prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ჰაკი აძბა — თავი VIII

ლეო ქიაჩელი · პროზა

– VIII –

თვალცრემლიანები შეხვდნენ ერთმანეთს უჯუში და თოუხან მარშანი. კარგა ხანს შერჩათ გადაჭდობილად ჩამორთმეული ხელები. გულითადი თანაგრძნობით გულაჩვილებული მარშანი ტირილს ძლივს იკავებდა.

დიდხანს დუმდნენ.

- რა მექნა, თავს დამესხნენ, - თქვა ბოლოს უჯუშმა და კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა.

- შოუჰარ და ლილი შეიპყრეს, უჯუშ, - წარმოთქვა თოუხანმა და უჯუშს თვალი აარიდა.

- ჰაიტ, რა დიაცურად მოქცეულან ის ძუ ძაღლები, - წამოიძახა ჰაკიმ, მაგრამ თავის ჭუჭრუტანისათვის თვალი მაინც არ მოუშორებია.

უჯუშმა უცებ ხელი შეუშვა მარშანს. ერთი ნაბიჯი უკან გადადგა და მთელი ტანით გაიმართა. - მოხუცებული დედაჩემი შეიპყრეს! ლილიც! - ხელების გაშლით წამოიგმინა მან და თოუხანის არიდებული თვალები რომ დაინახა, ემხებს გადახედა, თითქოს მათგან ცნობის დადასტურებას თხოულობსო.

- მისმინე კიდევ, უჯუშ, ბოლშევიკებმა შენს მაგიერ ბექირბი ჩაჩბა დაატყვევეს. გემზე ჰყავთ. ერთი საათი ვადა მოგვცეს. რომ...

ამის გაგონებაზე ემხა ისევ მივარდა მარშანს. მკლავებზე ხელები შეავლო.

- მერე? - ჰკითხა სულშეხუთულად და შეანჯღრია, - მერე-მეთქი, თოუხან?

თოუხანი გაუჩუმდა.

მცირე ხნის საერთო სიჩუმის შემდეგ ერთ-ერთმა ემხამ წარმოთქვა:

- ვაჰვაჰაი, უჯუშ. შენმა ახლობლებმა და აფხაზეთის რჩეულმა თავადებმა ასე იფიქრეს: ბექირბი ჩაჩბას განწირვა არ იქნებაო და შენთან ეს სიტყვა დაგვაბარეს. ესეც თქვეს: მთელი აფხაზეთი ჩაერევა ამ საქმეში და უჯუშს სიკვდილისაგან იხსნისო.

სულ მცირე ხნის სიჩუმე ჩამოვარდა კვლავ. ყველა უჯუშს შეჰყურებდა სულმოუთქმელად.

- მესმის, ძმებო, ყველაფერი. დაფიქრებაც კი პატივს ამყრიდა თქვენს თვალში. საჭირო არ არის ზედმეტი სიტყვა. მზად ვარ გამოვცხადდე, - წარმოთქვა უჯუშმა და აქამდე გაფითრებულ სახეზე სისხლი მოაწვა.

ახლა კი ჰაკი აძბამ თავისი საფარი დააგდო და უჯუშს და თოუხან მარშანს შუა ჩადგა. მთელი ტანით დაიგრიხა და დაიკლაკნა. მიწისფერ ტუჩებში თეთრი კბილები გამოაჩინა: - სიტყვა... სიტყვა მათქმევინეთ. აჩქარება ჭკუას არ ეწყობა. მომისმინეთ: ჯერ არ ყოფილა ქვეყანაზე ისეთი კანონი, რომ ნამდვილი დამნაშავის მაგიერ სრულიად უდანაშაულო კაცი დაესაჯათ.

ბექირბი ჩაჩბას არა უშავს რა. ის მთელი აფხაზეთის თავკაცად ითვლება და დიდი თავადიც არის. მას ხელს ცუდად ვერავინ ვერ შეახებს. მართალია, შეწუხება არ აცდება და ერთ ხანს, შეიძლება, ტყვედაც დარჩეს, მაგრამ სიკვდილი კი არ მოელის. მერე თქვენ ბრძანებთ, მთელი აფხაზეთი საქმეში ჩაერევაო, და ხომ ცხადია, რომ უდანაშაულო ბექირბის დახსნა უფრო ადვილად მოხერხდება. უჯუშს კი ბოლშევიკები მაშინვე დახვრეტენ, როგორც კი იგი ხელში ჩაუვარდებათ.

ეს მართალია, როგორც მზე, რომელიც დედამიწას ანათებს, ბატონიშვილო თოუხან, და მე ვიცი, რომ უჯუში შენ გიყვარს. უჯუშმაც იმისთვის დაგიბარა, რომ გასაჭირში მოხმარებოდი. შენ კი იგი სასიკვდილოდ გაგიმეტებია. გთხოვთ, აპატიოთ მის ძიძისშვილს ეს საყვედური.

- ჰაკი! - შეწყრომით მიმართა ჰაკის უჯუშმა, - მე ვთქვი, ზედმეტი სიტყვა საჭირო არ არის-მეთქი. შენც დადუმდი.

- კადნიერებაა, რომ მდაბიო კაცი ბრწყინვალე თავადების წინაშე სიტყვის თქმას ბედავს, მაგრამ მე არ შემიძლია შენი თავი სიკვდილს დავუთმო, უჯუშ, სანამ ცოცხალი ვარ. შენმა გამზრდელმა მამაჩემმა მიანდერძა, როცა კვდებოდა: უჯუში შენი მზე არის, ეს იცოდეო. სიცოცხლე იმისათვის მომიცია, რომ იგი უჯუშს შესწირო, როცა ამის საჭიროება დადგებაო. დედაჩემმაც გაიგონა ეს სიტყვები და შენი ძიძა დღესაც ცოცხალია.

უჯუშმა ხელი მოჰკიდა ჰაკის, თოუხანს მოაშორა. გვერდით ამოიყენა.

- დაჩუმდი, ჰაკი, - ბრძანებისა და თან მოფერების კილოთი უთხრა და სიტყვა თოუხანზე გადაიტანა.

- კარგად მესმის, თოუხან, რისთვის მოსულხარ. ალბათ ეს არის ერთადერთი გამოსავალი. სხვა რომ არსებობდეს, უკეთესი, შენც იმას მირჩევდი. ეს მე მწამს, როგორც შენი ძმობა. აპატიე ჰაკის. შენ ხომ იცი მისი ამბავი, - მცირე ხნით სიტყვა შეწყვიტა. მერე ისევ განაგრძო:

- მე ახლა მაწუხებს მხოლოდ ერთი ამბავი, თოუხან, ჩემი იარაღი მტერს არ მინდა მივცე ნებაყოფლობით. გთხოვ, შენ ჩაიბარო იგი.

თოუხან მარშანმა პასუხად მკლავები ფართოდ გაშალა, უჯუშს მხრებზე მოხვია და მწარედ აქვითინებული მთელი ტანით გადაეჭდო, გულში ჩაიკრა.

* * * * * * *

თოუხან მარშანმა და ემხებმა შუაში ჩაყენებული უიარაღო უჯუშ ემხა მის ეზოში შეიყვანეს, სადაც ხალხი ირეოდა და მილიცია ჯერ კიდევ ჩხრეკას განაგრძობდა.

- უჯუშ ემხა! უჯუშ ემხა! - გაისმა ყველა მხრიდან გაკვირვებული ხმა.

და უცებ აწივლებული ბავშვის ტირილი შეერია საერთო ახმაურებას:

- უჯუშ! ძმაო, უჯუშ! წადი აქედან. არ მოხვიდე. წადი, უჯუშ, შენი ჭირიმე! - ეს იყო ლილი, რომელიც ძმის დანახვაზე სახეს იკაწრავდა და ჰკიოდა. უჯუშ ემხას ნათესავები ჭიშკართან მიეგებნენ. გარს შემოერტყნენ, გაამხნევეს. საქციელი და ვაჟკაცობა მოუწონეს, რომ უფროსების სიტყვა დაიჯერა და გამოცხადდა.

- სხვა გამოსავალი არ იყო, უჯუშ, მაგრამ შიში ნუ გაქვს: სიკვდილით არაფერს გაგიჭირვებთ.

სამსონ დავანაძეც დიდი რიხით მივიდა უჯუშთან. ქუდის მოხდით სალამი მისცა. მერე ხელიც ჩამოართვა. მადლობა უთხრა ქალაქის სახელით, რომ დროზე გამოცხადდა, და შემდეგ ასე მიმართა:

- ძალიან ვწუხვარ, თავადო, რომ ეს მეტად საწყენი საქმე შეგემთხვათ და ჩვენც იძულებული ვართ, სასტიკი აუცილებლობის წინაშე ქედი მოვიხაროთ. დარწმუნებული იყავით, რაც გაგვივა, ცდას არ დავაკლებთ, რომ მდგომარეობა შეგიმსუბუქოთ.

და თანაგრძნობის გამომხატველი სახე უჩვენა როგორც უჯუშს, ისე მთელ მის ნათესაობას.

ამ დროს მილიციის უფროსიც მიუახლოვდა თავადების წრეს. სანამ უჯუშ ემხასთან მოვიდოდა, უცებ წინ საიდანღაც იქ გაჩენილი ჰაკი აძბა აესვეტა და შეაყენა. თავი მდაბლად დაუკრა, მერე ხელი გაიკრა თოფზე, საკვირველი სისწრაფით გადაიძრო მხრიდან, ორივე ხელისგულზე გადაიდვა და გაკვირვებულ მილიციის უფროსს გაუწოდა.

- მე ვარ ჰაკი აძბა, ბატონო უფროსო, უჯუშ ემხას ძიძიშვილი, რომელსაც აქ ყველა იცნობს, ვისაც ემხას ბრწყინვალე სახელი გაუგონია. მაპატიე, რომ შეგაჩერე, მაგრამ განცხადება მაქვს ფიცის ქვეშ მოსაცემი და გთხოვთ, მომისმინოთ. უჯუშ ემხას მე ვახლდი იმ დროს, როცა მას მეზღვაურები თავს დაესხნენ. იმისათვის ვატარებ იარაღს და დედაჩემის გაზრდილს იმისათვის ვახლავარ დღედაღამ, რომ ის ყოველი ხიფათისაგან დავიცვა.

თავდამსხმელებს მე ვესროლე რევოლვერი და ჩემმა ტყვიამ ორი მათგანი იმსხვერპლა. უჯუშ ემხას კი იარაღისათვის ხელიც არ უხლია. დიახ, მე ვარ მკვლელი იმ მეზღვაურებისა, ბატონო უფროსო, დამიჭირეთ და წარმადგინეთ, სადაც საჭიროა. ჰა, ჩემი თოფი, ეს რევოლვერიც და ესეც ჩემი სატევარი, ჩაიბარეთ. უჯუშ ემხას კი არა დაუშავებია რა. გთხოვთ, მას ხელი არ ახლოთ.

და გაკვირვებულ მილიციის უფროსს ჰაკი აძბამ ფეხებთან დაულაგა თავისი კარაბინი, რევოლვერი და სატევერი.

უცებ ჩამიჩუმიც კი შეწყდა ირგვლივ და სულგანაბული დუმილი ჩამოწვა ხალხში.

დუმილის ჯაჭვი პირველად გაწყდა თავადების ჯგუფთან, რომელიც უჯუშ ემხას გარს შემოკვროდა. ჰაკი აძბას ჯერ კიდევ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ იქ ჩოჩქოლი ატყდა და თოუხან მარშანი უჯუშს უცებ მთელი ძალ-ღონით შეეტოტა. მკლავები შეუკრა და ადგილიდან დაძვრის საშუალება მოუსპო.

ეს მოხდა იმ წამში, როცა ემხამ ჰაკის სიტყვების გაგონებაზე ადგილიდან მორღვევა დააპირა და ძიძიშვილის სიტყვების გასაბათილებლად შეემზადა. მან მხოლოდ მოასწრო ერთი სიტყვის წამოყვირება საშინელი დამუქრებით:

- ჰაკი!

მაგრამ ახლა ხუთიოდე თავადის ხელისგული პირზე აეფარა და სუნთქვა შეუკრა.

- უჯუშ, ხმა არ ამოიღო.

და ისე ვიწროდ შეჰკრეს წრე მის გარშემო, რომ გასაქანი არ მისცეს, შებორკეს და შეხუთეს.

- ძიძიშვილი რომ არის, თავიც უნდა გასწიროს შენთვის, კარგად იქცევა, იცოდე, სიტყვა არ დასძრა.

- მით უმეტეს, რომ ჰაკი მდაბიოა, ბოლშევიკები ბატრაკად ჩასთვლიან და იქნება არც დახვრიტონ, შენ კი ოფიცერი ხარ და თავადი, სიკვდილი არ აგცდება. აცალე ჰაკის, ხელს ნუ შეუშლი.

ეუბნებოდნენ უჯუშს ყოველი მხრიდან

მაგრამ უჯუში მაინც არ ცხრებოდა. როცა ჰაკიმ ეს ამბავი შენიშნა, უკანდახევით მიუახლოვდა თავადების ჯგუფს, კისერი უცნაურად წაიგრძელა, თავი უჯუშის პირისახესთან მიიტანა და კბილების ღრჭიალით დაუსისინა დორბლიანი პირით:

- ვფიცავ შენს მზეს, უჯუშ, ჩემი ხელით დაგკლავ და მერე ჩემს ხორცს ცოცხლად ძაღლებს შევაჭმევ, თუ არ გაჩუმდი.

ჰაკის განცხადებაში პირველად ეჭვი არავის არ შეუტანია. ვისაც მისი ამბავი გაეგონა ან მისი ცნობა ჰქონდა პირადად, იმისთვის არაფერი იყო დაუჯერებელი ან არაჩვეულებრივი ამ განცხადებაში: ჰაკი უჯუშისათვის ათსაც მოჰკლავდა და წარბს არ შეიხრიდა, მაგრამ თავადების ჯგუფში უჯუშ ემხას გარშემო შექმნილმა ჩოჩქოლმა და ჩურჩულმა, მერე თვითონ უჯუშის წამოყვირებამ და ჰაკის უკანასკნელმა საქციელმა ბევრს ის აზრი დაუბადა, რომ აძბა იბრალებდა ემხას დანაშაულს, რათა იგი სასჯელისაგან ეხსნა. არც ეს ეწინააღმდეგებოდა ჰაკის ხასიათს და მის საყოველთაოდ ცნობილ თავგანწირულ ერთგულებას უჯუშისადმი.

ჰაკი აძბას მოქმედება ახლა სულ სხვა აზრით გაიგეს, განსაკუთრებით თავადების ჯგუფთან ახლო მდგომთათვის ცხადი შეიქნა ემხას ერთგული ძიძიშვილის მანევრი.

სამსონ დავანაძე და ნარიქ ეშბაც მიხვდნენ, თუ რა განზრახვით ჩაიდინა ეს ამბავი აძბამ. არც ესენი იყვნენ ჰაკის თავგანწირვის წინააღმდეგნი, მაგრამ ამ ახალი მომენტის მოაზრებამ ისინი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ჰაკის ხერხი ვერ გავიდოდა და კუზმა-მრისხანეს ოფიცერი ემხას ნაცვლად ჰაკის ვერ წარუდგენდნენ, როგორც მეზღვაურების მკვლელს. შესაძლებელი იყო, ამას უარესი სკანდალიც კი გამოეწვია: ჰაკი არაფრით არ ჰგავდა მეფის ჯარის თეთრგვარდიელ ოფიცერს, რომელიც, ალბათ, კარგად დაინახეს და გაიცნეს, როგორც უვნებლად გადარჩენილმა მეზღვაურებმა, ისე დაჭრილმაც - შეტაკების ცოცხალმა მოწმეებმა. ბოლოს თვითონ უჯუშ ემხამ გაუადვილა ხელისუფლების წარმომადგენლებს საკითხის გადაჭრა. იგი ხელიდან დაუსხლტა ნათესავებს და მილიციის უფროსისა და ქალაქისთავის წინაშე წარსდგა.

- აქ ვარ მეზღვაურების ნამდვილი მკვლელი და გნებდებით. გთხოვთ, ახლავე გაათავისუფლოთ ბექირბი ჩაჩბა და დედაჩემი. მოგყვებით, სადაც საჭიროა. ჰაკი ახლაც არ დაიბნა.

- ჩემი გადარჩენა უნდა და დანაშაულს თავის თავზე იღებს, რადგანაც მეზღვაურები მისი გულისათვის მოვკალი, - ყვიროდა იგი და უჯუშის დედას უხმობდა, რომ შვილისათვის ჩაეგონებინა თავის შეკავება.

ძალიან ბევრისათვის ბოლოს მართლა გამოურკვეველი შეიქნა, ვინ იყო ნამდვილი მკვლელი და რომელი მათგანი იბრალებდა დანაშაულს. მაშინ სამსონ დავანაძის ჩაგონებით მილიციის უფროსმა გამოაცხადა, რომ სოხუმის მთავრობა ორსავეს ერთად წარუდგენდა კრეისერ "შმიდტის" უფროსს და მათ დავასაც ეს უკანასკნელი გადასწყვეტდა.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ლეო ქიაჩელი.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.