– VIII –
კვირა დღე იყო. თავჩაღუნული თეიმურაზი რიჟრაჟიდან გორის ბაღების გარშემო დახეტიალობდა, - უგზო-უკვლოდ, უაზროდ და უმიზნოდ. მერმე, მინგრეულ ხუთკარიან ციხეში ქაქანით ავიდა, გალავანზე აცოცდა და ჩაფიქრდა.
მარგოზე აყრილი გული იმ ხეტიალსა და მარტოობაში თავისთავად მოუბრუნდა. გუშინდელი დარდი დღევანდელმა ვარამმა დაჩრდილა.
სადღა წავიდეს თეიმურაზი? ვის მიადგეს კარზე? ვის აეკიდოს სამადლოდ? კიდევ ვის შეახიზნოს მოძულებული თავი? არსად და არავის. ყველა გზები გადაჭრილია და მშველელი ხელიც არსაიდან არ მოსჩანს.
ოოჰ, ნეტა შეეძლოს თეიმურაზს ქვის ზიდვა, აგურის ზელვა, შალაშინის, ან ჩაქუჩის მოხმარება! ისიც ხალისით და სიხარულით ჩაერეოდა მაშინ აგერ იმ მუშებში, რომელნიც მიწისძვრისგან დანგრეულ გორის სახლებზე მუშაობენ. ჩაერეოდა და შავს ლუკმას თავის ოფლით გააგემრიელებდა.
თეიმურაზმა ითხოვა კიდეც შავი მუშაობა, მაგრამ ზედ რომ შეჰხედეს და სათვალეები დაუნახეს, მასხრად აიგდეს და ცივად გააბრუნეს.
ცოლის ღალატის შხამიც თითქმის დაავიწყდა. გული წინანდელივით აღარ უბორგავს. იქ დაბუდებული გველის წიწილებიც გაიძურწნენ და შხამიანი ნაღველიც თავის-თავად დაიწურა. დარჩა მხოლოდ შავი სევდა, - ისიც დალექილი და დაწრეტილი.
თეიმურაზის ფეხქვეშ მინგრეული გორი ფუსფუსებს. ციხის მარცხნივ და უკან ბაღები გადაჭიმულან. მარჯვნივ მტკვარი და ლიახვი ერთმანერთს ეხუტებიან. გაღმა რკინის გზისა და ნავთის სადგურები მოსჩანან. უფრო ქვეით მატარებელი შავი გველივით ოხვრით და ქშენით მოსცოცავს. გამოღმა ნაცრისფერ კლდეში უფლის ციხეს მესამე თუ მეოთხე ათასეულით სძინავს. მტკვარი თვალუწვდენ სიგრძეზე ვერცხლის ქამარივით ჩაწოლილა ქაჩალ ჭალებსა და უდაბურ კალაპოტში. აღმოსავლეთით მტრედის-ფერ ნისლში ოდნავ მოსჩანან ქსნის ქედი და ზედაზენი. დასავლეთით და ჩრდილოეთით ქართლის მინდორი დილის ბურუსში და მთების კალთებში იკარგება, ხოლო სამხრეთით, იქვე, სადგურის თავზე, ტყით შემოსილი თრიალეთის ტოტი აღმართულა.
თეიმურაზი გორში რომ მარტო დარჩებოდა, სადმე კუთხეში მიწოლილი, ლუკმა პურის დევნით მოქანცულ-მოშხამული, ან როცა "არას" მოლოდინში ორ-სამ საათს იჯდა გახევებული, აზრით ისევ ნაშინდარში გადაფრინდებოდა ხოლმე, ისევ მარგოსკენ მიილტვოდა, ისევ თავის ერთად-ერთზე ჰფიქრობდა და ზრუნავდა, ისევ თავის მეუღლეს ევლებოდა, მაინც მას დაჰთრთოდა და დაჰკანკალებდა.
მისი მოღლილი გული ეხლაც ჰკვნესის და წუწუნებს:
- იქნება მოსტყუვდი? იქნება ბებერ თომას დაავიწყდა ორი თვის ამბავი? ან ეგებ მაშინ ჯაყომ ხუმრობით დაასახელა თომა, ან მატარებელმა დაიგვიანა, ან კიდევ... ვინ იცის, რა იყო და როგორ იყო? რათ დაიჯერე ასე ადვილად მარგოს ღალატი? რათ აფორიაქდი და აფეთქდი თოფის წამალივით? ვსთქვათ, ასეც მოხდა: ჯაყომ მარგო დაიმორჩილა. მისი სუსტი ნებისყოფა დაიმონა. მერმე? რა მიზეზია? რათ გაგცვალა მარგომ ჯაყოზე? რათ გამოდგა უგეში ჯაყო იმ ბრძოლაში ჯადოსანი და დაუჯაბნელი? სად არის ფესვი ასეთ უცნაურ არჩევანისა? ცხადზე ცხადია მხოლოდ ერთი რამე: მარგოს რომ ჯაყოს მაგიერ სხვა ვინმე შეჰხვედროდა, - შენზე შეძლებული და ჯანიანი, - ისევ ეს ამბავი დაგემართებოდა: მარგო თავს დაგანებებდა და იმ უცნობს მიეკედლებოდა. მაშ ჯაყო რა შუაშია? ცხადია, ჯაყო უბრალო შემთხვევაა და თეიმურაზის უბედურებაში ბრალი არ მიუძღვის.
უცებ რასპუტინი გაახსენდა, - ბნელი, მურდალი და რეგვენი ციმბირელი მუჟიკი. გაიხსენა და ჯაყოს დაუპირისპირა. ხევისთავი კარგად იცნობდა შავი რუსეთის შავს ბედს - ჭუჭყიანსა და სალოს გრიშკას. ალღო არ ატყუებდა თეიმურაზს: ცხადია, ცხადზედ ცხადია, რომ რასპუტინიადის რელიგიურსა და მისტიურ ბოდვას სარჩულად ედო ბნელი და მძლეთა-მძლე სქესი, რომელმაც იმ ქადაგს სეფე ქალებიც კი დაუმორჩილა, ტახტამდე ააგდო და უგვირგვინო მეფედ აქცია. რამდენი ათასი ყოფილა ასეთი მაგალითი! რამდენ ათას წარჩინებულ დედაკაცს აუყვანია საყვარლად მეჯინიბე ან მზარეული, მებაღე ან შოფერი! აი თუნდ მარგოს ნათესავი კნეინა "გიჟი ბაბალე". მთელ ქალაქს ეხლაც ახსოვს უმაგალითო სკანდალი: ბაბალე თავის მეჯინიბეს ჰყვარობდა, მეჯინიბეს! ერთი რომ არ იმყოფინა, თავისი მოურავი ნაზარიანციც კუროდ დაისვა და თავისი ჭუჭყიანი ნაჩუმარი არც კი დაჰმალა. ხოლო მისი ქმარი - მეფის გენერალი, კეთილშობილი, განათლებული და პატივდებული ელიზბარ ყაფლანიშვილი მხოლოდ განზე გადგა და თავის გამეძავებულ მეუღლეს თვისი გვარიც არ ჩამოართვა. უფრო მეტიც - ფულსაც კი აძლევდა და ეტლებსა და სასახლეს უნახავდა!
კნეინა ელისაბედ ტაშისკარელი, ათიოდე წარჩინებული საქმრო რომ დაიწუნა, შარშან ყასაბს გაჰყვა ცოლად, ყასაბს - სისხლიანს, ქონიანსა და ტურტლიან სალახს!
კიდევ მრავალი მაგალითი აგონდება თეიმურაზს. აგონდება და თავის თავს ეკითხება:
- რით სჯობიან ჯაყო ჯივაშვილს ბნელი გრიშკა რასპუტინი, ქონიანი სალახი და ნეხვიანი მეჯინიბე?
- არაფრით, არაფრით!
რა თქმა უნდა, არაფრით! ხევისთავი გამწარებულია, მაგრამ სამართლიანობის უნარი ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს.
- ოღონდაც არაფრით, ოღონდაც!
მაშ ვინ, რამ დაატეხა თეიმურაზს ასეთი უმაგალითო სირცხვილი, ასეთი გაუძლისი უბედურება? ისევ თავის თავს უნდა უჩიოდეს და ემდუროდეს თეიმურაზი, ისევ თვითონ არის ბრალიანი და დამნაშავე. ის მეტის-მეტად გადაჰყვა მწიგნობრობას, საზოგადო საქმეს და ქვეყნის ცხოვრებას, ზანზიბარსა და ეშმაკის კუნძულს, ლლოიდ ჯორჯსა და მაროკკოს, კლემანსოს და ლიბერიის რესპუბლიკას. გადაჰყვა თეიმურაზი და დაივიწყა, რომ გვერდით ცოლი ჰყავდა, რომ მარგოც დედაკაცი იყო, რომ იმასაც უნდოდა მოვლა და პატრონობა, მზრუნველობა და სიყვარული, რაც მარგოს თეიმურაზმა დააკლო, ჯაყომ შეუვსო. - აი უბრალო, მარტივი და ბუნებრივი ამბავი, რომელიც გაცხარებულმა თეიმურაზმა მეტის-მეტად გაჰბერა და გასჭიმა.
კიდევ აგონდება თეიმურაზს:
მარგო სხვებისთვის გულცივი, ალაგმული, მშრალი და მიუკარებელი დედაკაცი იყო. ამიტომ ერიდებოდნენ მამაკაცები და სიყვარულის ნაცვლად პატივს სთავაზობდნენ. ხოლო სისხლჭარბიანმა ჯაყომ მეორე მხრიდან მოუარა და პატივსა და შორი გზას ძალა ამჯობინა.
თეიმურაზს ისიც ახსენდება, რომ ქალი დაუმთავრებელი ბავშვია, - სუსტი, უღონო, გულჩვილი, მორცხვი და ლბილი; რომ მას აქვს თავისებური თვალი და ყური, აზროვნება და გრძნობა. ქალური ალღო და ზნეობა, მდედრული შეგნება ამ ქვეყნის, მისი ხმის, ფერის, წეს-რიგისა და კანონების - ყოველივე მამაკაცისთვის უცხო, უხილავი და მიუგნებელი.
გაიხსენა თეიმურაზმა ის მოურევნელი გაჭირვებაც, რომელიც ქმრის დაუდევრობით თავთ დაატყდა მარგოს: ავეჯეულობისა და მორთულობის თანდათანობითი დალევა, ბნელსა და ნესტიან ოთახში სულის შეხუთვა, დაკერებული ორიოდე კაბა, დაგლეჯილი ფეხსაცმელი, დაძონძილ-დაკონკილი საცვალი, უხეირო საჭმელი, ზოგჯერ შიმშილიც, ჭუჭყი, სიცივე, დაკნინება და გაველურება.
- ღმერთო ჩემო! - წამოიძახა გულში თეიმურაზმა. - რამდენი უბედურება აიტანა საბრალო მარგომ, რამდენი! დაიტანჯა და ჯვარს ეცვა საწყალი დედაკაცი! არა, მარგო უბრალოა: მას არა აქვს ნებისყოფა, სიმტკიცე და გამძლეობა. დაიტანჯა საწყალი მარგო! დაიტანჯა და დაილია, დადნა და ჯვარს ეცვა! უბედური მარგო! საბრალო დედაკაცი!
ბოლოს, თეიმურაზმა გულის ნაუბარს დაუჯერა და მარგოს ბრალი სავსებით თავის კისერზე გადიჭდია. კვლავ ციხის კედელზე იჯდა, ისევ შუბლში მჯიღს იცემდა და ზოგჯერ გულში, ზოგჯერ კიდევ ხმამაღლა გაჰკიოდა:
- ახია ჩემზე, ახი! ეგრე მინდა, ეგრე! ეს ერთი და სხვა ათასი!
გაახსენდა თეიმურაზს ლევანაშენის წამებაც და ის საზარელი ღამეც, რომელიც ჯაყოს დუქანში გაატარა; გაახსენდა ჩირქი და ტალახი, რომელიც იმ ღამეს და იმ დღეს მარგოს შეასხა; მოიგონა თვისი დაჩაგრული მეუღლის შებღალვა და შებილწვა; მოიგონა და თვითონვე შერცხვა თვისი სიფიცხისა და აპრიალებისა. მაშინდელ როშვას დღეს გულში ჰნანობდა და უდანაშაულო მარგოს წინაშე ბოდიშს იხდიდა:
- ჩემო საბრალო მარგო! ჩემო უმანკო მარგუში! ჩემო საწყალო მარგალიტო! ჩემო ერთად-ერთო მეგობარო! მიუტევე შენს თეიმურაზს, თუ მან შეურაცჰყო და წაჰბილწა შენი წმინდა სული და უმწიკვლო სახელი!
ვიღაც უჩინარი, ავი და ბოროტი სული გვერდით მოუჯდა უკვე განსპეტაკებულ თეიმურაზს. გაშმაგებით ებრძვის იმის გულს და ხანგამოშვებით მოაგონებს მამაკაცის თავმოყვარეობას:
- სირცხვილი? საქვეყნოდ თავის მოჭრა? შენი გამასხარავება? ყველანი ზურგის უკან დაგცინიან, ხევისთავის სახელს სთელავენ, პატივს აღარ გაძლევენ, კარებს გიკეტავენ და ზურგს გიჩვენებენ.
ხანგრძლივსა და მწარე ბრძოლაში, ბოლოს, გულმა ამპარტავნობას დასჯაბნა და საბოლოოდ დაიმორჩილა.
თეიმურაზი იმ დღეს პირველად გრძნობს მარტოობის სიმწვავეს, ეულობის ტკივილსა და უპატრონობის გაუძლისობას. არც წინად და არც ეხლა თეიმურაზს თურმე მარგოს მეტი ამ ქვეყნად არავინ ჰყოლია. მისი თანაზიარნი და მიმყოლნი თურმე მხოლოდ ქუჩაში, კრებებსა და ჭამა-სმაში ყოფილან თეიმურაზის მეგობრები. ეხლა კი როცა მას ლხინი ჭირად შეეცვალა, როცა მიშველება, გამხნევება და ნუგეში დასჭირდა, - ყველანი გაიფანტნენ და ცხოვრების ულმობელ მოედანზე თეიმურაზი მარტოდ-მარტო დასტოვეს. მხოლოდ ერთგული მარგო ედგა გვერდით, მხოლოდ მან გასწია თეიმურაზის ავბედითი უღელი, მან გაიზიარა მისი ჭირი და ვარამი, შიმშილი და უძილო ღამე, შავი სევდა და მწარე ცრემლი.
განა მარგომ ცხადად არ დაუმტკიცა თავის ქმარს ცოლის ერთგულება, მეგობრის მოვალეობა, უსაზღვრო მოთმინება და საარაკო გამძლეობა? ეხლა კი თეიმურაზს ეს ერთად-ერთი მეგობარიც უნდა ჩამოაშორონ?! და თეიმურაზმა ანაზდეულად იგრძნო თავზარდამცემი შიში ბავშვისა, რომელიც დედამ უცხო და ბნელ ქვეყანაში თავის კაბის კალთას ჩამოაშორა და მარტოდ-მარტო დასტოვა. იგრძნო ასეთი შიში თეიმურაზმა და აჟრჟოლდა, დაიბნა და აჩუყდა. და როგორც უპატრონოდ მიგდებული ბავშვი დარბის ჩაბნელებულ ქალაქში და მთრთოლვარე ხმით გაჰკივის: "დედა! დედილო! სადა ხარ, დედილოო", თეიმურაზიც ასე ეულად იჯდა გორის ციხის კედელზე და იძახდა:
- მარგო! ჩემო მარგუში!... ჩემო მარგარიტავ! ჩემო მარგალიტო! მომწყინდა უშენობა... დავიტანჯე უშენოდ. ალბათ უჩემოდ შენც გიკვნესის გული. ალბათ შენც დაგელია თვალი ჩემს მოლოდინში.
ვერა, თეიმური ვერ გაუძლებს ობლობას! ვერ დარჩება თავის დახაშმულ ბედის ანაბარად, მარტო ვერ გასწევს ცხოვრების უღელს! იგი რკინასავით დამძიმდა და კლდესავით დააწვა თეიმურაზის ჩამტვრეულ ხერხემალს.
- წავალ ნაშინდარში, ხელს ჩავავლებ ჩემს ცოლს და წამოვიყვან. ქვეყანა დიდია. შიმშილით არ დავიხოცებით. დღე და ღამეს გავასწორებ, თუნდ მოჯამაგირედ დავდგები... ჩემს მარგოს კი დედოფლად დავისვამ და ერთგულად ვემსახურები. ალბათ თავი და ხელი ვერ გავანძრიე წესიერად, თორემ ჩემისთანა კაცი მართლა როგორ მოკვდება შიმშილით! ვიშოვნი ერთ ლუკმა პურს, ყოველთვის ვიშოვნი! ვიშოვნი და ამიერიდან მხოლოდ მარგოსთვის ვიცხოვრებ და მხოლოდ იმას შევსწირავ დანარჩენ ჯან-ღონეს და სიცოცხლის დღეებს. კმარა! გათავდა ჩემი საზოგადო მოღვაწეობა! ეხლა ჩემთვის და მარგოსთვის უნდა ვიცხოვრო. თუნდ ერთ საათში დაღუპულან და წყალსაც წაუღია ზანზიბარიც, ლიბერიაც, რურიც, მოსსულიც, სუდანიც, ბესსარაბიაც, ეშმაკის კუნძულიც და ბოტოკუდებიც, ლოიდ ჯორჯიც და ერრიოც, პუანკარეც და კერზონიც, მაკდონალდიც და მუსოლინაც, წიგნიცა და... ქართული საქმეც! დიახ, ქართული საქმეც! მორჩა და გათავდა!
დიახ, მორჩა და გათავდა!
მაგრამ... თეიმურაზის გული გონებას არ ემორჩილება. ცარიელია იგი. შიგ ბნელი ღამე ჩაწოლილა.
რწმენას ეძებს თეიმურაზ ხევისთავი; ეძებს ღმერთს ან სატანას, ზეციურს ან ქვეყნიურს. სულის სიბნელეს ისევ ის სჯობია, რომ გულში შავი ქვა ედოს, ურწმუნო სულის ტარება და ცარიელის გულით სიარული აღარ შეუძლიან, არა!
იმ საშინელ ღამის შემდეგ, როცა ივანემ თვალი აუხილა, თეიმურაზს პატარა სახარება თან დააქვს ჯიბით, მალვით კითხულობს ღვთის სიტყვას თეიმურაზ ხევისთავი, თითქო სასირცხვილო საქმეს სჩადის და დღის ნათელს ერიდება. ეხლაც ამოიღო და გადაშალა. ქაღალდის არშიაზე ორ წარწერას წააწყდა:
"განიყვეს სამოსელი ჩემი და კვართსა ზედა იყარეს წილი".
თეიმურაზმა თავის მამის ხელი იცნო. როდის წააწერა, როდის იწინასწარმეტყველა ავთანდილმა? სულ ერთია. ცხადია მხოლოდ, რომ ბაგრატოვანთა დევიზი უკვე გამართლდა თეიმურაზის კისერზე. უკვე განიყვეს სამოსელი მისი და კვართსა ზედა იყარეს წილი. ავმა ბედმა ცოლიც კი წაართვა ხევისთავს, ხოლო მისი თავი ნახიზნევ ჯაყოს შეუგდო ხიზნადვე.
- უცნობელ არიან გზანი შენნი, ჰოი უფალო!
"ჰსაჯენ, უფალო, მავნებელნი ჩემნი და ჰბრძოდე მებრძოლთა მათ ჩემთა" - წაიკითხა მეორე მინაწერიც და გაახსენდა საფლავის წარწერა ტრაპიზონში დამარხულ ქართველთა მეფის სოლომონისა.
გაიხსენა სამშობლოდან განდევნილ მეფის ხვედრი და თავის თავს შეადარა.
- მეც, ემიგრანტი ვარ, - გაიფიქრა, - ემიგრანტი ჩემივე ქვეყაში, უცხოელი ჩემივე მოძმეთა შორის. ღმერთო, მიშველე!
მერმე გადაშალა მეექვსე თავი მათესაგან. ჯერ გულმოდგინებით, სასოებით და პირჯვრის წერით წაიკითხა "მამაო ჩვენო", მერმე მეშვიდე თავი გადაფურცლა და ასეთივე სასოებით ჩაიკითხა:
"ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ.
რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, - განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, - მოგეწყოს თქვენ.
ანუ რასა ჰხედავ წველსა თვალსა შინა ძმისა შენისასა, და დვირესა თვალსა შინა შენსა არა განიცდი?
ანუ, ვითარ ჰქვა ძმასა შენსა: მაცადე და აღმოგიღო წველი თვალისაგან შენისა; და აჰა ეგერა დვირე თვალსა შინა შენსა.
ორგულო! აღმოიღე პირველად დვირე თვალისაგან შენისა, და მაშინ იხილო აღმოღებად წველი თვალისაგან ძმისა შენისა.
ნუ მიჰსცემთ სიწმინდესა ძაღლთა, ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქვენსა წინაშე ღორთა, ნუ უკვე დაჰთრგუნონ იგი ფერხითა მათითა, და მოიქცენ და განგხეთქნენ თქვენ.
სთხოვდით და მოგეცეს თქვენ; ეძიებდეთ, და ჰპოოთ, ირეკდით, და განგეღოს თქვენ".
ამ დროს ქვემოდან ზარის რეკვა მოისმა. თეიმურაზი ციხის კედლიდან ჩამოცოცდა და ნელის ნაბიჯით თავქვე დაეშვა.
ურწმუნო თეიმურაზი თავის ჯვრისწერის დღიდან ეკლესიაში არ შესულა. თუ ქვაშვეთს ან სიონში ოდესმე საზეიმო პანაშვიდი გამოცხადდებოდა, საზოგადო მოღვაწე ეკლესიის ეზოში გამოჩნდებოდა და დროს ლაყბობაში გაატარებდა. ეხლა კი ისე მიაბიჯებდა ღვთის ტაძრისკენ, როგორც ოცდახუთის ან ოცდაათი წლის წინათ თავის დედასთან ერთად მიდიოდა აღდგომის ღამეს ნაშინდარის ეკლესიაში, - სასოებით, გულის ფანცქალით, სიხარულით და რწმენით.
თეიმურაზ ხევისთავი ჰგრძნობდა, რომ იმის ნაგვემ გულში სული წმინდა ჩაფრინდა, ან თვითონ თეიმურაზი მოსწყდა ცოდვილ ქვეყანას და მისწვდა ზეციერ მამას, რომელსაც კარგა ხანს ეძებდა და მოუწოდებდა.
იმ ეკლესიის ფართე გზა ჯერ გაბილიკებულიყო, მერმე ისიც წაშლილიყო, აბალახებულიყო და ნარ-ეკლით მოდებულიყო.
ეკლესიაში ოციოდე მოხუცი იდგა. თეიმურაზი ბნელ კუთხეში დადგა. ძველი, მივიწყებული, უბრალო ლოცვები მოიგონა და უჩინარს მთრთოლვარე ჩურჩულით შეჰღაღადა:
- წმიდაო მამაო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდაო, შეგვიწყალენ ჩვენ! დიდება მამასა, და ძესა, და სულსა წმიდასა, ამინ!
დიაკონმა სამოციქულო გაათავა. მღვდელმა სახარება ჩურჩულით და სასოებით წაიკითხა. თეიმურაზი სულგანაბული უგდებდა მრუში დედაკაცის იგავს.
მწიგნობართა მათ და ფარისეველთა მოუყვანეს იესოს მრუში დედაკაცი, რომელიც, მოსეს კანონით, უნდა ჩაექვავებინათ, და ჰკითხეს იესოს:
- შენ უკვე რასა იტყვი?
"ხოლო იესო აღემართა ზე და ჰრქვა მათ:
- ვინ უცოდველ არს თქვენგან, პირველად მან დაუტევენ ქვა მაგას ზედა.
ხოლო მათ, ვითარცა ესმა, მხილებულნი სვინდისისაგან, განვიდოდეს თითო, იწყეს მოხუცებულთაგან, ვიდრემდის დაჰშთა თავადი მარტო დედაკაცი ჰსდგა შორის, ხოლო იესო აღემართა და არავინ იხილა, გარდა დედაკაცი იგი, და ჰრქვა მას:
- სადა არიან შესასმენელნი შენნი? არავინ განგიკითხა შენ? ხოლო მან ჰრქვა:
- არავინ, უფალო!
ხოლო იესო ჰრქვა მას:
- არცა მე განგიკითხავ შენ. წარვედ, ამიერიდან ნუღარა ჰსცოდავ".
ამ იგავის გაგონებაზე თეიმურაზს გული აუჩუყდა. გამხმარ მუხლისთავებით ცივ ქვაზე დაემხო და მეტანიით ჩურჩულებდა: - ჩემო მარგო!.. მარგუში! არც მე განგიკითხავ შენ. ოღონდ ნურღარა ჰსცოდავ, ოღონდ ხელი ჰკარ ჯაყოს, დაივიწყე ყოველივე და გაჰყე შენს ერთგულ თეიმურაზს. ის თვითონაც დაივიწყებს ყოველივეს და ამიერიდგან იცხოვრებს მხოლოდ შენით და შენთვის. წმიდაო მამაო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდაო, შეგვიწყალენ ჩვენ ცოდვილთა და უღირსთა, რამეთუ დღემდის არა მრწმენიან შენი, ხოლო ამიერიდგან ვარ მლოცველი შენის წმიდა სახელისა და წმიდა ტაძრისა. ამინ!
თეიმურაზს სული შვებით აღევსო. მხურვალე ლოცვამ და რწმენის დაბრუნებამ გული აუდუღა და თვალები ცრემლით გაუვსო. ეჭვის ჭიებიც გულიდან ამოფუსფუსდნენ და გაჰქრნენ.
წირვა რომ გათავდა, მხოლოდ ერთი ჭია-ღა შერჩა სულის ჯურღმულში. ეკლესიიდან რომ გავიდნენ, ხელახლა მონათლული ძმა ქრისტესი თეიმურაზი მიუახლოვდა მოხუც მღვდელს და უთხრა:
- მამაო სვიმონ! აი, სახარება მათესაგან, თავი მეშვიდე, მუხლი თხუთმეტიდან ოცდაერთამდე. ამიხსენ და განმიმარტე იგი, რამეთუ ვერა გავიგე.
და თეიმურაზმა წაუკითხა:
"ეკრძალენით ცრუ წინასწარმეტყველთაგან, რომელნი მოვიდოდენ თქვენდა სამოსლითა ცხოვართაჲთა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ.
ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი. ნუ უკვე შეჰკრიბიან ეკალთაგან ყურძენი, ანუ კუროსთავთაგან ლეღვი?
ესრეთ ყოველმან, ხემან კეთილმან ნაყოფი კეთილი გამოიღოს, ხოლო ხემან ხენეშმან ნაყოფი ხენეში გამოიღოს.
ვერ ხელეწიფების ხესა კეთილსა ნაყოფისა ხენეშისა გამოღებად, და არცა ხესა ხენეშსა ნაყოფი კეთილი ყოფად.
ყოველმან ხემან, რომელმან არა ჰყოს ნაყოფი კეთილი, მოეკვეთოს და ცეცხლსა დაედვას. ნაყოფთა სამე მათთაგან იცნნეთ იგინი.
არა ყოველმან, რომელმან მჰრქვას მე: უფალო! უფალო! შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა; არამედ რომელმან ჰყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსა".
გაათავა თეიმურაზმა კითხვა და ჰკითხა მღვდელს:
- მითხარ, მამაო, ვითარ შევუფარდო ეს სიტყვა იესოსი დღევანდელ ცხოვრებას?
მღვდელმა გახსნილი სახარების ერთი ფურცელი გადმოფურცლა, გამხმარი და მთრთოლვარე თითი ერთ ალაგს დაადო და უთხრა:
- წაიკითხე პასუხი, შვილო თეიმურაზ!
უთხრა, მოტრიალდა და ლასლასით წავიდა. ხოლო თეიმურაზმა ნაჩვენები წაიკითხა: თავი შვიდი, მუხლი პირველი:
"ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ".
თეიმურაზმა იმ დღეს სულის სიცხე გაინელა, ოდესღაც მორღვეული რწმენა გაიმთელა, ნაგვემ კისრიდან ძაღლის მძორი ჩამოიხსნა და წაბილწულ გულიდან ყარტლი ამოირეცხა.
აღარც მყრალი ლეშის სუნი ესმის თეიმურაზს. ის დღეც თითქო განათლდა და ქვეყანაც გამხიარულდა.
ხვალ თეიმურაზი ნაშინდარში ავა, მარგოს თავის გარდაქმნას უამბობს, წამოიყვანს, ფეხმოსხლეტილ მეუღლესაც გარდაქმნის, და ბედნიერებით, რწმენით, შრომით, მშვიდობით და სიყვარულით აღსავსე ცხოვრებას შეუდგება.
თეიმურაზი არხეინად და ყოჩაღად მოძუნძულებს ნაშინდარისკენ, თან ჩახლეჩილი ხმით ღიღინებს:
შაბათი რომ დაღამდებაა,
კვირა გათენდეეება-ა...
მოდის თეიმურაზი და ჰქარგავს გულისამჩუყებელ სიტყვას, რომელსაც მარგოს ეტყვის.
დაიწყო, დახატა და მოჰქარგა.
თუ მარგო მართლა დაძალებულია, თუ ჯაყოც ახირდა და მარგო არ გამოუშვა, თეიმურაზი ეტყვის ჯაყოს:
- ამხანაგო ჯაყო! ახალმა ცხოვრებამ გარგუნა ჩემი სახლ-კარი, ბაღი და ნაფუზრები. ღმერთმაც შეგარგოს. იმუშავე და მოიხმარე. მაგრამ ჩემი ცოლი ჩემია. მარგო ჩემთვის არავის არ წაურთმევია და შენთვის არ მოუცია. ჯაყო! შენი ძალა უსაზღვრო არ არის. ჩვენ მთავრობაც გვყავს და კანონიც გვაქვს, - აგონდება ხევისთავს ერთიც და მეორეც. - ნუ აუხირდები ხელისუფლებას, თორემ ინანებ. ინებე ჩემი გულწრფელი და უუღრმესი მადლობა უხვი მასპინძლობისთვის. სამაგიეროდ ერთს ხუთად გადაგიხდი... დღეს თუ არა, ხვალ მაინც გადაგიხდი... მარგო, წავიდეთ!
მარგოც მადლობას გადაუხდის ჯაყოს, ხელს ჩაავლებს თეიმურაზს და ორივენი წამოვლენ...
- საით წავლენ ხევისთავები?
ამას მერმე მოისაზრებს თეიმურაზი.
შეიძლება ჯაყომ სთქვას:
- მარგოს ჩემთან გინდა დარჩენა.
- ვისთან? შენთან? ჯაყოსთან?! ხა-ხა-ხა! მარგო, გაიგე ჯაყოს ნაბოდვარი? "მარგოს ჩემთან გინდა დარჩენაო!" რა მასხარა რამ არის ჯაყო! მაგრამ მაინც შენ რას იტყვი, მარგო?
მარგო წინ წამოდგება და იტყვის:
- ჯაყო! მე დღემდე პატრონი არა მყავდა. ჩემი თეიმურაზი წიგნებმა, საზოგადო მოღვაწეობამ და საქვეყნო ზრუნვამ დააბრმავეს. თეიმურაზი ოცი წელიწადი იბრძოდა, შენ კი არხეინად იჯექი ჩვენს მამულში, გლეხებს ტყავს აძრობდი და სუქდებოდი. ბოლოს, თეიმურის თავგანწირულმა ბრძოლამ ნაყოფი გამოიღო, რომელიც შენ მიითვისე. ჩვენ კი სამათხოვროდ გაგვიხადე საქმე. შენც კარგად იცი, რაც მოხდა. შენ უხეშად ისარგებლე ჩვენის დროებითი უძლურებით და დამიმონე. ეხლა თეიმურმა თვალები აახილა, ყველაფერი დაინახა და გაიგო. რაც მოხდა - მოხდა! ეხლა ყოველივე დაივიწყე. ჯაყო! მე შენი ტოლი არა ვარ. მე ვუბრუნდები ჩემს ერთგულს, ნაცად მეგობარს, ჩემს თეიმურს, რომელიც დღეს ხელახლად დაიბადა ახალ ცხოვრებისთვის, ბრძოლისთვის და ჩემი სიყვარულისთვის. ჯაყო! ჩემი ქმარი ეხლა ძლიერია და ახალგაზრდა! თეიმური უძლეველ და დაუშრეტელ ჯანღონით არის სავსე. ამიტომ დღევანდელ დღიდან სამუდამოდ ვუბრუნდები მას. მშვიდობით, ჯაყო!
ამაყი მარგო მოტრიალდება, თეიმურაზს ხელს ჩაავლებს და ორივენი წავლენ...
- მაინც, სად წავლენ ორივენი?
- ქვეყანა დიდია. - კვლავ ჰფიქრობს თეიმურაზი. - სამსახურის კარები ყველგან დამიკეტეს. მე სხვა კარებს მოვძებნი: სამრეწველო ან სავაჭრო ამხანაგობას შევადგენ და პრაქტიკულ საქმეს შევუდგები. მართალია, კერძო ვაჭრებიც დღითი-დღე ილევიან, მაგრამ ვაჭრობის გარდა სხვა ხელობასაც ვიპოვნი. ან ხარაზობას შევისწავლი, ან გაკვეთილებით ვიცხოვრებ, ან კიდევ, თუ მეტის-მეტად გამიჭირდა, ქუჩაში გავალ და პაპიროსს გავყიდი, ან ფეხსაცმელის მწმენდავად დავდგები. ბევრი კეთილშობილი და ნასწავლი ცხოვრობს ეხლა ამ ხელობით. ერთი სიტყვით, კმარა ესოდენი ფუტურო სიტყვა და ავი ოცნება, კმარა! ხალხი დავახრჩეთ სიტყვების ზღვაში. ერთი წყვილი ქალამნის მოქსოვით უფრო მეტს ვარგებდი ჩემს თავსაც და ხალხსაც, ვიდრე თხუთმეტი წლის "მოღვაწეობით".
და თეიმურაზმა "მოღვაწეობა" ფრჩხილებში ჩასვა. მერმე კვლავ განაგრძო თავის თავთან საუბარი:
- კმარა! ჩემმა ნამოურავალმა პეტრემ წერა-კითხვაც არ იცის, მაგრამ ჩემზე ხუთჯერ მეტი ჭკუა ჰქონია. ადრევე მეუბნებოდა: თაგვმა თხარა, თხარაო, და კატა გამოთხარაო. ამას წინათ კი თავისთვის ჩაიბურტყუნა: რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო. ივანემაც სწორედ მომიჭრა: ურემი რომ გადაბრუნდებაო, გზაც მაშინ გამოჩნდებაო. ჩემი ურემიც გადაბრუნდა, დაიმსხვრა და გზაც ეხლაღა გამოჩნდა. ვხედავ ახალ გზას, ვხედავ! კმარა, კმარა! ეხლა კი ჭკუა ვისწავლე და თვალიც გავახილე.
- მაშ რომელ საქმეს შეუდგება თეიმურაზი?
- საქმე ათასია: საკომისიო მაღაზია... ან ბაყლეულის დუქანი... ლიმონადის ან საპნის ქარხანა... ან ერბოთი და ყველით ვაჭრობა... ან გაკვეთილები, ან პაპიროსის გაყიდვა. ერთი სიტყვით, საქმე უთვალავია... ყველაფერი ადვილად მოეწყობა, ოღონდ...
ოღონდ - დღესვე წამოიყვანოს თეიმურაზმა მარგო, ოღონდ დღესვე დაიბრუნოს ერთგული, შეუცვლელი მეგობარი და... სულიერი მშვიდობა.
ოჰ! სულიერი მშვიდობა! სულიერი მშვიდობა! როგორ მოსწყურდა საწყალ თეიმურაზს სულის მშვიდობა! რამდენი წელიწადი ეძებს მას მშიერი თეიმურაზი, მაგრამ ვერ იქმნა, ვერ იპოვნა და ვერ დაისვენა. ეხლა კი...
დღეს თუ დაიგვიანა თეიმურაზმა, ხვალ დილით მაინც... ხვალ დილით უეჭველად... უეჭველად!
თეიმურაზი დაიღალა. ვერხვის ჩრდილში მიწვა და მიიძინა.
გრილმა სიომ გამოაღვიძა, ბინდი ჩამოწოლილიყო. ნაშინდრელ ურემს წამოეწია და შეახტა.
სოფლის თავს რომ მიაღწიეს, ათი საათი იქნებოდა.
დუქანში შუქი მოსჩანს. თეიმურაზი ჩამოხტა და დუქანში შევიდა. შიგ ქეშელა და ბრინკა ფუსფუსებენ. ქეშელა დასაძინებლად ემზადება, ბრინკამ კი ჯაყოს სახლში მარილი უნდა აიტანოს.
- მაშ ერთად წ...წწავიდეთ, ბრინკა!
- წახვიდეთ, შენი წირი მე, რატომ არ უნდა წახვიდეთ!
ერთად წამოვიდნენ. თეიმურაზი ჰფიქრობს: "ჯაყომ ბრინკა დამარქვა, მასხარად ამიგდო. ჯაყოს ბრინკასავით ნაცარქექია და ბედოვლათი ვგონივარ. მაგრამ ჯაყო სასტიკად მოსტყუვდვბა, სასტიკად! ვნახოთ... ხვალ ვნახოთ".
თეიმურაზი ცუნცულით მიმავალ ბრინკას მისდევს. გულში კი თან-და-თან უმიზეზო შიშს, უცნაურ მორიდებას და მოკრძალებას ჰგრძნობს. ისე ეჩოთირება ჯაყოს სახლში შესვლა, თითქო მრისხანე ბატონთან მიდის სახვეწნელად და თავის შესაბრალებლად.
ხუთი წუთის შემდეგ თეიმურაზი ჯაყოს და მარგოს ნახავს. მერმე? რას ეტყვის თეიმურაზი? იშოვნა სამსახური?
- ვერ ვიშოვნე.
მერმე რად მიჰყავს მოულოდნელად მარგო?
- იმიტომ რომ... თავი მოგაბეზრე, ჯაყო... სტუმრობა გაგვიგრძელდა...
ეხლა სად მიდიან? ვის მიადგებიან კარზე?
თეიმურაზმა არ იცის, ვის შეეკედლებიან და ხვალინდელ ლუკმას როგორ იშოვნიან. ის კი იცის, რომ წეღანდელი მოქარგული სიტყვები აპრიალებულ ტვინის ნაბოდვარი იყო, ხოლო ეხლანდელი, უცბად შეთითხნილი გეგმა მარგოს გააცინებდა, ჯაყოს აახვიხვინებდა და თეიმურაზსაც გააწითლებდა.
მაგრამ არა უშავს-რა: თეიმურაზი დასაჯერებელ მიზეზს ამაღამ მოისაზრებს და დილით მარგოს წაიყვანს. ეხლა კი ასეთი რთული საქმის გადაჭრა ძალიან ძნელია და დაგვიანებულიც, რადგან ბრინკა და თეიმურაზი უკვე კიბეს მიადგნენ.
ბრინკამ ძაღლს დაუყვავა. ბოღრიამ თეიმურაზი დაუყეფავად გვერდით გაიტარა.
გვიანღაა ფიქრი, გეგმის შემუშავება და შესრულება.
სახლი ჩაბნელებულია... ალბათ ჯაყოსაც სძინავს და მარგოსაც... ყველაფერს ამაღამ მოისაზრებს თეიმურაზი.
ბრინკა სადღაც გასხლტა. თეიმურაზმა პირველი ოთახი ფეხაკრეფით გაიარა და თავის ოთახში შევიდა.
ეს ოთახი თეიმურაზის ახალგაზრდობაშიც მისი საწოლი იყო. ეხლაც ორივენი იმ ოთახში იყვნენ დაბინავებულნი.
მარგოს ალბათ სძინავს... სძინავს ათიოდე წლის წინათ ნაყიდ ინგლისურ საწოლზე, რომელიც მარჯვნივ... დიდი სარკის პირდაპირ... აი აქვე ფანჯრის ძირში... აი ამ კუთხეში, საიდანაც...
იმ კუთხიდან თეიმურაზს გოლიათური ფშვინვა ესმის. თეიმურაზმა სათვალეები შეისწორა, რამდენიმე ნაბიჯი კიდევ გადასდგა და განიერს, ინგლისურ ტახტს დააცქერდა.
დააცქერდა და მთვარის შუქზე ბეცის თვალებით ძლივს გაარჩია იმ ტახზე გაშოტილი ორი ადამიანი. დააკვირდა თეიმურაზი და სიგრძე-სიგანეზე იცნო გულაღმა გაშლართული ჯაყო, მისი მტკავლის სიგრძე ულვაშები, პეშვის ოდენა ღია პირი, ცხენის დაკრეჭილი კბილები და ბალიშივით ამოგდებული მკერდი.
ორივენი წელამდე შიშვლები არიან, ხოლო წელქვევით თეთრი ზეწარი ახურავთ. მარგოს ჯაყოს მარცხენა მკლავზე მიუდვია თავი და მაძღრად სძინავს. პირსახეც მშვიდი, უმანკო და მაძღარი აქვს. გაფუებული ძუძუები მთვარესთვის ამოუგდია. მკრთალი, თითბერის მკერდი გაუღეღნია და ხშირი თმა უდარდელ ღიმილით მოსილ პირსახეზე შავი გველივით შემოუვლია. თეთრი, გატიკული და თლილი მარმაროს მკლავი ჯაყოს ბანჯგვლიან მკერდზე უდევს.
თეიმურაზი უცებ თავით-ფეხებამდე ჯიანჭველების ბუდეში ჩაჯდა.
თავში ალი აუვარდა. გულზე ცეცხლის სალტე მოუჭირეს და შიგნეულობას მარწუხებით დასწვდნენ. მისი ტვინი ხანძარმოდებულ საგიჟეთს დაემსგავსა. თვალთ დაუბნელდა, თავბრუ დაესხა და მუხლები დასწყდა. მაინც თავს ძალა დაატანა, ორივე ხელით ტახტს დაებჯინა, კისერი წინ გაიწვდინა, თვითონაც გაიჭიმა და ორივეს ჩაციებით დააცქერდა.
ორივეს ავის თვალით ათვალიერებს თეიმურაზი და ხარბის დაკვირვებით სინჯავს. თითქო ხანგრძლივ უსმელ-უჭმელობის შემდეგ გემრიელ სანოვაგეს წააწყდა და ავხორციანი სურათით სძღებოდაო, - შხამიან წყურვილს იქრობდა, რაღაც უცნაურ ჟინს იკლავდა და ავზნიან სასმელით იწამლებოდა.
როდის, ან სად ნახა თეიმურაზმა ასეთი სურათი? ჰო, მართლა! დუქანში, დუქანში ნახა წარსულ კვირას! ეძინა თუ ეღვიძა მაშინ თეიმურაზს? აღარ ახსოვს. ან ავზნიანი სიზმარი იყო, ან ცხადი უჟმური.
- ნეტა ეხლაც ხომ ლანდი არ არის?
თვალები მოიფშვნიტა და ჯაყოს მკერდს აკანკალებული თითი დაადო.
არც ლანდია, არც უჟმური.
- ცოცხალი ჯაყოა, ცოცხალი!
მიიხედ-მოიხედა. კედელზე ჯაყოს იარაღი ჰკიდია.
- მოჰკალ, მოჰკალი!
რა თქმა უნდა, მოჰკლავს, უეჭველად მოჰკლავს!
მხოლოდ არ იცის ხევისთავმა, ხმლით მოჰკვეთოს თავი, ხანჯლით გაჰგმიროს თუ მაუზერით გახვრიტოს.
ხელი თავის-თავად წაეტანა ადლიან ხანჯალს. ამოწვდილი ფოლადი იდუმალი ანარეკლებით ლაპლაპებს.
- მოჰკალ, მოჰკალ ეგ ვერაგი, ეგ ჰარამზადა, მხეცი, საზიზღარი პირუტყვი!
მოჰკლავს, ეხლავე მოჰკლავს!
მაგრამ რათ უკანკალებს მარჯვენა? რათ უთრთის ფეხები? რათ უკვნესის შიშით მოცული გული?
- მოჰკალ. თეიმურაზ ხევისთავო, მოჰკალ!
ეხლავე, ეხლავე მოჰკლავს!
ღმერთო, აპატიე ხევისთავს! ადამიანის სისხლი უნდა დაჰღვაროს... კაცი უნდა მოჰკლას, კაცი!
- კაცი კი არა, მხეცია, მხეცი!.. აბა, ასწიე ხელი!. . ასწიე და დაჰკა!.. დაჰკა!
თეიმურაზის ხელი მაღლა იწევს, გული კი თავისთავად ჩურჩულებს:
- ღმერთო დიდებულო!.. უფალო ძლიერო! შემინდვე მე შეცოდებანი ჩემნი და მომეც მე ძალა რათა... რადგან... მეც ადამიანი ვარ, ადამიანი!
უცებ თავში ყინულის ჟრუანტელმა დაჰკრა და ქუსლებამდე ჩაურბინა. თვალებზე ბინდი გადაეფარა, მკლავი მოუდუნდა, ფეხები უკან წაუცურდა, თვითონაც შავ ბურანში შთაინთქა და მოსხლტა.
იმავ წუთს თითქოს იმ იატაკზე ვიღაცამ ნაფოტით გატენილი ტომარა დააგდოო. მახვილმა ბზრიალი გაიღო.
თეიმურაზმა იმავე ლოგინში გაახილა თვალები, სადაც ერთი საათის წინ ჯაყო და მარგო ჩახუტულები იწვნენ. გაახილა და თავი საგონებელს მისცა.
იქაურობას ათვალიერებს, რაღაცას იგონებს, რაღაც ლანდს ებღაუჭება. ის ლანდი კი თეიმურაზის დაღლილს და დასუსტებულ მეხსიერებას გაურბის.
ჩაცმული მარგო ქმრის თავთან ზის და კაკლის ტოტებში ჩაწოლილ მთვარეს ჩაციებით გასცქერის. თეიმურაზი არ ინძრევა, კვლავ ოთახსა და მარგოს ათვალიერებს და დავიწყებულს იგონებს.
უცებ წეღანდელმა სურათმა თეიმურაზს თვალწინ ელვასავით ჩაურბინა. ოდნავ წამოიწია, ერთი დაიგმინა, დაიკვნესა და თითქოს იმ გმინვას თვისი მილეული სულიც ამოაყოლა.
მარგომ თეიმურაზს ხელი შუბლზე დაადო, მაგრამ არ მოიხედა და კაკლის ფოთლებში მილულულ მთვარეს თვალი არ მოაშორა.
თეიმურაზი მარგოს ხელს ორივე ხელით დასწვდა და მიიზიდა. მარგო მაინც არ შეინძრა, კისერი უარესად მიიღრიცა და სულთმობრძავ ქმარს უფრო მეტად აარიდა თვალი.
თეიმურაზმა ხმა ძლივს იპოვნა:
- მარგო, ჩემო მ...მმარგუში! ეს რა ამბავია? ეს რა დ...დდამემართა? - მარგოს ხმა ჩაუწყდა.
- ეს რა ღვთის რრრისხვა დამატყდა?! ეს რრროგორ მოხდა, რომ შენ, ჩემმა ერთგულმა მ...მმეგობარმა ჯაყოზე გამცვალე?! მ...მმარგუში, ჩემო მარგუში! ხმა ამოიღე! სთქვი, როგორ მოხდა მეთქი?
მარგო კვლავ სდუმდა.
- ჩემო მ...მმარგუში! პასუხი მაინც მომეცი, დ...დდამამშვიდე... რათ მოხდა? როგორ მოხდა ეს ამბავი?
მარგომ უძირო ოხვრით ამოიოხრა და ოდნავ გასაგები ჩურჩულით ორი სიტყვა ძლივს ამოისუნთქა:
- არ ვიცი...
- მესმის, მ...მმესმის. გეძნელება ლაპარაკი... მ...მმესმის. იმ მხეცმა შენზე ძალა იხმარა. რა თქმა უნდა...
- მართალია. - ამოიბგერა მარგომ.
- რა თქმა უნდა, ძალით დ...დდაგიმორჩილა. შენც დამიმალე, რადგან შ...შშეგეშინდა ულუკმა-პუროდ დარჩენისა და ს...სსირცხვილისა არა? აგრე მოხდა ეს ამბავი, არა?
- ჰო... აგრე მოხდა.
- ეხლა კი ყველაფერი მესმის... ძალიან კ...კკარგად მესმის. მართალს ვამბობ თუ არა?
და ერთხელ კიდევ გაიმეორა:
- მ...მმართალს ვამბობ თუ არა?
მარგომ ერთხელ კიდევ ამოიოხრა და ძლივს ამოისუნთქა:
- ჰო, მართალია.
- პირველად ეს ამბავი მაშინ მოხდა, ტ...ტტფილისიდან რომ მოდიოდით, არა?
მარგომ პირსახე ხელებში ჩაიმალა.
- იმ ღამეს ლევანაშენში არ ჰყოფილხართ... არც თომა გინახავთ. ესეც ხომ მართალია?
ისევ დუმილი.
- რაკი ჯაყოს ერთი ძ...ძძალადობა შერჩა, მერმე შ...შშეგეჩვია, არა? შენ, რა თქმა უნდა, უძალიანდებოდი, იტ...ტტანჯებოდი, მაგრამ იმ მხეცს ტყვედ ჩაუვარდი. ს...სსირცხვილით ვეღარ გამიმჟღავნე, სისხლისა გ...გგეშინოდა. რა თქმა უნდა, ასე მოხდებოდა. უეჭველად ასე მ...მმოხდებოდა. ამიტომ გაჩუმდი, არა?.. მართალს ვამბობ თუ არა?
მარგო კვლავ სდუმდა. - მითხარი, გ...გგენაცვალე, მითხარი, მართალს ვამბობ თუ არა? მარგოს ხმამ სიოსავით გაიფუჩუნა:
- მართალს ამბობ.
თეიმურაზს თითქო გულს მოეშვა, თითქო რაღაც გაუხარდა. წამოიწია და ნიდაყვზე დაეყრდნო. დაეყრდნო და აბუტბუტდა:
- მ...მმადლობა უფალსა! მ...მადლობა უფალსა!.. ეხლა კი ყველაფერი ცხადია... ეხლა ყველაფერი მესმის... გულმა არ მიმტყუნა, მე უარესი მეგონა. ვ...ვვიფიქრე: იქნება ჩემმა მ...მმარგუშამ ჯაყო მამჯობინა? იქნება ხორციელ კავშირის გარდა გრძნობათა კავშირიც დამყარდა მეთქი? ვინ იცის, როგორ არის მ...მმომართული ქალის გული! მაპატიე, ჩემო მარგუში, ჩემო ერთგულო მ...მმეგობარო... მაპატიე, რომ ასეთმა უმსგავსმა აზრმა გამიარა თავში... შიშის ბრალია, შიშისა! შიშის და სიყვარულისა... მ...მადლობა უფალსა! მადლობა უფალსა, რომ შევცდი. ჯაყოს კი ამ მ...მმხეცობას არ შევარჩენ, არასოდეს არ შევარჩენ! წავიდეთ აქედან, მარგუში! დ...დდილითვე წავიდეთ. არა, დილით კი არა, ეხლავე წავიდეთ, ეხლავე!
და დაფაცურდა:
- ეხლავე მეთქი, ეხლავე, ეხლავე! შორს ამ ბუნაგიდან, შორსს. ადექი, ჩ...ჩჩაიცვი... ჩქარა! ჩქარა!..
თვითონაც წამოდგა და გამოცოცხლდა:
- მარგუში! ჩემო მარგუში! ოღონდ ეხლავე წავიდეთ ამ ბილწი ოჯახიდან და ყველაფერი თავისთავად მოეწყობა: ყველაფერს გაპატიებ, დ...დდაავივიწყებ. მე უკვე ნაპატიევი და დავიწყებული მაქვს... მე არაფერი არ ვ..ვვიცი, არც არაფერი მინახავს. ყ...ყყველაფერი ამოვიგდე თვალიდან და ხსოვნიდან. მეტსაც გეტყვი: ყ...ყყველაფერი ჩემი ბრალია, ჩემი! მარტო მე ვარ დამნაშავე; მარტო მე ვარ ბრალიანი! ახ...ხხია ჩემზე, ახი!.. მაგრამ დღეს წინანდელი თეიმურაზი მ...მმოკვდა და ახალი დაიბადა. რაც მოხდა - მოხდა! მორჩა და გ...გგათავდა! მე არაფერი არ მახსოვს მეთქი. ყ...ყყველაფერი გაპატიე და დავივიწყე... მარგო! მარგუში! შენც მაპატიე და დაივიწყე. დავიწყოთ ახალი ცხოვრება, მარგუში, დავიწყოთ. ჯაყოს კი... არ შევარჩენ ჩემს შერცხვენას. არ შევარჩენ მეთქი!
და მუქარით თითს უქნევდა:
- არ შევარჩენ! არ შევარჩენ მეთქი!
- ვის არ შეგარჩენ შენა?! - დაიჭიხვინა ამ დროს ჯაყომ და ოთახში შემოგორდა. შემოგორდა და მთვარის შუქზე ადლიანი ხანჯალი ააპრიალა. ის ხანჯალი, რომელიც წეღან თეიმურაზს გაუვარდა ხელიდან.
ჯაყო თითქო სალაშქროდ მიდიოდა: თხემით-ტერფამდე იარაღში იყო ჩამჯდარი. ზურგზე თოფი ჰქონდა გადაგდებული, თეძოზე - თეიმურაზის პაპისეული ხმალი, მკერდზე - სამი სავაზნე, ხოლო მარცხენა ხელში - მაუზერის რევოლვერი.
- ვის არ შეგარჩენ-მეთქი, ბრინკა, ვისა?! ჯაყოს არ შეგარჩენ? ჯაყოსა?!
მარგომ შეჰკივლა. უმალ წამოხტა, ჯაყოს გადაეღობა და მკლავზე ჩამოეკიდა:
- ჯაყო!.. ჯაყო, დამშვიდდი, დამშვიდდი!
- ჯაყოს არ შეგარჩენ მეთქი, ჯაყოსა?! - კვლავ გაჰკიოდა ნახიზნარი. - დედას გიტირებ ჯაყოი, დედასა!.. გაგიშვი ჯაყოი! გაგიშვი მეთქი, რო ღორივით დაგკლა ეს ბრინკაი, ესა!
აპრიალებულ ხანჯლის დანახვაზე თეიმურაზს სისხლი გაეყინა. უმალ კუთხეში აიტუზა და კბილების წკაპუნით ალუღლუღდა:
- მე... მე არ...რრაფერი... დამმშვიდდი, ჯაყო, დამ...მშშვიდდი! იარაღით როგორ შეიძლება... გ...გგაუგებრობა მოხდა, ჯაყო, გაუგებრობა. გამ...მმოვარკვიოთ, შე კაი კაცო, მ...მმოვისაზროთ, მოვ...ვვიფიქროთ... ვიმ...მმსჯელოთ.
ჯაყო მაინც არ სცხრებოდა კვლავ შფოთავდა და თეიმურაზისკენ იწევდა.
- გამიშვი ჯაყოი! გამიშვი მეთქი ჯაყოი!
- ჯაყო, გეყოფა, იკმარე. - ამშვიდებდა მარგო.
- ჯაყოს გემუქრება ბრინკაი? ჯაყოსა?! დედას გიტირებ ჯაყოი, დედასა!
ბოლოს, როცა ჯაყომ კუთხეში აბუზულ და აცახცახებულ თეიმურაზისგან უვნებლობა იგრძნო, ხანჯალი ქარქაშში ჩააგო. დოინჯი შემოიყარა და გადიხარხარა, - ისე გადიხარხარა, რომ სახლში ყველანი გამოაღვიძა.
- ხა-ხა-ხა! ბრინკაი ჯაყოს სამაგიეროს გადაგიხდი? ხო-ხო-ხო! ბრინკაი ჯაყოს არ შევარჩენ?! ხი-ხი-ხი!
მერმე უცებ ხარხარი შესწყვიტა, თეიმურაზს კისერში ორი თითი დაავლო და წინ წამოაყენა:
- რა გინდოდეს შენა? ჰა? რა გინდოდეს მეთქი? მარგოი? მარგო გინდოდეს?
- მარგო ჩემი ც..ცოლია, ჯაყო. უნდა წწავიყვანო.
- მარგო უნდა წაგიყვანო?! მერე, რათ გინდებოდეს? ჰა, რად გინდებოდეს მეთქი მარგოი? რა შენი საქმე იქნებოდე ასეთი ცოლი? ვერ აჭმევდე და ვერ შეინახვებდე. აქამდის შენთან იყავი მარგოი. როგორ გახდი მერე? მარტო ძვალი-ღა დაგრჩა. შენ ხელში კალოს ცხენივით გახდი მარგოი. აბა ახლა გიყურე! ამასავით ინდაურიც ვერ გასუქდები. მაშა! აგრე ვიცის კარგი ცხოვრებამა! მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა! შენ კი... ი-ი-იჰ, შე ბრინკავ, შენა! შენც კაცი იქნებოდე, რაღა! ფუჰ!
და ისეთი ზიზღით გადააფურთხა, თითქო თეიმურაზის მაგივრად იმ ალაგას უწმინდური რამ ეგდოო.
- არც ძ...ძძალით შეიძლება, ჯაყო, - უსაყვედურა თეიმურაზმა და ბორძიკით სცადა დარიგების მიცემა შესახებ თავის ოჯახურ უფლებისა.
ჯაყომ ისევ დაცინვით და ზიზღით მოუჭრა:
- რომელი პრავა ლაპარაკობდა შენა?! რის ზაკონი?! აი შენი პრავა და ზაკონი: ფუჰ!
და იატაკზე დანაფურთხი ფეხით გაგლისა.
- აი ჯაყოს ზაკონი. - და ოდნავ ხანჯალი ამოსწია. - შენა, გააღვიძებდე და გაიგებდე, რომა ზაკონის დრო აღარა ხარ მეთქი! წინათ თქვენა სწერდებოდეთ ზაკონებსა, ახლა კი მორჩებოდით და ჩაძაღლდებოდით! ეხლა მე გწერ კანონებსა, მენა! ჯაყო გწერს კანონსა, ჯაყოი! მაშ, მაშა! გაიგებდეს ამასაც, გაიგებდეს მეთქი!
და, ბოლოს, დავა ასე გადასჭრა:
- ნუღარ ლაპარაკობდე მეთქი! გაათავებდე! მარგო ჯაყოსია და ჯაყო აღარ მოგცემდი; აღარა! ეხლა წახვიდოდე და საცა გინდებოდე, იქ გიჩივლებდე ჯაყოსა, მორჩი და გათავდი!
თეიმურაზმა უკანასკნელი ხერხი სცადა:
- მარგოს მაინც ვ...ვვკითხოთ, ჯაყო.
ჯაყო ამას არ მოელოდა. ჯერ მარგოს დააცქერდა, ოდნავ შეყოყმანდა, მერმე განზე გადგა და დაიმკლავა:
- მარგოსა? ძალიან კარგი. ვკითხოთ მარგოსა.
თეიმურაზი მარგოს მიუბრუნდა.
- მარგო, დავა შენ უნდა გ...გგადასჭრა.
- აბა მარგო, გითხარი, ვინ გინდოდე, მე თუ ბრინკაი?
და ორივენი მარგოს მიაჩერდნენ.
ჯაყომ ნახევრამდე ამოსწია ხანჯალი და მარგოს დაუბღვირა.
მარგომ ხელები პირსახეზე აიფარა.
- მარგუში, რას გ...გგაჩუმებულხარ?
და თეიმურაზის ხმაში თრთოლვა და შიში მოისმა.
ჯაყომ მარგოს პირსახიდან ხელები ააგლიჯა და უბრძანა:
- გითხარი! გითხარი, ეხლავე, ვინ გინდოდე, მე თუ ბრინკაი?
- თავი დამანებეთ... გრცხვენოდეთ... - დაიკვნესა მარგომ.
- მარგუში!. ჩემო მ...მმეგობარო!. ხომ ხედავ, რომ სხვანაირად დავა ვერ გ...გგადასწყდება. სთქვი და გაათავე. - მერმე ჯაყოს მიუბრუნდა: - ჯაყო, მე პ..პპროტესტს ვაცხადებ მაგ ხანჯლის გამო. სადაც იარაღია, იქ ნ...ნნებისყოფა თავისუფალი არ არის.
- ვიცის ჯაყომა შენი თავისუფლებაი, ვიცის! გაჩუმდებოდე ბრინკაი, თორემაა...
ხანჯალი კიდევ ამოსწია და ერთი ნაბიჯი თეიმურაზისკენ გადადგა. თეიმურაზი მიყუჩდა და კუთხეში აიბუზა. ჯაყომ ისევ მარგოს შეუტია:
- ჰა, იტყოდე თუ არა ჯაყოსკენა?
მარგომ ისევ საცოდავად დაიკვნესა:
- თავი დამანებეთ მეთქი. გრცხვენოდეთ... გრცხვენოდეთ! - და კარებისკენ გაიწია, მაგრამ ჯაყომ გზა მოუჭრა:
- სად წახვიდოდე! ეხლავე იტყოდე მეთქი ყველაფერი, ეხლავე!
თეიმურაზი მარგოს მიეშველა:
- მ...მმარგუში, მე მივდივარ ამ სახლიდან... მოდიხარ თუ რრრჩები?
ქუდი დაიხურა, კარებს მიადგა და მოტრიალდა:
- მარგო, მე მ...მმივდივარ მეთქი. მოდიხარ თუ რჩები?
ჯაყომ მარგოს გზა მისცა:
- ჯაყო ძალა არ დაგატან... თუ გინდებოდე, წახვიდოდე! ეს შენა და ესეც თეიმურაზი. აბა, გაგათავე! - და ხანჯალი წვერამდე ამოსწია.
მარგო პირქვე დაეცა ლოგინზე და პირსახე ბალიშში ჩაიმალა, თეიმურაზმა ძლივს გაუძლო ერთი წუთის დუმილს. ბოლოს, ერთხელ კიდევ ჰკითხა აჩუყებული ხმით:
- მარგო, უკანასკნელად გ...გგეკითხები, მოდიხარ, თუ რჩები?
მარგო კვლავ სდუმდა.
ჯაყომ გამარჯვებული ცხენივით კბილები გააელვა.
ხანგრძლივი დუმილის შემდეგ თეიმურაზმა ძლივს ამოიკნავლა:
- მაშ რ...რრჩები?.. დავა გ...გგათავებულია...
- მაშ, მაშა, - შეაზანზარა ფანჯრის მინები ჯაყოს ჭიხვინმა: - გათავებული ხარ, ბრინკა, გათავებული! მარგო აქ დარჩი, აქა! მაშ, მაშა, აგრე ვიცის ჯაყომა!
ხევისთავის ნახიზნარმა რიხიანი დოინჯი შემოიყარა და ორად მოხრილ თეიმურაზს ძლევამოსილის თვალით გადახედა:
- გათავებული ხარ, ბრინკა გათავებული! დროა აქედან წახვიდებოდე! აბა, ჩქარა. გაგათრიე ამ სახლიდან.
თეიმურაზმა მოწამლულის ხმით წაილუღლუღა:
- მაშ მ...მმშვიდობით, მარგო! მ...მმშვიდობით, მ...მმარგუში!.. პასუხად ბალიშიდან მარგოს ქვითინმა ამოხეთქა.
- მარგო!... მ...მმარგუში!
და თეიმურაზმა უმალ ტახტის წინ ჩაიჩოქა, მარგოს ფეხებს ხელები მოხვია, ზედ დააკვდა. აქვითინდა და აყმუვდა:
- მარგო!... მარგუში!... ჩემო მარგუში!... უშენოდ ვერ წწავალ... ვერსად ვერ წავალ... გაიხსენე ყველაფერი... მოიგონე ჩემი წარსული. ყოველივე დავივიწყოთ... ახალი ცხოვრება დავიწყოთ... დამიჯერე, ჩემო მარგო, დამიჯერე, მე ხელ-ახლად დავიბადე... გონს მოდი, ჩემო ძვირფასო! ვისზე მცვლი? ვინ ამჯობინე ჩემს თავს? მარგო! მ...მმარგუში!
ჯაყო ჯერ შედრკა. მერმე ცალი ხელით თეიმურაზს დასწვდა და მარგოს ფეხებს ააგლიჯა:
- კარგი, გეყოფოდეს! ჩქარა წახვიდოდე აქედანა! - და კარებისკენ მიატრიალა.
თეიმურაზი უცებ აინთო. ჯაყოს ხელიდან გაუსხლტა და ისტერიული კივილით აკივდა:
- მხეცო!.. ველურო!. ეს რა მიყავი?!. რას მმმიშვრები?! პირუტყვო! ჰარამზადავ! ტყიდან გამოვარდნილო დათვო!
და უცებ ჯაყოს ხანჯალს ეცა.
ჯაყომ თეიმურაზი კუნძივით მხარზე აიგდო და კარებისკენ წაიღო, თან დათვივით ბურტყუნებდა:
- არ წახვიდოდე ჩემი სახლიდანა? არ წახვიდოდე? გაჩუმდებოდე მეთქი, თორემა, ღმერთმანი, ისე სცემდი, ისე სცემდი, როგორც ძაღლსა!
ჯაყომ ის ორი ოთახი გაირბინა, აფართხალებული თეიმურაზი კიბეზე ჩაუშვა და თანაც მიაყოლა:
- ესეც შენა! არც ეხლა წახვიდოდე?
ისევ სახლში შებრუნდა და კარები გადარაზა.