამოჩენილი სიმპათია, რომელსაც ნაპირზე გამართული მიტინგი ააშკარავებს.

გარწმუნებთ, რომ ამ თანაგრძნობის ნიშნებს ჩვენ, ბოლშევიკები, სათანადოდ და თავის დროზე დავაფასებთ. ახლა კი ნება მომეცით, გაუწყოთ შემდეგი: ჩვენი კრეისერი ათ დღეზე მეტია, რაც ამ მხარეს იმყოფება რევოლუციური სამხედრო საბჭოს მიერ დავალებული ოპერაციების ჩასატარებლად.

გარემოება გვაიძულებს კიდევ რამდენსამე ხანს დავრჩეთ ამ ადგილებში, რაც გათვალისწინებული არ იყო. სწორედ ამან გამოიწვია გემის თქვენს ნავსადგურში შემოსვლა ორი-სამი საათით: თქვენს ქალაქში უნდა შევიძინოთ საჭირო სანოვაგე, რომელიც შემოგვაკლდა. ჩვენ გვაქვს თქვენებური ფულიც. ასე რომ, რასაც შევიძენთ, იმის ფასს ნაღდად გადავიხდით.

რაც შეეხება მიტინგზე დასწრებას, "შმიდტის" მეზღვაურები სიხარულით მიიღებენ მასში მონაწილეობას: მით უმეტეს, რომ მიტინგი ჩვენი გემის საპატივცემულოდ არის მოწყობილი, - დაამთავრა ამხანაგმა კუზმამ და სახის მთელი ნახევრით ისე გულითადად გაუცინა სმენად გადაქცეულ დელეგატებს, რომ მათ სრულიად დაავიწყა სახის მეორე, მუდამ საშინელი ნახევრის არსებობაც კი.

გათამამებულმა სამსონ დავანაძემ ბოლომდის ვერ მოითმინა და მცირე ხნის გასაუბრების შემდეგ წითელ კაპიტანს გულახდილი ხუმრობით უთხრა, რომ მისი სახის მარცხენა ნახევარმა, რომელიც უთუოდ არ შეეფერებოდა ბოცმანთა რევოლუციონური კომიტეტის თავმჯდომარისა და სახელოვანი კაპიტნის იშვიათ ინტელიგენტურ თვისებებს, მთელი დელეგაცია და პირადად ისიც მეტად შეაშინა პირველ დანახვაზე, ხოლო ახლა კი იგი ბედნიერია მით, რომ ეს შიში უსაფუძვლო აღმოჩნდა, და მეტსახელი "მრისხანეც" მართლაც, მტრების უსინდისო მიქარვაა და სხვა არაფერი.

კუზმას გაეცინა, მაგრამ ეს სიცილი უფრო გულმკერდის სიღრმიდან ისმოდა, ზღვის შორეული ბობოქარივით, ვინემ მის სახეზე იხატებოდა.

- ჭრილობაც მტრისგან მჭირს, - მიუგო მან დავანაძეს, როცა ყრუ სიცილი შეწყვიტა, და თითი ორთვალიან უძრავ სახეზე მიიდო, - ამ სახეს მხოლოდ მტრებისათვის ვატარებ. წარმოიდგინეთ: მეგობრები ვერც ამჩნევენ მას. ძალიან კმაყოფილი ვიქნები, თუ იგი თქვენი თვალების ნიშანს გარეშეც დარჩება.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ლეო ქიაჩელი.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.