prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ჰაკი აძბა — თავი V

ლეო ქიაჩელი · პროზა

– V –

მიუხედავად იმისა, რომ კუზმა-მრისხანე თვითონ ნაპირზე არ გამოვიდა და სოხუმელების მიერ მოწყობილ ზეიმს არ დაესწრო, მიტინგი მაინც დიდი აღფრთოვანებით ჩატარდა.

ქალაქს ოცზე მეტი მეზღვაური ეწვია. მწყობრად დარაზმულნი და მორთულ-მოკაზმულები, ნავებიდან გადმოსვლისთანავე პირდაპირ მიტინგზე გამოცხადდნენ. მხოლოდ ერთმა პატარა ჯგუფმა "შმიდტის" სამეურნეო ნაწილის გამგის მეთაურობით და ვასილ ხრიტანიუკის თანხლებით, მიტინგს გვერდი აუარა და გეზი ბაზრისაკენ დაიჭირა. სამსონ დავანაძეს ამ ჯგუფისათვის ხელმძღვანელად რაჟდენ თორია მიეჩინა, რომელსაც ყოველი ღონისძიება უნდა მიეღო გემისათვის საჭირო სურსათ-სანოვაგის დროზე დამზადების უზრუნველსაყოფად.

მიტინგზე გამოცხადებულ რაზმს დიდი ოვაციით შეხვდნენ.

სოხუმის მოქალაქენი, რაკი საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ "შმიდტის" მეზღვაურებმა მათ შიში არ გაუმართლეს, რომ ყველას მეტად წესიერად ეჭირა თავი და ქალაქის დარბევას თუ სხვა ასეთი საშინელების ჩადენას არავინ ფიქრობდა, სიხარულისაგან ცას ეწეოდნენ. არ იცოდნენ თავიანთი აღტაცება სტუმრებისათვის როგორ გამოემჟღავნებიათ და მათდამი უცბად აღძრული სიყვარული რა სახით გამოეფინათ. ყოველი მხრიდან გაისმოდა: - გაუმარჯოს "შმიდტს"!

- გაუმარჯოს ოქტომბრის რევოლუციას!

- გაუმარჯოს სოციალიზმს!

ყველა ცდილობდა რაზმთან ახლოს მისვლას. შორიდან ცქერა უკვე არავის აკმაყოფილებდა. საჭიროდ მიაჩნდათ თითოეულისათვის ქება ეთქვათ, სახეში თავაზიანი ღიმილით შეეხედათ და ხელი მეგობრულად ჩამოერთმიათ.

რამდენიმე კაცი მეზღვაურებს შორის ჩინებული და ენამახვილი ორატორი აღმოჩნდა. ამათ ისეთი ცეცხლშეკიდებული სიტყვები წარმოთქვეს, რომ ადგილობრივი აგიტატორები სამუდამოდ ჩაჩრდილეს.

სანამ მიტინგზე ორატორი ორატორს ცვლიდა და მოსულთა და დამხვდურთა შორის დაძმობილებას საფუძველი ეყრებოდა, სურსათ-სანოვაგის შესაძენად წასულ ჯგუფს სანაპირო უბანი გაევლო და ბაზარს უახლოვდებოდა. მხოლოდ ვასილ ხრიტანიუკი, ვასკა-პირატად წოდებული, ორი ამხანაგითურთ ამ ჯგუფს ჩამორჩენოდა. ისინი პალმების ხეივნის ერთ თავთან, მიტინგიდან არც ისე დაშორებით, კუთხეში მიდგმულ ფარდულში შესულიყვნენ და ახალმოხალულ მზესუმზირას დასწაფებოდნენ, თან ფარდულის პატრონ რუს დედაკაცთან მასლაათი გაებათ.

სწორედ ამ დროს, ანაზდეულად, ვასილ ხრიტანიუკმა ფარდულიდან ისეთ რაღაც უცნაურობას მოჰკრა თვალი, რომ გიჟივით თვალები დააბრიალა და თავის მაღლა აწევით გასავალს მიაშურა. გარეთ გაიხედა.

- ლანდი თუ არის? ფუი, ეშმაკს! - ჩუმად ჩაილაპარაკა და ტუჩებში გაჩხირული მზესუმზირას მარცვალი გაუკვნეტელად პირიდან გადმოაგდო.

პალმების რიგის გასწვრივ, ქუჩის მხარეს უჯუშ ემხა მიდიოდა თავისი მეგობრების თანხლებით. სულ ხუთნი იყვნენ, მათი ფრთხილი, აჩქარებული ნაბიჯი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ მნახველს უთუოდ მოეჩვენებოდა, სახიფათო ადგილიდან პარვით სამშვიდობის მიიჩქარიანო.

ხრიტანიუკის თვალებს ცოფის ალი შეუკიდეს მიმავალ ემხას ოფიცრის ეპოლეტებმა, რომლებიც მაღალსა და განიერ მხრებზე ისე უბრჭყვიალებდა, რომ შემოქცეული ზურგიც კი ვერ უშლიდა ვასკა-პირატს მათ უეჭველ დანახვას.

მეზღვაური მაინც თვალს არ უჯეროდა. ფარდულიდან გამოხტა და თითის ნიშნებით ამხანაგებიც გარეთ გამოიხმო. მიმავალი ოფიცერი დაანახვა.

- ა? ვითომ ნამდვილი თეთრგვარდიელი ოფიცერია?! თვალი ხომ არ მატყუებს.

- კი... ყაზახთა ოფიცერს ჰგავს!

მაშინ ვასილ ხრიტანიუკმა რევოლვერის ტარს ხელი მაგრად ჩასჭიდა და მიმავალთ დაედევნა. მას ამხანაგებიც მიჰყვნენ.

- ჰეი, შესდექ, უფალო ოფიცერო! - შორიდანვე დაუყვირა ემხას ხრიტანიუკმა, "უფალზე" ხმის განსაკუთრებული აწევით.

ხუთივე ჩოხიანი ერთი კაცივით მოტრიალდა და დადგა. მეზღვაურები რომ დაინახეს, შეკრთნენ, ჩანდა, არ მოელოდნენ ასეთ შეხვედრას.

- თავდაჭერილად იყავ, უჯუშ, ალბათ, შენ გეძებენ! - დაბლად ჩაულაპარაკეს მეგობრებმა უჯუშ ემხას და უმალვე ჩამოსცილდნენ. ჯერ შორი-შორს დადგნენ და შემდეგ, როცა ვასილ ხრიტანიუკი ემხას მედგარი ნაბიჯით დაუახლოვდა, პალმებს შორის დაიფანტნენ, უჩინარნი შეიქნენ.

- მინდა გამოგეცნაურო, უფალო ოფიცერო! კრეისერ "შმიდტის" მეზღვაური გახლავარ, ვასკა-პირატი. აბა, მითხარი, შენ ვინა ხარ? - მიახლოებისთანავე მიმართა გამომწვევი შეყვირებით მეზღვაურმა უჯუშ ემხას და ცხვირის წინ დაუდგა ტანის რაღაც უცნაური შემკვრივებით, რომელიც შეუპოვარ შეხლისათვის გამზადებას ნიშნავდა.

მძულვარებითა და ზიზღით ანთებული თვალები გახურებული შანთებივით თვალებში გაურჭო და რევოლვერზე წატანებული ხელის დატატუირებულ შიშველ მკლავზე აგორებული რკინის კუნთები აათამაშა.

ემხა არ შენძრეულა. ხრიტანიუკის შანთებისათვის გაესწორებინა თვალები და გარეგანი სიმშვიდის დაცვით მეზღვაურის შემდეგ ნაბიჯებს ელოდებოდა უხმოდ, უსიტყვოდ.

ბრაზი მოერია ვასკა-პირატს. მოთმინება არ ეყო ოფიცრის ეპოლეტებისა და ოქროს ორდენისათვის კიდევ ეცქირნა.

- პასუხი ჩქარა, ვინ ხარ-მეთქი! - შეჰყვირა ერთხელ კიდევ და მარცხენა ხელი ემხას მარჯვენა მხარს ხმალივით შემოუქნია. კლანჭებად მომარჯვებული თითები ეპოლეტში ჩაასო და მოსაგლეჯად მოსწია.

იმავე წამს რევოლვერი გავარდა და განგმირული ვასილ ხრიტანიუკი მიწაზე პირაღმა გაიშხლართა უსულოდ.

ეს მოხდა ისე სწრაფად, ისე მოულოდნელად, რომ ხრიტანიუკის ამხანაგები ერთხანს ვერც კი მიხვდნენ, რაც მათ თვალწინ დატრიალდა. და როცა იმათგან დაწინაურებულმა მტრის პირისპირ რევოლვერი იძრო, ემხას ტყვიამ ისიც უმალვე ძირს დასცა პირველის გვერდით.

მესამე მეზღვაურს კი დამიზნებული რევოლვერი ხელში შერჩენოდა უაზროდ: უჯუშ ემხა მის წინ უკვე აღარ იდგა. მოულოდნელობითა და წარმოუდგენელი საშინელებით დაბნეულმა მისმა თალებმა ვერც კი დაინახეს, თუ როგორ გადახტა ოფიცერი უკან, ხეივნის ბუჩქები იფარა, ქუჩა გადაჭრა და პირდაპირ რომელიღაც სახლის ეზოში მიიმალა.

მაგრამ მეზღვაურმა თავისი რევოლვერი მაინც რამდენჯერმე დასცალა. მერე მიტინგის ადგილისაკენ პირი იბრუნა და ბღავილით შესძახა: - აქეთ, ამხანაგებო! გვკლავენ, თავს გვესხმიან! რევოლვერის პირველი ხმის გაგონებაზე მიტინგი შეირხა. მერე ყურებდაცქვეტილი გაინაბა, გარინდდა. შემდეგის სროლის ხმა თითქოს არც კი გაუგონიაო, ისევ უძრავი და სულგანაბული დარჩა. მხოლოდ მეზღვაურის ყვირილმა უცებ გამოიყვანა გარინდებიდან. ყველამ იგრძნო, რომ რაღაც დიდი უბედურება დატრიალდა.

- დაირაზმეთ! მხარი-მხარს, მეზღვაურებო! - გაისმა საერთო მიყუჩებაში რაზმის უფროსი მეზღვაურის ბრძანება და ოცი კაცი თვალის დახამხამებაში დანარჩენი ხალხისაგან განცალკევდა, ერთმანეთს მხარში ამოუდგა და საომრად გაემზადა.

ხალხში ჯერ შეკავებული, ყრუ ჩოჩქოლი გაისმა, მერე ბრბო შეიკუმშა, შექუჩდა და მეზღვაურთა რაზმის პირდაპირ, ქუჩის მეორე მხარეს, დუქნებსა და სახლების კედლებს დამფრთხალ ფარასავით შეეფინა.

მიტინგის დაცარიელებულ ადგილზე რამდენიმე კაცი დარჩენილიყო, რომელთაც არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ ან საით წასულიყვნენ. მათ შორის სამსონ დავანაძის ზორბა ტანი განირჩეოდა მკერდზე დაფენილი წვერით.

იგი ქუდმოხდილი იდგა ერთ ადგილას და თავისთვის რაღაცას ბუტბუტებდა გაუგებარს. მოჩვენებას რასმე დამსგავსებოდა. მის გვერდით ნარიქ ეშბას ფართოდ თითებგაშლილი მარჯვენა ხელი ჰაერში აემართა, რომლითაც ვითომ ხან მეზღვაურებს აფრთხილებდა, დაიცადეთ, ნურაფერს მოიმოქმედებთო, ხან კი ვითომ ხალხს რაღაც გამოურკვეველ ნიშანს აძლევდა, რომლის შინაარსი ალბათ მისთვისაც გაუგებარი იყო.

ამასობაში ვასილ ხრიტანიუკის უვნებლად დარჩენილი ამხანაგიც გამოჩნდა. ის შემზარავად ღრიალებდა და ამხანაგებს მტრის წინააღმდეგ სამოქმედოდ მოუწოდებდა.

რაზმის უფროსმა მეზღვაური თავისთან მოიხმო და ამბავი დაწვრილებით გამოჰკითხა. მისი ხმამაღალი ქლოშინით ნაამბობი სამსონ დავანაძის ყურებმა ზედმიწევნით მოისმინეს: ნარიქ ეშბასაც არც ერთი სიტყვა არ გამორჩენია.

მეზღვაურებთან ერთად ამათაც შეიტყვეს, რომ ვიღაცა თერთგვარდიელი, ყაზახთა ოფიცერი, გიორგის ორდენის კავალერი სამ მეზღვაურს თავს დაესხა ქუჩაში და მოულოდნელად სროლა აუტეხა. ერთი მათგანი, ვასილი ხრიტანიუკი მოკლა, ხოლო მეორე დაჭრა და მიიმალა.

დავანაძისა და ეშბას ყურადღება განსაკუთრებულად მიიპყრეს რამდენჯერმე ნახსენებმა სიტყვებმა: "ყაზახთა ოფიცერი", "გიორგის კავალერი".

"უჯუშ ემხას დავუღუპივართ," - გაუელვა თავში ერთსაც და მეორესაც ერთდროულად, რადგანაც ამ ემხას გარდა სხვა ყაზახთა ოფიცერი და გიორგის ორდენის კავალერი მთელ ქალაქში არავინ არ ეგულებოდათ. მიხვედრა ერთმანეთს გაუზიარეს და დაუმოწმეს.

თითქოს საიდანღაც ახალი ძალა და ღონე შეემატაო, ისე დატრიალდა ახლა სამსონ დავანაძე. რაკი გაიგო, რაც მოხდა, და ისიც შეიტყო, თუ ვინ იყო, მან უკვე იცოდა, როგორ უნდა ემოქმედნა. ერთიორად გამოიჭიმა მოედანზე. მილიციის უფროსი მოიხმო მისი თანაშემწეებით და ყველას გასაგონად სასტიკი ბრძანება მისცა, ქალაქი ყველა მხრიდან შეეკრათ. არც ტყვია დაეზოგათ, არც ცეცხლი და არც მახვილი, ოღონდ ოფიცერი ემხა აღმოეჩინათ და მისთვის ცოცხალი მოეგვარათ. მერე თავისი მგრგვინავი ხმის კიდევ უფრო ამაღლებით ხალხს მიუბრუნდა და რუსულად მიმართა, რათა მისი ყოველი სიტყვა მეზღვაურებსაც კარგად გაეგონათ:

- მოქალაქენო, ჩვენს ქალაქში ქურდულად შემოხიზნული ოფიცერი უჯუშ ემხაა ჩვენი დამღუპველი. იგი თავს დასხმია ჩვენს სტუმრებს ქუჩაში და საშინელი მკვლელობა ჩაუდენია. ემხა ჩვენი მკვლელიც არის, ამხანაგებო! შინ გვყოლია მტერი, მოღალატე და დროზე ვერ მივმხვდარვართ.

ჩვენი ხსნა საშინელი წყრომისაგან, რომელიც უთუოდ დავიმსახურეთ, მხოლოდ ერთ რამეს შეუძლია: საკუთარი ხელით შევიპყრათ დამნაშავე და მივგვაროთ მოკლულის ამხანაგებს დამსახურებული სასჯელის მისაზღავად.

თუმცა მილიციას ნაბრძანები აქვს არაჩვეულებრივ, ჯერ კიდევ გაუგონარ ღონისძიებებს მიმართოს მტრის ბუნაგის აღმოსაჩენად, მაგრამ ეს არ კმარა. თითოეულმა თქვენგანმა ხელი უნდა გამოიღოს. აბა, ვინც ვარგა, ახლა გამოჩნდება. დაგვიანება სიკვდილს უდრის, იცოდეთ ყველამ.

ეს თქვა და ხელისგულით შუბლზე სიმწრის ოფლი მოიწმინდა.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ლეო ქიაჩელი.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.