prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ჰაკი აძბა — თავი XI

ლეო ქიაჩელი · პროზა

– XI –

"შმიდტი" გაშლილ ზღვაში მშვიდობით შევიდა. უკან დასტოვა ქარიშხლის მძვინვარე ნავარდისა და ტალღების აღვირახსნილი თარეშის არე. აქ მხოლოდ მათი რისხვისა და მუქარის ხმა აღწევდა, როგორც ნადირის კვალს აცდენილი ლომის წყრომა და ბუხუნი, შორიდან მომავალი.

განთიადიც მოტანებულიყო. აღმოსავლეთის შორეული კიდურით ამომავალი დღის წინამორბედი სინათლე ღამის წყვდიადის ძალებს ფრთხილად ზვერავდა, ჯერ კიდევ დახუჭული თვალებით იცქირებოდა და თავისი ბასრი მახვილის ამოსაწვდენად ემზადებოდა.

კრეისერ "შმიდტს" დევური ქშინვა შეენელებინა, დაჭიმული კუნთები მოეშვა და გამარჯვებულის ლაღი, თავმომწონე გამომეტყველებით წინ დინჯად მიიწევდა.

მეზღვაურები ისევ თავიანთ ადგილებზე იდგნენ. ერთხელ შემოღებული ერთმანეთის ცვლის წესით, უხმოდ, უსიტყვოდ მუშაობას და სიფხიზლეს განაგრძობდნენ. მხოლოდ დროგამოშვებით მორიგის შეძახება მოულოდნელ გაფრთხილებასავით ჰაერში შეიჭრებოდა და რომელსამე კუთხეში ფიცხელ გამოხმაურებას იწვევდა, როგორც გამოძახილის ხმას:

- არის! კუზმა კაპიტნის საგუშაგოდან ძირს ჩასულიყო გემის გაშლილ ბაქანზე. თავისი ადგილი ახლა მორიგე ბოცმანისათვის დაეთმო და გულჩათხრობილად კუთხიდან კუთხეში მიმოდიოდა ზურგს უკან ხელებშემოწყობილი.

უძინარ სახეს განთიადის ლურჯი ლანდები უსერავდნენ. მისი სახის უძრავი ორთვალიანი ნახევრის ჭრილობას ახლა ათასი სხვა მიმატებოდა, ერთმანეთის წამდაუწუმად შემცვლელი. პირში ჩაჩრილ ჩიბუხის ტარს კბილებით ძიძგნიდა შეუსვენებლად. ხანდახან ქიმის მოაჯირთან შედგებოდა, თვალს აღმოსავლეთის კიდურს მიაპყრობდა, თითქოს განთიადის გადმოსაშლელად გამზადებულ ფრთებს სიგრძე-სიგანეზე ზომავსო, და ისევ ბანის სიღრმეში მიეშურებოდა. მოუთმენლობა ეტყობოდა. ფარულად ღელავდა. ჩანდა, განთიადს ელოდებოდა.

უცებ დადგა. ცას ერთხელ კიდევ შეავლო თვალი და შემდეგ რომელიღაც მეზღვაურის სახელი მოკლე ხმით წამოიძახა.

მისკენ ხმელი ტანის, მაღალი მეზღვაური წამოვიდა მხრებაწურული. ჭოლოკივით მოაქნევდა გრძელ მკლავებს. კუზმას წინ დაუდგა, მკლავები ფრთებივით შეიკეცა. კუზმამ თვალებში შეხედა და, სანამ რასმეს ეტყოდა, კარგა ხნით სიჩუმე ჩამოაგდო.

- გადაეცი ამხანაგებს: დაკრძალვა მოხდება როგორც კი ინათებს. შეემზადეთ. რევოლუციური სამხედრო პატივი: სამი ზარბაზანი თითოჯერ ისვრის. გუნდმა სამჯერვე თოფი დასცალოს.

- არის!

კუზმა ერთხანს კვლავ დაჩუმდა. მერე დაბალი ხმით განაგრძო:

- შენ გევალება: ხრიტანიუკის ცხედარს თეთრგვარდიელი ბანდიტი გამოაყოლე. ქიმთან დააყენე. მიწყნარდება თუ არა სალუტის ხმა, უმალვე დახვრიტე და ზღვაში გადაუძახე.

- არის! - წარმოთქვა მეზღვაურმა და მერე ბორძიკით დაამატა:

- ამხანაგო უფროსო, მიტკა გორბაჩი ითხოვს, ოფიცერი მე დამახვრეტინეთო. - ეს ის არის, ხრიტანიუკს რომ ახლდა?

- ის არის.

- ჰო, დროზე არ მომაგონდა, ბრძანება გამეცა. გადაეცი, რომ ლაჩარი ვუწოდე... მივადგებით თუ არა ნაპირს, სადაც უნდა იყოს, ჩვენს კრეისერს სამუდამოდ თავი დაუკრას. ამუნიცია შენ ჩამოართვი და ბრძანების ასრულებას თვალყური ადევნე.

- არის!

* * * * * * *

თენდებოდა.

"შმიდტის" ბანზე მეზღვაურთა გუნდი ორრიგად ჩარაზმულიყო, ერთიმეორის პირისპირ.

მძიმე დუმილი იდგა და უხმო მგლოვიარებას მოეცვა ყველანი.

ზღვა მაინც გმინავდა. ტალღები დაუცხრომლად შხუოდნენ და კრეისერიც თავის დევურ ქშინვას განაგრძობდა. მაგრამ გემის ბანზე გამეფებული ადამიანთა სამგლოვიარო დუმილი მათგან მაინც შეუვალი რჩებოდა.

კუზმა-მრისხანე განცალკევებით იდგა გემის წინათავის მოაჯირთან. მარცხენა მხრით გუნდისკენ მიბრუნებულიყო. თავისი სახის უძრავი ნახევრის ორივე თვალი მეზღვაურებისათვის მიეპყრო, თითოეული მათგანის ნიშანში ცალ-ცალკე ამოღებით.

მის მარჯვნივ, ხუთიოდე ნაბიჯის სიშორეზე, ჰაკი აძბა გაჩერებულიყო. მასაც მეზღვაურებისათვის მიებაძნა და თავისი მორჩილი ტანი სამხედრო ყაიდაზე გაემართა. ხელები ძირს დაეშვა. სახე ძალზე გაკვირვებული ჰქონდა. თვალებს გაუგებრად აქეთ-იქით აცეცებდა: ხან კუზმას შეხედავდა ფარული ცნობისმოყვარეობით, ხან მეზღვაურთა გუნდს გადახედავდა.

ჰაკიმ არ იცოდა, ეს დუმილიანი საზეიმო დარაზმულობა ასე დილაადრიან რას მოასწავებდა და საშინელი ეჭვი გულს უკაწრავდა. ნუთუ ეს უჯუშის აღსასრულის მოახლოებას ნიშნავს და კუზმამ ჩემს ცრემლებს ანგარიში არ გაუწიაო, - ფიქრობდა იგი. მაგრამ ეს არ სჯეროდა, რადგანაც კუზმას სახის მეორე, ლმობიერებით აღსავსე მთელი ნახევარი მას ისევ მეგობრული, ყოვლისმიმტევებელი გამომეტყველებით შემოსცქეროდა და მშვიდობას უმოწმებდა.

გემის ქვედა სართულიდან ვიწრო კიბეზე უცებ ერთმა მეზღვაურმა ამოირბინა. უკანასკნელ საფეხურზე შედგა და ფიცხლად ისევ კიბისკენ იბრუნა პირი. მერე დაიღუნა და ხელები რაღაც თეთრ შეკვრას შეაგება, რომელმაც ქვემოდან თავი ამოყო.

- გამოუშვი, მიჭირავს! - ჩასძახა ძირს მეზღვაურმა, შეკვრის წინა თავი მკლავებზე მოწიწებით დაისვენა და ზევით ამოიტანა.

ჰაკი აძბა მხოლოდ ახლა მიხვდა, თუ რას წარმოადგენდა ეს მოგრძო თეთრი შეკვრა და მეზღვაურთა მგლოვიარე დარაზმულობასაც თუ რა დანიშნულება ჰქონდა. მისთვის ცხადი შეიქნა, რომ ამხანაგები, მეზღვაურთა წესისამებრ, ზღვაში გადაგდებით კრძალავდნენ უჯუშ ემხას მიერ მოკლულ ვასილ ხრიტანიუკის თეთრი ტილოთი შესუდრულ ცხედარს.

ასეთი წესის არსებობა ჰაკის გაეგონა, მაგრამ არ ენახა კი.

შვება რამ იგრძნო, რომ სხვა ეჭვი არ გაუმართლდა, მაგრამ თავისი მდგომარეობა მაინც არ დავიწყებია.

ამოასვენეს თუ არა ბანზე ხრიტანიუკის ცხედარი, მაშინვე გულამოსკვნით წამოიყვირა სლოკინით:

- ვაჰააჰაია... ვაჰაჰაია, ძმაო! და მუხლებზე დაეცა, მთელი ტანით ჩაიკეცა. თავით იატაკზე დაემხო და სახეზე ორივე ხელი აიფარა.

- ტირილი არ იქნება, - ჩაესმა ყურში კუზმას მოჭრილი ხმა.

ჰაკიმ სუნთქვა შეიკრა და ხმა გაკმინდა.

თავით იატაკზე დამხობილს არც კი შეუნიშნავს, რომ იმავე კიბით, რომლითაც ხრიტანიუკის გვამი ამოასვენეს, ორმა რევოლვერმომარჯვებულმა მეზღვაურმა მალე უჯუშ ემხა ამოიყვანა და, მეზღვაურთა რიგებს შუა გავლით, ცხედრის კვალდაკვალ, გემის ქიმისაკენ უხმოდ გაატარა.

ემხა თავაწეული მოაბიჯებდა, დინჯად და ნელა. მაღალი ტანი სწორად ეჭირა. განიერი ბეჭები ოდნავი რხევით მოჰქონდა. გემის ბანს იქით იცქირებოდა მაღლა შემართული თვალებით. გახევებულ და უმეტყველო სახეს მხოლოდ ერთი ხაზის მკრთომარება უცხოველებდა, რომელიც უძრავად თვალებში შეფინებოდა: ეს იყო ნაღვლიანი ღიმილის ძლივს შესამჩნევი ციმციმი, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ დარდს გამოხატავდა, უნდო შეგნებით დაძლეულს.

პირდაპირ, ცის კიდურზე გართხმულ მოწითალო სინათლის კრთომას შეჰყურებდა, სადაც ნათელი დღის კარი უნდა გაღებულიყო. უჯუშ ემხასაც არ დაუნახავს ჰაკი აძბა, რომელიც კუზმას გვერდით თავქვე დამხობილიყო ხმაგაკმენდილი.

ჭოლოკმკლავებიანმა მეზღვაურმა იგი ქიმის კიდესთან დააყენა და ზურგს უკან დაუდგა.

ემხამ მხოლოდ ირიბად შეასწრო თვალი მის წინ ჰაერში შემოტყორცნილ თეთრი ტილოს შეკვრას, რომელიც მაღლიდან ძირს დაქანდა, ჰაერში მრუდი ხაზის გავლებით და ზღვის ტალღებში ჩაინთქა.

სამმა ზარბაზანმა უმალვე ზედიზედ ქუხილივით ჩაიგრუხუნა. მერე თოფებმაც გაიტკრციალეს.

ჰაკიმ ახლა თავი ასწია. წელში გაიმართა და მიმოიხედა.

უცებ, საერთო დუმილსა და უძრაობაში, ქიმზე გადამდგარი უჯუშ ემხა დალანდა.

სანამ აზრს მოიკრეფდა, ყურთასმენა რევოლვერის მკვეთრმა ხმამ შეუნგრია და მისმა თვალებმა აღბეჭდეს უჯუშის კეფაზე მიყენებული რევოლვერის ლულა, რომლის პირიდან ცეცხლმა იელვა.

რევოლვერის ხმაც და უჯუშ ემხაც სადღაც უფსკრულს ჩაინთქნენ.

- ვაჰაჰაი, ჩემო თავო! უჯუშ! - იყვირა ჰაკიმ და თავის ადგილიდან პირდაპირ მეზღვაურთა რაზმს ეკვეთა. შეგლიჯა, შეარღვია და გემის იმ მხარეს მოექცა, სადაც მისმა თვალებმა უკანასკნელად უჯუშის სახე დალანდეს.

- რა უნდა? შეაყენეთ! - გაისმა კუზმას ხმა.

რამდენიმე მეზღვაური წინ გადაეღობა ჰაკის. მაგრამ მისი შეყენება ვერ შეძლეს. მაშინ დაიჭირეს, ხელები მარწუხივით ჩასჭიდეს და გაქაჩეს.

- უჯუშ, უჯუშ! - ყვიროდა ჰაკი გიჟივით და ახლა კბილებით კბენდა მეზღვაურებს, სადაც მიუწვდებოდა.

კუზმა მიუახლოვდა. შეხედა.

- ჰაკი! - დაუძახა ჩაგონებით, - რას სჩადი? რა გინდა?

- კაპიტან, მე შენი მეზღვაური ძმასავით ვიტირე. მით ძმობა შემოგფიცე... შენ კი უჯუში მომიკალი. ძაღლი ყოფილხარ, კაპიტან... ჰო, სისხლი! სისხლი!

წამოიყვირა და ერთხელ კიდევ მთელი ძალ-ღონით გემის მოაჯირისკენ დაიძრა.

- ვაჰაი, შენს ჰაკის, უჯუშ!

მისი თვალები შეურიგებლობის ცეცხლის ნაპერწკლებს აფრქვევდნენ გარშემო და პირიდან ცოფის დორბლი სცვიოდა.

კუზმაც კი შეზარა მისმა შესახედაობამ, ზიზღი და ბრაზი სახეზე შეუკიდა, სახის მუდამ უძრავი ნახევარიც კი მოუქცია და აუკანკალა. ერთხანს ასე უცქირა.

- გაუშვით! - თქვა შემდეგ.

ჰაკის ხელი შეუშვეს მეზღვაურებმა.

იგი ერთი ნახტომით გემბანის მოაჯირთან გაჩნდა. ცხადი იყო მისი განზრახვა, და თვალიც ვერ შეასწრეს, რომ აქაფებულ ტალღებში გადაეშვა. გემბანზე წამით სიჩუმე ჩამოვარდა.

- სულერთია, ეს მონა ადამიანად მაინც არ გამოდგებოდა...

ნაღვლიანი ხმით წარმოთქვა კუზმამ და მოკლე, მაგრამ ბეჯითი ნაბიჯით თავისი კაბინისკენ გაემართა.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ლეო ქიაჩელი.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.