prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ჯაყოს ხიზნები — ნაწილი მეორე — თავი VII

მიხეილ ჯავახიშვილი · პროზა

– VII –

დილით თეიმურაზი ერთმა გლეხმა გააღვიძა.

ხევისთავმა თვისი დაბეგვილი, მიხრწნილი და დაოსებული ტანი ძლივს აიტანა. ჯაყოც მალე ჩამოვიდა.

- როგორა ხარ, ბრინკა? ყაჩაღები ხომ არ მოხვიდოდე წუხელი? ხომ არ შეგაშინე ჩემ ნათლიასა?

- ავ... ვვად ვარ, ჯაყო, - უპასუხა პირქუშმა თეიმურაზმა. - ექიმს უნდა ვეჩვენო. გ...გგორში მივდივარ...

ჯაყომ ეს ამბავი არც მოიწონა, არც დაიწუნა.

ერთი საათის შემდეგ ზევიდან გიბა ჩამოვიდა და თეიმურაზის მაგივრად დახლში ჩადგა. იმავ დილით თავის ნასახლარში ასული თეიმურაზი მარგოს ეუბნებოდა:

- ახ...ხხირებულ მდგომარეობაში ჩ...ჩჩავცვივდით, ცოლ-ქმარი ვართ. ერთ სოფელში ვცხოვრობთ და ერთმანერთი ვეღარ გვინახავს. ს...სსტუმრობა მეტის-მეტად გაგვიგრძელდა. დროა წ...წწავიდეთ.

- სად? საით უნდა წავიდეთ? - ჰკითხა მარგომ ოდნავ შესამჩნევი ღიმილით.

- ს...სსადმე წავალთ. ჯერ არ ვიცი, დღეს გორში მივდივარ. ადგილს ვიშოვნი და...

მარგომ ცივად უპასუხა:

- წადი, როცა იშოვნი, მერმე ვილაპარაკოთ.

- უხ...ხხერხულია, მარტო ხარ ამ ოჯახში, მარგო...

მარგომ ნაძალადევად გაიღიმა:

- ეხლა მოგაგონდი? ან იქნება იჭვიანობ? ვისი გეშინიან? ჰა-ჰა-ჰა! ჯაყოსი გეშინიან მართლა?

- არა, მარგოჯან, ჯაყო ღირსი არ არის, რომ იმისი მეშინოდეს. მაგრამ...

მარგო უნებურად აინთო:

- ჯაყო შენი შიშის ღირსი არ არის? ვითომ რას უწუნებ?

- არ მ...მმესმის. განა ამას ლაპარაკი სჭირდება! არ მესმის მეთქი... ეგ რა საკითხავია?

მარგო თავის უტაქტობას მიჰხვდა. უმალ უგულოდ გაიცინა და თეიმურაზს მკლავი მოჰხვია.

- კარგი, გენაცვა, კარგი... ვხუმრობ. წადი, იქნება მართლა სადმე ფეხი მოიკიდო.

თეიმურაზი უგულოდ გამოეთხოვა და წამოვიდა.

ჯაყომ აივნიდან გადმოსძახა:

- ბრინკა, ღმერთმა ხელი მოგიმართე! არხეინად იქნებოდე. მარგოს დარდი ნუ გექნებოდეს. ისე მოგივლი ჯაყო ნათლიდედასა, რომ შენი მოწონებული.

თეიმურაზმა საურმე გზას ოდნავ გვერდი აუქცია და ლევანაშენში შეუხვია.

შუადღე გადასული იყო, როცა თეიმურაზი ლევანაშენს მიადგა. ერთმა მოხუცმა თეიმურაზს ჯაყოს ნათესავის - თომას სახლი მიასწავლა.

ბებერმა თომამ თეიმურაზი მოწიწებით მიიწვია. ფეხთ დაჰბანეს და ამბავი გამოჰკითხეს.

- ჯაყომ მ...მმოგიკითხა, თომა. კარგა ხანია თომასთან არ ვვ...ვვყოფილვარო. - შორიდან მოუარა გულის იარას თეიმურაზმა.

- მადლობელი, შენი წირი მე, მოკითხვისთვის, დიდი მადლობელი ხარ. ჯაყო ერთი წელიწადი არ ყოფილხარ ლევანაშენში.

- ჯაყო ამბობს, დიდი ხანია თომა არ მინახავსო. - მახეს აგებს თეიმურაზი.

- დიდი ხანია არც მე გინახავს ჯაყოი. ეხლა ჯაყო დიდი კაცი ხარ, აღარ გკადრულობ ღარიბი ნათესავები. - შესჩივლა თომამ.

მერმე თეიმურაზს შეხედა, სიტყვა შესწყვიტა და წამოიწია:

- შენი წირი მე, ბატონო, რა დაგემართა? ავად ხომ არა ხარ?.. დედაკაცო, წყალი!

თეიმურაზმა მიბლეტილი თვალები ძლივს გაახილა, შეკრული კრიჭა ძლივს გაიხსნა და მილეული გული ძლივს მოიბრუნა. ზაფრანის ფერი ედო. ვეღარ ინძრეოდა და ძლივს-ღა ლუღლუღებდა:

- მ...მმადლობელი... წყალმა მიშველა... მზემ დამსიცხა... ნუ სწუხდები, ჩემო თომა, ეხლა კარგათ ვარ... მმ...მმადლობელი.

- მოისვენე, შენი წირი მე, თორემა უარესი მოგივა.

თეიმურაზი მუთაქაზე მიწვა. დიდხანს ეგდო გულაღმა - თვალდახუჭული და უძრავი. სადღაც ძარღვი ჩასწყდა. გული თითქოს აღარ უცემს. სისხლის დენა შეუჩერდა, კუნთები მოეშალა და თავი სკად გადაექცა. იმ სკაში ფუტკარის ხროვა ფუსფუსებს, ბზუის და თეიმურაზის ტვინს შხამიანი ისრებით ჰკბენს და ის ტვინიც ისე გახევდა და მიიბურა, რომ ერთ აზრსაც ვეღარ იკარებდა.

- აზრებიც ამ ფუტკარივით გამრავლდნენ, აირივნენ. ნაკუწ-ნაკუწად დასწყდნენ და ერთ უთავბოლო კორიანტელივით დატრიალდნენ.

თეიმურაზმა კრაზანების ბუდე ვერ დაიმორჩილა, ფიქრს თავი და ბოლო ვერ უპოვნა, აზრის მთლიანი ძაფი ვერ გააბა და გონებას ბილიკი ვერ გაუკვლია. ხევისთავი მხოლოდ გრძნობს კრაზანების უთვალავ ნაკბენს, მას ესმის მათი შხამიანი, კაპასი და მწვავე ბზუილი; ესმის და ეშინიან გამწარებულ კრაზანების უარესად გაღიზიანების, დაფრთხობისა და აფორიაქების. გაშეშებული წევს და გულისცემის შეწყვეტას ელოდება.

მერმე თვალებს ძლივს ახელს და თომას ჩურჩულით ეკითხება:

- მაშ რამდენი ხ...ხანია, რაც ჯაყო აქ არ ყოფილა?

- ერთი წელიწადიც ვიქნები, შენი წირი მე.

- მაშ ჯაყოს ორი თვის წინად ურმით არ შ...შემოუვლია შენთან?

- არა, შენი წირი მე; არ შემოგივლია. მე სულ სახლში იყავი.

- კარგი... ძალიან კარგი, ცოტა წყალი კიდევ მ...მმომაწოდე... ჩქარა!

კეთილი და პატიოსანი! თეიმურაზმა ეხლა ყველაფერი იცის. ძალიან კარგი! გუშინ თეიმურაზი ეჭვიანობდა, დღეს კი ყველაფერი ცხადია.

გუშინ მიმქრალ გულში ოდნავ კიდევ უღვიოდა იმედის ჭრაქი, ეხლა კი ისიც ჩაჰქრა და ხევისთავის გულში მოწამლული წყვდიადი ჩაწვა.

ოოჰ, ნეტა, ნეტამც ის სანთელი მაინც არ ჩამქრალიყო და თეიმურაზის გული ასე უღვთოდ არ ჩაბნელებულიყო! მაგრამ რაც მოხდა, მოხდა! ეხლა ეჭვის ნატამალიც გაჰქრა და უძირო ბნელეთმა შავი და საზარელი პირი დააღო.

მაშ ასე! მაშ მარგომ თეიმურაზი ჯაყოზე გასცვალა! ხა-ხა-ხა! ჯაყოზე!

- ვისზე გასცვალა?

- ჯაყოზე, ჯაყო ჯივაშვილზე!

მაშ დაიჯეროს თეიმურაზმა?

თუ უნდა, ნუ დაიჯერებს...

მაშ როგორ უთხრა მაშინ ჯაყომ თეიმურაზს?

- ურემი გაფუწდებოდე... ღამე ლევანაშენში გაგატარე, ჩვენ თომასთანა.

ესეც ლევანაშენი... აი, თომაც აქა ზის...

მაშ დაიჯეროს თეიმურაზმა?

მაშ გასცვალეს თეიმურაზი?

- ვინ, მარგომ?... ვისზე, ჯაყოზე?!

- დიაღ, ჯაყოზე, ჯაყო ჯივაშვილზე! იმ ჯაყოზე, რომელიც ეხლა ალბათ დოინჯშემოყრილი სდგას და ჭიხვინებს:

- მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა!

- ხა-ხა! - როგორ არ გაიცინოს თეიმურაზმა! - ხი-ხი-ხი!

თომამ თეიმურაზს შუბლზე ხელი დაადო და გამოაფხიზლა:

- რას ვიცინი, შენი წირი მე?

თეიმურაზი წამოჯდა:

- მე? მე ვ...ვვიცინი? რად ვ...ვიცინი?

- მეც მაგას გეკითხები, შენი წირი მე, რათ ვიცინის მეთქი ბატონი?

რად იცინის თეიმურაზი? როგორ არ გაიცინოს! განა სასაცილო არ არის?! ჯაყომ თეიმურაზს ცოლი წაართვა! დიაღ, წაართვა!

მაშ ვინ წაართვა ცოლი თეიმურაზ ხევისთავს?

ტყიდან გამოვარდნილმა ნადირმა, უგუნურმა პირუტყვმა, გუშინდელმა მოჯამაგირემ, რეგვენმა, ბრიყვმა, და ბნელმა ჯაყო ჯივაშვილმა! იმ ჯაყომ, რომელიც გუშინ თეიმურაზის ნახირს დასდევდა, მუდმივ ნეხვით იყო შეთხუპნილი და ჭუჭყისაგან იყო შეჭმული! რომელიც არასოდეს საპონს არ იკარებდა და არც პერანგს იცვლიდა! ჯაყომ წაართვა, ჯაყომ! ჯაყომ, რომელიც ისე იყო აყროლებული, რომ მისი სუნი, - როცა ჯაყო თეიმურაზის სახლში შევიდოდა ხოლმე, - სამი დღე მაინც სტრიალებდა იმ ოთახებში! და ის სუნი, ის თავბრუდამხვევი სიმყრალე ეხლაც თან დაჰქონდა გამდიდრებულ ჯაყოს!

მერმე, ვის წაართვა ცოლი ჯაყომ?!

განთქმულ საზოგადო მოღვაწეს. ცნობილ მწერალს, პატიოსანთა შორის პატივდებულს, ამაყსა და ქედუდრეკ თავადიშვილს - თეიმურაზ ხევისთავს! ჯაყომ არ იმყოფინა წართმეული სახლ-კარი, ბაღი და ვენახი, ეზო და ნაფუზრები, ავეჯი და წიგნები...

- რათ ვიცინის, შენი წირი მე? - კვლავ ეკითხება თომა.

თეიმურაზს მისი ხმა აღარ ესმის.

თეიმურაზმა პატიოსნების და ცოლის გარდა ყველაფერი დაჰკარგა. ეხლა კი მათი ჯერიც მოვიდა. ცოლიც ჯაყომ მოსტაცა და პატივიც იმან აჰხადა! განა ასეთი ამბავი სასაცილო არ არის?! მაშ არ უნდა გაიცინოს თეიმურაზ ხევისთავმა?!

ისევ თომას ალერსიანი ხმა ესმის:

- ალბათ კარგათა ხარ, შენი წირი მე, რომ აგრე ვიცინის, ღმერთმა მშვიდობა მოგცეს. მხიარული კაცი ყოფილხარ.

ჰო, რა თქმა უნდა, თეიმურაზი მხიარული ადამიანია! წეღან მზემ დაჰსიცხა და ოდნავ უქეიფოდ გახდა, თორემ ბუნებით თეიმურაზი ძალიან მხიარული ადამიანია!

- ეხლა როგორ ბრძანდები, შენი წირი მე?

ეხლა? ეხლა არაუშავს-რა თეიმურაზს. ეხლა ძალიან ყოჩაღად არის.

მაშ თეიმურაზს ცუდი ფერი ადევს? ეს არაფერია, მალე გაივლის ...

ვითომ ფეხზედაც ძლივსა სდგას? ეს კი ტყუილია! აბა შეხედოს თომამ, რა მარდად გაივლის თეიმურაზი...

რა სთქვა თომამ? მაწონი მაინც შესჭამოს თეიმურაზმა?

- მ..მმადლობელი, თომაჯან, მ...მმადლობელი, არა მშიან... მ...მმშვიდობით და გამარჯვებით! გამაცილებ? არა, გენაცვა, არა!.. საჭირო არ არის გაცილება, ნუ სწუხდები.

თეიმურაზმა ძალ-ღონე მოიკრიბა, წელში გასწორდა, ფეხები მოიმაგრა და ეზო ყოჩაღად გადასჭრა. ღობეს რომ გადასცდა, უცებ ხელახლად მოიშალა. კისერი ისევ მოსწყდა, კვლავ ორად მოიკაკვა. ფეხები ერთმანერთში გაეხლართა და ყელში რაღაც ბურთი მოაწვა. საჩქაროდ გზას გადაუხვია, დადამბლებული და ნაგვემი ტანი გატეხილ ღობეზე ძლივს გადაითრია, ვაზებში შეერია, ბალახებში პირქვე დაეცა, მძაფრად დაჭიმული ნერვების სიმები მოუშვა და დაგუბებულ დარდს პირი მოურღვია.

ბავშვივით ატირდა თეიმურაზი.

სლუკ-სლუკით ქვითინებდა და გამხდარ მხრებს ისე ახტუნავებდა, თითქო ბნედა დაემართაო.

მხოლოდ ბავშვობაში სტიროდა პაწაწა თეიმური ასეთი შვებით და ასე გულიანად. როცა თხუთმეტი წლისას დედ-მამა დაეხოცა, პატარა გული ასე მძაფრად მაშინაც არ ამოსჯდომია. ეხლა კი, როცა მუგუზი გული აუპრიალდა, ჯავრით ნაგვემი თეიმურაზი სიმწარისაგან ვაზის ყლორტებს ამტვრევდა და ბალახს ფესვიანად ჰგლეჯდა.

დიდ ხანს ეგდო ბალახებში გაბრუებული, გონება-გაფრენილი, გარინდული და განაბული თეიმურაზი. შხამიანი კოღოები თავში აღარ უბზუოდნენ და ტვინსაც აღარ ჰკბენდნენ.

ბოლოს, როცა ტირილით გული მოიოხა და ფიქრთა ბრძოლა გაათავა, წელმოწყვეტილი ნაკაცარი ძლივს წამოდგა და ზლაზვნით გზას გაუდგა.

გადაწყვეტილი არ ჰქონდა, ნაშინდარში დაბრუნებულიყო თუ ისევ თავის გზით წასულიყო, გორში ფეხი მოეკიდნა და მერმე, მარგოს წასაყვანად, ისევ ნაშინდარში ამოსულიყო.

თეიმურაზმა ოდნავ პირშეკრულ იარაში კვლავ ჩაირჭო მახვილი და დაიტრიალა. ურჩი მაჯლაჯუნა ისევ ჩაუძვრა მინელებულ სულში და ცეცხლი მოუკიდა.

რაო, რა სთქვა თეიმურაზმა? ნაშინდარში უნდა ავიდეს მარგოს წამოსაყვანად? ვინ ჰბოდავს თეიმურაზის გულში ასეთს უკადრისს სისულელეს? ალბათ ვიღაც უჩინარი ჰროშავს ასეთს ტუტუცურს, თორემ თეიმურაზი ამას როგორ იტყვის!

მარგოს წასაყვანად?.. კეთილი, მაგრამ მარგოც რომ გაჰყვეს თეიმურაზს, განა ისე უნდა დაიმციროს თეიმურაზ ხევისთავმა თავი, რომ კვლავ მარგოს ხმა გასცეს? განა ისე უნდა გაილახოს სახელი და დასთმოს ნათავადური თავმოყვარეობა, რომ ჯაყოს ნახასარს შეუნარჩუნოს ხევისთავის სახელი? ჭუჭყიან ნამრუშალს და ნამძუნვარს განა ისევ უნდა მოუალერსოს და ისევ გვერდით მოუწვეს!? შებილწულ მკერდზე ისევ თავი მიადოს და ჯაყოს დალოშნილ ტუჩებს მიეკაროს?!

- ჰოი, უწმინდურო, ჰოი, მურდალო დედაკაცო! ჰოი, გარყვნილო პირუტყვო! როგორ ატარებდი ამდენ ხანს თეიმურაზ ხევისთავის სახელს და ანგელოზის ნიღაბს?! რამდენი ტალახი და შხამი გქონია დაგროვილი მარმარილოს მკერდის ქვეშ! როგორ ვერ გაარჩია აქამდე თეიმურაზმა გველი კრავისგან, ლენცოფა სუნნელ ყვავილისგან და სალოცავი ხატი ქუჩის სალახანა გომბიოსგან, რომელიც პირველივე ღამეს გაჰყვა ტყის კაცს ჯაყოს, რადგან იმ ნადირს თეიმურაზზე უფრო განიერი მხარ-ბეჭი ჰქონდა, უფრო სქელი ბარძაყები, ძლიერი მკლავები და... ალბათ მეტი ცეცხლიც!

უეჭველია, ცხადია! ცხადია, რომ ასეთი ფეხსუსტი მაწანწალა აქამდესაც დაეთრეოდა კარით-კარ და ყოველ ულაყს, თუნდ მეეზოვეს ან მეჩექმესაც ადვილად მისდევდა. მხოლოდ ეხლა აგონდება თეიმურაზს მრავალი შორეული, საეჭვო ამბავი, მარგოს ორპირი ღიმილი და ნაჭარბევი პრანჭიაობა... თეიმურაზს მარგოს შორეული ნაცნობი და ნათესავებიც აგონდებიან, რომელნიც ვითომ... აი, თუნდ მიხა ზედაუბნელი, ან ნიკო ჩუხიშვილი, ან კოტე შიქარაძე...

ცხადზე ცხადია, რომ მარგო ყველას სწყალობდა, ემორჩილებოდა, ჰყვარობდა!

- ჰოი, ბიწიერო! ჰოი, ჭრელო გველო! გაუმაძღარო, მსუნაგო გომბიო! ხომ იპოვნე ბოლოს შენი ღირსეული ტოლ-ამხანაგი! თუ ჯაყო არ გეყოს, მიიშველე ქეშელაც, ტურაც, გიბაც, ტელაც, მეშთაც და ყველა ნაშინდრელი გლეხებიც! ორასი კაცი მაინც მოგროვდება! ყველანი ჯერში ჩაიყენე და აქავებული ავი ვნება მოიფხანე! ფუჰ, შენს ნამუსსა და ქალობას!

და თეიმურაზმა მტვერში შხამი და გესლი გადააფურთხა.

აშლილი თეიმურაზი მარდად მიაბიჯებდა გორისკენ, თან ოფლს იწმენდავდა, ხანგამოშვებით გულ-ღვიძლით ოხრავდა და გზის ჩაყოლებაზე ჩარიგებულ წნორის ფოთოლსა და ყლორტებს შინდის ჯოხით სხეპავდა. ირგვლივ არც კი იხედებოდა და გამვლელ მგზავრებსაც ვერ ამჩნეოდა. შორიდან მხოლოდ ატენის მთებს და გორის ციხეს ჰხედავდა, რომელნიც თან-და-თან თეიმურაზისაკენ მოდიოდნენ.

გორის ბაღებს და ციხეს რომ გასცდა და მთავარ ქუჩაზე გავიდა, თეიმურაზმა ნაძალადევად გული გაიმაგრა და პირსახე გაიშალა.

თეიმურაზი ერთ კვირას დარჩა გორში, ხან ძველ მეგობარს მიადგებოდა კარზე, ხან კიდევ შორეულ ნათესავს მოიკითხავდა. მაგრამ ფეხი ვერსად მოიმაგრა და თავ-მისადები კუთხე ვერ იპოვნა.

ხევისთავის ნაცნობნი, მეგობრები და ნათესავებიც შრომით წელებზე ფეხს იდგამდნენ და ერთი ლუკმის გულისთვის ერთ თასს ოფლსა ჰღვრიდნენ. თეიმურაზი გაფაციცებით ეძებდა სამსახურს და თუნდ შავ საქმეს, თუნდ გადამწერის, დარაჯის ან გზირის ადგილსაც დიდის მადლობით მიიღებდა. უცნობსა და ნაცნობს დილით საღამომდე კუდად დასდევდა, ან, ქედმოხრილი, სამ საათს ერთს "არას" უცდიდა, ხან კიდევ უცნობ ადამიანს ბინის კარებს უკაკუნებდა, ცრემლიანი ხმით ეხვეწებოდა, შვიდ საფიცავს ფიცულობდა და ყველა თავის წარსულს აცნობდა.

ტყუილად ირჯებოდა თეიმურაზ ხევისთავი და ტყუილად უამბობდა ახალ ხელისუფლებას თავის ვინაობას. მას მაინც ეგონა, ვითომ ცხვირწინ კარებს იმიტომ უკეტავდნენ, რომ თეიმურაზს არ იცნობდნენ. მხოლოდ მერმე მიხვდა ლუკმა პურის მაძიებელი, რომ მას არ ენდობოდნენ, რადგან იმის წარსულს ზედმიწევნით იცნობდნენ.

ბოლოს, როცა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ვერსად ვერაფერს გააწყობდა, რომ ქვის გულს ვერ გასტეხავდა, ყინულს ვერ გაალხობდა და ერთ დაკეტილ კარებსაც ვერსად ვერ შეაღებდა, სულშეღონებული მწიგნობარი წინანდელზე უარესად მოიბუზა, დაბნელდა და უიმედობის სევდით და შავის ნაღველით გაიგუდა.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — მიხეილ ჯავახიშვილი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.