– VII –
სამიოდე საათის მგზავრობის შემდეგ გულმილეულ მარგოს ერთ სადგურზე გაბადრული ჯაყო დაუხვდა:
"მშვიდობა შენი მობრძანება, კნეინა მარგო! გამარჯვება შენი! როგორ გიკითხებოდეს ჯაყომა? როგორა ბრძანდებოდე?
- გამარჯვება, ჯაყო! გენაცვა, კნეინას ნუღარ მეძახი. გაიგე, ჯაყო, რომ კნეინობა აღარ არის, გადავარდა.
- არა, შენი წირი მე, სხვა კნეინები და კნიაზები გადავარდი, თორემა ჩემი ნათლია ჯაყოსთვის ისევ კნეინა ვიქნები, მაშ, მაშა!
- თეიმურაზი სადღაა, არ ჩამოვიდა?
- თეიმურაზი არ ჩამოხვედი, შენი წირი მე. თეიმურაზი სახლში დარჩი და შენი თავი ჯაყოს მიანდე. ან რათ გინდოდეს, შენი წირი მე, თეიმურაზი? განა ჯაყო თეიმურაზზე ნაკლები ბიწი ხარ?! განა ჯაყო იმას არ სჯობნებოდე?! ისე წაიყვანდე ჯაყოი ჩემ კნეინასა, რომა ზედ წიაც არ შეგაჯდებოდე, მაშ, მაშა!
და მარგოს კალათები და ბოხჩები ბუმბულივით აიტაცა:
- წამობრძანდე, შენი წირი მე, აქეთ მობრძანდე.
განიერ ურემზე ლოგინია გაშლილი. ურემს ფარდაგის ჩარდახი აქვს დადგმული. ლოგინზე მარგო გაწოლილა. თავი კოფოსთან ბალიშზე აქვს მიდებული. განიერი კოფო ჯაყოს გაუტენია, რომელსაც კისერი უკან მოუღრეცია.
გაბადრული ჯაყო შეუსვენებლივ ლაპარაკობს, მთიულურად ოხუნჯობს, ცხენივით იღრიჯება და წარა-მარა ჭიხვინებს:
- მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა!
ჭიხვინებს და თანაც შუბლზე აყრილ თვალებით ხარბად სჭამს მარგოს გაღეღილსა და მოყვითანო მარმაროს მკერდს, სპილოს ძვლის მკლავებსა და კისერს, ამობურცულ ძუძუებსა და განიერ თეძოებს, შავ კაბაში გამოკრულ ბარძაყებსა და ჯიშიან წვივებს.
ურემი ძლივს მიიზლაზნება. ხანგამოშვებით მარგო იტყვის:
- ჯაყო, ააჩქარე, თორემ საღამომდე ვერ ავალთ.
- შენ ნუ გეშინოდეს, კნეინაჯან; ახვალთ, ისე ახვალთ, რომ მზე მაღლა იქნებოდე, მაშა! ხარებიც ცოდო ხარ, შენი წირი მე. იმ სიშორეზე მოგიყვანე, დაიღალე საწყალი ხარები. შენ არხეინად იქნებოდე, თორემა ჯაყო თუნდ ხელით წაგიყვანდე, მაშა!
მერმე ისევ მოჰყვა თავის პატარა ამბებს, - ნახულსა და გაგონილს, ჭორსა და მართალს, თან უალაგო-ალაგას რახრახებდა, ხვიხვინებდა და მარგოს მკვდარ პირისახესაც აღიმებდა და აცოცხლებდა.
ბოლოს, დუმილის შემდეგ, ჯაყომ ღრმად ამოიოხრა, კოფოდან გადმოიხარა და დაბალი ხმით შეიბრალა ნათლია:
- ეეეჰ, კნეინაჯან! თეიმურაზი შენი ყადრი არ ვიცის, თორემა...
- რატომ, ჯაყო? რაში მეტყობა?
- იმაში გეტყობება, შენი წირი მე, რომა გამხდარხარ, გენაცვალოს ჯაყოი, ძალიან გამხდარხარ.
მარგომ მხიარულად გადიკისკისა:
- რას ამბობ, ჯაყო? მე რომ გამხდარი ვიყო, თეიმურაზისა რა ბრალია?
ჯაყომ ეშმაკურად ჩაიღიმა:
- ვიცის ჯაყომ, ვიცის! კარგი ვაჟკაცის ხელში დედაკაცი გასუქდები, შენ კი... ეგრე ცხენი გახდებოდე როცა კალოობას მორჩებოდე. შენისთანა ქალს სხვანაირი მოვლა გინდა.
- რას ამბობ, ჯაყო? ჰა-ჰა-ჰა!
- მართალს ამბობ ჯაყოი, მაშა, მართალსა! შენ კარგი წამა და სმა არა გქონდეს, იმიტომ გახდებოდი აგრე. არც თეიმურაზი ხარ ვაჟკაცი, ღონიერი არა ხარ ჩემი საწყალი კნიაზი. შენი სახლიც არ ვარგებოდეს. შენ უნდა სულ ფარცა და ხავერდი გეცმოდეს, მაშა!
- ჰი-ჰი-ჰი! რა მასხარა ჰყოფილხარ, ჯაყო!
- ყელზე და ხელებზე სულ ოქრო-ვერცხლის ბეწდები უნდა გექნებოდეს, მაშა! შენი ქმარი ისეთი ღონიერი უნდა ვიქნებოდე, როგორც ჯაყო ხარ, მაშ, მაშა!
მარგო გულიანად კასკასებდა. ხუთიოდე წელიწადი იქნებოდა, რაც მარგოსგან ასეთი გულღია სიცილი აღარავის არ გაეგო. იცინოდა მარგო, თანაც ხელ-ფეხს იქნევდა და ნაწყვეტ-ნაწყვეტად ისროდა:
- რა მასხარა ყოფილხარ, ჯაყო! ღმერთმა ხელი მოგიმართოს, ძლივს არ გამაცინე!
ჯაყოსაც მარგოს გამხიარულება ბავშვივით უხაროდა და ხვიხვინსა და კბილების ღრეჯას უმატებდა:
- მაშ, ხომ გაგაცინებდე ჯაყომა! მაშა, აგრე ვიცის ჯაყომა!
- ჯაყო, მაშ შენი ცოლი რომ ვყოფილიყავი...
ჯაყო კინაღამ კოფოდან გადმოვარდა:
- ჩემი ცოლი?! შენ რომ ჯაყოს ცოლი იქნებოდე?!
- ჰო, მე რომ შენი ცოლი ვყოფილიყავ, როგორ შემინახავდი? აბა მიამბე, ჯაყო! - სიცილით ჰკითხა მარგომ, მერმე წამოჯდა და გაბადრული პირსახე გაბადრულ ჯაყოს შეუბრუნა. - აბა მიამბე ჯაყო, როგორ შემინახავდი?
ჯაყო მთვარესავით გაიშალა, მარგოს კბილები დაუკრიჭა და აჭიხვინდა:
- ჰაი დედასა! შენ რომ ჩემი ცოლი იქნებოდე?! შენ რომ ჯაყოს ცოლი იქნებოდე?! როგორ შეგინახავდე? მაშ ყური დაგიგდე: ჯაყოი სულ გაწმევდე ხინკალი, რძე და მაწონი.
- ხინკალი?! მაწონი?! ჰა-ჰა-ჰა!
- მაშა! ხინკალი გაწმევდე, ნამდვილი ხინკალი. კიდევ კარაქი და ნაღებიცა, დუმა და ერბოცა.
- ჰო-ჰო-პო! ნაღები და დუმა!
- მაშ, მაშა! წვადიც გექნებოდეს, კატლეტიცა, ჩიხირთმაცა, ბორშიც, კარგი ოსური ყველიც, ხაბიზგინა და თეთრი რუსული პაურიცა. ჩიტის რძე რომ მოგინდებოდეს, ისიც გიშოვიდე, მაშ, მაშა!
- ჩიტის რძეც? ღმერთო ჩემო, ეს რა კარგი ბატონი მეყოლებოდა!
- მაშა! დღეში ხუთი ქათამი, ბატი, ინდოური, გოწი და ცხვარი დაგიკლავდე.
- ჯაყო, მე ფრანგულ საჭმელს ვარ შეჩვეული. "პოვარის" დაქირავება დაგჭირდება.
- პოვარისა?! სამი პოვარი დაგიწერდე, სამი! მაშა!
- როგორ ჩამაცმევდი, ჯაყო?
- როგორ ჩაგაცმევდი ჯაყოი ჩემ მარგოსა? ჯაყოი ხავერდის ქართული კაბა ჩაგაცმევდე, მაგ წელზე ვერცხლის ქამარიც შემოგარტყამდე, მაგ მკლავებზე ვერცხლის სამაჯურები და ოქროს ბეწდებიც გაგიკეთებდე.
- ვერცხლის ქამარი! ნეტა მართლა შენი ცოლი ვყოფილიყავი, ჯაყო! ჰა-ჰა-ჰა! ჰი-ჰი-ჰი!
- რას იცინებოდე? შენ რომ მართლა ჯაყოს ცოლი იქნებოდე, შენც გაიხარებდე და ჯაყოცა, როგორც ნამდვილი კნეინა, ისე შეგინახავდე, მაშა! მეც შენი კნიაზი გახდებოდე.
- კნიაზი?! ჰა-ჰა-ჰა! კნიაზი ჯაყო?! ჰი-ჰი-ჰი! მიამბე, ჯაყო, რას ჩაიცვამდი შენა?
- მენა? ჯაყო აბრეშუმის ახალუხი და კარგი ჩოხა შეგიკერავდე, ვერცხლის ხმალი და ხანჯალი ხომ გაქვს ჯაყოსა... კარგი რუსული ჩექმები, მზეზე რომ ლაპლაპი გაგაქვს... ვერცხლის მასრები იყიდებოდე. ხუთი მოჯამაგირე დაგიყენებდე...
- მოახლე ქალი? ჯაყო, მე ქალები უნდა დამტრიალებდნენ.
- ჯაყოს სახლში ხუთი ქალი გყავს. ყველანი შენი მოსამსახურე იქნებოდე - ჩემი რძლებიც და ჩემი ცოლიცა. ერთი კარგი ფაიტონიც გიყიდებოდე.
- არ მინდა ფაიტონი, ჯაყო! მე ავტომობილი მომწონს.
- ატამაბლი იყოს რა! ეგეც გიყიდებოდე ჯაყოი, მაშა!
- მერმე მაგისთანა დიდმა თავადმა და კნეინამ გუთანზე უნდა იმუშაონ?
- რათა გუთანზე? არც მე მუშაობდე და არც შენა. კნიაზი ჯაყო ზაფხულში სოფელში იცხოვრებ. ზამთარში ქალაქში წახვალ. ორივენი ნამდვილი კნიაზი და კნეინა გახდებოდეს, მაშ, მაშ!
ასეთ ხუმრობასა და ოცნებაში მზეც ჩავიდა და ბინდმაც მოაღწია. ბაღ-ვენახებით, ჭრელი სოფლებით, პატარა ხევ-ხუვებით და თხელი ჭალებით დაწინწკლული ქართლის უუზარმაზარი მწვანე ხავერდი დამუქდა. საურმე გზა სადღაც დაიკარგა. ურემი ჯერ ბილიკზე გადავიდა, მერმე ერთ სოფლის ბოლოში გავიდა, რიყეს დაჰყვა და ჯაგნარს შეერია.
მარგომ გზის გადახვევა გვიან შეამჩნია.
- ჯაყო, საით მიგყავს ურემი?
- აქეთა სჯობდე, შენი წირი მე. აქეთ უფრო მოკლე გზა ვიქნებოდე.
- რა ვქნა, ჩვენი გზა პირდაპირ უნდა მიდიოდეს, შე კი მარცხნივ მიუხვიე.
- არა გიშავს-რა, შენი წირი მე, შენ არხეინად იქნებოდე. ჯაყომ შენზე კარგად ვიცის აქაური გზები, მაშა!
კიდევ კარგა ხანს იარეს. ჯაყომ ურემი დიდხანს ატრიალა ჯაგებსა და ნახნავებში, რამდენჯერმე გადასჭრა რიყე, და ერთ ბნელ ჭალაში შესდგა.
- კნეინაჯან, შენი წირი მე, შენ ცოტა აქ მოიცადებდე, მეც ახლავე მოხვიდოდე.
და ბინდში შთაინთქა. მერმე უცებ ურმის თავთან ამოძვრა და ჩაიხრიალა:
- გზა აგერეოდეს, ჯაყოსა, ნათლიაჯან.
მარგო შეჰკრთა:
- ეხლა სადა ვართ, ჯაყო?
-ეშმაკმა ნუ ვიცის ხარების თავი! წალაში ხარ. ლიახვის ნაპირზე ხარ, შენი წირი მე.
- რა ვქნა, აქა ხარ გაზრდილი და ამ მინდორში გზა როგორ აგერია, ჯაყო?
- იმიტომა რომა მე და შენ ლაპარაკობდი.
- რას შვრები, ჯაყო. ხარები უნდა გამოუშვა?
- მაშა! ეხლა სადღა წახვიდოდე? ბნელა, შენი წირი მე, არც გზა ვიცის ჯაყომა.
მარგოს გულში შიში შეეპარა.
- მაშა! ნუ გეშინოდეს, შენი წირი მე. ჯაყოს თოფიცა გაქვს, მაუზერიც და ხანჯალიცა. ვინ გაბედავ რამესა?! ჯაყო აქ არ იქნებოდეს?! დედას გიტირებ ყაჩაღსა ჯაყოი, დედასა! აბა, ვინც ვაჟკაცია, ახლო მოხვიდოდე. აბა მოხვიდოდე! - ჰყვიროდა ჯაყო და იარაღს ისე იმზადებდა, თითქოს ის ჭალა სავსე ყოფილიყო ყაჩაღებით, რომელნიც მარგოს მოტაცებას უპირებდნენ, ხოლო ჯაყო რაინდივით გარს უვლიდა თავის კნეინას და საკუთარის სისხლით იცავდა.
მარგოს კი უფრო თავის რაინდისა ეშინოდა, ვიდრე ნადირის ან ავაზაკებისა. მაგრამ ჯაყოს ხელში ჩავარდნილ დედაკაცს გაჩუმებისა და მორჩილების გარდა სხვა გზა აღარ ჰქონდა.
მარგოც გაჩუმდა და თავისი თავი ბედს მიაბარა.
ჯაყო ურემთან ცოდვილობდა და ისევ მარგოს ამშვიდებდა:
- შენ ნუ გეშინოდეს, გენაცვალე, ნუ გეშინოდეს. ყველას ჯაყო დედას გიტირებდე, დედასა! ჯაყო ეხლავე ცეცხლი აანთებდე. ჩემი კნეინა კარგი ვახშამი სწამდე და არხეინად დაიძინებდე, მაშა!
ჯაყომ ურმის თავი ორკაპიან ვერხვში ჩააგდო, მერმე ყოჩაღად დატრიალდა, სიბნელეში ლაწალუწი ასტეხა, ფიჩხი მოაგროვა და მალე იქაურობა გაანათა. მერმე ურმიდან მოხარშული ქათამი, მწვანილი და ღვინო გადმოიღო და ცეცხლის პირას პატარა სუფრა გაშალა და მიუჯდა, თან მადიანად იღმურძლებოდა და ამბობდა:
- ჩვენი სოფელი აქვეა, შენ გენაცვალოს ჯაყოი. მაგრამ ამ ბნელაში გზას ვერ იპოვნი, შენ ნუ გეშინოდეს, გენაცვალე. კარგად სწამდე და დაიძინებდე. ჯაყო კი თოფი აიღებდე და დილამდის კარგი ძაღლივით გარშემო გივლიდე, მაშა! აბა, გაბედოს ყაჩაღი ახლო მოსვლა! დედას გიტირებ ჯაყოი, დედასა!
ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ჯაყომ თითი ბნელ ცას ატაკა და სთქვა:
- აგერ ჯაყოს ვარსკვლავი. გენაცვალე იმის მადლსა! გვერდითაც ნათლია მარგოს ვარსკვლავი მოგდევს, გენაცვალე იმასაც!
აღმოსავლეთით ალის ფერი მარიხი ციმციმებდა.
მარგომ ხმა ჩაიკმიდა და ჯაყოს პასუხს აღარ აძლევდა.
ვახშამი რომ გაათავეს, მარგო ისევ ურემზე ავიდა და მიწვა, ჯაყომ ნაბადი წამოისხა და ურმის ქვეშ შეძვრა.
- ღამე მშვიდობისა, კნეინაჯან! - სხვისი ხმით ამოსძახა ჯაყომ.
- ძილი ნებისა, ჯაყო! - სხვისივე ხმით ჩაუგდო მარგომ.
მარგოს ძილი არ ეკარებოდა. ხშირ-ხშირად მხარს იცვლიდა, სტრიალებდა და თვალებს ჰხუჭავდა, მაგრამ მოსვენებას ვერ ჰპოულობდა, ისევე ჰშფოთავდა, უჟმაჟურს რამეს მოელოდა და ამ მოლოდინში გული უჩქროლავდა და უფართხალებდა.
ჯაყო მძიმედ ჰქშინავდა და განგებ ახველებდა, თან დროგამოშვებით მარგოს ეკითხებოდა:
- დაიძინე, მარგოჯან, გენაცვალოს ჯაყოი?
- არა, ჯაყო, არ მეძინება.
ბნელი და თბილი ღამეა. მთის ნიავი ჭალას აშრიალებს. ლიახვი შხუის. შორიდან ხანდახან ტურის ჩხავილი და ჭოტის კივილი მოისმის. სადღაც ძაღლი ზანტად ჰყეფს. იქვე ჭალაში ზოგჯერ ღამის ფრინველი ფართხალებს. წვრილფეხა ცხოველი ბუჩქებში ფაჩუნებს.
სადღაც ქვემოთ თოფმა დაიქუხა. მერმე ყოველივე შესწყდა და გაინაბა. მხოლოდ ძაღლმა მოუმატა წკმუილს. ნიავიც გაძლიერდა.
- მარგოჯან, დაიძინებდე? - ერთხელ კიდევ მოესმა მარგოს ურმის ქვეიდან ჯაყოს ხმა.
მარგომ ჯაყოს ხმა ვეღარ იცნო. რაღაც საზარელს მიჰკვლია. თავი მოიმძინარა, გაირინდა და გაინაბა. სულიც კი შეიგუბა, ხიფათს ჰგრძნობდა და ჯაყოსგან საშინელს ნაძალევს მოელოდა.
ერთი წუთის შემდეგ ურემი ოდნავ შეინძრა. ისედაც ბნელ ფარდულში მუქი ჩრდილი ჩამოწვა. იმავე დროს მარგომ თავის ფეხზე ჯაყოს მძიმე თათი იგრძნო.
ჯაყო ურემზე ამოდიოდა.
- ჯაყო, რა გინდა?
- სუ შენი წირი მე, სუ! არ დაიყვირებდე...
- ჯაყო, სად მოხვალ?
- ცოტა იქით მიიწევდე. მარგოჯან... საწყალ ჯაყოს შეგცივდა... ცოტა გაგათბობდე ჯაყოსა, გენაცვალოს იმის თავი.
მარგომ წამოიწია:
- მაშ მე გადავალ ურმიდან.
გვიანღა იყო. ჯაყომ დაფეთებული მარგო ისევ გულაღმა გადააქცია. მძიმე დათვივით დააწვა, ჩაჰბღუჭა და ჩაჰბუბნა.
- მხეცო, რას შვრები?! პირუტყვო!.. ვერაგო!.. ავაზაკო!..
ჯაყომ ერთი სიტყვის აზრიც ვერ გაიგო. მარგოს ნათლიმამა დინჯად სცდილობდა ნათლიდედის დამორჩილებას: დაუნდობლად სთელავდა, ხელ-ფეხს უმტვრევდა. თანაც არხეინად არიგებდა:
- კარგი, გენაცვალოს ჯაყოი, კარგი!... აბა, რათ გინდებოდეს ჩხუბი? რა კნეინას საქმე ხარ ჩხუბი?.. აბა, აქ ვინ მოგეშველებოდეს?!... სუ, შენი წირი მე, სუ! გაჩუმდებოდეს, თორემა...
- მხეცო!... ჰარამზადავ! გამიშვი... მიშველეთ! მიშველე-ე-ეთ!-
ჯაყო ოდნავ განრისხდა.
- სუ! გაჩუმდებოდე მეთქი, თორემა დაგახრჩობდე!... სუ მეთქი! - და ერთი თათით მარგოს მთელი პირისახე დაუფარა და მისი ყელი და კისერი ჩაჰბღუჯა.
ჯაყომ იმძლავრა.
ხუთიოდე წუთის შემდეგ ჟინმობანილი და დამშვიდებული ჯაყო ოფლიანსა და კაჟიან თათს მარგოს მკერდზე უსვამდა და დაბალის ხმით ხვიხვინებდა:
- მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა! ჩხუბი რად გინდებოდეს?! პატარა ხომ არ ვიქნებოდე, რომ ჯაყოს ეწიდებოდე?! აბა, რა კნეინას საქმე ხარ ჩხუბი?...
მარგო ჰკვნესოდა. ჯაყო კი კვლავ უნუგეშებდა:
- ხელი გეტკინებოდეს? არა უშავს-რა, მალე მორჩებოდე... ჯაყომ მხარში გიკბენდე? ჯაყო აგრე ხარ დაჩვეული, ეგეც მალე მორჩებოდე... კაბაც დაგეხეოდეს? ახალს გიყიდიდე ჯაყოი... რა გატირებდეს, ჩემო მზე და მთვარე? კარგი, გენაცვალოს ჯაყოი, კარგი... სუ, შენი წირი მე, სუ!...
მერმე, როცა ყბედობით და ალერსით გული მოიჯერა, ოფლიან თითით მარგოს ცრემლი მოსწმინდა, ისევ ურმის ქვეშ შეძვრა და გოლიათის ხვრინვა ამოუშვა.
მარგო კი, - ნაცემი, ნაბეგვი, დაძალებული და გაჭუჭყიანებული მარგარიტა ხევისთავი - ახდილ ნამუსს, შელახულ პატივსა და გასრესილ თავმოყვარეობას ცხელის ცრემლით ჰგლოვობდა, მოწამლულივით ჰბორგავდა, სიმწარისაგან იკლაკნებოდა და გულში იმუქრებოდა:
დაიცადოს ჯაყომ! ძვირად დაუსვამს ამ ნადირს თეიმურაზი საშინელ თავხედობას და სიმხეცეს! საცაა გათენდება და ორივენი ნაშინდარში ავლენ... ვაი ჯაყოს ბრალი მაშინა! ვაი შენ, უბადრუკო ნადირო! მხეცო! პირუტყვო!
შუაღამემ მოატანა. ნიავი ისევ მოჰქრის. ლიახვიც შხუის. ძაღლები აღარ ჰყეფენ და აღარც ჭოტი გაჰკივის.
ჯაყომ გამოიღვიძა და ურმის ქვეიდან მარგო ტკბილის ხმით მოიკითხა:
- მარგოჯან! შენი წირი მე, ნეტა გეძინებოდეს, თუ გეღვიძებოდეს?
მარგომ ისევ მოიმძინარა თავი.
უძღომელი ჯაყო ურმის ქვევიდან ერთხელ კიდევ გამოძვრა და ჩარდახის ქვეშ ერთხელ კიდევ შებობღდა.
მარგო აღარ ჰკიოდა და არც იბრძოდა. აღარც ბრძოლის თავი ჰქონდა და არც შველას მოელოდა. ბავშვივით სტიროდა, სლუკუნებდა და გაუგებარს ჰლუღლუღებდა.
ჯაყომ ერთხელ კიდევ იჯერა გული და ისევ მარგოს დამშვიდებას შეუდგა:
- რა გატირებდე, ქალო? ძუძუმწოვარა ბალღი ხომ არ იქნებოდე! დედაკაცი ვიქნები შენა, დედაკაცი!.. აღ-უ-უ-უ-უ, ნეკზე არ მიკბინოდე! აღ-უ-უ-უ-!. აღუ-უ-უ-!
მარგომ ტირილი შეიმაგრა. ჯაყოს გაუხარდა. მარგოს იღლიაში თითი ჩაუყარა და ღიტინი დაუწყო:
- ღიტი-ღიტი მარგოსა! ღიტი-ღიტი პატარასა!
დედაკაცს ნერვიული სიცილი აუტყდა. ტირილი და კისკისი ერთმანეთში აურია, აძაგძაგდა და აიგრიხა.
ჯაყომ ასეთი სიცილი მარგოს გამხიარულებად მიიჩნია და თვითონაც არახრახდა:
- აი, აგრე! გენაცვალოს ჩემი თავი! გაიცინე, გაიცინე, შენი წირი მე, შენი! ხომ გაგაცინა ჯაყომა! მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა.
მერმე ისევ ურმის ქვეშ შეძვრა და მალე კვლავ ახვრინდა.
რიჟრაჟზე ჯაყო ერთხელ კიდევ აცოცდა ურემზე, და იმ ჩარდახიდან კივილისა და ტირილის ნაცვლად დედაკაცის ვნებიანი კვნესა და თავდავიწყებული ბოდვა მოისმა.
იმ ჭალაში, ლიახვის პირზე, როცა ცამ თვალი მოიფშვნიტა და ფერი იცვალა, მიძინებულმა მარგომაც პირველად გამოიღვიძა. გაკვირვებით თვალი გაახილა და ხარბად დასწვდა ცხოვრების ერთ საუნჯეს, რომელიც ამ ქვეყნად არც კი ეგულებოდა, რაც უნდილმა და ჭიანაჭამმა თეიმურაზმა თავის უმის ვნებით ათ წელიწადში ვერ გაუთბო მარგოს, ტყიდან გამოვარდნილმა ნადირმა, - ჩაკირულმა ჯაყომ - ათ წუთში აუდუღა და აუჩქროლა.
მარგო უძილობით იყო გალახული. მაგრამ მაინც მდედრულის თვალით დაინახა და ცხადად იგრძნო უცნაური ცვლილება: ჩაზნექილ გულიდან თითქო მძიმე ლოდი აეხსნა. გაღვიძებულმა ძარღვებმა სიცოცხლის ჟრიამული მოჰრთეს და დუბელა სისხლმაც ჩუხჩუხი ასტეხა. იგრძნო და გაიგო მარგომ, რომ იმ ღამიდან მას გრილ სულში შარავანდედი ჩაესახა. რომ მისი დაობებული ტანი საამურის შანთით დაიდაღა, დაუტევნელის სიხარულით გაიჟღინთა და სხივნაკრავ კოკორივით გაიფურჩქნა.