prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ჯაყოს ხიზნები — ნაწილი პირველი — თავი IV

მიხეილ ჯავახიშვილი · პროზა

– IV –

თეიმურაზი ცოლის შერთვამდე შეძლებულ მემამულედ ითვლებოდა. მაგრამ შემდეგ, როცა საკუთარი ბუდე აიშენა და საზოგადო საქმეებშიც უფრო ღრმად შესტოპა, მისი მამულიც, უპატრონობის გამო და ჯაყოს წყალობით, თანდათან დაილია. უთავბოლო და განურჩეველი ქველმოქმედება, გაზეთის გამოცემა, რჩეული წიგნების ბეჭდვა, რამდენიმე ნიჭიერი ჯაბუკის გაზრდა, მარჯვნივ და მარცხნივ დახმარების გაწევა, ხშირი სტუმრობა და პატიჟი, ღარიბ ნათესავთა შენახვა და კარღია ოჯახი მუდმივ ახალ-ახალ დამატებას მოითხოვდნენ. თეიმურაზიც ქართლში განთქმულ საყანურებს იქამდე ჰყიდდა ნაჭრობით, სანამ ხელთ არ შერჩა მხოლოდ სახლ-კარი, ბაღი, ვენახი და ასიოდე დღიური სახნავი.

რადგან მამულის წყარო ჯერ თეიმურაზის ბედოვლათობით, მერმე კი რევოლჲუციის წყალობით თანდათან დაშრა და, ბოლოს, სულაც მოისპო, თეიმურაზიც, მისი ოჯახიც და საქმენიც ზეთ-გამოლეულ ჭრაქივით დაილივნენ და დადნენ.

მწიგნობარმა და საზოგადო მოღვაწემ ჯერ გაზეთის გამოცემა მოსპო, მერმე სტიპენდიებზე აიღო ხელი, შემდეგ მარგოს თვალ-მარგალიტი გაჰყიდა და ბოლოს, თავის მამა-პაპეულ განძეულობასაც დაადგა თვალი. ის განძეულობა, რკინით ნაჭედ უზარმაზარ სკივრში ჩაწყობილი, ნაშინდარში ინახებოდა. როცა ქვეყანა აირია, თეიმურაზმა ის სკივრი დაიბარა. ერთი კვირის შემდეგ დაფეთებული ჯაყო ხელცარიელი ჩამოვიდა, თეიმურაზის ოთახში შევარდა და აღრიალდა:

- მოგკალი, შენი წირი მე, მოგკალი! ჯაყო საცხოვრებელი აღარ ხარ! მოგკალი, შენი წირი მე, მოგკალი!

და ბანჯგვლიანი დათვი ბავშვივით ატირდა.

- რა იყო, ჯაყო, რა მოხდა?.. სთქვი, ჯაყო, რა მოხდა მეთქი? - ეკითხებოდნენ შეშინებული თეიმურაზი და მარგო თავიანთ მოურავს. ჯაყო პასუხის ნაცვლად თავში თათებს იცემდა, წვერ-ულვაშს იგლეჯდა, მკერდსა და მუხლებს იმტვრევდა და გაბმულ ღმუილით ღრიალებდა:

- დაიღუპე ჯაყოი-ი-ი-ი-ი! მოკვდი ჯაყო-ი-ი!

ბოლოს, ძლივს დაუკლო ღრიალსა და დათვურ სლუკუნით გადმოაგდო:

- ყაჩაღებმა სკივრი მოგტაცეს ჯაყოსა.

მარგოს ეს ამბავი მეხივით დაეცა, თეიმურაზს კი გულს მოეშვა.

- კარგი, ჯაყო, გაჩ...ჩუმდი. მე უარესი მეგონა. - ანუგეშა მოურავი თეიმურაზმა.

- ამაზე უარესი რაღა იყოს, თემურ? - მთრთოლვარე ხმით სთქვა მარგომ. - ის განძეულობა ათ წელიწადს მაინც გვაცხოვრებდა, ეხლა კი...

- დამშვიდდი, ჯაყო. მე მეგონა, ცოლი ან შ...შშვილი მოგიკვდა მეთქი.

- შვილის სიკვდილი გერჩივნა ჯაყოსა. მაშა! ნეტა ცოლ-შვილი დაგხოცოდა და ასეთი სირცხვილი არ გეწამა ჯაყოსა! ღმერთმანი, მართალს ამბობს ჯაყოი. ვაი ჩემი ბრალი! ვაიმე, საწყალო ჯაყოი-ი-ი!

- ჯაყო, გაჩუმდი და მიამბე, რ...რროგორ მოხდა ეგ ამბავი?

- როგორ მოხდი და ასე მოხდი, შენი წირი მე, რომა ყველას გეძინა. შუაღამეს ყაჩაღები მოხვედი, ქეშელას ყელში ხანჯალი დაგადე, პირში ჩვარი ჩაგიდეს, სკივრი გაგტეხე და ყველაფერი წაიღე. მერე ქეშელა დაიღმუვლე, ჯაყო გაიღვიძე და ყველანი წამოგაყენე. მაგრამ ყაჩაღები ცხენებზე შეხტი და გაიქეცი. ბევრი ეძებე ის ყაჩაღები, მაგრამ მიწამ ჩაგყლაპა. აი, მთავრობის პრატაკოლიც მოგიტანე ჯაყომა. მანდ სწერიხარ ყველაფერი.

- ახია შენზე, ახი! - ბრაზით მიახალა მარგომ თეიმურაზს, რომელიც გულმოდგინედ კითხულობდა გრძელ ოქმს. - რამდენჯერ გითხარი: ქვეყანა აირია, იმ განძეულობას ხიფათი მოელის, წადი და ჩამოიტანე მეთქი, მაგრამ შენ ვერ მოიცალე, თავი ვერ შეიწუხე.

- დამშვიდდი, მარგო, დამშვიდდი. ოღონდაც, ვერ მოვიცალე. ისეთ დროს შემირჩევდი ხოლმე, რომ... მახსოვს, ერთხელ არჩევნები იყო, მეორეჯერ პრესაში ცხარე კამათი გვქონდა ჩვენ მტრებთან, მესამეჯერ ჩემი წიგნი იბეჭდებოდა.

- მერმე. სამი დღით კამათი ვერ შესწყვიტე?! შენ, როგორც გატყობ, არც კი გესმის დანაკარგის ფასი, ყოველთვის ბედოვლათი იყავი და შემდეგშიც დარჩები.

- მ...მმარგო!

- ნაცარქექიავ! - და გამწარებულმა მარგომ კარები გაიხურა.

დრო კვლავ მიდიოდა. დაკარგულ განძეულობის ხსოვნაც მინელდა. ლუკმა პურის შოვნა კი დღით-დღე ძნელდებოდა. თეიმურაზმა რომ მარგოს სამკაული და თავიანთი ნიშნობის ბეჭდებიც კი გასცვალა დაშხამულ პურზე, ოჯახის ნგრევას მიჰყო ხელი და რიგ-რიგობით გაიტანა ბაზარზე ხალიჩები, როიალი, რბილი ავეჯი, თეთრეული, ფაიფური და ბროლის ჭურჭელი. ხოლო როცა თეიმურაზს ცხოვრებამ მიწამდე მოუღუნა კისერი და ულმობლად დაჰკეცა იგი, მოდრეკილმა მწიგნობარმა თავის წიგნებსაც წაავლო ხელი, - იმ წიგნებს, რომელნიც თეიმურაზისთვის ღვიძლ შვილებს ედარებოდნენ და უფრო საჭირონი და ძვირფასნი იყვნენ, ვიდრე ავეჯეულობა, მამა-პაპეული განძეულობა, მარგოს თვალ-მარგალიტი, ბროლი, ფაიფური და თეთრეული.

ოცი წელიწადი მოუნდა თეიმურაზი წიგნსაცავის შერჩევას და გამდიდრებას. კვირა იშვიათად გავიდოდა, რომ საფრანგეთიდან, გერმანიიდან და რუსეთიდან ფოსტას ერთი დასტა წიგნები არ მოეტანა. არც ქართული წიგნი, ჟურნალ-გაზეთი, ან ფურცელი დაიბეჭდებოდა, რომ ერთი ცალი თეიმურაზის კაბინეტში არ შესულიყო. რამდენიმე ბუკინისტი მუდმივ გამალებით დაეძებდა თეიმურაზისთვის ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას. დიდის სიყვარულით, ცოდნითა და მოწიწებით აგროვებდა თავადი-მწიგნობარი საიდუმლო ნაბეჭდებს და ნაშინდარში ჰგზავნიდა ცხრაკლიტულში დასაკეტად.

წიგნსა და თეიმურაზს ისე უყვარდათ ერთმანერთი, როგორც მამაშვილს. ამიტომ, წიგნების გაყიდვის ჯერი რომ მოვიდა, თეიმურაზმა მხოლოდ მაშინ იგრძნო და გაიგო, რომ იგი კარგა ხანია შეუდგა თავის გოლგოთას, რომლის მწვერვალი, შავის ნისლით დაბურული, ჯერ არც კი მოსჩანდა.

გულაჩუყებული ბიბლიოფილი კვირაში ერთახელ წიგნებს აცახცახებული ხელით გადაარჩევდა, იღლიაში ამოიჩრიდა, სახლიდან ქურდივით გაიპარებოდა და საკომისიო მაღაზიას ჩალის ფასად მიუგდებდა, თან ჩუმ-ჩუმად ცრემლს იწმენდავდა და აფორიაქებულ სულს იმ იმედით იმშვიდებდა, ვითომ ხვალ ან ზეგ დრო გამოიცვლებოდა, ცხოვრების ბორბალს ვიღაც უჩინარი პირუკუღმა დაატრიალებდა, ან თეიმურაზს მამული დაუბრუნდებოდა, ან როგორმე ფულს მოიგდებდა და გაყიდულ ქონებას და წიგნებსაც ხელახლად დაიბრუნებდა...

მაგრამ ცხოვრებას გუმანშიც არ ჰქონდა პირუკუღმა მოტრიალება და ხევისთავის უზურის გამართლება.

ისევ დღე დღეს მისდევდა, კვირას - კვირა, წელიწადს - წელიწადი. თეიმურაზი კი მუდმივ სასწაულს ელოდებოდა. და სასწაულის მოლოდინში, მამულის დაბრუნებისა და ხელახალ გამდიდრების იმედიანობაში ნელ-ნელა დაილივნენ და დაცალიერდნენ თეიმურაზის გულიც, იმედებიც, წიგნსაცავიც და ბინაც.

ერთ ხანს თეიმურაზი ყოველ დღე ხუთიოდე საკომისიო მაღაზიაში მაინც შეირბენდა გასასყიდად მიბარებულ წიგნებისა და ნივთების ბედის გასაგებად და ორიოდე გროშის მისაღებად.

იმ მაღაზიებში თეიმურაზი დიდის დაკვირვებით და გულის კვნესით ათვალიერებდა ათას უცნობ ოჯახიდან გასასყიდად გამოტანილ ნივთებს. მაღაზიების ვიტრინებსა და თაროებზე ხევისთავი ცხადად ჰხედავდა და ჰკითხულობდა საკუთარ ცხოვრებისა და ბედის წიგნს.

რა არ იყო იმ მაღაზიებში საქვეყნოდ გატანილი ერთ ლუკმა პურისთვის! კაბები და საცვალი, ჭურჭელი და სურათები, წიგნები და ალბომები, სამკაული და სათამაშო, ნაქარგი და ნაქსოვი, ნაჩუქარი და სახსოვარი; ცოლ-ქმრობის, დანიშვნის, ჯვრისწერის, დაჲ-ძმობის, მამა-შვილობის და მეგობრობის ათასნაირი წვრილმანი, უთვალავი მოგონებით აღსავსე, ნატიფი ნახელოვნევი, ინტიმური და ძვირფასი ნივთი.

ყოველ ნივთს - ბეჭედსა და საყურეს, სამაჯურსა და კოხტა სარკეს, ვერცხლის სათუთუნეს, ქალის ნაქსოვ ხელის-ქისას, ფარჩის კორსეტსა და ქარვის კრიალოსანს, სპილოს ძვლის სათამაშოს და ბრინჯაოს ქანდაკს, ფაიფურის ვაზას და მოქარგულ ოქრონემსულს, ფერუმარილის ჭურჭელსა და ატლასის სათამაშო ქაღალდს, საქორწილო თეთრ კაბას და აბრეშუმის წინდებს - უკლებლივ ყველაფერს ჰქონდა თავისი რომანი და წარსული, სიხარული და დარდი, სიცილი და ცრემლი, ინტიმური ისტორია და უცნო თავგადასავალი. იმედიანი დასაწყისი და სევდიანი დასასრული.

ხანგამოშვებით თეიმურაზი იმ მაღაზიებში ნაცნობთა სამკაულს და ნივთებსაც წააწყდებოდა. მან იცნო კნეინა ახატნელის განთქმული სპილოს ძვლის მარაო - დიდი მთავრის ნაჩუქარი, ოქროს ძაფით მოქარგული და ფრანგული წარწერილი: n'oubIier jamais, იცნო აგრეთვე კნეინა არაგველის უუძველესი ქართული ქათიბი, - კვერნით შემოვლებული, მუქიშინდის ფერი ხავერდი, თეთრის აბრეშუმით მოქარგული და მსხვილი მარგალიტებით დაწინწკლული; იცნო თავადი გიგო სურამელის საგვარეული რახტიც. კნეინა ელენეს ჯიღაც, კნეინა ქეთევანის მანიაკიც და თავად ელიზბარის ქულაჯაც.

უკვე უსაქმური თეიმურაზი ზოგჯერ მთელ დღეს ტრიალებდა საკომისიო მაღაზიებში, სცნობდა მეგობართა და ნაცნობთა საქვეყნოდ გატანილ ნივთებს, ჩუმის კვნესით ჰკვნესოდა, გულამომჯდარი სჩიოდა და საკუთარის თვალით ჰხედავდა თავისივე თვალწინ დატრიალებულსა და საკუთარ კისერზე დაწერილს ახალს ულმობელ ისტორიას, რომლის წყალობით ერთნი ამ ქვეყნის ასპარეზიდან უკვე მიდიოდნენ და თავიანთ წარსულს ჰყიდდნენ, ხოლო მეორენი ახალ ქვეყნიდან მოდიოდნენ და თავიანთ მომავალს ჰყიდულობდნენ. თეიმურაზიც დღითი-დღე ჰყიდდა თავის ბედნაკრავ ოჯახსა და ისტორიას. დღითი-დღე სწვავდა მომავლის იმედებს და, თავჩაქინდრული, გულდაწყვეტილი, სულდამწვარი, ზლაზვნით და ბორძიკით ჩამოდიოდა თავდაღმა ცხოვრების ეკლიან კიბეზე.

ჯერი ტანისამოსზე მისდგა. ჯერ რამდენიმე ხელი გაჰყიდა, დანარჩენი გადმოაბრუნა და მარცხენა ჯიბეები მარჯვნივ მოაქცია; მერმე, საყელოების გახამება რომ გაძვირდა, გაუხამებელს იკეთებდა. ბოლოს, საყელოები და ყელსაბამიც მოიშორა, ხალათი ჩაიცვა, ქამარი შემოირტყა, წვერიც გაუშვა და გაკოტრებულ მეწვრილმანე ურიას დაემსგავსა.

თეიმურაზი და მისი მეუღლე ოდესღაც ექვსთვალიან ბინაში სცხოვრობდნენ. იმ ექვს ოთახიდან ორ-სამ ოთახშიც იშვიათად შეიხედავდნენ. თუმცა თეიმურაზი თითქმის მილეული იყო, მაგრამ ბინის გამოცვლას მაინც არ აპირებდა.

დროება ერთხელ კიდევ გამოიცვალა. თეიმურაზ ხევისთავი რევოლჲუციის სალეწავ მანქანაში ჩავარდა. ერთ დღეს თეიმურაზს ძაბრიანები და შავხელა მუშები მიადგნენ და უთხრეს:

- ამხანაგო, შემოკლდით!

თეიმურაზი და მარგო "დამოკლდნენ" და სამ ოთახში დაბინავდნენ. კიდევ გავიდა ხანი. კიდევ მიადგნენ თეიმურაზს და უთხრეს:

- ამხანაგო, ცოტა კიდევ შემოკლდით.

თეიმურაზი და მარგო ერთ პატარა ოთახში მისჭეჭყეს, ხოლო ხუთ ოთახში მუშები და მათი ცოლ-შვილი ჩასახლდნენ.

იმ ხნიდან დაიწყო თეიმურაზის და მარგოს ახალი წამება: წინანდელი მშვიდობა და ხალვათობა გაჰქრა. ყველას საერთო სამზარეულო, ჩეჩმა, აივანი და საკუჭნაო ჰქონდათ. დღე არ გავიდოდა, რომ მარგოს თეიმურაზისთვის არ შეეჩივლნა მეზობელთა დაუდევრობა და უწესობა, მაგრამ თეიმურაზი სდუმდა და ამბობდა:

- გ..გგაჩუმდი, ქალო, თორემ აქედანაც გაგვაგდებენ.

თეიმურაზს შიში გაუმართლდა: ერთხელ კიდევ მივიდნენ და უთხრეს:

- ამხანაგო, აიბარგეთ!

და თვალცრემლიანმა თეიმურაზმა ბაზარს გადარჩენილი ერთი მუჭა ბარგი თითქმის ხელით გადმოიტანა იმ ერთ ოთახში, სადაც ეხლა მისი ნამოჯამაგირევი ჯაყო ისე ძალუმად ჰხვრინავდა, რომ მისი ხრიალი ზემო სართულსაც კი სწვდებოდა.

თეიმურაზმა თავის დროზე სამსახურიც სცადა, მაგრამ მალე იგრძნო და გაიგო, რომ ის სხვის სკამზე იყო ჩამომჯდარი. ახალმა ქვეყანამ და თეიმურაზმა ერთმანერთისა ვერაფერი გაიგეს, ერთმანერთს გული და სული ვერ შეუგუეს და ვერ მოახვედრეს. ორივენი თითქო სხვადასხვა ენას ლაპარაკობდნენ, თითქო სხვადასხვა ქვეყნისა და ჟამის სულითა და ხასიათით იყვნენ გაჟღენთილნი. ამიტომ იყო, რომ ერთის "ღვთის წყალობა" მეორეს "ღვთის რისხვად" ელანდებოდა, ხოლო მეორეს მადლი პირველს მატლად მიაჩნდა.

თეიმურაზმა რამდენჯერმე ფეხი გადაინაცვლა და სამეურნეო დარგში დაიწყო მუშაობა. ახალ სამსახურში თეიმურაზის ავლადიდება და ცოდნა გაჩხრიკეს და მალე დარწმუნდნენ, რომ ჭიანახრავმა მწიგნობარმა ყველაფერი იცოდა, მაგრამ ისიც მალე გაიგეს, რომ ახალ წესრიგის შეგუება არ ძალუძდა და არ შეეძლო.

დიდხანს იხეტიალა თეიმურაზმა ერთ შენობიდან მეორეში და მეორე დარგიდან მესამეში. ერთ ალაგს თვითონ თეიმურაზი იწუნებდა. მეორეში თეიმურაზს იწუნებდნენ. ბოლოს, სამსახურს სამუდამოდ უნებურად ჩამოშორდა და სხვა საქმეს რომ ვეღარ მიეკედლა, გატკეპნილ გზას დაადგა და ერევნის მოედნის ბირჟაზე გავიდა.

თეიმურაზს გარკვეული ხელობა არა ჰქონდა. ამიტომ ძალაუნებურად დალალობას მიჰყო ხელი. თუ სადმე ნაცნობ-ნათესავებს შეჰხვდებოდა ჩურჩულით და გესლიანი ღიმილით ეუბნებოდა:

- ვ...ვვაჭრებში ფეხი მ...მმოვიკიდე. თუ გასაყიდი ან დდ...დდასახურდავებელი გაქვთ რამე, შემიძლიან დ...დდაგეხმაროთ, მაკლერობით უნდა გავათავო ჩემი სიცოცხლე.

და ოფლში გაწურული, ენაგამოგდებული მწიგნობარი ნახევარ-მისხლიან ბეჭდის გასაყიდად ან ორიოდე ოსმალურ ლირის დასახურდავებლად დილიდან საღამომდე შუა ბაზარსა და ერევნის მოედანზე ქაქანით დალასლასებდა, კედლებსა და მავალებს აწყდებოდა და ორიოდე გირვანქა პურის გულისთვის ვინმე ბაზაზის დუქანში ორ საათს იჭაჭებოდა, იხვეწებოდა, სტყუოდა და ჰფიცულობდა.

- ნეტა მამა ჩემს ჩემთვის რაიმე ხელობა მაინც ესწავლებინა, ან მწიგნობარის მაგივრად ნეტა ხარაზი, დურგალი ან ზეინკალი ვყოფილაყავ. - სთქვა იმ ხანებში თეიმურაზმა და ეს ნათქვამი თანდათან ნატვრად გადაექცა. და ამ ნატვრას შემდეგში ისე ხშირად იმეორებდა, რომ მახლობლებს და თვითონ თეიმურაზსაც კი იმ ნატვრის გაგონებაც კი მოჰბეზრდათ.

ბოლოს, ლირების დახურდავებაც მოისპო და გასასყიდი ბეჭდებიც გამოილია.

თეიმურაზი მას აქეთ მთელი დღე უსაქმოდ ქუჩაში დასჩანჩალებდა და ნაცნობ-ნათესავებს ყურში საიდუმლოდ ჩასჩურჩულებდა:

- ორი მანეთი მ...მმასესხე ხ...ხხვალამდის.

და ორი მანეთის მაგივრად ორ აბაზსაც სიხარულით ეჭიდებოდა.

ზოგჯერ იღლიაში ამოჩრილ პურსა და იაფ სანოვაგეს ბედნიერი ღიმილით მოათრევდა. ზოგჯერ კი, პირქუში და თვალ-ცრემლიანი, თავის ბნელ ოთახში შეიძურწებოდა და მუდმივ დაღვრემილ მარგოს თრთოლვით და კანკალით ძლივს შეჰკნავლებდა:

- დღეს ვ...ვვერაფერი ვერ მოვახერხე, დ...დდაწყევლილი დღეა. უნდა მ...მოვითმინოთ.

მარგოც სდუმდა და ითმენდა.

ერთ დროს თეიმურაზი მეგობრებს ათობით ჩამოივლიდა ხოლმე. ვინ იცის, რამდენმა შეინარჩუნა და გაიყოლა თეიმურაზის მადლი! ჟამთა ტრიალის წყალობით მრავალი მათგანი თეიმურაზივით წისქვილის ქვეშ დაიფქვა, მაგრამ ზოგნი წელმაგარნი გამოდგნენ და ისევ ფეხმარდად დაიარებოდნენ, ზოგნი კი, უცნაურ ბედის წყალობით, წელშიც კი გასწორდნენ, გამაგრდნენ და გასუქდნენ.

მკვდრები მკვდარ თეიმურაზს ეჭიდებოდნენ და სამარემდე მითრევას ემუდარებოდნენ, ხოლო ცოცხალი მეგობრები სულთა-მხუთავის კლანჭებში ჩავარდნილ თეიმურაზს ფიცხლად შემოეფანტნენ. ქუჩაში მიმავალ დაღვრემილ ნაკაცარს ისე ერიდებოდნენ, თითქო მათი მოკეთე და მადლის დამთესავი ხევისთავი გაცოფებულიყო. ხშირად თითქო ვერც კი სცნობდნენ: შორიდანვე თავს ჩაჰღუნავდნენ და ნაბიჯს მოუმატებდნენ, ან მაღაზიის დასათვალიერებლად შეტრიალდებოდნენ და თეიმურაზს ზურგს შეაქცევდნენ.

სამიოდემ თეიმურაზის ძველი მადლი გაიხსენეს, ნაკაცარს ოდნავ ხელი მოუმართეს და თითქოს უსიტყვოდ უთხრეს:

"ჩვენი ვალი მოვიხადეთ. მეორედ აღარ შეგვაწუხოო".

ერთდროს სხვისი მოჭირნახულე და მომჭირნე თეიმურაზი ეხლა რომ მარტოხელა მაინც ყოფილიყო, როგორმე თავს შეინახავდა და გაჭირვებას ასე ადვილად არ გაეთელვინებოდა. მაგრამ მუდმივ გაჩუმებული მარგო თავის დუმილით ქმარს სულს უხუთავდა და ყოველდღე შხამს ასმევდა.

თეიმურაზიც თანდათან ბნელდებოდა და ისე იღუნებოდა, თითქო მას უჩინარი ვინმე დღითი-დღე ახალ-ახალ ლოდს ჰკიდებდაო.

მარგოც იბურებოდა, ითმენდა და ილეოდა.

უდარდოდ და ფაქიზად გაზრდილ მარგოს არასოდეს არ ჰქონდა ნაცადი ცხოვრებასთან ბრძოლა და ლუკმა პურის დევნა. მას ხასიათშივე ჰქონდა დაყოლილი უჩინარი ბედის შიში და მორჩილება, ხოლო უკანასკნელ ხანებში ეს მომთმენი დედაკაცი საბოლოოდ ხელთ ჩაუვარდა უჩვეულო ცხოვრებას, სავსებით დაემორჩილა მას და უსიტყვოდ და ხელის გაუნძრევლად მისცა თავი სრულ აპპატიას, გულგრილობას, სულერთიანობას და გარინდულობას. "თეიმური ჩემი ქმარია. რაც უნდა იყოს, ჩემთვის მუშაობს და იტანჯება. მეც მისი მეუღლე ვარ, მეც უნდა მოვითმინო", - ასე ინუგეშებდა ზოგჯერ მარგო თავს და უპურობასაც კი ითმენდა, მაგრამ ამ შეგნებას არ მოსდევდა სიყვარულის ტალღა, მეგობრულ ძაფების გამაგრება და მეუღლეობის ვალის განხორციელება. ამიტომ ხელის განძრევის ნაცვლად მარგოს გულში ბოროტმა ინსტინქტმა გაიფაჩუნა. მარტოდ-მარტოდ დარჩენილმა დედაკაცმა გული ჩაიხვია და პირზე კლიტე დაიდო. როცა თეიმურაზი მწარედ სჩიოდა და ჰკვნესოდა, მისი მეუღლე დახმარების, გამხნევებისა და ნუგეშის მაგიერ დღითი-დღე სდუმდა. და ის დუმილი, ცივი, უღვთო და სასტიკი, - უფრო შხამიანი და გაუძლისი იყო თეიმურაზისთვის, ვიდრე მარგოს ბრაზიანი კივილი, ლანძღვა და საქვეყნო საყვედური, მარგო კი ისევ დუმილით ჰფარავდა ბალღამის შადრევანს, რომელიც ამოხეთქვას ჰლამობდა. მაგრამ დედაკაცის გაცრუებულ იმედსა და სიყვარულზე, მარგოს უნებურად, ნელ-ნელა ლენცოფა, ზიზღი და ფიზიკური მძულვარება აღმოცენდა.

- მარგო, მეტის-მეტად გაგვიჭირდა. - ეტყოდა ზოგჯერ თეიმურაზი დამუნჯებულ მეუღლეს ბაასის გასაბმელად.

- აკი ვითმენ ამ გაჭირვებას, მეტი რა გინდა? - უპასუხებდა პირგაყინული მარგო.

- ითმენ, მაგრამ ვაი მაგ მოთმენას!

- შენ შენს თავს მოუარე, ჩემზე ნუ ზრუნავ.

- ისე მელაპარაკები, თითქოს უცხონი ვიყოთ ერთმანერთისთვის.

- როცა გელაპარაკებოდი, შენ სდუმდი. ჩემი თავი გაზეთებს ანაცვალე. დუმილი შენ შემასწავლე, ბაასს შენ გადამაჩვიე. ან რა გვაქვს სალაპარაკო! როცა მოსაცემი გქონდა, არაფერი არ მომეცი, როცა ყველაფერი გამოგელია, ცარიელ ბაასს მთავაზობ.

- დარიგება, გამხნევება და სულიერი ნუგეში მჭირდება, თორემ წავიქცევი, მარგო!

მარგო უარესად მოიღრუბლებოდა და გამწარებულ მეუღლისთვის ერთ სიტყვასაც ვეღარ გაიმეტებდა.

რაც დრო მიდიოდა, გაჭირვებაც მატულობდა, ხოლო მარგოს გულში საიდუმლოდ და წვეთ-წვეთად კაპასი გესლი და ავი ბალღამი ჟონავდა.

ჟონავდა და გუბდებოდა. და იმ ბალღამსა და გესლს მარგო მოთმინების, გულგრილობისა და დუმილის ხუფით ჰფარავდა. მაგრამ იგი გესლი სდუღდა, ხუფს აწვებოდა და ამოვარდნას ჰლამობდა.

ბოლოს, ხუფიც ამოვარდა: გამწარებულმა დედკაცმა ერთხელ თავის უბედო და უნდილ მეუღლეს ერთი წვეთი გესლი შეასხა. როგორ ან როდის გამოეცალა ხევისთავის უდუღაბო ციხეს პირველი აგური, არც თეიმურაზს ახსოვდა, არც მარგოს. პირველ აგურს მოჰყვა მეორე, მეოთხეს მეხუთე და მეცხრეს მეათე. ბოლოს, ისე დღე არ გავიდოდა, რომ თეიმურაზის მოშლილ ბუდეში ზიზღის ნიაღვარი არ შევარდნილიყო; მძულვარების შადრევანს არ ამოეხეთქნა და ისედაც მორღვეულ ციხე-ოჯახში კიდევ ერთი კედელი არ ჩამონგრეულიყო.

და განუწყვეტელ ნგრევის, შიმშილისა და უძალო ბრძოლის გამო ორივეს თანდათან შესძულდათ და შეეზიზღათ თავიანთი თავიც და ერთმანერთიც, სიცოცხლეც და ჭიდილიც, უხალისო წარსულიც და უიმედო მომავალიც.

თეიმურაზი თითქოს აღარ იბრძოდა. მოძულებული თავი მოძულებულ ცხოვრების მდინარეს გულგრილად მისცა და საამურ დასასრულს ნატვრით ელოდებოდა.

ბოლო ხანებში ცოლიც და ქმარიც მისწყდნენ, დადნენ, მიილივნენ და სიცოცხლის დღეებსაც კი აღარ ითვლიდნენ.

პირქუშმა ბედმა ორივეს ხელი ჩამოართვა და მათი ხელები თავის კლანჭებში დაიტოვა.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — მიხეილ ჯავახიშვილი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.