თავი IV
– IV –
სოხუმის ნავსადგურში შემოსული კრეისერ „შმიდტის“ დასახვედრად წასულ ნავთა შორის მხოლოდ მოტორიანს მიჰყავდა რამდენიმე კაცი. დანარჩენებში მხოლოდ მენიჩბეები ისხდნენ. მათ სტუმრები ნაპირზე უნდა გადმოესვათ.
მოტორიან ნავში იმყოფებოდნენ: ქალაქისთავი სამსონ დავანაძე, მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე ნარიქ ეშბა და ხუთი მუშისაგან შემდგარი დელეგაცია, რომელიც აფხაზეთში მცხოვრებ ეროვნებათა რაოდენობის მიხედვით იყო შერჩეული.
სოხუმის დელეგატებმა უკვე შორიდანვე დაათვალიერეს სამხედრო გემი. ყველა გააკვირვა ერთმა გარემოებამ: გემზე ვერავინ შენიშნეს. მხოლოდ მიახლოებისას და კარგად დაკვირვების შემდეგ მათ ძლივს გაარჩიეს ზარბაზნების ყელებსა და საფეხურებს შორის მიმალული ორი გუშაგის უძრავი სილუეტების ნაკვთები, რომლებიც თავიდან ზარბაზნების ბრინჯაოს ნაწილები ეგონათ.
წინა რიგზე, ზარბაზნების ერთ მხარეს, პირველი გუშაგის რკინისფერი პროფილი დაინახეს, ნიკაპს ქვემოთ გემის მოაჯირით დაფარული, რომელსაც ცხვირის წინ მზეზე მოელვარე თოფის ლულა ასვეტოდა. პროფილი ისე იყურებოდა ქალაქისკენ, რომ მისი ხედვის არეში უფრო ქალაქის შორეული ნაწილები იყო მოქცეული, ვიდრე ნავსადგური და დელეგატების მოტორიანი ნავი.
ზარბაზნების მეორე მხარეს კი მეორე გუშაგის მხოლოდ ორი ნაკვთი მოჩანდა ზარბაზნების ყელს ზემოდან: შუბლწამოხურული სახე შავ ღრუებში ჩამჯდარი თვალებით, რომლებიც ნავში მსხდომთ მაღლიდან სწორხაზოვნად დასცქეროდნენ, ხოლო ზარბაზნის ყელს ქვემოდან ამავე გუშაგის უჩინარი ტანის გვერდით ხაზზე, მარჯვენა ბარძაყის თავთან მიმაგრებული კუნთებდაჭიმული მკლავი და მუშტი, რომლებიც თოფის კონდახს მუხრუჭივით შემოკვროდნენ.
ამ სანახაობამ დელეგატების სახეზე განსაკუთრებული, უსიტყვო გაკვირვება გამოიწვია, რომელშიც გემის მოულოდნელი დისციპლინისადმი მორიდება და შიშიც იხატებოდა და ფარული ეჭვიც, ამ დისციპლინის ნამდვილ არსებობაში შეტანილი: „იქნებ ეს განზრახ, ჩვენთვის არის მოწყობილიო.“
მაგრამ „შმიდტის“ მაღალი ფოლადისფერი კედელიც მალე აღიმართა დელეგაციის წინ და ნავიც გაჩერდა.
მაშინვე გემის გემბანზე ჯაჭვი აჩხრიალდა და ზემოდან რკინის კიბე ჩამოეშვა. მისი ბოლო საფეხური ზღვის ზედაპირს მიწვდა, ზუსტად იმ ნავის თავთან, რომელიც გემს მიუახლოვდა. ცოტა ხანში კიბეზე ორი ჩექმა გამოჩნდა, სწრაფად მოძრაობდნენ და ნავის პირდაპირ, ერთ-ერთ საფეხურზე ერთად დადგნენ. სოხუმის დელეგაციის წინ, კიბეზე, იდგა დაბალი, მაგრამ მხარბეჭიანი მეზღვაური, სამხედრო წესით გამართული. მან მარჯვენა ხელი ჰაერში ასწია და უსიტყვოდ, ტანის გაუძრავებლად მიესალმა ნავში მყოფებს, შემდეგ კი ყველას სათითაოდ შეხედა.
მას ეცვა გულამოღებული ხალათი, რომელიც განიერ შარვალში ჰქონდა ჩატანებული. წელზე ფართო ქამარი ერტყა, რომელშიც წინიდან, ყელზე შავი თასმით მიბმული ნაგანი იყო ჩარჭობილი. მზისგან დამწვარ, ძვლებით ამოზნექილ, უწვერო სახეზე შეუპოვარი გამომეტყველება გადაჰკრავდა, თუმცა ამჟამად დელეგაციის პატივსაცემად შერბილებული. მისი ამოზნექილი მკერდი მთლიანად დატატუირებული იყო, კუნძივით სქელ და მოკლე კისრამდე. კისრის ქვემოთ, მკერდის შუა ადგილას, ბეჭედივით წრეში ჩასმული, ერთმანეთზე გადაჭდობილი ნამგალი და ჩაქუჩი ჰქონდა გამოსახული.
როგორც კი მოსულები შეათვალიერა, მათი ვინაობა იკითხა. პასუხი რომ მიიღო, ჯერ თავისთვის გადაამოწმა, მერე კი ხმამაღლა, თავისებურად განმარტა ისეთი რუსულით, რომელიც ნავში მყოფებს თავიდან გაუგებარ ენად მოეჩვენათ.
„მაშასადამე, სოხუმის პროლეტარიატი და მისი რევოლუციური ხელისუფლება...“ – დაასკვნა მეზღვაურმა და დელეგატები კიდევ ერთხელ შეათვალიერა.
შემდეგ რატომღაც სამსონ დავანაძეს განსაკუთრებულად შეხედა და მისი გრძელი წვერზე შეაჩერა ჟღალი თვალები. ჰკითხა:
„თეთრგვარდიელები და სხვა ასეთი არამზადები თუ გყავთ ქალაქში?“
„ჩვენ ასეთ მხეცებს არ ვუშინაურებთ, ამხანაგო! არ გვყოლია, არ გვყავს და არც გვეყოლება!“ – ისეთი რიხით და ზედმეტად მონდომებული თავმომწონეობით უპასუხა ქალაქისთავმა, რომ მეზღვაურის სახეზე უნებურად უნდობლობის ეჭვიანი ღიმილი გამოჩნდა.
ამ გარემოებამ შეხვედრას მოულოდნელად შეუცვალა ოფიციალური ხასიათი: ამდენ ხანს სამხედროდ გამართულმა მეზღვაურმა უცებ ტანი მოადუნა, გაღიმებულ სახეზე დამცინავი ნაოჭი აათამაშა, ტუჩების მარცხენა კუთხის მოჭიმვით უცნაური ტყაპუნისებური ხმა გამოსცა და ცალი თვალი ცბიერად აახამხამა. მერე კატის სისწრაფით მოწყდა კიბეს და ნავში ჩახტა. ქალაქისთავს მარჯვენა ხელი მხარზე მეგობრულად დაჰკრა, გაუღიმა და შექებით უთხრა: „აი, ყოჩაღ, რომ ჩვენიანი ყოფილხარ. ძალიან მომეწონე!“
შემდეგ სერიოზული, საქმიანი გამომეტყველება მიიღო და ყველას მიმართ განაგრძო:
„ახლა კი მითხარით, რაკი ამხანაგები ყოფილხართ, ეს რა ამბავი გაგიმართავთ ნაპირზე და ისიც მუსიკით? ძალიან ბევრი ხალხია, დროშებიც ძალიან ბევრი გქონიათ, სულ წითელი, რევოლუციური! ა? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ მეც და ამხანაგებიც დაგვაინტერესა ამ ამბავმა. მით უმეტეს, მე დღეს გემზე მორიგე ვარ. ნება მომეცით, გაგეცნოთ: ვასილი ხრიტანიუკი, არტილერისტი, მეგობრები კი ვასკა-პირატს მეძახიან.“
სამსონ დავანაძე ახლა აღარ იყო ლაპარაკის ხასიათზე. მეზღვაურის წინა საქციელი და მოპყრობა მის მიმართ დაცინვად მოეჩვენა და ხალისი გაუფუჭდა. იმაზე ფიქრობდა, თუ რამდენად შეუფერებელი იყო მისი რიხიანი პასუხი მეზღვაურის პირველ შეკითხვაზე. გონებაში „შმიდტის“ წითელი კაპიტნისთვის სათქმელად მოფიქრებულ სიტყვას სინჯავდა, კიდევ მარცხი არ მომივიდესო, და ვასკა-პირატის ბოლო შეკითხვაზე პასუხის გაცემა ნარიქ ეშბას დაუთმო.
„ქალაქ სოხუმის პროლეტარიატი,“ – დინჯად და რუსულის ისეთი სწორი გამოთქმით დაიწყო ეშბამ, რომ მეზღვაური გაკვირვებით შეაჩერდა სახეში, რუსი ხომ არ არისო, – „შავი ზღვის რევოლუციურ კრეისერს „შმიდტს“ და მის გმირ მეზღვაურებს დღეს ზეიმით ეგებება, სასურველი სტუმრების მოსვლას დღესასწაულობს.
ჩვენ კი აქ იმიტომ მოვედით, რომ მთელი ამ კუთხის სახელით, რომელსაც აფხაზეთი ჰქვია, გემის მთელ ხელმძღვანელობას და, კერძოდ, მის სახელგანთქმულ მეთაურს, ამხანაგ კუზმას, უდიდესი პატივისცემა და ძმური სალამი გადავცეთ. ამას გარდა, დავალებული გვაქვს, გთხოვოთ, ჩვენს დღევანდელ მიტინგს მთელი შემადგენლობით დაესწროთ, მონაწილეობა მიიღოთ მასში და შემდეგ ამხანაგურ სუფრაზე გვეწვიოთ.“ მეზღვაური ძალიან კმაყოფილი დარჩა ეშბას ამ განცხადებით.
„რატომაც არა! ძალიან დიდი სიამოვნებითაც... ჰმ... შეიძლება, რა თქმა უნდა.“
თქვა და თავი უცებ მაღლა ასწია, ზურგისკენ გადააგდო. თვალები გადაატრიალა და მოკუმული ტუჩებით მკვეთრად დაუსტვინა.
„ჰეი, ვინ ხართ მანდ? მომისმინეთ და გაიგონეთ! გადაეცით უფროსებს, რომ ქალაქ სოხუმის დელეგაცია მოვიდა და მათ ნახვას თხოულობს-თქო, მეგობრები არიან-თქო. ზეიმიც და მუსიკაც ჩვენთვის არის ნაპირზე გამართული-თქო! ჰეი, არ გესმით, ჭილყვავებო, რას დადუმებულხართ?“
მაგრამ გემზე სიჩუმე მაინც არ დარღვეულა, თითქოს მეზღვაურის ძახილს ყურადღებაც კი არავინ მიაქცია. მხოლოდ საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ ჯაჭვის კიბე ისევ შექანდა და მის საფეხურზე ძალიან უცნაური გარეგნობის ადამიანი გამოჩნდა, რომლის დანახვამ სოხუმელები მეტად გააოცა.
მეზღვაური ვასილი ხრიტანიუკი კი შეშინებული, უცებ ისევ სამხედროდ გაიმართა, ყველა კუნთის ერთდროულად შეკვრით, და ისე მიაპყრო თვალები კიბეზე ჩამომავალს, თითქოს სიტყვის თქმამდე მისი სურვილის გაგება სურდა, რომ მაშინვე შეესრულებინა.
სოხუმის დელეგატებმაც უნებურად მიბაძეს მას და კისერწაგრძელებულები ქვემოდან შესცქეროდნენ უფროსის სიდინჯით მათკენ მომავალ საკვირველებას. მათი გაოცების მიზეზი ის იყო, რომ ამ კაცის ერთ ტანზე ორ სახესა და სამ თვალს ხედავდნენ სრულიად გარკვევით.
იგი ნავს ორი სხვადასხვა მიმართულებით დასცქეროდა. ერთთვალიანი სახით რომ დელეგატებს ათვალიერებდა, მეორე ორთვალიანი სახით ვასილი ხრიტანიუკს დასჩერებოდა რაღაც სასტიკი, გაბრაზებული გამომეტყველებით, რომელსაც არ შეეძლო შიში არ გამოეწვია – მას ეცვა შავი ქურთუკი, სახელოებზე ნაქარგით შემკული, რომლის კალთის ქვეშ მარჯვენა გვერდზე მოგრძო რევოლვერი ეკიდა ბუდით. ნავს რომ გაუპირისპირდა, შედგა.
„შენ რატომ ღრიალებ ასე, ხრიტანიუკ, ბატივით!“ – შემტევი ხმით მიმართა მეზღვაურს. ცოტა ხნის შემდეგ კი უცებ ხმას აუწია და, თითქოს ტყვია სტყორცნაო, დაუმატა: „წესს არღვევ!“
„უთუოდ ეს არის „კუზმა-მრისხანე“, – ერთდროულად გაიფიქრეს სოხუმელებმა და მართლა შეშინებულები მის შესახვედრად მოემზადნენ. – „ქალაქის დელეგატების მოსვლა მინდოდა მეცნობებინა... გთხოვთ, მაპატიოთ, ამხანაგო უფროსო,“ – შეშინებული ხმით უპასუხა მეზღვაურმა უფროსს და დამნაშავის სახე მიიღო.
უფროსმა კიდევ ცოტა ხანს არ მოაშორა მას თავისი სასტიკი თვალები. მერე უცებ მთელი ტანით დელეგაციისკენ შემოტრიალდა, ცალი ხელი ქუდისკენ აისროლა და მოკლედ წამოიძახა:
„სალამი!“
მისი ორთვალიანი სახე ახლაც ისეთივე სასტიკ მრისხანებას გამოხატავდა, როგორც ამას წინათ, როცა მორიგე მეზღვაურზე ჰქონდა მიპყრობილი, ხოლო მეორე, ერთთვალიანი, იღიმებოდა, იცინოდა და დელეგაციის სახეზე პირველის მიერ აღბეჭდილ შიშსა და გაოცებას ამცირებდა.
სოხუმელები ნავის თავთან მიგროვდნენ, სალამზე სალამით უპასუხეს. მომღიმარნი მიუახლოვდნენ.
მათ მხოლოდ ახლა გაარკვიეს უფროსის გაორებული სახისა და გასამებული თვალების ნამდვილი მიზეზი: ეს იყო დიდი, ღრმა, ძლივს შეხორცებული ჭრილობის შედეგი, რომლის მოწითალო კვალი მთელ სახეზე ირიბად გადაუდიოდა, მარცხენა საფეთქლიდან დაწყებული ნიკაპის მარჯვენა კუთხემდე. მარცხენა თვალის ზედა ქუთუთოს ერთი ნახევარი შუაში გაჭრილ წარბს ქვეშ, ჩამოჭრილი ჰქონდა და გაშიშვლებული. თვალის კაკლის ნაწილი ამ ადგილას მუდამ ღია, ცალკე თვალის შთაბეჭდილებას ტოვებდა მეორე ნაწილის გვერდით, რომელსაც ქუთუთოს ნაგლეჯი შერჩენოდა. ამ თვალიდან ჭრილობა ლოყას მიჰყვებოდა და ნესტოჩამოჭრილ ცხვირთან, შუაში გადაჭრილ ტუჩებზე გადავლით, ნიკაპის მარჯვენა კუთხეში წყდებოდა.
სახის მთელი ეს კანშემოჭიმული ნახევარი უძრავი და უცვლელი იყო, სულ ერთნაირი გამომეტყველების მქონე, რომელიც უცვლელად უსასტიკესი რისხვის გამოხატულებას ატარებდა, განსხვავებით მეორე მთელი ნახევრისგან, რომელსაც მშვიდი, ღრმა და ასაკოვანი ადამიანის გონიერი იერით ამეტყველებული თვალი ამშვენებდა.
საერთო მისალმების შემდეგ უფროსს სიტყვით ქალაქისთავმა სამსონ დავანაძემ მიმართა. მან არსებითად იგივე გაიმეორა, რაც ეშბამ პირველ მეზღვაურს უთხრა. მხოლოდ განსაკუთრებულად აღნიშნა დელეგაციის დიდი სურვილი „შმიდტის“ წითელი კაპიტნის, ამხანაგ კუზმას ნახვისა, რომლის შესახებ არა ერთი და ორი საოცარი ამბავი სოხუმშიც გაეგონათ (ეჭვი კი დაუმალა, რომ თავად იგი სწორედ კუზმა-მრისხანედ ჰყავდა წარმოდგენილი).
ორსახიანმა და სამთვალიანმა კაცმა, რომელიც კუზმა იყო, ლაპარაკი დაიწყო. მისი ხმა სასიამოვნო და ბოხი იყო, თან ისე უბრალოდ ლაპარაკობდა, რომ ძნელი დასაჯერებელი იყო, თითქოს ეს ის კაცი ყოფილიყო, ვინც ცოტა ხნის წინ მეზღვაურს შენიშვნა მისცა. მან თქვა: „მე ვარ „შმიდტის“ წითელი კაპიტანი, ამხანაგი კუზმა, რომელსაც „მრისხანეს“ მეძახიან. ალბათ, ეს სახელი მტრებმა შემარქვეს. სამწუხაროდ, ახლა ამხანაგებიც ასე მეძახიან. ვფიქრობ, თქვენც ამ სახელით მიცნობთ.“
კუზმამ განაგრძო: „ამავე დროს, მე ვარ კრეისერის ბოცმანთა რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე. მაქვს სრული უფლება ამ კომიტეტის სახელით გელაპარაკოთ. მოხარული ვარ თქვენი გაცნობით. ასევე მახარებს თქვენი ქალაქის რევოლუციური განწყობა და ჩვენდამი გამოჩენილი სიმპათია, რასაც ნაპირზე გამართული მიტინგი აჩვენებს.“
„გარწმუნებთ, რომ ჩვენ, ბოლშევიკები, ამ თანაგრძნობას სათანადოდ და დროულად დავაფასებთ. ახლა კი ნება მომეცით, გითხრათ შემდეგი: ჩვენი კრეისერი ათ დღეზე მეტია, რაც ამ მხარეშია. ის აქ რევოლუციური სამხედრო საბჭოს მიერ დავალებული ოპერაციების ჩასატარებლად იმყოფება.“
„გარემოება გვაიძულებს კიდევ ცოტა ხანს დავრჩეთ ამ ადგილებში, რაც თავიდან გათვალისწინებული არ იყო. სწორედ ამიტომ შემოვიდა გემი თქვენს ნავსადგურში ორი-სამი საათით: თქვენს ქალაქში უნდა ვიყიდოთ საჭირო საკვები, რომელიც შემოგვაკლდა. ჩვენ გვაქვს თქვენებური ფულიც. ასე რომ, რასაც ვიყიდით, იმის ფასს ნაღდად გადავიხდით.“
„რაც შეეხება მიტინგზე დასწრებას, „შმიდტის“ მეზღვაურები სიხარულით მიიღებენ მასში მონაწილეობას. მით უმეტეს, რომ მიტინგი ჩვენი გემის საპატივცემულოდ არის მოწყობილი,“ – დაამთავრა ამხანაგმა კუზმამ და სახის მთელი ნახევრით ისე გულითადად გაუღიმა დელეგატებს, რომლებიც ყურადღებით უსმენდნენ, რომ მათ სრულიად დაავიწყდათ სახის მეორე, მუდამ საშინელი ნახევრის არსებობაც კი.
გათამამებულმა სამსონ დავანაძემ ბოლომდე ვერ მოითმინა და მცირე ხნის საუბრის შემდეგ წითელ კაპიტანს გულახდილი ხუმრობით უთხრა, რომ მისი სახის მარცხენა ნახევარმა, რომელიც ნამდვილად არ შეეფერებოდა ბოცმანთა რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარისა და სახელოვანი კაპიტნის იშვიათ ინტელექტუალურ თვისებებს, მთელი დელეგაცია და პირადად ისიც ძალიან შეაშინა პირველ დანახვაზე. ახლა კი ის ბედნიერია იმით, რომ ეს შიში უსაფუძვლო აღმოჩნდა, და მეტსახელი „მრისხანეც“ მართლაც, მტრების უსინდისო მოგონილია და სხვა არაფერი.
კუზმას გაეცინა, მაგრამ ეს სიცილი უფრო გულმკერდის სიღრმიდან ისმოდა, ზღვის შორეული ღრიალივით, ვიდრე მის სახეზე იხატებოდა.
„ჭრილობაც მტრისგან მჭირს,“ – მიუგო მან დავანაძეს, როცა ყრუ სიცილი შეწყვიტა, და თითი ორთვალიან უძრავ სახეზე მიიდო. „ამ სახეს მხოლოდ მტრებისათვის ვატარებ. წარმოიდგინეთ: მეგობრები ვერც კი ამჩნევენ მას. ძალიან კმაყოფილი ვიქნები, თუ იგი თქვენი თვალებისთვისაც შეუმჩნეველი დარჩება.“