prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ჰაკი აძბა — თავი II

ლეო ქიაჩელი · პროზა

– II –

პრეზიდიუმების გაერთიანებული სხდომა ისე სწრაფად შედგა და საბჭოს დარბაზს იმდენი ხალხი მოაწყდა, რომ მუდამ კვორუმის მონატრული ქალაქისთავის ყოველ მოლოდინს გადააჭარბა. სხდომაზე არ გამოცხადდნენ ოფიციალურად მხოლოდ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ამ გარემოებამ დავანაძე, ცოტა არ იყოს, დააფიქრა.

- უყურეთ, როგორ გაურბიან პასუხისმგებლობას. პოლიტიკაა. ალბათ, ასე სჯობია, - გაივლო გულში და ამთავითვე გადაწყვიტა, პირში წყალი დაეგუბებინა და სხდომაზე კრინტი არ დაეძრა, - რაღა მე ვიტკინო თავი!.. შემდეგ კი ვნახოთ, გარემოება რას გვიკარნახებს.

სხდომა ქალაქის საბჭოს თავმჯდომარემ გახსნა.

ეს იყო ბექირბი ჩაჩბა, აფხაზთა შორის მეტად პოპულარული პიროვნება. მისდამი პატივისცემას ყველასათვის სავალდებულოდ ხდიდა, გარდა დიდი გვარისა, რომლის უპირველეს წარმომადგენლად ითვლებოდა, მისი იშვიათი ტანადობაც და განსაკუთრებული აფხაზური იერით შემკული სახიერება.

მიუხედავად ხანდაზმულობისა, ბექირბი ჩაჩბა ისე ატარებდა თავისი მოდგმის არისტოკრატიულ ნიშნებს, რომ ყოველი თავმომწონე აფხაზი მოვალედ თვლიდა თავს მიებაძნა მისი სიტყვა-პასუხის, მოქცევისა და ჩაცმა-დახურვისათვის.

სხდომის გახსნისთანავე მან საკითხი მამაშვილური პირდაპირობით დააყენა:

- რა ვქნა, ბოლშევიკები კარს მოგვადგნენო.

სიჩუმე ჩამოვარდა.

დამსწრენი ენაწყლიანი ორატორების გამოსვლას მოელოდნენ, მაგრამ მათგან ახლა სიტყვის თქმის მსურველი არავინ გამოჩნდა.

მაშინ წამოდგა უპარტიო რაჟდენ თორია, ხმოსანი და მდიდარი მესაკუთრე, სხდომაზე საგანგებოდ მოწვეული, როგორც სოხუმის გავლენიანი მკვიდრთაგანი, და სიტყვა ითხოვა.

- რაკი ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელები დუმან, ნებას ვაძლევ ჩემს თავს მოგახსენოთ სოხუმის ყველა მცხოვრებლის სახელით შემდეგი: აქ არიან ბევრნი და კიდევაც დამეთანხმებიან. მე მგონია, ლაპარაკისათვის დროც არა გაქვს, მაგრამ საკითხი ისედაც ნათელია.

ახლა პოლიტიკური ანგარიშების გასწორების დრო არ არის. ჩვენ, უბრალო ხალხი, ამ ანგარიშებში არც ვერევით. ეს ჩვენი საქმე არ არის. ღმერთმა დაგვიფაროს, არც მივცემთ არავის ნებას ისედაც გართულებული მდგომარეობა დღეს კიდევ უფრო მეტად გაგვირთულოს.

ჩვენ ვიცით მხოლოდ ერთი რამ: რადგანაც კრეისერი "შმიდტის" ერთი გასროლაც კი საკმარისია, რომ ჩვენი სახლები და მთელი ჩვენი სარჩო-საბადებელი, რაც კი გაგვაჩნია, ცეცხლმა თვალის დახამხამებაში ჩანთქას, ჩვენი ყოფაქცევაც ამ უეჭველი გარემოებიდან უნდა გამომდინარეობდეს: - გემიც და მისი მეზღვაურებიც მთელმა ქალაქმა ისეთი პატივისცემით უნდა მიიღოს, რომ ეჭვიც კი არვის დაებადოს ჩვენს მათდამი თანაგრძნობასა და მეგობრულ განწყობილებაში.

მეტია იმაზე ლაპარაკი, რომ გემის ყველა მოთხოვნილება, რაც კი იქნება, დაუყოვნებლივ უნდა დავაკმაყოფილოთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს მაინც... ვინც სხვანაირად გვირჩევს, იმას ალბათ ჩვენი დაღუპვა უნდა...

მთელმა დარბაზმა ერთხმად წამოიძახა:

- მართალია. სწორია.

მუშათა, გლეხთა, ჯარისკაცთა და მეზღვაურთა დეპუტატების საბჭოს პრეზიდიუმის სახელით ნარიქ ეშბამ მოკლე დეკლარაცია წაიკითხა. იგი მაღალფარდოვანი და გრძელი პერიოდებისაგან შედგებოდა, რომლის სიტყვიერ ლაბირინთში გარკვეული აზრის დანახვა შეუძლებელი იყო. მაგრამ დასკვნა წინდახედულად იყო მოზომილი და ავტორს ყოველგვარ ეჭვს გარეშე აყენებდა, რაგინდ თვალსაზრისით გაგესიჯნათ იგი.

აი, ეს დასკვნაც: - იმ ბრძოლაში, რომელიც ახლა მთელ რუსეთში წარმოებს, ჩვენ უთუოდ რევოლუციის მხარეზე უნდა ვიყოთ და ვართ კიდევაც. ასეთია ჩვენი მშრომელი მასების სულისკვეთება...

საწინააღმდეგო აზრი, რასაკვირველია, დარბაზში არც კი გაჭაჭანებულა.

თუმცა არავინ იცოდა დანამდვილებით კრეისერ "შმიდტის" მარშრუტი, მაგრამ ისედაც ყველამ უწყოდა, თუ რა ინტერესი უნდა ჰქონოდა ოქტომბრის რევოლუციას შავი ზღვის სანაპირო ადგილებში ახალსა და ძველ რუსეთს შორის გამართული სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის დროს, - არავისათვის საიდუმლოებას არ წარმოადგენდა, რომ მიუხედავად ყოფილი იმპერიის სამხრეთით ახალშექმნილი რესპუბლიკების დამოუკიდებლობისა, მათი ტერიტორიები მაინც შედიოდნენ დიდი ოქტომბრის სადარაჯოს ფარგლებში და ამ მხრით გამონაკლისს აფხაზეთიც არ წარმოადგენდა.

ბათუმიდან დაწყებული შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაპირის გაყოლებაზე მდებარე ქალაქებსა და დაბებში კიდევაც არაერთხელ შემოჭრილან ზღვის ქარიშხალივით გაოცებისა და შიშის მომგვრელი ახალი სახელები:

- წითელი კრეისერი "შმიდტი" და მისი უფროსი - ბოცმანი კილგა, "კუზმა-მრისხანედ" წოდებული.

დღეს კი სოხუმს თვით ამ სახელების მატარებლების პირისპირ შეყრა და უშუალო გაცნობა მოელოდა.

გემის საზეიმო დახვედრის საჩქაროდ მოწყობა და მისი წესიერად ჩატარება ორ კაცს დაევალა: მუშათა, გლეხთა, ჯარისკაცთა და მეზღვაურთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარეს ნარიქ ეშბას და ქალაქისთავს სამსონ დავანაძეს, რომელთაც თანაშემწეებად ათიოდე გავლენიანი და ენერგიული მოქალაქე დაუნიშნეს.

მათ შორის პირველი იყო რაჟდენ თორია.

* * * * * * *

ათი საათი იქნებოდა, როცა სოხუმის ქალაქის საბჭოში უკანასკნელი შემოწმებული ცნობა მოიტანეს: კრეისერ "შმიდტს" გეზი ნავსადგურისაკენ აქვსო.

მთელი ქალაქი უმალვე გამოიცვალა. ისეთი ფაციფუცი, მოძრაობა და განგაში ატყდა, რომ კაცს ეგონებოდა, შავი ზღვის ნაპირად ამ მზიან დილას სასწაული რამ მოვლინებულა და პატარა, წყნარი და კოხტა სოხუმის ადგილას საიდანღაც ვეება, აურზაურიანი ქალაქი გაშენებულაო.

მივარდნილი, მუდამ სოფლური სიჩუმით მოცული უბნებიც კი ახმაურებულიყვნენ: - ბოლშევიკები მოდიანო!

ქუჩეში ეტლებისა და ცხენების თქარათქური გარეთ გამოფენილი ხალხის აყიჟინებულ ხმაურობას შერეოდა.

ქალაქის და ადგილობრივი მთავრობის მიმოსვლის მთელი თანამედროვე ტექნიკური საშუალება - რამდენიმე სამგზავრო და ორიოდე საბარგო ავტომანქანა - ისეთი სისწრაფით დაქროდა უბნიდან უბანში, რომ სოხუმის ისედაც შეფეთებულ წვრილ ბურჟუებს ყველგან და ყოველ წამს მათი ცოფიანი ქშინვა, გიჟური სტვენა და ყვირილი ელანდებოდათ.

ეგონათ, მათი რიცხვი ათასსაც კი აღემატებოდა, და უკვირდათ: - ამდენი ავტომობილი დღეს ნეტავი ასე უცბად საიდან გაჩნდაო.

ეს საკვირველი მოვლენაც ზოგს "შმიდტის" და კუზმა-მრისხანის გაუგებარ საქმედ ეჩვენებოდა და მიხვედრას იმახვილებდა, რომ თავდაცვის განსაკუთრებული და უტყუარი ზომები დროზე მიეღო - იქნება ავტომობილებითაც მოდიანო.

მოქალაქენი მეტწილად თავიანთ სახლებს უტრიალებდნენ და წითელი დროშებით ამკობდნენ. დიდი და პატარა ერთ სურვილს აეტანა: რაც შეიძლება მალე, საჩქაროდ, მეზობლებზე უფრო ადრე გამოეკიდა თავის სახლის წინ წითელი დროშა და ამით ყოველი ეჭვი თავიდან აეცილებინა.

ვისაც შინ დროშა არ აღმოაჩნდებოდა, ბაზრისაკენ გარბოდა, წითელ ნარმას ყიდულობდა და უკან დაბრუნებული, გზადაგზა, დროს მოსაგებად, დროშას სახელდახელოდ ამზადებდა: ნარმას ჯოხზე ამაგრებდა.

მცხოვრებნი სახეზე კითხვის ნიშნის გამოსახვით ხვდებოდნენ ერთმანეთს. ზოგს საიდუმლო აზრის დამფარავი და ამავე დროს ამავე აზრის იდუმალ გამამჟღავნებელი ღიმილი უთამაშებდა პირზე, ზოგს კიდევ დაუფარავი შიში და დაბნეულობა უკრთოდა თვალებში.

- მოდიან? ა? - მოდიან. "შმიდტისთანა" ძლიერი კრეისერი შავ ზღვაზე არ დადის. კუზმა-მრისხანე თუ გინახავს? - ნახვით არა, მაგრამ ნეტავი თუ მართალია, რასაც მასზე ლაპარაკობენ? - რა ვიცი. ღმერთმა დაგვიფაროს... თავი უნდა მოვაწონოთ კი. და ისევ გარბოდნენ. ხელისუფლებაც დარბოდა, ღელავდა, ფაციფუცობდა და ემზადებოდა. ქალაქის საბჭოს შენობის სახურავზე აფრიალებული დროშის გვერდით ორი დიდი ახალი წითელი დროშა აღემართათ, ხოლო თვითონ შენობა მთელ სიგრძე-სიმაღლეზე პაწაწინა წითელი დროშებით მოეფინათ.

საბჭოსთვის სხვა დაწესებულებებსაც მიებაძნათ, ამათთვის კიდევ - კერძო სახლებს და სოხუმის ლამაზი შენობების თეთრი რიგები სულ ერთიანად წითლად აეჭრელებინათ.

ნავსადგურის მისადგომი ცოცხალი ყვავილებით მოერთოთ. ათიოდე დურგალი მის წინ ამართულ სამიტინგო კამარას შესეოდა შესაკეთებლად, რადგანაც ჯერ კიდევ შარშან თებერვლის დღეებში გაკეთებული, ამჟამად მოძველებული იყო, შენჯღრეული, და ძალიან უფერულად გამოიყურებოდა.

სოხუმის გამოცდილი მებაღეები კი იქვე, მის შესამკობად უცხო ნაირფეროვანი ტროპიკული მცენარეებისა და ყვავილებისაგან გირლანდებს წნავდნენ.

ბაქანზე ორკესტრი წინასწარ გამოეყვანათ ყოველი შემთხვევისათვის, რათა არ დაჰგვიანებოდა და შეხვედრა უმუსიკოდ არ მომხდარიყო.

ზღვის ნაპირის გასწვრივ გაშლილი პალმების ხეივანზე გამავალი დიდი სასტუმროს ქვედა სართული, რომელშიაც რესტორანი იყო მოთავსებული, წითელი არშიებით დაებლანდათ. არშიებზე ფერად-ფერადი რევოლუციური წარწერები აეჭრელებინათ რუსულ ენაზე, ხოლო რესტორნის შესავალი თაღით დაემშვენებინათ და ზედ დიდრონი ასოებით აეთამაშებინათ: - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! შიგ რესტორანში სუფრას შლიდნენ ასი კაცისათვის...

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ლეო ქიაჩელი.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.