– ნაწილი პირველი –
– I –
- გამ...მმარჯვება, ჯაყო!
- ნათლია კნიაზს გახლავარ!
- კაცო, სადა ხარ, სად და...დდაიკარგე?
და ნათავადარი თეიმურაზ ხევისთავი ღიმილით და ხელგაშლით გადაეღობა თავის ნახიზნარსა და ნამოურავალს - ჯაყო ჯივაშვილს,რომელმაც ძველადვე ნაჩვევი ხელით ოსური ქუდი მარდად მოიშვლიპა, უცნაურად დაიჭიხვინა და თავისი ნაბატონევის ორივე ხელი, - დამდნარი, დონდლო და უძვლო ხელები ბუმბულზე გაზრდილ და წიგნებით შეჭმულ თეიმურაზ ხევისთავისა უმალვე თავის დათვურ თათში ჩაიმალა და ჩაიბღუჭა.
სალამის შემდგომ ბეცმა თეიმურაზმა ოდნავ უკან დაიხია. მარცხენა ხელით სათვალეები შეისწორა, მარჯვენა ხელის სალოკი თითი მაღლა ასწია, გოლიათ ოსს ქვევიდან აჰხედა და გაიკვირვა:
- საკ... კკკვირველია!.. საოც... ცცარია! როგორ გადიდებულხარ, ჯაყო, როგორ გასუქებულხარ!
ჯაყომ ცალის ხელით დოინჯი შემოიყარა, ცხენის კბილები გააელვა და დაიჭიხვინა:
- მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა!
მისი ნაჭიხვინევი მთელმა ქუჩამ გაიგო. მავალებმა მოიხედეს, იმ ორ ადამიანს აჰხედ-დაჰხედეს და გაიღიმეს.
ჯაყო ჯივაშვილი ქალაქში შემოვარდნილ დათვს ჰგავდა. დედაბოძივით სქელი და გაჩაჩხული ფეხები ძლივს იმაგრებდნენ უშნოდ და ისე განივრად დადგმულ თეძოებსა და მხარ-ბეჭს, რომ ვიწრო ტროტუარი მარტო ჯაყოს ძლივს იტევდა.
რამდენიმე ნაჭრილობევით დასერილი თავი და პირსახე ისეთი შავის, ხშირისა და აბურძვნილის ჯაგრით ჰქონდა შემოსილი, თითქო ჯაყოს ბეჭებზე კუპრში ამოვლებული უუზარმაზარი ზღარბი აცოცებულიყოო.
შავი ჯაგრის ბუჩქნარი თვალებამდე სწვდებოდა და იმ ჯაგნარიდან მხოლოდ ხარის თვალებს, წინ-წამოყრილ ცხენის კბილებსა და აჭყლეტილ ცხვირს ამოეყოთ თავი.
ერთი მტკაველის სიგრძე ულვაშები გადმობრუნებულ ჯამებივით გამოყრილ ლოყებზე გაცვეთილ ცოცხებივით ეყარნენ, ხოლო იმ ჯამებს დინჯად და მედიდურად ლამბაქების ყურები დასცქეროდნენ.
შუბლი დაბალი და ჩაზნექილი ჰქონდა; ცხვირი - მოკლე და აჭყლეტილი; თვალები - მსხვილი კაკლის ოდენა და ამოყრილი, თანაც ცოცხალი და ცუღლუტი, მოელვარე და მოუსვენარი; თვალებს ზედ დასწოლოდა დაბურვილი, ხშირი და გრძელი წარბების ლარი, რომელიც მაღალსა და წინ-წამოვარდნილ კვინიხზე შუაზე გადატეხილიყო.
თავთ ეხურა ყავისფერი ოსური ნაბდის ქუდი, ტანთ ეცვა ოსური შალის გაპოხილი ჩოხა, ხოლო ფეხებზე - ხალვათი პაიჭები, თათრული ჭრელი წინდები და ახლად ნაყიდი დაბახანური ჩუსტები.
ერთი ადლის სიგრძე და ვერცხლით შეჭედილი თეიმურაზის პაპისეული ხანჯალი ტლანქსა და ბეჭგანიერ გოლიათს ხალვათ სიარულისთვის თეძოზე ჩამოეკიდნა.
ჯაყოს ერთ ხელში რკინით ნაჭედი მაჯის სისქე კომბალი ეჭირა, ხოლო მეორე იღლიაში ჭედილა - ცხვარი ამოეჩარნა, რომელიც ისე ადვილად მიჰქონდა, თითქოს ის ცხვარი ვარიაზე მძიმე არ ყოფილიყოო. ბეჭებზე რუსული თოფი ჰქონდა გადაგდებული, გულმკერდსა და წელზე სამი სავაზნე ჰქონდა შემორტყმული, ხოლო თეძოზე გრძელი მაუზერი ეკიდა.
ნაბატონევი თეიმურაზ ხევისთავი თავის ნამოურავალს იღლიამდე ძლივს სწვდებოდა. თეიმურაზი უმზეო ყვავილივით ნაზი და ლამაზი იყო, ნატიფად ასხმული და ნაქანდაკევი, მაგრამ გამხდარი და გაძვალებული, მხრებაყრილი და მკერდჩავარდნილი, ბეცი და მელოტი, გაფუფქულ ქათმის მინამგვარი, მწიგნობრობით დაღლილი, დაშრეტილი, გამოწურული და დამდნარი ნაკაცარი, რომელსაც მომავლად თვალწინ მხოლოდ შავი ნისლი ჰქონდა აფარებული, ხოლო ყველაფერი, რაც კი ოდესმე გაჩნდა, წარსულში ჰქონდა დარჩენილი: ტკბილი მოგონებანი, საერთო პატივი, მეგობართა სიყვარული, მუდმივი მოლოდინი უცნაურ მომავლისა და მარადიული დევნა ბუნდოვან ლანდებისა.
თეიმურაზ ხევისთავი ლბილისა და ჩუმის ხმით, ტაატით და ბორძიკით ლაპარაკობდა:
- საკ...კვირველია! - ერთხელ კიდევ წაიჩურჩულა თეიმურაზმა და ორივე ხელით ჯაყოს მორგვის მკლავს ჩამოეკიდა: - როგორ გამოცვლილხარ! წამო, ჯაყო, წამოდი ჩემთან. აქვე ვ...ვდგევარ. მარგოსაც ძალიან გაუხარდება შენი ნახვა. ხომ წამოხვალ, ჯაყო?
- წამოხვალ, შენი წირი მე, რატომ არ წამოხვალ!
- მართალია, წინანდებურად ვეღარ დაგიხვდები. მაგრამ, ხომ იცი, ყველი და პურიო, კეთილი გულიო.
- წამოხვალ, შენი წირიმე, ეხლავე წამოხვალ! - კვლავ როყიო ხმით ახვიხვინდა ჯაყო. - ჩემი კნიაზი ისე არ გაღარიბდება, რომ ჯაყოს ვერ დავუხვდებოდე.
თეიმურაზმა ხმა უფრო დაიმდაბლა:
- ოჯახი დადნა, ჯ...ჯჯაყოჯან, დადნა! ცხოვრებამ ყველანი დაგვადნო.
- ნათლია მარგო როგორა ხარ?
- კარგად ვერ არის. ისიც დნება და ილევა. აი, შენ თვითონვე ნახავ. ნათლია მარგოსაც ესიამოვნება შენი ნახვა. ბარემ ხ...ხხუთი წელიწადიც იქნება, რაც მარგოს არ უნახავს შენი თავი. იქნება ვერც კი გიცნოს, რადგან მეტის-მეტად გა...მმოცვლილხარ. - მერმე მიიხედ-მოიხედა და ხმას ჩურჩულამდე დაუწია:
- მართლა, ჯაყო, კნიაზს ნუღარ მ...მმეძახი, თორემ... ხომ იცი... ვინ იცის, რას იტყვიან.
ღვინით შებრუჟებული ჯაყო შესდგა და უარესად აყვირდა:
- ფეხებზე გკიდია ჯაყოს ყველანი! რაც გინდა, ის იტყოდეს! შენ ჯაყოს ნათლია კნიაზი ხარ, მარგოც ნათლია კნეინა ხარ. დანარჩენი ჯაყოსა ფეხებზე გკიდია! არავისიც არ გეშინია ჯაყოსა, მაშ, მაშა!
თეიმურაზი დაფეთდა. მიიხედ-მოიხედა და აჩიფჩიფდა:
- ჯაყო, ნუ გაგიჟდი! ხმა აღარ ამოიღო, გაჩუმდი, თორემ...
- რათ უნდა გაჩუმდე?! აკი გითხარი, ჯაყოს არ გეშინიან მეთქი!
და უმიზეზოდ ერთხელ კიდევ ისე აყროყინდა, რომ მავალებმა გაცრეცილ ნაბატონევსა და იმის უცნაურ ნამოჯამაგირევს კვლავ ღიმილით აჰხედეს და თვალი გააყოლეს.
კარგა ხანს იდგა გალაჯული ჯაყო ვიწრო ტროტუარზე. გზას აღარავის არ აძლევდა, არავის არ ერიდებოდა, კეტის სისქე კომბალს ანჯღრევდა, ხარხარებდა, რახრახებდა და იქადნიდა:
- ფეხებზე გკიდია მეთქი ყველანი ჯაყოსა! მოდი, ვისაც გინდებოდეს! თუნდ კომბალით გახვიდეთ, თუნდ ხანჯლითა, თუნდაც მუშტითა, მაშ, მაშა!
თეიმურაზმა ძლივს დასძრა გათამამებული ნამოურავალი. ორივენი კვლავ მიდიოდნენ და იგონებდნენ წარსულ დროებას: ერთად შეზრდას, ყრმობას, სოფლურ გასართობს, თევზაობას, ფრინველზე ნადირობას, უდარდელ წარსულსა და ბედის ცვალებადობას.
თეიმურაზი ხშირად აჩერებდა თავის ნამოჯამაგირევს. ერთხელ კიდევ აჰხედავდა, სათვალეებს შეისწორებდა, თითს მაღლა ასწევდა და ისევ გაოცდებოდა:
- ს...სსაოცარია საკ...კკვირველია!
ჯაყოც ცალი ხელით დოინჯს შემოიყრიდა, ღოჯის კბილებს გააელვებდა და უმიზეზოდ დაიხვიხვინებდა:
- მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა!
ზოგჯერ ჯაყოს თიოქო დაავიწყდებოდა თეიმურაზის ტაატი და თოხარიკით მოსხლტებოდა. აქაქანებული თეიმურაზი ჯაყოს ძლივს მისდევდა, თან ბავშვივით მკლავზე ეკიდებოდა და მოაგონებდა:
- ნელა, ჯაყო! ნუ სჩქარობ, თორემ დავიღალე.
მიუხვ-მოუხვიეს და ერთ ძველ შენობას მიადგნენ.
განიერი ჯაყო პატარა სახლის პატარა კარებში ძლივს შეეტია და ვიწრო კარებიც კინაღამ თან შეიტანა და შეანგრია.
თეიმურაზმა თავის ცოლს მარგოს ქოშინით ჰკითხა:
- მარგო, იც...ცცანი ეს კაცი?
მარგო შავსა და ნუშის თვალებს ჰჟუტავდა, ხან მოღიმარე ჯაყოს შესცქეროდა, ხან თეიმურაზს იშველებდა და ისე ბუტბუტებდა, თითქო ქურდობაში წაასწრესო:
- მაგონდება... ვიცნობ... მაგრამ...
- ჯაყოა, მარგო, ჩვენი ჯაყო, ჩვენი ნათლი-მამა, აღარ გახსოვს?
- ღმერთო ჩემო! გამარჯვება, ჯაყო!
გაბადრულმა ჯაყომ ხაფი ხმით წამოაყრანტალა:
- კნეინა ნათლიას გახლავარ!
და ნაკნეინარ მარგოს გაცომებული ხელი კინაღამ მოსტეხა. მარგომ ნათლიდედა და ნათლულები მოიკითხა და ნათლიმამას უსაყვედურა:
- სადა ხარ ჯაყო? რას აკეთებ? სულ დაგვივიწყე, აღარა სჩანხარ.-
- მუშაობ, შენი წირი მე, მუშაობ, მაშ! ბევრი საქმე გაქვს
ჯაყოსა, ძალიან ბევრი. სოფელს პატრონობა გინდა. სამი დღეა ქალაქში დადიხარ. ჯაყოი მთავრობასთან იყავი, მაშა! ვერ მოიცალე, შენი წირი მე, თქვენთვის ვერ მოიცალე ჯაყომა.
- მთავრობასთან რა გინდოდა, ჯაყო?
- ეხლა სოფლის "პოვერენია" ხარ ჯაყოი, მაშა! სოფელს სკოლაც გინდა, ჩითიც, ნავთიც და მარილიცა. ღარიბი სოფელია ნაშინდარი, ამიტომ ჯაყომ სთხოვე მთავრობას, რომა ნალოგი არ წაიღო, თორემ სოფელს მოსავალი არ გქონდა. წრეულს ნაშინდარს სეტყვაც მოგივიდა, დიდი წვიმაც და გოლვაც. სულ გაგიფუწდა მოსავალი, სულ!
- მეტის-მეტად გამოცვლილხარ, ჯაყო, გასუქებულხარ. - გაუღიმა მარგომ.
- მაშ, მაშა! ძალიან გაიზარდე ჯაყოი, შენი წირი მე, ძალიან გაიზარდე.
- ალბათ კეთილი ცხოვრება გექნება, ჯაყო, იმიტომ გასუქებულხარ.
- რატომ არ გექნება ჯაყოსა კეთილი ცხოვრება, შენი წირი მე, ჯაყო ახლა კარგათა ხარ, ძალიან კარგათა ხარ. იმიტომ გასუქდი ჯაყოი. ეხლა ჯაყოს ბევრი გაქვს პურიც, ხორციც, დუმაც, კარაქიც, რძეც და მაწონიცა. ჯაყოც მთელი დღე სწამ და სწამ, სწამ და სწამ! სუქდები და სუქდები, სუქდები და სუქდები, მაშა!
მარგო სუფრის გაშლას შეუდგა. ჯაყომ ნათლიდედას თვალი მიაბჯინა და იმის ტანის მისახვევებში გაშტერდა.
- დაბ... ბბრძანდი, ჯაყო, დაბრძანდი და გვიამბე შენი ამბავი, - მიიპატიჟა თეიმურაზმა.
- დაბრძანდები, შენი წირი მე, ეხლავე დაბრძანდები.
ჭედილა კუთხეში მიაგდო, კომბალიც იქვე მიაყუდა, მორგვის მკლავები დაიმკლავა, დინჯად ჩამოჯდა და სკამს ჭაჭა-ჭუჭი დააწყებინა. ჩამოჯდა და თვალი მიავლო ბინდიანს, ტენიანსა და ობიან ოთახს, რომელიც თავის მდგმურებივით სევდიანად, ქუშიანად და ნაღვლიანად გამოიყურებოდა.
მერმე ჯაყომ თეიმურაზს გადაჰხედა და მოკლედ მოუჭრა:
- ძალიან გაღარიბდი, შენი წირი მე.
მარგო მოიღრუბლა. პირი მიიბრუნა და ცრემლ-მორეული თვალები სარკმელს გაუშტერა.
თეიმურაზი სირცხვილით აილეწა. თავი ჩაჰღუნა და დიდხანს სდუმდა. შემდეგ გამოტყდა და დანაშაული აღიარა:
- ჰო, ჯაყო, გავღარიბდით... ძალიან გავღარიბდით...